ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
შრომა კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თავისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილება შრომით უნდა დაიკმაყოფილოს, ხოლო ამისთვის მას ღმერთი შობიდანვე რომელიმე ნიჭს ან ღონეს აძლევს, რომ შრომა შეძლოს.
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.
თემა: მღვიძარება, სიფხიზლე, სათნოებები, თავმდაბლობა, სიყვარული, მარხვაავტორი: ნეტარი ავგუსტინე
წყარო: სულიერი მდელო
ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის საფუძველი ღვთისადმი კეთილკრძალული შიშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება. ლოცვითი ჩვევების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია შრომა. ყველაზე მეტად ამ საქმეში იესოს ლოცვა და მისი თანმდევი სითბო გვეხმარება.
რამდენი შრომა სჭირდება ადამიანს თავისი ცოდვილი სურვილების აღსასრულებლად? როგორი შფოთი და ტანჯვა ხვდებათ წილად პატივისა და დიდების მოყვარულთ! როგორი დამაუძლურებელი შრომა ხვდება მას, ვინც სულ უფრო და უფრო მდიდრდება! ღვთის გულის მოსაგებად ასეთივე შრომას რომ ვეწეოდეთ, როგორც ვნებების სიამოვნებისათვის ვაკეთებთ, სულიერი სრულყოფილების როგორ სიმაღლეს მივაღწევდით!
შეიცნობს რა ქრისტიანული ცხოვრების არსს, ვერ პოულობს მას საკუთარ თავში და ამის მისაღწევად იწყებს გონებრივ შრომას: კითხულობს, მსჯელობს, საუბრობს. ამავე დროს ის ჭეშმარიტი აზრი, რომ ცხონება იესო ქრისტესთან შერწყმას გულისხმობს, მას სხვადასხვა სახით წარმოუდგება, რასაც განიხილავს კიდეც, მაგრამ ყველაფერი ეს ჯერჯერობით მის გულთან ახლოს არ მიდის, არ შეიგრძნობა და შედეგიც არ მოაქვს.
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
ვისწავლოთ ჩვენცა ძმანო ჩემნო შრომა და მოთმინება შრომასა შინა. უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა.
ოდეს ღმერთმა კეთილად წარმართა შრომა შენი, მაშინ პირველი შენი გულისსიტყვა იყოს მადლობა ღვთისა; ღმერთს მიაწერე შენი წარმატება და არა შენსა სათნოებასა და სიკეთესა
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისრეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება.
ყოველგვარი მიღწევა, სწავლასა თუ შრომაში, შრომითა და ძალისხმევით, მაგრამ ღვთის გარეშე მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა, შენს მიღწევაში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა. ყოველი ცოდვა კი აძლიერებს ახალი ცოდვის წყურვილს.
იგივე, მაგრამ უკვე ღვთის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ წყურვილს აკმაყოფილებს
რასაც აკეთებთ, ისე აკეთეთ, რომ სიმხურვალეს უწყობდეს ხელს და გულს არ აციებდეს: კითხვაც, ლოცვაც, შრომაც, სხვებთან საუბარიც, ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - არ მიგიყვანოთ გულის გაციებამდე. შესვენების გარეშე მოკლე ლოცვით, თქვენი შინაგანი ღუმელი გაახურეთ და უფრთხილდით გრძნობას, რომ მათი მეშვეობით არ გაჟონოს სითბომ. გარეგანი შთაბეჭდილებები ძალიან ძნელად ეწყობიან შინაგან საქმიანობას
თემა: მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი).