ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სააღდგომო ეპისტოლე - 2003

იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად

ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:

"თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ" (რომ.8,31).
ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: "ამას იტყვის წმიდაი იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დახშული იგი. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,7-8).
აი, ჩვენს წინაშეა გახსნილი კარი ცათა სასუფევლისა. ამ უნაპირო წყალობით მაცხოვარმა დაგვაჯილდვა.
ქრისტე აღდგა!
აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ!
აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით მას გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს.
ქრისტე აღდგა!
ისინი კი, ვინც უფლისმიერი სიხარულის ამ განცდას და სულიწმიდის მადლს განშორებულნი არიან, უნდა ეცადონ, ეკლესიური ცხოვრებით როგორმე მოიპოვონ იგი; როგორც წერს წმ. ირინეოს ლიონელი, "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმინდაცაა და სრული სისავსე მადლმოსილებისა. ეკლესიის და სულიწმიდის გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი დაუცველია და დაღუპვისათვის განწირული", რადგან, ცხოვრების მღვრიე ტალღებს შეჯახებული, სასოწარკვეთილებაში ადვილად ვარდება და ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევას დიდი ძალისხმევითღა თუ შეძლებს. სამწუხაროდ, ბევრნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, რაც სულიწმიდის გმობაა და არ ეპატიება ამის ჩამდენთ არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად.
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.
დიახ, თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭველობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით. თუმცა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაცემას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არ არის გვიან, ყველა სხვა ქვენა გრძნობასა და ინსტინქტს გადარჩენის წყურვილმა უნდა სძლიოს.
თითოეულ ჩვენგანს მძიმე, მაგრამ განმწმენდელი გზა გვაქვს გასავლელი. ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიმავალ ებრაელთა მსგავსად ჩვენ "სულიერი იერუსალიმისაკენ" უნდა ვისწრაფოთ. ასე რომ, "სინას უდაბნოს" დაძლევა მოგვიწევს და გარკვეული ხნით ფარაონიც მოინდომებს ჩვენ დევნას, მაგრამ თუ უფალი იქნა მწე ჩვენდა და მფარველ ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?! (ფს.). მაშ, დავით მეფის სიტყვებით შევთხოვოთ ღმერთს: "შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე" (ფს. 17,39).
მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ უფალთან, ანუ უნდა ვიყოთ წევრნი ჩვენი წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც ოცი საუკუნის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება და შეგვანარჩუნებინა თვითმყოფადობა, ჩვენი სული, ჩვენი მამული, ჩვენი საოცარი კულტურა.
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, სიმარტოვის მძიმე განცდასა და ყველანაირ მძიმე შიშს.
მოციქული პავლე ჩამოთვლის სულიწმიდის ნიჭთ, რომელთაც ადამიანი ეკლესიის მეოხებით ეზიარება: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23). აი, ამ საფუძველზე უნდა გახდეს თანაზიარი ცათა სასუფევლისა.
რა თქმა უნდა, ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ.
არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრომელად ებრძვის სიკეთეს; ოღონდ აქ აუცილებლად გამარჯვებას მიაღწევს ყველა, ვინც უფლისმიერი, ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელი გზით ივლის.
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდური და განსაცდელი თვით უფალსაც ჰქონდა უდაბნოში ყოფნის დროს და უწინარესად იქ განცხადდა მისი ძალა, სიბრძნე და მადლმოსილება.
ესეც იცოდეთ, თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინარეობს და არა განსწავლულობიდან, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია).
ყოველივე ზემოთქმულის შესახებ საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს როგორ აქცევს მონად მისი მიწიერი ვნებანი და, პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.
იგი ამბობდა: საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშიაო. "იყავი მართალი, და შენ იქნები თავისუფალი და ბედნიერიც. ყველას, ვისაც სურს მოიპოვოს თავისუფლება, შეუძლია ეზიაროს მას, ოღონდ ამისთვის აუცილებელია განთავისუფლდეს ცოდვისა და ყოველგვარი სიბილწისაგან".
"გაბატონდი შენს ვნებებზე, თორემ ისინი დაგიმორჩილებენ შენ; თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო და თავიდანვე გააანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს, შეაჯერე ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. იცოდე ესეც, თუ გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ".
თითქოს საუკუნეებს გადასძახისო ეს დიადი მონა, როცა ამბობს: "მიჩვენეთ თუნდაც ერთი მაგალითი, ერთი საშუალება გამდიდრებისა ისეთი, რომელიც არ წაბილწავს სულს და მეც მივბაძავ თქვენს რჩევას".
მეტად საინტერესოა ბრძენი ლაო-ძის დარიგებაც: "ძლიერია, ვინც სიყვარულითაა სავსე; გულუხვია, ვინც ზომიერად გასცემს; მეფობს, ვისაც მორჩილება შეუძლია.
ვინც ძლიერია და არა აქვს სიყვარული, - გაუბედურდება, ვინც გულუხვია, მაგრამ არ იცავს ზომიერებას, - გაღატაკდება, ვინც ბატონობს, მაგრამ არ იცის მორჩილება, - დაიღუპება".
ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავანი არ მოსწონს და ყველაზე მეტად თავმდაბლობას აფასებს. ამიტომაც, შინაგანი თვითკმაყოფილების გაჩენისთანავე (რაც ამპარტავნების უპირველესი ნიშანია) მსწრაფლ წვრთნის მას, ვინც უყვარს.
უდაბნოში ერთი ბერი მოღვაწეობდა და დაუცხრომელ ლოცვასა და მარხვაში იყო. ამპარტავნების ბოროტმა სულმა ნელ-ნელა იწყო მისი სულის დაპყრობა და თანდათან უნერგავდა აზრს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. როცა ასეთმა ფიქრებმა სერიოზულად შეაწუხეს, მას ეყო სიბრძნე, მიატოვა უდაბნო, მონასტერში დაბრუნდა და თავისი მდგომარეობის შესახებ წინამძღვარს უამბო. მან მაშინვე იგრძნო საფრთხე და უბრძანა, ჯოხი აეღო და ღორები ემწყემსა. ბერმა დაუჯერა. მისი საქციელი ბევრს გაუკვირდა და დაცინვა დაუწყო, მაგრამ მეუდაბნოემ მათ კეთილგანწყობას მორჩილება ამჯობინა. საკუთარი თავის ასეთი დამცირებით იგი გადარჩა და ცნობილი მამა გახდა.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენში დაჩლუნგებულია სულიერი ხედვის უნარი; იშვიათად თუ ვინმეს აქვს სურვილი, საწყის ეტაპზევე გააცნობიეროს ის საფრთხე, რომელსაც მასში თვითკმაყოფილება უკაფავს გზას და ეს დამღუპველი გრძნობა დროზე ალაგმოს. ამიტომაცაა ყველაზე მეტად ფესვგადგმული უდიდესი ცოდვა – ამპარტავნება.
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს "თავმდაბლობა" უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია თავის თავს ხშირად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას; ეს აუცილებელი პირობაა.
ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით მოიწვიეს მეუდაბნოე ცნობილი სულიერი მოძღვარი. იგი თავდაპირველად კრებაზე არ მოვიდა, მერე კი გამოცხადდა ზურგზე ძველი დიდი ტომრით, საიდანაც სილა იყრებოდა. ბერებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს. მოძღვარმა კი უპასუხა: "სილა – ეს ჩემი ცოდვებია, მაგრამ მე მოვედი ჩემი ძმის დასასჯელადო". ამით მან მიანიშნა, რომ ისინი, ვინც დამნაშავის განსჯას მოითხოვდნენ, თვითონაც ცოდვილნი იყვნენ და ამდენად არ ჰქონდათ მორალური უფლება სხვისი დამცირებისა. მონასტრის ძმებმა გულისხმაყვეს, რომ არასწორად მოიქცნენ, შეინანეს დანაშაული და შეცდომილი ბერი სიყვარულით შეიწყნარეს.
ეს მაგალითები, მართალია, სასულიერო პირთა ცხოვრებიდანაა, მაგრამ იგივე და უფრო მძიმე სიტუაციაა ერში. ერისკაცთ უფრო უჭირთ გააცნობიერონ, რომ თვითონ სხვაზე არანაკლებად დაცემულნი არიან, რომ განკითხვა აბინძურებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს და რომ ყველამ გამოსწორება სხვისგან კი არა, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.
მინდა შევჩერდე თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელ ერთ მოვლენაზეც: მეტად სასიხარულოა, რომ მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა, მთელ საქართველოში შენდება ეკლესია-მონასტრები. ალბათ, ასე მოკლე დროში ჩვენთან ამდენი ტაძარი არც არასდროს აგებულა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოსწყურდა 70-წლიანი ათეისტური რეჟიმით დათრგუნულ ხალხს ღმერთი და როგორ ილტვიან მისკენ მდიდარნიც და ღარიბნიც, მართალნიც და ცოდვილნიც, ასაკოვანნიც და უასაკონიც, მეცნიერნიც და უბირნიც.
ახალი ტაძრების მშენებლობა ღვთისთვის მართლაც სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა. ვინც ამას აკეთებს, უფლის წინაშე დიდად კეთილ საქმეს იქმს: ამასთან, ეს ნაბიჯი უფრო მოკრძალებულია და ამბიციურობისაგან თავისუფალი, ხოლო უფლისმიერი შეწევნა – გაცილებით დიდი, რადგან ასეთ ადამიანს და მის ოჯახს არ მოაკლდება მეოხება იმ სასულიერო და საერო პირთა, რომელნიც ამ ტაძრებსა და მონასტრებში ლოცულობდნენ და მოღვაწეობდნენ. მათი აღდგენა-განახლება წინაპართა პატივისცემისა და სამშობლოს სიყვარულის უფრო დიდი გამოვლინებაა.
საერთოდ, ძნელია გამოთქმა იმ გრძნობისა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღიარება ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის მკვიდრობს ჩვენს გულებში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, ესაა ჩვენი უთვალავი ტაძარი და მონასტერი, ჩვენი სიწმინდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი. ამიტომაც ამბობს ქართველი:
"როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა".
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მომივლია და მამულის ასეთი მტკივნეული განცდა სხვაგან არსად მინახავს. ეს გრძნობა განსაკუთრებით უნდა შეინარჩუნონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან დიდხანს ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ეროვნულ თვითშეგნებას კარგავს.
მახარებს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ერის შვილებიც დიდი სიყვარულით არიან განმსჭვალულნი ჩვენი მიწა-წყლისა და ხალხისადმი, თუმცა ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყველამ საქმით უნდა აჩვენოს. ეს უწინარესად ეხებათ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რადგან მათ ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პერიოდში. ერთი რამ ცხადია, თუ მართლაც თავისუფალ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პროცესი არ მიგვიყვანს ფსევდოთავისუფლებამდე, ქაოსსა და ნგრევამდე, რადგან ჭეშმარიტი თავისუფლებით ნაკარნახევი ჩვენი აზრები და ქმედებანი არ დაარღვევს ზნეობისა და ეთიკის ნორმებს. ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ახლა, როცა გვიახლოვდება საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო პოლიტიკურ მოღვაწეთაც და სასულიერო პირებსაც, რომ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ერი და, ამდენად, მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ყოვლად დაუშვებელია. სასულიერო პირებს, წმ. სინოდის დადგენილებით, აკრძალული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უშუალოდ მიღება (იგულისხმება საქმიანობა და არა ხმის მიცემა) და ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიისა თუ ცალკეული პიროვნებისადმი საჯაროდ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ისეთ პიროვნულსა თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უმთავრეს საკითხებში ჩვენს ჩაურევლობას, როგორიცაა, მაგ. ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება, სოციალური პრობლემები და სხვ.
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2,11). როგორც ჩანს დღესაც ხშირად უნდა გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელიც მორწმუნეებს დიდ შეცდომად უთვლიდა ასეთ დამოკიდებულებას: "მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კიდევ ქრისტესი. ნუთუ გაიყო ქრისტე?" (კორ.1,12-13).
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ხშირად ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შედარებით უფრო მკვეთრად უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მართალია, მუდმივად გვაქვს დენის და გაზის პრობლემა, დაბალია საპენსიო და სახელფასო ანაზღაურება, მცირეა სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს მაინც არ არის გამოუვალი მდგომარეობა. სხვადასხვა სახის პრობლემა ყოველთვის იყო; ამაზე მძიმე დროც გვქონია, მაგრამ დღეს სიტუაციას ამძაფრებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოვლენათა დრამატიზება და ამასთან ზნეობრივი თავაშვებულობის პროპაგანდა; ასევე ჩვენი დიდი ნაკლია დაყოფა და ურთიერთდაპირისპირება, რაც დრომაც მოიტანა.
მიუხედავად ყველაფრისა, მდგომარეობა გამოსწორებადია. მშვენივრად წერს ბრძენი: "ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა; ო, ბედნიერებავ, შენ ხარ ძირი უბედურებისა". ამიტომაც მჯერა, ადრე თუ გვიან, ხალხი ალღოს აუღებს შემოთავაზებულ სიახლეებს, შეძლებს ავისა და კარგის გარჩევას, მოიკრებს ძალას მანკიერ თვისებათა დასაძლევად, ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად და ერთობისაკენ ჩვენი სწრაფვაც რეალობად იქცევა.
ამ ეპისტოლეს მინდა ვუწოდო "იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად" და პავლე მოციქულის სიტყვებით დაგლოცოთ: "დაე, მოგეცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ადიდებდეთ ღმერთს... შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ" (რომ. 15,5-7).
მაშ, მიენდეთ უფალს და მისი შეწევნით ისწავლეთ პრობლემების დაძლევა.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენი ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა; ცალმხრივობა არც დღეს გამოგვადგება. ჩვენთვის ახლობელი უნდა იყოს ყველა; ზომიერება ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობაა, - ასეთია ღვთის განგებულება.
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: "რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა".
მაშ, სიხარულითა დიდითა განიხარეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებნო ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფნო თანამემამულენო, რამეთუ "სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
პასექი ქრისტესი,
თბილისი, 2003 წ. იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად<


საშობაო ეპისტოლე - 2024

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ

„იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი)

მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, - წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.
ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისთვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში...
მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?
ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, - ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, - თავის თავზე ორიენტირებული.
ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება - გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები - მოხმარების საგნად ქცეულნი.
ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც" მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი.
ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, - თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ.
ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული.
როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:
„შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს. 144, 13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს. 21, 29) და სხვა.
მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.
შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:
ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, - წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.
ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა.
სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო.
ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა.
ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს განუცხადა დაფარული.
ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, - ვერცხლის, მუცელი და თეძოები, - სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, - რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.
ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.
ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.
მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენჯერმე იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.
ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, - ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.
მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, - გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.
და მართლაც, ნაბუქოდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2. 45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.
ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი - უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.
იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.
ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ. 3, 28), - აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.
შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ. 12, 17-18).
თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ - თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას.
ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.
კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი;
ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს - მართლმორწმუნეს.
შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.
გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.
* * *
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ, უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.
სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, - ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.
დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.
ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.
ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?
ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.
ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება, ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.
* * *
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, - ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა.
ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომებიც სიბრძნის ულევი წყაროა.
გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.
გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17-21).
მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველასგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.
კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.
როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ამიტომაც, დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.
ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ...
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, - ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!

ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, ქრისტეშობა, 2024 საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2005

ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან გათავისუფლებით მიიღწევა.

"ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორ.12, 9).

ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს ფარგლებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
"იხარებდ ბეთლემო, მეუფეო მთავართა იუდასთაო, რამეთუ მწყემსი ისრაელისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, რომელმან აღამაღლა რქა ჩუენი" (შობის სძლისპირი).
იმ იდუმალ ღამეს ანგელოზთა დასი, მარადჟამს მადიდებელი ღვთისა, საოცარი მოკრძალებითა და გაოცებით უმზერდა დედამიწაზე აღსრულებულ უდიდეს სასწაულს – კაცობრიობის მხსნელის დაბადებას დავითის ქალაქში; მაგრამ ღვთის განკაცება მოხდა არა დიდებითა და ბრწყინვალებით, არამედ გამაოგნებელი სიმდაბლითა და უბრალოებით. ამქვეყნად ერთი სახლიც კი არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა და უმასპინძლებდა ღვთისმშობელ დედასა და მართალ იოსებს. მხოლოდ პირუტყვთა თავშესაფარში აღმოჩნდა მათთვის ადგილი. გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლი წარუდგა პირველად სოფელს ღვთაებრივი ყრმა – იესო ქრისტე და ამით სიმბოლურად მიანიშნა, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის მათთან, რომელნიც, საზოგადოებისაგან უსამართლოდ გარიყულნი, უპოვარნი და მარტოსულნი არიან. ასეთი იყო ხვედრი წმინდა ოჯახისა და კაცთა ხსნისათვის მოვლენილი ჩვილი მაცხოვარისა. თითქოს ამ ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციად აქვთ შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლის დადგმა, რათა თავისთან მიიწვიონ ღამით თავშესაფრის საძებნელად სადმე ახლოს მიმავალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები.
შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს.
იქნებ საქართველოშიც დავამკვიდროთ ეს წესი, ოღონდ შინაგანადაც უნდა მოვემზადოთ საოცარი სტუმრების მისაღებად – გული უნდა განვიწმინდოთ ყოველგვარი ბიწისაგან, რათა მის უბრალოებასა და სისუფთავეში არა მარტო იშვას, არამედ დაემკვიდროს კიდეც უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუმცა განსაცდელისა და საცდურის სიმრავლის გამო ჩვენს დროში ამის მიღწევა ადვილი არ არის.
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი, გულისთქმათა მოყვარენი" (II ტიმ. 3, 1-5).
და თუ ადამიანი ამ ცოდვათაგან არ გათავისუფლდა, ჭეშმარიტ თავისუფლებას ვერასდროს ეზიარება. არასწორად გაგებული თავისუფლება კი მრავალი უბედურების სათავეა.
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? ანდა: თავისუფლება – მაგრამ რისთვის? ანუ, რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.
ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან, გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით... ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო – მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – მარადიული სიცოცხლე" (რომ. 6, 16-23).
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (ინ. 8,32).
განსხვავებულია არაეკლესიურთა დამოკიდებულება თავისუფლებისადმი:
ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თავისუფლება არის ის, რის უფლებასაც აძლევს მათ ხელისუფლება, ან ესა თუ ის იდეოლოგია. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ანდა ფაშისტურ გერმანიაში აცხადებდნენ, რომ იქ ცხოვრობდნენ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ადამიანები. სინამდვილეში კი ეს "თავისუფლება" ეფუძნებოდა საკონცენტრაციო ბანაკებსა და მასობრივ დახვრეტებს. ასეთია ტოტალიტარული სახელმწიფოს "თავისუფლება".
მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. მათი აზრით, თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის "თავისუფალი სიყვარული", ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც, ხოლო აღმსარებლობის თავისუფლება – ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფების ტრადიციულ რელიგიებთან გათანაბრებას. ასეთი "თავისუფლების" შედეგი კი არის: პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობები, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი.
საერთოდ, მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების – სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... – აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალოს და ისინი სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის შემცველ ცნებებად წარმოადგინოს, რათა ამით ადამიანებს ცოდვის ჩადენა გაუადვილოს.
ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველია, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ მორალის მქონე საზოგადოებას ემყარება. როგორც ძველი სიბრძნე ამბობს, სახელმწიფოსათვის უმჯობესია, მის მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ზნეობა, ვიდრე კარგი კანონები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია, კანონები იყოს სუსტი ან ცუდი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალზნეობრივი საზოგადოება ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საწინდარია. დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიც სწორედ ამის გათვალისწინებით ქმნიან თავიანთ კანონმდებლობას და საზოგადოებრივი ცხოვრების წესს.
ის, რომ მსოფლიოს ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას ინახავს. მისი უნივერსალურობა ვლინდება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე უცვალებელი მრწამსი და სწავლება აქვს, რომელიც ეფუძნება წმინდა წერილს, საღვთო გადმოცემას, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებსა და წმიდა მამათა მოძღვრებას. ეს მის საყოველთაობას და უცდომელობას განაპირობებს.
ამასთან, მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა; აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიაში იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალება ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც წარსულში გარკვეული სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ სინანულითა და სულიერი ფერისცვალებით ახალი ცხოვრება დაიწყეს.
პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდანვე იღებს სათავეს, ანუ იმ დროიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში ბატონობდა ტირანია, აბსოლუტიზმი და იმპერატივიზმი.
ეს არის ღვთივბოძებული წესი ცხოვრებისა, რომელიც უფლისმიერი მადლმოსილების გამო ჟამთა სვლას არ ექვემდებარება, მარად ახალია და "სრულყოფის" მიზნით რაიმე ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც გამოჩნდნენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადამიანები; როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები.
ფსევდოლიბერალური მოძრაობა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავდაპირველად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი რეაქცია იყო, რომელმაც შემდეგ კონტრრექაციის სახით ფსევდოკონსერვატიზმი წარმოშვა. ბოლო წლებში კი ორივე ეს მიმართულება საქართველოში გაძლიერდა და თავის სამიზნედ ეკლესია გაიხადა. მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული მოძრაობის სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრნი, ისე მის გარეთ მყოფი პირები.
ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აღნიშნულ პროცესებში იმ ადამიანთა მონაწილეობა, რომელთაც ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. ვინაიდან ამისთვის მათ არც შესაფერისი ცოდნა და არც მორალური და იურიდიული უფლებები აქვთ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული). ხოლო ისინი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს, მაგრამ ეკლესიასა და მის იერარქიას საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც, ნებისმიერი მოტივით, სრულიად გაუმართლებელია. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ცხოვარნი ნუ ასწავლით მწყემსთ. ნურც თქვენთვის განკუთვნილ საზომს გარდახვალთ; საკმარისია თქვენთვის, თუკი კეთილად დაიმწყსებით. ნუ განიკითხავთ სჯულისმდებელთ, რადგან არ არის ღმერთი შფოთისა და უწესობისა, არამედ მშვიდობისა და წესიერების".
პრობლემები ყველა საზოგადოებასა და ყველა დროში იყო, არის და იქნება, ისევე როგორც ეკლესიაშიც, ოღონდ მათდამი მიდგომა და შესაბამისი ქმედებაა ორგვარი. ერთის საფუძველია სიძულვილი, მიზანი კი – ზიანის მოტანა, მეორისა – სიყვარული და გამოსწორების სურვილი. ორივე დამოკიდებულება ადვილად იცნობა. ეკლესიასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე პროცესებიც ნათლად ავლენს, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმოსურნეთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისაგან ხალხის ჩამოშორებას. "დაყავი და იბატონე" – ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთხელ გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ახორციელებდა თავის შავბნელ გეგმებს.
"სად არის თქვენი სარწმუნოება?" – ეკითხება უფალი მოწაფეებს. "სად არის თქვენი სარწმუნოება?" – ეს კითხვა ისმის დღესაც.
წამოყენებულ ბრალდებებს ემატება ისიც, რომ გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს და მიზნად, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს. ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გახმიანდა საეკლესიო კალენდრის გამოც.
ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ, რუსეთის გარდა, ძველ სტილზე იმყოფება იერუსალიმისა და სერბეთის ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე კონსტანტინეპოლის, ელადის, ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი.
დღეისათვის არ არსებობს ახალ კალენდართან დაკავშირებით მსოფლიო ეკლესიის საერთო-საყოველთაო შეთანხმება და მისი სათანადო დასაბუთება. ამიტომაც ამგვარი ნოვაცია დამღუპველ ზიანს მოუტანს ჩვენი ეკლესიის ერთობას (რისი მაგალითებიც სხვაგან არაერთი გვაქვს), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ I მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის და იუდეველთა პასექის შემდეგ. ძველი სტილი მტკიცედ იცავს ამ დადგენილებას, მაშინ, როდესაც გრიგორიანული კალენდრით ეს დღესასწაული ზოგჯერ იუდეველთა პასექს ემთხვევა, ან წინ უსწრებს მას, რაც დაუშვებელია და მსოფლიო კრების გადაწყვეტილების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საერთოდ, კალენდრის საკითხი ადვილად განსასჯელი არ არის. კარგად წერს ნეტარი ავგუსტინე: "მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც ამის შესახებ არ მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიძნელდება ზუსტი პასუხის გაცემა".
რა თქმა უნდა, დამცველები მრავლად ეყოლება როგორც ახალი, ისე ძველი სტილის მიმდევართ და ისინი შეეცდებიან, დაამტკიცონ საკუთარი პოზიციის მართებულობა, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც, ვფიქრობთ, ყველასთვის მრავლისმთქმელია:
ა) ყოველ წელს იერუსალიმში, ძველი სტილით აღდგომის წინადღეს, მაცხოვრის საფლავზე, მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით, ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რაც ნათელი დადასტურებაა როგორც იულიუსის კალენდრის, ისე მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.
ბ) ყოველ 19 აგვისტოს (ძვ. სტილით 6 აგვისტოს) ღამით, ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში, თაბორის მთაზე, ზაფხულის ყველაზე ცხელ დროს, ჩნდება ღრუბელი, რომელიც წირვის დამთავრებამდე ფარავს მორწმუნეთ და ახსენებს მათ I საუკუნეში აქ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს.
გ) ყოველ 19 იანვარს (ძვ. სტილით 6 იანვარი), იესო ქრისტეს ნათლისღებისა და წყალკურთხევის დღესასწაულზე, წმინდა მდინარე იორდანეში იერუსალიმის პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვისას: "და მართლუკუნ იქცა იორდანე", მდინარე წუთიერად, მართლაც, უკუსვლას იწყებს. ამ სასწაულის სანახავად მრავალი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან.
დ) ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ წმინდა მამას, არც XVI ს-მდე (ანუ ახალი სტილის შემოღებამდე) და არც მის შემდეგ, იულიუსის კალენდრის უნივერსალურობის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ საკითხი არასდროს დაუყენებია.
რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რელიგიურ ზეიმთან შეცდომაა.
გვინდა მოსახლეობას ისიც განვუმარტოთ, რომ, მართალია, ფსევდოკონსერვატორები და ფსევდოლიბერალები ჩვენთანაც და სხვაგანაც ერთმანეთსაც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთი სულისანი არიან. ესაა: ამპარტავნების, არასულიერობის, თვითნებობის, თავდაჯერებულობისა და უსიყვარულობის სული. რადიკალიზმის ორივე ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია. ეკლესია ყოველთვის ემიჯნებოდა ორივე უკიდურესობას, რადგან მისი გზა სამეუფო გზაა და გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ მისთვის მიუღებელია. წმ. გიორგი მთაწმინდელი ამის შესახებ ამბობს: "... და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხულ, გინა მარჯულ. და არცა მივდრკებით".
ამ უმთავრესი სულიერი მისიის გარდა საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. ამ ფუნქციის აღსრულების გამოხატულება იყო, მაგ., აფხაზებთან და ოსებთან შერიგების დაწყება. ამ პროცესს ახლახანს, 25 დეკემბერს, ჩაეყარა საფუძველი და, ვიმედოვნებთ, პრობლემების მიუხედავად, იგი შეუქცევადად განვითარდება.
ჩვენი ეკლესია საქართველოს მკვიდრი ყველა მართლმადიდებლისათვის სულიერი ერთობის ადგილია, ხოლო აქ მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენელთათვის – მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი, რადგან სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან საზრდოობს ქართველი ერის უნიკალური ტოლერანტული ბუნება.
ასეთივე მშვიდობიანი თანაარსებობაა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოში არსებულ სხვა კონფესიებს შორის; და ეს დადასტურებულია ორმხრივი განცხადებებითაც, რომელიც 2002 წელს გაფორმდა. მათი სურვილი იურიდიული სტატუსის მიღებისა ჩვენის მხრიდანაც არის მხარდაჭერილი და ვიმედოვნებთ, იგი მალე განხორციელდება.
ბატონო პრეზიდენტო, ხელისუფალნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მიუხედვად პრობლემებისა, მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვიახლოვდა ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების".
მაშ, გავუღოთ გულის კარი ახლადშობილ ყრმას და სასოებით მივეახლოთ მას. იცოდეთ, უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.
ესეც გახსოვდეთ: "არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში. თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება".
მართალია, ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.
თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.
ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს.
ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა.
სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.
ჰოი, ღვთივკურთხეულო საქართველოვ, წინასწარმეტყველი დავითის მსგავსად რჩეულთა შორის ამაღლებულო; ღვთისმშობლის საფარველით დაცულო ივერთ სამკვიდროვ, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მიერ ქრისტეს ნათლით განბრწყინვებულო და ათთა ბევრთა და სხვა მრავალთა მოწამეთა სისხლით მორწყულო; დროშავ სვიანო, უძლეველო, გორგასლიანო, დავითიან-თამარიანო; საიდუმლოთა დიდთა დამტევნელო ენავ ქართულო, ლაზარეს მსგავსად მკვდრეთით აღმდგარო; ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარო სულო ქართულო, უტკბილესო ჩანგო ჩვენო, მრავალხმიანო.
შეურყეველი იდექ მტკიცედ, უფალი შენთანა!
გწამდეს, გიყვარდეს, სთესე სიკეთე და დასტკბი ხელთა შენთა შრომის ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი და იხარო ორსავე სოფელსა შინა. ამინ!
ქრისტეს შობა
თბილისი, 2004-2005 წ. ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან


სააღდგომო ეპისტოლე - 1986

"მოვედით ყოველნო მორწმუნენო, თაყვანის-ვსცეთ
ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა"
(ზატიკი)

ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღვთისსაყვარელნო ბერ-მონოზონნო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ღვთივდაცული ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

გვიახლოვდება სიხარულითა და იდუმალებით სავსე ღამე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა ვიზეიმებთ სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევას - ქრისტეს დიდებულ აღდგომას.
პასექის სიხარულით აღვსილი, უფლისა და თქვენი სიყვარულით გამთბარი, ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრების მიერ თითქმის 2000 წლის მანძილზე რწმენითა და სასოებით წარმოთქმული სიტყვებით გულითადად გილოცავთ:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.
"თუმც ადამიანის სულს, - წერს ნეტარი ავგუსტინე, - სამართლიანად უწოდებენ უკვდავს, მაგრამ იგი თავისებურად მაინც კვდება. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს. ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს, რომელსაც წმიდა წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს... ეს სიკვდილი ყველა უბედურებაზე უფრო მძიმე და საზარელია, რადგანაც იგი სულისა და ხორცის გაყრას კი არ ნიშნავს, არამედ მათ შეერთებას საუკუნო სატანჯველისთვის" (წმ. მამათა შრომების დამატება, ნაწილი XV, გვ.625, მ. 1856).
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სახარების ერთ-ერთი უპირველესი მქადაგებელი გახდა, ასე სწერს კორინთელ ქრისტიანებს: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ჩუენი, და ცუდად არს, სარწმუნოება ეგე თქუენი" (I კორინ, 15,14). "ქრისტე ღმერთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე" (I კორინ. 1,24).
იმდენად დიდი და მხურვალე იყო მისი რწმენა, რომ აღდგომილი მაცხოვრისათვის მან თავისი ნებით მიიღო სასჯელი და მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე რომში; იგი მოციქულ პეტრეს მსგავსად ჯვარზე არ უცვიათ. მას, როგორც რომის მოქალაქეს, მახვილით მოჰკვეთეს თავი. საკვირველია წმიდა პავლეს უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ხალხისადმი. ამიტომაც ბრძანებს ასე: ვიცი, რომელი იგი მრწმენა (2 ტიმ. 1,12); ეს სიტყვები შეუძლია გაიმეოროს ყველამ, ვინც კი ღრმად ჩასწვდა წმიდა წერილის აზრს, ვისი ცხოვრებაცა და საქმიანობაც შეესატყვისება ღვთის მცნებებს: რადგან ამ შემთხვევაში იქნება რწმენა მისი ურყევი და წყარო სიყვარულისა - დაუშრეტელი მასში. ასეთი პიროვნება თვითონ იქცევა იმ დიდებულ ტაძრად, რომელშიც ივანებს უფალი და ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ "სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავისი სურვილით მიდის სიკეთესთან და გონებით იღებს მას" (ვ. ს. სოლოვიოვი, რჩეული თხზულებანი, ტ.7, გვ. 147).
ჩვენს წინაშე მეტად მნიშვნელოვანი კითხვა დგას: სად არის დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ადგილი?
კაცობრიობის მთელ ისტორიაში ადამიანის პრობლემა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო. ჩვენს დროში კი იგი იმდენად აქტუალური და ძნელად გადასაწყვეტი გახდა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, - ამ სამყაროში აღარ დარჩა ადგილი კაცისთვის.
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი, ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რობოტების მრავალმილიონიან ჯარს, თუ ამ უსულო მანქანების მონად იქცევა კაცი? შეეფარდება მეცნიერულ პროგრესს პიროვნების შესაძლებლობათა განვითარება მაშინ, როდესაც ტექნიკური წინსვლა მომავალში გაცილებით სწრაფი იქნება?
აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ ადამიანი შინაგანი განვითარების რა პოტენციალს ფლობს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი ისე, რომ არ შევზღუდოთ ღვთის მიერ კაცისთვის მონიჭებული თავისუფალი ნება, რომლის გარეშე როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე სულიერი წინსვლა ვერ განხორციელდება.
მაგრამ როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება?
და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ... უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავის უფალ-იყუნეთ (იოანე VIII, 32,36), - ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
"უფალი სულ არს, ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ (ე. ი. თავისუფლება) არს" (2 კორინ. 3, 17), - გვასწავლის პავლე მოციქული.
მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიიმართოს.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი გაუძლებს მატერიალურ-ტექნიკურ შემოტევას, თუ იგი რწმენას, სიყვარულს, ადამიანებთან კეთილ დამოკიდებულებას, მაღალ ინტელექტსა და კულტურას შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, ადამიანი ზოგჯერ კვლავ ძველი კატეგორიებით მსჯელობს, აუცილებელი კია თანამედროვე აღქმა მოვლენებისა და ყოველივე სიახლისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით მოკიდება. ამაზე ფიქრობენ დღეს ღვთისმეტყველნი და ფილოსოფოსნი, სოციოლოგები და ანთროპოლოგები, დღეს ეს საკითხი აღელვებს ყველას.
სწორედ ამიტომ უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა არსებითი ცვლილებები ადამიანის პრობლემისადმი დამოკიდებულების საკითხში. ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია, რომ იგია საზომი საზოგადოებრივი და მატერიალური ყოველგვარი სიმდიდრისა. თვით ისტორიაც სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც საზოგადოების ისტორია, არამედ, როგორც ადამიანის განვითარებისა და სულიერი სრულყოფის ისტორია.
მაინც რა დადებითი და უარყოფითი ცვლილებები მოხდა ანდა მიმდინარეობს პიროვნებაში, რა ახარებს და აღიზიანებს მას, რა მიმართულებით ვითარდება იგი, როგორ მოქმედებს მასზე განსხვავებული პირობები?
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ დღეს ქვეყნად ჰუმანიზმი აღარ არსებობს, რომ იგი მოკვდა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და იქცა ცარიელ, ფარისევლურ ფრაზად, ამ თვალსაზრისს არ შეიძლება დავეთანხმოთ, რადგანაც ჰუმანიზმი, ამ სიტყვის ფართო გაგებით, იქნება მანამ, ვიდრე ადამიანში იარსებებს ღვთის ხატება. ბეჭედი კი ღვთის ხატებისა არ ქრება; იგი შეიძლება ცოდვების გამო დაიჩრდილოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის წაშლას. ჰუმანიზმის სიკვდილი კაცობრიობის სიკვდილია.
საზოგადოების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულწილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული სახე, მისი ფლორა და ფაუნა, გეოგრაფიული ზედაპირი... მაგრამ ადამიანის გარდაქმნა, მისი გაკეთილშობილება და სულიერი ამაღლება ისევ და ისევ ადამიანის ხელთაა.
ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და ცალკეული პიროვნების კულტურაზე. "სიტყვა კულტურა საზოგადოებრივ მეცნიერებებსა, და განსაკუთრებით ისტორიაში, ორი აზრით იხმარება. პირველის მიხედვით კულტურაში უმთავრესად იგულისხმება განათლება, როდესაც, მაგალითად, ლაპარაკობენ კულტურულ ერებზე ან საზოგადოების ფენებზე და უპირისპირებენ მათ უკულტურო ერებსა და კლასებს. იგივე გაგებით იხმარება გამოთქმა, ვთქვათ, კულტურული ადამიანი, კულტურული მანერები და ა.შ. კულტურას მეორე, გაცილებით ფართო გაგებას სძენს ყოფის მნიშვნელობა საერთოდ, ანუ შინაგანი მდგომარეობა" (ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედია, ტ. 33). კულტურას ასე განყოფენ: მატერიალური (აქ იგულისხმება ცხოვრების პირობები, ჩაცმულობა, იარაღი, შეიარაღება, ძვირფასეულობა და ა.შ.), სულიერი; მასში შედის: რელიგია, ენა, ჩვეულებანი, ზნეობა, ცოდნა, ლიტერატურა, ხელოვნება... და საზოგადოებრივი კულტურა ანუ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფორმები და კანონები...
საზოგადოებრივი ყოფის დღევანდელი ფორმა თავისთავად ითხოვს ადამიანისაგან მრავალ სიახლეს: ახლებურად აზროვნებას, ღირებულებათა და წარმოდგენათა გადაფასებას, მაღალ სულიერ კულტურას.
ჩვენს საუკუნეში როდესაც ძალიან ბევრია უმაღლესდამთავრებული, ხოლო დანარჩენნი კი საშუალო განათლებით არიან, ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ განათლება კულტურას არ ნიშნავს.
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად;
რა შეიძლება ითქვას ისეთ კაცზე, რომელმაც არასწორი გზით მოიპოვა მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, დაამციროს, შეურაცხყოს მისდამი დაქვემდებარებულნი, ატყუებს ხალხს და ცხოვრობს პრინციპით: "მე ვარ ხელმძღვანელი, შენ ხარ სულელი; შენ ხარ ხელმძღვანელი, მე ვარ სულელი". ასეთი ადამიანი შორსაა არა მარტო ღვთისა და რწმენისაგან, არამედ ყოველგვარი კულტურისაგან.
ცუდად აღზრდილთათვის განათლება იგივეა, რაც მახვილი უგნურთა ხელში, - წერს ერთი ღვთისმეტყველი. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.
ადამიანის შინაგანი კულტურა აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულ ქცევაში. თუმცა არცთუ იშვიათად დახვეწილ ქცევას, განათლებას, ეტიკეტის ცოდნას, გარეგნულ ბრწყინვალებასა და მოჩვენებით გულითადობას იყენებენ შინაგანი სიცარიელის, შურის, ზიზღისა და ცინიზმის დასაფარავად; მაგრამ "არა არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს" (მათე 10,26).
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7,15). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: "მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა".
"მე ვარ უფალი - მკურნალი შენი" (გამოსვლათა 15,26), - ბრძანებს შემოქმედი და წინასწარმეტყველი იერემიას საშუალებით გვამცნობს: "აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნება და განკურნნე იგინი, და ვყო მათთვს მშვიდობა და სარწმუნოება".
მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევითი სხვადასხვაობისაგან თავის არიდებასა და მის სანაცვლოდ ოპტიმალური და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც მედლებისა და ჯილდოების დამსახურება, გამოფენების დათვალიერება, ბიბლიოთეკებსა და კაფეებში სიარული... კულტურა არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად, ზრუნვა მომავლისათვის, ახალგაზრდებისა და საერთოდ ადამიანისათვის ღვთივმინიჭებული უნარისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის, მოყვასში და საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალისა და მრავალმხრივი ტალანტის აღმოჩენისა და გამომზეურებისთვის.
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად ძალუძს, დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას, ანდა გვასწავლოს მაინც როგორ მოვიშუშოთ იგი.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სათქმელი რა ფორმით მივა მსმენელამდე.
ბერტოლ ბრეჰტი "მკითხველთან ჭკვიანური საუბრის ხელოვნებას" განასხვავებდა "რიტორიკული დიდაქტიკისაგან". "ჭკვიანური საუბრის ხელოვნება" მკითხველს აძლევს თავისუფლებას, ავტორთან ერთად იმსჯელოს, მრავალ საკითხში არც დაეთანხმოს მას; აღძრავს მოქმედების სურვილს. "რიტორიკული დიდაქტიზმი" კი მკითხველს ავტორის მონად აქცევს და აიძულებს, მუდამ ეთანხმებოდეს მის აზრს. "ჩემს თეატრში, - წერს ბრეჰტი, - მაყურებელს მონარქად ვაქცევ, მაგრამ მოჩვენებითად კი არა, არამედ ნამდვილ საზოგადოებრივ მოღვაწედ და მოაზროვნედ. ჩემი თეატრი მშრომელი ხალხისთვის იქცევა ლაბორატორიად... და მე ვიმოქმედებ კლასიკოსთა მოწოდებისამებრ: "გარდაქმენი სამყარო, სამყარო ამას მოითხოვს" (ფილოსოფიის საკითხები, №12, გვ. 5, მ. 1984).
კაცობრიობის კულტურის ისტორია გრძელი ჯაჭვის სახით წარმოგვიდგება, რომლის ყოველი ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული წინა და მომდევნო რგოლებთან. მემკვიდრეობა და ურთიერთ გავლენა არის მთავარი ბიძგის მიმცემი კულტურის განვითარებისათვის.
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომლის მსგავსს არ იცნობდა წინარე ქრისტიანული მსოფლიო.
ასე რომ, კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.
ჩვენი მიზანი არ არის კულტურის კანონებზე წერა, უბრალოდ გვსურს მეტი სერიოზულობით დავუფიქრდეთ ამ პრობლემას და მისდამი ჩვენს დამოკიდებულებას.
კულტურის საკითხთან დაკავშირებით უნდა შევეხოთ დროის პრობლემასაც. დროს ჩვენ ხშირად არ ვუფრთხილდებით, ანდა ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. სად არის საზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის? ფსიქოლოგებმა იციან, რომ აწმყო დრო შეიძლება გასცილდეს დღის, თვისა და თვით ათეული წლების ფარგლებს. თუ მწერალს ან რომელიმე საზოგადო მოღვაწეს ვკითხავთ თქვენ ახლა რაზე ფიქრობთო? იგი არ გიპასუხებთ: ახლა ვცდილობ, პასუხი გავცე თქვენს შეკითხვასო; რადგან ის, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, აზროვნებს არა წამებითა და წუთებით, არამედ დროის გაცილებით დიდი მონაკვეთებით.
"ჩვენი მხოლოდ აწმყოა", - ასეთი პრინციპი წამოაყენა სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ, არისტიპემ.
დიახ, აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. მუდამ უნდა გვახსოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელვარების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისაგან, წმინდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შემცოდეთ, შეარიგებ დამდურებულთ, ჭეშმარიტების გზაზე დააყენებ შეცდომილთ - ყველა ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია და დიდი ხნის მანძილზე ასაზრდოებს სულს.
დროის ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვფიქრობთ სამყაროს ბედზე, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე.
"დასავლეთი არის დასავლეთი, აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი და ადგილიდან მათ ვერ დაძრავ", - წერდა XIX საუკუნეში ცნობილი მწერალი კიპლინგი. მას აღმოსავლეთი და დასავლეთი მიაჩნდა განსაკუთრებულ, დროითა და სივრცით დაყოფილ ცივილიზაციებად, რომლებიც ვითარდებიან არა მარტო დამოუკიდებლად, არამედ განსხვავებული კანონებითაც.
თანამედროვე ყოფამ მეტად დააახლოვა მიწიერი ყველა ცივილიზაცია, მაგრამ სხვაობა აზროვნებასა და შეხედულებებში კვლავ დარჩა. განსხვავებულია ადამიანთა ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში: ზოგი გარკვეულ წინააღმდეგობებთან შეჯახების შემდეგ იკრებს ძალას და ცდილობს, გამოასწოროს მისთვის არახელსაყრელი მდგომარეობა. სხვა კი შედარებით იოლად ეგუება მას, სამაგიეროდ თვითონ იცვლის ქცევას და მიზანს. მესამე არჩევს, განერიდოს არასასურველ ვითარებას.
ეკლესიის მთავარი მოვალეობა და დანიშნულებაა ხალხისა და ქვეყნისთვის მსხვერპლად შეწირული სამსახური, მსახურება აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც, საერთოდ ყველასთვის, მსახურება მშვიდობისა და სიყვარულისთვის. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "მშვიდობა თუ არის, იქნება სიყვარულიც და პირიქით, სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობა ისადგურებს". (იოანე ოქროპირი, ტ. II, გვ. 216).
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმიდა მოვალეობაა.
აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, ვინც იღვწის ქვეყნად ღვთივკურთხეული მშვიდობის შენარჩუნებისათვის, სახელმწიფოთა და ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განმტკიცებისათვის.
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსნელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტეს და მის გზას მიჰყვება, ვისაც ყოველთვის ესმის ხმა ღვთისა, ესმის და გრძნობს ხალხის მწუხარებას.
სიხარული მოგვეახლა, მორწმუნენო, ღვთაებრივი მადლის სიუხვისა, "რამეთუ - (ღმერთმა!) კეთილსა კაცსა წინაშე პირსა მისსა მისცა სიბრძნე, და მეცნიერება, და სიხარული" (ეკლესიასტე 2, 26), - გვასწავლის ბრძენი ეკლესიასტე.
სიხარული, სიყვარული და ღვთის დიდება არ მოგკლებოდეთ აწ და მარადის.
ყოველ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას. "სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სად არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (I კორინთელთა 15,55).
გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.

ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ   ა ღ დ გ ა   ქ რ ი ს ტ ე !


ქრისტესმიერი სიყვარულით.
აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1986 წ. მოვედით ყოველნო მორწმუნენო

image
image თემა: კულტურა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2003

საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის.

"შობამან შენმან, ქრისტე მაცხოვარ, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა..."
"დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო, აღსრულდა! ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16).

