ჭეშმარიტი მონანიების ნიშნებია: ღრმა განცდა, მწუხარება და შემუსვრა გულისა, ოხვრა, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და ცრემლი. ასეთი მონანიება ნამდვილი და ჭეშმარიტია, ვინაიდან ამ გზით მოგეტევება ცოდვები და ხდები მეგობარი უფლისა.
ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის. ცოდვილი, როგორც კი გულის შემუსვრილებით აღიარებს ცოდვას, მყისვე განმართლდება, როგორც კი გულწრფელად ინანიებს, შეწყალებული იქნება. დრო კი არ იქმს საღმრთო სიმართლეს, არამედ აღმსარებლის გულმოდგინება აღხოცავს ცოდვას; რამეთუ შესაძლოა მრავალი ხნის განმავლობაში იცხოვრო სინანულით, მაგრამ ვერ ჰპოვო ხსნა და მოკლე დროში კი გულწრფელი სინანულით გამოხსნილ იქნე ცოდვისაგან.
ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ გზას. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით.
ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
უპირველესად ყოვლისა მუდამ ის უნდა შევთხოვოთ ხოლმე უფალს, რომ სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ, რათა ამ გზით აღგვადგინოს.
სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.