ქრისტეს შობით თვით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოხდა ზეცით და აღიღო ცოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც ღმერთთან და ადამიანთან მივყავართ.
ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.
ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით, დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.
ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს.
მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: "ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14). როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!
გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
გული, - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26).
ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება "ხატი ღვთისა".
ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა ვიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა განვიწმიდოთ ყოველგვარი სულიერი და ხორციელი ბიწისაგან, ე.ი. უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვებისაგან.
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ.