წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს, ისე რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ, იგი ყველა მსმენელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდეს, მსმენელნი მაინც გულგრილად მიიღებენ.
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭიროებანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწავლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში მისი სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭევრმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ მისმა სიტყვამ მსმენელთა გულებში შეაღწიოს და იქ თავისი კვალი დატოვოს. მართალია, ამგვარ მქადაგებლებს ხალხისათვის უფრო დიდი სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად მსმენელებში უკმაყოფილებასა და შფოთს იწვევენ. ეს არცაა გასაკვირი, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ.
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს საქმე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძოდეს. წმინდანები, რომელნიც სიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მაგალითებს ხედავს. სოფელი მას ამ ცოდვებისკენ ეზიდება. სოფელთან ბრძოლა რომ ძნელია, ესეც წმინდანებმა დაგვიმტკიცეს; სწორედ ამიტომ ტოვებდნენ ისინი მას და სამოღვაწეოდ უდაბნოში მიდიოდნენ.
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს ეწყინება კიდეც, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი აუცილებლად უნდა შეასრულოს. ამ პირობის შესრულების გარეშე, თუნდაც ამქვეყნიური, არცერთი კეთილი და სასარგებლო საქმე არ აღესრულება.
ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღმრთისმოყვარე ისაა, ვინც ამ ბრძოლაში პირველის მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება.
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით. ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვდრებლად ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღმრთეებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების სიტყვა სუფევს, ქრისტე იქაა, ანუ მასთან, ვის გულში სიტყვამ შეაღწია, გაანათლა და ზნეობრივად უკეთესი გახადა. ასევე, ქრისტეა იქ, სადაც მისი მადლი და სიწმინდე სუფევს. მადლისა და სიწმინდის სუფევის ნიშანი ისაა, როცა კაცი ცოდვას ადვილად ვეღარ სჩადის, როცა იგი განუწყვეტლივ ებრძვის ბოროტებას.