ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 1994
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
"მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და
წყალობითა დიდითა შეგიწყალებ შენ" (ისაია 54,7).
უფლის წყალობით კვლავ გავხდით ღირსნი ქრისტეს შობის ზეიმისა. ისევ დადგა დღე ღვთის განხორციელების საიდუმლოზე განსაკუთრებული დაფიქრებისა. ძე ღვთისა, შემოქმედი და განმგებელი ხილული და უხილავი სამყაროსი, ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში იშვა, - "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა".
პირველნი, ვისაც ეუწყა ყრმა ღმერთის ამქვეყნად მოვლინება, იყვნენ უბრალო ბეთლემელი მწყემსები და არა ძლიერნი ამა სოფლისანი, არც მოძღვრები ძველი აღთქმისა.
და დედამიწას მოეფინა საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, - მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. "რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვანი და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა" (2 კორინ. 5,19).
სიყვარული და თავმდაბლობა, - ეს ის თვისებანია, რომლითაც შემკული უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ადამიანს შეიძლება მაღალი თანამდებობა ჰქონდეს, ან გამოირჩეოდეს მეცნიერული მოღვაწეობით, მაგრამ ჭეშმარიტად დაფასებული იგი მაშინ იქნება, თუ სიყვარული და თავმდაბლობა აქვს, მაშინაა იგი ღვთისთვისაც და ხალხისთვისაც ახლობელი და გამორჩეული.
თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს.
მეოცე საუკუნე, რომელმაც შვა ორი მსოფლიო და მრავალი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მანამდე არნახული ტოტალიტარული რეჟიმი, ისტორიაში შევა არა მარტო როგორც სოციალ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა ხანა, არამედ, უფრო მეტად, როგორც საშინელი ძვრების, არაადამიანობის, აგრესიულობის, გულგრილობის, აპათიის, შურის, ბოროტების საუკუნე.
რა არის ეს, ბუნებრივი პროცესი თუ ქაოსი "პირდაღებული უფსკრულისა"? - როგორც უწოდებდნენ ცხოვრებას ანტიკურ დროში. ეს ყოველი შედეგია არასულიერობის, ურწმუნოებისა და ნიჰილიზმისა.
თავის დროზე პიროვნებამ დაკარგა რწმენა ღვთისა. ახლა იგი კარგავს რწმენას ადამიანისა, ანუ თავის ძალისა და შესაძლებლობებისა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას დროზე არ დაუბრუნდა, ეს პროცესი მეტად საშიშ ფორმებს მიიღებს, რადგან სულიერი თვითგვემა უკვე თავზეხელაღებულობამდე მიდის.
ხანდახან გგონია, რომ მთელი სამყარო ბნელითაა მოცული და ცხადდება ჩვენზე ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას, რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი და თითები თქვენი - უკეთურებით. თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს" (ისაია 59,2-3).
ჭეშმარიტად, უღმერთოების მიზეზით დაბნელდა სულიც და გონებაც ჩვენი. ადამიანმა დაკარგა უნარი თეთრის და შავის, სიკეთის და ბოროტების გარჩევისა და იქცა იარაღად ეშმაკისა.
ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ღვთის ნიშანდებული, ამპარტავნებისა და თვითდაჯერებულობის გამო, ეშმაკის მიერ ცდუნდა, ეშმაკისა, რომელსაც ასე მიმართავს წმ. ისაია: "როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ისაია 14,12-15), ხოლო მაკარი დიდი ბრძანებს: ეშმაკმა, დაიპყრო რა ადამიანი, დასვარა და დაატყვევა სული მისი ქვესკნელის ძალებით და არ დატოვა მისი ერთი ნაწილიც კი თავისი ძალაუფლების გავლენის გარეშე: აზრები, გონება, სხეული, შავი პორფირით დაფარა... და გახდა სხეული ტანჯული და ხრწნადი. ძველი აღთქმის კაცი განიმოსა სრულყოფილების სამოსისაგან და ატარებს ჯოჯოხეთის ტანსაცმელს, ტანსაცმელს შეურაცხყოფის, ურწმუნოების, უტიფრობის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, ვერცხლისმოყვარეობის, გარყვნილების და სხვა არაწმინდა და საზიზღარი ძონძებისა.
მაცხოვარი ბრძანებს: "ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი, რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი, და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი" (იოვანე 3,18-20). მაგრამ არ შეიძლება ეს პროცესი ასე გაგრძელდეს; უნდა მოხდეს ხალხის გონების და შემდეგ სულის განკურნება და ღმერთთან დაბრუნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოყვასს ფეხზე დადგომაში.
მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ამაღლების რეალურობა.
უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკლის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება.
განსაცდელი - მრავალრიცხოვანი და მძიმე - აი, ჩვენი ხალხის გადარჩენის გზა. მხოლოდ მათი წყალობით შეძლებს ერი და თითოეული ჩვენგანი დაინახოს სიღრმე ჩვენი დაცემისა, გაიცნობიეროს ხასიათის თავისებურებანი, მისი სისუსტენი და გამოფხიზლებულმა მოიძიოს გზა გადარჩენისა.
ამიტომაც განსაცდელში ჩვენ ღვთის დიდ სიყვარულსა და ზრუნვას ვხედავთ. "განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვასთ" (იაკობი 1,12) - ვკითხულობთ წმ. წერილში.
მთავარია, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, ჩვენი ცოდვები და ღვთის იმედით აღვსილნი სინანულისა და გამოსწორების გზაზე დავდგეთ, სულიერი ფერისცვალებისთვის მოვემზადოთ.
მაცხოვრის მადლით, მორწმუნე ადამიანის გონება განახლების პროცესს განიცდის. იგი განეშორება სიცრუეს, თავს იკავებს სიფიცხისა და მრისხანებისაგან. გაურბის ბოროტებას, ავსიტყვაობას; ის კეთილი, სიმართლის მოყვარული და თანამგრძნობელი ხდება და სულ სხვანაირად აღიქვამს თავის თავს.
დღეს ახალგაზრდებში უკვე იგრძნობა ის პროცესი შემობრუნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ნაკლოვანებაა: ქურდობა, მკვლელობა, ამორალურობა, ძალადობა და სხვა, მაგრამ კარგის მაგალითებიც უნდა დავინახოთ.
მრავალმა ახალგაზრდამ შესწირა თავი სამშობლოს დაცვას, მრავალმა მოქალაქემ გაიღო წვლილი ომში წასულთა თუ გაჭირვებულთა დასახმარებლად, ბევრმა ოჯახმა შეიფარა ლტოლვილნი. ხალხს ესმის ქვეყნის მძიმე მდგომარეობა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად მოთმინებით იტანს ცხოვრების სიმძიმეს. ამასთან შექმნილია მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილებს ეხმარებიან, უვლიან დავრდომილებს, დაჭრილებს, დადიან საავადმყოფოებსა და ციხეში; აგროვებენ ტანსაცმელს პროდუქტს, მედიკამენტებს, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს; და ყოველივე ამას აკეთებენ სრულიად უანგაროდ, რწმენითა და კაცთმოყვარეობით.
შორეული, მაგრამ ღვთისაგან შეყვარებული და კურთხეულია ივერია; წმ. წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვებით ასე მოგვმართავს უფალი: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსნი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ" (ისაია 43,1-2). "აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ; ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან" (ისაია 43,5-6). ბნელისაგან ნათლის დაბადება - საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, რომელიც ღვთის მადლის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენში. ამიტომაც საჭიროა გაძლიერებული ლოცვა, რომ დავაჩქაროთ ბოროტისაგან ჩვენი საზოგადოების განთავისუფლების პროცესი.
სინათლის მატარებელი პიროვნება თვითონ ხდება მანათობელი, რაზეც ბრძანებს წმ. მათეს სახარება: "ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს" (მათე 5,16). დიახ, სათნო ადამიანები სიკეთეს ასხივებენ. მათი გარემოც ნათელი და მოწესრიგებულია.
ორ მაგალითს მოვიტანო ანტიკური ისტორიიდან: ფილოსოფოს სოკრატეს დროს ცხოვრობდა ვინმე ალკიბიადე, გენიალური, მაგრამ უზნეო. იგი შეხვედრისას ასე მიმართავდა ხოლმე ფილოსოფოსს: "სოკრატე, მე მძულხარ, რადგან, როცა შენ მიყურებ, ვხედავ ჩემს თავს". და მართლაც, იგი სოკრატეში ხედავდა სინათლეს და თავის თავში - ცოდვით სავსე პიროვნებას.
ერთხელ ფილოსოფოს პლატონთან მივიდა არქიტექტორი და შესთავაზა აშენება ისეთი სახლისა, სადაც არცერთ ოთახს ქუჩის მხარეს არ ექნებოდა ფანჯარა. პლატონმა უპასუხა: "მე გადაგიხდი ორმაგს, თუ შეძლებ იმგვარი სახლის აგებას, სადაც ყოველ ადამიანს შეეძლება თითოეული ოთახის დანახვა-დათვალიერება".
ჩინელები გამოყოფენ ხუთ სიკეთეს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის. ესენია: მოკრძალება, ზრდილობა, სიმართლე, გამჭრიახობა, სიკეთე.
თუ ადამიანი მოკრძალებულია, მას არ შეიძულებენ, ზრდილობიანს მხარს უჭერენ, გონებამახვილი - წარმატებებს მიაღწევს, სიმართლისმოყვარეს დაუჯერებენ, ხოლო კეთილი გამოიყენებს სხვებს, გვასწავლის ეს სიბრძნე.
მაგრამ ყველაზე მთავარი ღმერთთან ყოფნაა. მიენდეთ უფალს უკუნისამდე, "რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე" (ისაია 26,4).
როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი ყურადღება განათლებას და ცოდნის ამაღლებას უნდა მივაქციოთ: "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5,48). - მოგვიწოდებს მაცხოვარი.
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კურთხევა უფლისა. ეს არის მოწოდება მუდმივი წინსვლისა და სრულყოფისაკენ, უსაზღვროებასთან მიახლებისაკენ.
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას".
ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებს, რომლის პროგრამებიც კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს.
სკოლებში და ინსტიტუტებში სრულიად არ ექცევა ყურადღება ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას. ჩვენი გოგონები და ყმაწვილები მოკლებულნი არიან ელემენტარულ სარწმუნოებრივ და მორალურ აღზრდას, არ იციან ეთიკური ნორმები, ოჯახში და საზოგადოებაში ქცევის წესები.
ძველ დროს ამ საკითხებით მშობლები იყვნენ დაკავებულნი, ახლა დედაც და მამაც მსახურობენ და არა აქვთ დრო შვილებისათვის, ანდა თვითონაც არ ყოფნით დონე სათანადო აღზრდის მისაცემად.
დღეს ჩვენს ახალგაზრდობას ძირითადად ქუჩა აყალიბებს, რის სამწუხარო შედეგსაც უკვე იმკის თითქმის ყველა ოჯახი.
მთავრობის ხელმძღვანელობით, მიმაჩნია, უნდა შეიქმნას მეცნიერთა კომპეტენტური კომისია, რომელიც თავის მხრივ ჩამოაყალიბებს ცალკეულ ქვეჯგუფებს სასწავლო პროგრამების შესადგენად. ასეთი კომისიები, ალბათ უკვე არსებობენ, მაგრამ ისინი უნდა გაძლიერდეს და მათი მუშაობის ეფექტურობა შემოწმდეს.
უპირველეს ამოცანად ასევე მიგვაჩნია, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლებისთვის ღრმა აზროვნების კურსის შედგენა.
გულის კარნახს, რომელიც ჩვენს ხალხში ხშირად ბატონობს გონების განსჯაზე, ხშირად მივყავართ გაუთვალისწინებელ და მძიმე შედეგებამდე.
დღეს, როდესაც ასე ბევრი სიძნელია გადასალახი, აუცილებილია ღრმა, აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება, რაც მოგვცემს საშუალებას განვჭვრიტოთ შესაძლო კოლიზიები ამა თუ იმ მოქმედებისა და თავი ავარიდოთ არასწორ გადაწყვეტილებებს.
დაწყებით და საშუალო სკოლებში მეტად სასურველია იკითხებოდეს სულიერი და ზნეობრივი კულტურის კურსი, რომელიც შეეხება ღმერთს, სარწმუნოების, სიყვარულის, ბოროტებისა და სიკეთის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, მიტევების, შერიგების, ადამიანებთან ურთიერთობის საკითხებს ან ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ცხოვრების ყოვლადაუცილებელ ნორმებს.
ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ სამყაროს.
სკოლებში აუცილებელია ესთეტიკური კურსის შეტანა. ხალხში თანდათან იკარგება სილამაზის გრძნობა. ადამიანი იმდენად გაუხეშდა, რომ აღარც ბუნების აღქმის უნარი აქვს, არც მუსიკის განცდისა. კულტურა სულიერებისაგან დაიშრიტა, უღვთო და უსულო გახდა. ხელოვნება, რომელმაც უნდა აღზარდოს ადამიანები და სულიერი ამაღლებისა და ზნეობრივი სრულყოფის კიბეზე აიყვანოს ისინი, უშინაარსო გასართობად იქცა.
შევძლებთ ამ წინააღმდეგობების გადალახვას? შევძლებთ შევაღოთ ახალგაზრდების შინაგანი სამყაროს კარი, რათა დაიწყოს იქ ფერისცვალების დიადი პროცესი? ძნელია ეს, მაგრამ ყოვლადაუცილებელი.
ამისთვის არ უნდა დავიშუროთ ჩვენი მწირი შესაძლებლობანი და გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მომავალი თაობის, ქვეყნის ხვალინდელი დღის სწორი აღზრდისათვის.
ჩვენს ხალხში კიდევ ერთი დადებითი გამოვლინება შეიმჩნევა: ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხდება საზოგადოების დეპოლიტიზაცია, ამასთან მოსახლეობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი შრომაზე.
პოლიტიკა ნამდვილი პოლიტიკოსების საქმეა და არა მასისა. მიტინგებისა და დემონსტრაციების დონეზე წარმოებული პოლიტიკა პოლიტიკა არ არის და არც პიროვნების ორატორული ნიჭი ნიშნავს ქვეყნის მართვის უნარს. დღეს აუცილებელია მშვიდი, ფრთხილი დიპლომატია. ხშირად კი ჩვენ მითების სამყაროში ვცხოვრობთ და გვავიწყდება მკაცრი რეალობა. აუცილებელია არა მარტო ცალკეული ფაქტების გათვალისწინება, არამედ მოქმედების მთელი სისრულით წარმოდგენა, რეალური სიტუაციის ანალიზი და სინთეზი, ყველა შესაძლო ასპექტის გააზრება, როგორც აწმყოს, ისე მომავლისათვის.
უნდა ვიჩქაროთ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატიური სკოლის შექმნა. საქართველოს ამ მხრივ, როგორც წარსულში, ისე ახლა, დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს. მთავარია, დავიწყოთ შრომა; შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება.
აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია. "ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას" (მათე 11,12).
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი).
ცალკეული ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იღვწოდეს თავის ადგილზე, მაგრამ არის შრომა, რომელიც საჭიროა ყველასათვის - ეს არის მიწაზე მუშაობა. მიწა არა მარტო საზრდოს აძლევს კაცს, არამედ კურნავს კიდეც მას. როდესაც უფალმა აკურთხა ადამის მოდგმა ოფლით თვისით მოეპოვებინა პური არსობისა, ეს იყო არა დასჯა, არამედ დალოცვა. შრომის დროს ადამიანი აუხსნელ სიამოვნებას განიცდის, რასაც მედიცინის ენაზე კუნთების სიხარული ჰქვია.
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერი ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა დაამთავრეს მუშაობა, გაემართნენ სატრაპეზოსკენ და დანაყრდნენ. სტუმარი ფანჯრიდან იყურებოდა და უცდიდა, როდის მოუხმობდნენ მასაც სადილად, მაგრამ არავინ ეძახდა. შიმშილმა რომ შეაწუხა, იგი იღუმენთან წავიდა და ჰკითხა, მისცეს თუ არა საზრდელი იმ დღეს ბერებს; წინამძღვრისაგან თანხმობა რომ მიიღო, ეწყინა, მე რატომ არ გამაგებინესო; - შენ სულიერი კაცი ხარ და საჭმელი რად გინდა. ჩვენ ხორციელნი ვართ, კვება ჩვენთვის აუცილებელია, ამიტომაც ვშრომობთ, შენ კი იკითხე წიგნები, ისაზრდოვე სულიერი სიტყვებით, - უპასუხა იღუმენმა.
ეკონომიკურმა პრობლემებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ სხვებისგან მოწვდილ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან.
კატასტროფა, რასაც ხშირად ახსენებდნენ მტრები თუ მოყვრები, არ მოხდება - ხალხი შრომას იწყებს. ოღონდ ერთი რამ უნდა ყველას გვახსოვდეს: სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება მხოლოდ ცრემლსა და მწუხარებას მოუტანს კაცს, რადგან ღვთის კანონით, ვინც სხვისას იჩემებს, ის თავისასაც კარგავს და ჯოჯოხეთისთვის განიმზადებს უკვდავ სულს.
მხოლოდ კეთილსინდისიერი შრომით მოპოვებული ქონებაა სიკეთის მომტანი. იყავით გაბედულნი, შრომისმოყვარენი და კეთილნი, ვითარცა ჩვენი წინაპარნი.
ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ეკლესიის როლს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18). - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით".
ჩვენში ვერ მოხდება ფერისცვალება, თუ ეკლესიის ცოცხალი წვერნი არ გავხდით. ეკლესია თავის წიაღში აერთიანებს ადამიანებს და მერე ღვთის გზით მიჰყავს ისინი. იგი გარდაქმნის მათ სულებს და ქრისტეს სხეულის ნაწილად ჰყოფს.
სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.
ისინი ფულით, პროდუქტებით, ტანსაცმლით იპყრობენ ადამიანთა სულებს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ საქართველოს ეკლესიას, მის წმინდანებს, სასულიერო პირებს, ჩვენს ტრადიციებს. ასეთი სექტები თესენ ანტაგონიზმს და შუღლს ადამიანებს შორის, ეს ბოროტი ძალის მანქანებაა და მას კავშირი ღმერთთან არა აქვს. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას" (I ტიმ. 4,1).
ის, ვინც ტანსაცმლის, საჭმლის ან სხვა მატერიალურ მიზეზთა გამო განუდგება მართლმადიდებელ სწავლებას, ადვილად უღალატებს ღმერთს, სამშობლოს, მშობლებს, ოჯახს და, რა თქმა უნდა დაღუპავს თავის უკვდავ სულს.
მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
გახსოვდეთ: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" (წმ. კკიპრიანე).
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენს ხალხს შესწევს უნარი სულიერი და ზნეობრივი განახლებისა. ეს პროცესი, ღვთის წყალობით უკვე დაწყებულია, სინათლე თანდათან იკაფავს გზას. გვწამს, ქართველი ერი არ დარჩება განხეთქილების, ამპარტავნების, ბოროტებისა და მწვალებლობის ტყვეობაში, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.
ამ იმედით აღვსილი მორჩილებით ვიდრეკ მუხლს ბეთლემის სიდიადის წინაშე და შევთხოვ ახლადშობილ ღმერთს - იესო ქრისტეს: ნათელო ჭეშმარიტო, განანათლე და განაბრწყინვე ყოველი კაცი ამქვეყნად მომავალი. დე, აღიბეჭდოს ჩვენზე სისპეტაკე შენი სახისა, რათა ვცნათ მასში მიუწვდომელი ნათელი.
ძმანო და დანო, სიყვარულით ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე ზეიმს და ახალ წელს. ღვთის წყალობით იყოს იგი მშვიდობისა და სიყვარულის, სიხარულისა და ერთიანობის წელი. განიწმინდოს ადამიანთა გულები ბოროტებისაგან, ამპარტავნების, ურწმუნოების, სიძულვილისა და შურისაგან და განიკურნოს დასერილი გულები ჩვენი.
სიყვარულისა და თანადგომის სიტყვებით მივმართავ ყველა ახლად შესვენებულის ოჯახს. უფალმა დააწესოს თქვენი გარდაცვლილების უკვდავი სულები სავანესა მართალთასა.
სიყვარულის და იმედის სიტყვებით მივმართავ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან ლტოლვილთ: არ დაკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული, არ დაბრკოლდეთ, ილოცეთ და უფალი აუცილებლად შეისმენს თქვენს თხოვნას. გვჯერა, მალე მშვიდობა იზეიმებს და თქვენ თქვენს მიწა-წყალს დაუბრუნდებით.
მოგმართავთ ყველა ქართველსა და არა ქართველს საქართველოში მცხოვრებს: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და თქვენ მისი საფარველით ხართ დაცულნი. იშრომეთ და იცხოვრეთ მშვიდად, პატივი ეცით და შეიყვარეთ ერთმანეთი. ნაციონალური შოვინიზმი და სეპარატიზმი უპირველესად საშიშია იმ ხალხისათვის, სადაც ეს მოძრაობა ჩნდება, რადგან ეს ომის, სიკვდილის, განსაცდელის გზაა; ღმერთმა გვაშოროს იგი.
საქართველო იყო და იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი - ასეთია ნება ღვთისა.
გახსოვდეთ უფლის სიტყვები:
"თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ" (იოანე 16,20). "აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მოდავენი, რადგან მე ვარ უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის განმმტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი" (ისაია 41,11-13).
ქრისტეს შობა
თბილისი,
1993-1994 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
გულისსიტყვების, წარმოსახვისა და გონებაგაფანტულობის შესახებ
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება. მღვიძარე მამები ბევრს მოგვითხრობენ საცნობელთა წმინდად დამარხვაზე. მათი სწავლება, ძირითადად, ეხება გონების დაცვას ცოდვიანი წარმოსახვებისა და აზრებისგან და გულის განწმენდას მისი შემაგინებელი გრძნობებისგან. იმასაც გვასწავლიან, რომ სულის სიწმინდის დასაცავად ყოველგვარი უზნეობა მისი წარმოშობისთანავე უნდა აღმოვფხვრათ. ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა და სარგებელს.
ევას რომ თვალი სიწმინდით დაეცვა, არ მოწამლავდა თავის შთამომავლობას და მისგან შობილ ყველა ადამიანს. ერთი სიტყვით, გრძნობებისგან თავშეკავება ადამიანს ჯოჯოხეთისგან იხსნის.
2. შვილო, გისურვებ წინ აღუდგე ეგოისტურ და ამპარტავნულ გულისსიტყვებს, რადგან ყველა ბოროტი ვნება მათგან და მათი მსგავსი ვნებებისგან იღებს სათავეს და საწყალ ადამიანს დასაღუპავად უბიძგებს უფსკრულისკენ.
ვნებებიდან მომდინარე გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სრულებით უგულებელყავი ისინი, რადგან ბოროტის სისაძაგლე სახეზე აწერიათ.
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე.
ასეთი გულისსიტყვების უკუგდება შეპასუხებითაც ხდება, მაგრამ ეს რთული ბრძოლაა და ქრისტეს მეომარს დიდი გამოცდილება სჭირდება, დანაკარგის გარეშე რომ გაართვას თავი, რადგან წმინდა წერილის ცოდნაში ეშმაკიც გაწაფულია და მებრძოლის დასაბრკოლებლად მრავალ საბუთს იშველიებს.
ამიტომ, რასაც გულისსიტყვების მეშვეობით გეუბნება – ამპარტავნების იქნება ეს, ცუდადმზვაობრობის თუ განკითხვის და ა. შ., ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. გულისსიტყვები ვნებებიდან მომდინარეობს და მათთან საუბარი არაა საჭირო. კარი ჩაუკეტე და თქვი: „არ დავუშვებ მწვალებლურ გულისსიტყვებთან ურთიერთობას და საუბარს", შემდეგ კი მტკიცედ განაგრძე ლოცვა.
3. ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსიტყვა, უფრო სწორად, მისი ზემოქმედება და ვეღარც კი გაიხსენებ, რის თქმას აპირებდა შენთვის.
ეს გზა უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე ეშმაკის ნაკარნახევ გულისსიტყვებზე შეპასუხებით შეწინააღმდეგება, რადგან როცა დემონი განგვეშორება, მისი ნათქვამიდან ნაშთი და აჩრდილიც კი არ რჩება. შეპასუხების შემთხვევაში კი, მართალია, ბოროტი მარცხდება და მიდის, მაგრამ ტოვებს იმის ნაშთსა და აჩრდილს, რასაც სულს აწვდიდა და ადამიანს გადატანილი ბრძოლის მსუბუქი მოგონება მაინც რჩება.
პირველი ხერხი, დაუყონებლივ ლოცვას მივმართოთ, უფრო შვების მომგვრელია და სული სწრაფად მშვიდდება, მაშინ როცა მეორე – შეპასუხებით შეწინააღმდეგება – დამღლელია. თუ სულმა გულისსიტყვების შეპასუხებას თავი ვერ გაართვა, შესაძლებელია, ეშმაკმა, რომელსაც ადამიანის დარწმუნების დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისი ჭრილობები მიაყენოს მას.
4. გაექეცი ცოდვიან აზრებს, მოიკვეთე წარმოდგენა – პროვოცირების კერპი, რადგან „ყოვლისმცოდნე" სატანა ცდილობს შენს შემოქმედს – ღმერთს – მოგაცილოს.
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარმოსახვას გონებაში გამოჩენისთანავე შევებრძოლებით, აღმოვფხვრით და უკუვაგდებთ, თუ მონდომებითა და მოშურნეობით დაუყოვნებლივ ავიტაცებთ სულის მახვილს – ჩვენი იესოს წმინდა ლოცვას – მაშინვე დავინახავთ, როგორ დაგვტოვებს ქურდულად შემოპარული ბოროტი გულისსიტყვა და გამარჯვებას იმ მბრძანებელ გულისსიტყვას დაუთმობს, რომელიც ღვთის მადლმა და მოწყალებამ განამტკიცა.
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რომ მფარველ ანგელოზს მხოლოდ არაწმინდა გულისსიტყვები განგვაშორებს და დაინახავ, გონების, გულისა და სხეულის შესაგინებლად როგორ ააზვირთებს საძაგელი გულისსიტყვების სიმრავლესა და ამაო კერპების წარმოდგენას. მაგრამ, როცა მოღვაწე შეიცნობს ეშმაკის ბოროტებას, მაშინვე ქრისტეს იარაღით აღიჭურვება და ანადგურებს მის მანქანებას.
5. შვილო, უფრთხილდი წარმოსახვას; ყველა ცოდვა მისგან იღებს სათავეს. ის ცოდვის ძირია. ამიტომ ფრთხილად იყავი. როგორც კი ვინმეს ან რაიმეს წარმოიდგენ, რაც გინახავს ან გაგიგონია, მაშინვე განურისხდი და ლოცვით განდევნე შენი გონებიდან. ილოცე სწრაფად და გულმოდგინედ. გონებით ღვთისმშობელს მიმართე და ტკივილით სთხოვე შეწევნა. ვსასოებ ღმერთს და მჯერა, რომ გამარჯვებას მიაღწევ.
შენ თავი აიმაღლე და ეშმაკმაც ამიტომ გაგიმართა ბრძოლა. ახლა დამდაბლდი. შინაგანად დაიმცირე, შეურაცხყავი საკუთარი თავი და როცა ღმერთი შენს თავმდაბლობას დაინახავს, შეგეწევა.
როგორც ცეცხლს ერიდები, რომ არ დაგწვას და გველს გაურბიხარ, რომ არ დაგკბინოს, ასე და უფრო მეტად გაექეცი ეშმაკის მოტანილ წარმოსახვას!
გიმეორებ, ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.
6. უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე. ულმობლად გაუმკლავდი პიროვნებებისა და ბოროტი საქმეების ბილწ წარმოდგენებს, რადგან ყველა ბოროტება წარმოსახვიდან მოდის და თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რაც უნახავს, მოუსმენია ან განუცდია ხუთი გრძნობის საშუალებით; ასე კი ყველაფერს ხელახლა და ცოცხლად განგვაცდევინებს სულის შესაგინებლად.
ასე რომ, რისხვით და ლოცვის იარაღით განდევნე ბილწი გულისსიტყვები და, ქრისტეს მადლით, ეშმაკის წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვებ.
7. ფრთხილად იყავი, გონებამ აქეთ-იქით არ იხეტიალოს, არამედ მტკიცედ დაუკავშირე ის ქრისტეს სახელს. ისე ევედრე, თითქოს წინ გედგას უფალი, სულიერი ტკივილით უხმე მის სახელს და ნახავ, როგორ სარგებელს მიიღებ.
ბოროტი გულისსიტყვები სწრაფად, „კინწისკვრით“ გაყარე, შეუძახე: „მაწანწალებო, გასწით აქედან, ღვთის ტაძრიდან, ჩემი სულიდან!“
უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე; შიგნით ნუ დაიტოვებ, რადგან საშიშია, ჭრილობები არ მოგაყენოს, რის შემდეგაც ცრემლების ღვრა და ოხვრა მოგიწევს.
მოითმინე, შვილო. ცეცხლივით გაექეცი ასეთ გულისსიტყვებს, რადგან მათ სულისთვის განადგურება, გულგრილობა და სიკვდილი მოაქვთ. მაგრამ, თუ მათ რისხვით, ყურადღებითა და ლოცვით განვდევნით, ამას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამიტომ, იბრძოლე, ნუ გეშინია. მოუხმე ჩვენს მკურნალს, რომელიც მზადაა დაგვეხმაროს. ბევრი თხოვნა არ არის საჭირო; არ ითხოვს ფულს, არ ეზიზღება ჭრილობები, შეიწყნარებს ცრემლებს, კეთილი სამარიტელივით ზრუნავს და უვლის სულიერი ავაზაკების მიერ დაჭრილს. ასე რომ, მოდით, მისკენ ვისწრაფოთ.
8. რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წარმოგვიდგენს სახეებს, საგნებს, გვახსენებს სიმღერებს და ა. შ., რაც გრძნობებმა დააგროვა და ვნებიან გულისსიტყვებს აღძრავს, რომ ღვთის ქალაქი – გული – ააოხროს და შებილწოს.
არსებობს ასეთი ხერხი: წარმოდგენები, პიროვნებები და ა. შ., გონებაში წარმოსახვისთანავე უნდა განვდევნოთ. და თუ, ღვთის მადლით, ამას შევძლებთ, ბოროტებას წარმოქმნისთანავე დავამარცხებთ და მცირე შრომით გავიმარჯვებთ.
