წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარების სიმართლეს დაუმორჩილებს და ცხოვრებას მაცხოვრის მცნებათა მიხედვით ატარებს.
ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებს. მკვდარი სარწმუნოება კი მხოლოდ კაცის ბაგეებზე ჩანს და მის გულში არ შეუღწევია, იგი ვერ მართავს მის მოქმედებას და არც მის საქმეებში ჩანს.
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინაძღვარი ხდება. სარწმუნოება არამარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა, ან უმჯობესია ვთქვათ, გულითადი სარწმუნოება უდიდესი და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთისათა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კაცი ღმერთს თავის გულს სწირავს, თვით სულსა და მთელ ცხოვრებას აზიარებს, თვით ჭკუასა და გონებას უმორჩილებს. ვინც სარწმუნოებას გულით შეითვისებს და შეიტკბობს, ამით ცხადყოფს, რომ მას კეთილი და წმიდა გული აქვს. ვინაიდან ბოროტი კაცის გულში სარწმუნოება არ შევა (II, 65-67).
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება ცივი, უქმი და თითქმის მკვდარია. ასეთი მორწმუნენი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ჰგვანან, რომელთაც, ხედავდნენ რა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულებს და იცოდნენ რა, ძე ღმრთისა იყო, კეთილ საქმეებს მაინც არ მისდევდნენ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება კი თბილი და ცხოველია და სიტყვასა და საქმეში ჩნდება. მხოლოდ მათთვის ამბობს მაცხოვარი: ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებულიც უნდა იყოს; არა თუ მხოლოდ მემრუშე არ უნდა იყოს, არამედ გულში კი უწმინდური აზრი არ უნდა გაივლოს. (II, 5).