წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ კი კაცმა ერთხელ თავის გულში გადასწყვიტა, რომ არ არის საუკუნო ცხოვრება, რასაკვირველია, ის აღარ ეძებს მას და სცხოვრობს მხოლოდ ამ ქვეყნისათვის; გარნა რით შეენდობა, რა გასამართლებელი მიზეზი აქვს კაცსა მორწმუნესა, როდესაც იგი შთაფლულია ამაოებასა შინა და არ ჰფიქრობს მომავლისა ცხოვრებისათვის? ის ცხოვრობს და იქცევა – თითქოს არც კი იყოს მომავალი ცხოვრება.
თემა: წუთისოფლის ამაოებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყოველნი და თვით სიტყვანი, გრძნობანი, შინაგანნი ყოველნი სულის მოძრაობანი – სარწმუნოებით შემოსილნი იმყოფებოდნენ.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საღმრთო სჯული მოითხოვს ჩვენგან ყოველთა კეთილთა საქმეთა, მრავალსა მოთმინებასა, მოწყალებასა, ლოცვასა, მარხვასა და სხვათა. გარნა ყოველნი ესენი უნდა ავასრულოთ ქრისტე იესოს სიყვარულით და სარწმუნოებით, არა ურიათაებრ, რომელნი მხოლოდ გარეგნობით, ფორმით ასრულებენ თვისსა სჯულიერსა და თავის ნებას არ იშლიან.
თემა: საღვთო სჯულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თუ გსურს, ძმაო ჩემო, განმართლება, ცხონება, და ვინ იქნება იმისთანა კაცი, რომ არ ჰსურდეს იგი, – შეიყვარე იესო ქრისტე, როგორც მოციქულმან პავლემ, რომელი იტყვის: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე“, ესე იგი პავლემ თვისი საკუთარი ცხოვრება, თვისი ნება–სურვილი უარჰყო და ქრისტეს ნება–სურვილს დაემორჩილა.
რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად?
არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არცკი შეუძლია კეთილი საქმე ჰქმნას თვისდა განსამართლებელად, და რომ კაცს გაამართლებს ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება. სხვანი ქრისტიანენი, მაგალითებრ, რომის (კათოლიკეები) ამცირებენ სარწმუნოებასა განსამართლებელად ჩვენდა და იტყვიან, რომ ყოველ კაცს შეუძლია და კიდევაც უნდა აღასრულოს საქმენი სჯულისანი, ესე იგი კეთილნი, განსამართლებელად ღვთისა წინაშე, და თუ ვისმე არ შეუძლია, კიდეც უნდა ისესხოს, ანუ იყიდოს ეკლესიისგან მადლი და მით განმართლება მოიპოვოს. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ კაცმან უნდა ჰქმნას კეთილნი საქმენი, ანუ საქმენი სჯულისანი თვისდა განსამართლებელად, არამედ პირდაპირ იტყვის – კაცი განმართლდება მხოლოდ სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა. ის სარწმუნოება, რომელზეც ამბობს წმიდა მოციქული პავლე, არ არის ერთი მხოლოდ უქმი ჭკუის მოსაზრება, ფიქრი, უბრალო გრძნობა კაცის გულისა, არამედ სარწმუნოება, რომელიც გადაიქცა კაცის სიცოცხლედ, რომელსაც კაცი არა თუ მარტო ჰგრძნობს, ანუ ჰფიქრობს გონებით, არამედ რომლითაც იგი მოძრაობს, სცხოვრობს. ამისთანა სარწმუნოება დიაღ გაამრთლებს და აცხოვნებს კაცს, ამისთვის, რომელ, როგორც უწინ ვსთქვით, ამისთანა სარწმუნოება არის ცხოველი და განმაცხოველებელი კაცისა, ეს არის სარწმუნოება მოძრავი, საქმიანი, შემოსილი კეთილთა საქმეთაგან, მოკლედ იგი არის თვით ცხოვრება კაცისა. წმიდა ჩვენი მარლმადიდებელი ეკლესია, დაფუძნებული პავლე მოციქულისასა და სხვათა მოციქულთა და წმიდათა, ღმერთშემოსილთა მამათა, გვასწავლის ჩვენ, ძეთა თვისთა, რომ კაცის განმართლებისათვის საჭირო არის ვითარცა სარწმუნოება იესო ქრისტესი, აგრეთვე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისამებრ. ამასთანავე იგი აგვიხსნის ჩვენ, რომ ყოველი საქმე კაცისა დიდი და მცირე მხოლოდ მაშინ იქნმება ნამდვილად კეთილი და გამამართლებელი კაცისა, როდესაც იგი არის ნაყოფი, ანუ წარმომდინარეობს ცხოველი სარწმუნოებისაგან ქრისტეს იესოსა, სასოებისა და სიყვარულისაგან, როდესაც თვით იესო ქრისტე სცხოვრებს და მოქმედებს კაცის გულში.