ხოლო თუ გულისსიტყვები გაჯიუტდება, მაშინ ქრისტეს სახელს მოვუხმოთ, რისხვით აღვიჭურვოთ და საბრძოლო პოზიცია დავიკავოთ.
როცა ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც გვაფორიაქებენ, ვეცადოთ, ჩვენს წარმოსახვაში მათ ადგილი არ დაიმკვიდრონ, მაშინვე განვდევნოთ, რომ მათი ხატება სულის წარმოსახვით ნაწილში არ მოხვდეს და შესაბამის დროს ეშმაკმა ჩვენთან საბრძოლველად არ მოგვივლინოს.
9. შვილო, ნუ შეგაშინებს ეშმაკის მიერ მოტანილი გმობის გულისსიტყვები. ის ბოროტი მთესველის შურია. გმობის გულისსიტყვები ქრისტიანის სულის მოშთობას ცდილობს იმ აზრით, თითქოს თავად ადამიანი გმობდეს და ასე უწამლავს გულს!
ეს გულისსიტყვები ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი, ასე უნდა უგულებელყო იმიტომ, რომ შენი არაა.
გეუბნები, შვილო, ნუ გეშინია. მათზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. როცა ეს გულისსიტყვები მოგდის, უთხარი სატანას: „რაც გინდა, მითხარი. ამიერიდან შენს ნათქვამზე აღარ ვინაღვლებ, რადგან ეს ყველაფერი შენი ბოროტების გამონაგონია".
მიუხედავად იმისა, რომ გმობის გულისსიტყვები აშკარად ეშმაკისგან მოდის, მათში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის. რა წვლილი? ესაა ჩვენი გონების ფარული თვითდაჯერება, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. იგი გმობის გულისსიტყვებით მჟღავნდება. ასეთი აზრები ასევე ჩვენი მრისხანების, გულისწყრომის, სიძულვილისა და სხვა ვნებებისგან იღებს სათავეს.
ამიტომ მათ უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარი თავის შინაგან განკითხვაზე და შევებრძოლოთ ყოველგვარ ამპარტავნულ გულისსიტყვას. ასევე მშვიდობა დავამყაროთ თითოეულ ადამიანთან, თუნდაც ჩვენ მიმართ ბოროტებას სჩადიოდეს.
10. ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს. ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვეკიდებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და განვიცდით მორალურ კმაყოფილებას, რაც სიწმინდეს მოაქვს.
ამიტომ, შვილებო, ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოსვლისას, რადგან ყოველ მათგანთან მიმართებაში იგივე ხერხი მოქმედებს. თუ უყურადღებო გონება დახვდა, ნებისმიერი ასეთი გულისსიტყვა შემოდის და ვნების შესაბამის ზემოთ აღწერილ ზნეობრივად არაჯანსაღ მდგომარეობას ქმნის.
რადგან მონაზონს ძირითადად გულისსიტყვები ებრძვის, ის, რაც მას გადაარჩენს მღვიძარებაა! სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიღვწით.
11. ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღვიძარებით ანუ გონების სიფხიზლითა და ყურადღებით.
ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალიბების საშუალებას არ ვაძლევთ და თან იესოს ლოცვას ვამბობთ, სატანის შეჭირვებისგან ვთავისუფლდებით და ღმერთი გვირგვინს გვიბოძებს იმ კეთილი განზრახვის გამო, რომ გვსურს სათნოვეყოთ მას.
12. მუდამ გახსოვდეს, შვილო, რომ რასაც გულისსიტყვა გეუბნება, ყველაფერი ეშმაკისგანაა. მისი მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს და სასაცილოდ აგიგდოს. ამიტომ შენც მასხრად აიგდე და მის უხამს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ბოროტს უგულებელყოფ, არასოდეს შეგემთხვევა ცუდი. გაფრთხილდი, ნუ მოუსმენ მის ნათქვამს და გადარჩები.
თუ ზემოთქმულს დაიცავ, არაფერი დაგემართება. ვინც თავის გულისსიტყვებს მიენდო, ცუდ დღეში ჩავარდა. გულისსიტყვების უგულებელყოფა ლოცვასთან ერთად კი სასწაულებს ახდენს.
ნუ დარდობ, შვილო, იმედს ნუ გადაიწურავ და სიმხნევეს ნუ დაკარგავ. ყველაფერი, რასაც ეშმაკი გონებაში წაგისისინებს, სიცრუე და ტყუილია. საერთოდ ნუ დაუჯერებ მას! ეშმაკს უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები მას უჯერებენ და იტანჯებიან. ხოლო ძალიან წუხს, როცა მისი არ სჯერათ და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
როცა ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ასეთ გულისსიტყვებს უგულებელყოფა სჭირდება, მაშინვე სრულიად ვირწმუნე მისი სიტყვები, საქმით განვახორციელე და განვიკურნე.
საუკეთესო წამალი ასეთი გულისსიტყვების სრული უგულებელყოფაა და განკურნებაც სრული იქნება. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ ესაა წამალი! ფრთხილად იყავი, არ იზარმაცო. განუწყვეტლივ ებრძოლე ბოროტს. მთელი შენი მცდელობა იქით მიმართე, რომ არ იფიქრო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებზე, ყურადღება არ მიაქციო მათ და ოდნავაც ნუ იდარდებ.
13. სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.
გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.
14. ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს.
როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვები გიჩნდება, მაშინვე, ოდნავი დაყოვნების გარეშე, განაგდე მისი სახე ისე, როგორც ხუჭავ თვალებს, როცა რაიმეს დანახვა არ გინდა; ეშმაკზე განრისხებულმა სწრაფად, ტკივილითა და ცრემლებით იმეორე იესოს ლოცვა და მაშინ დაინახავ, როგორ მოგშორდება ბოროტი გულისსიტყვა.
ხოლო თუ წარმოსახვა ძლიერდება, მაშინ შენს გონებაში დაანაწევრე და დაამახინჯე წარმოსახული სახე, რომ ზიზღმა განდევნოს მისგან მოტანილი ტკბობა.
ძალიან ფრთხილად იყავი, არ გათამამდე, ყურადღება არ მიაქციო არც ერთ ბოროტ გულისსიტყვას, რადგან მაშინ ეს მცირე დაუდევრობა შენში დიდ ბრძოლას გამოიწვევს. გაფრთხილდი, არ მიგიზიდოს ბილწი წარმოდგენის სიტკბოებამ და შენმა სულმა საუბარი არ გაუბას წარმოსახულ პიროვნებას, რადგან შემდეგ ძნელი იქნება აქედან თავის დაღწევა და მაშინ ამ გამოცდილებით მიხვდები, თუ რამდენადაა საჭირო გულისსიტყვებისგან თავის დაცვა.
15. შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო? აიძულე თავი. გაიხსენე სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთი; დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.
16. როდესაც დემონურ გულისსიტყვებს ვებრძვით, ბრძოლა მოწამეობად შეგვერაცხება; ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტი გულისსიტყვებისგან ძალიან იტანჯება, ღმერთი კი ხედავს სულის შრომას და ტკივილს და ამას მოწამეობად უთვლის.
ურწმუნოების გულისსიტყვების მიზეზი თავმოწონება და ეგოიზმია. ასე რომ, მოიშორე, შვილო, ქედმაღლობის გულისსიტყვები და დიდი სიმდაბლით იფიქრე საკუთარ თავზე. სხვას ნუ განიკითხავ; მხოლოდ საკუთარ შეცდომებს უყურე. სიფრთხილით წარმოთქვი თითოეული სიტყვა და ნურავის ატკენ გულს.
ურწმუნოების გულისსიტყვები სრულებით უგულებელყავი, რადგან ეშმაკისგანაა. მათი მიზანია, ბრძოლის უნარი წაგართვან, შემდეგ სიძვის ეშმაკს გადაგცენ და სულიერი სიკვდილი მოგიტანონ.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.
გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს.
17. გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
ასე რომ, შვილო, სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩვენს ყოველ ფიქრს, სიტყვასა და საქმეს, რომ არ დავამწუხროთ უტკბესი იესო, რომელმაც ჩვენთვის, დამნაშავეთათვის, სასტიკი და მტანჯველი სიკვდილი დაითმინა.
შვილო, გაფრთხილდი შენს გულისსიტყვებთან. მებრძოლი სული გქონდეს; მუდამ მზად იყავი, რომ გულისსიტყვებს დაუპირისპირდე. უკან ნუ დაიხევ, რადგან ყოველი დათმობა ძვირად დაგვიჯდება.
18. შეუპოვრად ებრძოლე, შვილო, მრავალნაირ მზაკვრულ გულისსიტყვას. შენს გულში ადგილს ნუ დაუთმობ მათ. ეს უწმინდურება შეგინების მეტს რას დატოვებს ჩვენს გულებში? მათზე განრისხება გმართებს და იესოს ლოცვით განსვენებას მიაღწევ.
ჩემო კარგო შვილო, მოიშორე ბილწი ფანტაზიები. ნუ დაუშვებ, რომ ცოცხალ სურათებად წარმოგიდგეს, რადგან ამით იწყება სულის ზნეობრივი დაცემა. ეს არის ყველა ბოროტების ძირი.
შეუპოვრად შეები ბილწ წარმოდგენებს, რისხვით, ღვთის შიშით, იესოს ლოცვის ორპირი მახვილით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, მტკიცედ მოუხმე, იღაღადე. იესო უხილავად შენ გვერდითაა, რომ შეგეწიოს. „ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას“ (ფსალმ. 144, 18).
19. მივიღე შენი წერილი, სადაც ზოგადად მკრეხელური გულისსიტყვების შესახებ მწერ. ეს გულისსიტყვები ამპარტავნებისგან იშვება. ამბობ, რომ განსაცდელმა შენი სულიდან ამპარტავნება განდევნა, ამაში ცდები. ხე ნაყოფით იცნობა, შედეგი კი – საწყისით.
ერთი ბერი წერს, რომ განსაცდელების რაოდენობა შეესაბამება ჩვენში არსებული ამპარტავნების ხარისხს. ნამდვილი სიმდაბლე რომ გვქონოდა, ღვთის მშვიდობა დიდებით აფრიალდებოდა ჩვენი გულის საყდარზე, ყველაფერი დაწყნარდებოდა და დამშვიდდებოდა. ხოლო რადგან სიმშვიდე დარღვეულია, ჩანს, ქალაქში ამბოხებაა და იქ მსტოვრები არიან, რაც მოქალაქეთა, ანუ გულისსიტყვათა არეულობას იწვევს.
ამისგან კურნება ასე შეიძლება: არ უნდა იკითხო მწვალებლური წიგნები, სრულიად უნდა უგულებელყო მკრეხელური გულისსიტყვები, როგორც უცხო და გარეშე. საჭიროა სიმდაბლით ლოცვა. თუ შემთხვევით ვინმესთან უთანხმოება გაქვს, შეურიგდი. თუ უდებება დაგეუფლა, მღვიძარება გმართებს.
ეს ყოველივე განკურნავს ამ ავადმყოფობას. მაგრამ განსაკუთრებით მკრეხელური გულისსიტყვების, როგორც ეშმაკის მიერ ამონთხეულის, სრული უგულებელყოფაა საჭირო.
როცა აბბა პამბოს გმობის სული დაეუფლა, ლოცულობდა: „უფალო, ასეთი გულისსიტყვებით როგორ ვცხონდები?“ უფლის ანგელოზმა კი მიუგო: „პამბო, პამბო, თავი დაანებე გარეშე საზრუნავს – გმობის გულისსიტყვებს და შენს ცოდვებზე იზრუნე“.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, აქ საეჭვო არაფერია. საეკლესიო კრებებს სულიწმიდა წარმართავდა და რასაც წმინდა მამები ამბობდნენ, ღვთის სულის მიერ იყო ნაკარნახევი. ამის დასტური კი მათი წმინდა ნაწილებია.
20. შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი განსაცდელი, რომელიც თავს გვატყდება და გვაფორიაქებს, სასარგებლო წამალია.
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებელს.
შეეცადე ვინმეს ხატებამ ან მისდამი ლტოლვამ არ გაიმარჯვოს შენს გულსა და გონებაზე.
თავიდან ბოროტი, ჩვეულებრივ, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გვახსენებს, რომ სულის სიმტკიცე შეგვირყიოს, ბრძოლის უნარი დაგვაკარგვინოს და დაგვამარცხოს, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
ამიტომ მსუბუქად კი არ უნდა შევხედოთ ამას, არამედ თავიდანვე მხნედ შევებრძოლოთ: წარმოდგენიდან ამ სახეების განდევნით, იესოს ლოცვით, საკვებში ოდნავი თავშეკავებით, წრფელი, ხშირი აღსარებით და ჩვენი მოკავშირე ღვთის მადლით, გვჯერა, მტერი უკან დაიხევს.
21. შვილო, მივიღე შენი წერილი. დავინახე, ეშმაკმა როგორ გაგათამაშა. ასეთ შემთხვევაში ნუ დამწუხრდები, არამედ ძალიან მარტივად მოეკიდე ამ დახელოვნებულ ოსტატს. როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგე – აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები. ასეთ დროს ბოროტს ნუ შეეპასუხები! მხოლოდ ლოცვა, რაიმე გულისსიტყვისა და წარმოდგენის გარეშე და ნახავ – ყველაფერი ობობას ქსელივით დაირღვევა. ნუ დაუშვებ, რაიმე წუხილმა სიმშვიდე დაგაკარგვინოს.
22. სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდის სისტემატურ ბრძოლას ვეწევით, რის შემდეგაც ადამიანი სულიერი და გონებრივი მღელვარებისგან თავისუფლდება. და პირიქით, თუ ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმოდგენებისგან გონების განწმენდისას უდებებას გამოვიჩენთ, შედეგი ის იქნება, რომ საძაგელი ვნებები დაგვეუფლება და ეშმაკები და ცოდვები დაგვიმორჩილებენ.
23. შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლოებებში იჭრება და მის უჩინო და დაფარულ მხარეებს წარმოგვიდგენს. როგორც კი გამოსახვას დაიწყებს, ლოცვით წაშალე სურათი. რაც უფრო დააყოვნებ, შემდეგში მით მეტი შრომა და ტკივილი შეგხვდება.
24. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ. სულიერი ნუგეშის გარეშე იმიტომ ვრჩებით, რომ საკუთარი თავის გამოძიებისა და ღვთის ხსენების ნაცვლად გონებადაფანტულობამ მოგვიცვა. დაუბრუნდით საკუთარ თავს. თქვენი გონება სულიერი საქმიანობით დააკავეთ, ნუ აძლევთ მას აქეთ-იქით ხეტიალის უფლებას. თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს. და ბოლოს – თავის იძულებისა და ძალდატანების გარეშე სულიერებას ვერ მივაღწევთ.
სააღდგომო ეპისტოლე - 2014
"წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო
ქრისტე აღდგა!
აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აღსრულდა!
აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!
"ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"
49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.
შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.
აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.
"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ, 15,55).
ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!
გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.
ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.
ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.
ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:
კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება... იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან. აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.
მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.
ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: "შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი" (მრ. 12, 30-31).
პირველი მცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.
- როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?
- შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, - სიხარული თუ განსაცდელი, - უნდა მივიღოთ მადლიერებით.
- განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?
- ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.
ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.
- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?
- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე... ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;
ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.
- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?
- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.
თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად "ბოჭავს" ადამიანს და "თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან "გართობის" მიზნით სხვადასხვა "შოუსა" და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი "განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან".
ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ "სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:
"ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) - ბრძანებს უფალი.
ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.
მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.
ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.
მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.
ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.
ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.
"სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი", (მთ. 11,12.). ანუ ცათა სასუფეველი საკუთარ თავთან ჭიდილით, - ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.
ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.
მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: "ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14).
როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!
მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, - არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთნის შეცოდებათა გამო.
- მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?
- ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.
თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.
ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღვთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.
ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.
რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.
ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, - შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.
ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?
- მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.
ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.
ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.
ეს ხომ გმირობის ტოლფასია!
თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.
ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.
- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?
- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია. თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.
- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?
- პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.
- შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?
- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.
საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ "მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.
განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.
ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!
გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე), - აღმსარებელი და სალოსი.
მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ; ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.
არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, - არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინებულ სხვა წმინდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე).
- გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?
- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.
არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.
შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.
უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.
პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.
კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ... ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.
ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!
ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და "მე"-ზე ორიენტირებული.
ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, - არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.
ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა... ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.
ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.
ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად - თეთრი, რა არის კარგი და რა - ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.
ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.
ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.
ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.
დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.
ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.
ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცული ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.
დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:
"მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!
მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?
მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს,... როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.
მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს, აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანი არს საფლავსა შინა, აღდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II
აღდგომა ქრისტესი 2014, 20 აპრილი.
ხორციელი და უხილავი ბრძოლის შესახებ
უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი სულების მონადირემ ყველგან მახეები დააგო, ამიტომ რული ნუ მოგვერევა. ბაზარშიც, მოედანზეც, ოჯახის სიმყუდროვეშიც და თვით ღვთის ეკლესიაშიც კი მრავლადაა დაგებული ღვთისმოშიშების იერით შენიღბული ხაფანგები. მაშ, ვის შეუძლია გადაურჩეს ამ მახეებს და მოატყუოს მათი საშინელი ოსტატი?
დაე, ღირსი მამების დიდმა გამოცდილებამ იტვირთოს მახეთა განადგურება. ისინი გვპასუხობენ, რომ სულიწმიდის მახვილი, რომელიც ძირეულად სპობს ბოროტებას და სრულიად უვნებელყოფს მაცდურის მახეების მოქმედებას, ძირითადად, მხოლოდ სიმდაბლეა – ყოვლისშემძლე სათნოება, რომელიც აგვამაღლებს. ამიტომ ვიშრომოთ, რომ ეს მხსნელი და ეშმაკის გამანადგურებელი სათნოება – სიმდაბლე მოვიპოვოთ!
2. შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვესვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინახა, რომ სული დაშავდა, უფრო მეტ ისარს დაუშენს მოსაკლავად. მაგრამ თუ გარეგნულად შეამჩნია, რომ სული არ დაჭრილა, ცვლის ბრძოლის ტაქტიკას. ამიტომ დამალე, როცა გიხარია, რომ შენი დაუდევრობით გამჟღავნებული სიხარული რაიმე განსაცდელით არ მოგტაცოს. მწუხარების დროსაც ასე მოიქეცი, რომ დამამწუხრებელი მიზეზის ამოცნობით განსაცდელი არ გაგიმრავლოს. როცა სიხარულშიც და მწუხარებაშიც გაწონასწორებული ხარ, ეშმაკი ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება შენში და არ იცის, როგორ გებრძოლოს.
3. მახეებს შორის დავდივართ და თუ მათთვის გვერდის ავლა გვინდა, დაუშვებელია მცონარობას მივეცეთ. ფხიზელი თვალი გვქონდეს, მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ, რომ სატანის ვერაგულ განზრახვას დავცინოთ და ღვთაებრივი გულისსიტყვების ფრთებით სულიერ ეთერში აყვანილებმა ზეციერ მეუფეს ჩვენი სულის სიჯანსაღე კეთილსურნელოვანი საკმეველივით მივართვათ. შვილების ჯანმრთელობა მშობლების სიხარულის მიზეზია. ასევეა სახიერი ღმერთი, ჩვენი მამა, რომლის სიხარულიც ჩვენი სულების სიჯანსაღეა.
4. მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება: „მაკარი, უდაბნოში მცხოვრები ჩემზე მეტს რას აკეთებ? მეც უდაბნოში ვბინადრობ; შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ უპოვარებას ესწრაფვი, მე სულ არაფერი გამაჩნია. ჰოი, მაკარი, ერთი რამ გაქვს, რაც მთრგუნავს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე“. – „რა?“ – ეკითხება მაკარი. - „სიმდაბლე! ის მწვავს!“ – და ამის თქმისთანავე გაუჩინარდა.
მოდით, ვიტვირთოთ მცირედი შრომა, რომ შევიძინოთ ეს მხსნელი სათნოება. განუწყვეტლივ ვევედროთ უფალს. მას ყველაფრის მოცემა შეუძლია და ვირწმუნოთ, რომ ამასაც მივიღებთ, როცა ტკივილით, მოთმინებითა და დაჟინებით დავაკაკუნებთ უფლის მოწყალების კარზე; ის იოლად გაიღება, თუკი წმინდა სახარებისეულ მაგალითს უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის შესახებ გასაღებივით კეთილად გამოვიყენებთ (ლუკ. 18, 1-7).
მოვიცილოთ მცონარობის სიმძიმე და შვლის თვალმახვილობას მივბაძოთ - ყოველი განსაცდელისას დაუყოვნებლივ ღვთისკენ ვისწრაფოთ, უფალს დახმარება ვთხოვოთ, რომ მოწინააღმდეგე გოლიათი ძირს დავცეთ და ვადიდოთ ხელმწიფება მეუფებისა – ხელმწიფება ღვთის მეუფებისა, რომელსაც ვეკუთვნით.
5. ყოველთვის ვითხოვ ღვთისგან, რომ სწორი განსჯის უნარი მოგანიჭოთ. წინასწარ იფიქრეთ, რას იტყვით. ეშმაკის ხრიკები ჯერ არ გამოგიცდიათ. მისი მიზანია, არასოდეს დაგტოვოთ სიმშვიდეში. ხან მარჯვნიდან შემოგიტევთ, ხანაც მარცხნიდან, ხან თქვენი და ხან კი სხვისი საქმეებით დაგაკავებთ, რომ თქვენი სული არ დამშვიდდეს და ვერ შეძლოთ მის სიღრმეში ჩახედვა, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაცილებელი. საკუთარი თავის გარდა არაფრით დაკავდეთ. სულელებად იქეცით, რომ გონიერები გახდეთ, უვიცნი იყავით, რომ უფალმა თავისი სიბრძნე გამოგიცხადოთ.
6. მამა ეფრემის რჩევები მათთვის, ვინც ძმათა კრებული დააარსა:
ნუ გგონიათ, რომ ეშმაკისთვის შეუმჩნეველი დარჩა, ან სულერთია ის, რომ შეიკრიბა ძმობა, ანუ მის წინააღმდეგ მებრძოლი სიმაგრე აღიმართა. არა, ეს მან კარგად გაიაზრა და როგორც მელა და როგორც მგელი, შეძლებისდაგვარად მზაკვრულად აღიჭურვა. ის შემოვიდა თქვენს ფარეხში და თქვენს სულებს აოხრებს. ნუღარ დატოვებთ მას შიგნით, წამოდექით და სიყვარულით გაერთიანდით. ეს მას დააუძლურებს. გაიხსენეთ, რომ ქრისტესთვის ყველაფერი დატოვეთ, მსხვერპლად შესწირეთ თქვენი ახალგაზრდობა, უარი თქვით ყოველგვარ ამსოფლიურ გართობაზე, რათა ქრისტე მოგეპოვებინათ. შეიბრალეთ თქვენი სულები; იფიქრეთ, რომ ეშმაკი ფხიზლობს და ეძებს ვინ შთანთქას (1 პეტრ. 5, 8); ქვესკნელის ურჩხული ვერ იტანს, როცა ხედავს, როგორ ქელავთ მას და არ ემორჩილებით. შურს და ამიტომ მზაკვარ მელასავით მოიპარება, თქვენში უთანხმოება და განხეთქილება შემოაქვს, რომ თქვენი დაშლა მოახერხოს, შემდეგ კი ცოდვის უფსკრულში გადაგჩეხოთ.
7. უფლის შეწევნის გარეშე რაიმე სიკეთის კეთება შეუძლებელია, ამიტომ დიდი სიმდაბლეა საჭირო, რომ ჩვენი სულების განსვენება ვიპოვოთ.
მზაკვარი ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ცეცხლოვანი ისრების ტყორცნას და მუდამ შეეცდება ჩვენს განგმირვას, დაპყრობასა და დამორჩილებას. თუმცა ჩვენც გვაქვს მრავალი იარაღი, რომლითაც მას შევმუსრავთ, განსაკუთრებით კი ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რაც სრულიად წვავს მას; ამიტომ ბოროტი ცდილობს შეფარვით გვიმტროს, მაგრამ იესო ქრისტე წმინდა მცნებებით განგვანათლებს მასთან საბრძოლველად.
ეშმაკმა ეს პიროვნება მოგიჩინა, რომ გებრძოლოს, გაიძულოს გადახვიდე ღვთის წმინდა მცნებებს და ამ გზით შენც გავნოს, მაგრამ, რაც მთავარია, ღვთის მცნებების დარღვევით ღმერთი დაამწუხროს და ებრძოლოს მას. და პირიქით, თუ ღვთის სიტყვის დასაცავად ვიბრძვით და თანაც მონდომებით, სულსაც გადავირჩენთ და ღირსნიც გავხდებით, ვიქცეთ ორღანად, რითაც ღმერთი იდიდება: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდო (1 მეფ. 2, 30).
ამიტომ, შვილო, იბრძოლე სიყვარულით, მოთმინებით, სიმდაბლით, რომ ღვთის შეწევნით ეშმაკის მახეები უვნებელყო. ალბათ, ღმერთი იმ პიროვნებასაც შენით განანათლებს, რომ შეინანოს. ბოროტებას სიკეთით ებრძოლე.
8. შვილო, მწერ შენს ხორციელ ბრძოლაზე. იცოდე, მისი სათავე ამპარტავნებაა და იმისთვის მოგეცა, რომ დამდაბლდე და ისწავლო – თუკი ღვთის მადლი გვტოვებს, ვეცემით და საცოდავი სანახავები ვხდებით.
მაშ ასე, დამდაბლდი, თავი დაიდანაშაულე, ითხოვე ღვთისმშობლისგან, სიმდაბლის სული მოგმადლოს, რათა გაიგო, შეიგრძნო, რომ ნული ხარ და არარაობა, რადგან იესო ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5).
ამ განსაცდელით, რომელიც გეწვია, ისწავლე, რომ ადამიანი ეცემა და თანაც რა დაბლა. მათთვის, ვინც უფრო ამპარტავანია, უარესი დაცემებიც არსებობს. ნუ დარდობ, განსაცდელია და გაივლის. ჩვენი სარგებლისთვის ასე უშვებს ღმერთი, რომ განსაცდელის სიბრძნე ვისწავლოთ. მოითმინე, გამხნევდი, იმედს ნუ დაკარგავ, სიმამაცეს მოუხმე და ყველაფერი გაივლის. ახლა ზღვა ბობოქრობს და მთელ სიბინძურეს, რაც აქამდე დააგროვა, ნაპირზე გამორიყავს!
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა, რადგან შენთან მანამდე რჩება, ვიდრე ანგარიშს უწევ.
9. როცა ხორციელი ბრძოლა გეწყება, ძალიან უფრთხილდი ბილწ წარმოდგენებს. მათგან უწმინდური გულისსიტყვები მომდინარეობს. მოსვლისთანავე გააძევე, დაარღვიე წარმოსახვები, დაუყოვნებლივ თქვი ლოცვა სულიერი ტკივილით და ბრძოლისგან მაშინვე გათავისუფლდები.
10. ნუ ფიქრობ, რომ მოძღვრის შესახებ ასეთი აზრი შენგან მოდის. არა, შვილო, ეს ეშმაკისაა. შენი სული სუფთაა. ეშმაკი უწმინდურია და ჩვენს გონებაში მსგავსი ფიქრები მოაქვს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს ჩვენი ფიქრებია და ამით დაგვამწუხროს. ამგვარი მწუხარება ეშმაკისგანაა და ამაზე მიანიშნებს უდებება სულიერ მოვალეობათა მიმართ. ღვთისგან რომ ყოფილიყო, ყველაფრის მიმართ გულმოდგინე ვიქნებოდით.
შენი მოძღვარი არ გაგიმწარებია, როგორც შენ გგონია. მოძღვარმა გამოცდილებიდან იცის, რომ ეს ეშმაკისაა და არა შენი. ასე იმიტომ მოგეჩვენა, რომ შეწუხებულიყავი და გულისსიტყვის თქმა ვეღარ გაგებედა. არა, რამდენჯერაც მოვა ასეთი და მსგავსი გულისსიტყვა, იმდენჯერ მიდი და თავისუფლად თქვი; ისინი მაცდურს მოაქვს, რომ შეგვრცხვეს და აღსარებაში არ ვაღიაროთ, შემდეგ კი ერთიანად გადაგვყლაპოს. ფრთხილად იყავი, ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები.
11. ნუ შეშინდები, შვილო, ეს ბრძოლაა და გაივლის. ყველა წმინდანმა იბრძოლა. ისეთ ბრძოლაში ყოფილან, რომ ბრძოლისგან სასოწარკვეთილნი შხამიან გველებს იყვანდნენ და სხეულზე ისვამდნენ, რათა დაეკბინათ და აღსრულებულიყვნენ. მაგრამ ვინაიდან უძლურები ვართ, ჩვენს ძალებზე აღმატებულ ბრძოლას ღმერთი არ დაუშვებს, არამედ შეგვეწევა. უფალი ბრძოლას ჩვენს დასამდაბლებლად უშვებს, რადგან ამპარტავნება გვაქვს. საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.
ნუ გეშინია, არაფერი შეგემთხვევა; ნუ იქნები მხდალი, გამხნევდი და თავად ნახავ, რომ ყველაფერი გაივლის. ეს ბრძოლა სარგებელს მოგიტანს, ღმერთი კი დიდ მადლს მოგანიჭებს. მხოლოდ ნუ დაფრთხები, თორემ თამაშს წააგებ.
12. დიდი სიფრთხილით უნდა ვატარებდეთ ჩვენი ცხოვრების დღეებს. მზაკვარი ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ სულიერი თვლემის დროს მახეში გაგვაბას და ღვთისა და სინდისის წინაშე დამნაშავეებად გვაქციოს. ჰოი, ღმერთმა გააცამტვეროს იგი, რომ ვერ შეძლოს ჩვენთვის ზიანის მოყენება. თუმცა, ღმერთი სამართლიანია და ადამიანს თავისუფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებებს და ვცოდავთ, უპირველესად – მე.
13. ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარისია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენი სულის მზაკვარი მოწინააღმდეგე უმოქმედოდ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვეყნიური სიამითა და შვებით მყარი უმეცრება და დავიწყება წარმოშვას, ამით უკანასკნელ ჟამს სრული სასოწარკვეთა მოგვიტანოს და ასე მოიპოვოს ამ ბიწიერმა ჩვენი უკვდავი სულები, რომელთათვისაც ქრისტე ჯვარს ეცვა!
