ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება
ვიდრე უშუალოდ ჩვენი შესასწავლი საგნის - ლიტურგიკული გადმოცემის შესახებ საუბარს შევუდგებოდეთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ საზოგადოდ რას წარმოადგენს ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება - მეცნიერება, რომლის ნაწილიც არის ლიტურგიკული გადმოცემა. გამოჩენილი რუსი მართლმადიდებელი ლიტურგისტის, არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) განსაზღვრებით, "ლიტურგიკულ ღმრთისმეტყველებაში უნდა ვიგულისხმოთ ჩვენს ღმრთისმსახურებაში, ჩვენს საეკლესიო საგალობლებში, იკონოგრაფიულ კომპოზიციებში, დღესასწაულთა განგებებში, საიდუმლოებებსა და ზოგადად მთელ საღმრთისმსახურო წესში ჩადებული საღმრთისმეტყველო იდეების სისტემატიზაცია. ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების შესწავლა ისტორიულ პერსპექტივაში, ამა თუ იმ წესებისა თუ დღესასწაულების მუდმივად მიმდინარე განვითარებისა და ცვლილებების პროცესებზე ყურადღების მიქცევის პირობებში უნდა მოხდეს, რომლებიც შემდგომ სხვა ქრისტიანული საზოგადოებების საღმრთისმსახურო წეს-ჩვეულებებს უნდა შედარდეს".
მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ არქიმანდრიტ კვიპრიანეს ამ განსაზღვრების შინაარსი. შეიძლება ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება, ლიტურგიკა მხოლოდ იმ სქელი, დიდტანიანი წიგნების შინაარსი და ტიპიკონების მითითებებია, რომლებსაც ჩვენ საკურთხეველში ან მედავითნეთა კათედრაზე ვიყენებთ, ანდა იმ ფოლიანტებისა, რომელთა მიხედვითაც მსახურება სრულდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. არქიმანდრიტი კვიპრიანე ჩვენს ყურადღებას იმაზე მიაპყრობს, რომ ყველა ამ წიგნთან ერთად ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების ინტერესთა სფეროში ასევე შედის ჩვენს ტაძრებში აღსრულებული მსახურებების საკუთრივ საღმრთისმეტყველო შინაარსი, თავად ღმრთისმსახურების ღმრთისმეტყველება, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ლიტურგიკულ გარდამოცემასთან დაკავშირებით, საიდუმლოებათა ღმრთისმეტყველებაც. ამის მიზეზი ისაა, რომ მთელ ჩვენს ღმრთისმსახურებაში, საეკლესიო ცხოვრების მთელ მოწყობაში, ჩვენს წმინდა ლოცვებსა და განგებებში უპირველეს ყოვლისა საეკლესიო სწავლებაა ასახული და ჩადებული. მართლმადიდებლური საღმრთისმსახურო წიგნებით არამხოლოდ ლიტურგიკის, არამედ დოგმატიკის სწავლაც არის შესაძლებელი. და თუკი ოდესმე ისე მოხდებოდა, რომ დოგმატიკის ყველა სახელმძღვანელო, ღვთისმეტყველების შესახებ დაწერილი ყველა შრომა და ტრაქტატი უცებ გაქრებოდა, უცებ "აორთქლდებოდა", ჩვენთვის მიუწვდომელი გახდებოდა და მხოლოდ საღმრთისმსახურო წიგნები გვექნებოდა ხელთ, ამ წიგნების მეშვეობით სრულყოფილად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე შევძლებთ იმ მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების ხელახლა აღდგენასა და ფორმულირებას, რომელსაც ქრისტეს ეკლესია აღიარებს.
ამას გარდა, არქიმანდრიტ კვიპრიანეს მოწმობით, ლიტურგიკულ ღმრთისმეტყველებაში ჩვენ არამხოლოდ საეკლესიო მსახურებათა და საიდუმლოთა განგებების ტექსტებს ვეხებით, არამედ ხატსაც და იკონოგრაფიულ კომპოზიციებსაც, ვინაიდან წმინდათა გამოსახულებები, კანკელი, ხატები, რომლებსაც ეკლესიაში ვხედავთ, ჩვენი საღმრთისმსახურო ცხოვრების ასევე განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება ასევე საეკლესიო დღესასწაულების საღმრთისმსახურო ციკლს, მათი წარმოშობის ისტორიას შეისწავლის; ამ სფეროში ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს - ჰეორტოლოგია.
და ეს ყოველივე - ღმრთისმსახურების განგებებიც, მათთან დაკავშირებული საღმრთისმსახურო იდეებიც და საეკლესიო საღმრთისმსახურო ციკლის ფორმირების ისტორიაც - არქიმანდრიტ კვიპრიანეს აზრით, ლიტურგიკულმა ღმრთისმსახურებამ უნდა შეისწავლოს და თანაც აუცილებლად ისტორიულ პერსპექტივაში.
ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ წმინდა ბასილი დიდმა თავისი ლიტურგია IV საუკუნეში ისეთივე სახით შეადგინა, როგორაც ის დღევანდელ ტიპიკონებშია დაბეჭდილი და ჩვენც ზუსტად ისევე, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ვასრულებთ მას. ეს აზრი ნაწილობრივ მართებულია, ნაწილობრივ კი - არა. სწორია იმიტომ, რომ ლიტურგიკის ცენტრალური ნაწილი - უბრალო მეტყველებაში გავრცელებული გამოთქმით "ევქარისტიული კანონი" ანუ ანაფორის ლოცვა - ნამდვილად იმ დროიდან მოდის. ხოლო მსახურების ბევრი სხვა ნაწილი ეკლესიაში ბევრად უფრო გვიან შემოიღეს. მაგალითად, როცა ტაძარში ლიტურგიაზე მივდივართ, გვესმის პირველი საგალობლები, რომლებიც მის დასაწყის ასამაღლებელს მოჰყვებიან: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა..." და "აქებს სული ჩემი უფალსა..." - ეს ბიბლიური 102-ე და 145-ე ფსალმუნების უძველესი ტექსტებია, მაგრამ ევქარისტიის საიდუმლოს განგებაში ისინი ბევრად უფრო გვიან შეიტანეს, ვიდრე წმინდა ბასილი დიდი შეადგენდა თავისი ლიტურგიის ლოცვებს. კონსტანტინეპოლურ წესში ლიტურგიაზე ეს ფსალმუნები მხოლოდ IX საუკუნიდან მოყოლებული იგალობება. აღსარების წესი, რომელიც დღესდღეობით სრულდება ჩვენს ტაძრებში, XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა, ანუ საიდუმლოთა უძველესი საფუძვლები და ცენტრალური მომენტები ეკლესიაში დასაბამიდანვე არსებობდნენ, მაგრამ მრავალი ასწლეულის განმავლობაში ყველა ეს წესი და განგება (არა მათი სულიერი სისავსე, არამედ ის ფორმა, რომლითაც ეს სულიერი შინაარსია გადმოცემული) ძლიერ შეიცვალა.
ამიტომ, როცა საეკლესიო საიდუმლოთა და მსახურებათა ისტორიას ვეხებით, პირველ რიგში იმის გარკვევა გვმართებს, თუ როგორ აღესრულებოდნენ ეს განგებები პირველ საუკუნეში, მის მომდევნო ასწლეულებში, როგორ ხდებოდა მათი ფორმირება და ბოლოს როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი დღევანდელი ღმრთისმსახურება. ამასთან, არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) განსაზღვრების თანახმად, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მართლმადიდებლურ განგებათა სხვა არამართლმადიდებლური ქრისტიანული საზოგადოებების წესებთან შედარებითი ანალიზი. რისთვის არის ამის გაკეთება საჭირო? არა იმისათვის, რომ კათოლიკების ან ცდომილებაში მყოფი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების მხილება დავიწყოთ, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობის წარმოსაჩენად, რომელმაც წმინდად და უცოდველად შეინარჩუნა საიდუმლოთა შესახებ თავდაპირველი მართლმადიდებლური სწავლება.
ჩვენი თემის შესახებ დღეისათვის ხელმისაწვდომი ძირითადი წიგნი, რომლის ქონაც სასურველია, არის დეკანოზ გენადი ნეფედოვის "მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებები და წესები" (Протоиерей Геннадий Нефедов Таинства и обряды Правосланой церкви’’). სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ წიგნში ავტორი ცალკე არ საუბრობს ევქარისტიის შესახებ. საღმრთო ლიტურგიისადმი მიძღვნილი წიგნებიდან დავასახელებთ არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) "ევქარისტიას". თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით დღეისათვის ის უკვე საკმაოდ მოძველებულია და მათთვის, ვისაც ევქარისტიის განგების განვითარების ისტორიის შესახებ თანამედროვე შეხედულების ამ მხრივ გაცნობა სურს, დასავლეთელი ავტორის - ჰიუ უაიბრუს შრომას "მართლმადიდებლური ლიტურგია" გავუწევთ რეკომენდაციას.
თემა: საღვთო ლიტურგია, ღვთისმსახურებაავტორი: პ. ი. მალკოვი
წყარო: მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებანი
„ნეტარ არს მდიდარი, რომელმან პოვა უნაბრძვილოდ და რომელი უკანა ოქროსა არა ვიდოდა“ (ისო ზირ. 31, 8)
ღმერთმა მცნებად დაუდო ადამიანს, რომ მან ოფლითა თვისითა სჭამოს პური. „ოფლითა პირისა შენისათა შჭამდე პურსა შენსა“ (შექ. 3, 19). ბედნიერია ის კაცი, ვინც ამ მცნებას კეთილსვინდისიერად ასრულებს. ყოველჟამს კურთხევა უფლისა არს მასზედა. მის ნაშრომს ღმერთი არასოდეს არ დასტოვებს უნაყოფოდ, ყოველთვის ექნება მას საზრდო: „მოქმედი ქვეყანისა თვისისასა განსძღეს პურითა“, ამბობს სოლომონ ბრძენი (იგ. 12, 11). თვითონაც გაძღება, უკლებლად ექნება საზრდო და იმოდენიც გადარჩება, რომ სხვებსაც არგოს, განუზიაროს.
ხოლო საჭიროა ადამიანს ჰქონდეს, გარდა შრომის უნარისა, კიდევ სხვა თვისება სულისა, რომელიც მას მაღლა აყენებს და საუკუნოდ ხდის უკვდავად. ეს არის კაცთ-მოყვარეობა, გულშემატკივრობა, სინანული. ვინც ამ გრძნობას მოკლებულია, უმჯობესია მას არ გარდაემატოს ქონება, თორემ იგი გახდება მსხვერპლად მოპოვებული სიმდიდრისა. უკანასკნელი მას დაღუპავს, გაუხდება კერპად და თვითონ შეიქმნება მის ყურმოჭრილ ყრმად. ამისათვის გვაფრთხილებს მაცხოვარი: არ დავემონოთ სიმდიდრეს, არამედ იგი მოვიხმაროთ კეთილ საქმეებზე (მათ. 19, 23). კეთილ-მოქმედება კი შესძენს ადამიანს დიდებასაც, პატივსაც და მშვიდობასაც, „დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა მშვიდობისასა“, ამბობს პავლე მოციქული (რომ. 2, 10).
როდესაც ღმერთი გვაძლევს ჩვენ იმაზე მეტს, რაც ჩვენთვის საჭიროა, ეს იმის ნიშანია, რომ მომეტებული სხვას უნდა მივსცეთ, ის ჩვენ არ გვეკუთვნის, სხვებისათვის არის დანიშნული, განმზადებული, სახელდობრ იმათთვის, ვინც სხვადასხვა გარემოებათაგან, გარდა სიზარმაცის, ჩავარდნილნი არიან სიღარიბეში. ზარმაცნი კი ღირსნი არ არიან შემწეობისა; ამას საღმრთო წერილი გარკვევით გვეუბნება: „უკეთუ ვისმე არა უნებს საქმისა, ნუცა ჰსჭამნ“ (2 თესალ. 3, 10). სხვებს კი, კერძო პირთა, გინდ საზოგადოებათა, მოვალენი ვართ გაჭირვების დროს ხელი გავუმართოთ, მივაწოდოთ, რაც კი რამ შესაძლოა ჩვენი მხრივ. შეძლებულს ეუბნება დავით მეფე: „შენდა დაშთომილ არს გლახაკი, ობოლსა შენ ეყავნ მწე“ (ფს. 9, 35). თუ არ მოისურვებს ვინმე ამ მოვალეობის ასრულებას, იგი ხდება პასუხის მგებელათ ღვთის წინაშე, როგორც მისი მოწინააღმდეგე, კაცთა წინაშე კი, როგორც მიმთვისებელი მათი კერძისა, კუთვნილებისა. უკეთ რომ ვსთქვათ, სიმდიდრე ჩვენი - ღვთისაა. „სიმდიდრე ჩემი არს“, ამბობს თვით უფალი (იგ. 8, 18). იგი არს პატრონი, ჩვენ მხოლოდ გამგებელნი უნდა ვასრულებდეთ ჩვენი მეუფის ნებას: „განჰყიდენით მონაგებნი თქვენნი, და მიეცით ქველის საქმე“ (ლუკ. 12, 33).
ყველა ზემოაღნიშნულნი მცნებანი პირნათლად და თითქმის ზედმიწევნით შეასრულა განსვენებულმა დავით ზაქარიას ძემ. სიყრმიდანვე იწყო მან შრომა. თვისი დაუცხრომელი მეცადინეობით მან შეიძინა ევროპული ცოდნა-განათლება. სწავლის დამთავრების შემდეგ, გატაცებული სამშობლოსადმი განუსაზღვრელი სიყვარულით, გამოეშურა საქართველოსკენ და მხნედ შეუდგა მრეწველობის აღორძინებას ჩვენ ქვეყანაში. დიდძალმა მუშამ მოიყარა მასთან თავი და მისი ბრძნული ხელმძღვანელობით მუყაითად მოეკიდნენ ამ დიდად სასარგებლო საქმეს. იგი მათთვის იყო მასწავლებელი და ხელმძღვანელი, ამასთანავე მეგობარი და მამა, რითაც დაიმსახურა მათი გულწრფელი სიყვარული. ასეთი მხნე, უანგარო, უმწიკვლო მუშაკი დიდად დააჯილდოვა ღმერთმა, მისი საქმე კარგად წაიყვანა, შესძინა მას სიმდიდრე და მოუხვეჭა სახელი და დიდება. მაგრამ განსვენებული სახელისა და დიდებისათვის კი არ შრომობდა; უმთავრესი მისი სულის კვეთება იყო კაცთ მოყვარეობა და ქველი საქმე და ამ გრძნობამ ნება არ მისცა მას ყოველივე თვისი მონაგები მარტო თავისთავზე მოეხმარნა. პირიქით, იმდენი თავის თავზე მას არ დაუხარჯნია, რამდენიც სხვებზე. ვინ ჩამოთვლის, რამდენი შემწეობა აღმოუჩენია განსვენებულს დავით ზაქარიას ძეს სხვადასხვა დაწესებულებათათვის, რამდენ ახალგაზრდას მიუღია განათლება მის შემწეობით, როგორც საშუალო, ისე მაღალ სასწავლებლებში, რამდენ ქვრივ-ობოლს უსაზრდოვნია თავი მისი სიქველით? განურჩევლად ეროვნებისა ყველანი მასთან მიიქცეოდნენ, ყველანი ხელს უწვდიდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. ისიც მზად იყო შეძლებისა და გვარად ყველანი დაეკმაყოფილებინა. თვისი ქველმოქმედებით მან დაიმსახურა პატივი და დიდება მთელ კავკასიის ერთა შორის. ამისათვის ყველანი გულწრფელად გლოვობენ დღეს მის დაკარგვას. ნამეტნავად კი ქართველი ერი, რომლის სიმშვენიერეს ის შეადგენდა, ვითარცა ამბაამ, იაკობ, იობ და მეფე დავითი ებრაელებისას. მათსავით, სიმდიდრესთან ერთად, განსვენებულს ჰქონდა: მართლმორწმუნეობა, სასოება, კაცთმოყვარეობა და სიმშვიდე. აი ამნაირ ძვირფას ადამიანს ვესალმებით დღეს ჩვენ უკანასკნელად.
მშვიდობით, დავით ზაქარიას ძევ, მშვიდობით! ბევრი რამ უსიამოვნება მოგვიყენებია შენთვის, მაგრამ მოგვიტევე. თავი გქონდა ჩვენგან მობეზრებული წამ და უწუმ ხვეწნით და ვედრებით: „მოგვეც, დავით, მოგვეც, შეგვეწიე“. შენც არ იშურებდი მიცემას, შემწეობას, რაც კი შეგეძლო, გვაძლევდი; მაგრამ ჩვენი გული მაინც ვერ შეაჯერა შენმა უხვმა ქველმოქმედებამ და შენ კეთილი გული გტკიოდა, ხედავდი რა, რომ არ შეგეძლო ჩვენი დაკმაყოფილება. სურვილი ყველას დახმარებისა მეტად ძლიერი იყო შენში, მაგრამ ამ სურვილს ვერ დააკმაყოფილებდა, რაცა გქონდა, იმაზე ერთი ათასად მეტიც რომ გქონოდა. ან რა დაგვაკმაყოფილებს ჩვენ, ქართველებს, ქონებრივ დაქვეითებულებს, თუნდაც შენისთანა ქველმოქმედნი ათასი კიდევ გვყვანდნენ? მაგრამ რას ვამბობ! არამც თუ ათასი, შენისთანა ჩვენ აღარავინ დაგვრჩენია; ჩვენ მეორე დავითი არა გვყავს და შეიძლება დიდხანსაც არ გამოგვიჩნდეს. აი ეს არის ჩვენი სამწუხარო და სატირალი. მშვიდობით, ჩვენო გულუხვო ქველმოქმედო, ნამდვილო ქართველო ადამიანო, მშვიდობით! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი. ამინ.
თემა: სიმდიდრე, მოწყალებაავტორი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე
წყარო: ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი)
მეორე ჩვენი შერკინება მიმართულია სიძვის სულისა და ხორცის გულისთქმის წინააღმდეგ. ეს გულისთქმა ადრეული ასაკიდანვე იწყებს ადამიანის გატანჯვას. დიდია ეს შერკინება, მძიმეა და ორმაგი ბრძოლის მქონე. ამიტომ, თუ სხვა ნაკლოვანებებს მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვთ სულში, ეს ვნება ორმაგია, სულში და სხეულში შემყარებული, და ამის გამო ორმაგი ბრძოლის გამართვა გვმართებს, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ სხეულებრივი მარხულობა სრული გონებამრთელობისა და ჭეშმარიტი სიწმინდის მოსაპოვებლად, თუ ამავე დროს არ ხდება გულის შემუსვრა, გაძლიერებული და მოუკლებელი ლოცვა ღვთის მიმართ, წერილთა მიმართ გულმოდგინების გამოჩენა, დაშვრომა და ხელსაქმეობა, რომელთაც ძალუძთ სულის დაუდგრომელ აღძრვათა მოთოკვა და სამარცხვინო წარმოსახვებისგან მისი უკუხმობა, თუმცა ყოვლის უწინარეს შემწევნელია სულის მდაბლობა, რის გარეშეც ვერავინ შეძლებს ვერც სიძვის, ვერც სხვა ვნებათა დაძლევას. ამიტომ, უპირველესად საჭიროა, რომ მთელი სიფრთხილით დავიცვათ გული ბიწიერ გულისზრახვათაგან (იგ. 4.23), რადგან სწორედ გულიდან გამოდის, თანახმად უფლის სიტყვისა, უკეთური აზრები, მკვლელობები, მრუშობანი, სიძვანი და სხვა დანარჩენი (მთ. 15.19); ამასთან, თვით მარხვაც არა მხოლოდ სხეულის საგვემად განგვეწესა ჩვენ, არამედ, აგრეთვე, გონების მღვიძარებისთვისაც, რათა არ მოხდეს ისე, რომ იგი, საჭმელთა სიმრავლით დაბნელებული, უძლური აღმოჩნდეს გულისზრახვათაგან თავდასაცავად. მაშ, საჭიროა მთელი გულმოდგინების გამოჩენა არა მხოლოდ სხეულებრივი მარხვის მხრივ, არამედ, აგრეთვე, გულისზრახვათა მიმართ ყურადღებისა და სულიერი მოღვაწეობის მხრივაც, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ჭეშმარიტი უბიწოებისა და განწმენდილობის მწვერვალზე ასვლა.
