წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
108. რასაც კი ლოცვის გარეშე ვამბობთ ან ვაკეთებთ, ეს ყოველივე შემდეგში ან მცდარი აღმოჩნდება ან საზიანო და საქმეთა მიერ გვამხილებს ჩვენ ჩვენდა შეუცნობლად.
107. საღვთო სიმშვიდის მქონე ბრძენთა უბრძნესია, გულით მდაბალი კი – მძლავრთა უმძლავრესი, ამიტომაც, ცოდნისმიერად ატარებენ ისინი ქრისტეს უღელს.
104. თუკი ყველაფერს არანებსითს ნებსითისგან აქვს მიზეზი, თანახმად წერილისა, მაშ არავინაა ადამიანის მტერი იმდენად, რამდენადაც თავად არის თავისი თავისთვის.
102. თუ გსურს, რომ მოკლე სიტყვით არგო სწავლისმოყვარეს, უჩვენე მას მლოცველობა, მართალმორწმუნეობა და მოსაწევართა დამთმენლობა, რადგან მართლაც ყველა სიკეთე ამათგან მოიპოვება.
101. კარგია სიტყვით ვარგოთ იმათ, რომლებიც გვეკითხებიან, მაგრამ უმჯობესია ლოცვითა და სათნოებით შევეწიოთ მათ, რადგან ვინც ამათ მიერ სწირავს თავის თავს ღმერთს, ღვთისგან მიღებული შემწეობის გზით შეეწევა თავის მოყვასსაც.
100. არსებობს რწმენა მოსმენის გზით, თანახმად მოციქულისა (რომ.10.17), და არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1).
99. დასაბუთებულია, რომ მცნება მცნებას აღემატება. ამიტომ, რწმენაზე უმტკიცესი რწმენაც იპოვება.
98. შეუჭირვებლად მღვიძარე, სულგრძელი და მლოცველი ადამიანი თვალნათლივ წარმოჩნდება სულიწმინდის თანაზიარად, თუმცა ამათში შეჭირვებული და მაინც ნებსით დამთმენი, – ისიც, – მალევე მიემთხვევა შეწევნას.