ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
გამონათქვამები გონიერი ლოცვის შესახებ
1. ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალაა, რომელიც ხელახლა შობს მლოცველს და ხორციელ და სულიერ სიჯანსაღეს მიჰმადლებს მას.
2. ლოცვა ჩვენი სულის თვალები და ფრთებია. ის სიმხნევესა და ძალას გვაძლევს, რომ პირისპირ ვიხილოთ ღმერთი.
3. მაშ ასე, ბაგეებით ილოცე, ძმაო, სანამ ღვთის მადლი არ განგანათლებს, რომ გულით ილოცო. მაშინ სასწაულებრივი გზით შინაგანად იდღესასწაულებ და იზეიმებ. ამიერიდან მხოლოდ ბაგეებით კი არა, უკვე გულში მოქმედი ყურადღებით აღასრულებ ლოცვას.
4. თუ ნამდვილად გსურს განაგდო ყოველი არაქრისტიანული აზრი და განიწმინდო გონება, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგან ისე ვერაფერი აწესრიგებს ფიქრებს, როგორც ლოცვა.
5. გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.
6. იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელსაც ღვთაებრივი სახელის ხშირი ხსენება გამოიღებს.
7. როცა ლოცვა წინამძღვრობს ჩვენში არსებულ ზნეობრივ ძალებს, მათი სიძლიერე ყველა განსაცდელს აღემატება და ამარცხებს მათ.
8. ლოცვის სიხშირე ლოცვის ერთგვარ ჩვეულებაში გადადის, რაც მალე მეორე ბუნებად იქცევა და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობაში აჰყავს.
ხშირი ლოცვა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ჭეშმარიტი და წმინდა ლოცვა ვისწავლოთ. სიხშირე ლოცვისთვის წინასწარ მომზადების საუკეთესო საშუალება და უსაფრთხო გზაა, რომ ადამიანმა საბოლოო მიზანს – ლოცვასა და ცხონებას მიაღწიოს.
9. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა – უფალთან ურთიერთობის საშუალება. ის უსასყიდლოა, საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ მდუმარების უფსკრულსა და ჩვენი გულის სიღრმეში ჩავიძიროთ და რაც შეიძლება ხშირად მოვუხმოთ უტკბესი იესო ქრისტეს სახელს, რომელიც ადამიანს მხიარულებით აღავსებს.
საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩვენი სულიერი სამყაროს გამოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს გავაცნობიეროთ, თუ როგორი საიდუმლოა ადამიანი, ვიგრძნოთ თვითშემეცნების სიხარული და დავღვაროთ სინანულის მწარე ცრემლები დაცემებისა და საკუთარი ნების უძლურების გამო.
10. დაე, მთელი შენი სული სიყვარულით მიეჯაჭვოს ლოცვაში ჩადებულ აზრს, რომ შენი გონება, შინაგანი მეტყველება და ნება – შენი სულის ეს სამი შემადგენელი ნაწილი გახდეს ერთი მთელი და ერთი გახდეს სამი; რადგან ამ გზით ადამიანი, რომელიც წმინდა სამების ხატებას წარმოადგენს, თავის პირველსახესთან ამყარებს კონტაქტს და უერთდება მას. როგორც გონიერი ლოცვის მასწავლებელმა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსმა, ღვთაებრივმა გრიგოლ პალამამ თქვა: „როცა ერთი გონება გახდება სამობითი და დარჩება მაინც ერთი მთლიანი, მაშინ ის უერთდება ღვთაებრივ საწყის ერთარსება სამებას, ის უკეტავს კარს ყოველგვარ წარმოდგენას და გახდება ხორცზე, ამ სოფელზე და სოფლისმპყრობელზე აღმატებული“.
11. ლოცვის მიზანი ადამიანის ღმერთთან შეერთება, ადამიანის გულში ქრისტეს შემოყვანაა.
12. სადაც ლოცვა მოქმედებს, იქ ქრისტეა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, ერთარსი და განუყოფელი სამება.
13. სადაც ქრისტეა – ნათელი სოფლისა – იქ იმქვეყნიური მარადიული ნათელია, იქ მშვიდობა და სიხარულია, იქ ანგელოზები და წმინდანები არიან, იქ სასუფევლის მხიარულებაა.
14. ნეტარ არიან ისინი, ვინც ნათელი სოფლისა – ქრისტე – ამ ცხოვრებაშივე შეიმოსეს, რადგან უკვე უხრწნელების სამოსელს ატარებენ.
15. ამრიგად, გონიერი ლოცვის მიზანი ის არის, რომ ადამიანის გულში ქრისტე შემოიყვანოს, იქიდან ეშმაკი გააძევოს და მის მიერ ცოდვით აღსრულებული საქმეები შემუსროს. რადგან, როგორც ქრისტეს საყვარელი მოწაფე ამბობს: „ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რათა დაარღვინეს საქმენი ეშმაკისანი“ (1 იოან. 3, 8). მხოლოდ ეშმაკმა იცის ამ ხუთი სიტყვის ენით გამოუთქმელი ძალა. ამიტომ გააფთრებით ებრძვის და უმხედრდება ლოცვას.
მათ. 16. დემონებმა ეშმაკეულების პირით უთვალავჯერ აღიარეს, რომ ლოცვა წვავდა
17. რადგან ქრისტეა ნათელი სოფლისა, ყველა ადამიანი, ვინც მას ვერ ხედავს, ვისაც იგი არ სწამს, რასაკვირველია, ბრმაა. და პირიქით, ნათლისკენ მიემართებიან ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების აღსრულებისთვის იღვწიან. ეს ადამიანები აღიარებენ ქრისტეს, როგორც ღმერთს – თაყვანს სცემენ და მსახურებენ. ვინც ქრისტეს თავის ღვთად და უფლად აღიარებს, მას ქრისტეს სახელის მოხმობა განამტკიცებს, რომ ღვთის ნება აღასრულოს. ხოლო თუ არ განმტკიცდება და გაძლიერდება, აშკარაა, რომ ის ქრისტეს მხოლოდ ბაგით აღიარებს, გულით კი მისგან განშორებულია.
18. ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.
19. ლოცვის ეშმაკი მოწყინებაა, ეშმაკის ეშმაკი კი – ლოცვის წყურვილი, გულმხურვალება. „სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ და მდევნელად. როცა მადლი მოვა, ის გაფანტულ გონებას მოკრებს, მზაკვარი და უწმინდური გულისსიტყვებისგან განკურნავს და უფლის ხსენებით დაატკბობს მას.
20. ბაგეებზე ლოცვა გაქვს? მადლიც იქვეა. მაგრამ ბაგეებიდან ლოცვამ გონება უნდა გაიაროს და გულში ჩავიდეს. ამას კი დიდი შრომა და დრო სჭირდება.
21. ენა უნდა გაისარჯოს, რომ იზღვიოს თავისი უქმადმეტყველება და დაცემა. მან ლოცვის ჩვევა უნდა შეიძინოს, შრომისა და ღვაწლის გარეშე კი ჩვევა ვერ ყალიბდება. იმისთვის, რომ მადლი გვეწვიოს, თავი უნდა დავიმდაბლოთ. ამის შემდეგ გზა იხსნება. ლოცვა სუნთქვას უერთდება, გონება კი იღვიძებს, მას თვალყურს ადევნებს და დროთა განმავლობაში ვნებების შემსუბუქებას ვიგრძნობთ, ხოლო გულისსიტყვები დაცხრება და გული დამშვიდდება.
22. ნუ დაგღლის გაფანტული გონების მრავალგზის უკან დაბრუნება. ღმერთი შენს გულმოდგინებასა და შრომას დაინახავს და გამოგიგზავნის თავის მადლს, რომელიც გაფანტულ გონებას შემოკრებს. სადაც მადლია, იქ ყველაფერი სიხარულით, ძალისხმევის გარეშე ხდება.
23. ლოცვით ერთი სიხარულიდან მეორისკენ მივდივართ, ულოცველად კი – დაცემას დაცემა, მწუხარებას მწუხარება მოსდევს და რა ძნელია, როცა სინდისი გვამხელს. რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.
24. აუცილებელია განიწმინდოს გული, რომ მისგან გონებაც განათლდეს სუფთა გულისსიტყვებით, რომლებიც მასში ზეციდან აირეკლება.
25. ისევე, როგორც შეუძლებელია არ წაიბორძიკოს ღამით მოსიარულემ, შეუძლებელია არ სცოდოს მან, ვისაც ღვთაებრივი ნათელი ჯერ არ უხილავს.
26. ღვთის სასუფეველში ისინი კი არ შედიან, ვისაც სინანული არ აქვთ, არამედ ცოდვილები, რომლებიც სინანულმა და ცრემლებმა გარდაქმნა. ადამიანს ისე არაფერი შეეწევა ვნებებთან ბრძოლასა და მათ დამარცხებაში, როგორც განუწყვეტელი გონიერი ლოცვა.
27. როცა განსაცდელი მოწყინების სახით მოვა, როცა გონება და ენა უძლურდება, თითები კი სკვნილზე აღარ მოძრაობს, გევედრები, უკან ნუ დაიხევ. ცოტა კიდევ ეცადე, ღმერთმა შენი განზრახვა რომ დაინახოს და განგამტკიცოს. უფალს რაღაც სურს შენგან, ამიტომ ახანგრძლივებს ამ განსაცდელს, შენი წვლილი რომ შეიტანო. რადგან იცის ისევე, როგორც შენ, რომ შეგწევს ამის ძალა.
28. დროდადრო ისე ხდება, რომ შენ საბაბს არ აძლევ, მაგრამ მადლი მაინც კლებულობს. თითქოს ღმერთი გეუბნება: „შენი მხრიდან ყველაფერი სწორია, მაგრამ ნუ გგონია, რომ ყოველივე შენზეა დამოკიდებული. როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ მოვალ და ისევ დაგტოვებ. ნების სრულ მოკვეთასა და მოთმინებას გასწავლი, კარგად რომ დაეუფლო სიმდაბლის გაკვეთილს“.
29. ამიტომ, ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს, როგორც შეგიძლია, ისე აიძულე თავი. შენი მოვალეობა შეასრულე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და თუ მადლს ვერ მიიღებ, საკუთარ თავს შემდეგი ან იმის შემდეგი ჯერისთვის მაინც მოამზადებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, მას მიიღებ. შეუძლებელია, არ მიიღო. ჩვეულებრივ, როცა ღმერთი მადლის მოცემას აყოვნებს, მოგვიანებით გაცილებით მეტს გვაძლევს.
30. გულის ნიადაგი იმის შესაბამისად გამოიღებს ნაყოფს, როგორც დავამუშავებთ მას ლოცვით, მოვრწყავთ ცრემლით და ამოვძირკვავთ გულისსიტყვებს.
31. მათ, ვინც ლოცვაში წარმატებას მიაღწიეს, ნამდვილად იციან, რომ ადამიანის ძალისხმევის მიუხედავად, ლოცვა მადლის მოქმედებაა.
32. წმინდა სვიმეონი ნათლად ამბობს, რომ არავის შეუძლია თვითონ ადიდოს ღმერთი, არამედ მასში დამკვიდრებული ქრისტეს მადლი ლოცულობს, ადიდებს და უგალობს ღმერთს.
33. ნიშანი, რომ ღვთის მადლმა სული მოიხილა, არის ის, რომ ადამიანი შიშითა და კრძალვით ლოცულობს, მოწესრიგებული დგას ლოცვის დროს და დიდი ყურადღებით წარმოთქვამს სიტყვებს.
34. ყურადღება ისე განუშორებლად უნდა იყოს ლოცვასთან შეერთებული, როგორც სული ხორცთან.
35. ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღვთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ „ტკბილ არს უფალი" (ფსალმ. 144, 9) და დატკბება, აღარ მოისურვებს გულის არედან განშორებას, მაშინ ის პეტრე მოციქულთან ერთად იტყვის: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი" (მათ. 17, 4). გონება გარშემოერტყმება გულს, ხელს კრავს და გამოაძევებს ეშმაკის მიერ იქ დათესილ ყველა აზრს და არ იტოვებს რაიმე ამსოფლიურ ფიქრს, ხოლო სულით გლახაკს ამქვეყნიური გულისსიტყვები აღარ გააჩნია.
36. ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც ის არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნეს მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღვთაებრივ პავლესთან ერთად ხმამაღლა ამბობენ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8, 35)
37. ჩვენმა წმინდა მამებმა ისმინეს უფლის სიტყვები, რომ გულიდან გამოდის ადამიანის შემაგინებელი გულისსიტყვები (მათ. 15, 19) და კიდევ: სასმისი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს, რომ გარედანაც გასუფთავდეს (მათ. 23, 26), ამიტომ მიატოვეს ყველა სხვა სულიერი შრომა და მთლიანად ამ საქმეს – გულის დაცვას მიუძღვნეს თავი, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ღვაწლით ნებისმიერ სხვა სათნოებასაც იოლად შეიძენდნენ.
38. წმინდა ღმერთშემოსილი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „განვიწმინდოთ გული, რომ ჩვენში ყველგან მყოფი უფალი ვიპოვოთ. განვიწმინდოთ გული ღვთაებრივი ცეცხლით, რომ ჩვენში მისი ღვთაების ნათელი და დიდება ვიხილოთ“.
39. ბედნიერია ის, ვინც ღვთაებრივ ნათელს მიეახლა, შევიდა მასში, შეუერთდა ნათელს და მთლიანად ნათლად იქცა. მან სრულიად განიძარცვა ცოდვით შებილწული სამოსელი და ამიერიდან მწარე ცრემლებით აღარ იტირებს.
40. ბედნიერია ის, ვინც ამ ცხოვრებაშივე შეიცნო უფლის ნათელი ისე, როგორც ღმერთი, რადგან ის იმქვეყნიურ ცხოვრებაში კადნიერებით წარდგება ღვთის წინაშე.
41. ბედნიერია ის, ვინც მიიღო მასთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ის ბნელში იმყოფებოდა, ახლა კი გახდა ძე ნათლისა და დაუღამებელი დღისა.
42. ჭეშმარიტად ვერაფერი შეედრება ლოცვის, უწყვეტი, გონიერი ლოცვის სუნთქვას.
43. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ როცა ადამიანი ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით ლოცულობს, დროთა განმავლობაში მლოცველის ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა, როგორც მადლის ტკბილი ქროლა, „სული ცხოვრებითი ცხოვრებად“ (2 კორ. 2, 15-16), – როგორც დიდი პავლე ბრძანებს.
44. ესე იგი, ლოცვა მადლს არა მარტო მლოცველს ანიჭებს, არამედ მისგან გადმოდის, იღვრება და მისი მეშვეობით მთელ ქმნილებას გადაეცემა. ჩასუნთქვისას თვითონ ის განიწმინდება, სიცოცხლითა და სიწმინდით აღივსება, ხოლო ამოსუნთქვისას არა ის, არამედ ღვთაებრივი მადლი განწმენდს, სიცოცხლეს ანიჭებს და წმინდაჰყოფს ღვთის მთელ ქმნილებას – სამყაროს.
45. ამ უკანასკნელ ჟამს, როცა ანტიქრისტეს სუნთქვა ბილწავს ხმელეთს, ზღვას და ყველა სულიერ არსებას, ღმერთი ეკლესიის წიაღსა და გულში გონიერი ლოცვის მოქმედებას აღვივებს, როგორც მადლის გამაგრილებელ ცვარს, ილია წინასწარმეტყველის მიერ გაგონილ სიოს მობერვას (3 მეფ. 19, 12-13), როგორც სულისა და ხორცის სიჯანსაღისა და ცხონების წინააღმდეგ მოქმედი შხამის განმაქარვებელს იმ დროისთვის, რომელიც მოდის და უსათუოდ მოვა.
46. ვიცნობ ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ლოცვისთვის აიძულებენ თავს და გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ლოცვა მათ სულიერ ღვაწლში განამტკიცებს, შინაგანად განანათლებს და ისინი სიღრმისეულ, გულწრფელ აღსარებას ამბობენ. იესოს ლოცვის წინააღმდეგ აღძრული გულისსიტყვებითა და განსაცდელებით შეჭირვებული ეს ადამიანები მონდომებით მიისწრაფვიან უხრწნელი საიდუმლოებებისკენ, ისევ განაახლებენ გულისსიტყვებთან და ვნებებთან ბრძოლას და კვლავ წმინდა საიდუმლოს ეზიარებიან. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება.
47. ლოცვა სუნთქვაა. როცა ადამიანი სუნთქავს, ის ცოცხლობს, ზრუნავს თავის სიცოცხლეზე. ვინც ლოცვას იწყებს, ის მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას უდებს სათავეს სულიერი მამის ხელმძღვანელობით. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს, სიცოცხლეს ანიჭებს ქმნილებას, ასევე ადამიანის გონებასა და გულში ლოცვით აღმობრწყინებული სიმართლის მზე, ქრისტე, აღვიძებს მას, რომ დაუღამებელი დღის ნათელი საქმეები აღასრულოს.
48. ასე რომ, ძმებო, „გამუდმებით ქრისტეთი ისუნთქეთ“ – ამბობდა მოღვაწეთა მამამთავარი ანტონი დიდი. წარმართთა მოციქულიც მთელი მსოფლიოს ყველა დროის ყველა ქრისტიანს ურჩევს, სთხოვს და უბრძანებს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 17), „ხოლო სიტყვას „მოუკლებელად“ არც საზღვარი, არც საზომი არ აქვს“ – განმარტავენ წმინდა მამები.
ამგვარად, როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ წამოდგება და ეს გამარჯვებად ჩაეთვლება. მუდმივი სინანული, განუწყვეტლივ ღვთის მოწყალების მოხმობა – ამას ნიშნავს იესოს ლოცვა.
ხოლო მლოცველისთვის ლოცვის მიმნიჭებელ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა დიდება და მადლობა უკუნისამდე. ამინ.
საშობაო ეპისტოლე - 1985
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:
"ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ
ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი" (იგავ. 4, 23)
ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13,13).
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7,14).
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.
ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.
"უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით", - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: "ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე" (იგავ. 27, 1).
ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც.
მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.
ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.
ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანი შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.
ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახებ. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.
თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.
აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდებათ, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 12,39).
ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.
სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. "... ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ", - წერს წმიდა ესაია წინსწარმეტყველი (ეს. 5,20).
აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვილების ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავით დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. "ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათ უკუნი ნათლად.
"მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს [?]სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.
"გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირველად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.
გვწამს, უფალი და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.
ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!
სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.
"მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა" (იგავ. 3,3-4).
გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
სააღდგომო ეპისტოლე - 1983
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს,
მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, მკვიდრთა საქართველოჲსა
და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ
საიდუმლოი ესე დიდ არს: ხოლო მე ვიტყჳ
ქრისტესთჳს და ეკლესიისა (ეფესელთა 5,32)
ამ სიხარულს გაუწყებთ დღეს მეც ღვთივგანბრძნობილო მწყემსმთავარნო და მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, მონოზონნო და ყოველნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ეს ის სიტყვებია, რომელთაც აზრობრივად გადავყავართ იმ დროში, როცა ღრმა მწუხარებას მოეცვა მაცხოვრის მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი. ზოგიერთის გულში ეჭვსაც დაესადგურა: იყო კი იესო ის მესია, საუკუნეთა მანძილზე რომ ელოდა ტანჯული კაცობრიობა; და თუ ჭეშმარიტად ქრისტე იყო, როგორღა შეძლეს ჯვარს ეცვათ იგი?განვლო შაბათმა... იწურება მესამე დღე მაცხოვრის გარდაცვალებიდან. ღრმა ძილით სძინავს ყველას; მარტო მოციქულები და მენელსაცხებლენი დედანი ფხიზლობენ, გლოვობენ მოძღვარს. ინათა თუ არა, მენელსაცხებლეთ საფლავს მიაშურეს; სიჩუმეს მხოლოდ მცველების ფეხის ხმა არღვევს. მოულოდნელად ყველამ იგრძნო ძლიერი მიწისძვრა, გამოეცხადათ ანგელოზი, რომლის სახე იყო, ვითარცა ელვაჲ და სამოსელი სპეტაკი, ვითარცა თოვლი; ნუ გეშინინ, - თქვა მან, - ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... (მათე 28, 3, 5-6).
გოლგოთა და აღდგომა...
ეს საშინელი განსაცდელი საჭირო იყო გადაეტანათ წმ. მოციქულებსა და მენელსაცხებლე დედათ და მათ გამოცდას გაუძლეს.
გამოცდა...
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი. განგიცდია შენ ეს ყოველი? - ეს სისასტიკეა. - შეიძლება თქვა ან გაიფიქრო; მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება; ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს; გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს... თუ იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს უწამლოს იმ სენს, შენს სატკივარზე უფრო საშიში რომაა, სურს მიეახლოს შენს სულს, რათა განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი გავლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ.
ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: რამდენი წლისა ხარ? ეს ულმობელი კითხვა თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას. სულ ცოტა ხნის წინ ბავშვი იყავი და თანატოლებთან თამაშობდი, ახლა კი ოცი წლისას ცხოვრების გზა გაქვს ასარჩევი. ყრმობის ასაკმა ადრეული გაზაფხულივით სწრაფად გაიფრინა. თუ უკვე ორმოცისა ხარ, მაშ შენი მზე დასავლეთისკენ მიდრეკილა; ამის დამადასტურებელია ჭაღარა, თოვლივით ნელ-ნელა რომ ფარავს შენს თავს; რამდენი წლისა ხარ? თუ სამოცს გადასცდი და მალე სამოცდაათისაც გახდები, გახსოვდეს, მარადიულობის კარიბჭესთან დგახარ. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ... (ფს. 89, 10) - ამბობს დავით წინასწარმეტყველი.
გზა შენი მომქანცველი, ურვითა და ჭმუნვით სავსე იყო. ამქვეყნიური ქოხი გენგრევა და იცი, ვერაფრით უშველი. დათვლილია შენი წლები, იქნებ თვეებიც... ამ დროს მაინც უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: ვარ კი მზად, წარვდგე წინაშე უფლისა, აღვასრულე მე ჩემი ვალი?
ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.
როგორია ღვთის კანონი, როგორ მიჰყავს შემოქმედს ადამიანი თავისკენ? თავდაპირველად ქვევით, შემდეგ კი ზევით, ჯვარცმიდან აღდგომისა და ამაღლებისაკენ, ბნელიდან ნათლისაკენ. ხშირად ვერ ვხსნით, რატომაა აუცილებელი ჩვენთვის მძიმე განსაცდელი, ხშირად ვერ ვიგებთ, არ გვესმის უფლისა; მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისათვის.
როგორც მთელი კაცობრიობის, ისე საქართველოს ისტორიაში წარმართობა ხანგრძლივი და მძიმე პერიოდია, ქრისტიანული დილის წინარე ბნელი ღამეა.
ტკბილ არს ნათელი, - ამბობს ეკლესიასტე, - კეთილ თუალთა ხედვად მზისა (ეკლესიასტე 2,7).
ადამიანი ესწრაფვოდა სინათლეს, ეძიებდა ნათელს, ელტვოდა სიმართლეს, ჭეშმარიტს, სიკეთეს, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საით გაეგნო გზა.
გზა ჭეშმარიტი, გზა ცხოველი თავად მოაბიჯებდა კაცობრიობისაკენ. და დადგა ჯამი აღმოსავლისა მზისა ქრისტიანეთასა.
ქრისტეს ნათელმა განაბრწყინვა მსოფლიო; იგი გვაცისკროვნებს ჩვენც, თუმცა გამოცდა კვლავაც გრძელდება.
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა (პირველშეწირულის ლიტურღია).
ეს სიტყვები მრავალ კითხვას აღგვიძრავენ: რას წარმოადგენს ქრისტეს ნათელი და სად ვეძიოთ იგი? თუ თავადი იგი განანათლებს ყოველთა, მაშინ რატომღა არიან წარწყმედულნი, მრავალნი გზასა ფართოსა?
მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ (იოანე 8,12) - ბრძანებს მაცხოვარი.
საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფლებაზე ქვეყანასა ზედა. ამგვარად თქმა არ შეეძლო და არც შეუძლია წინასწარმეტყველს, მოციქულს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, არც სხვა ვინმეს კაცთაგანს, ასე მხოლოდ ღმერთკაცი ზრახავს. „ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი ნათელ არს (I იოანე, 1,5).
იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარვდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოანე 1,5).
ეკლესიის გარეშე მდგომთ, მათ, ვისაც ქრისტიანობა მხოლოდ თეორიულად ესმით, მაცხოვარი ზოგჯერ მორალისტად მიაჩნიათ, ადარებენ მას დიად ადამიანებს: ბუდას, მუჰამედს, ფილოსოფოსებს და ა. შ. ნაწილი კი საერთოდ უარყოფს იესოს მოძღვრებას და იმის დამტკიცებასაც ცდილობს, ქრისტე, როგორც პიროვნება, არ არსებობდაო.
იესო ქრისტე და მისი მოძღვრება არ საჭიროებს ვინმეს დაცვას; მსოფლიოს თითქმის 1000 ენასა და დიალექტზე თარგმნილი სახარება თვითაა საუკეთესო მოწმობა და ღაღადება ნათელზე, მსხვერპლზე გოლგოთისა - იესო ქრისტეზე, თავისი ნებით სოფლის ცოდვათა მტვირთველზე.
კრავი უფლისა ჯვარს აცვეს, ის კი მაინც ცოცხალია, მას უარყოფენ, იგი კი კვლავაც ჩვენთანაა, ჭიშკარს უკეტავენ, ის დგას და რეკავს კარზე შენი გულისა, იცდის, როდის შეუშვებ;
ერთნი მაცხოვრის მოწოდებისთანავე აღებენ კარებს, მეორენი მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიწიერი ფუფუნება აზრს დაკარგავს მათთვის, როცა ბრძენთაბრძენი სოლომონივით დარწმუნდებიან, რომ ყოველივე ამსოფლიური „ამაოა და სულსა შეაჭირვებს“. სხვანი ოდენ სასიკვდილო სარეცელზე, მარადიულობის კარიბჭესთან მდგარნი, უხსნიან გულს უფალს, მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ელოდებოდა მაცხოვარი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს აღებენ კარებს, კაკუნის გაგონებაზე კიდევ უფრო იკეტებიან და ცდილობენ დაირწმუნონ თავი, რომ მათ არ უხმობენ. ისინი ისე განლევენ საწუთროს, მარადიულ ნათელს ვერც დაინახავენ, ვერ განიცდიან სიხარულს ჭეშმარიტს; მიემგზავრებიან საუფლოსა ბნელეთისასა... სადა არა არს ნათელი, არცა ხედვად ცხოვრებასა კაცთასა (იობი 10,22).
ვის მიმართავს უფალი? ყოველდღიური საქმიანობით დაღლილ, დღევანდელი დღის საზრუნავით მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანებს: გლეხებსა და მუშებს, მწერლებსა და მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, სახელმწიფო მოღვაწეთ, ბავშვებსა და დიდებს... პირადი, საოჯახო ან საზოგადოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანებს. უზრუნველთა და დამწუხრებულთ, უნუგეშოთა და შეჭირვებულთ, მდიდართა და ღატაკს, - ჩვენ, ჩვენი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ნათელი ქრისტესი სულიერი ძალაა, საფუძველია ქვეყნიერებისა. თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშვებოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა.
ნათელი ესე ბრწყინავდა და იბრწყინვებს ნიადაგ, განურჩევლად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. საკითხავი ისაა, გავხდებით ჩვენ თანაზიარნი ამ ნათლისა, შევიცნობთ კი მას? შევძლებთ გავიგოთ, რომ... ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ (I იოანე 5,20). მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი. გიხაროდეთ ყოველთა, რომელთა მოგიპოვებიეს მცირედი ნაწილიც კი ზეციური ნათლისა, რომელნიც შემოსილნი ხართ მისი შარავანდედით: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი... ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა (მათე 5,14-16). გარნა სად ვეძიოთ ნათელი ესე, რათა განვიბანოთ მის სხივებში? ცოდნაში, მეცნიერებაში, სიმდიდრესა თუ განცხრომაში? მაგრამ ყოველივე ეს ხომ არამტკიცე, წარმავალი და არასაიმედოა. პასუხი ერთადერთია: ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ.
მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭიროა ქრისტიანის რელიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში აღესრულება საიდუმლოებანი: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, ქორწინებისა, ავადმყოფზე სრულდება საიდუმლო ზეთის კურთხევისა, საიდუმლოა ასევე მღვდლობა, ანუ ხელდასხმა სამღვდელო ხარისხში. ამ შვიდი საიდუმლოს გარდა ტაძარში სრულდება სხვადასხვა ლოცვა: პარაკლისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, პანაშვიდი და წესის აგება განსვენებულთათვის, წყლის, მარილის კურთხევა და სხვა; ყოველივე ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ქრისტიანმა გაიგოს, არ არის საკმარისი იყო მორწმუნე, აუცილებელია ეკლესიურობა, რომ ეკლესია საიმედო გემია აბობოქრებულ ზღვაში.
აი, უკვე თითქმის 2000 წელია საქართველოს ეკლესია თავის ისტორიულ მისიას ასრულებს.
ყველა ჩვენი სახელოვანი წინაპარი იყო და კვლავაც დარჩება წევრად ჩვენი ეკლესიისა; ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კი რწმენითა და სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან; ეკლესიაა ათასობით მოწამე და წმიდანი, დიდი მოღვაწენი. ესენი ყველანი ჩვენთან ერთად ქმნიან ერთიან ეკლესიას, რომლის თავიც ბრძანდება მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ამ ეკლესიის დიადი მისიაა თითოეული პიროვნების განახლება, სულიერი ფერისცვალება და ამაღლება.
ტაძარი ადგილია ადამიანის ეკლესიური კურთხევისა, კარიბჭეა მარადიულობისა, სავანეა ღვთისა. აქაური მადლმოსილი გარემო აღაზევებს, აკეთილშობილებს სულს, განწმედს და განათავისუფლებს ცოდვებისაგან.
გავიხსენოთ თუნდაც ისტორიული ფაქტი: მძიმე განსაცდელის დროს, მტერთა შემოსევების ჟამს, წმ. თამარ მეფეს ბრძოლის წინ ლაშქარი ტაძარში მიჰყავდა; აქ მეომრები მეფესთან ერთად ლოცულობდნენ, ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეკვეთებოდნენ მომხდურს. ბრძოლის დამთავრების მერე ჯარი კვლავ ეკლესიაში ბრუნდებოდა და უფლისადმი სამადლობელო ლოცვებს აღავლენდა.
ტაძარი ოაზისია, სადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალით, ღელვითა და ამაოებით დაღლილი სული შინაგან მშვიდობასა და სიწყნარეს პოვებს. იმათაც კი, ვინც აქ 10-15 წუთით შემთხვევით შემოდის, რომელთაც არაფერი იციან ღვთის, მარადიული ცხოვრებისა და უკვდავი სულის შესახებ, იზიდავს უჩვეულო გარემო, ღვთისმსახურების მშვენიერება, საეკლესიო გალობა. ხოლო ის, ვინც დიდი რწმენითა და ღვთაებრივი სიყვარულითაა გამთბარი, შეიგრძნობს გაცილებით სიღრმისეულსა და არსებითს, ვიდრე უბრალო ესთეტიკური სიამოვნებაა. ამ სიღრმისეულსა და არსებითს განსაკუთრებით დღეს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე ვეზიარებით.
ჩვენი მრწამსი, ჩვენი სარწმუნოების ყველა საყრდენი ქრისტეს აღდგომის, სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევის ფაქტზეა დაფუძნებული. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი (1 კორინ. 15,17) - წერს მოციქული პავლე. მაცხოვრის მაცხოვნებელი ტანჯვისა და სიკვდილის აზრი აღდგომამ საცნაურ ჰყო. მხოლოდ აღდგომის შემდეგ დაიწყო კაცობრიობამ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში გაერთიანება. ეს მძიმე და ხანგრძლივი პროცესია და იგი დღესაც გრძელდება. ო, როგორ ნელა აღწევს ადამიანებში მთელი სამყაროსა და ცხოვრების განახლების მომწოდებელი სული სიყვარულისა და ურთიერთნდობისა.
"მშვიდობა თქვენდა!" - ეს იყო აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები; რომ შეიცნო არსი და სიღრმე ქრისტეს აღდგომისა და შენც გახდე თანამოზიარე ამ დიადი ზეიმისა, ყოვლისმომცველი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თავთან. უფლის მიერ ბოძებული მშვიდობა კი არ უნდა განვაგდოთ, უნდა მივიღოთ იგი და გავხდეთ მონაწილე ამ ღვთაებრივი ნიჭის ჩვენში განხორციელებისა. რა გასაკვირია, რომ თაობათა მანძილზე მოწინავე ადამიანები უსაზღვრო ენერგიას ხარჯავდნენ, რათა მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეში ჩაერთოთ ზნეობრივი ძალა მთელი კაცობრიობისა. მშვიდობა ყველასათვის უძვირფასესი განძია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბოროტი ნებაც. როდესაც იგი ზეიმობს, ხალხს თავს ომის საშინელება ატყდება და ადამიანები სისხლისა და ცრემლის მორევში ინთქმებიან. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ მომავალში ასე აღარ იქნება. თანამედროვე იარაღის პირობებში გაცილებით უფრო საშინელი და გამოუსწორებელი მდგომარეობა შეიქმნება. ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ უკვე განვლილია ის პერიოდი, როცა ესა თუ ის საკითხი ძალის პოზიციიდან წყდებოდა, რომ დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშე დგას, ტყვეა ატომური ენერგიისა, რისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს; და გვწამს, უფალი დაგვეხმარება.
აღდგომილი ქრისტე გვაძლევს ყოველივეს, რაჲც ცხოვრებისა და ბედნიერებისათვისაა აუცილებელი. უპირველესად იგი გვანიჭებს სულსა და ნიჭს სიყვარულისას, რათა შევუმსუბუქოთ ტვირთმძიმე და მაშვრალ კაცობრიობას გზა მიმავალი ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა... რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს (2 პეტრე 3, 13).
საყვარელნო სულიერნო შვილნო ჩემნო!
გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომას, გისურვებთ, რომ პასექის ბრწყინვალე სხივებმა შემოანათონ თითოეული თქვენგანის ბინაში, გაათბონ თქვენი სული, დაივანონ გულში და აღავსონ იგი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. სადაც ბრძანდება უფალი, მუნ სიხარული და ნათელი ჰგიეს; სადა არს სიყვარული - მუნ ერთობა და მიტევება.
ყველას მარადიულ სიხარულს გისურვებთ.
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი.თბილისი, 1983 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 2006
გახსოვდეთ პასუხიმგებლობა წინაშე ღმრთისა და მამულისა
"ღმერთითაც ვიქადით,... ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება" (რომ. 5,11).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს –ქრისტე აღდგა!
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა.
ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მონობისაგან ჩვენს მხსნელს, მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და მადლმოსილების მომნიჭებელს.
აღდგომა – ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: "ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც" (I კორ. 15,14).
უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავისი აღდგომით ზეცად აღამაღლა მთელი კაცობრიობა, რადგან მას გამოუთქმელი სიყვარულით უყვარს თითოეული ადამიანი. ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოვებულია მარადიული სოცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით.
ადამიანი ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენების გამო აღმოჩნდა ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, ყოველ ჩვენგანს საშუალება მისცა პიროვნული არჩევანის გზით კვლავ მოეპოვებინა ცათა სასუფეველი.
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძთ" (ინ. 15,5), - ბრაძანებს უფალი და, მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუფალი ნებაც. მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და მანამდე უცნობ საოცარ სიმაღლეებს აზიარა.
ეკლესიის სწავლებით, ქრისტეში ყველა ერთიანდება, მიუხედავად ეთნიკური, რასობრივი, სოციალური და სქესობრივი განსხვავებისა. "ქრისტეში არ არის არც იუდეველი, არც ელინი, არც მონა, არც ბატონი, არც მამაკაცი და არც დედაკაცი".
ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება და თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სწორედ მისთვის ეწამა მაცხოვარი და მას გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.
პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი – ჩვენი თავიდან (მთ. 10,29; ლკ. 21,18).
იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად. გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს. ამიტომაც, სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისათვის არის დაშვებული, სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. უფალი ბრძანებს: "ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე" (ეს. 55, 8-9).
რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან განსხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგან როგორც მოციქული ბრძანებს: სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი" (1 ინ. 4,7).
მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწვეთ, თუ ცოდვებისაგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძანებს – უნდა შევიყვაროთ თვით ჩვენი მტრებიც და კეთილს უნდა ვუყოფდეთ მათ.
ასეც ხდება: შეიძლება ადამიანმა ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!
ამიტომაც თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება პიროვნებისა, იგი, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან, ხოლო მეორე მხრივ, უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება უარყოს სრულიად.
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ – უსიყვარულობას, ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.
როცა წმინდა ანტონი დიდმა ჩვენებაში იხილა კაცთა საცდუნებლად დაგებული ეშმაკის მახენი, აღმოთქვა: განა შეუძლია ვინმეს თავი დააღწიოს მას? პასუხად მოესმა: მხოლოდ თავმდაბალთ.
როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყოველ ერს, ღვთის განგებულებით, გარკვეული მისია აკისრია. ადამიანმაც და ერმაც უნდა გააცნობიეროს თავისი უმთავრესი დანიშნულება და მას უნდა ემსახუროს.
ქართველი კაცი დაჯილდოვებულია სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭით; ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენ წილად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სიწმინდე, უკერველი კვართი ქრისტესი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს განუყოფელი ეკლესიისა, რომლის სწავლებასაც ოცი საუკუნეა შეურყვნელად იცავს ჩვენი ხალხი. ეს არის ჩვენთვის განცხადებული უმთავრესი მისია ქართველი ერისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მხნეობითა და დიდი თავგანწირვით აღასრულეს. თუ როგორ ვუერთგულებთ ამ გზას, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მომავალ თაობაზე.
საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.
ამ ორი პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.
გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა. ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციისა, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენთა წინაპართა ძალისხმევით თვითმყოფადობა არასდროს დაგვიკარგავს. ეს დღესაც უნდა შევძლოთ.
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება.
ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა".
ჩვენი ენა კი უძველესია და საიდუმლოებით მოცული და მას "სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან". იგი შეიძლება შევადაროთ სინათლეს, რომელიც თავის თავში მოიცავს ცისარტყელას ფერებს. ეს ფერები მსგავსია ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის დიალექტებისა: ხევსურულისა და სვანურის, მეგრულისა და თუშურის, ლაზურისა და კახურის, გურულისა და ინგილოურის, მესხურისა და რაჭულის, კლარჯულისა და მოხეურის, იმერულისა და მთიულურისა, რომელნიც შენაკადების მსგავსად ქმნიან ერთიანი ქართული ენის მდინარეს, ენისა, რომლითაც უძველესი დროიდან ჩვენს მიწა-წყალზე "... ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების".
ამ სამ საგანძურს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მთლიანობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.
ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია გარკვეული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობთ, მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულსა და ეკონომიკურ სფეროს, რათა ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს.
საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი კაცობრიობისათვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ადამიანები დასაქმდნენ და გამოვიდნენ იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც დღეს იმყოფებიან.
ჩვენი დიდი რესურსია ინტელექტუალური პოტენციალიც. ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია. ამის მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც თითქმის სრულად გამოიყენეს საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო თუ ეკონომიკური მიღწევები, რამაც განაპირობა ამ ქვეყნების სწრაფი განვითარება. ჩვენთან პროცესები, სამწუხაროდ, სხვაგვარად განვითარდა, დაიშალა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა და გაუქმდა მთელი რიგი საწარმოები.
არ შეიძლება იგივე ბედი ეწიოს მეცნიერებას. მრავალ დარგში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მკვლევარები ჰყავს. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს; მის ჩამოყალიბებას დიდი თანხა და დიდი დრო სჭირდება. გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია.
საერთოდ, წარმატებით მხოლოდ ის ერები და სახელმწიფოები ვითარდებოდნენ, რომლებიც ალღოს უღებდნენ დროის მოთხოვნებს. სამოციანელთა მოღვაწეობით ქართველმა ხალხმა ღირსეული პასუხი გასცა რთული ეპოქის გამოწვევებს და არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ დამოუკიდებლობისათვის სულიერადაც მოემზადა.
XX საუკუნის ბოლოს აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა და ბევრმა მის იდეალებს სიცოცხლეც შესწირა. დღეს ასპარეზზე უკვე სხვა ახალგაზრდები არიან. საჭიროა არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობათა დაცვა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდეს.
ჯერ კიდევ ილია ამბობდა: დღეს სხვა ომია, ომი წიგნისა და ცოდნის, ცოდვა არ არის ცეცხლსა და მახვილში გამოტარებული ქართული დროშა ჩრდილმა და მატლმა შეჭამოსო? ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, ოღონდ თანამედროვე პირობებში ვითარება კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ კაცობრიობამ შექმნა ბრძოლის ახალი ფორმა – ინფორმაციული ომი. ქვეყნებისა და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება დღეს ძირითადად ამ საშუალებით ხორციელდება, მომავალში კი მას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ თავის დროზე სათანადოდ ვერ აუღო ალღო ამ ახალ მოვლენას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტებში, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჯეროვნად ვერ წარმოაჩინა თავისი სიმართლე და ინფორმაციულ ომშიც წაგებული აღმოჩნდა.
მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია; საჭიროა მთელმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ქართველმა დიასპორებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მსოფლიომ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს ჩვენი ისტორიის, კულტურისა და დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ სხვადასხვა უცხო ენაზე შეიქმნება ინტერნეტ-გვერდები, გამოიცემა ბროშურები და წიგნები, გაიმართება შეხვედრები და კონფერენციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაშიც დიდი როლის შესრულება შეუძლიათ უცხოეთში ამჟამად მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
მოხარულნი ვიქნებით, თუ ისინი ხელისუფლებასთან ერთად ჩვენც დაგვიკავშირდებიან და ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვიმოქმედებთ.