ამრიგად, გვმართებს ჩვენ უპირველესად, თნახმად უფლის სიტყვისა, სასმელისა და ჯამის შიგნითა მხარის გაწმენდა, რომ გარეთა მხარეც განწმენდილი იყოს (მთ. 23.26). ამიტომაც, თუ ჩვენ, თანახმად მოციქულისა, გვაქვს იმის გულმოდგინება, რომ „რჯულიერად ვიღვაწოთ და გვირგვინი მივიღოთ“ (შდრ. II ტიმ.2.5), სიძვის სულის დამმარცხებლები მივენდოთ არა ჩვენს ძალასა და ღვწას, არამედ – ჩვენი უფალი ღმერთის შემწევნელობას, რადგან მანამ არ დასრულდება ამ სულის ომი ადამიანის წინააღმდეგ, სანამ ეს ადამიანი ჭეშმარიტად არ ირწმუნებს, რომ არა თავისი გულმოდგინებით, არცთუ თავისი რუდუნებით, არამედ ღვთის მფარველობითა და შეწევნით თავისუფლდება იგი ამ სენისგან და სიწმინდის სიმაღლისაკენ ადის. დიახ, ბუნებაზე აღმატებულია ეს საქმე და გარკვეულწილად სხეულის გარეთ გადის ის, ვინც თრგუნავს ხორცის აგზნებულობასა და სიამეთმოყვარეობას. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, თავისი ფრთებით აფრინდეს სიწმინდის ამ მაღალ და ზეციურ საზღაურამდე და ანგელოზთა მბაძველი გახდეს, თუ როგორღაც ღვთის მადლი არ ამოიყვანს მას მიწიდან და ჭაობიდან, რადგან უფრო მეტად ვერც ერთი სხვა სათნოებით ვერ მიემსგავსებიან ხორცს შეერთებული ადამიანები სულიერ ანგლოზებს, როგორც გონებამრთელობით. მართლაც, ამ სათნოების გზით მათ, ჯერაც მიწაზე მყოფთ და მცხოვრებთ, აქვთ, თანახმად მოციქულისა, „ცათა შინა მოქალაქეობა“ (ფ. 3.20), ხოლო ნიშანი ამ სათნოების სრულად ფლობისა არის ის, რომ ძილის დროს სული უკვე არანაირ ხატს სამარცხვინო წარმოსახვებისას არ მიელტვის, რადგან თუმცა ამგვარი აღძრულობა ცოდვად არ შეირაცხება, მაინც იგი ნიშანია სულის სნეულებისა და ვნებისგან თავდაუღწევლობისა. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ძილში შემთხვეული სამარცხვინო წარმოსახვები მამხილებელია წინმსწრები უგულისყურობისა და ჩვენში არსებული უძლურებისა, რადგან ძილის მოშვებულობაში შემთხვეული გადმოღვრა ააშკარეავებს სულის სიღრმეებში დაფარულ სენს. ამის გამო, ჩვენი სულების მკურნალმა წამალი ჩაგვიდო სწორედ იქ, ჩვენი სულების სიღრმეებში, სადაც იცოდა მან სნეულების მიზეზთა არსებობა, თქვა რა: „ვინც გულისთქმით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მთ.5.28). ამით უფალი არა იმდენად ცნობისმოყვარე და გარყვნილ თვალებს განმართებს, რამდენადაც შიგნით შთასაძირკვლებულ სულს, რომელიც უკეთურად მოიხმარს ღვთისგან სიკეთისთვის ბოძებულ თვალებს. ამიტომ, ბრძენი მეიგავეც ამბობს არა იმას, მთელი სიფრთხილით დაიცავიო შენი თვალები, არამედ – „გული დაიცავიო მთელი სიფრთხილით“ (იგ. 4.23), სწორედ იმას განუკუთვნა რა მან, განსაკუთრებით, სიფრთხილისმიერი მკურნალობა, რომელიც როგორც უნდა, ისე მოიხმარს თვალებს. ამრიგად, სწორედ გული უნდა იყოს ჩვენი განწმენდილობის წინადაცულობა, რომ როდესაც ჩვენს გონებაში ქალის გახსენება აღიძვრის, რასაც აღმოგვიცენებს ეშმაკეული ბოროტმოქმედება, თუნცაც რომ ეს იყოს გახსენება დედისა, დისა ან სხვა რომელიმე კეთილკრძალული ქალისა, საჩქაროდ უნდა განვიგდოთ იგი ჩვენი გულიდან, რათა არ გვპოვოს ბოროტმაცთურმა ამგვარ ხსენებებში ხანგრძლივშთენილნი, არ დააქანოს ჩვენი გონება ზემოხსენებლ ქალთა სახეებისგან და არ შთააკვეთოს იგი სამარცხვინო და მავნებელ ფიქრებში. ამასვე ბრძანებს, აგრეთვე, პირველშექმნილის მიმართ ღვთისგან ბოძებული მცნება, რომ ვეკრძალვოდეთ გველის „თავს“ (შდრ. შეს. 3.15), ესე იგი მავნებელ გულისზრახვათა სათავეებს, რომელთაგანაც ცდილობს იგი (ეშმაკი) ჩვენს სულებში შემოძვრომას, რათა არ მოხდეს ისე, რომ „თავის“ (ესე იგი გულისზრახვისეული შემოტევის) მიღების შედეგად გველის დანარჩენი სხეულიც (ესე იგი სიამეთმოყვარეობის მოწადინებაც) შევიწყნაროთ, ამის შემდეგ კი ურჯულო საქმისკენ მიდრიკოს მან ჩვენი გონება. სანაცვლოდ, გვმართებს, რომ, წერილისამებრ, „ცისკარზე მოვკლათ ყველა ცოდვილი მიწისა“ (შდრ. ფს. 100.8), ესე იგი ცოდნის სინათლით ავწონ–დავწონოთ და მოვაკვდინოთ ცოდვილი გულისზრახვები მიწისა, ესე იგი ჩვენი გულისა, უფლის სწავლებისამებრ, ანუ ვიდრე ჯერაც „ყრმები“ არიან „ბაბილონის ძეები“ (უკეთური გულისზრახვები), დავცეთ ისინი და „კლდეს შევახეთქოთ“ (ფს. 136.9), რაც არის ქრისტე, რადგან თუკი ისინი ჩვენი თანხმობით ძლიერდებიან, ვეღარც დამარცხდებიან თუ არა დიდი კვნესისა და შრომა–ჯაფის შედეგად. ამ მხრივ საღვთო წერილის გამონათქვამებთან ერთად კარგია გავიხსენოთ წმინდა მამათა სიტყვებიც. უთქვამს, კერძოდ, წმინდა ბასილის, კესარია–კაპადოკიის ეპისკოპოსს: „არც ქალი ვიცი და არც ქალწული ვარ“, რადგან იცოდა მან, რომ არა იმდენად ქალისგან მარტოოდენ სხეულებრივი განშორებულობით მოიხვეჭება ქალწულობის ჯილდო, რამდენადაც სულის უბიწოებითა და განწმენდილობით, რაც ჩვეულებრივ ღვთის შიშით ხდება მისაღწევი. იმასაც ამბობენ მამები, რომ არ ძალგვიძს ჩვენ უბიწოების სათნოების სრულად ფლობა, თუ პირველად ჭეშმარიტ გონებამდაბლობას არ მოვიპოვებთ ჩვენს გულში; ამგვარადვე, ვერც ჭეშმარიტი ცოდნის ღირსნი გავხდებით, ვიდრე ჩვენი სულის დაფარულობაში სიძვის ვნებაა შთაბუდებული. ამასთან, იმ მიზნით, რომ გონებამრთელობის ღირსებანი მოციქულისგანაც წარმოვაჩინოთ, გავიხსენებთ მის ერთ ნათქვამს და დავასრულებთ სიტყვას: „მშვიდობას ესწრაფეთ ყველასთან ერთად და სიწმინდეს, რომლის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს“ (ებრ. 12.14), რადგან ის, რომ მოციქული ზემოთქმულის შესახებ ამბობს ამას, ცხადია იმ სიტყვებიდან, რაც იქვე დაურთო, როდესაც თქვა: „ნურავინ იქნება ესავისებრ გარყვნილი და ბილწი“ (ებრ. 12.16). ამრიგად, რამდენადაც ზეციურია და ანგელოზური სიწმინდის წარმატებულობა, იმდენად უფრო სიღრმისეული მზაკვრობებით მიმდინარეობს მის წინააღმდეგ ბრძოლა მოპირისპირეთა მხრიდან. სწორედ ამიტომ, გვმართებს გულმოდგინება არა მხოლოდ სხეულის დასაოკებლად, არამედ აგრეთვე გულის შემუსრვილობისა და კვნესათა თანხლებით მიმდინარე უწყვეტი მეტანიები საღვაწად, რათა ჩვენი ხორცის ღუმელი, რასაც ყოველდღიურად ანთებს ბაბილონელი მეფე გულისთქმის აგზნებულობათა მეშვეობით, სულიწმინდის მოვლინების ცვრით დავშრიტოთ (დან. 3.19). გარდა ამისა, ხსენებულ ომში უდიდესი საჭურველია ჩვენთვის ღვთისსათნო მღვიძარება, რადგან ისევე როგორც დღისით კრძალულად ყოფნა შეგვიმზადებს ღამისეულ სიწმინდეს, ამგვარადვე ღამისეული ღვთისსათნო მღვიძარება გზას უკვალავს სულს დღისეული განწმენდილობისკენ.
თემა: სიძვა, მრუშობაავტორი: წმ. იოანე კასიანე რომაელი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
საახალწლო ეპისტოლე - 1981
სრულიად საქართველოს ღვითვკურთხეულ შვილებს!
მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ
ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (ეფეს. 6,23).
რწმენა, სიყვარული, სიბრძნე, კეთილგონიერება, მომავლის ჭვრეტა - ეს არის უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყოველი ადამიანი. ამაზე ფიქრით, ჩვენ ვაცილებთ ძველ წელიწადს და ვხვდებით ახალ, 1981 წელს. ბედნიერი იყო წარსული წელი ჩვენი ერისათვის: მშვიდობა სუფევდა ჩვენს სამშობლოში, ქართველმა ერმა შექმნა დიდი სულიერი და მატერიალური დოვლათი, ჩვენი ერი აგრძელებდა და აგრძელებს აღმავლობის გზას. ღვთის წყალობითა და მისი ლოცვა-კურთხევით კარს მოგვადგა ახალი წელი.რა ვთხოვოთ უფალს, რა ვუსურვოთ ერთმანეთს?!