14. შენი ბრძოლის გამო ნუ დაღონდები. ნუ გეშინია, არამედ გამხნევდი; ეშმაკებს არ შეუძლიათ რაიმე გავნონ. ეს უფლის ხელით ხდება და გულითადი მადლობა შესწირე მას, რადგან ბრძოლა სულიერ თვალს აგიხელს და სწორ გზაზე დაგაყენებს. ძნელად მოსარჩენი ვნებები უმწარესი წამლებით განიკურნება.
ევედრე ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. ეს ბრძოლა, როგორც აბბა ისააკი ამბობს, ამპარტავნებისგან, თვითკმაყოფილებისა და გულქვაობისგანაა. მათგან განკურნება კი სიმდაბლით, მცდარ აზრთა აღიარებით, სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებითა და რწმენით მიიღწევა.
დამდაბლდი, შვილო, მხოლოდ ეს წამალი გადაგარჩენს. ღმერთმა ეს განსაცდელები შენდამი სიყვარულის გამო გამოგიგზავნა, სურს, რომ შეშინდე, გონს მოეგო, დამდაბლდე და შენდობა ითხოვო. როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.
ღვთისადმი რწმენით და სასოებით აღიჭურვე. გჯეროდეს, რომ ღვთის ზეგარდამო ბრძანების გარეშე ეშმაკებს არაფერი შეუძლიათ.
იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში მოთმინებას გამოიჩენ და ღვთისა და ძმების წინაშე დამდაბლდები, ღმერთი დიდ მადლსა და ნათელს მოგცემს, სულის თვალი აგეხილება და დაინახავ, როგორ სიბნელეში იყავი.
მხნეობა, რომელიც გაქვს და ამ განსაცდელებში შეგეწევა, ღვთის მადლია. მხნეობის, სასოების და რწმენის გარეშე კი ასეთი განსაცდელები დიდი საფრთხეა.
ნურაფრის გეშინია, მთელი შენი სასოება ქრისტეზე დაამყარე; შეუჩერებლად ხმამაღლა იმეორე ლოცვა და ნახავ, როგორ შეწევნას მიიღებ.
გეშინოდეს უფლისა და არა დემონების. ღვთისა გეშინოდეს მისი სასჯელის გამო, რადგან ჩვენი ამპარტავნებისთვის ეპიტიმიის დადგენისას ვის შეუძლია წინ აღუდგეს მას? ამიტომ, სანამ უკეთურება მცირეა, მის განკურნებაზე ვიზრუნოთ, რადგან თუკი გამრავლდება, სხვების დახმარება ვეღარაფერს გიშველის.
მაშ, უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი სნეულებების წამალი – მოთმინება, სიმდაბლე, მხნეობა გამოგიგზავნა და ეცადე მიიღო იგი.
15. სანამ ამპარტავნების ბოროტი სული გვებრძვის, დაცემა ხშირი იქნება. დაცემა საკუთარი უბადრუკობის შეგნებას შეგვძენს, მაშინ სიმდაბლის ღირსნი გავხდებით და ახლოს იქნება გულით მდაბალი და სულით მშვიდი იესო. მაშინ სულში სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება გამეფდება და გულს ნეტარება გაათბობს.
16. შვილებო, თავი აიძულეთ სულიერი ბრძოლისთვის. არ დაივიწყოთ ეშმაკის დიდი გამოცდილება და საკუთარი უძლურება. როგორც შემოდგომის ფოთოლი ცვივა სიოს მობერვაზე, ჩვენც ისევე ვეცემით უმცირესი განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, როცა ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდისაა იგი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა თითოეულ ჩვენს აზრსა და საქმეს დამდაბლებული გონება მართავს.
17. დაე, შენს სულში გამრავლებულიყოს ჭეშმარიტი და ნამდვილი სიმდაბლე, რომელიც სულიერი ნაყოფის მცველია. სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი მოსტაცოს. ეს ძარცვა ადამიანის გაამპარტავნებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის კეთებისას სჯერა, რომ საკუთარი წინსვლითა და ძალისხმევით მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას. ამგვარად რჩება მისი შრომა საზღაურის, ბრძოლა – სასოების, საქმე კი – დაფასების გარეშე.
18. როცა ქრისტეს შეიმოსავ, უხილავი მტრის ნუ შეგეშინდება. შეძრწუნდი, როცა დაინახავ, რომ შენი ცოდვების გამო მადლი არ გიფარავს. მაგრამ ასეთ დროსაც შეიძლება სარგებელი ვნახოთ. იზრუნე, ღმერთს შიშითა და ძრწოლით ემსახურო, რადგან საშინელი მაცდური ჩასაფრებულია და მოღვაწეთა უდებების ჟამს ელის, რომ გაშმაგებით დაეძგეროს მათ; ცდილობს, თუ შესაძლებელია, ხორციელად ჩაგვიყვანოს ჯოჯოხეთში. დაე, ღმერთმა გააცამტვეროს ის.
19. ეშმაკი ყოველი სიცრუის, ცდუნების, მზაკვრობისა და ბოროტების წყაროა, ამიტომ ყველა გულისსიტყვა, რომელსაც ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართავს, არსებითად სიცრუე და ცდომილებაა.
ეშმაკი ახალგაზრდას წარმოდგენის გულისსიტყვებით ყოველგვარ კეთილდღეობას აღუთქვამს; ცრუ ოცნებებით, სიმდიდრით, შვებალხენით, სიამეებით, თითქოს უკვდავი მიწიერი ცხოვრებით ხიბლავს. მომავალს ისე უსახავს, რომ სიკვდილს არ ახსენებს, გეგმები რომ არ ჩაეშალოს და ასე გრძელდება, ვიდრე ამ ახალგაზრდას საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ გაიხდის. შემდეგ თავის ბადეში გააბამს, როგორც ობობა მსხვერპლს, ძალიან ადვილად გამოსწოვს მთელ სულიერ არსს და ღვთისთვის მკვდრად აქცევს.
20. ხმა, რომელიც მოგესმა და რომელმაც გითხრა: „ქრისტემ განგწმინდა ცოდვებისგან და მოაკვდინა შენი ვნებები" – ეშმაკისგანაა; ეს პირველი საფეხურია, რომელსაც ადამიანი ხიბლისა და დაღუპვისკენ მიჰყავს. თუ ადამიანი ამ ხმას ისმენს, ყურად იღებს, მისი გული ეშმაკის სიტყვებს ჭეშმარიტებად მიიჩნევს და დაეთანხმება, მაშინ ბოროტი მყისვე გრძნობადად შემოდის და თანდათან იპყრობს ადამიანს. მისგან გათავისუფლება კი დიდ შრომას მოითხოვს.
ამიტომ, შვილო, კარგად მოქცეულხარ, ყურადღება რომ არ მიაქციე და თავი დაიდანაშაულე. სხვა დროს, თუ რაიმეს მოისმენ, თქვი: „ამას მოძღვარს ვეტყვი და როგორც დამარიგებს, ისე მოვიქცევი“. ეშმაკს ძალიან ეშინია მოძღვართან შენი აღსარების თქმისა, რადგან იცის, რომ ეს მის ყველა მახეს დაარღვევს!
იცოდე, შვილო, რომ თვითკმაყოფილების, ამპარტავნების გულისსიტყვამ ფესვი გაიდგა შენში და ამიტომ დაგემართა ეს. ყურადღებით იყავი, დიდი სიმდაბლე გქონდეს, ყოველდღე ითხოვე, ღმერთმა სიმდაბლის სული მოგანიჭოს. როგორც გატკეპნილ გზაზე არ გაიხარებს მცენარე, ისე გადათელილ, დამდაბლებულ გონებაში არ აღმოცენდება ხიბლი.
21. ურწმუნოება და გმობა ეშმაკის ღვარძლისგან მომდინარეობს და მათგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება არსებობს – ასეთი გულისსიტყვები ძაღლის ყეფასავით უგულებელვყოთ. მაშინ ისინი ადამიანს ცოდვად აღარ შეერაცხება. სხვებმა ამის შესახებ არ იცოდნენ და მარხულობდნენ, ფხიზლობდნენ, ტიროდნენ, რომ გათავისუფლებულიყვნენ. მაგრამ გმობის გულისსიტყვები ადამიანს მხოლოდ მათი უგულებელყოფით შორდება.
გმობის გულისსიტყვებთან მებრძოლი აბბა აღათონი ღმერთს შეევედრა, გაეთავისუფლებინა მათგან და ხმა შემოესმა: „აღათონ, აღათონ, შენს ცოდვებზე იზრუნე და მიუშვი ეშმაკი, იყეფოს. ამის გამო პასუხს არ აგებ". თუ კაცმა არ უგულებელყო ისინი, ვერასოდეს დააღწევს თავს.
22. როგორც არ უნდა გვტანჯოს ჩვენი სულების შემზარავმა მტარვალმა თავისი შურითა და ბოროტებით, მოვა დრო, როცა ღმერთი მის ბოროტებას განსჯის და ჩვენ, ტვირთმძიმეებს, საუკუნო განსვენებას მოგვმადლებს.
შვილო, მოთმინება გმართებს. მოდი, ჩვენც, ჩვენი პირველსახის, ქრისტეს მსგავსად დავიდგათ ცხოვრებისეული მწუხარების ეკლის გვირგვინი; დაე, ეკლები ღრმად ჩაგვესოს და სისხლი ტკივილით გვდიოდეს. დაე, ამ ტკივილმა და სისხლმა ჩვენი სულის სამოსელი შეამკოს და განადიდოს, რომ არ შეგვრცხვეს, როცა ქრისტეს წინაშე წარვდგებით და დიდებითა და სიწმინდით აღვსილ სხვა სულებს დავინახავთ. მოითმინე, მწუხარებათა ზამთარი გაივლის და მშვენიერი გაზაფხული ღვთის მადლის კეთილსურნელებას მოიტანს.
23. ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის გამო, რომ ვერასოდეს ამოვლენ სატანჯველიდან, რადგან ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს!
24. მთელი თქვენი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის.
ეშმაკი დღედაღამ იმისთვის იბრძვის, რომ ღვთისთვის უხმარი ჭურჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვარცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!
სასტიკი ბრძოლა გამართეთ, ნუ გეშინიათ. წინ ჩვენი უფროსი ძმები – ანგელოზები მიგვიძღვიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ისინი ეშმაკებზე გაცილებით მრავალნი და ძლიერნი არიან; ასე რომ, გამხნევდით. ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ, რადგან ჭეშმარიტება ისე იცავს მებრძოლს, როგორც ყოვლისშემძლე იარაღი.
25. ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გადაყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, უპირველესად მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.
26. ათონის მთა, 30.06.1958 წ.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... მივიღე შენი წერილი და შევიტყვე გულისსიტყვებთან შენი ბრძოლის შესახებ. ეს ნაწილია იმ ბრძოლისა, რომელიც სიძვის, ცოდვის ბოროტ სულს გაუმართავს ადამიანთან.
მომისმინე, ძმაო, უცოდინარს და ყოველგვარ სულიერ სიკეთეს მოკლებულს: როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
გამოცდილებას და სულიერ სიბრძნეს მრავალი განსაცდელით მოვიპოვებთ, ამის გარეშე გამოცდილების შეძენა შეუძლებელია. გამოცდილება ეწოდება არა სწავლით მიღებულ ცოდნას, არამედ როცა შენთვის სასარგებლოს და საზიანოს ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოცდი. თუ კაცმა მცირე განსაცდელი მაინც არ გაიარა, გამობრძმედილი ვერასდროს გახდება.
როდესაც ადამიანი რაიმეს კეთილი განზრახვით აკეთებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არასწორი იყო, ღმერთი, რომელიც გულს ხედავს და თითოეული საქციელის მიზანს აკვირდება, საქმეს გამოასწორებს და ადამიანს გაანათლებს, რომ მიხვდეს, რაში შეცდა.
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.
ოღონდ ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გაათავისუფლებს მას.
ერთი ძმა განუწყვეტლივ ცოდვით ეცემოდა, თუმცა მყისვე დგებოდა და ლოცვის კანონს ასრულებდა. ეშმაკმა, რომელიც ამ ძმას ცოდვისთვის აქეზებდა, მისი მხნეობისა და ღვთისადმი სასოების შემყურემ, მოთმინება დაკარგა, ხილულად წარმოუდგა მას და დამწუხრებულმა უთხრა:
– უსირცხვილო, ღმერთის არ გეშინია? ახლახან შესცოდე და რა პირით დგახარ ღვთის წინაშე? ნუთუ არ შიშობ, რომ ღმერთი დაგწვავს?
ხოლო მამაცი სულის ძმამ ეშმაკს მიუგო:
– ეს სენაკი სამჭედლოა: ხან ურტყამ, ხანაც გირტყამენ. სოფლის საცხონებლად მოსული იესოა მოწამე, რომ შენთან ბრძოლას არც დაცემული შევწყვეტ, არც ამდგარი, არც გაროზგილი და არც გამროზგავი, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეგებრძოლები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს – შენ თუ ქრისტე!
ეშმაკმა, რომელიც ამგვარ პასუხს არ ელოდა, უთხრა:
– აღარ შეგებრძოლები, რომ შენთვის გვირგვინების მიღების მიზეზი არ გავხდე.
იმ დღიდან ძმა ბრძოლისგან გათავისუფლდა, იჯდა თავის სენაკში და ცოდვებზე ტიროდა.
როცა ღმერთი კაცს გაანათლებს, ის კი თავის ცოდვებს შეინანებს და სიმდაბლითა და ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ ღმერთი არ დაუშვებს მის დაღუპვას. ცხადია, ადრინდელი ცოდვებისადმი მიდრეკილება მას ეკლებად და წინააღმდეგობად ექცევა, მაგრამ როცა შემზარავად აზვირთებულ ტალღებს დაინახავს, უიმედოდ არ უნდა იფიქროს, რომ დაეცემა და დაიღუპება. არამედ რწმენით უნდა სასოებდეს ღმერთს და სულიერი მამის წინამძღოლობითა და წვრთნით სიმდაბლით იბრძოლოს; ძლიერი ქარიშხლის კი ნუ შეეშინდება.
27. მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, დუმილისა და ფიქრისთვის საკუთარ თავში განმარტოვდი. ჩემო გოგონა, იზრუნე სულზე. სახლში მეტი სულიერება გამოიჩინე. უფალი თვალყურს გადევნებს და მადლის ჟამი სასწაულებრივად მოგცემს ნიშანს, როცა ამას ზეციური კრებული გადაწყვეტს.
იტირე მდაბლად მლოცველმა: „რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?" (მარკ. 8, 36) სატანა ყველა ღონეს ხმარობს, რომ სულების ზეაღსვლას შეუშალოს ხელი. ნეტარია, ვინც მას დაუსხლტება და სასაცილოდ აიგდებს.
ფილოსოფიურად მიუდექი წარმავალ საგანთა ამაოებასა და შეურყეველი ზეციური მოქალაქეობის რეალობას. იქ მოზეიმე ეკლესიაა, რომელიც აქაურ მებრძოლ ეკლესიას ელის და მის ამჟამინდელ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ლოცულობს. იესო ქრისტეს მხურვალე რწმენა და წმინდა მამათა მართალი სწავლება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს, რადგან მოვა დრო, როცა ეშმაკი რჩეულთაც შეაცდენს.
28. ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით კუდაწეული გამოჩნდება და მებრძოლს აფიქრებინებს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რომ ისღა დარჩენია, ხელები ასწიოს და დანებდეს!
ცრუ და მზაკვარი მტერი მრავალ ასეთ სურათს წარმოგვიდგენს. მოდით, მისი მახეების სიყალბე ვამხილოთ და მისი ჟანგიანი იარაღი სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
მაშინ განიდევნება უიმედობა, უდებება, ქედმაღლობა და ბიწიერება. მოშურნეობა აღანთებს მეომარს, სატანა კი უკან იხევს და საპნის ბუშტივით სკდება.
სააღდგომო ეპისტოლე - 1987
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს,
რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი
"მოვიდა ქორწილი კრავისაჲ"
(გამოცხადება 19,7)
თავისი სიძლიერით ამ გრძნობას ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: "გეშინინ, გარნა გრწმენინ" (ლუკა 8,50).
რით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს? მოწიწებით უნდა მივიღოთ იგი, გულის სიღრმეში უნდა მივუჩინოთ სამყოფელი და გარეშევარტყათ მთრთოლვარე სიყვარული. გვყოფს ტაძრად სულიწმიდისა და შევიმოსებით მისი დიდებით. "ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲა, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5, 22).
სულიწმიდის მადლით აღვსებას გისურვებთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო და ყოველნო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა; სიყვარულით მოგესალმებით და გულით მოგილოცავთ წმიდა პასექის დიად დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
"აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ".აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: "არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქვენ", - წერს სააღდგომო მიმართვაში ჩვენი ერისა და ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი დიდი ილია ჭავჭავაძე.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე.
აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (I კორინ. 15,55).
ადამიანი, როგორც ნაწილი ქრისტეს ბუნებისა, უშუალო მონაწილეა ამ ძლევისა. გამარჯვება მოპოვებულია, მაგრამ მას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა.
სად პოვოს კაცმა ძალა მის დასაცავად?
პასუხი ერთია: ეკლესიაში, რომელი არს სხეული ქრისტესი.
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე. ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესეულია.
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწყმით ქმნის ერთიან მთელ სხეულს; მსგავსად ამისა, ეკლესიაც არის არა მხოლოდ ადამიანთა კრებული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ის ძალა, ხალხს რომ აერთიანებს და ამ ერთობით მათ ღვთის ნაწილად ხდის.
ღმერთკაცის - იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია მასავით ორბუნებოვანია - ღვთაებრივ-ადამიანურია. ოღონდ განსხვავება იმაშია რომ იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცია, ეკლესიამ კი ჯერ ვერ მიაღწია სრულყოფილ ღვთაებრივ-ადამიანურ საფეხურს. მისი ადამიანური არსი გამუდმებით უნდა მიისწრაფვოდეს სრულქმნისაკენ, რათა შეეფარდოს თავისსავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისს. მიუხედავად ეკლესიის ადამიანური ბუნების ნაკლოვანებისა, ნიკეო-კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე დადგენილ მრწამსში ვამბობთ: "მრწამს ერთი, წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეკლესია განწმედილია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.
მაინც რა არის ეკლესია, რა ძალაა მასში? რატომ არ არის საკმარისი ვიყოთ მხოლოდ მორწმუნე?
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20) - ბრძანებს უფალი.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას". (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შეგმუსრავენ, ვერ შეარყევენ სიმაგრეს შენსას.
ო, რა დიდი და ბრწყინვალე ხარ შენ, სახლო ღვთისა" (შრომები, მ. 1858, გვ. 28).
"მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად კუნძულნი განაწესა; ცოდვით დაცემულ მსოფლიოს კი მიმადლა წმიდა ეკლესიები, რომელნიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტის შესახებ".
"ეკლესია ბურჯი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა", - ნეტარი ავგუსტინე.
"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
ამგვარი გამონათქვამები სხვაც ბევრი შეიძლება მოვიტანოთ, რადგან წმიდა მამები თავისი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14,6), - გვაფრთხილებს უფალი.
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: "სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურისას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა" (ქადაგება 268,2).
იესო ქრისტეს ძალდატანებით არავინ მოჰყავს ეკლესიაში, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ, მისდიონ მას და იყვნენ მონაწილე მისი არამიწიერი, ღვთაებრივი სიყვარულისა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, - ბრძანებს იგი, - უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯვარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24).
ძნელია განდგომა საკუთარი თავისგან; ძნელია უარყოფა ვიწრო ეგოიზმისა, არაწმიდა აზრებისა და გრძნობებისა. ზოგჯერ გვგონია, ვერ შევძლებთ, წინ აღვუდგეთ მიწიერ სურვილთ და ბოროტებას. როგორ დავძლიოთ იგი, როგორ განვიძარცვოთ ტანსაცმელი ძველი კაცისა და შევიმოსოთ სამოსელი სიმართლისა, სიყვარულისა, სამოსელი თანაგრძნობისა, მორჩილებისა, სიწმიდისა?
ჩვენი სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.
ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი. მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ხსნისათვის თაყვანისმცემელთა მისთა. იგი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდა მივენდოთ, ვუსმინოთ და მივსდიოთ მას. მორწმუნედ გახდომა არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი გვერქვას, რომ ეკლესიის ნაწილი ვიყოთ. აუცილებელია ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება.
ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.
მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი.
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, - მიმართავს იესო ქრისტე საქადაგებლად მიმავალ თავის მოწაფეებს, - და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ" (მათე 28,19-20). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3,5).
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა.
ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხნიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმიდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება.
ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ".
იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხაროდ ამით ამთავრებენ ეკლესიაში ცხოვრებას. თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო. ჭეშმარიტნი ქრისტიანენი კი ნათლობისა და მირონცხების შემდეგაც უხვად იღებენ სულიერ საკვებს და მადლს.
ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ ადამიანისაგან განდევნილი არაწმიდა სული ურწყულ ადგილებს მიაშურებს და რაკი იქ განსასვენებელს ვერ პოვებს, ცდილობს, ძველ სამყოფელს დაუბრუნდეს. თუ კაცი განლაღებული დახვდა, სხვა უბოროტესს ეშმაკთაც მოიყვანს და მათთან ერთად დაემკვიდრება მასში. და კაცი იგი შეიქმნება უფრო ცოდვილი, ვიდრე ადრე იყო (მათე 12,43-45). ამიტომ საჭიროა ცოდვისგან მუდმივი განწმენდა, მისგან გათავისუფლება.
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
მაცხოვარმა მოციქულებს მისცა განსაკუთრებული ძალა ცოდვილთა მიმართ: "ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 18,18). ეს მადლი მოციქულებიდან მათი საქმის გამგრძელებლებს - ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას გადაეცა და დღემდე მოდის.
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები, ოღონდ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შენდობასაც მოძღვრისგან მიიღებს.
აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი.
აღსარებით განწმენდილი ადამიანი მზად არის, მიიღოს მეორე უდიდესი საიდუმლო - ზიარება.
განა შეიძლება ქრისტიანი გვერქვას და არ ვიყოთ მონაწილე ევქარისტიისა - ზიარებისა?! იგი არა მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებაა, არამედ ჩვენი ერთობა მაცხოვართან, ჩვენზე გარდამომავალი უდიდესი საიდუმლო ძალა, ჩვენი განღმრთობა.
წმიდა ზიარების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს მაცხოვრის ეს სიტყვები: "უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6,53).
ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მიღებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი მამა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: "ეცადეთ, ხშირად შეიკრიბოთ ზიარებისთვის და ღვთის სადიდებლად" (XIII ეპისტოლე ეფესელთა მიმართ).
წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: სულისა და ხორცისგან შედგენილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმიდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს.
რატომ მისცა უფალმა მოციქულებს საჭმელად თავისი სისხლი და ხორცი ღვინისა და პურის სახით? - კითხულობენ ზოგნი.
პური სიმბოლოა ღვთის ძალისა, სიმბოლო კაცთა ერთობისა. თორმეტი მოციქულის სწავლანში - "დიდაქეში" ვკითხულობთ: "როგორც ეს პური (ხორბლის სახით) იყო განბნეული სხვადასხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფალო)" (დიდაქე 9).
ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმიდა ესაიას წიგნში წერია: "როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა" (ესაია 65,8).
ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.
როგორადაც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ წირვაზე იღებდნენ ზიარებას. ეს იყო ხალხი, სულით ძლიერი, ყოველ წუთს მზად რომ იყო, თავი გაეწირა ქრისტესთვის. მაგალითად, წმიდა ბასილი დიდი კვირაში ოთხჯერ ეზიარებოდა: კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს და, აგრეთვე, ყოველ დღესასწაულზე.
ძმანო და დანო ჩემნო, ნურც თქვენ მოიკლებთ ამ დიდ, გადამრჩენელ საიდუმლოს. მარხვის დროს გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ეზიაროთ ყოველ კვირას და, ასევე, ყოველ დიდ დღესასწაულზე. ეს მოგცემთ სულიერ ძალას როგორც ხილულ, ისე უხილავ მტერთან საბრძოლველად და გაქცევთ იმ სულიერ ტაძრად, რომელსაც უფალი არასდროს დატოვებს; მოგეცემათ მშვიდობა და სიხარული.
ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვაზე და სიკვდილზე უძლიერეს მარადიულ და ყოვლის მომცველ სიყვარულს ღვთისას.
სიყვარულმა გაითვალისწინა ყვვლაფერი, რაც კაცს სჭირდება. თავის მოწაფეებს, ქადაგებისთვის რომ გზავნიდა, სნეულთა განკურნების ძალაც მისცა უფალმა (მათე 10,1). ჭეშმარიტ მორწმუნეებს ისინი ზეთს სცხებდნენ და ავადმყოფნიც სნეულებისგან თავისუფლდებოდნენ (მარკ. 6,13). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას" (იაკ. 5, 14-15).
ასე დაწესდა საიდუმლო ზეთისცხებისა. ეკლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.
ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.
ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი.
ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. "რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ" (მათე 19,6), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ.
როცა ეკლესიაზე და იქ აღსრულებულ ადამიანის ღრმა და იდუმალ ფერისცვალებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით მაინც არ შევეხოთ თვით მოძღვარს, რომელიც ამ საიდუმლოთა მთავარი მონაწილეა.
სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა.
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს, რომ ეპისკოპოსი ეკლესიაში განასახიერებს უფალ იესო ქრისტეს, ხოლო მღვდელი სახეა მოციქულისა, ჯვარცმული პიროვნებისა.
ეპისკოპოსის ხელდასხმითა და წარმოთქმული ლოცვით რჩეულ კეთილმორწმუნე ქრისტიანზე სამღვდელო ხარისხში კურთხევისას გადადის განსაკუთრებული მადლი სულიწმიდისა.
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22).
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.
მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.
ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მითუმეტეს, ურწმუნოთათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. განა იუდა ისკარიოტელის გამო შეიძლება უგულველვყოთ ღვაწლი და შრომა სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმიდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგვინი მოიპოვეს?
ასე რომ, ეკლესია ერთადერთი სულიერი სავანეა, რომელში ყოფნაც აუცილებელია ქრისტიანისთვის, ყველასთვის, ვისაც სულის ხსნა სურს.
ეკლესიაში ყველაფერი მნიშვნელოვანია და ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენში ქრისტე აღიბეჭდოს, რომ ჩვენ ღმერთშემოსილნი გავხდეთ. და რაოდენ საწყალობელია მდგომარეობა მათი, ვინც ამ მადლს მოკლებულია.
ერთადერთი გზა ღმერთთან სიახლოვეშია.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია.
ბოროტ ძალებთან საბრძოლველად ღვთისაგან დიდ შემწეობას იღებს ის, ვინც რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს 90-ე ფსალმუნს.
ნუ გამოტოვებთ დილის და საღამოს ლოცვებს, ზიარების წინა და შემდეგ ლოცვებს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, საქმის დაწყების ან და დამთავრების შემდეგ ლოცვებს. შეძლებისდაგვარად იკითხეთ ფსალმუნნი.
ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ.
როცა ეკლესიაზე და კაცობრიობისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მისი სამშვიდობო მოღვაწეობა.
ყვვლას კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არა თუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო დროს ვცხოვრობთ, საშინელი განსაცდელის წინაშეა თითოეული სახელმწიფო, მთელი მსოფლიო. თუ მოვლენები კვლავ ასე განვითარდა, ექნება კი საერთოდ აზრი რაიმეს ან მომავალი?
გულგატეხილობამ და ურწმუნოებამ მოიცვა ჩვენი გული, თუმც მათ ბოლომდე მაინც ვერ დაგვიმორჩილეს, რადგან ყოველ ჩვენგანში წარუხოცელი ბეჭედია ღვთის მსგავსებისა, რადგან, ტერტულიანეს თქმისა არ იყოს, სული ყოველი კაცისა ბუნებით ქრისტიანია. ოღონდ საჭიროა უფრო ღრმა აზროვნება, ახლებურად აღქმა და გააზრება ყოველივე იმისა, რაც ხდება. სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია.
დღეს, როცა კაცობრიობა იტანჯება შიმშილისაგან, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სოციალური უსამართლობისაგან, სულ უფრო მეტი ხარჯები მიდის შეიარაღებაზე. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, აუცილებელია თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ-მორალური ცხოვრების დონის შეცვლა უფრო მაღალი კრიტერიუმებით, ხოლო ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ახალი ფორმების გამოძებნა.
ამ საკითხების გადაჭრაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიას, მის ლოცვას და იმ საქმიანობას, რასაც იგი სამშვიდობო მიზნით ახორციელებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მორწმუნენი, მთელ ხალხთან ერთად მოწონებით შეხვდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და მატერიალური განახლების პროცესის დაწყებას.
სულიერი და მატერიალური პრობლემები ჩვენი მუდმივი თანამდევია. ისინი განუყრელნია, როგორც სახარებისეული დები მართა და მარიამი. მაგრამ ცხოვრების ორომტრიალში ჩაფლულთ კრავის სიტყვები არ უნდა დაგვავიწყდეს: "აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს" (გამოცხადება 22, 12); არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოახლოებულია ქორწილი კრავისა, რის შესახებაც უფალი სხვადასხვა საშუალებით გვაფრთხილებს.
მძიმე განსაცდელით დაიწყო ჩვენთვის ეს წელიწადი. დასავლეთ საქართველოში, სვანეთსა და სხვა მთიან რაიონებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი მწუხარება და ცრემლი მოგვიტანა. ფეხზე დადგა მთლად საქართველო... გაჭირვებამ ყველა გაგვაერთიანა.
"მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", - წარმოთქვა წმიდა იოანე ოქროპირმა. ჩვენც, მის მსგავსად მადლიერნი ვართ უფლისა ყოველივესთვის: ჩვენი ჯვრისათვის, განსაცდელისა და მწუხარებისთვის, ღვთის ჩვენდამი უნაპირო სიყვარულისა და ჩვენთვის თავგანწირვისთვის. გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ მას. მაშინ ჩვენი ცხოვრების გზა იქნება ერთადერთი და გადამრჩენელი, მაშინ სულში მუდამ პასექის ზეიმი იქნება.
"იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამოცხადება 2,10), - გვმოძღვრავს უფალი.
კურთხეული ივერიის ღვთისსათნო შვილნო ღვთაებრივი სიყვარულით გამთბარი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს. "მოვედით, და ვიდოდით ნათელსა უფლისასა" (ესაია 2,5), "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
მხოლოდ მისი მადლით მოსილნი მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას, მხოლოდ მასშია ნამდვილი სიყვარული და სიხარული.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესი
თბილისი, 1987 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 1991
"საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი
ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა" (ესაია12,5)
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:
"მშვიდობა თქვენთანა", - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, როგორ უწამლებს შენი სულის შეუხორცებელ, ღია ჭრილობებს."ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაი... ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფსალმუნი 14,3,5).
ჭეშმარიტად, ერთადერთი იმედი და მხსნელი ჩვენი უფალია.
ძმანო და დანო ჩემნო, უფლის იმედითა და სიყვარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
გწამდეთ ღვთისა და სასოებდეთ მას და ტანჯვა თქვენი სიხარულად შეგეცვლებათ.
წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ ძირითად საფეხურს მოიცავს:
უნდა განვეშოროთ ცოდვას;
ხოლო თუ შევცოდებთ, სინანულით უნდა განვიწმინდოთ;
მაგრამ თუ გულწრფელად ვერ მოვინანიებთ, მწუხარებას შეგვამთხვევს უფალი, რათა დანაშაული გამოვისყიდოთ.
ჩვენში უმრავლესობა, ალბათ, მესამე კატეგორიას ეკუთვნის, ამიტომაც განსაცდელი და მწუხარება არ გვტოვებს. მაგრამ გვწამს, მაცხოვარივე მოგვცემს ძალას მათ დასაძლევად. მთავარია, შეჭირვების ჟამს არ დავკარგოთ ღვთისაგან ნაბოძები მადლი, მადლი სიყვარულისა და მუდამ გვახსოვდეს წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება უწამლო.
წარსული თავისი ცოდვა-მადლით უკვე განგვშორდა. ჩვენ ახლა აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით.
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32).
დღეს თითოეული ჩვენგანი ოცნებობს თავისუფლებასა და მშვიდობაზე. სუვერენული სახელმწიფო, - ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, გვესმის ადამიანთა საუბრისას. ის კი გვავიწყდება, რომ ამასთან ერთად სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით. მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, საიდან და როგორ დავიწყოთ აღზრდა.
ცნობილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ საქმეს ბავშვის დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევუდგეთ. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოდნის მიცემასთან ერთად, გრძნობათა აღზრდაზეც ვიზრუნოთ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის კულტურას. გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში, აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა.
ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შებდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.
წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა, იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმუნი 50,12).
გული, - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26).
ამის შესახებ დაწვრილებით იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მშობლები ანდა პედაგოგები როცა შვილს ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მხოლოდ სიყვარულით იხსნება.
მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მსმენელთა სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება; გააღე გული, შედი შიგ, დაამყარე წესრიგი და შენი გემოვნებით განალაგე ყოველი; ხელის შემშლელი არ გეყოლება.
მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. იგი გაცილებით იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია. (ადამიანებს შორის ხომ, გარდა ხილულისა, თვალისთვის შეუმჩნეგელი სულიერი კავშირიც მყარდება).
მაინც რა არის სიყვარული?
შესანიშნავად წერს ფილოსოფოსი პლატონი: "ერთიანობის, მთლიანობის დაუოკებელი სურვილი და მისდამი სწრაფვა არის სიყვარული" (პლატონი, მ. 1990, ტ. II, გვ. 120). მაგრამ სიყვარულის არსს ყველაზე ღრმად და ნათლად მაინც წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი განმარტავს. "საყვარელნო, ვიყუარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს" (I იოანე 4,9).
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია, სხვებსაც ვუყვარდეთ.
რით დავიწყოთ? - ყველაზე მცირით, ერთი ადამიანით.
შენს დამოკიდებულებას ამ პიროვნებისადმი უნდა განსაზღვრავდეს არა ვალდებულება, არამედ სიყვარული, მასთან სულიერი ერთობის სურვილი. სხვა ადამიანში, თუნდაც ყველაზე შეუმჩნეველში, ან ცოდვით დაცემულში, უნდა სცადო, დაინახო ღვთის ბრწყინვალების ანარეკლი, - მისი კარგი თვისებები და ასე შეიყვარო იგი.
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა.
ამ ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი მოზარდი თაობის პრობლემას, აღზრდის საკითხს ოჯახსა და სკოლაში, საშუალო სკოლის საგანმანათლებლო კურსს და იმ ზოგიერთ გადაუჭრელ საკითხს რომელიც დღეს დგას ჩვენს წინაშე.
პრობლემები ბევრია და ხშირად არც ვიცით, საიდან დავიწყოთ მათი მოგვარება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები.
ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს, აუცილებლად, ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც უკანონო და ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია.
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგიური აღზრდა, არ იცნობენ მართლმადიდებლობას და მტკიცედ არ დგანან თავიანთ სარწმუნოებაზე.
უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, - რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომელიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს.
"მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში. რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სხვა სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა "მართლმადიდებლობა" ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.
ამის შესახებ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ შეგახსენოთ, მარტო მართლმადიდებლურად მონათვლა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, რათა ვიგრძნოთ ძალა და მადლი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და არასდროს განვეშოროთ მის ჭეშმარიტ გზას.
ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველ წელს სახლის კურთხევა, აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დღეებში ლოცვა... ასეთი ოჯახი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, იქცევა "სახლის ეკლესიად" და დაივანებს იქ უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.
მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან თავიანთ შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება, ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ, ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ახასიათებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.
საბოლოოდ შედეგიც სამწუხაროა: შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უფრო უარესი, თვითონ მათ ელით.
"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", - გვასწავლის მეხუთე მცნება.
მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა.
პიროვნების ინტელექტუალური თუ სულიერი ჩამოყალიბებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლას. კარგად უთქვამთ: სკოლა ისეთია, როგორიც არის საზოგადოებაო.
საზოგადოება, როგორც ვიცით, დაავადებულია; შესაბამისად დასნეულებულია სკოლაც. ჩვენი საშუალო სკოლა კონსერვატულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს. ჩვენთან კი პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი არც ოჯახში, არც საზოგადოებაში და არც მოსწავლეთა შორის. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში მოწაფეს არ უყვარს სკოლა და არც აღმზრდელნი.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ მასწავლებლის შრომის სოციალურ და საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე, ამის თაობაზე ადგენენ სხვადასხვა დეკლარაციებს... საქმე კი ადგილიდან არ იძვრის, პირიქით, უფსკრულისკენ მიექანება.
ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, ისეთნი, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღრმა რწმენით, სიყვარულით, დიდი მოთმინებით და სხვა კეთილი თვისებებით, რასაც შემდეგ ისინი თავიანთ მოსწავლეებს გადასცემენ.
მასწავლებლის შესახებ შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობაა გააკეთოს ყველაფერი, თვით შეუძლებელიც კი, რათა მოსწავლეებმა ნამდვილი სიყვარულით შეიყვარონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვარებენ ისინი საგანს, რომელსაც სწავლობენ.
მასწავლებელთა შორის, რა თქმა უნდა, დღესაც არიან ნიჭიერი პიროვნებები, რომელნიც გარდა იმისა, რომ კარგად ფლობენ საგანს, დაინტერესებულნი არიან მაგ., კარგი ბიბლიოთეკის შექმნით, სოფლის მეურნეობით, ხელოვნებით, გატაცებულნი არიან ფილატელიით, ან წერენ ლექსებს... და თავის ინტერესებსა და მისწრაფებებს აღსაზრდელთაც უზიარებენ.
ასეთი პედაგოგები სხვათაგან განირჩევიან მაღალი სულიერობით, ზნეობით, კულტურით. ისინი ღიმილით შედიან საკლასო ოთახებში და თავიდანვე ქმნიან მშვიდ და სასიამოვნო განწყობილებას. არ იჩენენ პედანტობას ჟურნალში დასწრების აღრიცხვისას, არ ცდილობენ ორიანის დაწერას და იმ მოსწავლეთა დასჯას, რომელთაც არა აქვთ გაკვეთილი მომზადებული. ბავშვებთან მათი შეხვედრა რომ საინტერესო იყოს, ისინი რამდენიმე წუთს უთმობენ მეცნიერულ მიღწევებზე, ხელოვნების სიახლეზე ან სხვა საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს.
მაგონდება ერთ-ერთი ჩემი პედაგოგი, რომელმაც გაკვეთილზე კონსპექტის რვეულთან ერთად ხელჩანთიდან ამოიღო დანა, ჩანგალი, კოვზი... და თითქმის მთელი გაკვეთილის მანძილზე გვიხსნიდა მათი ხმარების წესებს, სადილობის დროს ქცევის ეტიკეტს. ჩვენ იმ დღეს ბევრი რამ საჭირო შევითვისეთ. მის საგანს კი ამით არაფერი დაჰკლებია.
ამ ცოტა ხნის წინათ საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობის ისტორიის შესახებ, ვუთხარი ისიც, რომ საპატრიარქოში გახსნილია უფასო სასადილო ხელმოკლე სტუდენტებისთვის, გაჭირვებული მარტოხელიბისა და მოხუცებისთვის. ბოლოს ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ამიერიდან აღარ დაეწერათ ორიანი მოსწავლეებისათვის და ბავშვებსაც, - რომ არ ჩაეგდოთ პედაგოგები უხერხულ მდგომარეობაში. ეს წინადადება სიხარულით მიიღო ორივე მხარემ.
სამი-ოთხი კვირის შემდეგ ისინი კვლავ მოვიდნენ ჩემთან და მოიტანეს შეგროვილი თანხა - ხუთასი მანეთი უფასო სასადილოსთვის.
ღირებული ეს ფული კი არ არის, არამედ სურვილი ბავშვებისა, მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სათნო საქმეში, რისთვისაც მათ მთელი დანაზოგი გაიღეს, შეიწიროს უფალმა მათი ქველმოქმედება და აკურთხოს ისინი.
ამ ქრისტიანულ საქციელში ჩანს პედაგოგთა კეთილი გავლენა.
როდესაც მასწავლებლის ნაკლზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან; დამნაშავეა განათლების დღეს არსებული სისტემა, რომელმაც კარგახანია დრო მოჭამა, მაგრამ მაინც ვერავინ ბედავს მის შეცვლას.
ამ სისტემაში აღმზრდელი არარაობას წარმოადგენს. მას აძლევენ გარკვეულ პროგრამას და აიძულებენ მის შესრულებას; დაფიქრების საშუალებასაც კი უსპობენ იმაზე, რომ მიხვდეს, პროგრამის ათვისება კი არ არის მთავარი, არამედ ბავშვებისათვის მორალური, ზნეობრივი, სულიერი საზრდოს მიწოდება, რათა ისინი ჭეშმარიტ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. პედაგოგი სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან, მშობლების, დირექტორისა და მოწაფეებისაგან იმდენად დათრგუნულია, რომ ფაქტიურად დაკარგული აქვს თავისი თავისადმი რწმენა, თვითონაც ადვილად იმცირებს თავს და არც ცდილობს, როგორმე განშორდეს ამ ჭაობს.
მართალია, სავალალოა მასწავლებელთა მდგომარეობა, მაგრამ მთელი ტრაგედია მაინც იმაშია, რომ ისინი ზრდიან ასეთივე შეზღუდულ და უსახო მომავალ თაობებს, შეუგნებლად უვითარებენ რა მათ სკოლისადმი და საერთოდ სწავლისადმი სიძულვილს.
აიღეთ თუნდაც სახელმძღვანელოები, როგორ არის ისინი შედგენილი?! მე, მაგალითად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განზრახ იმგვარადაა იქ მასალა წარმოდგენილი, რომ საბოლოოდ ჩაუკლან ბავშვს ცოდნის შეძენის სურვილი.
საშუალო სკოლის პროგრამაც ისეა აგებული, თითქოს მოსწავლეებს ყველაფრის ცოდნა ეძლეოდეთ. მაგრამ ეს ერთი შეხედვით; სინამდვილეში მიღებული ცოდნა არაფრის მომცემია, რადგანაც ყველა საგანი ზედაპირულად ისწავლება. ასეთივე მდგომარეობა გრძელდება ინსტიტუტებში. ასე ყალიბდებიან შემდეგ ამბიციური უმეცრები, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია.
იმედია ახალი თაობა გაითვალისწინებს წარსულის ამ ნაკლოვანებებს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
იქნებ სჯობდეს, სკოლის პროგრამა და საგნები ცალ-ცალკე შეიქმნას ჰუმანიტარული და ტექნიკური განყოფილებებისათვის. ე.ი. გაგვეხსნა ერთი ტიპის სკოლები ჰუმანიტარებისათვის, მეორე ტიპისა კი - მათთვის, ვისაც ტექნიკური საგნები იტაცებს, მაგრამ ისე, რომ ორივე სახის სკოლებში დარჩენილიყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სხვებთან ერთად, ისწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველება. საშუალო სკოლის პროგრამაშიც შეიძლებოდა შეგვეტანა ეთიკა.
განა დრო არ არის დავფიქრდეთ იმაზე, ტყუილად რატომ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს მაგ., ალგებრას, გეომეტრიას, ფიზიკას, ქიმიას და სხვა ისეთ საგნებს, რომლებიც ცხოვრებაში შეიმლება საერთოდ არ დასჭირდეთ. მაშინ, როდესაც არაფერს ვეუბნებით რწმენის, სიყვარულის, სიძულვილის, შურის, სინანულის, შერიგების უნარის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, სამართლიანობის, მოწყალების, სიძულვილის, სიცრუის, სიმართლის, შრომის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
ამიტომაც შედეგად მივიღეთ საზოგადოება ქურდებისა და ბოროტმოქმედებისა, მლიქვნელთა, ცრუთა და უზნეოთა, დაბალმა სულიერობამ სხვა მხრივაც იჩინა ჩვენს ხასიათში თავი: ადრინდელ ჩემს ეპისტოლეში უკვე მქონდა იმის შესახებ საუბარი, რასაც აქ კიდევ გავიმეორებ: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომაც ჩვენს მოქმედებას ხშირად გრძნობები წარმართავს, გრძნობა კარგია, იგი გულიდან მომდინარეობს, მაგრამ არ არის საკმარისი, აუცილებელია გონების, ზოგჯერ ცივი გონების კონტროლი, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საქციელის შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგები.
ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა საუბრისას ასე ბრძანა: თუ ვინმე დამარტყამს, მეც დავარტყამ და სულაც არ ვფიქრობ, რა შეიძლება ამას მოჰყვესო.
დიახ, ეს ქართულ ხასიათში დევს და იგი ჩვენი დიდი ნაკლია. ასე ცხოვრება არ გამოგვადგება. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგ, რადგანაც ეს "შემდეგ" ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის შეიძლება საბედისწეროდ იქცეს.
ჩვენი შვილებიც უნდა შევაჩვიოთ განსჯას, გონიერ აზროვნებასა და მოქმედებას. ამიტომაც ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, კონცენტრირება გავუკეთოთ მთელ ჩვენს სულიერ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შევქმნათ საშუალო სკოლის ყველა კლასისათვის ფილოსოფიური ღრმა აზროვნების კურსი.
წიგნები უნდა შედგებოდეს კანონებისა და ღრმა აბსტრაქტული აზროვნების შემცველი მაგალითებისაგან. რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იყოს ღვთისმეტყველება, ლოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ისტორია და სხვა დისციპლინები.
პროგრამა თანდათან უნდა რთულდებოდეს ისე, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღოთ ანალიტიკურად, ღრმად მოაზროვნე ახალგაზრდები.
ალბათ, ასევე საჭიროა, მეცნიერთაგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს პროგრამას და შეადგენს წიგნების სერიალს ბავშვების აღზრდის თაობაზე ოჯახში. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, პატარები თავიდანვე მიეჩვიონ ფიქრს; დაე, მათ ნორჩ თავებსა და გულებში დაიბადოს ახალი იდეები, თუნდა უტოპიური. შემდეგ ეს ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება.
დღეს სკოლადამთავრებული ყმაწვილები საერთოდ არ იცნობენ ცხოვრებას, არ არიან მასთან შეგუებულნი, არ არიან შრომას შეჩვეულნი და ხშირად სრულიად შემთხვევით ხვდებიან ამა თუ იმ სასწავლებელში.
ვფიქრობ, სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები ხშირად უნდა ატარონ ქარხნებში, ფაბრიკებში, სამეცნიერო ცენტრებში, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ამა თუ იმ საქმიანობაზე. საშუალო სკოლაში ბავშვმა აუცილებლად უნდა შეითვისოს რაიმე ხელობა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოადგება. არჩეული სპეციალობა უნდა აინტერესებდეს მოსწავლეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ხელობით, საჭიროების შემთხვევაში, არჩინოს თავისი თავიც და ოჯახიც.
ბოლოს მინდა შევეხო მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც ერთ მეტად საყურადღებო საკითხს, საკითხს სიტყვის მნიშვნელობის შესახებ.
სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთიანობა; მასში განსაკუთრებული მისტიური ძალაა ჩადებული.
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ. სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები ან ცნობილი დამნაშავენი. ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავვბულ დამოკიდებულებას. კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა.
ყოველთვის გახსოვდეთ, თითოეულ თქვენს მოსწავლეში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მიეხმარეთ მას, გამოავლინოს იგი.
პედაგოგს, რომელიც ვერ იოკებს სიბრაზეს, საჯაროდ კიცხავს და შეურაცხყოფს მოსწავლეებს, უნდა ეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა იმისა, რომ თვითონ დატოვოს სკოლა. იგი შეიძლება გამოდგეს ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, მაგრამ არა სკოლაში, რადგანაც ის ვერ შეძლებს რწმენითა და სიყვარულით აღზარდოს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მქონე მომავალი თაობა. ეს კი ჩვენს წინაშე მდგარი მეტად რთული, მაგრამ აუცილებლად გადასაწყვეტი ამოცანაა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტანდტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი". სხვა ადგილას კი იგივე წმინდანი წერს: "გულის სიცოცხლე სიყვარულშია, ხოლო ღვარძლი და მტრობა მოყვასისა კლავს მას. უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამ სოფლად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად მოიცვას ჩვენი გული. ამას ელის იგი ყველასგან. ეს არის მიზეზი და მიზანი ქვეყნის არსებობისა".
ასეთი ფიქრებითა და სურვილებით ვეგებებით ჩვენ აღდგომილი მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაულს - პასექს უფლისას.
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
დაე, ღვთაებრივმა ნათელმა დაივანოს ჩვენს სახლებსა და გულებში და დაემკვიდროს ჩვენს შორის თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. განგვაშოროს ურთიერთ სიძულვილს, შურსა და მტრობას.
დღეს მე სიყვარულით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო: რუსებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, სომხებო, აზერბაიჯანელებო, ებრაელებო, ქურთებო, ესტონელებო და ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული საქართველოს მიწისა. თქვენ ხომ მრავალი წელია ქართველთა გვერდით ცხოვრობთ და ძმური ურთიერთობის გარდა მათგან სხვა არაფერი გინახავთ. გახსოვდეთ, საქართველო ადრეც გიცავდათ და კვლავაც დაგიცავთ. ხოლო ის, ვინც ჩვენს შორის ღვარძლსა და მტრობას სთესს, ჩვენი საერთო მტერია.
მშვიდობა და ღვთის კურთხევა იყოს ჩვენთან და ჩვენს შორის, ამინ.
განსაკუთრებული გრძნობით მინდა მივმართო შიდა ქართლის მცხოვრებთ: როგორც ქართველებს, ისე ოსებს. შეწყვიტეთ მტრობა და შუღლი. თქვენს შვილებს მომავალში ხომ ერთად მოუწევთ ცხოვრება, დაფიქრდით ამაზე, რას უმზადებთ მათ? მწამს, ღვთის წყალობით, დადგება ბშვიდობიანი დრო და კვლავ ძმური ურთიერთობა დამყარდება ჩვენს შორის.
უფალო, მუხლმოდრეკილნი ვდგავართ შენს წინაშე სუსტნი და ცოდვილნი არა იმისათვის, რომ მოვიწონოთ ან ვიმართლოთ თავი, არამედ გთხოვოთ შენდობა და შემწეობა, გევედრებით, არ მოგვაკლო შენი კურთხევა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები შენი: "მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოანე 14,27).
ღირსგვყავ, უფალო, შენი ღვთაებრივი მშვიდობისა.
"გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან".
ძმანო და დანო ჩემნო, გიხაროდეთ
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესითბილისი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ.
სიტყვა პირველი მღვიძარებისა და შინაგანი გონიერი ლოცვის შესახებ
მღვიძარე მამებმა ბევრი იღვაწეს, რომ ლოცვის საშუალებით ღვთის მადლი მოეპოვებინათ. ამიტომ ჩვენ, მათ შვილებს, მუდმივი მადლიერება გვმართებს, რომ გვიჩვენეს გზა, რომელსაც სული ღმერთთან ერთობამდე მიჰყავს. გიკვირს და ამბობ: „განა შესაძლებელია ადამიანებმა, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა და სამღვდელოებამ, სულიერად იცხოვრონ და დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება ლოცვის გარეშე, რომელიც ჩვენი ეკლესიის მღვიძარე მამებმა საკუთარი გამოცდილებით გადმოგვცეს?“
წმინდა გრიგოლ პალამამ, მდუმარების, მღვიძარებისა და განსაკუთრებით კი, უწყვეტი ლოცვის დიდმა მნათობმა, ლოცვის შესახებ ყველაზე დიდი და სრული მეთოდოლოგიური სწავლება დაწერა. მას „მღვიძარეთა კორიფე და წინამძღოლი“ ეწოდა.
როცა ის თავისი კრებულით დიდი ლავრის გარეთ მოღვაწეობდა, ასეთი ჩვენება იხილა: თვალწინ ქოთნის მსგავსი ჭურჭელი ედგა, რომელიც ისე იყო პირამდე სავსე, რომ სითხე იღვრებოდა და იკარგებოდა. ჭურჭელში მდგარი საუცხოო თეთრი სასმელი რძეს ჰგავდა. ერთი წმინდა იერსახის ადამიანი ეუბნება: „გრიგოლ, რატომ ღვრი და კარგავ ამდენ სულიერ სითხეს და არ აძლევ მათ, ვისაც სჭირდება?“ რა თქმა უნდა, წმინდანი მიხვდა, რომ ეს იყო ღვთის მადლი. ეს სულიერი ნივთიერება და სასმელი მის შიგნით არსებობდა, როგორც ღვთის მადლი, სიბრძნე, გამოცდილება, სიფხიზლე, სიტყვის ძალა. „რატომ ჩაგიკეტავს ეს ყველაფერი აქ, ამ ადგილას, – ეუბნება ის, – და არ უზიარებ უძლურ, დამშეულ და მწყურვალ ადამიანებს?“
მართლაც, წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და წინამძღოლობით, წმინდა გრიგოლი ხალხმრავალ გარემოში მოხვდა და სულიერი საზრდო უშურველად გაუნაწილა სულიერ სარგებელს მოწყურებულ მრავალ ადამიანს.
მაშინაც კი, როცა მას ხალხში ყოფნა უწევდა, განმარტოებით ლოცულობდა. სენაკში განმხოლოებული მდუმარებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ესწრებოდა წირვას. კვირის დანარჩენი ხუთი დღის მანძილზე სენაკში იკეტებოდა და საერთოდ არ გამოდიოდა გარეთ. არც საკვებს იღებდა, არც სასმელს. მხოლოდ შაბათობით არღვევდა მდუმარებას და საღვთო ლიტურგიაზე მიდიოდა. წმინდა ზიარებას რომ მიიღებდა, სატრაპეზოში ჩადიოდა მამებთან და ძმებთან სასაუბროდ. კვირას კი, ნაშუადღევიდან ისევ მდუმარებას იცავდა მომავალ შაბათამდე.
ამ დიდმა მამებმა გვასწავლეს, რომ როცა ადამიანის სულს უწმინდური, ამპარტავნული, ეგოისტური, მკრეხელური და სხვა ცოდვის გულისსიტყვები მოიცავს, ლოცვასა და უარყოფასთან ერთად უნდა ეცადოს გულისწყრომითა და რისხვით განდევნოს ისინი.
ბოროტი წარმოსახვებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ გულისწყრომა და რისხვა არ კმარა; ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, მისთვის აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოს და უფლის სახელს მოუხმოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
წმინდა მამათა თანახმად, ქრისტეს სახელს აღმადგინებელი ძალა აქვს, უფლის ლოცვას შესწევს ძალა, აღადგინოს ის უკიდურესად დაცემული სული, რომელიც დაუძლურდა, უდებებამ მოიცვა და ცოდვაში ჩავარდა.
სულიერების მქონე ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, წუთები, როცა შინაგან სიცარიელეს, სულიერ უძლურებას გრძნობს; რაღაც აკლია, რაღაც შინაგანი აქვს დაკარგული და არ იცის, როგორ დაუბრუნდეს საკუთარ თავს, როგორ დაიბრუნოს სულის პირვანდელი ძალა და მადლი; არ იცის, დაკარგული სისავსე როგორ მოიპოვოს.
ასეთ შემთხვევაში წმინდა მამები გვასწავლიან: ხელახლა დაიწყე და იმეორე ლოცვა ან ბაგით, ან გონებით, ან გულით და დაკარგული სისავსე დაგიბრუნდება. ადამიანი მას კვლავ მოიპოვებს, ოღონდაც თავი აიძულოს ლოცვისთვის.
მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა არ შეწყვიტოს ლოცვა. „მაგრამ შრომის დროს“, – იკითხავს ვინმე, – „გონება ხომ აქეთ-იქით დაქრის“. თუმცა ასეთ დროსაც თავისუფლად შეიძლება წყნარად, დაბალი ხმით ბაგეებით ლოცვა, რომ სულს მადლის უწინდელი შეგრძნება დაუბრუნდეს.
წმინდა მამებმა დაგვიტოვეს დიდი მემკვიდრეობა, რომლის ღირებულებას ვერც განსაზღვრავ, ვერც გაზომავ, ვერც აწონი, ვერც დათვლი. ამ მემკვიდრეობას მღვიძარება ჰქვია.
მღვიძარება, სიფხიზლით შრომა გულისხმობს გულისსიტყვების, წარმოდგენებისა და გრძნობების მოძრაობის მიმართ ყურადღებას. ეს არის სულიერი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტს. ეს არის წინასწარჭვრეტა, როცა გონება შორიდანვე ხედავს განსაცდელებს, უსაფრთხოების ზომებს იღებს და განეშორება მათ. ეს არის უწყვეტი ლოცვა, როცა გონება გულში შემავალი და იქიდან გამომავალი გულისსიტყვების ზედამხედველია.
სანამ წმინდა მამები, მღვიძარების მასწავლებლები გონიერ ლოცვას სისტემაში მოიყვანდნენ, მონაზვნები უმთავრესად ისეთ სათნოებებს აღასრულებდნენ, რომლებიც ხორციელ ღვაწლს გულისხმობდა: მარხვას, თავშეკავებას, მეტანიებს, ღამისთევას, ტიპიკონით დადგენილ ლოცვებს, მორჩილებას, სიმდაბლეს და სხვ. ეს საქმით აღსრულებული სათნოებაა, რომელიც „წუთ ერთ ჟამ სარგებელ არს“, მღვიძარება კი „ყოვლითავე სარგებელ არს“ (1 ტიმ. 4, 8).
მეთოთხმეტე საუკუნიდან დაწყებული, წმინდა მამებმა თანდათან ჩამოაყალიბეს და სისტემაში მოიყვანეს გონიერი ლოცვა. მათ დაგვიტოვეს ნაშრომები ლოცვის შესახებ და საჯაროდ განაცხადეს, რომ მღვიძარება, სიფხიზლით შრომა აუცილებელია ადამიანის სრულყოფისთვის.
სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება.
ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება.
ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა სულიერ საკითხებსა და ჭვრეტაში.
მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი მიჰყავს ჭვრეტამდე, ჭვრეტიდან სიბრძნემდე, სიბრძნიდან კი სიყვარულამდე, რომლისგანაც ღვთაებრივი ტრფიალება წარმოიშობა.
სიწმინდე სიფხიზლით შრომის ბუნებრივი შედეგი იყო; ადამიანის სულისა და სხეულის სიწმინდე თავისთავად მოდიოდა. იმ დროს, როცა მამები ხორციელად თავის შეწირვამდე იღვწოდნენ და ბევრს წვალობდნენ, სიფხიზლით შრომამ მათ დიდწილად შეუმსუბუქა შრომა და ჯაფა.
სიფხიზლით შრომამ მღვიძარე მამები საზრუნავისგან გაათავისუფლა, რადგან დაინახეს, რომ მრავალ საქმეზე ზრუნვა სერიოზული დაბრკოლებაა მღვიძარების გზით სვლაში. საზრუნავი გულისსიტყვებს წარმოქმნის, გულისსიტყვების გამო კი გონების ყურადღება სწყდება ლოცვასა და ჭვრეტას.
ამიტომ, როგორც მამები ამბობენ, ისეთ საქმეებზე ზრუნვას, რაც არ არის აუცილებელი, ან იმაზე მეტია, რაც გვჭირდება, სულიერი ჭლექი ეწოდება.
ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში მონაზვნები მორჩილებით ცხოვრობენ. მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი მორჩილის საზრუნავისგან თავისუფლებაა, რადგან თუ მე მორჩილებას აღვასრულებ და საზრუნავით სხვაა დაკავებული, შემიძლია მშვიდად და წყნარად ვიყო და მხოლოდ ჩემს მორჩილების საქმეზე ვიფიქრო.
როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.
თუ ვხედავ, რომ გონებას არ შეუძლია ხელსაქმისთვის ლოცვით თვალყურის დევნება და ისეთ საგნებზე ფიქრობს, რაც მის მოვალეობაში არ შედის, მაშინ საჭიროა ბაგეებით დავიწყო ქრისტეს სახელის მოხმობა და ჩურჩულით ვიმეორო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
როცა ბაგეები ლოცულობენ და ხელები შრომობენ, საქმეს ორმაგი მადლი აქვს – მორჩილებისა და ლოცვის. მორჩილებით აღსრულებული საქმისგან სასყიდელს მივიღებთ, ლოცვა კი მას განწმენდს. ხელსაქმეს თუ ფიზიკურ შრომას, რასაც თან ახლავს ლოცვა, განსაკუთრებული მადლი აქვს.
ტაბენისის მონასტერში ისეთი სიწყნარე იყო, რომ მას ნეკროპოლს, მიცვალებულთა ქალაქს ეძახდნენ. ამით იმის თქმა სურდათ, რომ იქ მცხოვრებ მამებს ისეთი მდუმარება ჰქონდათ, თითქოს არც იყვნენ ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც ლაპარაკისა და ხმაურის გარეშე არ შეუძლიათ. ასეთ სიმშვიდეში, რა თქმა უნდა, ექნებოდათ ლოცვისა და ღვთის ჭვრეტის დრო.
ვისაც მდუმარება უყვარს, ცხადია, ესმის, თუ რა სარგებელი მოაქვს მდუმარებასა და ლოცვას. ჩვენ არ ვიცით, რა სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს გონების კონცენტრირებამ, არ გვესმის მდუმარების ფასი. ვერ გაგვიცნობიერებია, თუ რა სარგებელს ნახავს ის, ვინც თავის სენაკში მდუმარებით ცხოვრობს.
მონაზონი ლოცვის გარეშე ცარიელია; საუბარი არ არის მათზე, ვისაც ლოცვის სარგებელი არასოდეს გამოუცდია და ვერ გრძნობს თავის სიცარიელეს. ღატაკი, რადგან არასოდეს არაფერი ჰქონია, არც წუხს.
მაგრამ მონაზონმა, რომელმაც ისწავლა ლოცვა, შემდეგ კი უდებების გამო დაკარგა ის, იცის დაკარგულის ფასი და დარდობს.
ამიტომ, მონაზვნებმა არა მარტო იმისთვის უნდა ილოცონ, რომ თავიანთი მონაზვნური მოვალეობა შეასრულონ, არამედ საქმითაც მონაზვნები რომ იყვნენ, მონაზვნები არა მარტო სახელით და გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.
როგორც მღვიძარე მამები ამბობენ, არ შეიძლება მონაზონი ეწოდოს მას, ვინც დაფარულად, შინაგანად არ შრომობს.
ჩვენც იმიტომ უნდა ვაიძულოთ თავი ლოცვისთვის, რომ სულიერი სარგებელი ვნახოთ და ამით აღვივსოთ. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს მონაზვნებად.
როგორც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ სხეულს სულის გარეშე ეცოცხლა, ასევე გიკვირს და ამბობ: „კი, მაგრამ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამ სულიერი საზრდოს გარეშე?“
მღვიძარე მამები ამბობენ, რომ ვინც ასე ლოცულობს, ის მრავალ დიდ ნიჭს მიიღებს. მარხვა, ლოცვა, თავშეკავება, ღამისთევა მადლს მოგვანიჭებს, სულიწმიდის სხვადასხვა მადლს.
სულიწმიდის მადლი მრავალი სახითა და შეგრძნებით ვლინდება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლით შრომის გზით გვანიჭებს ცრემლების მადლს, სიხარულის მადლს, წინასწარხედვის მადლს, დამოძღვრის მადლს, მოციქულებრივი ნიჭის მადლს, სულგრძელობის, მოთმინების, ღვთიური ნუგეშისცემის და დიდი სასოების ძალას, ღვთაებრივი ტრფიალების, ჭვრეტისა და სულიერი აღტაცების მადლს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად განვისწავლებით. და რაც მეტად განვისწავლებით, მით უფრო იზრდება ჩვენი ვალი ღვთისა და წმინდა მამათა წინაშე.
თითოეული ჩვენგანი ლოცვაში მიღწეული წარმატებისა და აქედან მიღებული სარგებლის შესაბამისად განიკურნება სულიერი და ხორციელი ვნებებისგან. სწორედ ვნებებისა და უძლურებებისგან განკურნება მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარემატება ადამიანი ლოცვაში.
ამრიგად, უნდა ვაიძულოთ თავი. მუდმივად მოვუწოდოთ მას, არ დაივიწყოს ლოცვა, არ უგულებელყოს ის. თუ შევატყობთ, რომ ლოცვას „წყალი შეუდგა", დასუსტდა, რყევა და ბორძიკი დაიწყო, მაშინვე მის გამოსწორებას უნდა შევუდგეთ. გულმოდგინედ დავიწყოთ ლოცვა, უწინდელი ძალა რომ დავუბრუნოთ მას. როგორ მოხდება ეს? სული მაშინვე გონს უნდა მოეგოს, გულისყური მოიკრიბოს, როგორც იტყვიან, „ქამარი მჭიდროდ მოიჭიროს“ და დაიწყოს გულდასმით ლოცვა; განაგდოს გულისსიტყვები, მოიშოროს საზრუნავი, გაფანტულობისგან გაათავისუფლოს გონება და თქვას: „ახლა გულმოდგინედ შევუდგები ლოცვას“. და როცა გარკვეული დროის განმავლობაში ასე ილოცებს, მაშინვე იგრძნობს გულმოდგინე ლოცვისგან მომდინარე ძალას.
ლოცვა ეშმაკების, ვნებების, ცოდვის და ცხონების გზაზე ყველა დაბრკოლების წინააღმდეგ მიმართული ფილაკვანია.
თუ ლოცვას ნავსადგურს უწოდებ, არ შეცდები, რადგან ზღვის ტალღებისგან აქეთ-იქით ნახეთქები გემი ნავსაყუდელში სიმშვიდეს, ხსნასა და უსაფრთხოებას პოულობს.
თუ ლოცვას წერაქვს, ცულს, კომპასს, სინათლეს ან ამგვარ სხვა ათას სახელს უწოდებ – არ შეცდები.
ამიტომ ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, გულმოდგინედ არიან დაკავებულნი ლოცვის ღვაწლით; მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ შვილები, აქვთ საზრუნავი, სამსახური და კიდევ უამრავი სხვადასხვა მოვალეობა, მაინც პოულობენ დროს ლოცვისა და ღვთის სახელის შემეცნებისთვის.
რაღა გვეთქმის ჩვენ, როცა ღმერთმა ასეთი თავისუფლება და უზრუნველობა მოგვანიჭა? რა გვეთქმის, როცა ვზარმაცობთ და ისე უნიათოდ ვლოცულობთ, რომ ეს უსუსური ლოცვა ცოდვისა და ვნებების სნეულებას ჩვენი გასრესისა და დასნებოვნების უფლებას აძლევს?
გულისსიტყვები გვებრძვის? ლოცვა მძლავრი იარაღია. ცოდვის მიზიდულობა გონებას ბოროტისკენ ეწევა, მაგრამ, როცა გონება მოიმარჯვებს ლოცვას, როგორც იარაღს, ცულივით გაჩეხავს ყველაზე სასტიკ გულისსიტყვებსაც კი და ამოძირკვავს მათ. ოღონდაც ადამიანს ცული სწორად უნდა ეპყრას და მოხერხებულად ხმარობდეს. მაშინ ის ნამდვილად საოცარ შედეგს მიიღებს.
ეშმაკი ხელს გვიშლის ლოცვის წარმოთქმაში იმიტომ, რომ უფრო ადვილად შეძლოს ჩვენი დატყვევება. მას მოაქვს უდებება, ამაო საზრუნავი, ათასგვარ დაბრკოლებას გვიქმნის ერთადერთი მიზნით – წინ აღუდგეს ლოცვას.
როგორც ხანგრძლივმა გამოცდილებამ გვიჩვენა, ეშმაკები ძრწიან ქრისტეს სახელის ხსენებაზე. მათ ადამიანთა პირით აღიარეს, რომ იწვიან, როცა ვინმე ლოცულობს.
იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ უდებებაში ჩავარდა, რომ ლოცვის კანონსაც აღარ ასრულებდა და ერისკენ იბრუნა პირი. ის თავის სამშობლოში, კეფალონიაში ჩავიდა, სადაც, როგორც ცნობილია, ბევრი ეშმაკეული ისწრაფვის წმინდა გერასიმესგან კურნების მისაღებად. რადგან თავის სამშობლოში მოხვდა, ეს მონაზონიც გაემართა წმინდანის თაყვანისსაცემად. გზაზე მას ეშმაკეული ქალი შეხვდა და უთხრა:
– იცი, რა გიჭირავს ხელში? საცოდავო, რომ იცოდე, რა გიჭირავს! რომ იცოდე, როგორ მწვავს ეგ შენი სკვნილი. შენ კი მხოლოდ ჩვევის გამო, უსარგებლოდ გიჭირავს ის!
მონაზონი სახტად დარჩა. ღვთისგან იყო, ეშმაკმა ეს რომ თქვა. ის გონს მოეგო, ღმერთმა გონება გაუნათა და საკუთარ თავს უთხრა:
– ხედავ, რას ჩავდივარ მე, უგუნური! ხელში უძლიერესი იარაღი მიჭირავს და ერთი ეშმაკის გასილაქებაც არ შემიძლია. გასილაქება კი არა, საითაც უნდა, იქით მიმათრევს დატყვევებულს. შეგცოდე, უფალო!
სინანულით მაშინვე თავისი მონასტრისკენ გაეშურა. იქ დაბრუნებულმა თავიდან დაიწყო გულმოდგინე შრომა და ისევ კეთილ საწყისს დაუბრუნდა. იმდენად წარემატა ლოცვასა და მონაზვნურ მოქალაქეობაში, რომ მრავალთათვის სანიმუშო გახდა. ამ ბერს მე, მდაბალიც, მოვესწარი. მისგან განუწყვეტლივ მხოლოდ ეს ისმოდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ როცა რამეს ეტყოდი, ორი სიტყვით გპასუხობდა და მისი ბაგეები კვლავ ლოცვას უბრუნდებოდა, იმდენად იყო მიჩვეული და იმდენად შეეცვალა ის ლოცვას. წარმოგიდგენიათ, ლოცვისა და სკვნილის ღირსება მას თავად ეშმაკმა გამოუცხადა – რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის გარეშე, უზენაესის მიუწვდომელი განგებულებით და ნებით!
მოისმინე კიდევ ერთი მსგავსი ამბავი. როცა ნეა სკიტში ვცხოვრობდი და ჩემი მოძღვარი მამა იოსები ცოცხალი იყო, ჩვენთან ერთი ეშმაკეული ახალგაზრდა მოვიდა.
ჩემი მოძღვარი გულმოწყალების გამო იღებდა ამ უბედურებს. ისინი, რამდენ ხანსაც უნდოდათ, რჩებოდნენ, შემდეგ კი თვითონვე მიდიოდნენ. მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა. ყველა, ვინც ღვთისგან შინაგანად ნუგეშს ვერ გრძნობს, ამას ადგილისა და ადამიანების გარემოცვის შეცვლაში ეძებს.
ამ ახალგაზრდას როსკიპი ქალის ეშმაკი ჰყავდა. როცა ბოროტი იპყრობდა, მისი ხმა მეძავი ქალის ხმით იცვლებოდა და ისეთ რამეს ლაპარაკობდა, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, „საძაგელ არს სიტყუადცა“ (ეფეს. 5, 12). ხელობით ის მეკასრე იყო. არ ვასახელებთ მის ვინაობას. ჩვენს ძმობაში მან საკმაოდ დიდხანს დაჰყო. შრომის საათებში ის მოდიოდა და, როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა. მესამე დღეს მეუბნება:
– მამაო, მეც ხომ არ მასწავლიდი ბეჭდების გაკეთებას? კასრების დამზადება მძიმე სამუშაოა. გარდა ამისა, ესეც, ჩემ შიგნით რომ მყავს, მუდმივად მტანჯავს.
ღმერთმა გვაკურთხოს. გასწავლი, ძმაო! აი, ასე უნდა გააკეთო. იარაღები აქ არის, ხის მონაჭრები – იქ, ნიმუშებიც წინ გიწყვია. ამ მაგიდაზე იმუშავებ. ოღონდ, როგორც ხედავ, აქ, ჩვენს კრებულში, მამები არ ლაპარაკობენ, მხოლოდ გამუდმებით ლოცულობენ.
ამის თქმით მსურდა, შეძლებისამებრ თავიდან ამეცილებინა უქმადმეტყველება და ლოცვის დროს გონებაგაფანტულობა. მაგრამ იმ წუთას კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში: „ნეტავ ეშმაკეულებს იესოს ლოცვის თქმა თუ შეუძლიათ?“ შევუდექით ხელსაქმეს და ლოცვას. რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ეშმაკი ბრაზით აენთო მასში. ხმა შეეცვალა, ყვირილი, ბილწსიტყვაობა, მუქარა და ლანძღვა-გინება დაიწყო:
– ხმა ჩაიწყვიტე, საძაგელო! – ყვიროდა შიგნიდან, – ხმა ჩაიწყვიტე! შეწყვიტე ეს ბუტბუტი! რას იმეორებ სულ ერთსა და იმავე სიტყვებს? მოეშვი ამ სიტყვებს. თავბრუ დამახვიე. კარგად ვარ შენში. რა გინდა, რატომ მაშფოთებ?
ბევრი ამის მსგავსი რამ ილაპარაკა. ეშმაკმა აწვალა ის და ბოლოს თავი დაანება...
– ხედავ, რა დღეში მაგდებს? – მეუბნება ის უბედური. – აი, სულ ამ ყოფაში ვარ.
– მოითმინე, ძმაო, – ვეუბნები, – მოითმინე! ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეს შენი არაა, ნუ დარდობ. შენ ლოცვაზე იზრუნე.
დავამთავრეთ ხელსაქმე და მოძღვართან წავედით. გზაში მეუბნება:
მამაო, იქნებ ამისთვისაც მელოცა, შიგნით რომ მყავს, ღმერთმა ისიც რომ შეიწყალოს?
რამ ათქმევინა ეს იმ უბედურს! მაშინვე ეშმაკმა შეიპყრო, ზემოთ აიტაცა და ძირს დაახეთქა. არემარე შეზანზარდა. ეშმაკმა ხმა შეუცვალა და ყვირილი დაუწყო:
– ხმა ჩაიკმინდე, საძაგელო! ხმა ჩაიწყვიტე-მეთქი, გითხარი. ამას რას ამბობ? რა წყალობა? არ მინდა შეწყალება! არ მჭირდება წყალობა! არა! განა რა ჩავიდინე, შეწყალება რომ ვითხოვო? ღმერთი უსამართლოა! ერთი პატარა ცოდვის, მხოლოდ ამპარტავნების გამო გამომაძევა ჩემი დიდებიდან. ჩვენ უდანაშაულონი ვართ, ის არის დამნაშავე. მან შეინანოს! შორს ჩვენგან წყალობა!
ბოროტმა ის ძლიერ ტანჯა და ბოლოს ჩვარივით დააგდო. შემაძრწუნა ეშმაკის სიტყვებმა. რამდენიმე წუთში საკუთარი გამოცდილებით გავიგე ის, რის გაგებასაც ვერ შევძლებდი, ათასობით წიგნიც რომ მეკითხა ეშმაკებზე. მოძღვრისკენ გზა გავაგრძელეთ. მამა იოსები მას ყოველთვის დიდი სიყვარულით იღებდა და ესაუბრებოდა. მუდამ მშვიდი იყო მასთან. ის ბევრს ლოცულობდა ეშმაკეულებისთვის, რადგან იცოდა, დემონებისგან როგორ ტანჯვას ითმენდნენ. ჩვენ კი გვეუბნებოდა:
თუკი ჩვენ ასე ვიტანჯებით გულისსიტყვებისა და ვნებებისგან მაშინ, როცა ეშმაკები ჩვენ გარეთ არიან, წარმოიდგინეთ, როგორ ეწამებიან ის უბედურები, ვისაც დემონები დღედაღამ თავის თავში ჰყავთ! – სიბრალულით თავს აქნევდა და დასძენდა: ალბათ, ისინი ჯოჯოხეთს აქვე გადიან. მაგრამ ვაი მათ, ვინც არ შეინანებს, რომ ღმერთმა ისინი ამ ცხოვრებაშივე ამა თუ იმ გზით მოწყალებით განსწავლოს! ის ერთი წმინდანის ნათქვამს იხსენებდა: „თუ ხედავ, რომ კაცი აშკარად ცოდავს, არ ინანიებს და მთელი ცხოვრება არავითარი მწუხარება არ შეემთხვევა სიკვდილის წუთამდე, იცოდე, რომ სამსჯავროზე, განკითხვის ჟამს, წყალობის გარეშე დარჩება“.
მოძღვრის ასეთი სიტყვების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი თანაგრძნობით ვუყურებდით განსაცდელში მყოფ ძმას.
ის ლოცვაზე დასასწრებად მამებთან ერთად ეკლესიაში არ შედიოდა, გარეთ, კლდეებზე დაეხეტებოდა სკვნილით ხელში და ხმამაღლა გამუდმებით იმეორებდა ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" არემარე კი ექოს აძლევდა.
მან გამოსცადა, თუ როგორ წვავს ლოცვა ეშმაკს. კლდეებზე ხეტიალისას ის განუწყვეტლივ ამბობდა ლოცვას. მოულოდნელად მისი ხმა იცვლებოდა და დემონი იწყებდა:
ხმა ჩაიწყვიტე, გითხარი, ხმა ჩაიწყვიტე! მახრჩობ! რას დაძრწი აქ, გარეთ, კლდეებზე და ბუტბუტებ? შედი სხვებთან ერთად ტაძარში და შეწყვიტე ბუტბუტი. რას იმეორებ დაუსრულებლად დღედაღამ ერთსა და იმავეს და წუთით არ მაძლევ მოსვენებას? თავბრუ დამახვიე. დამმდუღრე, მწვავ – არ გესმის?
განსაცდელი როცა ჩაივლიდა, ის ისევ სკვნილზე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ მან ძალიან კარგად გაიგო ის, რაც ეშმაკს ეგონა, რომ ვერ გაიგებდა. სულიერ ტკივილთან ერთად იმედიც გვეძლეოდა, როცა ვუყურებდით, თუ როგორ იტანჯებოდა, იბრძოდა და ითმენდა ეს ადამიანი. გარკვეულ ხანს დარჩა ჩვენთან და როცა წავიდა, გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს. ის აღარასოდეს გვინახავს. ღმერთმა უწყის, რით დამთავრდა ეს ყველაფერი.
ხედავთ ლოცვის ძალასა და ეშმაკების მოუნანიებლობას? ცეცხლში იწვიან და ყვირიან: „არ გვინდა შეწყალება!“ თან განუწყვეტლივ ღმერთს განიკითხავენ. ჰოი, ლუციფერული ამპარტავნება! მაშ, რით განსხვავდება ეშმაკისგან ქედმაღალი და სრულიად უნანელი ადამიანი? ის, ვისაც არ სურს ქრისტე ღმერთად და კაცად აღიაროს და მისგან წყალობა და შეწყალება ითხოვოს!
ახლა გესმით ლოცვის ძალიან ღრმა აზრი? როგორ ცხადყოფს ის, თუ ვინ არის ქრისტესთან ახლოს და ვინ შორს?
ჩვენ თავის ნებაზე მივუშვით გულისსიტყვები. ამიტომ ისინი ჩვენზე ბატონობენ და გვატყვევებენ მაშინ, როცა ლოცვის ბრწყინვალე იარაღი გაგვაჩნია, იარაღი, რომელსაც ალი და ცეცხლი ეწოდება. ლოცვა შოლტია, რომელიც ყოველ დემონურ გულისსიტყვას გაშოლტავს.
მაგრამ ჩვენ – უპირველესად კი მე – არ ვართ ღირსნი, რომ ჩავწვდეთ ლოცვას. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, ან არ ვართ ლოცვისთვის მოწოდებულნი, არამედ იმიტომ, რომ მცონარენი და უდებნი ვართ, ეშმაკიც ამიტომ გვაცდუნებს, ჩვენ მას ვემორჩილებით და ლოცვით ისე არ ვართ დაკავებულნი, როგორც საჭიროა. გულმოდგინედ რომ გველოცა, ამდენ ვნებასა და უძლურებას ჩვენი დაპყრობის უფლებას არ მივცემდით.
ვხედავთ, რომ ერისკაცებიც, ვინც გულმოდგინედ ლოცულობდნენ, განიწმინდნენ. გრიგოლ პალამას მამა სამეფო კარზე იმყოფებოდა, ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკეს მმართველობის საბჭოს წევრი იყო. იმდენი საქმის, საზრუნავისა და საფიქრალის მიუხედავად, ის ლოცვისა და მისგან მიღებული სარგებლის და წარმატების გარეშე არ დარჩენილა. ეს ცხადყოფს, რომ ადამიანი სადაც არ უნდა მოხვდეს, სადაც არ უნდა იყოს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, როცა ამ სასწაულთმოქმედი ლოცვით აღიჭურვება, ღვთის მადლს მოიპოვებს.
წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი კი წმინდა მთის უდაბურ და მყუდრო ადგილებში დადიოდა, ლოცვა რომ გაეძლიერებინა. როცა მამებმა ჰკითხეს: „რატომ დადიხარ, მამაო, უკაცრიელ ადგილებში, რატომ გაურბიხარ ადამიანებს და არ ეკარები მათ?“ მან უპასუხა: „უკაცრიელ ადგილებში იმ მიზნით დავხეტიალობ, ლოცვას რომ შევმატო.
გამოცდილებამ ასწავლა, რომ შესაბამისი სიმყუდროვის გარეშე ლოცვა ვერ მიიღებს იმ უფრო დიდ და უხვ, უცილობელ სხვადასხვა ნიჭს, რომლებიც მისგან მომდინარეობს.
ერშიც და მთების სიმყუდროვეშიც ლოცვით ბევრის მიღწევა შეიძლება.
ჩვენ, ვინც ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში ვცხოვრობთ, გვმართებს, რომ ვილოცოთ და სათნოება საქმით აღვასრულოთ: მორჩილებით, საკუთარი ნების მოკვეთით, ურთიერთსიყვარულით, ურთიერთშემწყნარებლობით, გულისსიტყვების დაუფარავად აღიარებით, უხუცესთა სულიერი მორჩილებით, მორჩილების საქმის დროს მუდმივი ლოცვით. როცა ამ ყველაფერს შევასრულებთ, ღვთის მადლი მოგვიხილავს ჩვენი განზრახვის, სარწმუნოების, უხუცესთა მიმართ რწმენისა და მორჩილების, საქმით აღსრულებული სათნოების შესაბამისად.
ჩვენც შეგვიძლია აქ, ერთ ჭერქვეშ, ერთი მწყემსის წინამძღოლობით მადლის საკმარის საზომს მივაღწიოთ, რადგან ღმერთი მიკერძოებული არ არის. წმინდა გულითა და სუფთა სინდისით მისი მცნებების აღმსრულებლებს აჯილდოებს, ანუგეშებს და ცხონების იმედს აძლევს.
თავის იძულების გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მუდმივად ვაიძულოთ თავი. როგორც დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, მთავარია, განუწყვეტლივ გულმოდგინედ ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. დილით, გაღვიძებისთანავე ლოცვა ვთქვათ, შემდეგ კი ქრისტეს სახელით ვიშრომოთ. ასე ლოცვით მოვიკვეთთ უქმადმეტყველებას, მრავლისმეტყველებას, განკითხვას, მრისხანებას, დრტვინვას და თითოეული საკუთარ თავში სიმშვიდეს ვიპოვით.
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი, საწყალობელი და მცონარე? თავისბრალობით და სიმდაბლით მაინც მოვიპოვოთ კვლავ ლოცვისთვის თავის იძულების უნარი, რადგან სიმდაბლესა და თავისბრალობას ღვთის მადლი მოაქვს. მადლი კი, თავის მხრივ, გულმოდგინებას გვანიჭებს და ლოცვა გვიადვილდება.
როგორც ამ სიტყვის დასაწყისში ვთქვით, მღვიძარე მამებისადმი მუდმივი მადლიერება გვმართებს. მათდამი მოწიწება ვიქონიოთ, გვიყვარდეს და ვადიდებდეთ მათ. ვთხოვოთ კურთხევა, ღვთის წინაშე მეოხება და ვევედროთ, ჩვენც გამოგვიგზავნონ პატარა საჩუქარი – ლოცვის მცირედი კურთხევა.
თემა: იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
რწმენის, იმედისა და მოთმინების შესახებ
„ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ“ (იოან. 14, 27). გწამდეთ ღვთისა, შვილებო, არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე მეტად რომ გამოვიცადოთ; განსაცდელს ღვთის შეწევნაც ახლავს.
ჩვენი ქრისტე გვეუბნება, თუკი მე მომიძულეს, თქვენც მოგიძულებენ; თუკი მე მდევნეს, დამგმეს და მწყევლეს, თქვენც გდევნიან, დაგგმობენ და დაგწყევლიან. ასე იმიტომ მოიქცევიან, რომ არ იცნობენ ღმერთს და „არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34).
ჩვენ, შვილებო, ვიცით ღმერთი და ვინაიდან ის გვიყვარს და ღვთისანი ვართ, სოფელს ვძულვართ, რადგან სოფელი არ ეთანხმება უფალს!
მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.
ეშმაკმა ქარიშხალი აღძრა, მაგრამ ის ჩაცხრება, რადგან ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისი ღვთაებრივი ნების გარეშე კი შეუძლებელია რაიმე მოხდეს.
ღმერთი არის ჩვენთან, რომელთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე მეფობს ჩვენში და არ გვეშინია. შესაძლოა, განსაცდელში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ახლოსაა ჩვენი მხსნელი, რომელმაც თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16, 33). შესაბამისად, ჩვენც ვძლევთ, თუნდაც ამჟამად ზღვა სახიფათოდ იყოს აზვირთებული.
ნურავისი შეგეშინდებათ, მხოლოდ ღვთისა გეშინოდეთ, რომელსაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს, თუ არ გავფრთხილდებით.
ასე რომ, „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 5, 10). ნუ დაგავიწყდებათ, რა დაითმინეს პირველმა ქრისტიანებმა ქრისტეს სარწმუნოების შესანარჩუნებლად: დევნილები და შეჭირვებულები კატაკომბებში იმალებოდნენ. ჩვენც ნეტარნი ვართ, რომ ღვთის თაყვანისცემისა და უბიწოების დაცვის სურვილისთვის ვიდევნებით!
ბევრს გადავიტანთ, ბოლოს კი ძლევა ჯვარცმულ იესოს მიენიჭება; ჯვარია ჩვენი სახელოვანი დროშა. მაშ, ნუ გეშინიათ, ჩვენთან არს ღმერთი.
2. მიენდე ღმერთს, რომელიც ყველა ქმნილებაზე ზრუნავს. თუკი ღვთის ნების გარეშე ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება, როგორ არ იზრუნებს უფალი ადამიანზე, თავის მადლისმიერ ძეზე, ქრისტიანზე? მაგრამ ეშმაკი, რომელმაც იცის შენი უძლურება, განგცდის, რომ გტანჯოს.
როდესაც სასოებას უფალზე ვამყარებთ, საძირკველი კლდეზეა დაშენებული, ამიტომ ქარი და ღვართქაფი ვერ წაგვლეკავს. მაგრამ როცა საკუთარი მცდელობის იმედი გვაქვს, საძირკველი ქვიშაზე დგას და ადვილად ვეცემით.
ნუ დარდობ, ყველაფერი გაივლის. ასეა დასახული ცხონებულთა გზა – ჭირითა და მწუხარებით.
3. რატომ ხარ დაღონებული და დარდით დატანჯული? მწუხარების სულს საკუთარი თავის გამხნევებით და ნუგეშით უნდა დაუპირისპირდე, რომ ეშმაკის მიერ მოწოდებულ სასოწარკვეთილების აზრებს სძლიო. თუ ყურს დაუგდებ, რასაც მწუხარების ბოროტი სული შთაგაგონებს, იმედის სიხარულს ვერასოდეს იხილავ.
ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს დასარიგებლად დაიწერა, რომ ამის მეშვეობით მაცდუნებელ და დამღუპველ ურჩხულს შევებრძოლოთ.
მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები შვილი რომ დაინახა, მიეგება, გულში ჩაიკრა და ეამბორა, არ შეეზიზღა მისი უწმინდურობა, გარეგანი და შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. ვინ შეძლებს აღწეროს მამის განცდა საყვარელ შვილთან შეხვედრისას, როცა თავისი ძე მკვდარი და დაკარგული ეგონა, ის კი ცოცხალი და მონანული იხილა? ეს სიხარულის განცდა საქმემ აჩვენა: მამამ შვილი მაშინვე უწინდელ მდგომარეობამდე აღამაღლა – ძეობა და მემკვიდრეობა დაუბრუნა.
ვისთვის მეტყველებდა უფლის სათაყვანო ბაგეები? განა ჩვენ არ გვანუგეშა, რომ უიმედობის ქარიშხალი როცა შეგვარყევს, ჩვენი ხომალდი ზეციერი მამისადმი სასოების, მისი მოწყალებისა და სიყვარულის ღუზას მივაბათ?
უფალმა დედამიწაზე დააარსა ეკლესია – თავისი სასძლო, რომ იგი ღვთის შვილებისთვის ევედროს ღმერთს. ჩვენს განსაწმენდად, წმინდასაყოფად და უფალთან შესაერთებლად საღვთო ევქარისტიის დიდი საიდუმლო დაგვიტოვა. თუკი ძველ აღთქმაში ცოდვილებს ზვარაკთა და ვაცთა სისხლი განწმენდდა, მით უმეტეს ქრისტეს სისხლი – ყოველგვარ ცოდვას ჩამოგვბანს! „რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთა, და ნაცარი იგი დიაკეულთა, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმენდდა მსგავსად ხორცთა მათ განწმენდისათა, რავდენ უფრო ს სისხლმან ქრისტესმან, რომელმანიგი სულითა საუკუნოდ თავი თვისი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!" (ებრ. 9, 13, 14)
ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ მოსწონს, როცა ადამიანი სულიერად ხარობს, მის გასამწარებლად და მოსაწამლად ყველა ღონეს ხმარობს. ეს არის მისი სიხარული და მონაგები. მაგრამ ჩვენ სულიერი საშუალებებით უნდა ვეცადოთ თავი გავიმხნევოთ, ვინუგეშოთ და შევეწინააღმდეგოთ ეშმაკის მრავალგვარ მანქანებას.
ღვთის მსასოებელი ვინ დარჩენილა შერცხვენილი? ან სასოწარკვეთილი ვინ ცხონებულა? ეშმაკს სასოების მქონე ადამიანის ეშინია, რადგან გამოცდილებით იცის, როგორი მრავალმოწყალე ღმერთი გვყავს. თუკი საკუთარი მამის მოიმედე შვილი მცდარი გზით არასოდეს ივლის, მით უმეტეს ის, ვინც მამათა მამაზე სასოებს, რომლის სიყვარულიც, როგორც ზეცა უფსკრულს, ისეა სხვა სიყვარულს დაშორებული და მას ვერასოდეს შეედრება!
ადამიანმა ათასჯერაც რომ შესცოდოს მომაკვდინებლად, თუ მთელი ძალით აიძულებს თავს სინანულისთვის, ვინაიდან სასოებს, არასოდეს დარჩება შერცხვენილი.
ვისთვის ევნო ქრისტე? განა ურჩხულის მიერ მოწყლული ჩვენი სულებისთვის არ ევნო? „რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მოჰხედნის გუელსა რვალისასა და ცხოვნდის" (რიცხვ. 21, 9)
მდაბალო სულო, შენც ჩვენი ზეციერი მამის უტკბეს ნაწლევთა იმედი გქონდეს, რადგან უფალს არასოდეს განუგდია და მოუძულებია ვინმე. ყველას იღებს, მისი მოწყალების უსასრულო სივრცე კი არასოდეს ივსება; პირველსაც სწყალობს და უკანასკნელსაც არ გამოარჩევს სხვებისგან, არამედ დიდი სახიერების გამო ყველას თანაბრად იწყნარებს.
რაც უფრო ცოდვილია მონანული ადამიანი, მით მეტი პატივი მიეგება ღვთის მოწყალებას.
„...დიდება მოწყალებასა შენსა, დიდება გარდამოსვლასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე“.
4. ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხვევა!
დაე, ის დანთქას მწუხარებამ, ვისაც ღვთის განგების არ სჯერა და ეს, რა თქმა უნდა, მართებული იქნება. ხოლო ჩვენთვის, ვისაც გვწამს, რომ ღმერთი ყველგანაა და არ არსებობს ქმნილება, რომელზეც ის არ ზრუნავდეს, გაუმართლებელია ზომაზე მეტად წუხილი, ამით ვამჟღავნებთ, რომ სარწმუნოება და ღვთივგანათლება გვაკლია. „ნეტარია უფლის მსასოებელი ადამიანი, რადგან როგორც ლომს, არავისი ეშინია“ (იგავ. 28, 1). თუ ღმერთი განსაცდელს უშვებს, იყოს, უფალო, ნება შენი. „ვინ ცნა გონებად უფლისა ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34) ვის შეუძლია გამოიძიოს ღვთის განგებულება?! „უკუეთუ არა...იქმნეთ ვითარცა ყრმანი [რწმენითა და უმანკოებით], ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
5. საშინელი ქარიშხალი ამოვარდა ტიბერიის ზღვაზე. სახიფათო ქარი იესოსა და მისი მოწაფეების პატარა ნავს ჩაძირვით ემუქრება. მოწაფეები შიშისგან თავზარდაცემულები არიან. სიცოცხლისა და სიკვდილის უფლის გარდა ყველას ღვიძავს. „აღსდეგ, უფალო, – ყვირიან სასოწარკვეთილები – წარვწყმდებით“ (ლუკ. 8, 24).
მაშინ აღიმართება ის, ვისაც ყველაფერი ხელთ უპყრია, შერისხავს ზღვასა და ქარს და დიდი დაყუდება ისადგურებს.
დაე, ჩვენც ვირწმუნოთ იესოს ძალა, მაშინ განსაცდელი იარაღს დაყრის და დიდი მყუდროება დაისადგურებს.
ვისი სიყვარულისთვის იტანჯებით? თავი საფრთხეში ჩაიგდეთ თქვენი დების გამო – ვისი სიყვარულისთვის? სიყვარულის გამო ვისი მცნების აღმასრულებლები გახდით? მიპასუხებთ: „ჩვენი ქრისტეს სიყვარულისთვის, ვისზეც იმედს ვამყარებთ, რომ მისი ძალით ყველაფერს კეთილი დასასრული ექნება“.
კარგი, ძალიან კარგი. რადგან ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ჩვენი ცოდვების გამო.
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირსები, უფალმა ღვთის განგების იარაღად გაქციათ იმ რჩეული სულების ხსნისთვის, რომლებისთვისაც ქრისტე მოკვდა.
ღვთის გულისთვის, ნუ დამწუხრდებით! ნუ მოინდომებთ იმ სასყიდლის დაკარგვას, რომელიც ზეცაში აურაცხელი იქნება.
საღვთო სიტყვის ქადაგება შედარებით მცირე სათნოებაა, უფლისთვის თავის გაწირვა კი – სრული სიყვარულია. ეს იგივეა, რომ სული დადო მოყვასის სიყვარულისთვის.
რა თქმა უნდა, რთული და სახიფათოა ამ სათნოების მოპოვება. მაგრამ განა შეიძლება მაღალ წოდებას შრომისა და ჯაფის გარეშე მიაღწიო? ნუ დავივიწყებთ ღვთაებრივი ჯვარცმის მნიშვნელობას – ჩვენც მოვალე ვართ პატარა მხსნელებად ვიქცეთ, როცა, ღვთის ნებით, ამის დრო დადგება.
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოან. 15, 20), თუკი მე განმიკითხეს და ცილი დამწამეს, თქვენც ასევე მოგექცევიან. და როცა ყოველივე ამას დაითმენთ ჩემი სახელის გამო, „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12).
დავინახოთ, რომ ღმერთი ჩვენი მამაა. დაე, განვისვენოთ მისი საიმედო მკლავების სითბოში მოქცეულებმა. მან იცის, როგორ მოაგვაროს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ.
როგორც ადამიანებს (მე პირველს), თავიდან გვეშინია, რომ ჩვენი ადამიანური უძლურება გამოჩნდება. მაგრამ შემდეგ კეთილი კვირინელი – ღვთის მადლი – მოდის, ჩვენს ჯვარს ტვირთულობს და გოლგოთაზე უფრო ადვილად ავდივართ.
განა ქრისტეს არ შეეშინდა გეთსამანიაში? რას ნიშნავდა წმინდა ოფლის წვეთები? ეს ხომ ადამიანურ უძლურებას ახასიათებს. მაგრამ შემდეგ როგორც ღმერთმა, მშვიდმა და წყნარმა, როგორც უმანკო კრავმა, სიცოცხლე გასწირა უმადური ადამიანისთვის.
6. ყველაფერი მოვითმინოთ, რომ ყოველთა ღმერთი მოვიპოვოთ. როცა ჭირს ვითმენთ, მაშინვე მომავალი სიკეთე განემზადება ჩვენთვის. როცა ამქვეყნიურ სიხარულს ვიკლებთ, უეჭველია, ჩვენს უკვდავ სულებში ღვთის სიხარულს დავიუნჯებთ. შეუძლებელია, აქ მოკლებული სიკეთის სანაცვლოდ მარადიული სიკეთით არ დავტკბეთ!
დაე, ცოტა რამ გავცეთ დედამიწაზე, რომ ღვთის წყალობათა ხელშეუხებელი ბანკიდან აქ გაცემული იქ პროცენტით მივიღოთ.
სათნოებათა თესლი ვთესოთ, რომ კეთილსურნელოვანი ყვავილებით შემკული საუკუნო დიდების გვირგვინით დავიმშვენოთ თავი.
7. არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვნებები და უძლურება გვებრძვის, არამედ ღმერთს ვევედროთ, მოგვცეს მოთმინება – როგორც სულის, ისე სხეულის ჭრილობების ეს საუკეთესო ბალზამი. მოთმინება გამორჩეული ბრილიანტია, რომელიც ამშვენებს ქრისტიანს და ჩვენი ცხონების ძნელად სავალ გზას გვიმსუბუქებს.
მოთმინება სულის სიმამაცე, საყრდენი და ღრმა ფესვია, რომელსაც მყარად უჭირავს ხე, როცა მას ქარი არხევს და ნიაღვარი აწყდება.
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგება და უჩინარდება.
8. მადლობა შესწირე ღმერთს, რომელსაც, როგორც ვხედავ, ძალიან უყვარხარ. რომ არ უყვარდე, ისე არ იქნებოდი, როგორც ახლა ხარ. შენ დაღუპული გგონია თავი, მე კი ვხედავ, რომ სულიერად ძალიან კარგად ხარ. ოღონდ სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები; იმედს ნუ გადაიწურავ. იმედის მქონე არასოდეს შერცხვება.
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს უკლავს, ზეიმობს, რადგან მისი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა (ლუკ. 15, 19-24).
ცოდვილის უიმედობა სრულიად გაუმართლებელია. განა შესაძლებელია, რომ ოდესმე ერთმა მუჭა ქვიშამ ზღვა დაფაროს?
9. უაღრესად ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის ცოცხალი სასოება აქვს და უფლისადმი რწმენას, ნდობას, დიდებასა და პატივს გამოხატავს. მაშინ ღმერთი თავს ვალდებულად თვლის, რომ იზრუნოს მასზე და სრულდება წმინდა სახარების სიტყვები: „სარწმუნოებისა შენისაებრ გეყავნ შენ“ (მათ. 9, 29).
მაგრამ, საუბედუროდ, დროდადრო თავს გვატყდება განსაცდელები, რომლებიც თავბრუს გვახვევს და ტკბილი იმედის ნათელი მზე უკუნი სიბნელით იფარება. მაშინ გზაკვალი გვერევა და ბოლოს ისე ვფიქრობთ და ვმოქმედებთ, ჩვენს ქრისტიანულ მოწოდებას რომ არ შეეფერება. მაგრამ ღვთის სახიერებამ, რომელმაც იცის, რომ კაცის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი და ადამიანებს ქრისტიანული სრულყოფილების სიმაღლეზე დარჩენა არ შეუძლიათ, დიდებული და უსასრულო სინანულიც მოგვმადლა.
10. მოთმინება იქონიეთ, შვილებო. ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, განსაცდელების სიმძიმისგან მუხლი ნუ მოგეკვეთებათ, რადგან ჩვენი სახიერი ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს.
რატომ აძლევთ საშუალებას სატანას, რომ უფრო მეტად შეგებრძოლოთ? გწამდეთ ღვთისა და რასაც დაუშვებს, ჩვენს სასიკეთოდ იქნება. განა ჩვენ მასზე უკეთ ვიცით?
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის მადლი არ ეწვია? თქვენი თავდადება რომ არა, ის ქრისტეს მხედრობაში იქნებოდა? განა უფალი ჩვენთვის არ შეიწირა მსხვერპლად? დიახ! ქრისტე ჯვარზე რომ არ ასულიყო სიკვდილისთვის, დღეს არ ვიქნებოდით ის, რაც ღვთის მადლით ვართ.
ამიტომ ყველაფერი, რაც ძალიან კარგი და სულიერად ამაღლებულია, სისხლით შეიძინება. დიახ, მაგრამ სასყიდელი ძალიან დიდია, განუზომელია და დიდებაც – ანგელოზთასწორი!
მთელი არსებით მესმის თქვენი, ამიტომ მეც ვიტანჯები. განსაცდელის დროს ადამიანი ყველაფერს ივიწყებს და იქამდე მიდის, მშვიდობის დროს რომ არ ისურვებდა ყოფნას.
11. ზოგადად თქვენი გულისსიტყვები კაცობრივია. ყოვლადძლიერი ღვთის რწმენით იწინამძღვრეთ და ყველაფერს ქარი გაფანტავს. „თმაი თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს“ (ლუკ. 21, 18). „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13, 8).
გაიხსენეთ წმინდანთა განსაცდელები და მშვიდად იყავით. ნუ დამწუხრდებით, რადგან ვნების ეშმაკი მაცდუნებელ და გამაღიზიანებელ სურათებს იმისთვის გვიხატავს, რომ მახინჯი და სახიფათო წინასწარგანწყობა გამოიწვიოს. სიკვდილის ჟამის იდუმალებაზე ფიქრს კი სიმშვიდე მოაქვს.
ილოცეთ, შვილებო, და ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი ღვთისმშობელი ძლევას ისევ ჩვენ მოგვანიჭებს. იფიქრეთ დის ძვირფას სულზე, გააცნობიერეთ მისი განუზომელი ღირებულება, რადგან ქრისტე მისთვისაც მოკვდა.
12. ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ჩვენი სულების ცხონებისთვის.
გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი სათნოება ისე ვერ განწმენდს ადამიანს ამპარტავნებისა და სიdვის ვნებისგან, როგორც მოთმინებითა და დუმილით ატანილი შეურაცხყოფა და უგულებელყოფა.
13. მივიღე შენი სევდიანი წერილი. ყურადღებით წავიკითხე, ჩემი სული ტკივილით აღივსო, ვტიროდი, ცრემლითა და გლოვით ვილოცე შენთვის. მოითმინე, შვილო, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ძალიან უყვარხარ. ალბათ, კარგად რომ ყოფილიყავი, ყურადღებით არ მოეპყრობოდი შენს თავს. ახლა კი, სნეულების დროს ღმერთმა ამდენი სიმდაბლე, თავისბრალობა და მოთმინება მოგმადლა და ეს სათნოა მისთვის.
ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და შეზღუდულობის გამო.
მოითმინე, შვილო, ღმერთმა, რომელმაც ეს სნეულება მოგცა, იცის, რომ ამაში დიდი სარგებელია დაფარული.
ყველა ბოროტებაში სიკეთის მარცვალი იმალება. ამიტომ მოითმინე და მოწამეობად ჩაგეთვლება.
იფიქრე, რომ ვინც სამოთხეში, ღვთის სასუფეველში შევიდა, მოწამეობრივი ცხოვრება გაიარა: ზოგმა ავადმყოფობით, ზოგმა – შრომით, ზოგმა – ტკივილითა და დევნით.
თითოეული ჩვენგანი თავისი ძალების შესაბამის ჯვარს ტვირთულობს, რომ მივემსგავსოთ ქრისტეს, რომელმაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ჩვენთვის ჯვარი იტვირთა. ასე რომ, მხოლოდ მაშინ ვიდიდებით ქრისტესთან ერთად, თუ მასთან ერთად ვევნებით.
14. ხსნის იმედს ნურასოდეს დაკარგავ, გოდებით მოუხმე უფალს და იტირე. ღმერთი არასოდეს უგულებელყოფს ცხონების მსურველ და მონანულ სულს, როგორც არ უნდა დაშავდეს ის ბრძოლისას.
ღმერთმა იცის ჩვენი ბუნების უძლურება. თიხა წყლის ძალას როგორ გაუძლებს, თუ ღმერთმა სულიწმიდის მადლით არ გამოწვა იგი? ღმერთმა, როგორც შეუმცდარმა თვალმა, იცის, რომ თუ ხელს გაგვიშვებს, დავეცემით და დავიღუპებით. ამიტომ არ უშვებს ისე გამოვიცადოთ, როგორც ეს ეშმაკს სურს. ღმერთმა რომ დაგვტოვოს, ბოროტი ყველას ერთად ჯოჯოხეთში ჩაგვყრიდა; მაგრამ სახიერი ღმერთი მას ხელს უშლის და იმდენის უფლებას აძლევს, რამდენის ტვირთვაც შეუძლია თითოეულ სულს.
ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს.
დიდი ბოროტებაა, როცა მეომარი ბრძოლაში სიმხნევეს კარგავს, რადგან მტერი მაშინვე გაშმაგებით ესხმის თავს, რომ დაამარცხოს. ამიტომ, შვილო, გამხნევდი და იმედს ნუ დაკარგავ, თქვი: „მირჩევნია ღვთის სადიდებლად ბრძოლაში მოვკვდე, ვიდრე ეშმაკთან ბრძოლა მივატოვო და ამით ღმერთი დავამწუხრო“.
15. შვილო, მოთმინება უნდა ვიქონიოთ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაუღალავად ვითხოვოთ ღვთის მოწყალება. რატომ ეწოდა ქანანელ დედაკაცს ნეტარი? „არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე“ (მათ. 8, 10), სარწმუნოებისა და იესოს მიმართ გულმოდგინე თხოვნის გამო: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“ (მათ. 15, 22).
იესომ ის განდევნა, ყურადღება არ მიაქცია, დედაკაცი კი არ დუმდებოდა, ყვიროდა, სანამ თავი არ შეაწყინა ქრისტეს, რომელიც, ალბათ, გამოცდიდა მას, ბოლოს კი შეუსრულა თხოვნა.
16. ყველაფერი ისე მოითმინე, შვილო, როგორც ქრისტესთვის გაყიდულმა მონამ, რომელსაც კიცხავენ, უდიერად ეპყრობიან, არაფრად აგდებენ და როგორ აღარ ამცირებენ, ის კი ყველაფერს ითმენს, რადგან თავისუფლება არ აქვს. შენც ასე იფიქრე საკუთარ თავზე, შვილო. იესოს სახელოვანი მონობისთვის ყველაფერი უნდა აიტანო, რომ ქრისტემ ზეციურ იერუსალიმში საუკუნო თავისუფლება მოგანიჭოს.
17. შვილო, იტვირთე ძმები. ვიცი მათი სიმძიმე; ჩემი თვალისგან დაფარული არ არის, რასაც ითმენ. მაგრამ ვისთვის ითმენ ყველაფერს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთვის. განა ის ამის ღირსი არ არის? რომელი კეთილი საქმე, ან სათნოება შეიძლება გაუტოლდეს ღვთის სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელსაც ჩვენდამი ავლენს? ჩვენ ვითმენთ, თუ ქრისტე განგვამტკიცებს უხილავად? ქრისტე შეგვეწევა. ასე რომ არ იყოს, ვინ შეძლებდა სულების ამხელა სიმძიმის ტვირთვას იმ დროს, როცა საკუთარი თავიც ვერ გვიტვირთავს? ერთადერთი, რაც უნდა შევძლოთ, არის ლოცვა, რომ ღმერთმა მოგვცეს მოთმინება, რათა ჩვენი მოვალეობის შესაბამისად ვიტვირთოთ მათი უძლურებები, ვის გამოც პასუხისმგებლობას ვატარებთ.
თითოეულ ჩვენგანს თავისი ძალის შესაბამისი ტვირთი აქვს, ღმერთი კი ხედავს ჩვენს უმწეობას და შეგვეწევა.
ნუ დრტვინავ, ნუ ჩაიმუხლავ, შვილო. სარბიელზე გამოსვლის დროა. გაიქეცი ზეციური მოწოდების ჯილდოს მოსაპოვებლად. ნუ გეშინია, ქრისტე, რომლის სიყვარულისთვისაც თავსიდე ღვაწლი, უხილავად შენ გვერდით იმყოფება.
18. გისურვებ, უფალმა მოგცეს მოთმინება, განათლება, გულისხმისყოფა და ჯანმრთელობა, რომ სიბრძნითა და სიმშვიდით შეძლო ძმობის ხომალდის მართვა. შფოთი არასოდეს შეწყდება, რადგან არსებობს ეშმაკი, რომელიც მუდმივად თავს გვესხმის თავისი ბოროტებით. უდრტვინველად მოვითმინოთ ძმების უძლურებები და შინაგანად დავიმდაბლოთ თავი, მაგრამ კრებულის მართვის საკითხში წინამძღოლის ადგილი შევინარჩუნოთ.
მოთმინება იქონიე, შვილო. თითოეული ადამიანი შრომის მიხედვით მოიმკის. ღვთისთვის ვიშრომოთ. ვინც ღვთისგან სასყიდელს ველით, არ უნდა მივეცეთ მწუხარებას და სასოწარკვეთილებას.
19. ყველაფერი რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომ. 14, 23). როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს ჩვენი ჩაძირვის ძალა ჰქონდეს, ჩვენ უფალზე დავამყაროთ იმედი და მაშინ ტალღები საპნის ბუშტებივით შეენარცხება იესოს მიმართ სასოებისა და სიყვარულის კლდეს.
სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს. თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით ავავსოთ და უფალს მღვიძარე, კეთილი საქმეების ზეთით სავსე დავხვდეთ, რათა საუკუნო სიხარულისა და მხიარულების ღვთაებრივ სასძლოში შევიდეთ.
ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამისთვის დიდი გულმოდგინება, თავის იძულება, სარწმუნოება, იმედი, შეუპოვრობა, მოთმინება და დროა საჭირო.
20. ქრისტეს იმედი გქონდეს და ეშმაკების მუქარის ნუ შეგეშინდება, არამედ უფლის მახლობლად მკვიდრობდე და თქვი: „ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხედ ზღუდეთა“ (2 მეფ. 22, 30), ესე იგი, ეშმაკთა დაბრკოლებებს ჩემი ღვთის ძალით ვძლევ.
ეცადე კარგად დაიწყო, მაშინ დასასრულიც წარმატებული გექნება. როგორც დაიწყებ, ისე განაგრძობ სვლას.
ნუ უგულებელყოფ შენს მცირე ნაკლს, ნუ იტყვი: „ეს არაფერია“. არა. მცირე დიდი გახდება და მისგან სხვა ბოროტებაც იშვება. ის, ვინც მცირეზე არ იზრუნებს, დიდ ცოდვაში ჩავარდება.
21. ნურაფერზე დამწუხრდები გარდა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში მოუთმენლობას იჩენ, რითაც კარგავ საუკუნო სასყიდელს და ლოცვაში კადნიერებას ღვთის წინაშე. ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ.
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.
22. შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამოეკიდები, რადგან მუდმივად გულდამძიმებული შენს ჯანმრთელობას ავნებ და უარესი იქნება. ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ ანცობას, უფრო მეტი ილოცე და ლოცვა სასწაულს მოახდენს. მაშინ ისინი სასწაულებრივად, ძალისხმევის გარეშე გახდებიან მშვიდი და წყნარი ბავშვები. ბავშვობაში ბევრი ყოფილა ძალიან ცელქი, შემდეგ კი ყველაფრით გასაოცარი ადამიანები დადგნენ. ცელქი ბავშვები, ჩვეულებრივ, გონიერებიც არიან და ხვალ-ზეგ შენი ამაგი, შესაძლოა, ასწილად დაგიფასდეს.
შვილო, სიმხნევეს ნუ დაკარგავ. სანამ ამ ამაო სოფელში ვცხოვრობ, იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, ყველა გასაჭირში დაგეხმარები. ვიცი, რომ პასუხისმგებლობა მუდმივ ტვირთად მაწვება, ჩემი თავისუფალი დრო კი მცირდება, მაგრამ შევეცდები, რამდენადაც ძალა შემწევს, შეგეწიო.
23. გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს იმ ცხოვრებისკენ, სადაც არ არის ტკივილი, ეკლითა და კუროსთავითაა მოფენილი. ვისაც ამ გზის გავლა სურს, ხშირად სისხლი სდის, სტკივა; ხშირად სასოწარკვეთილებაც მოიცავს. მაგრამ მისდამი სასოება, ვინც ეუბნება: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5), და პავლე მოციქულის სიტყვები: „რომელ ჭირს შეუძლია ჩვენი ქრისტეს სიყვარულისგან განშორება?" (რომ. 8, 35) – მის გულს განამტკიცებს, რომ ბოლომდე დაითმინოს.
როცა ადამიანს სურს ზღვა გადაცუროს და მოპირდაპირე ნაპირს მიაღწიოს, სადაც ხსნა ელის, კარგად დაფიქრდება, ძალებს აწონ-დაწონის და როცა მიხვდება, რომ ამის უნარი შესწევს, ზღვაში გადაეშვება და გაცურავს. რაც უფრო წინ მიიწევს, მეტ დაღლას გრძნობს და ტალღებიც უფრო გაშმაგებული ეჩვენება, ვიდრე თავიდან. გულში ნელ-ნელა შიში ეპარება, რაც კიდევ უფრო აცლის ფიზიკურ და სულიერ ძალებს. თუ შიშს განაგდებს და იფიქრებს, რომ გამოსავალი ერთია: მთელი არსებით ეცადოს ზღვის გადაცურვას, რადგან შიშის გამო შეიძლება დაიხრჩოს, მაშინ ასეთი თავის გამხნევებით ადამიანი ნაპირსაც მიაღწევს და გადარჩება კიდეც.
ხოლო თუ ორნი მიცურავენ, ერთ-ერთს კი შეეშინდება და იძირება, მეორე მას ამხნევებს, დაუძლურებულ გულისსიტყვას განუმტკიცებს, იმ საფრთხეზე მიუთითებს, რაც სიმხდალემ შეიძლება მოუტანოს, ხელსაც შეაშველებს და ასე ადამიანი გადარჩება. „ძმა, ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი“ (იგავ. 18, 19).
24. მონაზონს, ისევე როგორც მეომარს, უიმედობა არ შეჰფერის. რამ უნდა მისცეს ძალა, რომ იარაღი ატაროს და ღამის დამქანცველი სამხედრო გადაადგილებები, თუ თავდასხმები განახორციელოს გამარჯვების მოსაპოვებლად?
ასევეა გონიერი მტრის წინააღმდეგ მებრძოლი მონაზონიც – ქრისტეს სულიერი მხედარი. იგი თავის სულიერ მიზანს მხოლოდ გამამხნევებელი იმედითა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მიაღწევს.
25. ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და ქარიშხალი დაცხრება. სასოწარკვეთილება ნუ მოგიცავთ; ღვთისა და ღვთისმშობლის იმედი გქონდეთ. უფალი არასოდეს, არასოდეს მიატოვებს იმ დამაშვრალ სულებს, რომლებიც ცხონებას ეძებენ. ეშმაკი გაშმაგდა, რადგან გეგმები ჩაუშალეს – რამდენის გაკეთება ჰქონდა მიზნად დასახული. დიდება შენდა, ღმერთო, ყველაფრისთვის. იტვირთეთ, შვილებო, ჯვარი; ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცვით და მალე ბრწყინვალე აღდგომა მოვა. ახლა რამდენადაც გიჭირთ, მით მეტად იგრძნობთ თავისუფლების სიხარულს. ასეა დასახული ქრისტიანთა ცხოვრება: ჭირითა და მწუხარებით. ვისაც სურს, თავისი ცხოვრებით ღვთის მიმდევარი იყოს, მრავალ სატანჯველს გაივლის.
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
მხოლოდ ილოცეთ და დამშვიდდით. მიენდეთ ღვთის განგებულებას. ყველა ტანჯვას კეთილი დასასრული ექნება. ჩემი მოძღვარი დიდი განსაცდელების დროს ჭვრეტად აღიტაცებოდა!
თემა: რწმენა, მოთმინება, იმედი, სასოებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
თავის იძულების, სიმამაცისა და თავის უარყოფის შესახებ
გისურვებთ, დიდებული ბრძოლის ის მეომრები გახდეთ, რომელთა გამარჯვებასაც სიხარულით ესალმებიან ანგელოზთა ძალნი; რადგან ერთი გვყავს მეუფე, ერთია მოქალაქეობა ცათა სასუფევლისა და ერთ თვალშეუდგამ ნათელში ვიცხოვრებთ საუკუნო ბედნიერი, დაუსრულებელი, დაუღამებელი ცხოვრებით; ჰოი, ღვთაებრივი დღე! წარმართთა მოციქულმა პავლემ მთელი ხმით შეჰღაღადა: „ვინ განმაშოროს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ... შიშლოებამან“ (რომ. 8, 35). მჯერა, არავის ძალუძს ჩვენი განშორება ქრისტეს სიყვარულისგან, როცა სურვილი შვიდგზის აგზნებული სახმილივით მწველია. დიახ, თქვენც ამას გისურვებთ, რათა იდიდებოდეს ის, ვინც ჩვენთვის თავსიდო ლანძღვა, შეურაცხყოფა, ყვრიმლისცემა და სიკვდილი, ჯვარზე სიკვდილი!
როცა ჭირი და განსაცდელი გექნებათ, ნუ დაკარგავთ იმედს. ნუ ჩათვლით, რომ ჩვენი ცოდვების გამო ღმერთმა მიგვატოვა. ასე არ არის. უფალი გვწვრთნის, რომ სიბრძნეში გავიწაფოთ. მას არ სურს სულელები ვიყოთ. სურს, ღვთაებრივი სიბრძნით განბრძნობილნი გვიხილოს.
თუ არ შეგვებრძოლებიან, როგორ გამოჩნდება, რომ ქრისტეს მხედრები ვართ? მეომარი, შესაძლოა, ომში დაშავდეს, მაგრამ ეს მის დამარცხებას როდი ნიშნავს. და თუნდაც გვძლიონ, ისევ წამოვდგებით და ბრძოლას გავაგრძელებთ.
როცა იესო მოგვიწოდებს და ჩვენც მისდამი წმინდა ერთგულებით ცხოვრებას ავირჩევთ, თავიდან, ცხადია, მისი ყოველი სიტყვის თანმიმდევრულ აღსრულებას ვერ შევძლებთ. ვიცით, ჩვენში სხვა სჯულიც არსებობს, ის წინ აღუდგება საღვთო, ჩვენ მიერ არჩეულ სჯულს და იბრძვის, რომ იესოს სიყვარულს განგვაშოროს. ეს ბრძოლა იმის მანიშნებელი როდია, თითქოს მოწოდების ღირსნი არ ვიყოთ. ჩვენ შიგნით არსებული ცოდვის სჯულის გასანადგურებლად წარმოებული ბრძოლა ქრისტესადმი ჩვენს მგზნებარე სიყვარულს წარმოაჩენს. უბრძოლველად რომ ყოფილიყო შესაძლებელი იესო ქრისტეს სიყვარულის მოპოვება, ჩვენს ნებას ფასი არ ექნებოდა, რადგან ღვთაებრივ სიყვარულს ბრძოლის გარეშე მოვიგებდით.
მაშ ასე, ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!
ჩვენი მიზნის გარშემო ღრუბელი შეიყრება, განადგურებით და გაცამტვერებით დაემუქრება მას; ჭექა-ქუხილი ჩვენს შეშინებას ეცდება, რომ ნირი წაგვიხდეს, მაგრამ გამხნევდით და ნუ შეგეშინდებათ – ცათა სასუფევლის კარს მრავალი ჭირითა და განსაცდელით მივაღწევთ (საქმე. 14, 22).
მოწამეებმა რწმენითა და თავის სრული უარყოფით იღვაწეს, ასე მოიპოვეს აღთქმული სიკეთე და დიდების მარადიული გვირგვინები! ასევე ჩვენც, იესო ქრისტეს რწმენით და თავის სრული უარყოფით შევძლებთ ღვთის მადლით გამარჯვებას.
შინაგანად ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ გადაჭრით ვთქვათ: „სიკვდილიც რომ მემუქრებოდეს, ჩემი მომწოდებელი იესოს რწმენას მცირედაც არ განვეშორები; სიცოცხლეს დავთმობ და ნაბიჯითაც არ დავიხევ უკან“. თუკი შინაგანი სიმხნევე ასეთი იქნება, იმედი გვქონდეს, რომ ღვთის მადლით გამარჯვებას მოვიპოვებთ.
განუწყვეტლივ იმეორეთ იესოს ლოცვა; დაუღალავად იღვაწეთ; იყავით თავშეკავებულნი; ილოცეთ; უბრალო და მოკრძალებული სამოსი ატარეთ; სასულიერო წიგნები იკითხეთ; ღამე ლოცვისთვის ადექით, რომ მხურვალენი იყოთ და კლდეებად იქცეთ. ასე ვმოსაგრეობდი მე საწყალობელიც ერში ყოფნისას: ღამე ფარულად ვდგებოდი და მეტანიებს ვაკეთებდი, ვლოცულობდი და ღვთისმშობელი მე, მდაბალს სასწაულებრივად შემეწია.
2. ვხედავ თქვენს ბრძოლას, ვითვლი გვირგვინებს, მშურს ჯილდოების, გონებით გადავდივარ მომავალ საუკუნეში, სადაც უხორცო არსებები გამარჯვების ჰიმნებს ააჟღერებენ. განცვიფრება მიპყრობს და საკუთარ თავს ვტირი, რადგან არ მიბრძოლია ისე, როგორც თქვენ იბრძვით.
შვილებო, მოწამეებზე იფიქრეთ, თუ რა დაითმინეს ქრისტესთვის! რაც მეტი ადამიანი ეწამებოდა, მით უფრო მრავლდებოდა ქრისტიანთა რიცხვი. ჩვენი ეკლესია მარტვილთა სისხლითაა მორწყული.
ჩვენც მოწამეები ვართ ამ გახრწნილ საზოგადოებაში, რადგან იესო ქრისტესგან მომადლებული უბიწო ცხოვრებით ვამხელთ ღვთის თაყვანისცემისგან განშორებულ ადამიანებს და მათ უზნეობას.
უბიწოდ იცხოვრეთ და უფალს ნუ დაშორდებით, შვილებო. ცილისწამება და ცრუ-ბრალდება დაითმინეთ, რომ ამგვარად მას მიემსგავსოთ. ასე მოექცნენ ჩვენს იესოს მწიგნობრები, ფარისევლები და მღვდელმთავრები - უსამართლოდ ჯვარს აცვეს იგი. ამიტომ, ვისაც სურს უფალს შეუდგეს, იგივე გზა უნდა გაიაროს.
მუხლი მოიყარეთ იესოს წინაშე, სიკვდილამდე მისი ერთგულებისა და სიყვარულის ცრემლი დაღვარეთ. დაე, ტალღები ცას სწვდებოდნენ და უფსკრულში ვარდებოდნენ. თუკი სარწმუნოება გვექნება, იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, საშინელი, ღვთაებრივი წამისყოფით დააყუდებს მათ.
ჭეშმარიტად და შეუორგულებლად გწამდეთ მისი, ვინც თქვა: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28, 20). იესო ჩვენთანაა, ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით ის ჩვენს დასაცავად იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვიტანს.
3. თუ მცონარობა წარმატებულთათვისაც საზიანოა, რამდენად ავნებს იგი გამოუცდელებს! ამიტომ, შვილებო, თავი აიძულეთ, რადგან რაც უფრო ზარმაცობთ საკუთარი ცხონებისთვის ღვაწლში, მით მეტად ცდილობს მტერი ჩვენს წარწყმედას.
ნუ თვლემთ, თუ გსურთ, მტრის მახეებს გადაურჩეთ, რადგან მძინარე ადამიანი სასიკვდილო ჭრილობებს იღებს, ხოლო ის, ვინც ფხიზლადაა, როგორადაც არ უნდა დაშავდეს, მაინც იბრძვის და მტერს საპასუხო დარტყმას აყენებს.
შვილებო, გონებადაფანტულობისა და უდებების გამო ნუ დაკარგავთ იესოს ლოცვას. ნუ დაივიწყებთ: როგორი დასაწყისიც გექნებათ, ისე გააგრძელებთ ბოლომდე. მაშ, შედეგისა გეშინოდეთ და ყურადღებით იზრუნეთ დასაწყისზე, რადგან მოვა დრო და მიხვდებით, რა მნიშვნელოვანია ის, რაზედაც დღეს ასე ხაზგასმით მიგანიშნებთ.
მთავარია, კარგად დაიწყოთ, რადგან „კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია“. ხმამაღლა იმეორეთ იესო ქრისტეს ქვეყნიერების მხსნელი სახელი; არა ისე, რომ მხოლოდ თქვენ გესმოდეთ, არამედ ხეობებმა რომ მოგცენ ხმა. იღვაწეთ, რადგან ასეთები ცხონდებით, ასეთები მოიწევთ საუკუნო ცხოვრების ტკბილ ნაყოფს!
მე ჩემს მოვალეობას აღვასრულებ, რომ ძალისხმევა და გულმოდგინება არ მოვაკლო თქვენი ცხონების საქმეს, რადგან მინდა პირნათელი წარვდგე ღვთის წინაშე; რაც შეეხება ცოდვებს, ეს ჩემი პირადი საქმეა.
თავი აიძულეთ მღვიძარებისთვის, რადგან ის საუკუნო ცხოვრების საწინდარია. ვინც ღამეს ლოცვაში ატარებს, დიდი მადლით დატკბება. ეს იმ შრომის საფასური იქნება, რომელიც საკუთარ ბუნებასთან წინააღმდეგობისას გასწია.
მონაზვნური მოქალაქეობის საქმეთაგან ღამისთევაზე აღმატებული არც ერთი არ არის. ის, ვინც ამ საქმეში უდებია, მადლის ნაცვლად ცოდვას მოიმკის. როგორ წარდგება დაკემსილი კვართით იესო ქრისტეს წინაშე? ენით აღუწერელი იქნება მისი შერცხვენა მაშინ, როცა ძმები ახალ, სპეტაკ კვართებში შემოსილნი გამოცხადდებიან. „რომელსა ძალუძს გულისხმისყოფად, გულისხმაჰყავნ“.
4. საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღეთ, რომ შემდეგ ის საუკუნო სასუფეველში პოვოთ! გულმავიწყობა ნუ დაგეუფლებათ. ეს თქვენი სულის სინოტივეს ბოლომდე გამოაშრობს, ასე გამოიფიტებით და მოკვდებით ღვთისთვის.
ქრისტეს მამაცი მხედრები გახდით. საქმით ნუ უარყოფთ მას. ადიდეთ მისი სახელი. ყოვლადდასაწველ მსხვერპლად იქეცით, რომ უფალმა თქვენი კეთილსურნელება იგრძნოს.
თქვენთვის ვევედრები ღმერთს, თქვენთვის ვტირი, რადგან ჩემი ქრისტესმიერი შვილების სიყვარულისა და მათთვის ტანჯვის გარდა არაფერი ვიცი. თქვენგან კი მხოლოდ ურთიერთსიყვარულს და ერთმანეთის წინაშე დამდაბლებას ვითხოვ.
5. იღვაწე, შვილო, რომ სულმა ნაყოფი გამოიღოს, ვინაიდან თითოეული გაწეული ღვაწლის მიხედვით დაიკავებს ადგილს იესოსთან.
ნუ გეშინია, გავივლით ცეცხლსა და წყალში. ცეცხლში – როცა ჩვენზე მოწეული განსაცდელები თავისი მოქმედებით ცეცხლად გვეჩვენება. ეს სიძულვილის, შურისა და სიძვის უხამსი გულისსიტყვებია. ხოლო წყალს ვამბობ, რადგან უიმედობის, სასოწარკვეთის გულისსიტყვები თითქოს წყალში ძირავენ სულს. ცეცხლისა და წყლის გამოვლის შემდეგ ღმერთი იმ სულიერ განსასვენებელში აგვიყვანს, რომელსაც სამარცხვინო გულისსიტყვებისგან გათავისუფლებით შევიგრძნობთ, მადლის მიერ კი უვნებობას მოგვანიჭებს (ფსალმ. 65, 12).
6. შვილო, იყავი მდუმარე, თავმდაბალი და სიკვდილამდე მორჩილი. მზად იყავი მსხვერპლად შეეწირო საკუთარი ნების მოკვეთას, თუნდაც ეს ნამდვილ მოწამეობად მოგეჩვენოს – სწორედ ამას ნიშნავს თავის უარყოფა.
თუკი ამას დაიცავ, ნუ შეგაშინებს რაიმე ბოროტება ნურც ეშმაკების, ნურც ადამიანების მხრიდან, რადგანაც ღვთის ბრძანებების შემსრულებელს ღმერთი ყოველგვარი ბოროტებისგან იფარავს.
სიტყვა-პასუხში უკმეხი ნუ იქნები; როცა გამხელენ, თქვი: „შემინდე“.
7. ეშმაკი გვაცდუნებს და გვავიწყდება, რომ თავის იძულება გვმართებს, რადგან დღეები გადის, ნელ-ნელა სიკვდილს ვუახლოვდებით და სინანულიც უნუგეშო იქნება.
თავი აიძულეთ, შვილებო, დრო გადის, საკუთარ თავს გაუფრთხილდით. ეშმაკს არ სძინავს, ფხიზლობს და იბრძვის, ეძებს, ვინ შთანთქას. შვილებო, ფრთხილად იყავით, არ დავღუპოთ ჩვენი უკვდავი სულები, რომლებიც უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული.
იფიქრეთ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე, მის წინაშე ყველანი მუხლმოყრილნი წარვდგებით უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში, რომელიც ჩვენს მომავალს საუკუნოდ განსაზღვრავს!
8. ბრძოლის დროს ეშმაკი ძალას არ იშურებს, ისრებს გვესვრის და გვჭრის; ცდილობს, სული დაარწმუნოს, რომ ვნება უკან არ დაიხევს. ასე იმიტომ იქცევა, რომ მებრძოლი მოდუნდეს, ძალა დაკარგოს და დანებდეს.
მაგრამ თუ მებრძოლი მზაკვრობას მიუხვდა, მოითმენს, გამხნევდება და იტყვის: „სიცოცხლე ან სიკვდილი“. უმჯობესია ღვთისთვის სიკვდილი, ვიდრე უდებებითა და სინდისის ქენჯნით სიცოცხლე. და თუ ამგვარი ცოდნითა და სიმამაცით საბრძოლველად მოემზადება, ქვესკნელის ურჩხული, რომელიც თავისი მზაკვრობით მთელ მსოფლიოს შთანთქავს, გარკვეულ დრომდე უკან დაიხევს; არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ ხედავს მებრძოლის საღვთო მოშურნეობას და არ სურს, მას გვირგვინების მოპოვების მიზეზად ექცეს.
9. რატომ ტოვებ, შვილო, შენს „ვენახს შემოუღობავს“? რატომ ტოვებ დაუცველად ნაყოფს, რომელიც ასეთი ბრძოლის ფასად გამოიღე? რატომ დატოვე ძაღლი – სულის მოშურნეობა – მშიერი, მას ხომ ყეფის ძალა აღარ ექნება, მძარცველები და გარეული მხეცები რომ დააფრთხოს? რატომ დაგავიწყდა, რომ ცათა სასუფეველს ის დაიმკვიდრებს, ვინც თავს აიძულებს? არ გიფიქრია, რომ ვინც დაუდევარია და სულზე არ ზრუნავს, მას საუკუნო ცეცხლი ელის? „აღსდექ, რასა გძინავს? აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების აღშფოთება“. გაიღვიძე და თქვი: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი და აღმადგინე შენს მსახურებად, რათა მომიტევო თანანადები ჩემი, ვითარცა კაცთმოყვარემან“.
ასპარეზობის მსაჯული უხილავად ჩვენ გვერდითაა, თითოეული სულის ბრძოლას თვალყურს ადევნებს და ითვლის, რამდენი ჯილდო უნდა გასცეს. გვირგვინთა მოსაპოვებლად საღვთო შურით აღვივსოთ, შეუპოვრად ვიბრძოლოთ და ჯილდოსაც მოშურნეობის შესაბამისად მივიღებთ.
შვილო, გაიხსენე, როგორი მონდომებით სწავლობდი და ცდილობდი, სანიმუშო მოწაფე ყოფილიყავი. ასევე უნდა მოიქცე სულიერი განათლების მისაღებად – ნამდვილი ფილოსოფიის, ღვთისმოშიშების მოსაპოვებლად, სარწმუნოების განსამტკიცებლად და ზნეობის სიწმინდის მისაღწევად. საერო ცოდნაში წარმატება შეიძლება სულისთვის დაბრკოლებად იქცეს მაშინ, როცა სულიერი წარმატება ზეციური სიმაღლისკენ აღმაფრენაა.
ქრისტესთვის იღვაწე, შვილო. სხვები მას სამარცხვინო ქცევით შეურაცხყოფენ, შენ კი ბილწი გულისსიტყვებისგან განწმენდილი გონების ბრწყინვალებით ადიდე ის! განაგდე ყველა აზრი, რომელიც ჩვენში ღვთაებრივი განბანისას დამკვიდრებული სულიწმიდის მიერ განწმენდილ გონებასა და გულს შეაგინებს. გეშინოდეს ღვთისა – ესაა ნამდვილი სიბრძნე. „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ (იგავ. 1, 7). ნუ გეშინია გულისსიტყვების მუქარის, რომელიც დემონებისგან მოდის. შენი ძლიერება დაამყარე ღმერთზე, რომელიც გიხსნის სულმოკლეობისა და ნიავქარისგან“ (ფსალმ. 54, 8). გამხნევდი და როგორც მამაცმა რაინდმა, გასწიე ზეციური იერუსალიმისკენ, რომლის ნათელიც სიხარულით შეგეგებება.
10. შვილო, მივიღე შენი წერილი. მტკიცედ იდექი, მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე, რადგან მატერიალური ნივთების მოსაპოვებლად კი არ იბრძვი, არამედ ზეციური, ღვთაებრივი მემკვიდრეობის მისაღებად, ისეთის, როგორზეც პავლე მოციქული გვეუბნება: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2, 9). ასევე, ზეციურ სიკეთეთა გვერდით „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი" (რომ. 8, 18) და თუ კარგად, კანონიერად არ ვიბრძოლებთ, შვილო, მაშინ, საუბედუროდ, სიკეთის მაგიერ ბოროტება მოგველის: ტანჯვა, ჯოჯოხეთი, უბედურება, საუკუნო სასჯელი და დაუსრულებელი ცხოვრება ეშმაკებთან ერთად.
მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშინებს, რადგან მადლი ვნებების ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე. სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხსნის უფალი გასაჭირიდან.
გაუფრთხილდი შენ მიერ კარგად დაწყებულს; თავის მცირედ იძულებაში ნუ იზარმაცებ, რადგან ამის მისაღწევადაც საკმაო დრო იყო საჭირო!
მაშ, უკან ნუ დაიხევ, მტკიცე ნაბიჯით იარე. ზეცას მიაპყარი მზერა; ნახე, როგორ ბრწყინავს ცა – შენ გელოდება, შენთვის მარადიული სამყოფელი აქვს გამზადებული! ქრისტე გელოდება, რომ გვირგვინით შეგამკოს; იგი შენს ბრძოლას თვალს ადევნებს. რამდენადაც შეგიძლია ძალ-ღონე მოიკრიბე – მხოლოდ ეს გადაგარჩენს.
ვნებებისა და ეშმაკების სიძლიერის შემყურე, იმედს ნუ დაკარგავ – ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ გამხნევდი და ნუ გეშინია; უფალი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით (გამ. 14, 14).
სიკვდილი მოულოდნელად მოდის. აქ, პორტარიაში“ ერთი ქალი ვაშლის ჭამისას მოულოდნელად მოკვდა. სხვა მონასტერში კი ერთი მონაზონი უცაბედად, ხუთ წუთში გარდაიცვალა. გვამი გაკვეთეს, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინეს.
ფრთხილად იყავი, შვილო. როცა ღმერთი ბრძანებს, ყოველი ადამიანი მასთან მიდის. ნეტავ როდის ინებებს, რომ ჩვენც მის წინაშე წარვდგეთ? მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუკი მოულოდნელად მოგვიხმობს, არ შევძრწუნდეთ.
ასი თვალი გამოისხი, შვილო. შენ კარგად დაიწყე და ასევე გააგრძელე. ღვაწლს ღვაწლი მიუმატე, რომ ღვთის საყდარს ცხონებული მიეახლო.
11. სულიერ ციხე-სიმაგრეებზე იბრძოლე, რადგან ჩვენი ბრძოლის მიზანი ზეცის დამკვიდრებაა.
განა რა არის სულიერ ბრძოლაზე უფრო მშვენიერი! იფიქრე მათზე, ვინც ცოდვა დაამარცხა, გამარჯვების როგორ ჰიმნებს უგალობებენ მათ ანგელოზები და დიდებას შესწირავენ ღმერთს, რადგან ერთი ცოდვილის მოქცევაც კი ანგელოზებისთვის სიხარულის დღესასწაულია.
მაშ, რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რაც ცათა სასუფეველშია დაუნჯებული!
ვინ არის ბრძენი და გაიგებს ამას? (ფსალმ. 106, 43) ვინ იქნება ის, ვინც აჯანყების დროშას აღმართავს, ლომივით დაიღრიალებს მტრის წინააღმდეგ და გამარჯვებას მოიპოვებს?
მაშ, წინ, შვილო! სიმამაცე იქონიე, გამხნევდი – უფალი ჩვენთანაა. სიმდაბლეს მოეჭიდე, ლოცვით შეიარაღდი, კითხვით განმტკიცდი, მამაცად ისწრაფოდე და უფალს შეჰღაღადე: „შენდამი ვსასოებ, უფალო, ნუ მარცხვენ, შენზე ვამყარებ იმედს!“ (ფსალმ. 24, 2) გაამხნევე შენი მმართველი გონება. მეც შენთან ვარ და ჩემი გლახაკი ლოცვით განგამტკიცებ
12. შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამიანი გულისა და სხეულის უვნებობითა და სიწმინდით.
იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერი გაშმაგებული ღრიალებს, რომ ბილწი ვნებებით შებღალოს და დაგლიჯოს ვინმე.
13. მუდმივი თავის იძულებაა საჭირო, სულელი ქალწულებივით ქრისტეს სასძლოს გარეთ რომ არ დავრჩეთ. სულიერ საქმეში თავის იძულებით ჩვენი სულის ლამპარი მუდამ ანთებული უნდა გვქონდეს, რომ ვიხილოთ სასძლოში შემავალი ქრისტე და მასთან ერთად ჩვენც შევიდეთ კრავის საუკუნო ქორწილში!
გამხნევდი, შვილო! მტრის წინააღმდეგ თავი მაღლა გეჭიროს, რადგან ჩვენ წმინდა გოლგოთის ფრონტზე ბრწყინვალედ გამარჯვებული დიდი მეუფის მხედრები ვართ. თუ დავმარცხდებით, ისევ წამოვდგეთ, იქვე შევიხვიოთ ჭრილობები და მხნედ, მტკიცე გულით კვლავ ავისხათ იარაღი. რადგან ასეთი ძლევაშემოსილი მთავარსარდალი გვყავს, ქრისტეს ძალით ჩვენც გავიმარჯვებთ, ოღონდაც სიმდაბლე უნდა მკვიდრობდეს ჩვენს სულებში.
14. ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნაირ განსაცდელთა ზღვაა აბობოქრებული. იფიქრე, რომ ყველაფერ ამას და ამაზე უფრო მეტსაც კი არ შესწევს ძალა ღვთის მადლსა და მის სიყვარულს განგვაშოროს. შვილო, თუ ჩვენში ქრისტესადმი ლტოლვა გაიზრდება, მაშინ ყველა დაბრკოლება ძალიან პატარა და იოლად დასაძლევი გახდება. ხოლო როცა ქრისტესადმი ჩვენი სიყვარული და ლტოლვა მცირეა, მაშინ ასეთი დაბრკოლებები ძნელად ასატანი ხდება და ის ჩვენი ცხოვრების დღეებს ცხარე ცრემლებით რწყავს. ჰო, შვილო, მოდი, ვუხმოთ იესოს მანამ, ვიდრე ჩვენში მისი ალი აინთება, მაშინ კი ღვარძლიც ნაცრად გადაიქცევა.
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში? თუკი ჩვენი არჩევანი ეშმაკთან ბრძოლაა, ბრძოლა რატომ გვიკვირს? ჩვენი მონდომების ლამპარი ანთებული გვქონდეს და მოთმინებითა და სიფხიზლით დაველოდოთ უფალ იესოს მოსვლას.
15. თავი აიძულეთ, შვილებო, სულიერი მოვალეობების შესასრულებლად. თავის მაიძულებლები გამარჯვების გვირგვინებს მიიტაცებენ, ხოლო უდებები და მცონარები სირცხვილსა და ყვედრებას მოიმკიან! თავი აიძულეთ, რომ მოიპოვოთ ღვთის სასუფეველი. დღეები მიდის; როდისღა ვაიძულებთ თავს, რომ საფულე სულიერი ფულით გავივსოთ? სიკვდილი მოულოდნელად მოვა. სიცოცხლის ძაფი უეცრად გაწყდება და ვაი მას, ვინც ღვთის სასუფევლის ღირსი არ აღმოჩნდება. ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
16. ნუ გადავდებთ ჩვენს გამოსწორებას, რომ სიკვდილმა არ მოგვისწროს. მაშინ ვიტირებთ და უნუგეშოდ ვიგლოვთ, პირველი მე, იმ იმედის ნაპერწკლის გარეშე, რომ ეს უბედურება როდისმე შეიცვლება.
თავი აიძულეთ. აჰა, დიდი მარხვის დროც დადგა. მაგრამ ახლა, დიდ მარხვაში ხორციელზე მეტად ენის, გონების, გულის, გრძნობების მარხვას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
მოდით, ასეთი მარხვის გზით შინაგანად განვიწმინდოთ, რადგან იქ ბუდობენ სულიერი გველები. ისინი ჩვენს სულს, სულიერ ცხოვრებას გესლავენ და სულიერ ძალას მოაკვდინებენ, ამიტომ ჩვენი შინაგანი გამოსწორება და ფერისცვალება შეუძლებელი ხდება.
ახლა, დიდ მარხვაში, განსაკუთრებით აიძულეთ თავი, სიჯიუტე გამოიჩინეთ. თავის იძულებისთვის ეს სიჯიუტე წმინდაა და არა ეგოისტური. ნახავთ, რამდენ სულიერ სარგებელს მიიღებთ. იმისთვისაც კი, რომ შედარებით დაცხრეს ვნებები და თავი ავარიდოთ ზოგიერთ ცოდვას, ღირს, სიჯიუტით ვუპასუხოთ ეშმაკის სიჯიუტეს, რომელიც მუდამ ერთი და იმავე ცოდვით დაგვცემს.
17. იღვაწე, შვილო. განა ეს ცხოვრება ღვაწლის დრო არაა? განა ყოველი მიწიერი ადამიანის სიცოცხლე სიზმარი არ არის? სულის გონიერი თვალი მიაპყარი ზეცას, სადაც ანგელოზთა და მთავარანგელოზთა ზეციურ მხედრობებს იხილავ; ისევ აიხედე გონების თვალით და დაინახავ, რომ ლუციფერის ადრინდელი ნეტარი ადგილი ცარიელია.
რა დიდია დანიშნულება! რა უწმინდესია მოწოდება! იქ, ღვთის საყდრის მახლობლად, სულები ქრისტეს ღვთაებრივ მშვენიერებას იხილავენ და შემეცნებიდან შემეცნებისკენ, ჭვრეტიდან ჭვრეტისკენ, ღვთაებრივი მადლის საუნჯის გამრავლებისკენ აღემართებიან!
მაგრამ ეს ზეციური სიკეთე რომ მოვიპოვოთ, სიმამაცისა და გამბედაობის გამოჩენა გვმართებს, უკანდახევის გარეშე უნდა ვიბრძოლოთ, მზერა მივაპყროთ იესოს, რომელმაც გვითხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33) და „აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი განვარდების გარე“ (იოან. 12, 31).
მაშ, მოდით, ჯვარცმულის უძლეველი ძალის რწმენით, უბრალოებით მივეცეთ განმარტოებული ცხოვრების ღვაწლს და მაცხოვრის უხრწნელ ფეხებს მადლიერებისა და სიხარულის ცრემლებით ვემთხვიოთ.
რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს – ჭირი თუ მწუხარება, დევნა თუ სიშიშვლე? (რომ. 8, 35) „შემირაცხიეს ყოველივე იგი ნაგევად, რათა ქრისტე შევიძინო“ (ფილიპ. 3, 8), – ღაღადებს პავლე მოციქული. განა ჩვენც არ გვმართებს მივბაძოთ პავლეს, ისეთივე მადლს და ქრისტესადმი სიყვარულს რომ მივაღწიოთ? დიახ! მაგრამ ვიღვწით მასავით? ჩვენც იმდენი დავითმინეთ, რამდენიც მან თავისი საყვარელი ქრისტესთვის? არა! ამიტომ ვარ შიშველი, დაძონძილი, სირცხვილით შემოსილი და ვცდები, რადგან მგონია, რომ დიდების დიადემას ვატარებ. ვაიმე, ვაიმე, უბადრუკს! ვინ განმინათლებს ბნელს, რომ დავინახო ჩემი სავალალო ყოფა!
18. თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესასრულებლად, რადგან თავის იძულება მტკიცე კედელივითაა, რომელიც მდინარეს ხელს უშლის, ბაღი დატბოროს და მებაღის ნაშრომი გაანადგუროს. მაგრამ თუ ვზარმაცობთ, მაშინ მდინარე ბაღში შევარდება და ყველაფერს მოსპობს.
ამის შესახებ უფალი გვეუბნება წმინდა სახარებაში: „და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას“ (მათ. 13, 25). რამდენადაც ვაიძულებთ თავს, მით მეტს მოვიგებთ; რამდენსაც იმუშავებს კაცი, საზღაურიც იმდენი ექნება. მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია, წმინდა გოლგოთაა, რომლისკენაც გვიხმობს იესო. მისი მოყვარულები მასთან ერთად ჯვარს უნდა ვეცვათ, რასაც ჩვენი სულების აღდგომა მოჰყვება.
19. ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.
შვილებო, იღვაწეთ. ქრისტესთან ერთად ყველაფერს დავითმენთ. სოფელი მოგვიძულებს, რადგან პირველად ჩვენი საყვარელი და სათაყვანო იესო მოიძულა.
ქრისტე შეიყვარეთ, ქრისტეთი ისუნთქეთ. იესო აქციეთ თქვენი სულების თანამკვიდრად. ნურავისი გეშინიათ, რადგან ღმერთს ვეკუთვნით, მეფეთა მეუფემ სასახლის კარის მსახურებად დაგვადგინა. ბოროტი ვერ შეგვეხება, რადგან ჩვენ ვემსახურებით ქრისტეს, მას კი ყველა და ყველაფერი ემორჩილება!
20. შვილებო, ბრძოლისთვის გამხნევდით: ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თქვენს გამარჯვებას ელის, რომ მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინი გიბოძოთ! ვისაც ღმერთი უყვარს, ყველაფერს მსხვერპლად გაიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ სათნოეყოს მას.
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთის ანგელოზების მოკავშირენი გავხდეთ და დავამოწმოთ, რომ „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13, 8).
21. იღუმენიას მიმართ
იღვაწე... რადგან მწყემსების მოვალეობაა თავის გაწირვა იმ ცხვრებისთვის, რომელთა მწყემსვაც იტვირთეს. სამგზის სანატრელნი არიან მწყემსები, რომლებიც კეთილად მწყემსავენ სიტყვიერ ცხვრებს, რადგან მათ ზეცაში დიდი და მარადიული სიმდიდრე ელით!
ყველაფერი დაითმინე, შვილო, რადგან ეშმაკი სხვადასხვა მხრიდან დაგვარტყამს, რომ მოთმინების ზღუდე შეგვიმუსროს. მაშინ ხომ ორმაგ სარგებელს ნახავს – ჩვენი და ჩვენი დების მარცხს.
22. ვლოცულობ, ღვთის მადლი გფარავდეს და შესაბამისი ძალაც მოგცეს, რომ უბოროტეს ქედმაღლობას – მრავალგვარი ბოროტების, ყველა უკეთური ქმედების საშინელ სათავეს – გაუმკლავდე.
შვილო, ეშმაკის მხრიდან ძალდატანების ნუ გეშინია. ღვთის ძალა ყოვლისშემძლეა და შეეწევა მასთან ერთად ბრძოლის მსურველებს. ეშმაკის ძალა ანგარიშგასაწევია, მაგრამ ღმერთი სასწაულებრივად იფარავს საბრალო ადამიანს.
გამხნევდი, შვილო, ბრძოლაში. შეისწავლე საღვთო სჯული. იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც განგვწმენდს და გვაცხონებს. თავი ბრძოლის ცეცხლში ჩაიგდე და ღმერთი ჯილდოდ შვებას მოგანიჭებს – როგორც არაერთხელ მომხდარა აქამდეც – იმ ნათელი იმედით, რომ ბრწყინვალე საუკუნო მომავალი გექნება.
ნუ შეუშინდები საეშმაკო ვნებას, რაც არ უნდა დიდი და უსაშველო მოგეჩვენოს ის, რადგან ბოროტის წინააღმდეგობა ღვთის ჩარევით დაიძლევა.
23. შვილო, მინდა, რომ ღვთის მადლით, ბრძოლაში გაიმარჯვო. წინააღმდეგობა სიკვდილამდეა საჭირო. უკან დახევა აღარ შეიძლება, მხოლოდ წინ უნდა იარო. სიკვდილი გამუდმებით გვემუქრება, მზად უნდა ვიყოთ და სისხლის დაღვრამდე ვიბრძოლოთ. მე შენ გვერდით ვიქნები, შენთან ერთად ვიბრძოლებ, სანამ ქრისტე აღდგომის დროშით გამარჯვებას იზეიმებს.
ერთად ვიაროთ ცხონების გზაზე, ქრისტესმიერი ცხოვრების აღმართზე მე მოგეხმარები, ყველაფერი წარმავალია და განქარდება. ზეცას მიაპყარი მზერა. მთელი გულით მოინდომე უბიწოებით ცხოვრება. სიწმინდე ან სიკვდილი!
24. ჩემო კურთხეულო შვილო, ნუ შეშინდები ბრძოლისას. სიმხნევითა და სასოებით ასაზრდოე სული. ეშმაკების წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქციო. ნახავ, რომ ყოველი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება. ღვთის წინაშე არაფერი იკარგება, ძალიან ხანმოკლე თავის იძულებაც კი კარგია. ოდნავადაც ნუ შეშინდები. მამაცად იბრძოლე, „წნეხში გაატარე“ საკუთარი თავი, აიძულე იგი, რადგან დაწურული მტევნიდან გულის გასახარელი მშვენიერი ღვინო დგება.
