თუ სიამაყემ ანგელოზები სასუფევლიდან ჯოჯოხეთში ჩააგდო, მაშ, ამის საწინააღმდეგოდ უნდა დავასკვნათ, რომ თავმდაბლობას თვით ჯოჯოხეთიდან, ე.ი. ცოდვის სიღრმიდანაც კი შეუძლია, ზეცად აღიყვანოს.
თავმდაბალი გული ვაკეს ჰგავს. როგორც წვიმის დროს მთებიდან წყლები ჩამოედინებიან და ვაკეზე გროვდებიან, ასევე ყველა ადამიანზე გადმომდინარე ღვთის მადლი თავმდაბალ გულში გროვდება.
ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი თავითაა აღვსილი; თავმდაბლობას მადლის მიღება ძალუძს, რადგან უგულებელყოფილია როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე - ყოველგვარი ქმნილებისაგან.
მოსეს რჯულით ისრაელს ნაბრძანები ჰქონდა მხოლოდ ერთ, ღვთისაგან დადგენილ ადგილას შეეწირა მსხვერპლი. სულიერი კანონით კი ქრისტიანთათვის დაწესებულია ერთი სულიერი ადგილი ყველა მათი მსხვერპლის - ლოცვის - შესაწირად; ეს ადგილი თავმდაბლობაა.
თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ, როგორც უღირსი, ისინი ღვთისთვის სათნო იქნება; ხოლო თუ გაიხსენებ სხვას - მიძინებულსა და ჯერ კიდევ დაუბადებელს და გულს გაიამპარტავნებ, ამაო იქნება შენი შრომა.