სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამიანური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმდაბლობასაც, ურვასაც, სიღატაკესაც, მორჩილებასაც და სხვა აღთქმებსაც, მხოლოდ იმისათვის, რომ უფალ ღმერთთან შეხვედრის ღირსნი გამხდარიყვნენ! და ამ ვიწრო გზაზე მასთან შეხვედრის ღირსი ხდება სული, როცა გათავისუფლდება, განიწმინდება და გამშვენდება.
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით. ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვდრებლად ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღმრთეებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების სიტყვა სუფევს, ქრისტე იქაა, ანუ მასთან, ვის გულში სიტყვამ შეაღწია, გაანათლა და ზნეობრივად უკეთესი გახადა. ასევე, ქრისტეა იქ, სადაც მისი მადლი და სიწმინდე სუფევს. მადლისა და სიწმინდის სუფევის ნიშანი ისაა, როცა კაცი ცოდვას ადვილად ვეღარ სჩადის, როცა იგი განუწყვეტლივ ებრძვის ბოროტებას.
სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს. ვინაიდან, თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, “საქმეთა გარეშე მკვდარია” (იაკ. 2, 29), მაშ, როგორ შეიძლება არსებობდეს საქმეთა გარეშე სიყვარული, რისგანაც თვით რწმენაც სესხულობს თავის ძალას და ქმედითობას.
სიყვარული არ ექვემდებარება დროს და ყოველთვის აქვს ძალა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უფალი ჩვენდამი (ადამიანებისადმი) სიყვარულის გამო ეწამა, მაგრამ რადგან თვითონ თავის სულში ამ სიყვარულს ვერ პოულობს, მას ეჩვენება, რომ ეს ოდესღაც, დიდი ხნის წინათ იყო. მაგრამ, როცა სული შეიმეცნებს ღმერთის სიყვარულს სულიწმიდით, მაშინ ნათლად გრძნობს, რომ უფალი ჩვენი მამაა, ყველაზე უფრო მშობლიური, ყველაზე უფრო ახლობელი, ყველაზე უფრო ძვირფასი, ყველაზე კარგი და არ არსებობს სხვა ბედნიერება გარდა იმისა, რომ გიყვარდეს ღმერთი, მთელი გონებით და გულით, მთელი სულით და მოყვასი, როგორც თავი თვისი. როცა ეს სიყვარული არის სულში, მაშინ ყველაფერი ახარებს მას, ხოლო როცა იგი იკარგება, ადამიანი ვერ პოულობს მოსვენებას, შფოთავს ადანაშაულებს სხვებს იმაში, თითქოსდა მათ აწყენინეს და არც კი ესმის, რომ თვითონაა დამნაშავე, დაკარგა სიყვარული ღმერთის მიმართ და განიკითხა ძმა. ძმისადმი სიყვარულისაგან მოდის მადლი და ძმის სიყვარულით ინახება იგი, თუ არ გიყვარს ძმა, ღმერთის მადლი არ მოვა სულში.
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპიველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს.