რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის მანძილზე ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ - ღვარძლი. შევეცადოთ დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათა მტერმა არ ჩაყაროს ღვარძლი.
ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ მიუწვდომელი სასწაული გაიხსნება ჩვენთვის ზიარების საიდუმლოს საშუალებით! – "ღმერთი, მთელი თავისი ყოვლისშემძლეობით, ვერ შეძლებდა მოეცა ჩვენთვის რაიმე, უფრო აღმატებული; მთელი თავისი სიბრძნითაც კი ვერ იპოვიდა რაიმეს უკეთესს და მთელი თავისი სიმდიდრის მიუხედავად, ვერც ექნებოდა რაიმე - ამაზე აღმატებული - ჩვენთვის მოსაძღვნელად" - ამბობდა ნეტარი ავგუსტინე.
მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია (სამადლობელი) ეწოდება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ამ დროს უმეტესად მადლობის გრძნობით ვართ აღსავსენი, ვიდრე - ვედრების; რადგანაც აქ ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე ვითხოვდით, და არც რჩება რაიმე, რასაც ზიარების საშუალებით არ გვაძლევს ღმერთი