საქართველოს სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

ქვეყანას მოევლინა ლოგოსი – ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: "ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად – ღვთის საყდრად, რამეთუ მასზე გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზენაესი ღვთაება; და შეიმოსა ხორცით უფალი, რათა მის მიერ მოგვნიჭებოდა ხსნა."
წმიდა იოანე მახარებელი კი ბრძანებს: "მის თანა ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1, 4-5).
ეს ნათელი მარად იბრწყინებს, რადგან იგია დაუსაბამო სიყვარული, უნაპირო, ყოვლისმომცველი, მიუწვდომელი და მაცხოვნებელი; და ეფინება იგი ჩვენს ძალმომრეობითა და შიშით, სიძულვილითა და მონობით, შურითა და ბოროტებით სავსე ყოფას და ამ ჭუჭყისგან ათავისუფლებს ყველას, ვინც უფალს მიანდობს თავის გულს – თავის "დიდ გონებას" (ასე უწოდებდა გულს დიდი ფიზიოლოგი პავლოვი). 2000 წელია კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა ამ საოცარ მადლთან ზიარებისა და განწმენდისა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს ღვთის ამ უჩვეულო წყალობის მნიშვნელობას და იწყებს სვლას ზეცად აღმყვანებელ კიბეზე.
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთ სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შეწევნით აუცილებლად განვთავისუფლდებით.
ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანლად მძიმე და დამთრგუნველი.
მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ეს არ არის ადვილი, მითუმეტეს დღეს, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები. სულიერ კრიზისს თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური კრიზისი.
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტობრივად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ.
მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
დადგა დრო, როდესაც თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემების საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური გადაწყვეტა სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიქნა. ამ მხრივ ჩვენს ეკლესიაში პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, სასულიერო და საერო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებს შორის იმედის მომცემია და, ვფიქრობთ, კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ მეგობრულ ხელს ვუწვდით ჩვენს ინტელიგენციას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საზრუნავი კი მრავლადაა.
მსოფლიოს გლობალური კომპიუტერიზაციის პროცესის ფონეზე ინეტრნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებანი ხშირად ავრცელებენ ნეგატიურ დამთრგუნველ ინფორმაციებს, თესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი, არყევენ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრების სულიერ საფუძვლებსა და აღვიძებენ მდაბალ ინსტინქტებს. შედეგიც სახეზეა, - თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას, გარკვეულწილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასკოლო პროგრამებში ნატურალიზმამდე დასული სექსუალური აღზრდის კურსის შეტანაც მოისურვეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს სულიერი აღქმა მოვლენებისა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ სათანადო პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს: პირველ რიგში უნდა დავიცვათ ადამიანის სული, მისი ფსიქიკა და შინაგანი ბუნება.
არ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ; ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.
რჩება ერთი გამოსავალი: უნდა შევძლოთ ახალგაზრდებში ყოველივე ნეგატიურისა და უზნეობისადმი იმუნიტეტის გამომუშავება და მათთვის მყარი მორალური საფუძვლის შექმნა. ადრეც არაერთგზის მითქვამს, რომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის. ვფიქრობ, ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რადგან, პროცესები თუ ასე განვითარდა, საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახსა და სახელმწიფოს ემუქრება.
მიგვაჩნია, რომ უწინარესად უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის სიუჟეტების მქონე ფილმების ჩვენება, ამასთან არ უნდა დავუშვათ სექსუალური აღზრდის შესახებ ცალკე საგნის სწავლება; ამ მხრივ ბავშვებს ეთიკური ნორმების დაცვით სათანადო ცოდნა შეიძლება მიეცეს ანატომიისა და ზოგადი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
განა არ არის დრო სერიოზულად დაფიქრდეს ხელისუფლებაც, ეკლესიაცა და ინტელიგენციაც ქვეყანაში დანაშაულებებისა და თვითმკვლელობათა რიცხვის კატასტროფული ზრდის მიზეზებზე? ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ერის მომავალზე. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება უნდა იქცეს ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობის საფუძვლად, უნდა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალიზება ცხოვრებაში, თუკი გვსურს ავაშენოთ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, ზნეობრივი საფუძვლებით.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენებისა, პესიმიზმი არ უნდა დაგვეუფლოს. პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება; მთავარია, ჩვენ შევძლოთ მათი გადალახვა. "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად", - ამბობდნენ ძველი რომაელები. წარსული და მომავალი აწმყოშია, ეს დღე ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია ეს ძნელად სავალი გზა, რომელიც ერთად უნდა განვვლოთ. არ უნდა ვაიდეალებდეთ წარსულს და არც შიშით უნდა შევყურებდეთ მომავალს. საქართველო ბევრჯერ მდგარა სრული დანგრევისა და განადგურების საფრთხის წინაშე, მაგრამ ღვთით აღვმდგარვართ და გავძლიერებულვართ. მთავარია, უფლის მოწყალება და მისი მფარველობა კვლავაც დავიმსახუროთ.
უკეთუ ჩვენში ქრისტე იქნება და ჩვენს წარსულსა და მომავალს იგი აღავსებს, ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის არსს და იმასაც, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე მოციქული: "... გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორება, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი – ყოველივე თქუენი არს. ხოლო თქუენ – ქრისტესნი, ხოლო ქრისტე – ღმრთისა" (Iკორ. 3,22-23). ასეთი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დაუცხრომელი ძიებით, ტანჯვით, სულიერი და ფიზიკური შრომით მიიღწევა. დიახ, მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
ჩვენი ცხოვრება მრავალ უმნიშვნელოვანეს მხარეს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთობის საკითხი. თანამედროვე კაცი იმითაცაა განსხვავებული, რომ ზედმეტად თვითდაჯერებულია, არ ერიდება სიცრუეს, შეურაცხყოფას და, ამავე დროს, მკაცრია სხვათა მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვართ მომსწრენი იმისა, თუ არგუმენტირებული საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად თავის აზრს ჯიუტად როგორ ამტკიცებს ესა თუ ის პიროვნება და მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მქადაგებლად. ბოროტი სულის მიერ შეპყრობილი და ამპარტავნების ცოდვით მოცული ასეთი ადამიანი უარყოფს სხვათა ყველა მოსაზრებას და მტრობისა და შეურიგებლობის ცოდვაში ეფლობა. ასეთს უფალი ტოვებს და განერიდება, რადგან სძაგს ულმობელი გული.
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, მას წილი არა აქვს ღმერთთან. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6,14-15). ერისკაცს და მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს, მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.
იყო ასეთი შემთხვევა: III საუკუნეში ანტიოქიაში ორი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა – მღვდელი საპრიკიოსი და ერისკაცი ნიკიფორე, რომლებიც ერთმანეთთან დიდად მეგობრობდნენ; ასე რომ, ხალხს ისინი ძმებად მიაჩნდა. გავიდა ხანი და სატანის ცდუნებით მათ შორის ურთიერთობა დაირღვა და ძველი სიყვარული მალე მტრობამ შეცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ ნიკიფორემ შეინანა თავისი მოქმედება და შენდობა სთხოვა საპრიკიოსს, მაგრამ მღვდელმა არ შეუნდო იგი და მასზე კვლავ გულძვირად დარჩა. ამ დროს რომის იმპერატორებმა ვალერიანემ (245-259 წ.წ.) და გალიენმა (260-268 წ.წ.) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს. ანტიოქიაში სასამართლოში ერთ-ერთი პირველთაგანი მღვდელი საპრიკიოსი მიიყვანეს, რომელსაც, რადგან თავი ქრისტიანად მტკიცედ აღიარა, სიკვდილი მიუსაჯეს. როდესაც საპრიკიოსი განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნიკიფორე კვლავ ცრემლით სთხოვდა შენდობას და ეუბნებოდა: შენ მალე წმიდა მოწამე გახდები, უფლის გვირგვინს მიიღებ და გევედრები, ნუ დამტოვებ პატიების გარეშეო; მღვდელმა გული გაიქვავა და თხოვნა არ შეიწყნარა. აი, ამ დროს, მოწამეობრივ აღსასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას ღვთის მადლი უცებ განეშორა და გაქრა მისი სიმტკიცეც; უფლისადმი ერთგულების გრძნობა სიკვდილის შიშმა შეცვალა; მან უარყო ქრისტე და მსხვერპლი შესწირა კერპებს.
ნიკიფორე კი, რომელმაც ყოველივე იხილა, აღივსო მადლით და უშიშრად შესძახა ჯალათებს: "მე ვარ ქრისტიანი, მე მომკალითო". მის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს მმართველს და მანაც ბრძანა, რომ საპრიკიოსის ნაცვლად ნიკიფორე ეწამებინათ.
მოყვასისადმი მიუტევებლობის გამო საპრიკიოსის სული ჯოჯოხეთის სიბნელეში დაინთქა, წმიდა ნიკიფორეს ხსენებას კი ძველი სტილით 9 თებერვალს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მიანიჭებს მადლს". ეს მაგალითი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, როცა ირგვლივ მტრობა და სიძულვილია გაბატონებული.
მაშ, ისწრაფეთ შერიგებისა და ერთსულოვნებისაკენ, ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, ისწავლეთ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების დანახვა და სინანული, და თქვენი ცხოვრება სწორი გზით წარიმართება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "უფალი არასოდეს უარყოფს წრფელ სინანულს სათნოების გზაზე დაბრუნების მსურველი, თუნდაც უკიდურეს ბიწიერებამდე დაცემული ადამიანისა. ღმერთი ზურგს არ აქცევს ასეთ ცოდვილს, პირიქით, იახლოვებს მას და ყოველივეს იქმს, რათა მას თავდაპირველი პატივი დაუბრუნოს და უმეტესიც მიაგოს".
აქვე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ღვთისმსახურთა შესახებაც. სასულიერო პირი, ვიდრე მას აქვს უფლება მღვდელმოქმედების აღსრულებისა, ღვთაებრივი მადლის და ძალის მატარებელია. მას შეუძლია აკურთხოს და შეუძლია, აგრეთვე, დასაჯოს ადამიანი; შეუძლია შეუნდოს ცოდვები, შეუძლია არც შეუნდოს; ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სინანულით მიდის მასთან ესა თუ ის პიროვნება. ამის უფლება იესო ქრისტემ მოციქულებს მიანიჭა და იგი მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელთდასხმით თაობიდან თაობას გადაეცემა. რაც შეეხება მოძღვრის პირადულ ცოდვებს, ისინი მღვდლობის მადლს ჩრდილს ვერ მიაყენებენ; თუმცა ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე პასუხი უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს.
დიახ, მოძღვარი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელია და ამიტომაც არ შეიძლება იხუმრო მღვდელმსახურზე, დაამცირო, ან განიკითხო იგი და, მით უფრო, დასცინო მას, რადგან შენ ამით შეურაცხყოფ არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იმ მადლს, რომელიც ღვთის ნებით მასზე არის გარდამოსული. მოვიყვან მაგალითს ეპისკოპოს გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებიდან. ერთხელ ამ მღვდელმთავარს შემოხვდა სამი ახალგაზრდა, რომელთაც მისი მოტყუება განიზრახეს. ერთ-ერთი მათგანი მიწაზე დაწვა და მიცვალებულივით ხელები გულზე დაიკრიფა, დანარჩენებმა კი მწუხარე სახეები მიიღეს. როდესაც ეპისკოპოსი მათთან მივიდა, ფულისა და მიცვალებულისათვის რაიმე გადასაფერებლის მიცემა სთხოვეს. ეპისკოპოსმა მისცა თავისი ზედა სამოსი და თანხაც. როცა უგუნურმა ახალგაზრდებმა ეპისკოპოსი გააცილეს, დასცინეს: მასში რომ უფლის სული ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ მის წინაშე ცოცხალი ადამიანი იწვაო. თავისი ხუმრობით ნასიამოვნებმა ყმაწვილებმა მწოლიარე მეგობარს მოუწოდეს, რომ ამდგარიყო, მაგრამ იგი არ გაინძრა. იფიქრეს, ალბათ, ჩაეძინაო და შეანჯღრიეს, თუმცა ამაოდ – იგი მართლაც გარდაცვლილიყო. ასეთი იყო სასჯელი ღვთისა და მათ სიცილი ტირილად შეეცვალათ.
სულიერი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მადლმოსილი. ცნობილი ათონელი მოღვაწე, ღირსი სილუანე გვარიგებს: "თუ გინდა, რომ გქონდეს სიმშვიდე, ყველა უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი და ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისათვის. როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფის... მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა."
სხვაგან იგივე ღირსი მამა გვმოძღვრავს: "გახსოვდეს ორი აზრი და ერიდე მათ. ერთი ამბობს: შენ წმიდა ხარ; მეორე – შენ ვერ ცხონდები. ორივე აზრი ბოროტისგანაა და მათში არაა ჭეშმარიტება. ხოლო შენ ასე იფიქრე: "მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალე და კაცთმოყვარეა და გულწრფელი მონანიებით მომიტევებს ჩემს ცოდვებს."
სასოებით ვისმენთ დღეს ანგელოზთა საშობაო საგალობელს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით თავს არავის ახვევს. უფალი ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს; ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითა და ნებისყოფით გვრთავს ჩვენი გამოხსნის პროცესში. ეს არჩევანი არ არის ადამიანის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაზღვრელი, იგია არჩევანი მარადიულ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
სამწუხაროდ, მრავალნი ნათელში ყოფნას ბნელში ჯდომას ამჯობინებენ და ზურგს აქცევენ უფალს; ზოგიერთნი კი საერთოდ ღვთისმბრძოლნი ხდებიან.
ჩვენმა ერმაც გადაიტანა ღვთისმბრძოლობის პერიოდი, სულიერი გამოფიტვისა და შიმშილის ჟამი. წლების მანძილზე უფლის ნათელს მოკლებული გონება შეურიგებლად ებრძოდა შემოქმედს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, "ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა". ბევრი მიხვდა, რომ ჭეშმარიტ რწმენას მოკლებული რაციონალიზმი დამღუპველია როგორც ცალკეული პიროვნების, ისე კაცობრიობისათვისაც; რომ ქრისტეს გარეშე ადამიანები უფსკრულისაკენ მიექანებიან და ამიტომაც სწორად ცხოვრება გვსურს, თუ გვსურს ბედნიერება ჩვენი ხალხისა და ქვეყნისა, "ნათელი მეცნიერებისა" უნდა დაემკვიდროს ყველგან: მთავრობაში, ინტელიგენციაში, სასწავლო დაწესებულებებსა და ჯარში, გლეხობასა და უბრალო მშრომელებში.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ათეისტური ხელისუფლების პერიოდშიც მრავალმა მეცნიერმა და ინტელიგენციის სახელოვანმა წარმომადგენელმა გაუძლო მძიმე წნეხს. მათ არა მარტო თავად შეინარჩუნეს რწმენა, არამედ რაღაც გზებით ფარულად გადასცეს იგი თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. უფალმა აკურთხოს ისინი; მე კი მადლიერებით ვხრი თავს მათ წინაშე.
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონაზვნო დასნო, ყოველნო ღვთივკურთხეულნო მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო, მშობლიური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრნო, - ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ და მაცხოვნებელ დღესასწაულს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "უფალმა თვისი განხორციელებით ორი დიდი სიკეთე მოიტანა: ღვთაებრივი ბუნება კაცობრივ ბუნებას შეუერთა, რათა კაცი განეღმრთო და ადამიანში საიდუმლო მადლით ყოვლადწმიდა სამება დაემკვიდრებინა".
დაე, ახალი წელი ყველა ჩვენგანისათვის ღვთის დიდების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის, საქართველოს გაერთიანების, თანხმობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ იყოთ სიხარულის მიმნიჭებელნი ერთმანეთისათვის და ცათა შინაც მარადიული სიხარული მოგეპოვებინოთ.
იმედით შეხვდით მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი ეგოიზმი და ვნებები, რადგან ბოროტს ძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე ძლია საკუთარ თავს.
ღმერთს ებარებოდეთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2002-2003. საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას


მღვიძარების შესახებ

დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ყოველი ბოროტი გულისსიტყვა მრისხანებითა და მხურვალე ლოცვით განვაგდოთ ჩვენგან; ხოლო თუ ცრემლსაც დავღვრით, დიდ სარგებელს ვნახავთ, რადგან ცრემლები სულს განწმენდს და თოვლზე მეტად განასპეტაკებს. მამაცურად მოვემზადოთ, რადგან ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მოკავშირე არასოდეს გახდება და არც თავდასხმებს შეამცირებს. ამიტომ ვიფხიზლოთ, რული ნუ მოგვერევა, რადგან ჩვენს საუკუნო ცხოვრებას საფრთხე ემუქრება. თუ გამარჯვებას დავკარგავთ, მაშინ ჩვენს სულებს დავკარგავთ, საუკუნო განსვენებასა და უფლისმიერ სიხარულს დავკარგავთ და ჩვენს თავს მივუსჯით მეორე სიკვდილს – საუკუნო განშორებას უფალთან. ნუ იყოფინ.
მღვიძარებასთან ერთად გულისსიტყვების მიმართ სიფხიზლე გამოვიჩინოთ, რადგან მათგან იწყება დაცემა. ასე რომ, ამ დასაწყისს – გულისსიტყვებს, მხნედ შევებრძოლოთ და ჩვენი უდებების გამო გაძლიერების საშუალება არ მივცეთ, არამედ მოსვლისთანავე მოვიშოროთ წარმოსახვა და მრისხანედ ავიღოთ ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღვთისა, ანუ „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ტკბილ იესოს ვუხმობთ, ის მაშინვე მოდის ჩვენს დასახმარებლად, ეშმაკები კი მეყსეულად გვშორდებიან. ოღონდაც უდებებით ნუ ვილოცებთ, არამედ მხურვალე სულით (რომ. 12, 11), გულის სიღრმიდან შევღაღადოთ: „მოძღვარო, მიხსენი, ვიღუპები“ (ლუკ. 8, 24) . მცირე შრომა დაგვჭირდება, თუკი ბრძოლას თავიდანვე შევუდგებით, ხოლო თუ გულისსიტყვებს მივუშვებთ და მომძლავრდებიან, მაშინ ბრძოლა გაძნელდება, ბევრჯერ დავმარცხდებით და დავიჭრებით, მაგრამ როცა წამოვდგებით და უფალს მოვუხმობთ, კეთილი საჭეთმპყრობელი იესო ისევ მოვა და ჩვენს ხომალდს წყნარი და მშვიდი ნავსაყუდელისკენ მიმართავს.
გულისსიტყვებზეა დამოკიდებული, უსარგებლოები და ბიწიერები ვიქნებით, თუ წინსვლა გვექნება და უკეთესები გავხდებით. ამიტომ ჩვენს გულს მამაცი გუშაგი – გონება, ანუ ყურადღება – დავუყენოთ მცველად და ის სიმხნევით, ლოცვით, მდუმარებითა და თავისბრალობით იქნება აღჭურვილი. თუ ასე ვიღვაწებთ, შედეგად ტკბილ მშვიდობას, სიხარულს, სიწმინდეს, სულიერ სიბრძნისმოყვარეობას და ლოცვას მივიღებთ, რომელიც სურნელოვანი საკმეველივით კეთილსურნელებით აავსებს ღვთის ტაძარს – შინაგან ადამიანს. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის?“ (1 კორ. 3, 16) ამას იმიტომ გწერთ, რომ თქვენი სულები მღვიძარებისთვის გამოვაფხიზლო, უფლისმიერი შინაგანი მშვიდობა იპოვოთ და გაიხაროთ. ამინ. იყავნ.