განმართლება არის ის, როდესაც კაცს არ დაეთვლება, ანუ არ შეერაცხება თვისი ცოდვა, ვითარცა თანაშობილი, ანუ გადმოსული მას ზედა ადამისაგან, აგრეთვე საკუთრად მისგან აღსრულებული. მაშასადამე, როდესაც ის შეიქმნა უბრალო ღვთის წინაშე, და არღა ქვემდებარე არცა ერთისა პასუხისგებისა. ერთი სიტვით, როდესაც სცხონდება.
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი სჯული გაუქმდა, მან დაკარგა თვისი ძალა. ძველი სჯულის წესებს მხოლოდ მით ჰქონდათ მადლი და ძალი განმართლებისა, რომ ისინი მოასწავებდნენ, უჩვენებდნენ ქრისტე იესოს ჯვარცმასა და მისი საღმრთო სისხლით ჩვენსა განმართლებასა. თუ ძველი სჯულის საქმეებით ვეძიებთ განმართლებასა, ანუ ისე ვიფიქრებთ, რომ კაცს ვერძის, კრავის და ძროხების სისხლი გაამართლებს, მაშინ იესო ქრისტეს მოსვლა ქვეყანაზე არაფერი ყოფილა, და ვინც ახლა იესო ქრისტესაგან ეძიებს განმართლებასა, ის აქამომდე ცოდვაში არის.
თემა: რჯულის კანონებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად შენი ვედრების აღსრულებისა, კიდეც რომ მისი წინააღმდეგი დაგემართოს, რაიმე შეურაცხყოფა, ანუ მწუხარება მოგაყენოს ღმერთმან, მაინც ნუ დაჰღონდები, არამედ უმეტესი სიმშვიდე და მორჩილება გამოაჩინე ლოცვასა შინა შენსა, ვითარცა ჰყო ქანანელმა დედაკაცმა. ბოლომდი უნდა მიიყვანო შენი მოთმინება, მორჩილება, სიმდაბლე, სიმშვიდე. განა ღმერთმა წინადვე არ იცის, რა კაცი ხარ? მაგრამ შენ კი არ იცი ესა. შენ უნდა შეგატყობინოს, რა თვისება გაქვს, რა არის კარგი, ან ცუდი შენს შორის.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიიზიდავდეს მადლსა ღვთისასა. არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატევარს მოჰკიდებს ხელს, თუარადა გადაემტერება მთელ სიცოცხლეში დამჩაგრელად. ახლანდელ ქრისტიანეთ სირცხვილად მიაჩნიათ დათმობა დაჩაგვრისა: „რას იფიქრებს ქვეყანაო ჩემზედ, ქალაჩუნა არისო“. მაშინ, როდესაც კაცი, მომთმენი დაჩაგვრისა, რომელიც ყურადღებას არ მიაქცევს გინებასა, ამით გამოაჩენს თვის სულგრძელებას და სიმტკიცეს; ხოლო მოუთმენელი, შურისმეძიებელი, ცხადად ამტკიცებს, რომ არის სუსტი ხასიათით, სულმოკლე, წარტაცებული თვისი ცუდი გუნებით, და დამონებული ვნებასა და ცოდვას. „ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსვლა; და რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეენიასა მას ცეცხლისასა“ (მათ. 5.22). ასე ფიცხელად დაისჯება კაცის მაგინებელი, გარნა რომელიც მოითმენს გინებასა, ორკეც მადლს მიიღებს: თავის სულს აცხონებს, და მოყვასს კეთილ მაგალითს აჩვენებს.
თემა: მოთმინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი