ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
2) მეორეს მხრივ, ლოდში, ე.წ. დიოსპოლში მოგვეპოვება სპეტაკ თეთრ ფილებზე წარმოჩენილი სამი წყრთა სიდიდის ხელთუქმნელი ხატი დედისა მისისა – ყოვლად უბიწო ღვთისმშობლისა მარიამისა. თაყვანისმცემელთათვის მისი ხილვა ხელმისაწვდომია ჯერ კიდევ მოციქულთა ეპოქიდან დღემდე, მათ მიერვე დაარსებულ, დასავლეთისაკენ მიქცეულ მრგვალ ტაძარში... გადმოცემათა მიხედვით, ეს ტაძარი ჯერ კიდევ ღვთისმშობლის მიძინებამდე აუგიათ. მოციქულები ასულან სიონზე, სადაც იგი იმყოფებოდა და მიუმართავთ: „სად იყავი სძალო? ჩვენ ხომ აგიგეთ სახლი ლოდში“. მას კი უპასუხია: „მეც იქ ვიყავი თქვენთან ერთად და ეხლაც ვიმყოფები“. ამის გაგონებისთანავე ისინი ლოდში დაბრუნებულან, შესულან ტაძარში და უხილავთ ის, რის შესახებაც მათ ღვთისმშობელმა ამცნო – მისი გამოსახულება მთელს სიგრძეზე. ეს გადმოცემა ძველი დროიდან დღემდე ურყევად ცოცხლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.
3) მესამე მოწმობა – მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ, როგორც მისი თანამედროვენი ამტკიცებენ, საკუთარი ხელით შეჰქმნა (ხატი) ჯერ კიდევ ხორციელად მცხოვრები ქრისტესი და მისი ყოვლად უბიწო დედისა
სვიმეონ ღვთისმიმრქმელი
წმიდა წერილის მოწმობით, ბერი სვიმეონი მართალი და ღვთისმოშიში, სულიწმიდის მადლით განათლებულ ადამიანი იყო.
ეგვიპტის მეფე პტოლომეოსმა, ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკის დამაარსებელმა ბრძანა, მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა წიგნები ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ეთარგმნათ. ამისთვის ისრაელთაგან ამორჩეულ იქნა სამოცდაათი ბრძენი და ორივე ენაში კარგად განსწავლული მამა. მათ შორის იყო მართალი სიმეონიც.
როდესაც ისაიას წიგნზე მუშაობდა და მიაღწია წინასწარმეტყველებას: "ეჰა, ქალწული დაორსულდეს და შვას ძე...“ იგი დაეჭვდა, შეჩერდა და თავისთვის განსჯიდა: როგორ შეუძლია ქალწულს, შვას ძე? შემდეგ აიღო დანა და სურდა ხელნაწერში ჩაესწორებინა... უეცრად უფლის ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა:
-ერწმუნე დაწერილს; შენ თვითონ გახდები უდიდეს საიდუმლოებათა მოწმე; რამეთუ არ იხილავ სიკვდილს, სანამ არ მიირქვამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან შობილ იესო ქრისტეს.
ანგელოზის სიტყვებში დარწმუნებულმა სვიმეონმა იმ დღიდან გულანთებულმა დაუწყო ლოდინი ქრისტეს მოსვლას: ცხოვრობდა მართლად და უმწიკვლოდ, ეკლესიიდან არ გამოდიოდა და ღვთის წინაშე ლოცულობდა.
როდესაც შობის შემდეგ მეორმოცე დღეს დედა ღვთისმშობელმა მაცხოვარი ტაძრად მიიყვანა, მაშინ წმიდანს ზეციდან ეუწყა, რომ ეს ყრმა ხორცშესხმული მესია იყო, მისი დედა კი - ყოვლადწმიდა ქალწული (რომელზეც აღსრულდა ისაიას წინასწარმეტყველება), ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით მიირქვა თავის მკლავებში უფალი და წამოიძახა:
"აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით; რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი..."