2. ჩვენი ძალის შესაბამისად ვიღვაწოთ ხორციელი მარხვით. რაც შეეხება გრძნობების მარხვით მოზღუდვას, ანუ გრძნობებით, გონებითა და გულით მარხვას, მაშინ მთელი ძალით უნდა შევებრძოლოთ ჩვენი სულების მტერს. შვილო, გრძნობის ორგანოები – საცნობელნი დაიცავი, განსაკუთრებით კი თვალი. ის რვაფეხას საცეცებივით ყველაფერს იჭერს, რაც მის წინ მოძრაობს, ყველაზე ადვილად კი ცოდვის ნანადირევს მიიტაცებს. თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა. დავითმა თვალის გაუფრთხილებლობის გამო მკვლელობა და მრუშობა ჩაიდინა მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, მადლითა და წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული.
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით, გონებას – მმართველს, „უსირცხვილო ფრინველს“, – როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვასის ქმედებათა საიდუმლოებებში იჭრება. ის საძაგელი მხატვარია, როცა სიბილწეებს გამოსახავს. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).

3. განუწყვეტლივ იფხიზლეთ გონების დასაცავად, რადგან უკვდავი სულის სიცოცხლე და სიკვდილი იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა გულმოდგინება.
ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების წმინდა მიზანს მივაღწევთ.
სულიერი მღვიძარების ძირითადი მნიშვნელობა შემდეგია: წმინდად დავიცვათ გონება ვნებიანი წარმოდგენებისგან, მტრის ყოველ თავდასხმას კი წინ აღვუდგეთ შეპასუხებითა და იესოს წმინდა სახელით.
მღვიძარების გარეშე სულისა და სხეულის სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად, ვერც ღმერთს ვიხილავთ გონებისა და გულის გრძნობით.
თუ უფალი ადამიანის სულს არ მოიხილავს, ის ცოდვის წყვდიადში დარჩება. მაგრამ თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნობთ და მივუახლოვდებით ღმერთს.
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით.
მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მის მოსაგერიებლად ყველა ძალა ვიხმაროთ, რომ შინაგანი განწმენდისთვის ჯილდო მოვიპოვოთ და ღვაწლისდამდებელმა ქრისტე ღმერთმა გვირგვინით შეგვამკოს. ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღვთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.
მაშ, გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყავნ.

4. ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მორჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა, – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმობაზე წასვლის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია. მუდამ ისე ვიბრძოდი, რომ ფრონტის ხაზი გულისსიტყვის თავდასხმაზე გადიოდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ ეშმაკისთვის წინ წასვლის საშუალება არასოდეს მიმიცია. ამ უწყვეტი ბრძოლისთვის ღმერთმა, ჩემი უღირსების მიუხედავად, ისეთი კურთხევა და მადლი მომცა, რომ ეშმაკებს ეშინიათ და ადამიანებისგან განიდევნებიან".
დაფიქრდით: ეს მამა განსაცდელს კარს მიღმა, დაკაკუნებისთანავე აღკვეთდა, კარს საერთოდ არ უღებდა. რატომ? რა ჰქონდა შიგნით, რითაც წინ აღუდგებოდა? [ღვთის, მარადიული ნეტარების, სიკვდილის, საუკუნო სატანჯველის და ა. შ.] წმინდა ხსენება; ამით იყო დაკავებული მისი გონება. ბოროტი გარედან უკაკუნებდა, რომ შიგნით შეეღწია, მაგრამ მისთვის, მისი ბოროტი აზრებისთვის იქ ადგილი არ არსებობდა, ბერი ეშმაკს ღვთის ხსენებით აჩერებდა. ამ მუდმივმა გამარჯვებებმა წმინდანს მადლი მიანიჭა, რის გამოც ეშმაკებს მისი ეშინოდათ და ადამიანებს განეშორებოდნენ.
ქების ღირსია ის ადამიანი, ვინც ღვთის მადლით მიაღწია იმას, რომ ეშმაკს თავდასხმისთანავე აჩერებს.
არ არსებობს არც ერთი მოკვდავი, არც ერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღვთის შემეცნებისგან შორს არიან, მაშინ მტერი შიგნით აღწევს და იმარჯვებს.
სულიერი ადამიანები იღვწიან, რომ მტერს არც კარი გაუხსნან, არც ფანჯარა, პატარა ჭუჭრუტანაც კი არ დარჩეთ ღია.
საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით, საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე სცოდოს ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ცოდვის საქმით ჩადენას კი ხშირად ეშლება ხელი – ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მრავალი ხელშემწყობი პირობაა საჭირო, მეორე მხრივ – სირცხვილის გამო. ამის საპირისპიროდ, შინაგან, გონებით ცოდვას შეუძლია დაარწმუნოს ადამიანი შინაგანად ჩაიდინოს დანაშაული ისე, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს.
შინაგანი ცოდვა უხილავია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი.
და თუ ადამიანების არ გვეშინია და არ გვრცხვენია, რადგან ცოდვა მათთვის დაფარულია, ღვთის მაინც უნდა გვეშინოდეს, რადგან გონებით ჩადენილი ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე აღესრულება.
ბევრი ადამიანი მოტყუებული რჩება. ამის ძირი ქედმაღლობაა, ის აკეთებს ყველაზე ცუდ საქმეს.
ღალატი ჯერ შინაგანად ხდება, შემდეგ კი გამოვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების მეშვეობით და გარეგნულ ცოდვად იქცევა.
მაშასადამე, როგორც ვთქვით, საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. შინაგანი მცველი, გუშაგი უნდა გვყავდეს, რომელიც შიგნით შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს გააკონტროლებს, ვინაობას შეუმოწმებს, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და სამოქალაქო ომი არ გამოიწვიონ.
სულიერი თვალი ძალიან სუფთა და მახვილი უნდა იყოს, მტერი შორიდანვე რომ დაინახოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
როგორი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! ყოველ ვნებას თავისი გულისსიტყვები მოაქვს. თუ სულს გამჭრიახი თვალი აქვს, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგება წინ და როგორც კი რომელიმე ამხედრებული ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემზადება, გუშაგებს აყენებს, მიწაყრილებს თხრის და მზადაა ამ ვნების თავდასხმის მოსაგერიებლად.
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობას, რაც გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.
ამ დატყვევებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ამტკიცებენ: „არ შემიძლია ამ დროს წინააღმდეგობის გაწევა და რაიმეს გაკეთება“. ამაზე პასუხი ეს არის: უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამავდეს, რადგან თუ დაგვგესლა, საერთოდ დავკარგავთ მოქმედების უნარს.
როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიტყვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხომალდი ბევრჯერ ჩაძირულა და სიამოვნებისმოყვარე წარმოდგენისგან არაერთგზის დაჭრილა, კვლავ დაბრუნებული სატანა მსგავს წარმოდგენებს მათ გონებაში წარმოაჩენს და ადამიანი მაშინვე ტყვევდება. ამიტომ, ვნებები და წარმოდგენები რომ არ გამყარდეს და მომძლავრდეს, მონაზონი დათმობაზე არ უნდა წავიდეს.

5. სულის თვალი ფართოდ გაახილე. დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის (განსაკუთრებით თვალები), ისე სულის (კერძოდ, გონება – გაფანტვისგან), რადგან ამ საცნობელთა მეშვეობით შემოდის სულში სულიერ დაავადებათა ყველა შხამიანი მიკრობი. ამგვარად, დაუდევარი ქრისტიანი დროთა განმავლობაში მრავალი სნეულებით ავადდება და კარგავს თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ ჯანმრთელობას.

6. კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც, რაც შენს სულს თოვლზე უსპეტაკესს და ღრუბელზე უმსუბუქესს გახდის.
შვილო, როცა მდუმარებ და ყურადღებით ამბობ ლოცვას, ანუ როცა გონება ლოცვისკენაა მიპყრობილი და სხვა არაფერზე ფიქრობს, მაშინ ის თანდათან იესოს სიტკბოებას მიუახლოვდება. ამისთვის დიდად დაგეხმარება გამუდმებით თავის დამდაბლება. ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.

7. ფრთხილად იყავი, შვილო, წარმოდგენებთან და ცოდვიან ფიქრებთან. ყველაფერი გულისსიტყვაზეა დამოკიდებული. მცველი დაუყენე შენს გონებას, რომ მის წარმოსახვით ნაწილში უზნეო სურათებმა ვერ შეაღწიოს, რადგან მაშინვე ჩნდება საფრთხე, რომ სულმა სცოდოს და დაამწუხროს ის, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა ოდესღაც სამარცხვინო, ახლა კი პატიოსანი ჯვრის ძელზე.
იოლად ხდება სულიერი მრუშობა. როცა ჩვენ შიგნით შემოსულ ბილწ გულისსიტყვებსა და მათ მსგავს წარმოდგენებს გაბატონების უფლებას ვაძლევთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მრუშობა.
დაიცავი თვალი, შვილო, თუ გსურს სიძვის ეშმაკი დაამარცხო. არანაკლებ სახიფათოა უმსგავსო სურათებისა და ჟურნალ-გაზეთების თვალიერება.

8. ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც სიხარულით იმკვიდრებს ღმერთი, მისივე ხელით ნატიფად შექმნილი ჩვენი არსება, ჩვენი სულია, თუ ის წმინდაა.
გულის სიწმინდე გონების ბოროტი აზრებისგან გათავისუფლებით მიიღწევა. სწორედ მათგან იღებს სათავეს ის ბოროტი და ვნებიანი გრძნობები, რომლებიც სხეულს ვნებით აღაგზნებს. შესაბამისად, სულიც და ხორციც იბილწება და გარკვეულწილად იკარგება ორივეს სიწმინდე და უბიწოება.
თავდაპირველი ბოროტი და ვნებიანი აზრი, უწინარეს ყოვლისა კი მისი ვნებიანი წარმოდგენა, ყოველგვარი ცოდვის სათავეა. შეუძლებელია რაიმე ცოდვის საქმით ჩადენა, თუ მას ბოროტი აზრი არ უსწრებს წინ წარმოსახვის სახით.
მაშასადამე, იმისთვის, რომ უდიდეს სიკეთეს – სიწმინდეს მივაღწიოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საჭიროა განვიწმინდოთ გონება ცოდვიანი წარმოდგენებისა და ფიქრებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სიწმინდეს მყარი საფუძველი.
თუ შინაგან გულისსიტყვებზე ზრუნვის გარეშე გვსურს აღვკვეთოთ ბოროტი ქცევა, ამაოდ ვშრომობთ. როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.

9. რა სარგებელი გვექნება, თუ დღედაღამ ფიზიკურ შრომასა და ჯაფაში ვიქნებით, შინაგანად კი იმ ფესვების ამოძირკვაზე არ ვიზრუნებთ, საიდანაც ყოველგვარი ბოროტება აღმოცენდება?!
აუცილებელია მღვიძარება და უწყვეტი ლოცვა, რომ ჩვენში დაბუდებული ბოროტებისგან გავთავისუფლდეთ და ის სულიერი სიკეთით შევცვალოთ.
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!
თავი აიძულეთ იესოს ლოცვისთვის. რატომ უნდა იხეტიალოს გონებამ აქეთიქით და არ მიემართებოდეს იესოსკენ, ვისთვისაც ყველაფერი დავტოვეთ და ყველაფერს ვითმენთ?!

10. შვილო, დაიცავი გონება ბოროტი აზრებისგან. ისინი მოსვლისთანავე იესო ქრისტეს ლოცვით განდევნე. როგორც ფუტკრები იფანტებიან, როცა მათ კვამლით ახრჩოლებენ, ასევე გვშორდება სულიწმიდა ბილწი გულისსიტყვების კვამლის სიმყრალის გამო. როგორც ფუტკრებს იზიდავს ნექტრით სავსე ყვავილები, ისე უახლოვდება სულიწმიდაც იმ გულსა და გონებას, რომლებიც სათნოებებისა და კეთილი აზრების ტკბილ ნექტარს გამოყოფენ.
გონებამ წარმოდგენების გარეშე უნდა მიაპყროს ყურადღება ლოცვის სიტყვებს, რომლებსაც ან თვითონ ამბობს, ან ბაგეები წარმოთქვამს. ყველა მეთოდის მიზანი, ეპიცენტრი არის ის, რომ წარმოსახვის გარეშე ვილოცოთ და ყურადღება გონებით ან ბაგეებით წარმოთქმული სიტყვებისკენ მივმართოთ.

11. გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის.
ყოვლისმომცველი ღვთისმოსაობა და მღვიძარება – ეს ყველაფერია. ეს ქრისტესმიერი ცხოვრების მქონე სულის ჭეშმარიტი ნიშან-თვისებაა. ამის გარეშე, ცალსახად, მხოლოდ ასკეტიზმით ადამიანი მცირე სარგებელს ნახულობს, ან გარშემომყოფთა ქებისა და საკუთარი გულისსიტყვებისგან გაამაყებული სრულიად იღუპება. ვისაც არ აქვს სიფხიზლე – ფასდაუდებელი, ყოვლისმომცველი სულიერი ნათელი – ამაოდ შრომობს. ამის გამო, როგორც წიგნებიდანაც ვიცით, მრავალი მეუდაბნოე ასკეტი დაიღუპა.
ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, მღვიძარება კი – ნაყოფს. „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7, 16). სწორედ ამ ნაყოფის გამოღება გვაქვს ნაბრძანები. ღმერთმა გაგვინათოს გონება, თუ როგორ ვიაროთ, რადგან შემცირდნენ ჭეშმარიტი წინამძღოლები და ყველა თავის გზას მიუყვება. დაე, ღმერთი გახდეს ყოველი ჩვენგანისთვის უცდომელი გზის მაჩვენებელი.

12. ჩემო შვილებო, როცა ჩვენი სულების მტერი, ეშმაკი, რაიმე სამწუხაროს მოგაგონებთ, შეეცადეთ მაშინვე მოიშოროთ გონებიდან, რადგან ყოველგვარ დაყოვნებას დამღუპველი შედეგი მოჰყვება.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით, ან უარესები გავხდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.

13. მოვიგერიოთ გულისსიტყვის თავდასხმა და გამოჩენისთანავე შევეწინააღმდეგოთ ცოდვას, რომელიც თითქოს უმნიშვნელო გულისსიტყვის სახით მოდის. ასე, ქრისტეს მადლით, თავს დავაღწევთ ძალზე მწარე და რთულ გამოცდილებას. თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს.

14. ხორციელ ბრძოლაში ადამიანი მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ მტერს ზურგს შეაქცევს, ანუ წარმოდგენებსა და გულისსიტყვებს გამოჩენისთანავე გაექცევა. ნუ გამოიძიებ წარმოდგენებს, ნურც საუბარს გაუბამ მათ! წარმოსახვა დიდი და საშინელი მახეა. რასაც ადამიანი თვალით და შეხებით თავს აარიდებს, იმას ძალზე ადვილად ახლოს მოუტანს წარმოსახვა.
იბრძოლე, რომ გონება სრულიად გაათავისუფლო ყველა ამქვეყნიური საგნისა და მოვლენის წარმოსახვისგან, რაც შენი მონასტრის გარეთ არის. მხოლოდ ერთმა ფიქრმა უნდა შეცვალოს ყველაფერი – ჩვენი სათაყვანებელი იესოს ხსოვნამ.
თუ შენს სენაკში რაიმე ნივთი ვინმეს გაგონებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, რომ ყველა საშუალებით თავიდან აიცილო ბრძოლის საბაბი.
ეცადე გონებიდან წაშალო შენი წარსული და როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს.
დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით.


საშობაო ეპისტოლე - 1997

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

"შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს
და გაჭირვებიდან იხსნა ისინი, და დააყენა ისინი
სწორ გზაზე" (ფს. 106,6-7).

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, საქართველოს სამოციქულო წმიდა ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, ჩვენთან არს ღმერთი!
"აჰა მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო და როგორც მწყემსი, დამწყსის თავის ფარას", - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (ესაია 40,10-11).
დასასრულს უახლოვდება მეორე ათასწლეული, - რთული და წინააღმდეგობებით სავსე დრო; დრო, როდესაც შეიძლება ბევრი რამ ადვილად შეიძინოს კაცმა და შეიძლება, ყველაფერი ერთბაშად დაკარგოს. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით თანაზიარნი სინათლის, მშვიდობის, სიხარულის და ნეტარებისა.
დღეს ყველანი დიდებული ზეიმის - ქრისტეს შობის მონაწილენი ვართ.
როგორც ვიცით, ძე ღვთისას ამქვეყნად მოვლინების პირველი მაუწყებელი იყო უჩვეულოდ ნათელი ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა ბრძენ მოგვებს აღმოსავლეთიდან ვიდრე ბეთლემის გამოქვაბულამდე.
საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2,14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონეს.
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად თავისი ნებით ამბობენ უარს მადლსა და ჭეშმარიტებაზე, რადგან ჩაფლულნი არიან ცოდვის ჭაობში და აღარ ძალუძთ იქიდან გამოსვლა.
ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი. როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება; გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი, ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე დავდგეთ და სწორად ვიცხოვროთ.
ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი "მე"-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყოფით, ვაღწევთ უმაღლეს სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს. სულიერი აღმასვლის ამ კიბეზე მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.
ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წერს: "სიყვარული ნიშნავს თვითუარყოფას, სხვისთვის მსხვერპლის გაღებას. ამასთან თვითუარმყოფელ პიროვნებაში ხდება უმაღლესი თვითდამკვიდრება. სიყვარულის ანუ თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ. ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება კი მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მიიღწევა. ასე რომ, როდესაც ვამბობთ: აბსოლუტური პირველსაწყისი არის ერთიანობა საკუთარი თავისა და საკუთარი ნების უარყოფისა, ამით უფრო გასაგები ენით ვიმეორებთ მოციქულის სიტყვებს - ღმერთი სიყვარული არს" (2,310). მაშასადამე, რაკი ეგოიზმის დამამარცხებელი ძალა მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია, ეგოიზმის დაძლევით მიიღწევა ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება.
აი, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს აღზრდა და განვითარება ჩვენი ხალხისა, ჩვენი ახალგაზრდობისა.
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულისა. ეს სიყვარული სარკის მსგავსად აისახება მატერიასა და ყოველ ცოცხალ ორგანიზმში და განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ადამიანში.
ადამიანურ სიყვარულთაგან უპირველესი არის სიყვარული ღვთისადმი, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და საერთოდ სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირეკლება და შედეგიც ასეთივე ექნება.
სიყვარული ღვთისა - ეს არის ცხოვრება ღმერთში და ღვთის არსებობა ჩვენში. ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიწევს ნაყოფს ჭეშმარიტი სიყვარულისას, როცა გახდება ღვთის მატარებელი, ღმერთშემოსილი. წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ღვთის სიყვარული ლოცვით მოიპოვება და შედეგია მისი. სიყვარული უფლისა არის სამოთხე, ხე სიცოცხლისა, მეუფება ღვთისა, იგია "ღვინო", რომელი ახარებს გულსა კაცისასა და ნეტარია, ვინც იგემებს მას. შესვეს იგი განლაღებულთ და დაირცხვინეს, იგემეს ცოდვილთ და დაუტევეს გზა წარწყმედისა, იხმიეს მემთვრალეთ და შეუდგნენ მარხვას, შესვეს მდიდართა და ისურვეს სიღარიბე, მიიღეს გლახაკთა და განმდიდრდნენ სასოებითა, დალიეს სნეულთა და განძლიერდნენ, იგემეს უვიცთა და იქმნენ ბრძენნი" (სიტყვა 83). ამიტომაც ვამბობთ: მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას და ღვთის სიყვარულს შეუძლია შეცვალოს და მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ყოფის უღიმღამო რეალობა, ჩვენი დროის დაუნდობლობა და სისასტიკე, რაც არის შედეგი ურწმუნოებისა დ სულიერი სიცარიელისა.
სამწუხაროდ, ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს - ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი. იმის გამო, რომ დედ-მამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს. მხოლოდ ეგოიზმის დაძლევით შეიძლება ცოლ-ქმრის სიყვარულით ცხოვრება და მათი ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა.
გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდები, რომელნიც ამთავრებენ საშუალო სკოლას, თუნდაც უმაღლეს სასწავლებელს, საერთოდ არ არიან მომზადებულნი იმ ფრიად საპასუხისმგებლო საიდუმლოსათვის, რომელსაც ქორწინება ჰქვია. ახალგაზრდამ არაფერი იცის ოჯახზე, არ იცის, როგორ შექმნას იგი და როგორ მოუფრთხილდეს მას. ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით, ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (შესქ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (შესქ, 2,18).
მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: "ქორწინება არის საიდუმლო, რომლითაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს კავშირს ეკლესიასთან ქრისტეს სულიერი კავშირის მსგავსად და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულოვნებისას შვილთა შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის".
ზოგიერთები ქორწინებაში ხედავენ რაღაც არაწმიდას, ცოდვისმიერს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს დიდი ცოდვები, მაგრამ თუ ქორწინება კანონიერია, ღვთივკურთხეულია და შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს, იგი წმიდაა და შეუბილწავი. უფალი იესო ქრისტე თვითონ დაესწრო ქორწილს კანას გალილეაში, აკურთხა იგი და მოახდინა პირველი სასწაული - წყალი ღვინოდ შეცვალა.
აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: "ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს" (მათე, 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: "სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის" (იგავნი 19,14).
ახალგაზრდებმა, რომლებიც ოჯახს ქმნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, რომ წინააღმდეგობები ბევრი შეხვდებათ და მზად უნდა იყვნენ მათ დასაძლევად. მთავარია, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ჰქონდეთ და არ დაკარგონ იმედი და აქედან გამომდინარე რწმენა მომავლისა. ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.
მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გამოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: "გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ" (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც - მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.
სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საუკეთესო თვისებაა ადამიანისა, ბიბლიაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სავსეა მამულისა და ქვეყნისადმი თავდადებული სიყვარულის მაგალითებით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ მოსე წინასწარმეტყველის, ისუ ნავეს, სამუელის, მეფე დავითის, ელიას, ძმათა მაკაბელთა და სხვათა შესანიშნავ ცხოვრებებს; ისინი სამშობლოსთვის სანთლებად იწვოდნენ და მზად იყვნენ, ყოველ წუთს გაეწირათ სიცოცხლე თავიანთი ხალხის დაცვისათვის.
რა მგზნებარე სიყვარულის გრძნობაა ჩადებული ფსალმუნის ამ სიტყვებში: "თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამა ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემ სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში" (ფს. 136,5-6), ასე ეფიცებოდნენ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელები სამშობლოს ერთგულებას. ისინი მარტო კი არ იფიცებდნენ და გოდებდნენ, არამედ იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც, თავისი ხალხი იესო ქრისტესაც უყვარდა.
ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითითაა სავსე: მოწამეებმა დავითმა და კონსტანტინემ, მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა, და ათასობით სხვამ თავი დადეს რწმენისა და სამშობლოსათვის და როგორც მისაბაძნი მაგალითნი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ისტორიაში დიდ წმინდანებად შევიდნენ.
ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა ამ მიმართულებითაც უნდა გაძლიერდეს. ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ეკლესიას ენიჭება.
ამავე დროს ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართ.
სამართლიანობა და სიყვარული მთავარი პირობაა ადამიანებს შორის მშვიდობისა. კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა, ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს ვეხმარებით ამქვეყნიური ცხოვრების ჯვრის ზიდვაში. წმ. პავლე მოციქული წერს: "ურთიერთას უღელი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მიიღწევა.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ეკლესიის დანიშნულებაზე და მის საიდუმლო ცხოვრებაზე, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, ვერ ვაცნობიერებთ მის არსს. მრწამსში ვკითხულობთ: "მრწამს... ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია..." ეკლესია ღვთით დადგენილი ის წიაღია, სადაც ხდება საოცარი ფერისცვალება ძველი კაცისა ახალ ადამიანად, რომლის დროსაც თითოეულ ჩვენგანში იშვება ქრისტე. ხელახლადშობის პროცესი მძიმე და რთულია. იგი "მშობიარობის ტკივილებში" ანუ საკუთარ თავთან, ხილულ და უხილავ ბოროტ ძალებთან, მიწიერ ვნებათა და საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლინდება და სულიერი დაღუპვისაკენ მიმავალი ფართო გზის უარყოფას ნიშნავს.
ეკლესია მადლმოსილია არა მარტო იმიტომ, რომ მან მაცხოვრის ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო სულიწმიდის მადლი, არამედ იმიტომაც, რომ ეს მადლი დღემდე გადადის თითოეულ მის წევრზე და სიახლით, სიცოცხლის ძალითა და სინათლით ავსებს მთელს სამყაროს. ბედნიერნი ვართ, რომ სულიწმიდის ეკლესიის წევრები ვართ. ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა.
არაეკლესიური ადამიანები ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ აქ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: "არა მოვედ მართალთა მოწოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9,13).
ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა უბრძანა დავით მეფეს და სოლომონს აეგოთ ტაძარი - სახლი უფლისა. ახალ აღთქმაში ტაძრის მნიშვნვლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზეცა მიწაზე, - ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე - პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და მართლაც, აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ზეციური ეკლესია, რომელიც არის ანგელოზთა, მოციქულთა, წმინდანთა და ჩვენს დიდებულ წინაპართა მთელი დასი, ლოცვის და წირვის დროს უკავშირდება მიწიერ ეკლესიას, რომელსაც წმ. მამები მებრძოლ და მოგზაურ ეკლესიას უწოდებენ და იქმნება ერთიანი განუყოფელი სხეული ქრისტესი. ამით სრულდება აღთქმა მაცხოვრისა, ამაღლების შემდეგ რომ დაუდო თავის მოწაფეებს და მათ მიმდევართ: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 18,20). საბრალონი არიან, რომელნიც სიცოცხლეს ეკლესიის - ქრისტეს სხეულის გარეშე განლევენ, ამქვეყნად ვერაფერი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ადამიანი არაეკლესიურობით კარგავს. ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს.
საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმიდა მოვლენებს გვახსენებენ შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს.
ქრისტეს შობისას იგალობება საგალობელი: "... ქრისტე იშვა ბეთლემს...". ბეთლემი - ეს ჩვენი გულია, ჩვენს გულში არათუ უნდა დაიბადოს ქრისტე, არამედ უნდა სუფევდეს განუშორებლად. მისი მარადიული სიყვარული უნდა ავსებდეს და ათბობდეს ჩვენს სულს ამქვეყნადაც და იმ სოფელშიც. ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი.
ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; "უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა", - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევიმოსოთ სულიწმიდის მადლი, უპირველეს ყოვლისა, გული უნდა განვიწმინდოთ, რაც ეკლესიის გარეშე შეუძლებელია.
ეკლესია ერთადერთი ადგილია ჩვენი გადარჩენისა; იგი კარიბჭეა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. არ შეიძლება დაგვიანება, დაუშვებელია სულიერი განწმენდის კიბეზე ზეაღსვლის სამომავლოდ გადადება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. მაშ, ნუ დავაყოვნებთ, გავხდეთ წევრნი ქრისტეს ეკლესიისა და ვეზიაროთ იმ სიწმინდეთ, რასაც იგი ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოთა მადლით გვთავაზობს.
ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება.
სკეპტიკოსები, როდესაც დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამბობენ: ამის გაკეთება შეუძლებელია; მორწმუნის პასუხი კი ასეთია: კაცთათვის შეუძლებელი ღვთისათვის შესაძლებელია.
როგორ შეძლო ყრმა დავითმა დაემარცხებინა გოლიათი? როგორ შეძლო საქართველომ გაეძლო მრავალრიცხოვან მტერთა შემოსევებისათვის? ჩვენთან იყო, არის და იქნება ღმერთი! მთავარია ჩვენ არ განვუდგეთ მას, არ მივატოვოთ იგი.
საიდუმლო ნამდვილი წინსვლისა და გამარჯვებისა სულიერ ძლიერებაშია. იმარჯვებს არა გონება, აზროვნება და ფიზიკური ძალა, არამედ ძალა ღვთისა, რომელიც ღვთის სათნო შვილთ, ღვთის საყვარელ ერს მიენიჭება. მტერზე გაიმარჯვებთ "არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს უფალი საბაოთ" (ზაქარია 4,6).
ჩვენი ხალხი დღეს სიმბოლურად სინას უდაბნოში მოგზაურობს. ეს არის დრო განწმენდისა, დრო ჩვენი რწმენისა და გამძლეობის გამოვლინებისა.
ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ამ გამოცდას და "აღთქმულ ქვეყანაში" შევალთ.
რწმენით, სასოებითა და სიყვარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ ზეიმს. გვწამს, რომ გავხდებით ბედნიერი მონაწილენი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა; გვწამს, უფლის წყალობით, საქართველო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა და მშვიდობითა და კეთილდღეობით გავიხარებთ.
მაშ, სასოებით შევსთხოვოთ შემოქმედს: "აკურთხე გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო!"
კურთხეულია ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, - "უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და ღმერთი შენი დიდებად შენდა" (ესაია 60,20). ამინ!

ქრისტესშობა.
თბილისი, 1996-1997 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის


საშობაო ეპისტოლე - 2016

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

„დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს,

რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან“ (სადღესასწაულო)

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
- რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?
- ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!
„საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ“ (სადღესასწაულო).
მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.
- ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?
- რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.
- კერძოდ?
- ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.
- როგორ შევძლოთ ეს?
- წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13. 13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.
- როგორია ღვთაებრივი სიყვარული?
- ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, - „ღმერთი სიყვარულია“ (ინ. 4, 8).
ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.
„შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (ინ. 13, 34); „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13), - ბრძანებს იესო.
ქრისტიანობამ აბსოლუტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, - მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!
„მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა“ (მთ. 5, 44-45).
ეს არის მანამდე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანამდე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები: „მე იგი ვარ... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად...“ „სიყვარული აღგვამაღლებს“.
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.
სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.
მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხისმგებლობაზე და „ახალი სიყვარულის“ ძებნას იწყებენ.
ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.
აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?
ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.
ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.
რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონაზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონაზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.
წმინდა წერილი ბრძანებს: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27), - როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.
უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, - თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.
ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: „ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას“ (სიბრძნ. სოლ. 9,7).
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: „არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მთ. 10, 34). გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი“ (I კორ. 6, 9-10).
მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: „შეიცანი თავი შენი“; რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM" სახარებაც გვარიგებს: „რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?“ (მთ. 7, 3).
საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.
ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური „მე“ ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.
გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს. მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ჰხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენი ნამდვილი „მე-ს“ დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია. საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.
რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?
წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: „პირველითგან იყო სიტყვა“ (ინ. 1, 1).
დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: „სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და ყოველივე მის მიერ შეიქმნა“(ინ. 1, 1-3).
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი... და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად... და იქმნა ასე“ (დაბ. I, 3,6,7,14,15)...
ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინაარსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:
„ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,... მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ. 1, 5, 8, 10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...
შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.
ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ. 12, 36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...
„ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს“ და „სავსეა მომაკვდინებელი გესლით“ (იაკ. 3, 5, 8).
„ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც“ (იაკ. 3, 9). ამიტომაც, თუ ვინმეს „ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა“ (იაკ. 1, 26).
ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: „დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
- რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
- არა, პირიქით.
- ე. ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
- ვფიქრობ, არა.
- „თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!“ - უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: „უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს... რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს... და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო... ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას“ (იაკ. 5, 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან „სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა“ (კოლ. 3, 15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი „სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორ. 13, 4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
„კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე... წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ... მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია“ (I კორ. 13, 1-3).
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მარკ. 12, 30-31).
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, - სანახევროდ;
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.
ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.
აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი.“
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.
ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!
უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:
„ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის, ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით“ (I კორ. 6, 11).
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1993

ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს

"აჰა, მოვალ ადრე. მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს,
რათა არავინ წარგტაცოს გვირგვინი შენი" (გამოცხ. 3,11)

ყოვლადუსამღვდელოეს მწყემსმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონოზვნებს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის მკვიდრთ და ჩვენი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.
მშვიდობა, სიხარული და კეთილდღეობა მოგმადლოთ, მოწყალე და სახიერმა უფალმან.
განგვეშორა მძიმე წელი. წელი დიდი იმედებისა და დიდი განსაცდელისა. მწუხარებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთს და ერთმანეთს და მეტი სიბრძნეც შეგვძინა, რადგან დაგვაფიქრა არა მარტო პურის არსებობაზე, არამედ მარადიულ ღირებულებებზეც.
სულიერმა და მატერიალურმა გაჭირვებამ დაგვანახა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ოღონდ აუცილებელია განვითარების ახალი გზების მოძებნა, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასოებით საკუთარ თავზე დაყრდნობა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.
წინააღმდეგობების მიუხედავად გასულმა წელმა იმედი ჩაგვისახა, ამიტომაც, მართალია, სულიერი ტკივილით, მაგრამ ღვთის შეწევნის რწმენით ვხვდებით უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - შობას უფლისას.
შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.
უფალი მოგვიახლოვდა, რათა ჩვენც აღვდგეთ და მივიდეთ მასთან. იგი არ ითხოვს სიმდიდრესა და მაღალ თანამდებობას, არც ოქროს, გუნდრუკსა და მურს, რაც მოგვებმა მიართვეს ბეთლემში ახლადშობილს. მისთვის ძვირფასი მხოლოდ ჩვენი გულია. ამიტომაც თითოეულს მოგვმართავს: შვილო, მომეც გული შენი.
რად სურს ღმერთს ჩვენი გული? - მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოს ჩვენს სულში დაივანოს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით, სიწმიდით და სიმშვიდით გაგვათბოს, დაგვიბრუნოს დაკარგული მადლი და ჩვენთვის ჯვარცმული, კვლავ ჩვენთან ერთად შეხვდეს ჩვენი ცხოვრების ტკივილს, ჩვენთან ერთად დაითმინოს და ევნოს, რათა გვაცხონოს და მარადიული ნეტარების ღირსი გაგვხადოს.
დიდება შენდა უფალო, გმადლობთ უფალო.
მაგრამ, ღმერთო, შენ ხომ იცი ჩვენ ვინ ვართ, რამეთუ ქმნილნი ხელთა შენთანი ვართ. იცი, რომ გული ჩვენი არის არაწმიდა; ოდითგან შეგთხოვთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: "გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფს. 50,12), "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა" (ლოცვა).
გმადლობ, უფალო, რომ გვაჯილდოვებ სინანულის გრძნობით, ცოდვის შეგრძნების უნარით და გამოსწორების სურვილით - შენსკენ სწრაფვით.
მეოცე საუკუნე უხეში მატერიალიზმის თაყვანისცემის ხანაა. ესაა დრო, როცა ცდილობდნენ ადამიანებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს მატერიალური ყოფის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს და რომ სულიერი მოვლენები ოდენ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის გამოვლინებებია.
რა იყო მიზეზი ღმერთის დავიწყებისა?
პირველ რიგში ამპარტავნება. ადამიანური შესაძლებლობების არასწორი აღქმა, სულიერი დაცემა.
ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.
პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც "მოაზროვნე ლერწამს" (ანუ შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს, რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა, მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.
გერმანელი ფილოსოფოსი პაულსენი შენიშნავს: ძნელია უარყო მატერიალიზმი არა იმიტომ, რომ იგი სიმართლეს ქადაგებს, არამედ იმიტომ, რომ ძნელია დაუპირისპირდე წმინდა წყლის სისულელეს.
საოცარია, რომ მატერიალიზმის მიმდევართა შორის იყვნენ განათლებული და ზოგჯერ გენიალური ადამიანებიც, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ, მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მატერიალიზმი შობს ტოტალიტარიზმს, ჩვენ კარგა ხანია ვცხოვრობთ ასეთ დროში. ტოტალიტარიზმის მიზანია ადამიანის სრული გარდაქმნა იდეოლოგიური წყობის შესაბამისად. პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. ტოტალიტარიზმი კარნახობს ყველას, როგორ უნდა იფიქრონ და ითხოვს უსიტყვო მორჩილებას, რაც ნიშნავს ინდივიდუალობის, პიროვნული საწყისის გაქრობას.
ამ მოვლენამ საკმაოდ ღრმა კვალი დააჩნია ჩვენს შინაგან სამყაროს. პოსტტოტალიტარულ დროში ყველაზე რთული სწორედ სულიერი მონობიდან განთავისუფლების, ღვთივმომადლებული ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების, პასუხისმგებლობის შეგრძნებისა და ავისა და კარგის სწორად გარჩევის პროცესი იქნება.
მატერიალიზმის დღემდე არსებული ფორმა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მის სხვა სახეს - ტექნოკრატიზმს და ეკონომიკას.
საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა.
ამიტომ დღეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ერის სულიერი ამაღლებისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულნი შევხვდეთ დასავლეთის ქვეყნების "უცხო კეთილდღეობას", თორემ იმ მადლსა და თვითმყოფადობასაც დავკარგავთ, რაც წინაპართაგან რაღაც ფორმით დღემდე მაინც შევინარჩუნეთ.
სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ კი ეს ნიჭი ეფინება მთელს ერს და ამაღლებს მას, ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია.
არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, იწვიან და სხვას გზას უნათებენ. არიან პიროვნებანი დემონური ბეჭდით დაღდასმულნი - დამანგრეველი ძალით აღვსილნი.
მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი "გენიალური უტვინოების" ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, ღუპავდნენ ხალხსაც.
სიწმიდე კი სიმშვიდით მოქმედებს, იგი არ ხმაურობს, არ ყვირის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მთელი წლების თუ საუკუნეების შემდეგღა აღწევს ჩვენამდე სიტყვანი და დარიგებანი ღვთისსათნო და ბრძენ ადამიანთა, გმირული საქმეები ჩვენს წინაპართა. ისინი შეუმჩნევლად უცვლიან ელფერს ჩვენს შინაგან სამყაროს და იდუმალ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოფაზე.
ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ცხოვრება XVII ს-ში რუმინეთში მოღვაწე, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ანთიმოზ ივერიელისა, რომელმაც მთელ მსოფლიოს უჩვენა სიწმიდის, მოყვასის სიყვარულის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითი და რომელიც რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა.
დღეს განსაკუთრებით ხშირად ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე. თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე.
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრების და უზნეობის მსხვერპლი გახდება.
პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს, ეს ღვთის კანონია. ასე რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენგანის შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვს.
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდვათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი. ამიტომაც წერენ ბრძენნი: შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გაქვს.
ადვილი არ არის ჩვენს მდაბალ ვნებებსა და აზრებზე, ჩვენში მიმდინარე სულიერ და ფიზიკურ პროცესებზე გამარჯვება. ჩვენი სული ვიდრე ხორცის ტყვეობაშია, ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის დაუსრულებლად იქნება და ვაი მას, ვინც ბოლომდე მდაბალ ვნებათა მსახურად დარჩება.
წმიდა წერილი გვაფრთხილებს: საქმენი ხორცთანი არიან: "სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა" და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით,... რომ "ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (გალატ. 5,19-21).
სამწუხაროდ ეს მანკიერებანი ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას და მიუხედავად ამისა გვსურს დამოუკიდებლობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვის მძიმე უღელისგან; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მადლით.
ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: "მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... რამეთუ მხოლოდ ასეთი ეკლესიის დამაარსებელი და თავი არის იესო ქრისტე.
"ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) - ბრძანებს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესია მუდმივ ბრძოლაში იქნება ბოროტებასა და ცოდვასთან, მაგრამ ჯოჯოხეთის ძალებიც კი ვერაფერს დააკლებენ, რადგან ეკლესია არის წმინდა და გამოსყიდულია უფლის სისხლით. სულიწმიდა ტრიალებს ტაძარში და განწმენდს ყოველივეს და ყველას. ვინც რწმენითა და სიყვარულითაა მოსული. "ნეტარ ხარ შენ ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!" - წერს წმ. ეფრემ ასური.
ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორნიცაა: წმ. ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმ. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ლუარსაბი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან წამებული, დემეტრე თავდადებული და სხვანი მრავალნი, სათნონი ქრისტესნი. და, საერთოდ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური აზროვნების გამოვლინებაა.
როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე.
ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერობისა.
ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვების, ინტელიგენციის გაეკლესიურება. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს?... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და სულით" (I კორინ. 19,20).
ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობას დაკარგული აქვს დანაშაულის შეგრძნებისა და განცდის უნარი და თავი უცოდველი ჰგონია. ეს კი ამ პიროვნებათა დაბალი დონის მაჩვენებელია. ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.
ეკლესიის მთავარი არსი იმაშია, რომ აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის - ცოდვისგან განთავისუფლებისა; ამქვეყნად მხოლოდ მოძღვარს აქვს ღვთისგან მინიჭებული მადლი ცოდვათა გახსნის და მიტევებისა. აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა. ღმერთი მწუხარებისაგან გათანგულს ნუგეშს აძლევს, შურისძიების სურვილით შეპყრობილს - მიტევების მადლს, აფორიაქებულს - სიმშვიდეს, დაჩაგრულს - სულიერ ძალას.
"მე ვსუფევ მაღალში, - ბრძანებს უფალი, - და სიწმინდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული" (ესაია 57,15); "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათე 38,6-7).
ასეთი დაღლილი არასდროს ყოფილა ადამიანთა მოდგმა, არასდროს ყოფილა კაცობრიობა ასეთი კატაკლიზმების წინაშე: ინგრევა ქვეყნები და სისტემები, მსწრაფლ იცვლება მოვლენები, რაც ნიშანია იმისა, რომ ჟამი ახლო არს. "აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფუსფუსებს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება" (ფს. 38,6-7).
წარსული განვლილია, მომავალი არ ჩანს, აწმყო კი მეტად ბუნდოვანია, ერთადერთი ნუგეში არის უფალი. "მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20) - ჩაგვესმის მისი სიტყვები.
ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვხსნით რელიგიური თვალსაზრისით დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას.
ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა.
მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთად დავძლევთ ამ სიძნელეებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაყოფას. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია და ათასობით წმიდანთა სისხლით განბანილი მათი ლოცვა შეგვეწევა.
ექსტრემისტებისა და სეპარატისტების მიზეზით მრავალი ახალგაზრდა მოკვდა. დაიღუპნენ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვანი. ცრემლმა და სიკვდილმა შეაბიჯა ბევრ ოჯახში, დაქვრივდნენ ახალგაზრდა დედები, დაობლდნენ ბავშვები... ბევრი ახალგაზრდა დახეიბრდა.
მე მინდა ვუთხრა ყველას, აქ მყოფს და იმქვეყნად წასულს (ისინიც ხომ ცოცხლებია და ესმით ჩვენი): დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე და დიდი იქნება ჯილდოც თქვენი უფლისგან ბოძებული. თქვენ ხომ თავისუფლებისათვის, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის, ჩვენი ნათელი მომავლისათვის იბრძოდით; თქვენ იბრძოდით წყვდიადისა და უმეცრების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად დიდია თქვენი მსხვერპლი და ამდენად თქვენი დამსახურებაც ღვთისა და სამშობლოს წინაშე.
ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ გონიერება, სიყვარული, სიკეთე და ძმობა გაიმარჯვებს.
ეს ერთი მხარე მოვლენისა, რაც შეეხება მის სულიერ არსს, მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს ხშირად მაშინ მიაჩნიათ თავი ბედნიერად, როცა ყველაზე უბედურნი არიან. არის პირიქითაც.
ომი, გაჭირვება - სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაკენ; იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.
ოქრო და ვერცხლი მაღალი ტემპერატურის გარეშე მინარევებისაგან ვერ განიწმინდება. ასევე, ვერც ჩვენი სული - მწუხარების გარეშე.
მახსენდება მაკაბელთა წიგნის შემდეგი ადგილი: "ეს სასჯელი დასაღუპავად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. ბიწიერებას ხომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.
რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი" (II მაკაბ. 6,12-16).
ასე რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ნელი და მტკივნეული პროცესი "უძღები შვილის" დაბრუნებისა. ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე განვთავისუფლდებით სასჯელისაგან. სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ღვთის ძალა სწორედ რომ უძლურებაში ცხადდება, ოღონდ უფალს უნდა მივენდოთ სრულად, თავშეწირვამდე.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ: დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
"მართალთათვის და ცოდვილთათვის სიკვდილი იგივეა, რაც მკვდარი ზღვა ძველ აღთქმაში ებრაელთა და ეგვიპტელთათვის. პირველთათვის იგი იყო გადასასვლელი აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო მეორეთათვის - მიზეზი სიკვდილისა. მსგავსად ამისა, მართლის სიკვდილი არის დასაწყისი ნეტარი მარადიულობისა - აღთქმული ქვეყნისა; ცოდვილთათვის კი - მიზეზი მეორე სიკვდილისა - მარადიული სატანჯველისა" (სულიერი მდელო).
ეს საუკუნე ღვთისგან ხალხს სინანულისთვის მიეცა. ფუტუროლოგნი ამტკიცებენ, რომ თუ კაცობრიობამ კიდევ იარსება XXI საუკუნეში, იგი მეტად რელიგიური ასწლეული იქნება, რადგან ხალხი დაიღალა, უღვთოდ დაცარიელდა ტაძარი სიყვარულისა.
დღეს კი ჩვენ ვართ მოწმე არამარტო თანამედროვე ისტორიის ტრაგიზმისა, არამედ მოახლოებული აპოკალიფსური დროისა. სულ უფრო მკვეთრად ჩაგვესმის სიტყვები: "მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი" (გამოც. 1,8).
ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. დამდეგი ახალი წელი, დაე, იყოს ყველასათვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი, წელი სიყვარულისა და შერიგებისა: "განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ" (რომაელთა 13,12).
"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და ეწოდა სახელად... ღმერთი ძლიერი, მშვიდობის მთავარი" (ესაია 9,5), "ღმერთმან მშვიდობისამან სრულგყოთ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მის ნებისაებრ აღსასრულებლად და იყოს თქვენში ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე" (ებრ. 13,20-21). "რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი" (გამოცხ. 3,5).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992-1993 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს<

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2005

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა

გევედრებით ქრისტეს სახელით: "შეურიგდით ღმერთს" (II კორ. 5,20).

