ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
წერს წმ. ირინეოს ლიონელი, "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმინდაცაა და სრული სისავსე მადლმოსილებისა. ეკლესიის და სულიწმიდის გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი დაუცველია და დაღუპვისათვის განწირული", რადგან, ცხოვრების მღვრიე ტალღებს შეჯახებული, სასოწარკვეთილებაში ადვილად ვარდება და ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევას დიდი ძალისხმევითღა თუ შეძლებს. სამწუხაროდ, ბევრნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, რაც სულიწმიდის გმობაა და არ ეპატიება ამის ჩამდენთ არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად.
თემა: ეკლესია, მადლი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, თვითმკვლელობაავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)
ხშირად გმობის ზრახვები ადამიანს ეშმაკის შურის გამო მოდის, განსაკუთრებით - ღამისთევის ლოცვის შემდეგ. ხდება, რომ დაღლილობისაგან მკვდარივით ეცემი და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია. აი, სწორედ ასეთ დროს ბოროტმოქმედ ეშმაკს გმობის ზრახვები შემოაქვს შენში. შემდეგ კი, რადგანაც სურს, დაგაბნიოს ან სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, დაგიწყებს ჩაგონებას: - "ასეთი ზრახვები თვით ეშმაკსაც კი არა აქვს, მორჩა, შენ ვეღარ ცხონდები". ეშმაკს შეუძლია, რომ გმობის აზრები ადამიანში თვით სულიწმიდის მიმართაც კი ჩანერგოს, შემდეგ კი უთხრას, რომ სულიწმიდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა
თემა: გმობის აზრები, ზრახვები, გულისსიტყვებიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: წყარო სულიერი ბრძოლა
თვითმკვლელობა – საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს „მიტევება“. მიუტევო ცოდვილს ცოდვანი – ნიშნავს დაუბრუნო მას მთელი მთლიანობა ცხოვრებისა, ახლიდან აჩუქო სიცოცხლე. მაგრამ, თუკი ვინმეს ცხოვრება არ სურს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, უფალს მეტი არაფერი აქვს მისთვის მისაცემი და იგი შლის მას სიცოცხლის წიგნიდან.
სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.
ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ" (მთ. 12, 31). "და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მთ. 18,6).
უფლის კაცთმოყვარეობის ძალა
ერთი ბერი სიძვის ცოდვაში ჩავარდა: როდესაც სენაკში ბრუნდებოდა, ბოროტის შთაგონებით გაიფიქრა:
-ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლს ვეღარ გადავურჩები; რატომ დავბრუნდე სენაკში და რისთვის გავერიდო სოფელს?
მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ ეშმაკი ამ ფიქრებით ცდილობდა, სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო და საბოლოოდ დაეღუპა. ბერმა საკუთარ თავს შეუძახა:
-საიდან მოდის ეს აზრები, თუ არა ბოროტისგან?
მან გაიხსენა, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც უფლის კაცთმოყვარეობას აღემატება. არ არის ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ აპატიებს, თუ კაცი გულწრფელად შეინანებს; რომ მხოლოდ ერთია მიუტევებელი ცოდვა: სულიწმიდის გმობა; რომ არ გჯერა უფლის კაცთმოყვარეობისა, უიმედობა და სასოწარკვეთა რომ დაგეუფლება - ეს არის სწორედ სულიწმიდის გმობა.
-არა, უთხრა მან საკუთარ თავს, - მე არ შემიცოდავს იმდენად, რომ ჩემი ცოდვები უფლის კაცთმოყვარეობას აღემატებოდეს.
ბერი სენაკში შევიდა და მხურვალე ლოცვასა და მარხვას მიეცა
მეექვსე მცნება
არა კაც ჰკლა.
მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.
ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.
მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.
დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. "ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო". ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.
საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელი ცოდვისაგან.