და ჰმადლობდა უფალს, რომელმაც ნუგეში მისცა ისრაელს და ზეცას მიაბარა სული.
მივბაძოთ წმიდა სვიმეონის ცხოვრებასა და რწმენას; მაშინ ამქვეყნადვე გავხდებით ღირსნი, მივიღოთ არა მკლავებში, არამედ ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე; სიკვდილის შემდეგ კი "აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვყოფობდით" (1 თეს. 4, 17)
ფიცის გამო დასჯილი
ერთი კიეველი დიდებული, სახელად იოანე, კიევო პეჩორის ლავრაში ანგელოზებრივი სახით შეიმოსა და თან წაიყვანა თავისი ყრმა შვილი, სახელად ზაქარია. როდესაც მოახლოებული სიკვდილი იგრძნო, იოანემ მასზე მზრუნველობა ღვთაებრივ განგებულებას მიანდო; ერთ ბერს კი, სახელად სერგის (რომელიც ბერად შედგომამდე აგრეთვე დიდგვაროვანი იყო და შემდეგ მასთან ერთად აღიკვეცა), დაუტოვა ათასი გრივი ვერცხლი და ასი გრივი ოქრო, რათა მისი შვილის სრულწლოვანებამდე შეენახა და შემდეგ ყრმისთვის მიეცა. ამ განკარგულების შემდეგ იოანე გარდაიცვალა.
როდესაც ზაქარია 18 წლის გახდა, სერგის თავისი მამის მემკვიდრეობა მოსთხოვა. მაგრამ განდეგილმა, რომელიც მომხვეჭელობის მონა გახდა, გაიოცა, თითქოსდა არ იცოდა, რას სთხოვდა ახალგაზრდა. როდესაც დაინახა, რომ ზაქარია უკანდახევას არ აპირებდა, მოსაჩვენებლად გაბრაზდა და უთხრა:
-მამაშენმა მთელი ქონება ღმერთს მისცა; მას სთხოვე და არა მე; განა მე დამნაშავე ვარ, რომ იოანემ თავისი უგუნურებით ღატაკები გაამდიდრა და თავისი ერთადერთი შვილი ღატაკად დატოვა?
ასეთი ვერაგობის შემხედვარე ზაქარიამ ტირილი დაიწყო. იგი ევედრებოდა სერგის, რათა მისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, ქონების ნახევარი ან რაღაც ნაწილი მაინც მიეცა; ბოლოს კი უკვე მეათედის მიცემას ევედრებოდა, მაგრამ ამაოდ. ზაქარიას ისღა დარჩენოდა, რომ თავისი უდანაშაულობა ღვთის წინაშე ფიცით დაემტკიცებინა.
მაგრამ ამაოდ, ვნებას ისეთი დამღუპველი თვისება აქვს, რომ თუ ადამიანს ერთხელ ფეხი დაუცდა, კვლავ იმეორებს. და აი, ვერცხლისმოყვარე მეუდაბნოემ მოიხმო მოწამედ ძმები და ზაქარიასთან ერთად წავიდა პეჩორის ტაძარი; იქ დადგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ, სადაც ადრე ახალგაზრდა ზაქარიასთან ერთად ზეცასა და მიწას იფიცებდა, რომ ზაქარიას მამას არასოდეს მიუცია მისთვის არც ოქრო და არც ვერცხლი. მაგრამ როგორც კი დააპირა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსს მთხვეოდა, რაღაც უხილავმა ძალამ შეაჩერა დამნაშავე: იგი ადგილიდან ვერ იძროდა, ფეხები თითქოს გაუქვავდა, თვითონ კი მთელი სხეულით კანკალებდა... ბოლოს, როდესაც დაინახა, რაოდენ საშინელი იყო ღვთის მართლმსაჯულება, წამოიძახა:
-ღირსნო მამანო ანტონი და თეოდოსი, ევედრეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და სიკვდილის ანგელოზს, ნუ დამღუპავენ... შენ კი, ჩემი ძმისა და მეგობრის შვილო, აიღე შენი ოქრო და შემინდე მე ცოდვილს!
ბერები შეძრწუნდნენ და სერგის სენაკისკენ გაემართნენ, თან ღმერთს ადიდებდნენ
ილია 2-ის ლოცვა საქართველოსთვის
ღმერთო ძლიერო, მრავალმოწყალეო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო უფალო, დიდება და მადლობა შენდა! გევედრები, შეისმინე ლოცვისა ჩემისა და მოანიჭე მადლი და ძალა შენი ჩვენს ხალხს; შეცვალე მწუხარება ქართველთა ერისა სიხარულად, შფოთი და მტრობა – მშვიდობად და სიყვარულად.
სნეულნი განკურნე, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი მშვიდობით დააბრუნე, დალოცე და გააძლიერე ხელისუფალნი და მხედრობა ჩვენი, ერი და ეკლესია შენი და მოგვანიჭე მტკიცე და ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, სიბრძნე და თავმდაბლობა. შეგვმოსე შენი მადლით და წარსდევნე ჩვენგან და ჩვენი ქვეყნიდან ყოველი მტერი და მბრძოლი ჩვენი და აცხოვნე სული ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრო მამულო ჩვენო, უფლის კვართის მადლით სვეტად ცხოველად გამოჩინებულო.
ჰე, ერო ჩემო, ანდრია პირველწოდებულისა და სხვათა მოციქულთა მიერ კურთხეულო და წმინდა ნინოს ქადაგებითა და ვაზის ჯვრის ძალით მოქცეულო და მადლმოსილო.
მრავალტანჯულო საქართველოვ, ურიცხვ მოწამეთა ცრემლითა და სისხლით განბანილო.
გმირთა სამკვიდროვ, არ იყო შენთვის უცხო ღალატიც. ვიყავით და ვართ ბრძენნიც და უგუნურნიც, შეურაცხყოფილნიც და განლაღებულნიც, ცოდვით დამძიმებულნიც და სინანულით დამდაბლებულნიც. მამულს მოწყვეტილნი შვილნი შენნი ხმობენ ფერეიდნიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ლაზეთიდან, ჰერეთიდან და ქვეყნის სხვა კიდეთაგან, მონატრულნი ერთიანი საქართველოს ხილვისა.
უფალო, საკვირველად მწყალობელო ჩვენო, შენ გვაძლევ ძალას, რომ დანგრეული კვლავ აღვადგინოთ, უიმედოს ნუგეში ვსცეთ, მტირალს ცრემლი მოვსწმინდოთ, არ დავემონოთ ბოროტს და მიუხედავად ათასი საცდურისა, მაინც გვახსოვდეს, რომ მხოლოდ შენა ხარ "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
ჰე, უფალო, გევედრებით, კვლავაც აღხოცე ცოდვანი ჩვენნი მეწამულნი და განგვასპეტაკე, ვითარცა თოვლი; შენია ცანი და ქვეყანა, შენა ხარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა. შეგივრდებით და გთხოვთ, გაგვხადე ღირსი შენი მეუფებისა, რათა ერთგულნი მადიდებელნი შენნი მარად ვიყოთ ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცულნი.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ, ამინ!
ქრისტე აღდგა!
ღვთისმგმობი მეთევზე
1931 წელს მიძინების დღესასწაულის წინ კუნძულ კვიპროსზე შორეულ მდელოსთან მეთევზეთა სამმა ჯგუფმა მოიყარა თავი, რომლებიც ღამღამობით პაროსსა და ნაკროსის კუნძულებს შორის წყლებში თევზაობდნენ.
იმ ღამით კიდევ ერთი ჯგუფი დარჩა ყურეში. მეთევზეებმა სმა გააჩაღეს. როცა დათვრნენ, გინება და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელის შეურაცხყოფა დაიწყეს. მათი დაწყნარება ვერც პორტის მცველმა და ვერც ტავერნის მეპატრონემ ვერ შეძლო.