უფალი ბრძანებს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7). ჩვენს ხალხში არის ღვთისგან მონიჭებული შემოქმედების გენია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს გენია გამოვლინდეს. ამ გენიამ შექმნა ჩვენი ანბანი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ბოლნისის სიონი, „ვეფხისტყაოსანი“, შეუდარებელი მუსიკა... და დღესაც, ყოველ დარგში უნდა ითქვას ახალი სიტყვა, შემოქმედების ახალი ძალა უნდა იგრძნობოდეს.
როცა გავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა; როგორ არ მოისპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთან ჭიდილს. საქართველოს არ ჰქონდა სასაზღვრო კავშირი არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანასთან და მიუხედავად ამისა, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ერმა თავისი თვითმყოფადი, მადლმოსილი სახე შეინარჩუნა. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეურყევლად ვიდექით და ვდგავართ ქრისტიანულ ნიადაგზე, ქრისტეს სჯულზე, რომელიც ქადაგებს სიყვარულს ღმრთისა, მამულისა და მოყვასისადმი, სიყვარულს ჩვენი ძველი ქართული ტრადიციებისადმი.
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, ბერი იოანე, თორნიკე ერისთავი, მეფე-მოწამენი - არჩილი და ლუარსაბი, სჯულისათვის თავდადებული დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონ III, კალისტრატე და მრავალი სხვა - ხომ მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი. მათი შრომითა და თავდადებული მოღვაწეობით საქართველო სულიერად აღორძინებულა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულა. ჩვენ უნდა ვიყოთ გამგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი.
ჩვენ იგივენი ვართ, ვინც ვიყავით ადრე, ვინც აღვაშენეთ ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები, გამოვჭედეთ ხახულის კარედი და შევქმენით შეუდარებელი ჰაგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. ჩვენშია ის გენია, ამას მხოლოდ წარმოჩინება სჭირდება. ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით. ჩვენთან დღესაც ბევრი რამ იქმნება ზოგადკაცობრიული და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერის ნათელ მომავალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია. მე მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ქართველი ერი დღესაც შობს ახალ რუსთაველსა და ბარათაშვილს, ახალ ბექა ოპიზარსა და თავდადებულ დიმიტრის. ჩვენი ერის გენია სწორედ იმაშია, რომ ქართველი კაცი გაართმევს თავს ამ სირთულეს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.
ქართულ ეკლესიას ისევე, როგორც ჩვენს ინტელიგენციას და მთელ ქართველ ერს, არ გვაძლევს მოსვენებას ერთი ფიქრი: ვინ ვიყავით უწინ, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით?! კარგია, რომ ჩვენი ხალხი ამაზე ფიქრობს. განსაკუთრებით დღეს ამაზე ფიქრობს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა და ეს გვახარებს ჩვენ.
ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა და ბავშვების აღზრდა. ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება. პავლე მოციქული ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5,23). შვილები - ეს ხომ ღვთის დიდი ლოცვა-კურთხევაა. ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგება უნდა ისწავლოს ბავშვმა. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, - ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე:
„დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან რჩეს კვალი განათლებული!“
საქართველოს შვილნო, გისურვებთ მრავალ ქორწინებას, გამრავლებას, მრავალი შვილის ყოლას!
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, მშვიდობა სუფევდეს ადამიანთა გულებში, ოჯახებსა და ერთა შორის კიდით კიდემდე. დაე, აღორძინდეს სარწმუნოება, სიყვარული და ურთიერთგაგება კაცთა შორის! სუფევდეს ქართველი ერი, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის: „ერთ სულ და ერთ გონება“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერნი და მტერი ვერას დაგვაკლებს. „ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან“ (გრ. ნაზიანზელი).
ბრძენი ამბობს: „მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისაგან გამდიდრებული“.
და ბოლოს, მსურს დავლოცო ერი ჩვენი:
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართველო ყოვლისაო სიბრძნითა და სახიერებითა შენითა განგებულებითა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელნი საკვირველ-ჰყვენ ჩვენზედა წარსულსა ჟამსა ცხოვრებისა ჩვენისასა. გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო, აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა.
აცხოვნე, უფალო, ერი ჩვენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ამინ!
თბილისი,
1981 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ეშმაკის ორი ბადე
ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება, ყოველგვარი განკითხვის ღირსია და მეტისმეტი საქმიანობაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ორივე ეს ცხონებას უშლის ხელს. მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მცონარებს: ხეტიალობენ ქალაქის ქუჩებში, ერთმანეთს ათასგვარ ახალ ამბებს უყვებიან, გარშემომყოფ ადამიანებზე ჭორაობენ და თუ მაინც მიდიან ეკლესიაში, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ მეტი საქმე არა აქვთ. ასე გაჰყავთ დრო და საკუთარი თავისათვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ.
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. "ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა" (იგავ. 21, 25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმიდურობაში.
უსაქმური ადამიანის ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს განკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინც დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით – ეს მცირედაც არ აღელვებს, ის მშვიდად ბილწავს მათ განკითხვით.
რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამ-ტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართალს ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ. დამდგარი წყალი მალე ფუჭდება, უმოძრაო ჰაერიც მავნებელი ხდება, ზარმაცი ჯარი მალე იღლება. როცა ახლოვდება დიდი მარხვა, უსაქმურები საჩქაროდ გარბიან მოძღვრებთან და სხვადასხვა საბაბით ითხოვენ მკაცრი მარხვის შემსუბუქებას. დაე, ნუ მივეცემით ბოროტებას და პირველივე დაბრკოლებისთანავე უარს ნუ ვიტყვით სათნოებებზე. ამგვარია პირველი ბადე ეშმაკისა – უსაქმურობა. არის სხვაც. ესაა სხვადასხვა საქმეების სიმრავლე, რითაც ადამიანები თავს გადაიტვირთავენ და მოსვენებას არ აძლევენ საკუთარ სულს.
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა, წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას. "რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყვაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8,14). ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისათვის დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში. როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებელის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს გვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომლებიც ვერასდროს გაიხსნება. და ამგვარად ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც, შესაძლოა, სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ამას შეძლებენ, ეშმაკი კი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწასთან დრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმეებს და საზრუნავებს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ – არა მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად, არამედ – მასზე საფიქრელადაც კი. ამგვარად ყოველდღიური საფიქრალები და საზრუნავები ხდება ბადე, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, ქედს ადრეკინებენ მათ და გონების დაბნელებამდე მიჰყავთ ისე, რომ მათში კეთილი ზნეობის კვალიც კი აღარ რჩება.
თუმცაღა, რომ რჩებოდეთ კიდეც გარკვეული დრო, ამასაც საქმეებისათვის გამოიყენებდნენ. მათ სწორედ ის ემართებათ, რაც – მონადირეებს. მაშინაც კი, როცა მონადირეებს სძინავთ, ესიზმრებათ, რომ ფხიზლად არიან – ნადირობენ ფრინველებზე და მხეცებზე, რომლებიც გაურბიან მათ ან ბადეში ვარდებიან. მათი სხეული ლოგინში განისვენებს, წარმოსახვა კი – ტყეშია. ასე მოსდით მათაც, ვინც მეტისმეტი საზრუნავით არიან შეპყრობილი. ისინი დგანან ეკლესიაში და ბაგით წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს, ამ დროს კი მათი გონება აქა-იქ დაეხეტება და საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრობს, თუ როგორ გააკეთოს უკეთ ისინი. მუდამ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ წამოიწყონ ერთი საქმე, როგორ დაამთავრონ მეორე, სულისათვის კი დრო არ რჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული ტაძარში იმყოფება, გონება – ქუჩაში დაძრწის. მაშინაც კი როცა სძინავთ, მათი აზრები ერთიდან მეორეზე გადადის. თუ შენ თვითონ არ მოგწონს, რომ როდესაც მეგობარს ესაუბრები, ის არ გისმენს და გამუდმებით უადგილო შეკითხვებს გისვამს, როგორ უნდა გინდოდეს, რომ უფალი ესაუბროს შენს გულს, მაშინ როცა მასში ასობით ამაო აზრი ტრიალებს?
ამ ორი უბედურებისაგან რომ გათავისუფლდე: უსაქმურობისა და მეტისმეტი საქმიანობისაგან, ილოცე უფლის მიმართ, რათა განგანათლოს შენ, რათა ამოიცნო მიზანი, რისთვისაც შობილხარ ამქვეყნად, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "მაუწყე მე უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა ვუწყოდი, რაიღა მაკლს მე" (ფს. 38, 5). ამის შემდეგ კი დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესურვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ, რომ დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის, რომ სამოთხის მოპოვებისათვის გვეზრუნა, ისევე ძვირფასია, როგორც – თავად სამოთხე.
ახლა კი გესმის, რაოდენ დიდი ფასი აქვს დროს, რომელიც უფალმა მოგვცა ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად?! როდესაც სიკვდილი მოულოდნელად მოვა შენთან, ძებნას დაუწყებ თუნდაც ერთ წამს, მაგრამ ვერ ჰპოვებ მას.
ჰყვებიან ერთ დიდებულზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეფის მრჩეველი იყო. როდესაც მიხვდა, რომ ცხოვრების აღსასრული დაუდგა, მწარედ ატირდა და თქვა: "ვაი, ჩემს თავს! რამდენი ქაღალდი დავხარჯე, როდესაც მეფის სიგელებს ვწერდი და ერთი წუთიც კი ვერ გამოვნახე, რომ ჩამომეწერა თუნდაც ერთ უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯზე ჩემი ცოდვები, რათა ახლა გამეხსენებინა და მომენანიებინა". და შენ კი, საყვარელო, შეძლებ კი, ასე იგლოვო შენი ცხოვრების დასასრულს, რომ ამდენი წელი ამაოებაში განვლე?
გაიღვიძე და აღსდექი ძილისგან. იყავი, როგორც მომლოცველი, რომელიც დასასვენებლად წამოწვება, მაგრამ როგორც კი გაახსენდება, რომ მისი მეგობრები შორს წავიდნენ, მაშინვე დგება და თავის გზას აგრძელებს. იყავი არა "ვითარცა უგუნურნი, არამედ – ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან" (ეფ. 5, 15-16).
მისი ღვაწლი
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და სხვა დანარჩენს, რაც ხისგან კეთდება. ამ საქმით იგი ოცდაათ წლამდე იყო დაკავებული. მას არა მარტო ხურო იოსების ვაჟს ეძახდნენ, როგორც ამას მათე მახარებელი ამბობს: "ანუ არა ესე არსა ხუროისა მის ძე?" (მათ. 13, 55), არამედ უბრალოდ – ხუროსაც, მარკოზის სახარების მიხედვით: "ანუ არა ესე არს ხუროი იგი, ძე მარიამისი?" (მარკ. 6, 3). ვიდრე მართალი იოსები ცოცხალი იყო, იგი მუშაობდა და მასთან ერთად იღვწოდა, დაკავებული იყო მხოლოდ ხელობით; იგი მამას ყველაფერში ეხმარებოდა და ისე იქცეოდა, როგორც ბრძენი ზირაქი ამბობს: "როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს" (ზირ. 3, 7). როგორც მისი მშობლები იყვნენ ღარიბები და უდიდესი შრომის ფასად მოიპოვებდნენ ლუკმა-პურს, ასევე მოეთხოვებოდა უფალსაც – მათთან ერთად შრომა, როგორც ამბობს წმიდა ბასილი დიდი: "თანახმად სიყრმის ასაკისა, იგი ემორჩილებოდა მშობლებს, სულგრძელებითა და სიმშვიდით იტანდა ყველა დუხჭირ შრომას. და სავსებით ცხადია, რომ ისინი, თუმცა იყვნენ მართალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, მაგრამ ამასთან ღარიბები, გაჭირვებულები და უქონელნი" (სამონაზვნო წესდება, 4).
მართალი იოსების სიკვდილის შემდეგ უფალი მარტო აგრძელებდა ამ ხელობას. ეს სამუშაო კი არ იყო ისეთი სახელოვანი, როგორიც მეცნიერება (ფიზიკა, გეომეტრია, მათემატიკა, მუსიკა და სხვა ამის მსგავსი), არამედ ეს იყო უხეში, მძიმე საქმე და სიმდიდრე არ მოჰქონდა. უფალი დაკავებული იყო ამით იმიტომ, რომ მას, როგორც ადამიანს ჰქონოდა რაიმე, რითაც შეეძლო ცხოვრება და ამით დახმარებოდა თავის საწყალ დედას, სხვა უქონელთ და ღარიბებს. ამას იმიტომაც აკეთებდა, რომ ორი რამ ეჩვენებინა. პირველი – მიეცა ყველასთვის მაგალითი, უქმად არ მჯდარიყვნენ, ხოლო მეორე – თავისივე მაგალითით ესწავლებინა ადამიანებისათვის, არ ეთაკილათ არანაირი ხელობა, რომელიც შეიძლება, ყველაზე მდაბალი და უღირსი იყოს, მაგრამ ადამიანისათვის ცხონების საქმეში არ შეიძლება, დამაბრკოლებლად ჩაითვალოს. ეს უნდა ახსოვდეს ყველა მშრომელ ადამიანს, მაგრამ ამასთანავე იგი უნდა მოერიდოს ტყუილს, ქურდობასა და თაღლითობას.
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რომელმაც მოაწყო ზეცა და მიწა, რომელმაც გაანათლა ადამიანური გონება სხვადასხვა ხელოვნებისა და ხელობის გამოგონებით, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ მძიმე და უხეშ სამუშაოს ასრულებდა. ის სიბრძნე, რომელმაც წარმოუდგენელი ხელოვნებით შექმნა ზეცა და მიწა და ადამიანური ფიქრი ხელოვნებამდე აღამაღლა, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ უმდარესი საქმით იყო დაკავებული.
ჭეშმარიტად, საოცარი იყო მისი ხილვა, რომელსაც ხელისგულით ეპყრა მთელი სამყარო, იგი დგებოდა ადრიანად, იღებდა ხელსაწყოებით სავსე კალათას და ხან ერთ და ხან მეორე სახლში დადიოდა. მუშაობით დაღლილი, ზაფხულში ოფლით გახვითქული და ზამთარში სიცივით გაყინული ბრუნდებოდა საღამოს შინ. ის, ვინც თავისი სულით ასაზრდოვებს ყოველ ცოცხალს – არა მარტო ცხოველებს, არამედ მცენარეებსაც – და აღავსებს მათ ყოველგვარი სიკეთით (ფს. 144, 16), დილიდან საღამომდე შრომობს აუცილებელი გასამრჯელოსათვის. ადამიანურ გონებას არ ძალუძს, იტვირთოს ყოველივე ეს! არც ერთ ენას არ შეუძლია, აღწეროს იგი! ამის შემხედვარეს გაოცებისაგან ძარღვებში სისხლი გეყინება. ასე რომ, სამართლიანია უფლის ნათქვამი სიტყვა: "ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახუროს, არამედ მსახურებად" (მათ. 20, 28).
იცოდე, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებდა, როგორც ბრძენი ექიმი, რათა თავისი მაგალითით დაავადებული კაცობრიობა ორი ავადმყოფობისა და ვნებისაგან განეკურნა: სამუშაოსაკენ ებიძგებინა უქნარებისა და ზარმაცებისათვის, ხოლო მათთვის, ვინც მუშაობს, ესწავლებინა, პატიოსნად მოქცეულიყვნენ – არ გაეძარცვათ და არ მოეტყუებინათ დამკვეთი. მაშ, ისწავლე შრომისმოყვარეობა არა ანგელოზებისაგან, არამედ თავად ყველა ანგელოზისა და ადამიანის შემოქმედისაგან.
თუ შენ პატრიარქი ხარ, მაშინ მიბაძე ჭეშმარიტ სამყაროს პატრიარქს – ქრისტეს და გახსოვდეს, რომ შენც გარგებს ცოტა წაიმუშაო – გადაწერე ხელნაწერები, ან თავად წერე რაიმეზე, ან რაიმე სხვა სულიერი საქმე წამოიწყე, რათა შეასრულო შენი ვალი ეკლესიის სწავლებებისადმი, რადგან ამით შეძლებ, დაიცვა შენი ჩანაფიქრი, მისცემ კარგ და სასარგებლო მაგალითს სამწყსოს და აღასრულებ მოციქულის მცნებას, რომელიც გვაუწყებს: "და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ" (2 თეს. 3, 8). იმიტომ, რომ ვისაც მუშაობა არ უნდა, მან არც უნდა ჭამოს, როგორც ამცნო პავლე მოციქულმა თესალონიკელ ქრისტიანებს: "უკუეთუ ვისმე არა ენების საქმის, ნუცა ჭამნ" (2 თეს. 3, 8). ასე იქცეოდნენ ძველი პატრიარქებიც – ოქროპირი, გრიგოლი, ათანასე, კირილე, ევლოგი და მათთან ერთად – ნექტარიოსი, დოსითეოსი, ქრისანტე, იერემია და ანტიოქიის უწმიდესი პატრიარქი სილიბისტრო, რომელმაც განუჩინა თავის თავს, ყოველ დღე სამი საათის განმავლობაში ხატები ეწერა. თუ შენ მღვდელმთავარი ხარ, მაშ, მიბაძე უდიდესი მღვდელმთავრების მაგალითს, ასევე სხვა უამრავ ძველ მღვდელმთავარს. თუკი შენ მოძღვარი ან ბერი ხარ, მაშინ კიდევ უფრო მეტად გჭირდება მიბაძო იესო ქრისტეს რაიმე ხელობის დაუფლებაში ან ხელსაქმეში. იმიტომ, რომ ხელსაქმე, წმიდა ისააკის სიტყვებით, როგორც ალიკაპი, ისე ეღობება მცონარობის გაჩენას. გამომუშავებული ფულით კი შეგიძლია, გაჭირვებულ ძმებს დაეხმარო.
ამიტომ ყველა მამა, რომელთაც "მოღვაწე" ეწოდებათ, როგორც მაგალითად, იოანე კიბისაღმწერელი, ეფრემი, ესაია, ევაგრე, განსაკუთრებით კი ბასილი დიდი (ძალიან ხშირად თავის "წესები მონაზვნებისას" განყოფილებებში) წმიდა წერილიდან უფლის მაგალითით გვიჩვენებენ, რომ ფიზიკური ხელსაქმე სასარგებლო და მშვენიერია. ამაზე ამბა ისააკი ასე წერს: "შვება და მცონარობა სულისთვის დამღუპველია, იგი დემონებს საშუალებას აძლევს, გვავნონ". და როგორც ადამიანია ორბუნებოვანი, ანუ შედგება სხეულისა და სულისაგან, მისი შრომაც ორბუნებოვანი უნდა იყოს. სული გონიერი და განუწყვეტელი ლოცვით უნდა იყოს დაკავებული, ხოლო სხეული – მუშაობითა და ხელსაქმით.
თუ შენ, მკითხველო, მდიდარი და განათლებული ხარ, მაშინ მიბაძე მდიდარ მოწყალებას და "მთავარსა მეფეთა ქუეყანისათა" (გამოცხ. 1, 5), რომელმაც იმისათვის, რომ მაგალითი მოგცეს, იქამდე დაიმდაბლა თავი, რომ ხელსაქმით ირჩენდა თავს. შენ შეგიძლია, წერო წიგნები, როგორც თეოდოსი იმპერატორმა, რომელმაც თავისი ხელით გადაწერა მთელი სახარება, ყოველდღიურად კითხულობდა მას. ან როგორც იმპერატორმა იოანე კანტაკუზიელმა, რომელმაც იუდეველთა და მუსლიმანთა წინააღმდეგ ორი შესანიშნავი წიგნი დაწერა. და თუკი შენ არ ხარ განათლებული, ემსახურე სხვებს სიყვარულით (გალ. 5, 13) – მოინახულე მსჯავრდებულები, ავადმყოფები, ქვრივები, ობლები, გაეცი მოწყალება, რათა არ იყო განკითხული, როგორც ზარმაცი და უსარგებლო მონა.
უფალმა "აიყვანა ადამი და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად" (შესაქ. 2, 15). და არა იმისთვის, რომ იგი მჯდარიყო იქ უქმად და მცონარობაში. ხელის სამუშაო აძლიერებს სხეულს და აჯანსაღებს მას, ხოლო უქმად ყოფნა და მცონარობა აუძლურებენ, ადუნებენ და აავადმყოფებენ მას. მართებულად დაწერა ბრძენმა ზირაქმა: "ბევრ ბოროტებას გვასწავლის მცონარება". ამას ჩვენ საქმითაც ვხედავთ – მას, ვინც შრომობს, ნაკლები ვნებები და ცბიერება აწუხებს, ხოლო ვინც მცონარობაშია, ხშირად დაპყრობილია მძვინვარე ვნებებით.
ასე რომ, თუ ადრე შენ ატარებდი ცხოვრებას მცონარებასა და უსაქმურობაში, მაშინ ბოლოსდაბოლოს, გაიღვიძე მცონარების ამ მძიმე ძილისგან. შეცვალე შენი ცხოვრება და მოინანიე, რომ შენ ასე დიდხანს არ მისდევდი იესო ქრისტეს და უსულო კერპების მსგავსი იყავი, რომელთაც აქვთ ხელი, მაგრამ არაფერს იღებენ; აქვთ ფეხი, მაგრამ არ დადიან. მუდამ ჩაბეჭდილი გქონდეს გონებაში სიტყვები, რომლებსაც ერთი მოძღვარი ამბობდა ყოველი დღის დაწყებისას: "სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო. სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!"
თემა: უფალი იესო ქრისტე, ღვაწლი, შრომაავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
თემა: ლოცვა, ფსალმუნებიავტორი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
სახარების სწავლება
იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად" (იოანე 3, 2) და როგორც თვით უფალმა ბრძანა საკუთარი თავის შესახებ: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე" (მათე 23, 8). იგი სამყაროში მხოლოდ ჩვენს გამოსასყიდად კი არ მოვიდა, არამედ იმისთვისაც, რომ ესწავლებინა, როგორც თავად ბრძანებს: "ამისთვის მოვივლინე სოფლად, რათა ვწამო ჭეშმარიტი" (იოანე 18, 37).
ამ ჭეშმარიტების კიდევ უფრო განსამტკიცებლად ზეციური მამა "ხმითა მაღლითა" გვიბრძანებდა ამ მასწავლებლის მოსმენას: "მაგისი ისმინეთ" (მათე 17, 5). მაგრამ მოდით, ყურადღებით შევხედოთ ამ მასწავლებელს: იგი, სხვა მასწავლებელთაგან განსხვავებით, გვასწავლის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ – საქმითაც.
იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ყოველი ცოცხალი არსების შესაქმნელად მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა: "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს" (ფს. 148, 5), მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის თავისი ნება ესწავლებინა და თავისი სიბრძნის საგანძური გაეხსნა, იგი განერიდა დიდებას და მონის სახე მიიღო, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (ფილ. 2, 7). მან ცოდვილი ადამიანის სახე მიიღო, "მსგავსად კაცისა იქმნა" და გადაიტანა ყველა ის მწუხარება, რომელსაც ყოველთვის განიცდიდნენ ღვთაებრივი სიტყვის მასწავლებელნი და მქადაგებელნი.
კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენთვის ჭეშმარიტებას იმაზე მეტი, რომელიც ჰიპოსტასურად განგვეცხადა და ჭეშმარიტება გვაუწყა? "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14, 6). სხვა რა საშუალებით გამოეხატა ჩვენს ტკბილ მასწავლებელს ჩვენთვის თავისი სიყვარული, თუ არა იმ შრომით, რომელიც მან გასწია. იგი ადიოდა და ჩამოდიოდა მთებზე, თავისი ფეხით მოიარა მთელი იუდეა; მას ერგო ამდენი უპატიობა – მას უწოდებდნენ ღორმუცელასაც, მემთვრალესაც, შეპყრობილსაც, და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენთვის ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა. "და მოჰვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა" (მათე 4, 28).
რა პასუხი ანდა გამართლება შეიძლება გქონდეს ღვთის წინაშე, ცოდვილო ადამიანო, თუ არ გჯერა მისი ღვთაებრივი სწავლებისა და მის ნათელს არ მიჰყვები?
"უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთვის" (მათე 15, 22). შეგრცხვეს იმისა, რომ ასე დიდ ხანს მისდევდი სოფლისა და ხორცის ცრუ სწავლებებს და ყურად არ იღებდი ღვთაებრივი სიბრძნის შესანიშნავ რჩევებს, მას მიწიერ, პირუტყვულ და ეშმაკურ სიბრძნეს ამჯობინებდი, დიდებისა და ადამიანების პატივისცემის მეტი არაფერი გსურდა; არ ცდილობდი შენი გრძნობების, უგუნური ვნებებისა და ჟინის მოთოკვას, ამის ნაცვლად აგროვებდი ვერცხლს, რათა ბოლოს და ბოლოს ფულით დატვირთულ სახედარს დამსგავსებოდი.
შენ მოგეცა უდიდესი ნიჭი: შეგიძლია, უსმინო თვით განხორციელებულ სიტყვას, უფლის იმ სიტყვას, რომლის მოსმენაც სურდათ წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, მაგრამ ვერ მოისმინეს: "ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაისწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი... და ვერ იხილეს, და სმენად... და ვერ ესმა" (ლუკ. 10, 24). როდესაც სახარების წაკითხვას აპირებ და გადაშლი მას, ეს ისე გააკეთე, თითქოს ზეცას ხსნიდე, რამდენადაც ეს წიგნი, უდიდესი ღვთისმოშიშებით დაწერილი, თავის თავში თვით ქრისტეს სწავლებას შეიცავს. წმიდა იოანე ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ: "წმიდა წერილის კითხვა ზეცის გახსნაა" (მეორე სიტყვა ესაიას მიმართ). ის ისე წაიკითხე, თითქოს თვით უფალი გასწავლიდეს. როდესაც მის სიტყვებს კითხულობ, არანაირ შიშს არ გრძნობ, ამ შიშს კი ძალიან ძლიერად განიცდიდა სასტიკი გულის მქონე ისრაელის ხალხი, და რადგანაც ვერ უძლებდა ამას, მოსეს ეუბნებოდნენ: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით" (გამოსვლ. 20, 19).
დაფიქრდი სახარების ამ ზეციური მასწავლებლის სწავლების, განსაკუთრებით მისი მთაზე ქადაგების შესახებ, რომელიც მათე მახარებელმა ჩაიწერა: "და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ... და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა" (მათე 5, 12), და დაფიქრდი ღვთაებრივი სწავლების მომდევნო სამ თვისებაზე: სიმაღლეზე, ჭეშმარიტებასა და სარგებელზე.
სწავლების სიმაღლე, ადრე დაფარული და ბრძენთათვის მიუწვდომელი, ახლა ნათელი გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: "აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა" (მათე 13, 35). ამ დრომდე სამყარო თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როდესაც ფლობს სიმდიდრეს, დიდებასა და სიამოვნებას. ახლა შეგიძლია, წარმოიდგინო, როგორ გაოცდა ადამიანთა მოდგმა, როდესაც პირველად მოისმინა, რომ უფალი სრულიად საწინააღმდეგო რამეზე ლაპარაკობდა – იმაზე, რომ ბედნიერნი არიან გლახაკნი, მოტირალნი, დამცირებულნი, თავმდაბალნი, მშიერნი, მშვიდობისმყოფელნი, წმიდანი გულითა, უსამართლოდ დევნილნი და მსჯავრდებულნი. და – პირიქით, უბედურნი არიან მდიდარნი, რომელთა გულებიც ამქვეყნიური სიმდიდრითაა აღსავსე, მხიარულნი, მოცინარნი, ადამიანთა შორის პატივდებულნი. მაშ ვის ძალუძს, მისწვდეს ამ წარმოუდგენელ სიმაღლეს, რომელიც დამახასიათებელია ღვთაებრივი სახარებისათვის!
მოციქული ბართლომე ძალიან ხშირად უწოდებდა სახარებას ერთდოულად მცირესაც და დიდსაც. მცირეს – მოცულობით და დიდს – შინაარსითა და სწავლების სიმაღლით. წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვით, სახარება ჰგავს მორევს, რომელშიც შეგვიძლია მოვძებნოთ ნიჭთა სისრულე; იგი თითქოსდა სულიერ საიდუმლოებათა ზღვაა, რომელშიც დაცურავს იდუმალი თევზი – იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი. ნეტარი იერონიმე სახარებას შემოკლებულ ღვთისმეტყველებას უწოდებს, ორიგენე – მთელი წმიდა წერილის დასაწყისს. და თუ მთელი წმიდა წერილი ავგუსტინესთან იწოდება ყველა მეცნიერების ენციკლოპედიად, ბასილი დიდთან – სამჭედლოდ, სადაც იჭედება სულები და სულიერ სათნოებათა ბეღელად, მაშ, რამდენად აღმატებულია მასზე სახარება – ძე ღვთისას სისხლით განახლებული ახალი აღთქმა!
სახარებისეული სწავლება ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი თვით უზენაესის ყოვლადბრძენი ბაგეებიდან გამოდის, რომელიც არის ჭეშმარიტება, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "მე (ანუ სიბრძნე) გამოვედი უზენაესის პირიდან" (ზირ. 24, 3). და მართლაც, ყველა ადამიანი – ადამიდან სამყაროს აღსასრულამდე – ცრუ აღმოჩნდება, მხოლოდ ღმერთი არაა ცრუ, არამედ ყოველთვის ჭეშმარიტია როგორც პავლე მოციქული ამბობს: "იყავნ ღმერთი მხოლოი ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3, 4).
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხოვრება" (იოანე 6, 63), რადგან ისინი შეიცავენ ქრისტიანული ზნეობის ყველა საფუძველს. ისინი გვიჩვენებენ, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და ვიმოსავთ ახალ ადამიანს, "ღმრთისა მიერ დაბადებულს" (ეფ. 4, 24).
ახლა კი შეხედე, რას აკეთებ შენ. განა არ უჩვენებ შენი საქმეებით, რომ სრულიად სხვა რწმენა გაქვს? როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწყებს, რადგანაც არ სურს სახარებისეული მცნებების მორჩილება. ასე რომ, იცოდე, როგორც უფალი ბრძანებს, "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანასკნელსა დღესა" (იოანე 12, 48). საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად "ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: "მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი" (იაკ. 2, 18).
გამოიღვიძე და გონს მოდი. კვლავ აღანთე შენი რწმენა და სიყვარული ღვთაებრივი მასწავლებლის მიმართ. შეინანე, რომ აქამდე კვებავდი შენს გულს საქმეებით, რომელიც უფლის სწავლების საწინააღმდეგო იყო. ევედრე ქრისტეს, რომ მან გიბოძოს მამაცური გული, რათა მასთან ერთად შეძლო ცხოვრება პავლე მოციქულის სიტყვისაებრ: "რამეთუ არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი სჯულისანი განმართლდნენ (რომ. 2, 13).
თემა: სახარება, სახარების კითხვა, უფალი იესო ქრისტე, სიბრძნეავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის
საახალწლო ეპისტოლე - 1979
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივ-კურთხეულ შვილებს
კვლავ წავიდა წელი უსაზღვრო დროის დინებისა, ისევ დავდექით ძველისა და ახლის მიჯნაზე, ისევ შეიკრიბებიან საახლწლო ნაძვის ხესთან ღვთისგან შექმნილი ჩვენი შვილები, ნორჩი თაობა ჩვენი ერისა. ძველის მშვიდობით გასტუმრებით და ახლის მოსვლით აღტაცებულო, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო, მოდით, მივბაძოთ მამა-პაპათა სანუკვარსა და კარგ ჩვეულებას, ჯერ სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ დიდი ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ ასე მშვიდობით გავისტუმრეთ ჩვენ ძველი წელი და ზეაღტაცებით ვხვდებით ახალს, ლოცვის შემდეგ კი ავანთოთ სანთლები მოწყალე ღმერთის სადიდებლად, და შემოვუსხდეთ საახალწლო სუფრას გარშემო.ჯიხვის რქები აივსება ლალისფერ ღვინით, რათა უპირველესად ვადიდოთ გამჩენი ღვინის, ხობრლისა და სხვა ათასგვარი საზრდელისა. შემდეგ ერთმანეთს მივულოცოთ ძველის წასვლა და ახალი წლის მობრძანება.
ჩვენც მოგილოცავთ, ჩემო სამწყსოვ, საერთო ზეიმს; კეთილი იყოს მისი მოსვლა ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ჩვენს პლანეტაზე. კურთხეულ იყოს თქვენი სუფრა, თქვენი ზეიმი, თქვენი შრომითა და მარჯვენით მონაგარი მხიარულება. ღვთის მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს შრომასა და ოფლის ღვრას თქვენსას; ერთიათასად მოგემკოთ მუდამ დათესილი ხორბლის მარცვალი; თქვენი სასოებითა და გულმოდგინებით გაზრდილიყოს დოვლათი და ერის ბარაქა; ახალ წელს მოეტანოს ბევრი სიახლე თქვენი პირადი ცხოვრებისა და ქვეყნის კეთილდღეობის ასამაღლებლად; ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენმა შრომამ, მარჯვენამ თქვენმა, არა მარტო თქვენ უნდა გაცხოვროთ, არამედ წინ უნდა წასწიოს ჩვენი სამშობლოს აყვავების კეთილი საქმე. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჩვენ ცალ-ცალკე არარა ვართ, სამშობლოსა და ხალხის გარეშე. ისიც მოიგონეთ, რომ ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობოს სიყვარული, როგორც განუყოფელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ვილოცოთ იმისათვის, ჩემო თანამორწმუნენო და თანამემამულენო, რომ არ ჩამქრალიყოს ამ დედამიწაზე მშვიდობიანი შრომის ნათელი.
ყოველი წელი კარგი არის და სანატრელი, თუ ის მშვიდობით მოდის და მშვიდობით მთავრდება. წმიდა ტაძარში საღმრთო მსახურების - წირვა-ლოცვის აღსრულებისას მოძღვარი ასე წარმოთქვამს ხოლმე: მშვიდობა ყოველთა. ჩვენც ამასვე ვუსურვებთ ღვთისაგან გაჩენილ ჩვენს დედამიწასა და ჩვენს სამშობლოს: ამ ახალ წელში „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდება და აღორძინდება ჩვენი ხალხისაგან დათესილი ყველა მარცვალი. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ცვარ-ნამი, რომელიც ღვთის მადლად დაეპკურება ჩვენი ქვეყნის ბაღ-ვენახებს. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს მფარველი დედა ჩვენი ახალგაზრდობისა მისი სწავლისა და აღზრდის საქმეში; „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის წყარო, რომლიდანაც იჩუხჩუხებს დოვლათ-ბარაქა, სიხარული, პროგრესი და აღმავლობა, ახალი დიდი შთაგონება, ახალი წიგნები და აღმოჩენები, ახალი მადლი სარწმუნოების განსამტკიცებლად, ახალი განძი ეკლესიების გასაძლიერებლად, და ბოლოს, - „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ბრწყინვალე გზა, რომლითაც ერთი ღვთიური მიზნისაკენ წავა მთელი კაცობრიობა, „რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10,4).
მაშ ასე, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო! არ მოჰკლებოდეს ამ ახალ წელში უფლის მადლი თქვენს გზასა და ნაბიჯებს თქვენსას. თქვენს სულს სიწმიდე მომადლოს ზეცამ, სულის სიწმიდემ თავმდაბლობა ადიდოს თქვენში, თავმდაბლობამ კი გზა გაუხსნას ყველა სიკეთეს, რაც ადამიანს თავის გამჩენ ღმერთთან აახლოებს. ღვთისმშობლის მადლმა არ მოაკლოს აყვავება და აღმავლობა ჩვენს ერსა და საერთოდ ყველა ხალხს, მწვანით მოსილი ჩვენი მიწისას.
ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს დიდსა თუ პატარას: შფოთი და მტრობა, ვერაგობა, ღალატი, მუხთლობა, შურიანობა, სიხარბე და კაცთა სიძულვილი მუდამ გამოწვეული იყო ღვთისაგან განდგომით, სარწმუნოების დაკარგვითა და თავაშვებულობით. ის, ვინც ეძიებს ქვეყნად მხოლოდ ხორციელ საზრდოს, და სიცოცხლის გამჩენს არ ეძიებს, ვისაც ადამიანის დანიშნულებად მიაჩნია მხოლოდ ბევრის მოხვეჭა, ბევრის ჭამა, საუკეთესო ტანსაცმელი და სხვა არარა, სწორედ რომ არარაობასაა მინდობილი. ასეთ კაცს ვერ შეუგნია ეს ადგილი მათეს წმიდა სახარებიდან: და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა ჰშურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი (მათე 6,28-29). სოლომონიც კი არ შემოსილაო ისე თავისი დიდების ზენიტზე, - ბრძანა მაცხოვარმა, როგორც შროშანი ველისა, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის.
გაუხსენით გული და გონება სარწმუნოებას, ჩვენი სამწყსოს საყვარელო შვილებო, შეიმოსეთ მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ატარეთ იგი სიყვარულით და თქვენ იქნებით უფრო ბრწყინვალედ შემოსილი, ვიდრე ყოველი ყვავილი ველისა, ვიდრე ყოველი მეფე, ოქროქსოვილით შემოსილი დიდების ტახტზე.
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე, სიბინძურესა და მანკიერებას რომ ამოსწვავს ადამიანთა ცხოვრებიდან, ძალასა და მხნეობას რომ ჰმატებს მშრომელთა მარჯვენას, ჩვენს სულს რომ აძლევს სასიკეთო საზრდოს ნოყიერს.
სარწმუნოება - ხიდი არის მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე, ჩვენი ღვთივკურთხეული მიწის შვილებო. ეს ხიდი აქ იწყება, ჩვენს საყვარელ დედამიწაზე და მარადიულობას უერთდება მადლის განგებით. ეს ის ხიდია, რომელზედაც მაცხოვარი მიგვიძღვის თავად, ჩვენი უფალი იესო ქრისტე... ყველა, ყველა ამ ხიდზე! ნუ დაყოვნდებით! დროის დაკარგვით სიტკბოების წყაროს დაიკლებთ, და იმ ნეტარებას, რომელსაც მხოლოდ სარწმუნოება ანიჭებს ადამიანს.
პირადად ჩვენ, საპატრიარქო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მთლიანად ჩვენი უძველესი ეკლესია, მზადა ვართ დავეხმაროთ ყველას, ვისაც კი სურს წრფელი გულითა და წმინდა სულით შედგეს ამ ხიდზე, ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომელიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა. მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისაგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად.
ეს დიდებული სამყარო იმისათვის შექმნა ყოველთა გამჩენმა ღმერთმა, რომ ჩვენ, ადამიანები დავტკბეთ ამ სამყაროს მადლითა და სილამაზით. ჩვენ ხელს გიწვდით დახმარებისას და წინ წარგიძღვებით, რათა უნათლესი სიმაღლიდან დაგანახოთ ეს ხელთუქმნელი სილამაზე, და იგრძნოთ ის სულიერი სიმშვიდე, რისთვისაც შემოქმედმა შექმნა ეს ყოველივე.
ძნელბედობის დროს აშენებდა ქართველი ხალხი ჩვენს ეკლესიებს; თქვენ იცით, რომ მრავალსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ. ჩვენ ვიბრძოდით, ღმერთი გვწყალობდა და ღვთისმშობელი მფარველობდა ჩვენს ერსა და ჩვენს ეკლესიას. ჩვენს მამა-პაპათ უყვარდათ მაცხოვარი იესო ქრისტე და ქრისტეს წმიდა ტაძრები. არავის დაანებეს ისინი გასათელად და დასანგრევად, ისე გადმოგვცეს შვილებსა და შთამომავლობას. ჩვენი ვალია ვუპატრონოთ მათ დანატოვარს, იმავე მგზნებარე გულით გვიყვარდეს ყოველივე ეს, როგორი გულითაც ისინი აშენებდნენ მათ; ისეთივე გულმხურვალებით ვილოცოთ ღვთის წმიდა ეკლესიებში, როგორი გულმხურვალებითაც ლოცულობდნენ ჩვენი ერის რიგითი მშრომელები და რჩეული შვილები: დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე, გიორგი მესამე და დიდი თამარი, ათონელი წმიდა მამები, კათოლიკოსნი - მელქისედეკ პირველი და კალისტრატე მესამე, სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე, მცხუნვარე მზისგან კანდამწვარი, მაშვრალი გლეხები და მრისხანე მტერთან ბრძოლაში დაღუპული ბევრეულები ჩვენი ერისა.
მხნეობასა და მზეგრძელობას გისურვებთ, ჩემო შვილებო, კვლავაც ემეფოს მშვიდობას მთელ ქვეყანაზე. არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და ლოცვა-კუთხევა, ნებისყოფა და სიმტკიცე ყოველ ცოდვათა განსარიდებლად, რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (რომ. 6,23).
თბილისი, 1979 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საღმრთო ევქარისტიის დიდებულების შესახებ
დაფიქრდი იმ ერთ ნიჭზე, რომლის მთელი ღირებულება ცხადდება მაშინ, როდესაც შენში სამი რამ შეერთდება: ამ ნიჭის მთელი დიდებულების შეცნობა, სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამ ნიჭს მოგმადლებს, და შემეცნება მის მიერ მოტანილი სარგებელისა. ეს სამი სასწაულებრივი რამ არის სწორედ ნიჭი, რომელიც ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოთი გვეძლევა. იფიქრე ამ ნიჭის დიდებულების შესახებ. სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა მრავალი რამ მოგვმადლა. ჯერ ერთი, მან გვიბოძა ჩვენივე თავი, როდესაც შეგვქმნა არარაობიდან იმისათვის, რომ მის მსგავსად და ხატად გვეარსება. მან გვაჩუქა თავისი მრავალრიცხოვანი ქმნილებები – ზეციური და მიწიერი – არა მხოლოდ არამატერიალური და სულიერი, არამედ მატერიალურიც – იმისათვის, რომ გვეზრუნა მათზე. მან შექმნა ჩვენთვის ზეცა, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა. ხოლო უდიდესი საჩუქარი არის ღვთის განხორციელება, რომელშიც ღმერთი სიტყვა შეუერთდა ადამიანურ ბუნებას იმისათვის, რათა ადამიანი მადლით განეღმრთო.
ყველა შესაძლო ნიჭიდან დარჩა მხოლოდ ერთი, და იგიც უბოძა ღმერთმა ადამიანს – ღვთაებრივი ევქარისტიით. მისი საშუალებით უფალმა ადამიანს მისცა საჭმელად თავისი ყოვლადწმიდა სხეული და ძვირფასი სისხლი, რათა თითოეულის სული განაღმრთოს. ამაშია ჩვენი სიმდიდრე და მადლი. აი, რას ამბობს ამ საიდუმლოს შესახებ ღირსი იოანე დამასკელი: "მას "მიღება" ეწოდება იმიტომ, რომ მისი საშუალებით ჩვენ საკუთარ თავში თვით ღმერთს ვიღებთ; მასთან "შეერთება" კი იმიტომ ჰქვია, რომ მისი საშუალებით ქრისტეს ვუერთდებით და თანაზიარნი ვხდებით როგორც მისი ხორცის, ისე ღვთაებრიობის". მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საიდუმლო არის სახე სხეულის სახლის მშენებლობისა (იგულისხმება ის, რაც უფალმა ჩვენთვის გააკეთა ხორცში ყოფნის დროს). იგი საკუთარ თავში მოიცავს მაცხოვრის დაბადებასაც, ადამიანთა შორის მის ცხოვრებასაც, მის ვნებებსა და სიკვდილს, ჯოჯოხეთში შთასვლას, აღდგომას, ამაღლებას, მის დაჯდომას მარჯვენით მამისა და მეორედ მოსვლას. ყოველივე ეს მოხსენიებულია წმ. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგიებში. ჯერ კიდევ მათშია საუბარი იმ ნეტარი ადამიანების შესახებ, რომლებიც საღმრთო ლიტურგიით, ქრისტესთან შეერთებით იღებენ მარადიულ მადლს, როგორც ბრძანებს ამაზე ნიკოლოზ კავასილი: "მაშინ ეს ნეტარნი ერთმანეთსა და ქრისტეს ისე შეუერთდებიან, როგორც სხეულის ნაწილებია შეერთებული თავთან და ერთმანეთთან". მოკლედ, უკვე ახლავე, ერთი პურითა და ერთი ბარძიმით ზიარებით ისინი ერთობაში მოდიან, როგორც უფლის ლოცვაშია ნათქვამი: - "რაითა იყვნენ ერთი, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოანე 17, 22).
ასე რომ, უკვე აღარაფერი დარჩა, რისი თხოვნაც კიდევ შეგვეძლებოდა ჩვენი მაცხოვრისათვის და რისი მიღების შემდეგაც ფილიპესთან ერთად ვიტყოდით: "უფალო, კმა არს ჩუენდა!" (იოანე 14, 8). თუ ჩვენი ცხოვრებისათვის რაიმე უკეთესის ძიებას დავიწყებთ, მაშინ იგი გვეტყვის: "ეს საიდუმლო, რომელიც მე გიბოძეთ – ყველა მადლის სრულყოფილებაა და არაფერი მაქვს ამაზე მეტი, ყოველგვარი მადლი მოგეცით ამ პურითა და ღვინოთი". რა შეუდარებელი ძღვენია! ყოველთა საუკუნოთა უბადლო წყალობაა, - ამის მიღწევა შეუძლებელია თვით მრავალთვალება ქერუბიმებისა და ექვსფრთიანი სერაფიმებისათვის!
ასე რომ, საყვარელნო, განა არ ხართ ვალდებულნი, ღვთის ამ მადლმოსილ ძღვენში მონაწილეობით საკუთარი თავი სრულად მიიტანოთ მსხვერპლად იმის წინაშე, ვისაც ლიტურგიაზე მადლობას უძღვნით?! ნუთუ შემდგომშიც უმადური დარჩები, ღვთის მიერ შენთვის ბოძებული უხვი ძღვენის მიუხედავად?! რას იტყვიან ანგელოზები ამ უმადურობაზე?! რას იტყვიან ზეცაში ამის შესახებ ანგელოზები, რომლებმაც ღვთის უდიდესი სიყვარული შეიცნეს?! გრცხვენოდეს იმ უმადურობის გამო, რომელსაც საიდუმლოს აღსრულებისას იჩენთ, საიდუმლოსი – მადლიერება (ევქარისტია) რომ ჰქვია. ამგვარად მხოლოდ იმიტომ კი არ იწოდება, რომ უფალი მადლობას შესწირავდა მამას, ვითარცა წერილ არს: "მოიღო იესო პური და ჰმადლობდა... და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა..." (მათე 26, 26-27), არამედ იმიტომაც, რომ იგი გვიბიძგებს, ვიყოთ მადლიერნი ღვთისა, რომელიც გვანიჭებს ესოდენ დიდ სიკეთესა და მადლს ამ საიდუმლოთი.
იფიქრე იმაზეც, რომ სასჯელიც ძღვენისოდენი იქნება, თუ ამ ძღვენს ჯეროვნად არ გამოვიყენებთ; ანუ – რამდენადაც დიდია ღვთისაგან გამომავალი მადლი, იმდენად დიდი იქნება შენთვის სასჯელიც, თუკი ღვთის ძღვენს უნაყოფოდ დატოვებ შენში. აღუთქვი უფალს, რომ სრულად მიუძღვნი მას საკუთარ თავს, ისევე როგორც იგი ყოველივეს გაძლევს შენ. მადლობა შესწირე ამ უდიდესი და განუსაზღვრელი ძღვენისათვის და შესთხოვე, რათა ყოველგვარ სიკეთეს დაურთას ერთიც: სულისა და გულის განახლება – იმისათვის, რათა შენ საჭიროებისამებრ გაიაზრო ღვთის სიკეთე და შეგეძლოს, შესაბამისად მადლობდე ამის გამო.
იფიქრე, საყვარელო, იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც ღმერთი გიმჟღავნებს და ღვთაებრივი ზიარების შესახებაც. ამ საიდუმლოში მისი სიყვარული სრულყოფილების საზღვარს აღწევს, როგორც ბრძანებს იოანე მახარებელი: "შეიყუარა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (იოანე 13, 1). და როგორც ღუმელის სიცხოველე მისგან გამომავალი ცეცხლით შეიცნობა, ასევე ღვთის ჩვენდამი სიყვარული საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოთი შეიცნობა.
საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ?! უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს, შენ კი არ გსურს შეერთება მასთან – ყოველივეზე აღმატებულ მადლთან?! შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, ფერფლი კი – ასეთ სიცივეს?! უფალმა ინება შენში დავანება და შენ თავის ტაძრად გაქცია, შენ კი, უმადური ქმნილება, მას კარებს უხურავ და არ გსურს, იგი შენში შემოუშვა?! ასეთი უმადურობის გამოვლინებით ემსგავსები იმ ებრაელებს, რომლებმაც უდაბნოში მოისურვეს ეგვიპტური ხახვი და ნიორი, ანუ ხორციელი სიამოვნებანი. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ღმერთს, რათა დაეთრგუნა შენი გაქვავება და არაადამიანურობა?!
ასე რომ, ღვთაებრივი დიდებულების წინაშე წარდგომილმა აღიარე შენი გაჭირვებული მდგომარეობა. საკუთარი თავი სრულად მიუძღვენი უფალს ამ საიდუმლოების საშუალებით და შემოუშვი შენში საყვარელი იესო, რომელმაც დაადგინა ეს საიდუმლო უდიდესი სიყვარულით იმისათვის, რათა შეგძლებოდა, გამოგეხატა შენი სიყვარული მის მიმართ, რათა ყოფილიყო შუამავალი მოსიყვარულე ღმერთსა და შენს შორის, რადგანაც მან შეგიყვარა შენ. ესაა ზეციური ერთობა, რომელიც უდიდესი სიყვარულის ღირსია! მაშ, გამოიღვიძე, ძმაო, იფხიზლე და შიშით აღძრული ერიდე ყოველგვარ ცოდვას, რომელიც შეგბილწავს შენ. წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილები მეძავის ნაწილებად ვაქციო?! "აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძავის? ნუ იყოფინ" (I კორ. 6, 15). ბოლოს, შესთხოვე უფალს, რომლისაც შენ გწამს და რომელიც გიყვარს, რათა მან განამრავლოს შენში სიყვარული, ამასთან, ერთობის სურვილი და შენი მისდამი ანთებული სიყვარული. როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთსა" (რომ. 12, 1). იმისათვის, რომ შეგიყვარონ, უნდა თვითონ გიყვარდეს, როგორც ბრძანებს უფლის საყვარელი მოწაფე: "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ" (1 იოანე 4, 19). იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღირსი ისიდორე პელუზიელი: "ღვთაებრივი საიდუმლოების მიღებას "ზიარება" იმიტომ ეწოდება, რომ მისი საშუალებით გვებოძება ერთობა ქრისტესთან და მისი მეუფების თანაზიარნი ვხდებით". ამასვე წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი: "ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვთაებრივი ზიარებით ქრისტე ჩვენში დებს უკვდავების თესლს, როგორც ამის შესახებ თვითონ ბრძანებს: "ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუნაისკნელსა მას დღესა" (იოანე 6, 54).