მკვდრეთით აღდგომილო მრავალმოწყალეო უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, ჯვარსა შენსა თაყვანსავცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. წინაშე შენსა მუხლმოდრეკილია მრავალტანჯული, მრავალვნებული, მაგრამ შენს მიერ კურთხეული ქართველი ერი და ჩვენ, ძენი და ასულნი საქართველოისანი, აღვიარებთ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა. შენი მოწყალე თვალით გარდამოიხილე, ღმერთო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, და შეგვინდევ ცოდვანი ჩვენნი, წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი.
შვილთა ჩვენთა მიანიჭე სიბრძნე და კეთილგონიერება და არ მოუშალო პატივისცემა მშობელთა; სრულასაკოვანთა განუხვენ თვალნი გონებისანი, რათა გიცნან შენ, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; სიბერე მათი ტკბილ ჰყავ და განაძლიერე, რათა იხარონ კეთილითა ნაყოფითა ძეთა და ასულთა თვისთა.
ურწმუნოთ და სულმოკლეთ განუხვენ სულიერნი თვალნი; შეცდომილნი და ცოდვით დამძიმებულნი შეიწყნარენ, ვითარცა უძღები შვილნი და შეაერთენ წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა; უძლურნი განკურნენ, საპყრობილესა და ტყვეობასა შინა მყოფნი - განათავისუფლენ, ობოლნი და ქვრივნი დაიცევ და მიჰმადლე მათ პური არსობისა; უცხოეთსა შინა მყოფნი ქართველნი მშვიდობით დააბრუნე.
სულნი გარდაცვალებულთა მამათა და დედათა, ძმათა და დათა ჩვენთა საყოფელთა მართალთასა დააწესენ; წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა, ღვთივკურთხეული საქართველო იხსენ შიდა დაპირისპირებისაგან, უცხო თესლთა მოსვლისაგან, სიყმილისა, მიწის ძვრისა და სხვა ყოვლისა ბოროტისაგან.
ღვთივკურთხეულო საქართველო, ისმინე ხმა უფლისა ჩვენისა და აღასრულე მცნებანი მისნი; წინაშე შენსა ღია არს კარი სასუფეველისა. ივერნო – გორგასლიანნო, დავითიანნო, თამარიანნო, მუდამ გახსოვდეთ პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა და მამულისა. არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ განსაცდელს; ჯვარი, რომელიც გვიბოძა უფალმა, ბოლომდე უნდა ვიტვირთოთ და ჩვენი მისია აღვასრულოთ.
ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიფარეთ და დაიცავით სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარნი საქართველოისანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი ჩვენი იყოს მწყემსი ჩვენი.
მოძღვარნო და მასწავლელნო ჩვენნო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნო, დიდია თქვენი ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე, თქვენი ლოცვით განაძლიერეთ მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი, რათა იგი იყოს მტკიცე შემაკავშირებელი და მაცხოვნებელი ძალა ჩვენი ერისა.
წმინდა მღვდელმთავარნო, მოწამენო, ღირსნო მამანო, მნათობნო სოფლისანო, მეოხ გვეყავით, რათა შევიცნოთ თავნი ჩვენნი, განვაგდოთ შური და ურთიერთშუღლი და მოგვანიჭოს უფალმა განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; ამპარტავნება ჩვენი შეცვალოს თავმდაბლობით, მტრობა და მრისხანება – სიყვარულით, ცრემლი და მწუხარება – სულიერი სიხარულითა და ამაღლებით, რათა მოხდეს ჩვენი სულიერი ფერისცვალება და საქართველოს განბრწყინვება.
ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ძე და ასული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რათა ეკლესიის ლოცვით უფლის აღდგომის თანაზიარნი გავხდეთ და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა.
სულიერი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ პასექის დიდებულ ზეიმს.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2006 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 2018
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„დაინთქა სიკვდილი ძლევითა!“ (ფს. 25.8)
ქრისტე აღდგა!
მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომქრისტე აღდგა!
აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავებაჲ.„სად არიან დამბეჭდველნი საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?“
„სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“
მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.
„ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდებაჲ მოსვლასა შენსა, დიდებაჲ ჯვარცმასა შენსა, დაფვლასა და აღდგომასა“.
დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.
მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით ქრისტესთან შეერთებულს სურს, მასთან ერთად აღდგომა;
მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ შევახსენებთ შემდეგს:
ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა ხორციელდებოდა.
ამასთან, ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღვთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.
ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღვთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.
მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება, ერწმუნნენ შურით აღძრულ ბოროტ ძალას და მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.
ასეთმა ქმედებამ ისინი ღვთის მადლს განაშორა, გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი და ეს მდგომარეობა შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცათ.
დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფალება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.
ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.
ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა... ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;
გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.
ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.
შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.
ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.
ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.
კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.
ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.
ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, - კანონმდებელთ.
მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.
ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.
რა სიხარულია ეს?
ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.
სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.
სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.
იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, - სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)
მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.
ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
„სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;
არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.
ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.
მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს...
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!
და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.
როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?
უფლის სამეფო არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღვიდგინა.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა ზეციური სასუფევლისა.
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.
ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.
გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)
მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფობა), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“.
ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.
თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.
სიყვარულია,- რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
- ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.
მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.
ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი ... მოვიდა ... მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი: „მრწამს იგი, - ქრისტე, - ვითარცა მეუფე და ღმერთი“).
ქრისტე, - მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!
სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური.
შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.
ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, - მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;
სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.
ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.
ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.
მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.
დღეს, როცა ეს ტაძრი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა: „შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).
„შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!“
ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელენო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო ... ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი,
8.04.2018
სიტყვა მესამე გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე
ა
როცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის ჩასვლისას იწყებოდა და ცისკრის ჟამამდე გრძელდებოდა.როცა ჩემი ნეტარხსენებული მოძღვარი იოსები მონაზვნური ცხოვრების წესებს გვასწავლიდა, განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას შინაგანი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე. რადგან მისი ცხოვრება ლოცვისთვის განუწყვეტელი თავის იძულება იყო, ჩვენგანაც მოითხოვდა შეძლებისდაგვარად გვეიძულებინა თავი, რომ ღრმად ჩაგვებეჭდა გონებასა და გულში უფლის სახელი, რომელიც სულიერი შენობის ქვაკუთხედია.
ძილის შემდეგ, – გვეუბნებოდა მამა იოსები, – ადამიანის გონება დასვენებული და სუფთაა, მზად არის, რომ მივაწოდოთ პირველი სულიერი საკვები – სახელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
რადგან ბოროტმა ეს იცის, გაღვიძებისთანავე ცდილობს ელვის სისწრაფით ჩათესოს თავისი ბოროტი გულისსიტყვების ღვარძლი, რომ მისი დაფქვით დაიწყოს მუშაობა მეხსიერების წისქვილმა და მისი ბრუნვის ხმაური ბოროტის ლოცვის ხმად გაისმოდეს.
იმ ადგილს, სადაც დასაფქვავ ხორბალს, ქერს, სიმინდს ან სხვა მარცვალს ყრიან, მეწისქვილეები თავიანთ ენაზე ხვიმირს ეძახიან. ზევით ღია და ფართო ხვიმირი ქვევით ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის მარცვალს აძლევს საშუალებას დოლაბზე რიტმულად ჩამოიყაროს.
ამრიგად, რაც ხვიმირში ჩავარდება, დოლაბებს შორის გაივლის და დაიფქვება. მაგრამ იმისთვის, რაც შედის გულში – სადაც ადამიანის გულისთქმებია თავმოყრილი – არ არის აუცილებელი გონების დოლაბებს შორის გავლა. „გულისაგან, – თქვა უფალმა, – გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი“ (მათ. 15, 19), ისინი ზემოთ ადიან, სათითაოდ გაივლიან და იფქვებიან. რაც უფრო არაწმინდა და მიწიერია გული, მით უფრო სამარცხვინო და საზიზღარია გულისსიტყვები.
ამრიგად, ამღვრეული გულისსიტყვების ნაკადი გონებაში რომ არ ავიდეს და გული განიწმინდოს, როგორც ეს მის შემოქმედს სურს, ჩვენი გონება შინაგანი ლოცვით გულის ზეცაში ჩაგვყავს. ამგვარად ვნებების ადგილს, სადაც სატანა არაპირდაპირი გზით თაყვანცემულია, ღვთის წმინდა ტაძრად, წმინდა სამების სამკვიდრებლად გადავაქცევთ.
სიტყვებით გამოსახული ეს სქემა უბრალოა, მაგრამ მისი გამოყენება ადამიანის მთელ ძალებს მოითხოვს ღვთის მადლის უსაზღვრო შეწევნასთან ერთად. ვინაიდან ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავს გვთავაზობს და თანაც გვთხოვს: „მომეც, ძეო, შენი გული“ (იგავ. 23, 26), საჭიროა ჩვენც მთლიანად მივუძღვნათ და მორჩილებით მოვუდრიკოთ თავი ჩვენი მღვიძარე მამების ასკეტურ კანონებს.
მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას.
ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვის, რადგან ჩვენი მღვიძარება შუაღამემდე ბევრად ადრე იწყება, ვიტყვით „წმინდაო ღმერთოს“, სარწმუნოების სიმბოლოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ღირს არსს“ და ჩვენი ლოცვის ადგილზე დავჯდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით – სკვნილით ხელში.
დაჯექი შენს პატარა სკამზე? – ამბობდა მამა იოსები, – ერთი წუთით! ნუ დაიწყებ ამ მეთოდით ლოცვას, სანამ გონებას არ მოიკრებ, არ დაფიქრდები სიკვდილზე და კიდევ იმაზე, თუ რა მოსდევს მას.
წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა. ყველა დანარჩენმა დღემ და ღამემ, დარწმუნებული ხარ, რომ უკვე ჩაიარა და შენი ცხოვრების ამ ზღვრამდე მოგიყვანა. ღამე, რომელიც წინ გაქვს, არ იცი, გაგითენდება თუ არა და მომავალ დღეს იხილავ თუ მოახლოებულ სიკვდილს მიგცემს ის ხელში. რამდენი გარდაიცვლება ამ ღამეს! რა იცი, რომ შენც მათ შორის არ იქნები?
მაშ, იფიქრე, რომ სულ მალე ამ ქვეყნიდან გასვლისას ანგელოზები ან დემონები მოვლენ და შენი საქმეების მიხედვით შენს სულს მოითხოვენ. მწარე ბრალმდებლები – ეშმაკები, სიკვდილის ჟამს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების საქმეებს წარმოადგენენ და სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებენ. ანგელოზები ჩვენ მიერ აღსრულებულ ღვთისთვის სათნო საქმეებს უპირისპირებენ და ამ წინასწარი სამსჯავროთი განისაზღვრება სულის მსვლელობა. ამას მოჰყვება საზვერეები, მსაჯულის საშინელი სამსჯავრო და ბოლოს – განაჩენი.
და თუკი მთელი ამ სასამართლო პროცესის შედეგი ჯოჯოხეთი იქნება, მაშინ რას იზამ, უბადრუკო სულო? რას მისცემ მაშინ, თავი რომ დაიხსნა? „მოეგე თავსა თვისსა“, როგორც უძღები შვილი (ლუკ. 15, 17), რომელმაც შეინანა და ითხოვა შეწყალება მრავალმოწყალე ღვთისგან. რის გაკეთებასაც მაშინ ისურვებდი, ახლა გააკეთე. შესცოდე? შეინანე, რამეთუ „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი“ (2 კორ. 6, 2).
თუკი ამგვარი ფიქრით, სურათებისა და წარმოსახვის გარეშე, ადამიანი სულ ცოტა ხნით მაინც დააკავებს გონებას, მას სინანული ეძლევა, მისი გული ცვილივით რბილდება და გონება აღარ ეფანტება. სიკვდილის ხსენებას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებას და გულში ღვთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო შენი „ერთფრაზიანი“ უწყვეტი შინაგანი ლოცვა.
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული.
ლოცვის ლოცვა – წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიხედვით, წმინდა დიონისე არეოპაგელი განიხილავს ლოცვის 3 ფორმას: პირდაპირი, სპირალური და წრიული. წრიული ლოცვა ერთადერთია, რომელიც თავისუფალია ხიბლისგან. ამ ლოცვას წრიული ეწოდება იმიტომ, რომ როგორც წრის პერიმეტრი უბრუნდება თავის საწყის წერტილს, ასევე წრიულ მოძრაობაში გონება უბრუნდება თავის თავს და ხდება ერთი მთლიანი; ამიტომაც თქვა უდიდესმა ღვთისმეტყველმა წმინდა დიონისემ: სულის მოძრაობა წრიულია, რადგან ის ტოვებს გარეგანს, შედის საკუთარ თავში და აერთიანებს თავის გონებრივ ძალებს წრიულ მოძრაობაში, რაც სულს ხიბლისგან იცავს.">წრიული ბრუნვა გულის არეში იმდენად აფართოებს მის საზღვრებს, რომ წარმოიქმნება მეორე ზეცა – გულის ზეცა, რომელსაც შეუძლია დაიტიოს დაუტევნელი.
გულის საყდრის გამო სასტიკი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ბოროტი იმოქმედებს ვნებებითა და მათგან მომდინარე კვამლით, ანუ ლოცვის საპირისპირო სხვადასხვა გულისსიტყვით და რამდენადაც მარხვა, ლოცვა, მღვიძარება და სხვა ასკეტური საშუალებები მას საყრდენს გამოაცლის, მით უფრო გამძვინვარდება და ეცდება – ღვთის დაშვებით – ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაცდელით, ჭირით, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს თავისი ბოროტება და ცბიერება. თუმცა, ზეციერი მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს. ჭირის დათმენით ისე უნდა გავახაროთ უფალი, როგორც დავამწუხრეთ ცოდვით მოხიბლულებმა. მაშინ ხარობდა ეშმაკი და წუხდა ღმერთი, ახლა კი დროა, განიხაროს ღმერთმა და დამწუხრდეს, განჰსქდეს ეშმაკი.
ბ
„ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა, გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა“ – შენიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, – „რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე“.მსგავს რჩევებს გვაძლევს ყველა წმინდა მამა, თითოეული საკუთარი გზითა და სიტყვებით, გამომდინარე მათი ბრძოლისა და გამარჯვების გამოცდილებიდან მტერზე, რომელიც უწყვეტი გონიერი ლოცვით სრულიად ძალაგამოცლილი და დაუძლურებულია.
– „ძმანო, მარად ქრისტეთი ისუნთქეთ“ – შეგვაგონებს უდაბნოს უდიდესი მეცნიერი ანტონი დიდი.
„მარად იხსენებდე ღმერთს და შენი გონება ზეცად გადაიქცევა“ – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესომ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავისი სახიერებით, ვნებითა და აღდგომით.
ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს ყველა ამქვეყნიური სიამოვნებისგან და ბოლომდე მამაცურად აღუდგება წინ სოფლისმპყრობლის ზეგავლენას, აქ, ამ ცხოვრებაშივე წინასწარ გაიგებს ცათა სასუფევლის სიკეთის გემოს. აზრების დამშვიდება, მშვიდობა გულში, ტკბილად მომდინარე ცრემლები, გონების ცად აღტაცება, საიდუმლოთა წვდომა, უსაზღვრო სიყვარული, ღვთის გონიერი ჭვრეტა, სრულყოფილება „რაოდენ-იგი ხელეწიფების კაცობრივსა ბუნებასა“ – ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის სისტემატური, ხანგრძლივი, გულმოდგინე, შეუპოვარი ღვაწლით.
მაგრამ მუდმივი გონიერი ლოცვა რომ შესმენილი იყოს, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.
რაც შეეხება მორჩილებაში მყოფ მონაზონს, მას მტკიცე მორჩილება მართებს თავისი მოძღვრისა, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების ხილული სახეა. ასევე ევალება ყველა ქრისტიანს თავისი ცხოვრება სულიერი მოძღვრის მითითებებით წარმართოს და დაემორჩილოს ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს, რათა თითოეულმა თავისი გულისთქმებისა და ნება-სურვილის არასწორი გზით არ იაროს, როგორც გვირჩევს და გვაფრთხილებს წმინდა წერილი.
პატერიკში აბბა მინოსის ძალზე მარტივი და მრავლისმომცველი აზრია მოყვანილი: „მორჩილება მორჩილებისა სანაცვლო არს. უკეთუ ვინმე დაემორჩილოს ღმერთსა, ღმერთიცა მორჩილ ექმნას მას“. აბბა ისაია კი ამას უფრო ვრცლად განმარტავს: „შეუძლებელია ღმერთმა არ შეისმინოს ადამიანის, თუ თვით ადამიანი არ ეურჩა ღმერთს. რადგან ღმერთი შორს კი არ იმყოფება ადამიანისაგან, არამედ ჩვენი ნება არ აძლევს საშუალებას, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა“.
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა!
თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
თუკი ღამით ლოცულობ, დღისით კი დაუდევრად ცხოვრობ, ეს იგივეა, რომ ერთდროულად აშენებდე და თან ანგრევდე.
თუ უგულებელყოფ მცირე შეცდომებს, მაშინ ნამდვილად დიდ ცოდვებში ჩავარდები. ფრთხილად იყავი.
შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს. უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. „მადა ჭამაში მოდისო“ და ლოცვაც ლოცვით იშვება.
აღასრულებ მორჩილების საქმეს, შრომობ? გაიხსენე წმინდა მამები, რომლებიც საქმიანობისას საკუთარ თავს ეუბნებოდნენ:
„სხეულო, გაისარჯე საზრდელისთვის,
სულო, იღვიძებდე ცხონებისთვის“.
გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა და ნუ უქმადმეტყველებ, რადგან ამით საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზიანებ.
აბბა ფილიმონი ამბობს: „ბევრი წმინდა მამა ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მათ, ამიტომ ისინი მდუმარებით იცავდნენ თავს და არავის ესაუბრებოდნენ“.
დროის დაკარგვას სჯობს ილოცო და რაც მეტად მოდის შენთან მოწყინება და უდებება, მით მეტად გეშინოდეს იმ აღნათქვამის, რომლითაც უფალმა ბოროტ და ზარმაც მონას მიმართა (მათ. 25, 26, 30).
თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი.
ნუთუ შენი უდებებით მოიწონებ თავს იმ დროს, როცა სხვები თავიანთი შრომისთვის გვირგვინებს მიიღებენ?
მცირედ გაისარჯე, ძმაო, ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწყინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას, რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხიარულება, როგორც ანგელოზთა სიტკბოება, როგორც იმქვეყნიური დაუღამებელი ნათელი, რომელსაც ქრისტე, ნათელი სოფლისა ლოცვით შემოსული, მოგანიჭებს ჯერ კიდევ ამ სოფლიდან გასვლამდე. განა ასე არ ხდებოდა მამებთან და რატომ არ შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც, თუკი ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უდებება არ გახდება ამისთვის დაბრკოლება?
ჩემი მოძღვარიც ამბობდა: მცირედ გაისარჯე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და როცა ამის დრო მოვა, იმაზე გაცილებით მეტი მოგცეს, ვიდრე გაისარჯე ან ითხოვე. წმინდა ისააკ ასურის სიტყვებსაც ნუ დაივიწყებ: „ეშმაკი ჯერ იმისთვის იბრძვის, რომ გაანადგუროს უწყვეტი შინაგანი ლოცვა, შემდეგ მონაზონს დაარწმუნებს, რომ ის დროც უგულებელყოს, რომელიც ლოცვის კანონისთვისაა განკუთვნილი; ლოცვის კანონი კი ღვთის თაყვანისცემითა და მუხლთადრეკით აღესრულება".
მაშ, ნუ უსმენ, რასაც უდებება ჩაგჩურჩულებს და თუ გსურს ღმერთმა შენი შეცდომები დაფაროს, შენც დაფარე შენი ძმის შეცდომა და მოუთმინე მას განსაცდელისა და ტკივილის ჟამს.
ნუ შეეპასუხები და ნუ დაფარავ გულისსიტყვებს შენი სულიერი მამისგან, თორემ მთელი ცხოვრება ამაოდ იშრომებ და უნაყოფო იქნება შენი ლოცვა.
თუ გულწრფელი აღსარებით არ განიწმინდავ თავს, როგორ მიეახლები საზიარებლად უხრწნელ და ცხოველმყოფელ ქრისტეს საიდუმლოს? არ გსმენია, რომ ვინც ღირსეულად ეზიარება, ცხოვრებად ექცევა, უღირსად მაზიარებელს კი სიკვდილად?
ნუ იტყვი, როგორც სხვა, ისე მეო, რადგან ეს უგუნური ნათქვამია, მსაჯული კი არ ტყუვდება.
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა და მაშინვე უნდა განაგდო, რადგან ის ლოცვის ძაფს გაწყვეტს. ყოველი გულისსიტყვა კი, რომელიც სულში სიხარულითა და ცრემლით შეზავებულ ზომიერ მწუხარებას შობს, ღვთისგანაა. უფლის მადლი სინანულისკენ მიუძღვის ადამიანს და სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვარდება.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ.
სააღდგომო ეპისტოლე - 2012
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).
ქრისტე აღდგა!
სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!
ქრისტე აღდგა!
სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; "ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა… და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარწმუნოებისათა" (წმ. იოანე ოქროპირი)
მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი, რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული?!
მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ.
ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. "როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ" (რომ. 5.12). ძველი აღთქმის წმიდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ, რადგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღისთვის შეუფერებელნი იყვნენ. ასე რომ, ყველასთვის დაიხშო სასუფევლის კარი.
უფლის სამართალი და კანონზომიერება ითხოვდა, რომ ამ ცოდვის საპირწონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღესრულებინა; ხოლო რადგან კაცთა შორის და, ზოგადად, ქმნილებათა შორის, ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა, გმინავდა სამყარო, ჯოჯოხეთი და სიკვდილი კი ზეიმობდა.
და აი, აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. "სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით" (წმ. ათანასე დიდი).
ამქვეყნად უფალი ჩვეულებრივი ადამიანივით მოქმედებდა; ამიტომაც სრულად არავინ იცოდა ვინ იყო იგი. ეშმაკი მხოლოდ წმინდანს და ღვთის რჩეულს ხედავდა მასში; უდაბნოში გასულ იესოს მან გამოცდა მოუწყო და პირველი დამარცხებაც იწვნია.
მაცხოვარი შემდეგ უკვე თვითონ დევნის ეშმაკს, კურნავს შეპყრობილებს, დავრდომილებსა და კეთროვნებს, თვალს უხელს ბრმებს, აღადგენს მკვდრებს…
ბოროტი სული შეძრწუნებულია და გრძნობს, რომ ადვილად ვერ მოერევა მას. ამიტომაც მისი ნებისადმი ნებაყოფლობით დამორჩილებულ და გაუკეთურებულ ადამიანებს იყენებს თავისი მიზნის განსახორციელებლად.
და აი, იუდა…, სინედრიონი…, პილატეს სამსჯავრო, ჯვარცმა და ძე კაცისას ადამიანური ტკივილით სავსე უკანასკნელი აღმონათქვამი: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი", "უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე".
თითქოს აღსრულდა ფარისეველთა და ჯოჯოხეთის ძალთა წადილი, - მოკვდა იესო; მისი სული და სხეული ერთმანეთს განეშორა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, - ქვესკნელში შთავიდა სამყაროს შემომქმედი! ეშმაკი ჰგონებდა, რომ სხვა ადამიანთა მსგავსად შთანთქავდა ჯვარცმულ იესოს, მაგრამ თავად აღმოჩნდა ძლეული. ქრისტე მაცხოვარმა, რომელშიც საღვთო ბუნება ადამიანურ ბუნებასთან იყო შეერთებული, შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, დაამხო მისი ძლიერება, დათრგუნა სიკვდილი და იქ მყოფი მართალთა სულნი ცათა სასუფეველში აიყვანა.
ქრისტემ "ძლევაი საკვირველი" მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.
გავიხსენოთ უფლის სიტყვები: "მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე…, მისცეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 17,1,2).
ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.
"სასუფეველი ცათა იიძულების" - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს ნამდვილ "მეს". ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თავს.
მაშ, შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემომქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმ. მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.
ამ გზაზე შეურაცხყოფაც შეგვხვდება და ცილისწამებაც, დაცინვაც და დამდაბლებაც, დაცემაც და აღდგომაც. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ყველაფერი ჩვენი ამპარტავნების წამალია, მწარე, მაგრამ განმაკურნებელი წამალი.
მაგრამ კაცობრიობის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობს, რადგან არ სჯერათ ღმერთის და მარადიული ცხოვრების.
უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი - შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგ: რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?
ეს ადამიანები გარკვეულწილად სხვისთვის ცხოვრობენ, მაგრამ მათი ყოფის მიზანს ასეთი აზროვნება სრულიად აუფასურებს.
ისინი გაცილებით დასაფასებელნი არიან, ვიდრე "ლოგიკურად" მოაზროვნენი, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთრი ბედნიერებისათვის და ასევე ბედნიერად დაამთავრონ ცხოვრება აქ, რადგან მათთვის იმქვეყნად არაფერი არ არსებობს.
ეს არის ყველაზე პრიმიტიული დამოკიდებულება სიცოცხლისადმი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში მსოფლიოში სწორედ ამგვარი განწყობისათვის ხდება ხელის შეწყობა.
მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ მოვლენაზე, რომ უფრო ნათლად გავერკვიოთ რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება.
საზოგადოებრივი ყოფისადმი "ახალი მიდგომა" ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის…
და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.
თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას.
სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია!
ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია!
ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.
საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური "ჭეშმარიტებები". მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული.
თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება.
ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას!
ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.
როგორც ჩანს, ამ "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის… გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირების" პოპულარიზაცია.
ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად, ყოვლად წმინდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.
ასეთი დაწესებულებები ბევრ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, მათ კანონით მკაცრად განსაზღვრული მდებარეობა აქვთ - მოცილებულნი არიან სასწავლო და რელიგიურ დაწესებულებებს, ქალაქის ცენტრს, საზოგადოების დასვენებისა და კულტურული თავშეყრის ადგილებს.
მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და მრავალი ხელშემწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა ხალხმა გაუძლო ამ საცდურს და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველად დარჩა.
ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მტკიცე ოჯახისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნას, ამიტომაც გვსურს, რომ გამოვთქვათ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება:
მიუხედავად ქვეყნის გარკვეული წინსვლისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად კვლავაც დაუცველ ფენას წარმოადგენს; დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი; ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი; არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი, დაბალანაზღაურებადია.
საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია.
თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი.
ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჯანდაცვის სფერო.
ექიმობა ღვთივკურთხეული და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთელი საზოგადოება; ამიტომ, ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პრესტიჟის დაცვა და ახალგაზრდა მაღალპროფესიული კადრის აღზრდა.
ავადმყოფის მკურნალობა ასევეა დამოკიდებული ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების გამოყენებაზე, ვინაიდან უვარგისი და ფალსიფიცირებული წამალი შეიძლება საწამლავად ექცეს მას. ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხს.
ფრიად სასურველია სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.
დღეს სერიოზულად ზრუნავენ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მათ ადრეულ გამოვლენაზე, რაც ძალიან სწორია და აუცილებელი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რაც, ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება.
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი.
აუცილებელია სპეციალური სამსახურების მობილიზება და მათი ინტეგრირებული საქმიანობა, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ დაავადების, ისე c ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე დაავადებულებში – დროული მკურნალობა.
ჩვენი ტკივილია, რომ საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან, იქნებ ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.
კარგი იქნება, ციხეებში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებ საშიშია.
აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.
პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.
ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?
ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა." (II კორ.3,17).
ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.
თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.
რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნეთ უმზადებს?!
"საერთოდ, ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია" - წერს II-III-საუკუნეების ცნობილი მწერალი ტერტულიანე.
ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.
ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
ძველი ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შეჰხარის და შეიცნობსო.
ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში.
ხოლო ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით; რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარჩენი ყველაფერი, - სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული. უფალი ბრძანებს - მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული (გამოცხ. 1.8); მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჰსწამს ჩემი, კიდეც, რომ მოკვდეს, იცოცხლებს (ინ. 11,25).
ჩემო სულიერო შვილებო, აფხაზნო, ოსნო, უკრაინელნო, ქართველნო, ბერძენნო, ასირიელნო, აზერბაიჯანელნო, რუსნო, სომეხნო და ქურთნო, უდინნო, იეზიდნო და სხვანო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი
სააღდგომო ეპისტოლე - 1984
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:
"... ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს".
(1 იოანე 2, 8)
ტაძრების ზარების გუგუნი მსოფლიოს აუწყებს ერთ-ერთ ყველაზე დიად დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას... დღეს ზეიმობს ეკლესია, სიხარულს დაუსადგურებია ყოველი ქრისტიანის გულში, აღვსილი ამ ზემიწიერი სიხარულით, სიყვარულით გილოცავთ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
სიხარულს ხშირად წინ უსწრებს დიდი მწუხარება. ასე იყო მოციქულების დროსაც... ისინი სულით ხორცამდე შეძრულნი იყვნენ მომხდარით. სულ სხვას ელოდნენ, მოვლენები კი სხვაგვარად წარიმართა. მათი იმედი და ნუგეში შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს. ადამიანური ზიზღისა და სიძულვილის ქარიშხალმა გადაუარა იერუსალიმს; შემდეგ კი იქ, სადაც გააფთრებული ბრბო ბობოქრობდა, შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა; დაცარიელდა თხემის ადგილი, მხოლოდ იესოს მახლობელნიღა ტრიალებდნენ ჯვრის შორიახლოს. დაიკარგა რწმენა, განქარდა იმედი, დარჩა ტანჯვა-წვალება და სევდა; და კიდევ სიყვარული, ჯერეთ დაუშრეტელი. შიშსა და სასოწარკვეთას მოუცავს მოციქულნი. უნუგეშოდ დარჩენილნი არ აპირებენ მაცხოვრის ბრძანებისამებრ გალილეაში გამგზავრებას, რადგანაც არ მოელიან შეხვედრას იქ მასთან, ვინც მათ თვალწინ ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა.ო, რა სუსტი და მცირედმორწმუნეა ადამიანი!
მოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... "და აჰა ძრვაჲ იყო დიდი" და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, "ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი" (მათე 28, 2-3). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (1 კორ. 15,17)."დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!"
ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...
"რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?" - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს (ფს. 8,5).
ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.
ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარემოს გრძნობადი აღქმა მისი არსის, მისი ყოფის ერთი მხარეა, ამიტომაც არ არის სწორი ადამიანის შესწავლის ცდა მხოლოდ სომატური ანთროპოლოგიის, ბიოლოგიის ანდა საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების მიხედვით. კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა.
აი, როგორ განიხილავს წმ. გრიგოლ ნოსელი სამპიროვანი ღვთის ბუნების ადამიანში განხორციელებულ საიდუმლოს: "ადამ, ქმნილება პირველი და არა შობილი, არს სახე დაუსაბამოისა მამა ღმერთისა, ყოვლისა მპყრობელისა და ყოვლისა მიზეზისა; ძე ადამისა შობილი - მსგავსი არს ძისა და ღვთისა სიტყვისა შობილისა, და ევა, გამოსული ადამისაგან (გარნა არაშობილი მისგან), არს სახე სულისა წმიდისა" (არქიმანდრიტი კიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია, გვ. 157).
"ჩაუღრმავდი თავსა, შთაიხედე სულსა შენსა, ვითა სარკესა შინა; და ოდეს კეთილად განარჩევ იქ ყოველსა, შეიცნობ, რომ ხატი და მსგავსი ხარ ღვთისა. და ვითარცა ვერ იხილავ და ვერ უპოვი სახელსა უკვდავსა არსსა შენისა სულისასა, ეგრეთ მიუწვდომელ, შეუცნობელ და უკვდავ არს ღმერთი შენი", - ვკითხულობთ იქვე (გვ. 159).
სხვა ადგილას წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: ადამიანმა დაიკავა საშუალო ადგილი ღმერთსა და მის მდაბალ ქმნილებათა შორის, ამიტომაცაა იგი გაორებული: ნათელი გონებით ღვთაებრივ მშვენიერებას გვაგონებს; მგზნებარე ვნებებით კი - ცხოველს; ამით აიხსნება ის შინაგანი კონფლიქტი და დაპირისპირებულობა, რისკენაც საერთოდ მიდრეკილია იგი.
ასე რომ, ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება.
"რა გსურს, სულო ჩემო? - ეკითხება თავის თავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რა არის მოკვდავთა მიერ დაფასებული სიკეთეთაგან შენთვის მეტ-ნაკლებად ღირებული? ითხოვე რაიმე დიდებული და მიიღებ მას... გნებავს თუნდაც ქვანი პატიოსანნი, ველნი მშუენიერნი და კეთილნი, სიმრავლე ფარათა, ხართა და აქლემთა?.. იქნებ ტახტსა და მბრძანებლობას მიელტვი - ან ხანმოკლე დიდებას, რადგანაც ხვალვე დაგამდაბლებენ, გყოფენ მორჩილად მაშინ, როდესაც განდიდების გზას შეუდგება ვინმე სხვა კაცი, თუნდაც შენი ყმა, ცოტა ხნის წინათ უბადრუკი მსახური შენი... ეგებ გსურს, სულო, ჭეშმარიტების სახელით კანონებით ვაჭრობა (ანუ მათი უსამართლო განმარტება)?.. ნუთუ გონიერისა კაცისათვის აქვს მნიშვნელობა და ფასი მას, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების, მას, რაც მსახურებს ბოროტთაცა, და ვერას არგებს მიმავალსა იმა სოფლად" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 223-224). აი, შედეგიც მიწიერი ბედნიერებისა:
"- სად-რა ვეძიო დიდებული სიტყვები ჩემი? - განიბნია ჰაერსა შინა.
- ხოლო იერი და ფერი ჩემი სიჭაბუკისა? - უკვალოდ გაქრა.
- გარნა დიდება? - იქმნა არარა.
- სიმტკიცე ჩემის სხეულისა სად დაიკარგა? - შემუსრა ჭირმა.
- ადგილ-მამული და სიმდიდრე ვის ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (1 კორ. 2, 4). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.
რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:
"უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე".
... თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: "ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატელთა, 2, 19-20).
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მახვილი ხილული და უხილავი ბოროტი ძალის წინააღმდეგ.
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულისა განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისათვის შეწირული უფლისა; უკეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8, 34).
თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისაგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის), თავის უარყოფა ნიშნავს, მსახურებას მოყვასისათვის.
მაგალითისათვის დავასახელებდი ღვაწლსა და შრომას ქართველთა მეფის თამარისა, რომლის გამეფების 800 წლისთავს წელს ზეიმით აღნიშნავს ჩვენი ეკლესია და ხალხი. იგია სახე ჩვენი ერისადმი შეწირული მოღვაწისა და დიდი ჯვარისმტვირთველისა. სულთანმა რუქნადინმა გადაწყვიტა დაერბია გაძლიერებული საქართველო და აღეგავა იგი პირისაგან მიწისა. მან მეფე თამარს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
"... აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩართსა ჩემსა; სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს" (ლეონტი მროველი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 93, თბ., 1959).
ხოლო დედოფალმან ასეთი პასუხი შეუთვალა:
"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსანისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღვთისა, ნუ შენი! სამართალი იმისი, ნუ შენი!" (იქვე, გვ. 93-94).
სიმდაბლისა და მორჩილების ნიშნად წმ. თამარი ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს ვარძიიდან ბასიანისკენ, ბრძოლის წინ აკურთხა იგი პატიოსანი ჯვრით, დალოცა და თვით ოძრხეს შემოიქცა, სადაც დღე და ღამეს განუწყვეტელ ლოცვასა და გალობაში ატარებდა; მასთან ერთად ლიტანიობდა მთელი საქართველო.
და შეისმინა უფალმა ვედრება მხევლისა თვისისა. მუსულმანთა 400 000 მეომარი სამარცხვინოდ იძლია ქართველთა 100 000-იანი ქრისტესმოყვარე მხედრობისაგან, განიბნია და შეიმუსრა სიმრავლე აგარიანთა. გამარჯვებულმა ლაშქარმა მეფე თამართან ერთად ვარძიაში მადლობა შესწირა უფალს ხსნისათვის.
მემატიანე მრავალგზის მიუთითებს დედოფლის წმიდა ცხოვრებაზე, რომ იგი ვერ აცდუნა სიამემან ამა სოფლისამან, ვერცა სამეფო გვირგვინმან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ძლიერებამ... ვერ მიდრიკა სიმდიდრემან... რომ მან გამოიჩინა სიბრძნე სოლომონისებრი და ყოვლითა გულითა და გონებითა შეიყვარა და შეიტკბო უფალი; კაცს განაცვიფრებდა ღამეყოველ მღვიძარება მისი, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღვთისა. ხშირად თამარი თავისი ხელით მოქსოვილს ან მოქარგულს ყიდდა და მის საფასურს გლახაკთ ურიგებდა - ღარიბებს თავისი შრომით ეხმარებოდა და არა მხოლოდ სამეფო შემოსავლიდან (იქვე, გვ. 79-81).
ისტორიკოსი ასევე გვაუწყებს, რომ თამარის დროს წირვა-ლოცვა შეუმოკლებლად აღესრულებოდა პალესტინის მონასტერთა ტიპიკონის მიხედვით, რომ სამეფო კარზე მყოფთაგან ლიტურღიას, მწუხრს, ცისკარსა და ჟამნს ვერავინ დააკლდებოდა.
წმიდა თამარი იქმნა ის ბრწყინვალე, დაუვალი ვარსკვლავი, რომელიც მარად უნათებს საქართველოს და ათბობს ყოველი ქართველის გულს.
ხშირად კითხულობენ: პიროვნებაში ბოროტების გაძლიერებით თუ იშრიტება ღვთის სიყვარული მისდამი? პასუხი ერთია: ღვთაებრივი სიყვარული ისეთი უსაზღვრო და უნაპიროა, იმდენად დიდი და ამაღლებულია, რომ ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეძლებს ამ სიყვარულსა და ადამიანს შორის ჩადგომას. მაინც როგორია ბოროტების არსი და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთან?
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველია აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.
"ბოროტება არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება თავისი ბუნებით დამოუკიდებელი არსი, რადგანაც არა აქვს მას რაობა, ბუნება და თვითმყოფადი სახე, ძალა, სათვალავი და თვისება. იგი ბუნებრივი ძალების დაშრეტის შედეგია. ამ ძალების არასწორი, გაუაზრებელი მოქმედებაა" - წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი (მაქსიმე აღმსარებელი, კითხვა-მიგება ფალასისად, საღვთისმეტყველო უწყებანი, 1916; გვ.31-32).
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება, და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.
ამ სიყვარულის ღირსი რომ გახდეს ადამიანი, აუცილებელია, მან სული განიწმიდოს ცოდვებისაგან. ჩვენდა საუბედუროდ, ხშირად ვადანაშაულებთ სხვებს, განვიკითხავთ მტრებს... ჩვენი მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზი კი ჩვენშივეა; უნდა გვახსოვდეს: როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა... და, როგორც შედეგი ყოველივე ამისა, სიწმიდეც. ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.
ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განუყოფელია სამშვიდობო მოღვაწეობისაგან. დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშეა. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ ხალხთა ტანჯვას, იმას, თუ როგორ იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როგორ განლაღებულია ბოროტება; არ შეიძლება გავჩუმდეთ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული ომის საფრთხე. მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკით ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა გააზრებული აქტიური მოქმედება, რომ აცილებულ იქნას ომის საშიშროება.
ის მისია, რაც აკისრია ეკლესიას, არ აძლევს მას დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ზოგიერთის აზრით, ეკლესია თავს არიდებს თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებელი კია ვიცოდეთ მისი როლი დღევანდელ პირობებში, ვიცოდეთ, თუ სად არის ჩვენი, მორწმუნეების, ადგილი ამ მშფოთვარე მსოფლიოში. უეჭველია, იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, სადაც ყველაზე დიდი მწუხარება და ცრემლია, იქ, სადაც იბრძვიან მშვიდობის, თავისუფლების, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობისათვის.
განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მშვიდობისაკენ სწრაფვა მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მრავალ მხარეს ავლენს. ამ მიზნის მთელი სიდიადე დამაჯერებლობით ცხადოფს რომ ასეთი ურთიერთობა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
საქართველოს ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას.
"ყოველი რომელნი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ" (მათე, 7,12)... "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურიერთას", - ბრძანებს უფალი (იოანე, 13,35). სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გაზიარებისა. სხვადასხვაგვარია სიხარული, განსხვავებულად გრძნობენ მას ადამიანები... ყოველი მნიშვნვლოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავარია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან.
ღმერთო ძლიერო, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება; მუხლმოდრეკილნი გევედრებით, წარგვიძეღ გზითა შენითა მით იწროითა; მოწყალეო, მოგვმადლე სიბრძნე გულისა, რათა ვცნათ, რაი არს ჭეშმარიტი და ვემსახუროთ მას... უწყით, უფალო, სიცოცხლე ჩვენი წამისყოფაა, სიცოცხლე ჩვენი განსაცდელია ოდენ. უსასოთა სასოო, გეაჯებით, მოგვეახლენ, რათა არ დავინთქათ ზღვასა ცხოვრებისასა; ხელი შენი აღმადგინებელ გვეყავნ ჩვენ დაცემულთა; დავრდომილნი შეგივრდებით და ნუ განგუაგდებ, რამეთუ შენი ვართ, უფალო... და ღირს გვყვენ ჩუენ მარადიული ნეტარებისა, ვინაითგან ნიჭი და წყალობა უზენაესი ფრთეთა ქვეშე შენსა ყოფნაა, შენს მტილოვანში დამკვიდრებაა.
ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; იხარეთ და გაახარეთ სხვანიც, ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ... არს, სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (რომ. 14,17), ამინ!
ქრისტეს აღდგომა,
თბილისი, 1984.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II