უეცრად ზღვა აღელდა. ნახევარი საათის შემდეგ მთის სიმაღლის ტალღა წამოიმართა, მეთევზეთა ნავები შეათრია ზღვაში და შემდეგ ისეთი საშინელი ძალით გამოტყორცნა ისინი ხმელეთზე, რომ მათგან მხოლოდ ნაფოტებიღა დარჩა.
როცა ზღვა დაწყნარდა, ჰორიზონტზე, კუნძულ ნაკროსიდან მომავალი გემი გამოჩნდა. ხმელეთზე გადმოსულმა კაპიტანმა გაკვირვებით მოათვალიერა გემის ნამსხვრევები და იკითხა:
-როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ზღვა სრულებით წყნარი იყო!
-ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულია! - მიხვდა ერთ-ერთი მეთევზე.
უმრავლესობა დაეთანხმა, მაგრამ ორმა-სამმა ბიწიერმა ირონიულად დასძინა:
-ეს ქარბორბალა იყო.
ერთმა მეთევზემ, სახელად გრეგორი ლიაკურმა შემდეგი დაამატა:
-რის სასწაული! სად აქვს მაგდენი ძალა ღვთისმშობელს, ჩვენ, მეთევზეებს გვდიოს!
ეს თქვა და გაეშურა იმის სანახავად, თუ რა მოუვიდა მის ნავს. როცა ნამსხვრევების გროვა დაინახა, გადააფურთხა, კიდევ ერთხელ შეურაცხყო ყოვლადწმიდა ქალწული და დასაძინებლად წავიდა.
ის-ის იყო ზედ ნაპირზე დაწვა, სიზმარ-ცხადში მის წინ მთელი სიმაღლით წარდგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; მიუახლოვდა მის საწოლს და უთხრა:
-შვილო ჩემო, რატომ მაძაგებ?
-რას ლაპარაკობ? - გაბრაზდა ის, - საერთოს არ გიცნობ, როდის მიძაგებიხარ?
-შენ მე არ მიცნობ? მაშინ გმუდმებით რატომ მლანძღავ?
ამ სიტყვებისთანავე გაღიზიანებული ღვთისმგმობი წამოხტა ფეხზე და შეეცადა, მივარდნოდა მას, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. მისი ფეხები მუხლებამდე სილაში ჩაეფლო. მეთევზემ პირჯვარი გამოისახა და კვლავ ცხადლივ დაინახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და გაიგონა მისი სიტყვები:
-მიდი ჩემს სახლში, ასკარას მონასტერში, რომელიც კუნძულ კვიპროსზე, პარიკიის დასახლებაშია; მიდი და თაყვანი მეცი მე.
მეთევზე თითქმის იმავე წამს გაეშურა ლიაკურში ღვთისმშობლის ბრძანების შესასრულებლად. ასკარაში მან მზის ჩასვლის შემდეგ მიაღწია. იგი მიიჭრა ყოვლადწმიდა ქალწულის ხატთან და მის ღვთაებრივ პირისახეში თავის ჩვენებაში ნანახი ქალბატონი შეიცნო. იგი მუხლებზე დაეცა და ზედიზედ რამდენიმე საათი ილოცა.
მხოლოდ მომდევნო დღეს დაბრუნდა ლიაკური შორეულ მდელოზე. იქ მას ახალი სასწაული ელოდა: ყველა გემი, მათ შორის თავისი ნავიც, მთელი და უვნებელი იდგა ნაპირთან.
მეორე მცნება
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.
სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.
ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.
ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.
სამწუხაროა, რომ არცთუ იშვიათად აქვს ადგილი უყურადღებობის ისეთ სერიოზულ გამოვლინებებს მშობლის მხრიდან, რომელიც მოზარდის ფსიქოლოგიურ და ცნობიერებით დაკნინებას იწვევს. ამ პრობლემის მიზეზად სხვადასხვა გარემოებები უნდა მოვიაზროთ, განსაკუთრებით ისეთი გამოწვევები, როგირიცაა მუდმივი კონფლიქტის არსებობა ოჯახში. ბავშვზე, მის ფსიქიკასა და ცნობიერებაზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ცოლ-ქმრის გაყრა.
უფრო მეტი დინამიკურობით აისახება იგი, თუ აქტი განხორციელდა მოზარდის ყრმობა-მოზრდილობის ასაკში. თუ ოჯახში არის ვინმე ნარკოტიკის მომხმარებელი ან ალკოჰოლური სასმელებისკენ მიდრეკილი, ან მოძალადე (რომელიც ვერ იქნება კეთილი მრჩეველი), ასეთ გარემოებებში ხდება პიროვნების გაორება, მოზარდის ცნობიერებაში მძაფრდება ოჯახიდან თავის დაღწევის განზრახვა და სურვილი. ნიშანდობლივია, რომ ოდესმე ახორციელებენ კიდეც ამ ჩანაფიქრს მშობლისგან ან მშობლებისგან თავის დასაღწევად. არის შემთხვევები, როდესაც სახლში არსებული ვითარება მოზარდისთვის მაგალითი და მიმართულების განმსაზღვრელი ხდება, რათა ისიც ანალოგიურ ატმოსფეროში განთავსდეს თავისი არსებით. სულისშემძვრელია, როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ მშობელმა უარი თქვა საკუთარ შვილზე, როდესაც ადგილი აქვს ახალშობილი ჩვილის მიტოვებას, გადაგდებასაც კი. უკიდურესად არაადამიანურია ასეთი გამოვლინებები. შემაძრწუნებელია, როდესაც მეუღლე ღალატის შედეგად საბალოოდ ტოვებს ოჯახს. ასევე ძნელი წარმოსადგენია დედისაგან მიტოვებული შვილის მდგომარეობა. არანაირ გაგებას აღარ ექვემდებარება მშობლისაგან შვილის იძულება, მიმართოს ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ მეთოდს ოჯახური პრობლემების გადასაწყვეტად.
ამრიგად, თავისი ოჯახის სასარგებლოდ არშემდგარი პიროვნება ვერასოდეს იქნება ხალხის, საზოგადოების, ერის, სახელმწიფოს სასურველი ნაწილი. შვილი, რომელიც უარს იტყვის უმწეოდ დარჩენილი მშობლის მოვლაზე და მოხუცებულთა სახლს მიანდობს საკუთარი მშობლის დარჩენილ სიცოცხლეს და სანანებელს უხდის მშობელს მის გაჩენასა და გაზრდას, შვილი, რომელიც უარს იტყვის სნეულად მყოფის მზრუნველობაზე ან მშობელს სახლიდან გააგდებს და თავშესაფრის საძიებლად გაიმეტებს, ან აიძულებს მშობელს, თუნდაც პირადი სხეულის შებღალვის ფასად მოიძიოს წარმავალი კეთილდღეობა, როგორ შეიძლება ის მოაზრებული იყოს ვინმესთვის სასარგებლოდ ან სასურველად? ან კიდევ მას, ვინც საკუთარ მშობელს ხელშესახებად ან ფიზიკური ლიკვიდაციისთვის გაიმეტებს, რა წილი აქვს ვინმეს ნდობის მოპოვებასთან? ერთი კი უნდა აღინიშნოს: არა არსებობს ადამიანი, რომელსაც სრულიად ჰქონდეს გადაწყვეტილი კავშირი სინდისისმიერებასთან. სხვადასხვა უმსგავსობას თავისი მიზეზები და გარემოებები აქვს. ეს გამოწვეული იმ შეცდომებით, რომლებიც აღზრდის დროს იქნა დაშვებული, როდესაც ყურადღება არ ეთმობოდა ზნეობრივ და ჰუმანურ ასპექტებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დედმამიშვილთა ურთიერთობების საკითხი. თუკი მშობლისა და შვილის დამაკავშირებელი სიყვარულის გრძნობა ნაყოფიერებისა და და გაწეული უდიდესი შრომის მიზეზითაა გამძაფრებული, დედმამიშვილთა ურთიერთსიყვარული ერთად აღმოცენებულთა და მშობლის სიტკბოების გარემოში ერთად შეზრდილთა კავშირად შეიძლება იქნეს მოაზრებული.