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა პასექს!
ქრისტე აღდგა!
რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.
ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას. იმიტომაც მიიღო კაცობრივი ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით და ეზიარა ჩვენს ყოფას (გარდა ცოდვისა), იმიტომ ქადაგებდა და ითმენდა განსაცდელს, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა დათრგუნოს ცოდვა და გაიმარჯვოს სიკვდილზე (რომელიც მხოლოდ დროებით განაშორებს ჩვენს სხეულსა და სულს) და ასევე ეჩვენებინა ისიც, თუ როგორ აღდგება მკვდრეთით ფერნაცვალი და უკვდავებას ნაზიარები ჩვენი სხეული და სულთან ერთად ამაღლდება მეორედ მოსვლის ჟამს.
ამიტომაცაა თავისი არსით ეს დღესასწაული ყოველი მართლმორწმუნისთვის ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე პირადი გამარჯვების იმედის მიმნიჭებელი.
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები? ან როგორი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს, თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთით აღდგომისასაც: (სხეული) ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელებით, ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (I კორ. 15,20, 35-42,47), რადგან ვიცით, რომ ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოს მიერ" (II კორ. 4,14).
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც ქრისტეს გარეშე არიან დაშთენილნი. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე. ამიტომაც მოგვმართავს მოციქული: "ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან უფალმა კეთილ ინება თქვენთვის სასუფევლის მოცემა"...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას წინ უსწრებდა მაცხოვრის ტანჯვა და ჯვარცმა. ასეთივეა ღვთის სასუფეველში დამკვიდრების მოსურნე თითოეული ადამიანის ხვედრიც. ყველამ ჩვენ ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რათა სულის ცხონება მოვიპოვოთ.
წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს: ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის; მაგრამ განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს" (II კორ. 4,8,9,16).
შევძლებთ კი ჩვენ სწორი არჩევანის გაკეთებას?
გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი განიკითხავდა იესოს, მეორე კი გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". და უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლკ. 23,43).
ორივე ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ამთავრებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ ცნობს, არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ "სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია" (II კორ. 4,3). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად.
ისეც ხდება, რომ ის, ვინც ეზიარება მაცხოვრის ჭეშმარიტებას და აღვსილია მისი წყალობით, ხშირად საბედისწერო შეცდომას უშვებს და თავისი ნებით სცილდება უფალს. აქაც ორ ძირითად სახეს ვხვდებით, რომელთა სიმბოლოებად პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი შეიძლება ვიგულისხმოთ.
უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არათუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ წმ. პავლესთან ერთად მოციქულთა თავადაც დაადგინა. იუდას ქმედების მიზეზი ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ის ეძებდა მარჯვე დროს, რათა გაეცა მოძღვარი. თანაც, ამ დროს იგი უკვე მოციქული იყო და უშუალოდ მაცხოვრისგან ისმენდა ღვთის სიტყვას. ამასთან, მას მიცემული ჰქონდა ძალა სასწაულთქმედებისა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაეცა საშინელი დაცემით, რადგან ღვთის დიდებას მიწიერი პატივი და ფული არჩია.
როგორც უმადური იუდა, ისე მისი ხვედრი, - თვითმკვლელობა, სიმბოლური სახეა ყველა იმ ადამიანისა და მათი აღსასრულისა, რომელნიც, მიუხედავად უფლის მადლთან ზიარებისა, მაინც განუდგებიან ჭეშმარიტებას და მას ამქვეყნიური სიკეთით ანაცვლებენ.
სიმბოლურია ებრაელთა დამოკიდებულებაც ისკარიოტელისა და მისგან დაბრუნებული ვერცხლისადმი. "შევცოდე, მართალი რომ გავეცი", - ამბობს სასოწარკვეთილი მოციქულყოფილი. "ჩვენ რა? შენ იცი", - იყო გულგრილი პასუხი. იუდას მიერ დაბრუნებული ფული, როგორც უწმინდური თანხა, მღვდელმთავრებმა ტაძარში არც კი შეიტანეს და იმით უცხოთათვის სასაფლაო იყიდეს.
იუდა ყოველთვის საჭირო იყო და იქნება ავისმზრახველთათვის, მაგრამ მას (ღვთის საშინელ სამსჯავროზე რომ აღარაფერი ვთქვათ) თვით ასეთ საქმეთა შემკვეთთაგანაც კი დაფასება არასოდეს ექნება.
საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა.
ჩვენ გაცილებით უფრო სუსტები ვართ და ცოდვით სავსენი, ამიტომაც ხშირად ვეცემით, მაგრამ დაცემას არასოდეს არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვძლიოთ ცოდვას და სინანულით განვიბანოთ, რათა უფლის სიყვარული არ მოგვაკლდეს. როგორც ამბობს ხალხური სიბრძნე: სცოდავ? – შეინანე და სასუფევლისაკენ ისწრაფე.
ბევრნი ბედნიერებას მატერიალურ კეთილდღეობაში ეძებენ. თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის.
ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ტანზე იხდიდა და მასზე წვებოდა, რადგან ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.
ამის საპირისპირო მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მისმა ჯარმა დიდი ალაფი იგდო ხელთ. როცა მხედართმთავრებს მასთან ეს სიმდიდრე მიჰქონდათ, იგი თავისთვის არაფერს იტოვებდა და მას ხალხს, ჯარისკაცებს ურიგებდა. როცა ეკითხებოდნენ: შენ რაღა დაგრჩაო? პასუხობდა, ჩემთვის იმედი დავიტოვეო.
სიკვდილის წინ კი დაიბარა: საკაცეზე ხელჩამოშვებული დაესვენებინათ, რათა ყველას დაენახა, რომ იმქვეყნად არაფერი მიჰქონდა.
გიკითხავთ კი ოდესმე თქვენი თავისთვის, რას აკეთებთ იმისთვის, რომ სცხონდეთ?
თანამედროვე ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ კულტურა და მეცნიერება (განსაკუთრებით ფილოსოფია) დიდად დასცილდა ეკლესიას.
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანების დამახასიათებლად და დღეისათვის სრულიად ზედმეტად მიაჩნიათ, ანდა იმდენად მისაღებად, რამდენადაც შეიძლება იგი გამოადგეთ მოსახლეობის დაბალი ფენების მართვის საშუალებად. ისინი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნებისმიერ სასწაულში არის ის, რასაც ლოგიკითა და მიწიერი კანონებით ვერ ახსნი.
მორწმუნეთათვის კი ცხოვრება ღვთისა და სამყაროში მისი სასწაულების აღიარების გარეშე წარმოუდგენელია. მშვენივრად თქვა გოეთემ: როგორადაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ბუნება და მასში მიმდინარე პროცესები გონებაზე უნაშთოდ არ იყოფა, ანუ ყველგან და ყველაფერში რჩება ადგილი ირაციონალურისათვის, რწმენისათვის.
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს, ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან დაშორებული. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ისეთივეა, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ გადმოცემული და წმინდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ – ჭეშმარიტი ღმერთიც და მისი სწავლება უცდომელია.
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე თავდაჯერებულ ურწმუნოებს სულიერი სიბრმავისაგან.
ჩვენს საზოგადოებაში არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ არ სწამთ ეკლესიისა და მის გარეშე ცხოვრობენ. მაგალითად, მათი ნაწილი თავს ვერ აღწევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს. ზოგიერთს არ უყვარს ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომა და ამას თავის გამოჩენად მიიჩნევს, ზოგს არ მოსწონს ერთი კოვზიდან ზიარების მიღება, ანდა ვერ ხვდება, რატომ უნდა აღიაროს თავისი ცოდვები მოძღვრის წინაშე და არა ხატის წინაშე და ა. შ. ისეთებიც არიან, რომელნიც ფიქრობენ, რომ ეკლესია მხოლოდ სამაგალითო, წმინდა ადამიანებისაგან უნდა შედგებოდეს და რაკი აქ ჩვეულებრივ ცოდვილთაც და ზოგჯერ დამნაშავეთაც ხედავენ, აღარ სურთ ტაძარში სიარული. ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოდის და ამ სექტანტურ მიმდინარეობას მონტანიზმი ეწოდება.
საერთოდ, ასეთი აზროვნება რელიგიაში სრული გაუცნობიერებლობის შედეგია, რადგან ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ხოლო ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ეკლესიის განკითხვა ამგვარი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ფარისეველთა ქრისტიანობაა, რადგან ქრისტეს, რომელიც ხშირად იყო მეზვერეებთან და ცოდვილებთან, ამის გამო სწორედ ფარისეველნი განიკითხავდნენ; უფლის პასუხი კი ასეთი იყო: "არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა".
რა თქმა უნდა, ეკლესიაში რჩეული და სიწმინდით მცხოვრები ადამიანებიც არიან, მაგრამ მისი კარები ასევე ღიაა გადარჩენის მოსურნე ნებისმიერი ცოდვილისთვისაც. ეკლესიას ეკუთვნის კაცთა მთელი მოდგმა – დაწყებული სრულყოფისაკენ მიმავალი გზის პირველ უმდაბლეს საფეხურზე მდგომთაგან, იმათით დამთავრებული, რომელნიც უფრო მაღალ საფეხურებზე დგანან.
როგორც ყოველ ადამიანს, ერსაც ამქვეყნად თავისი მისია აქვს. საამაყოა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ვინარჩუნებდით ჩვენს ფუნქციას, - მტრის აურაცხელი შემოსევების მიუხედავად საუკუნეთა განმავლობაში აღმოსავლეთში ქრისტიანული კულტურული სამყაროს ფორპოსტი, ხოლო ჯვაროსნული ომების დროს, - მთელი ევროპული კოალიციის ანგარიშგასაწევი მოკავშირე ძალა ვიყავით.
დღეს მსოფლიო პროცესები ახალ გამოწვევას სთავაზობს ყველას, ჩვენმა ერმაც პასუხი უნდა გასცეს გლობალიზაციის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებს და თანამედროვე მსოფლიოში თავისი ადგილი და ფუნქცია იპოვოს, რაც აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების არსებობა კი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და სრულფასოვანი სახელმწიფო ააშენოს.
უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ ცხოვრებამ ჩვენს საზოგადოებას ეს სამი ძირითადი საყრდენი გამოაცალა. პოსტიმპერიულ საზოგადოებებს კი ხშირ შემთხვევაში არასრულფასოვნების განცდა უჩნდებათ, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი "კეთილი" ბატონის ძიებისაკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ეწოდოს. როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მცდელობა მაქსიმალური დამსგავსებისა და მონური ლტოლვა მისდამი, საკუთარი ფასეულობების უგულებელყოფის ხარჯზე.
ამის საპირისპირო მოვლენაა ე.წ. მესიანიზმი, რომლის გამოვლინებაა ფუნდამენტალიზმი და ფაშიზმი. ეს იდეოლოგია ამკვიდრებს თვალსაზრისს საკუთარ განსაკუთრებულობაზე და, აქედან გამომდინარე, სხვებზე მბრძანებლობის და ბატონობის უფლებას. ორივე ეს მიმართულება უკიდურესობაა და სახელმწიფოსა და საზოგადოების კრიზისსა და სრულ კრახს იწვევს; ამიტომაც იშლებოდნენ იმპერიები.
ქრისტიანული სწავლებით ჭეშმარიტია მხოლოდ სამეუფო გზა, რომელიც გამიჯნულია უკიდურესობებისაგან და წარმოადგენს ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ერთადერთ სწორ ორიენტირს. დღესაც ასე ვითარდება ყველა წარმატებული სახელმწიფო, ეყრდნობა რა საკუთარ ტრადიციას და კულტურათა ურთიერთგამდიდრების პრინციპს.
სახელმწიფოებრივად ის საზოგადოება აზროვნებს, რომელსაც გააზრებული აქვს "ჩვენის" საჭიროების უპირატესობა "მეს" და "ჩემის" საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი. მას მხოლოდ საკუთარი სახლი აქვს დალაგებული, ზღურბლს მიღმა კი ყურადღებას არაფერს აქცევს.
სახელმწიფოებრივი აზროვნება დიდი მონაპოვარია და იგი მაღალგანვითარებული კულტურის მაჩვენებელია. ჩვენი ერისთვის ტრადიციული ეს თვისება, ბოლო 200 წლის მანძილზე ქვეყნის პოლიტიკური, შემდეგ კი ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო მეტად დაეცა. ეს პერიოდი ერთ-ერთი უმძიმესია ჩვენს ისტორიაში, რადგან მტრისგან იავარქმნილ საქართველოშიც კი, ავტოკეფალური ეკლესია ერს არა მარტო სახელმწიფოებრივ აზროვნებას უნარჩუნებდა, არამედ მაქსიმალურად უწყობდა ხელს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების პროცესს.
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება აქტიური ქმედებებისათვის უნდა განაწყოს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, ამ საკითხს სათანადო ყურადღება დღემდე არ დათმობია, მაშინ, როცა ამის გარეშე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია.
უნდა შეიკრას ჯაჭვი, - მე, შენ, ჩვენ ერთმანეთისა და საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიდგას ჯარში და განათლების სფეროში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის დასაქმება, - მცირე და საშუალო ეროვნული ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ადგილობრივი პროდუქტით ჩვენი ბაზრის შევსება და სამამულო წარმოებისათვის პრიორიტეტის მინიჭება; აუცილებელია მეცნიერების, კულტურის და სპორტის განვითარებისათვის ხელშეწყობა და, ბუნებრივია, ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის ზრუნვა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს და სასიკეთო პროცესებიც დაწყებულია.
საქართველოს ეკლესია ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ხელისუფლებას და ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს დღესაც ასეა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდი, რომლის დევიზია: სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება და განვითარება.
მართალია, ცხოვრება მეტად რთულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა გავიტეხოთ. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი. ერთ-ერთი რეალური საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთს დავეხმაროთ, არის დალოცვა.
წერილობითი ან სიტყვიერი დალოცვა შეიძლება როგორც ოჯახის წევრის, შვილის, ახლობლისა, ისე ნაცნობის თუ უცნობისა. მორწმუნე ადამიანი უნდა ლოცავდეს თავის მტრებსაც: და ხდება საოცრება, ჩვენი მოძულე ნელ-ნელა მოყვარედ იქცევა.
დალოცვა არსებობს მრავალი სახის: "ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს, გაგაძლიეროს", "ღმერთმა მოგანიჭოს ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე", "უფალმა არ მოგაკლოს თვისი წყალობა და მშვიდობა", "ღმერთს ებარებოდეთ, "უფალმა დალოცოს მთელი საქართველო და მკვიდრნი მას შინა", "მაცხოვარმა დაგლოცოს და მტერი მოყვრად გიქციოს", "წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული სუფევდეს შენ თანა" და მრავალი სხვა.
მთავარია, დალოცვა გულიდან მომდინარეობდეს, მხოლოდ მაშინ შეიტანთ სხვის ოჯახში სიხარულსა და მშვიდობას, სანაცვლოდ კი თქვენი სახლიც ბარაქით, სიყვარულითა და სიხარულით აივსება.
დადგა ჟამი, როდესაც მე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უნდა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო:
ღმერთო ძლიერო, მრავალმოწყალეო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო უფალო, დიდება და მადლობა შენდა! გევედრები, შეისმინე ლოცვისა ჩემისა და მოანიჭე მადლი და ძალა შენი ჩვენს ხალხს; შეცვალე მწუხარება ქართველთა ერისა სიხარულად, შფოთი და მტრობა – მშვიდობად და სიყვარულად.
სნეულნი განკურნე, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი მშვიდობით დააბრუნე, დალოცე და გააძლიერე ხელისუფალნი და მხედრობა ჩვენი, ერი და ეკლესია შენი და მოგვანიჭე მტკიცე და ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, სიბრძნე და თავმდაბლობა. შეგვმოსე შენი მადლით და წარსდევნე ჩვენგან და ჩვენი ქვეყნიდან ყოველი მტერი და მბრძოლი ჩვენი და აცხოვნე სული ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრო მამულო ჩვენო, უფლის კვართის მადლით სვეტად ცხოველად გამოჩინებულო.
ჰე, ერო ჩემო, ანდრია პირველწოდებულისა და სხვათა მოციქულთა მიერ კურთხეულო და წმინდა ნინოს ქადაგებითა და ვაზის ჯვრის ძალით მოქცეულო და მადლმოსილო.
მრავალტანჯულო საქართველოვ, ურიცხვ მოწამეთა ცრემლითა და სისხლით განბანილო.
გმირთა სამკვიდროვ, არ იყო შენთვის უცხო ღალატიც. ვიყავით და ვართ ბრძენნიც და უგუნურნიც, შეურაცხყოფილნიც და განლაღებულნიც, ცოდვით დამძიმებულნიც და სინანულით დამდაბლებულნიც. მამულს მოწყვეტილნი შვილნი შენნი ხმობენ ფერეიდნიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ლაზეთიდან, ჰერეთიდან და ქვეყნის სხვა კიდეთაგან, მონატრულნი ერთიანი საქართველოს ხილვისა.
უფალო, საკვირველად მწყალობელო ჩვენო, შენ გვაძლევ ძალას, რომ დანგრეული კვლავ აღვადგინოთ, უიმედოს ნუგეში ვსცეთ, მტირალს ცრემლი მოვსწმინდოთ, არ დავემონოთ ბოროტს და მიუხედავად ათასი საცდურისა, მაინც გვახსოვდეს, რომ მხოლოდ შენა ხარ "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
ჰე, უფალო, გევედრებით, კვლავაც აღხოცე ცოდვანი ჩვენნი მეწამულნი და განგვასპეტაკე, ვითარცა თოვლი; შენია ცანი და ქვეყანა, შენა ხარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა. შეგივრდებით და გთხოვთ, გაგვხადე ღირსი შენი მეუფებისა, რათა ერთგულნი მადიდებელნი შენნი მარად ვიყოთ ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცულნი.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ, ამინ!
ქრისტე აღდგა!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2005 წ. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3