გამხნევდი, შვილო, და ღმერთთან ერთად გავიმარჯვებთ. უფალი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით.
25. ქრისტიანის ბრძოლა სასახელოა, რადგან ჯილდო რაიმე წარმავალი კი არა, მარადიული დიდება იქნება ზეცაში! მაშ, ნეტარია ის, ვინც ღვთისთვის ბრძენი გამოდგება, რადგან როცა ღმერთი მოუხმობს და მიწიერი ცხოვრების შესახებ პასუხს მოჰკითხავს, გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება.
დროს დაუნანებლად ვფლანგავთ. როცა ამ სოფლიდან წავალთ, მაშინ მივხვდებით, დროის ხელიდან გაშვებამ როგორი ზიანი მოგვიტანა. დღეები ანგარიშმიუცემლად გადის. ისიც კი მაცხონებელი იქნება ადამიანისთვის, რომ ეს სიცოცხლის ბოლოს მაინც გააცნობიეროს.
26. ნუ დაკარგავთ სიმხნევეს ახალი ბრძოლისთვის და წინ აღუდექით სიმხდალისა და ლაჩრობის ყოველ გულისსიტყვას.
ჩვენს ძალებს მუდმივი განახლება სჭირდება, ასევე საჭიროა წინააღმდეგობის გაძლიერება. ეშმაკიც ამგვარად იქცევა.
უნებლიე დაცემის გამო სასოწარკვეთა ნუ დაგეუფლებათ, თუნდაც ეს მუდმივად მეორდებოდეს. ჩვენი მიზანია, ზურგი არ ვუჩვენოთ მტერს, რომ ღვთის წინაშე არ იტრაბახოს და უფალი არ დავამწუხროთ.
სიმხნევე და სიმამაცე შვენით მებრძოლებს, როცა არა წარმავალი და ჭკნობადი, არამედ საუკუნო და უჭკნობი გვირგვინებისთვის იბრძვიან.
ნეტარია, ვისაც ანთებული ექნება ზეთით სავსე ლამპარი. ასეთები, მხიარულებითა და სულიერი ტკბობით აღსავსენი, ქრისტესთან ერთად საუკუნო ქორწილში შევლენ.
ამპარტავნების, საკუთარი თავის განკითხვისა და სიმდაბლის შესახებ
ყურადღებით იყავით გულისსიტყვების მიმართ. ძირითადად თავმდაბალი გულისსიტყვების მოხვეჭას მიაპყარით ყურადღება, რადგან თავმდაბლობა აცხონებს ადამიანს; ის არის ყოველგვარი სულიერი სწრაფვის მთავარი მიზანი. თუ გსურთ გაიგოთ, სულიერად რამდენად წარემატეთ მონაზვნურ მოქალაქეობაში, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და თუკი თქვენში თავმდაბლობას აღმოაჩენთ, სულიერი წინსვლა მისი შესაბამისი იქნება.
ხოლო თუ სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებას, ქედმაღლობას და მათგან მომდინარე შედეგს წავაწყდებით, მაშინ ჩვენი უბადრუკი მდგომარეობა გლოვითა და ცრემლით უნდა დავიტიროთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს.
გავექცეთ ქედმაღლობას. იგი საშინელ სიმყრალეს გამოსცემს. უბედურია ის, ვისთვისაც ქედმაღლობა სიმდიდრეა. ასეთი ადამიანი სიმშვიდეს ვერასოდეს იპოვის არა მარტო იმიტომ, რომ საკუთარ თავში დაბუდებული ვნებები აწუხებს, არამედ იმის გამოც, რომ შორს არის ჭეშმარიტი სიმდაბლისგან.
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29).
ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებო, მთელი გულით შევიყვაროთ იესოს სიმდაბლე და სიმშვიდე; და როგორც უფალმა ბრძანა, ჭეშმარიტად ჩვენი სულების განსვენებას ვპოვებთ.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღვთის შეწევნით, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქედმაღლობის მოკვდინებას შევძლებთ.
მაშ, წინ ვისწრაფოთ, ჩემო შვილებო, როგორც მძლეოსნებმა სახელოვანი ბრძოლის სარბიელზე. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი უტკბესი ღმერთის უზენაესი საყდრის წინაშე წარდგება და საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა. გევედრებით, მტერთან შებმა ნუ შეგაშინებთ, რადგან ეგოიზმის ეშმაკის დასამარცხებლად უფალი თავის უხილავ ხელს შეგვაშველებს, განგვამტკიცებს და ღვთაებრივი სიმდაბლის ზეგარდამოქსოვილი კვართით შეგვმოსავს.
გწერთ და ვლოცულობ, რომ ჩემი მწირი სიტყვა თქვენი სულის კეთილ ნიადაგზე ისე დავარდეს, როგორც თესლი და საუკუნო ცხოვრების ნაყოფი ასწილად გამოიღოს! ამინ. იყავნ.
2. თუ სიმდაბლის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, ბრწყინვალე შესამოსლის მემკვიდრენი გავხდებით; თუკი სიყვარულიც გვექნება, სამოსელს მეტად გავამშვენებთ; მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე მას ფერადოვნებას და ელვარებას შესძენს; განუწყვეტელი ლოცვით კი ის ძვირფასი მირონის კეთილსურნელებით გაიჟღინთება. როცა სრულვყოფთ სამოსელს, შევიმოსებით და ამ ზეციური მადლით მოსილნი კადნიერებით წარვდგებით ქრისტეს სამსჯავროზე. უფალი დიდებისა სულიერ კეთილსურნელებას შეიგრძნობს, მადლის ულევ საუნჯეს სიხარულით გაგვიხსნის და მაშინ მართლაც გავმდიდრდებით!
3. შენ, შვილო, მხოლოდ შენს თავს უყურე. სიმდაბლე არ გყოფნის. შენი ამპარტავნება და სიჯიუტეა იმ გულისსიტყვების მიზეზი, რომლებზეც მწერ. თუ დამდაბლდები, თუკი ყველა დაბრკოლებისას საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ შენი ვნებები გტანჯავს, მოძღვარი და ძმები კი უდანაშაულონი არიან, უმალვე იგრძნობ გულისსიტყვების შემცირებას და შენი ჭრილობების განკურნება დაიწყება. სხვა საშუალებით (მოძღვრისა და ძმების შეცვლით) კურნებას ნუ ელი. ამაოდ გაირჯები. ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია – ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადანაშაულება. ყოველთვის თქვი: „მე ვარ დამნაშავე, ჩემშია მიზეზი; ჩემი ვნებებისგან მემართება ყველაფერი. ჩემი უბედურების მიზეზი მხოლოდ მე ვარ, სამგზის უბადრუკი, სხვა არავინ“.
დიახ, შვილო, ეს არის უზენაესი ჭეშმარიტება, უტყუარი სინამდვილე. იმ გზით იარე, რომელსაც გიჩვენებ და მაშინ შენი სული უთუოდ გაჯანსაღდება და განიკურნება.
4. ჩვენი ამპარტავნება ხან აშკარაა, ხანაც ჩვენგან დაფარული და გაუცნობიერებელი. ვინაიდან ღმერთს ჩვენი განწმენდა სურს ამ უწმინდურებისგან, ის ქარიშხალს გაამძვინვარებს, რომ ჩვენს სულში უდებებით დალექილი სიბინძურე გამორიყოს.
ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია.
სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივე ემართება. სხვადასხვა ვნებისა და დაუდევრობის გამო მასში თანდათანობით სიბინძურე გროვდება, რასაც თავის უწმინდურობას ეშმაკიც ამატებს. ჩვენ ვერ ვხედავთ, ღმერთმა კი იცის, თუ რამდენი ჭუჭყი დაგვიგროვდა და ზღვას ჩვენს განსაწმენდად ძლიერად ააღელვებს, რომ სული სიბინძურისგან გასუფთავდეს. ზოგჯერ, როცა განსაცდელს მოთმინებით გადავიტანთ, ვხედავთ, რომ ჩვენი სული მსუბუქი, მშვიდი და მხიარულია.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სიბინძურე არ დაგროვდეს და შესაბამისად, ძლიერი ქარიშხლებიც არ გახდეს აუცილებელი.
ქარიშხალი წმინდანებსაც დაატყდებოდათ ხოლმე თავს, ოღონდ მას სხვა ბუნება, სხვა მიზანი ჰქონდა. ზოგჯერ განსაცდელით ისინი სიწმინდის უფრო მაღალ საფეხურზე ადიოდნენ, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტი დიდებით იმოსებოდნენ, ან ღმერთი მეტად განიდიდებოდა, ხან კი ეს ქარიშხალი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყო აღძრული და ა. შ.
შვილო, ყურადღებით იყავი, რომ დიდი სიმდაბლე გქონდეს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილო. ყველა გიყვარდეს და შენს გულისსიტყვას არასოდეს დაუჯერო, არამედ ერთგულად მისდიე შენი მოძღვრის შეგონებებს.
5. ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის სხივებს, რომ გაგვინათოს გონება ღვთისა და საკუთარი თავის შესაცნობად.
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებთ დამდაბლება ერთმანეთის წინაშე.
6. სიმდაბლის მონაზვნური გზა ისწავლეთ: რამდენჯერაც გიბრძანებთ მოძღვარი, იმდენჯერ მიუგეთ: „როგორც მაკურთხებთ“ და ყოველ შენიშვნაზე უპასუხეთ: „შემინდეთ“. სიმდაბლე ღმერთთან მისასვლელი უმოკლესი გზაა. ქრისტე ამბობს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). სულის განსვენება მისი ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია.
დამდაბლდით, არაფრად ჩააგდოთ, შეურაცხყავით საკუთარი თავი, რომ თქვენს სულებში ღვთის მშვიდობამ დაისადგუროს. როცა მოძღვარი რაიმე შეცდომის გამო გამხელთ, თავს ნუ იმართლებთ, არამედ თქვით „შემინდეთ“.
7. შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნებით, განკითხვით, უდებებით, ურჩობით და ა. შ. ვეცადოთ, უფრო მეტად განვასპეტაკოთ ის კეთილი საქმეებით, განსაკუთრებით კი, თავმდაბალი აზროვნებით და თავის დადანაშაულებით. ეს უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ცუდადმზვაობრობით შესრულებული დიდი საქმეები.
სრული მორჩილება აღასრულე. მორჩილება სიმდაბლის ნაშობია, ხოლო შეპასუხება, კამათი, ურჩობა ამპარტავნებისგან იშვება. მონაზონს უნდა სძულდეს ეს, როგორც საკუთარი სულის შეგინების მიზეზი.
8. ლოცვაში უპირველესად ითხოვე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგმადლოს. ამ თხოვნაში სიჯიუტე გამოიჩინე, რადგან ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ ისეთს, რაც სასყიდლის ღირსი იქნება.
შვილო, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა?“ (1 კორ. 4, 7) „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა“ (იგავ. 16, 5), ამიტომ, შვილო, ამ საშინელი ვნების წინააღმდეგ თავის დამდაბლებით იბრძოლე. გაიხსენე, როდესაც უფალი დიდებისა ადამიანად იშვა, როგორი თავმდაბლობა გვიჩვენა და ლანძღვა, ცილისწამება და ჯვარი სიმდაბლით დაითმინა. ასევე ყველა წმინდანმა სამაგალითო სიმდაბლე აჩვენა, ამ გზით განიწმინდნენ და დაგვიმოწმეს, რომ სხვა მაცხონებელი გზა არ არსებობს.
რაც დაგამდაბლებს, იმისკენ ისწრაფე, თუნდაც გტკიოდეს და სული ამოგდიოდეს. შენი ტკივილის დასასრული ღვთის ლოცვა-კურთხევა და უმაღლეს სათნოებაში – სიმდაბლეში – წინსვლა იქნება.
გისურვებ, უფალმა იესომ მოგმადლოს ეს და წარუშლელად აღბეჭდოს შენს სულში.
9. შვილო, ყველაფრის არსი ერთია: ეცემი ამპარტავნების სულისგან, მისი დების – ცუდადმზვაობრობისა და თავმოწონებისგან და მათი თანაშემწეების – ბილწი და გმობის გულისსიტყვებისგან.
იცოდე, შვილო, ძნელია ამპარტავნების სულთან გამკლავება, ცუდადმზვაობრობის სული კი ბევრთავიანი და ეკლიანია; როგორც არ უნდა შემოაბრუნო გულისსიტყვა ან ცხოვრების წესი, ყველგან ეკალივით წინ დაგხვდება. თუ ასეა, რა უნდა ვქნათ? დასამდაბლებლად ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, გონებრივი თუ ნივთიერი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გულისსიტყვა ვაიძულოთ, სიმდაბლით იფიქროს და ვნების შესუსტება თუ მისგან გათავისუფლება ღვთის განგებულებას მივანდოთ. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მებრძოლი პოზიცია შევინარჩუნოთ, ხოლო ღმერთი ჩვენი ბრძოლის შესაბამისად შეგვეწევა.
ცუდადმზვაობრობის საშინელ ვნებაზე ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „უკეთური იგი [ცუდადმზვაობრობა] ვიდრე საფლავამდე“, ესე იგი, ცუდადმზვაობრობა სიკვდილამდე შეგვებრძოლება, თუმცა შეწინააღმდეგებისა და ხანგრძლივი გამოცდილების გამო, რომლითაც მის სიცრუეს ვცნობთ, ბოლოს შესუსტდება.
იტირე უფლის წინაშე, სიმდაბლის სული რომ მოგმადლოს, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება შენი ზეაღსვლა ღვთის სიყვარულისკენ. სულიერი წინსვლა სხვა არაფერია, თუ არა სიმდაბლის მოპოვება. იესო ღმერთი იყო და ასე დაიმდაბლა თავი, ჩვენ კი, ბუნებით მდაბალნი, როგორღა ვმაღლდებით და ცუდადმზვაობრობის ფრთებს ფარშევანგის კუდივით ვშლით? მაგრამ როცა უფალი რაიმე განსაცდელს მოგვივლენს და საკუთარ სიმახინჯეს, ჩვენი სულის გახრწნილ მდგომარეობას დავინახავთ, მივხვდებით, როგორი ბუნება გვაქვს ჩვენ, ადამის მოდგმას; მედიდურობა კი მხოლოდ ყვრიმლისცემით და დაცემით მდაბლდება.
ცრემლებს და გლოვას სიმდაბლე მოაქვს, ამიტომ მოითმინე, სთხოვე სიკეთისმომნიჭებელს: „ნუ უგულებელმყოფ მე, უძღებს, ქალწულისგან შობილო, ნუ უგულებელყოფ ჩემს ცრემლებს, ანგელოზთა სიხარულო, არამედ მიმიღე მონანული და მაცხონე ອົງ".
ვლოცულობ, გულით მდაბალმა იესომ თავისი გული მოგმადლოს, რომ ასე იგემო მისი სიმდაბლე.
10. სიმდაბლე საოცარი სათნოებაა, მისი მქონე კეთილსურნელებას აფრქვევს. მდაბალს მორჩილებაც აქვს, სიყვარულიც, მოთმინებაც და ყველა სხვა სათნოება. როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.
მოდით, შვილებო, თავი დავიმდაბლოთ ჩვენთვის დამდაბლებული უფლისთვის. რა დიდი სიმდაბლე გვიჩვენა უფალმა, როცა ჯვარს ეცვა! ჩვენ კი, ბუნებით მდაბლებს, არ გვსურს თავი მოვუდრიკოთ ძმას და მხოლოდ საკუთარი ნების აღსრულება გვინდა?
თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ქედმაღლობით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარულისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უტკბესი იესოს წმინდა გულს!
11. ანგელოზები ზეცაში დიდებისმეტყველებდნენ და გალობდნენ, ადამიანები თავიანთ სასახლეებში ილხენდნენ, შემოქმედი ღმერთი კი, როგორც უკანასკნელი ღატაკი, ერთ გამოქვაბულში, პირუტყვის ბაგაში იწვა!
როგორი სიმდაბლე გვიჩვენა იესომ! თქვენც ასეთი სიმდაბლე შეიძინეთ, შვილებო! თავმდაბლობა ყველაზე მშვენიერი სათნოებაა, ოქროქსოვილი სამოსელია. ნეტარია, ვინც მას შეიმოსავს, რადგან ამით ის ენით გამოუთქმელ სულიერ მშვენიერებას შეიძენს. და პირიქით, ყველაზე ბინძური ვნება ამპარტავნება და ეგოიზმია.
12. მხურვალედ ვევედრები ღვთისმშობელს, ყველაფერში სიმდაბლე მომმადლოს, რადგან ეს უმთავრესი სათნოებაა და მის გარეშე არც ერთი საქმე არ აღიბეჭდება სულიწმიდის მადლით!
ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთის მამებს ეწვია და მათ შორის უპირატესს ჰკითხა: „მაინც რა იპოვე აღმატებული, მამაო, მოღვაწეობის ამ გზაზე?“ – ღირსმა მამამ უპასუხა: „ყველაფერში თავის დადანაშაულება“. – „მართლაც, – უპასუხა თეოფილემ, – არ არსებობს ღმერთთან მიმავალი უფრო მოკლე გზა“.
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღასრულა და გვასწავლა უკიდურესი მორჩილება, არ აცხონა ადამი? უფალმა თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11, 29).
რამდენჯერაც ადამიანი სიმდაბლით დაიდანაშაულებს თავს, იმდენჯერ იგრძნობს საკუთარ სულში ტკბილ შვებას, მშვიდობას, ნუგეშს, სიმსუბუქეს და იმედს! შფოთი, მღელვარება, მრისხანება, ტრაბახი და მედიდურობა კი სულის ამპარტავნებაზე მეტყველებს.
ოჰ, რა იოლია სიმდაბლის გზა! ასკეტური შრომის გარეშეც, სნეულებისას თავის დამდაბლებით, თავის განკითხვით და ღვთისადმი მადლიერებით ადამიანს შეუძლია მაღალ სულიერ საზომს მიაღწიოს და ძეობის სიხარული შეიგრძნოს! და პირიქით, როცა ადამიანი ასკეტურად იღვწის და ვერ აცნობიერებს საკუთარ სნეულებას, უძლურებასა და უბადრუკებას, მაშინ მისი ღვაწლი ჯილდოს გარეშე ბრძოლა, უსასყიდლოდ დაღვრილი ოფლი და უიმედო გზაა.
რა უბედურებაა, კაცი იღვწოდეს და სასყიდელს არ იღებდეს?! ხნავდეს და არ იმკიდეს?! მაინც რატომ? – იმიტომ, რომ სჯულიერად არ იღვაწა. „და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების, არა თუ სჯულიერად იღუაწოს" (2 ტიმ. 2, 5), ისე როგორც შეჯიბრებისას, თუ მძლეოსანმა კანონიერად არ იასპარეზა, გვირგვინს ვერ მოიპოვებს.
13. ღმერთი, ბრძოლა რომ ასწავლოს, განსაცდელებს უშვებს მათზე, ვისაც ის უყვარს. როცა ღვთის მადლი განგვეშორება, მაშინ განსაცდელთა ღრუბელი წამოიშლება და ადამიანი იქამდე მიდის, რომ ამბობს: „ღმერთმა მიმატოვა!“ ათასობით გულისსიტყვა, სულის ხუთვა, ყველგან წყვდიადი და დაცემაა!
ყოველივე ამას წმინდა სიბრძნე, ღმერთი განაგებს და ვსწავლობთ, რომ მხოლოდ მას ძალუძს ჩვენი ხსნა, ღვთის გარეშე კი ყველა ჩვენი საქმე თივა და ნაგევია; როგორც კი განსაცდელის სუსტი ნიავი დაუბერავს, ყველაფერი მაშინვე იფანტება და ცხადი ხდება, რომ დაჟანგული საგნები ვართ და არც ძალა და უნარი გაგვაჩნია, რომ ღვთის მადლის შეწევნის გარეშე რაიმე განსაცდელს აღვუდგეთ წინ.
ამგვარად, ღვთის განგებულების მადლით საკუთარი თავის შემეცნების გაკვეთილს ვიღებთ – ჭეშმარიტ სიმდაბლეს – გააზრებულს, მყარს, საფუძვლიანს, რომლის გარეშეც შეუძლებელია სულიერი სახლის აშენება. უფალი ჯერ უიმედობამდე მიგვიშვებს, რომ იძულებულნი გავხდეთ მას მოვუხმოთ საბრალო გოდებით, რადგან ამ ძახილით განიწმინდება ჩვენი ბაგე და გული.
ყველაფერ ამას განსაცდელები იწვევს. მართალია, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა განსაცდელისგან დაგვიფაროს, მაგრამ როცა ის თავს დაგვატყდება, საჭიროა მოთმინებითა და სიბრძნით ავიტანოთ, სარგებელი რომ ვნახოთ. მაშ, ყველაფერი მოითმინე და ასე გადარჩები.
14. შვილო, მუდამ წესად გქონდეს თავის დადანაშაულება. ყოველი განსაცდელის დროს შენდობა მეტანიით პირველმა შენ ითხოვე. ასეთი პირველობით გვირგვინს მიიღებ და ძმის სინანულის მიზეზიც გახდები.
დამდაბლებულ უფალზე იფიქრე და სული ყოველთვის მზად იქნება, რომ მისი სიყვარულისთვის ნებისმიერი შეურაცხყოფა მოითმინოს.
სულიერ ღვაწლში მთავარი სიმდაბლის სწავლა, თავის დადანაშაულება და მოყვასის გამართლებაა. ვინც ამ ფილოსოფიას დაეუფლება, ის, რა თქმა უნდა, ვნებათაგან გათავისუფლების უტკბეს ნაყოფს მიიღებს. სხვა შემთხვევაში კი ადამიანს, თავისდა სამწუხაროდ, მუდამ ვნებების ტვირთვა მოუწევს.
შვილო, ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულე, თავს ნუ იმართლებ. როცა გესმის, რომ შენზე ლაპარაკობენ, თქვი: „მართალს ამბობენ ჩემი ძმები, ასეთი ვარ. ჩემი ცოდვების გამო უარესის ღირსიც ვარ“.
ყოველთვის ყველაზე უარესად ჩათვალე თავი და ძალაუფლების მპყრობელივით ბრძანების გაცემას მოერიდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერში სიმდაბლე გქონდეს.
15. თავი უკიდურეს ცოდვილად და ბიწიერად მიიჩნიე, რომ იესო ქრისტემ თანაგრძნობით მოგხედოს, შეგიწყალოს და აურაცხელი ცოდვა შეგინდოს.
ყველა ძმას დაემორჩილე. ყველაზე უკანასკნელად, უვარგისად მიიჩნიე თავი, თუ გსურს ვნებებისა და უძლურებებისგან გათავისუფლება. არასოდეს იმართლო თავი არც სიტყვით, არც გულისსიტყვით, არამედ ყოველთვის განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავს, როგორც დამნაშავეს და პასუხისმგებელს.
გწამდეს შენი მოძღვრის, მის სიტყვას დაემორჩილე, სიყვარული გქონდეს და გულწრფელად აღიარე ყოველი გულისსიტყვა, რადგან თავმდაბალ სულს სუფთა აღსარება ახასიათებს.
16. შვილებო, თავი აიძულეთ სულიერ ღვაწლში. ნუ დაივიწყებთ ეშმაკის დიდ გამოცდილებას და ჩვენს უძლურებას. როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს ყოველ ფიქრსა და საქმეს სიმდაბლე მართავს.
მუდმივად დაიდანაშაულეთ საკუთარი თავი, რადგან ეს თვისება მდაბალი გულის ნაშობი და ნაყოფია. ასეთ გულში ღვთაებრივი ისე გაცხადდება, როგორც მან უწყის: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5, 8). თქვენი ყოველი დაცემა კარგად გამოიკვლიეთ და მიხვდებით, რომ მეტად თუ ნაკლებად ამის ძირითადი მიზეზი ამპარტავნების თესლია.
17. თქვენი ყურადღება ეგოიზმზე გაამახვილეთ. ის არის ყველაფრის მიზეზი. დამდაბლდით. მოაშთვეთ ეგოიზმი, რომელიც შხამიანი გველივით მოდის თქვენი სულის დასაგესლად. ნურაფერს დაიტოვებთ შიგნით. მხოლოდ ასე განაქარვებთ ყოველგვარ სატანურ მოქმედებას.
წმინდა ტრიოდიონი იწყება მეზვერისა და ფარისევლის მშვენიერი მაგალითით, რომელიც ნათელყოფს, რომ ადამიანი მხოლოდ თავმდაბალი აზროვნებით გამართლდება და ღმერთი ცოდვებს მიუტევებს. ეს იგავი ააშკარავებს დიდ ბოროტებას ამპარტავნებასაც, რომელიც ძლიერ აბრკოლებს ცოდვების მიტევებას, თუნდაც ადამიანი სხვა სათნოებებით იყოს შემკული და მოწყალებას გასცემდეს.
ამპარტავნებამ გრგვინვით დასცა ზეციერ ანგელოზთა ძალების მთავარი – ლუციფერი – ბნელ ეშმაკად აქცია და საუკუნოდ წარწყმიდა. მაშინ, როცა იესოს სიმდაბლემ – „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29), შეცდენილი და ამპარტავნებით მოტყუებული ადამიანი ეშმაკის ტყვეობისგან იხსნა.
ეს და სხვა მრავალი სახარებისეული ჭეშმარიტება გვასწავლის, რომ სიმდაბლისა და ნამდვილი სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, თუნდაც სხვა ბევრი სათნოება ჰქონდეს.
18. ნუ ხარ ჯიუტი, იყავი თავმდაბალი. ნუ გგონია, რომ რაღაცას წარმოადგენ, რადგან ეს ამპარტავნებაა, ღმერთს კი სძაგს ამპარტავნები.
შვილო, მუდამ იფიქრე, რომ ამქვეყნად უცოდვილესი ხარ და თუ ღვთის მადლი მიგატოვებს, სამყაროში არსებულ ყველანაირ ბოროტებას ჩაიდენ! ყოველთვის დაიდანაშაულე თავი.
როცა საზიარებლად მიდიხარ, განიკითხე თავი, როგორც ცოდვილმა, რომელიც მეუფე ქრისტეს მიღების ღირსი არ არის. ზიარებისას უნდა ტიროდე, რომ იესომ შეგიბრალოს შენი ცოდვების გამო.
„ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). ხედავ, შვილო? სიმშვიდე თავმდაბლობის ნაყოფია და ორივე ნეტარ და ღვთიურ განსვენებას მოგვმადლებს.
გათელილ გზაზე სარეველა არ ამოდის; არც თავმდაბალ სულში აღმოცენდება ვნება და ბოროტება. სანამ სიმდაბლე არ გვყოფნის, ღმერთი არ შეწყვეტს განსაცდელებით ჩვენს დამდაბლებას, ვიდრე ამ მნიშვნელოვან და მაცხონებელ გაკვეთილს ვისწავლიდეთ.
19. წინ გასწით, ჩემო შვილებო! იესო ქრისტეს სიმდაბლის არდაგი მოირტყით წელზე და ყველაფერში დაემორჩილეთ, რომ თქვენს გულებში ყოველთა ღმერთი მიიღოთ. ქრისტე იმ სულში ვერ განისვენებს, რომელიც სიმდაბლის სურნელებას არ აფრქვევს და ამპარტავნების სიმყრალის გამო განეშორება მას.
მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს.
იყავით გულწრფელნი თქვენს ყველა მოქმედებასა და სიტყვაში. ნუ იცრუებთ, სიმართლე ილაპარაკეთ. თქვენი თანამოღვაწე ძმების სულიერ უძლურებებს ნუ გამოიძიებთ, რადგან ეს საკმაოდ დაგაზიანებთ. ღვთის გულისთვის თანაგრძნობით დახუჭეთ თვალი მათზე, რომ ღმერთმა თქვენს უძლურებას თანაგრძნობით მოხედოს.
ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თქვენმა მფარველმა ღვთის მადლმა რომ არ მიგატოვოთ და დიდ განსაცდელში არ აღმოჩნდეთ.
ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე, რადგან მას ხორციელი შრომის გარეშეც ძალუძს ღვთის ძეობის მადლი მოგვანიჭოს; და პირიქით, ხორციელი შრომა ამაო და უსარგებლო იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ საკუთარ არარაობას.
20. ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა განსაცდელისა და შფოთის მშობელია და ვაი მას, ვისაც ბადეში გააბამს, რადგან ძლიერ დაამახინჯებს.
მხოლოდ კარგ მორჩილს შეუძლია თავისი სული ანგელოზებრივი გახადოს სულიერი სიმშვენიერით. დრო უნაყოფოდ ნუ გაგყავთ, რადგან ის მცირდება, ილევა და მოულოდნელად გავიგონებთ: „ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები“ (ეს. 38, 1).
მთელი ძალით ურტყით ქედმაღლობას. სიმდაბლე ისწავლეთ. შემუსვრილებით, გლოვით, სიმდაბლის სურნელებით აკეთეთ საქმეები. მხოლოდ სიმდაბლით შესრულებული საქმე დაჯილდოვდება; ქედმაღლობითა და საკუთარი ნებით მოწამლულ საქმეს კი ოთხი მხრიდან მობერილი ქარი ისე გაფანტავს, როგორც ნაგავს და ხელცარიელნი დავრჩებით.
გონს მოვეგოთ და გავმხიარულდეთ იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულით, რადგან ვნებიანი სულები ზეციურ იერუსალიმში ვერ მოხვდებიან. იქ მხოლოდ უბიწო სულები შევლენ სიხარულითა და ზეიმით.
21. დიახ, ჩემო სანატრელო შვილებო, თქვენ ნამდვილად არ გყოფნით ეს უწმინდესი სათნოება – სიმდაბლე. ქედმაღლობას, ამ საშინელ ბოროტებას, ადამიანებისთვის ყოველგვარი უბედურება მოაქვს. ჭეშმარიტად – სიმდაბლე სიწმინდეა!
რატომ ვჩხუბობთ უმნიშვნელო რამეზე? იმიტომ, რომ არ გვაქვს სიმდაბლე. თავმდაბალი აირიდებს შფოთს. ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე კი შფოთი მკვიდრობს, მრავლდება და, შესაბამისად, გამოსწორების იმედიც ქრება.
ჩვენს მდაბალ იესოს ევედრეთ ლოცვაში, მოგმადლოთ სიმდაბლისა და სიმშვიდის სული, როგორც თავადვე ამბობს წმინდა სახარებაში: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29).
მდაბალი ადამიანი მოყვასისგან წყენას არ იმახსოვრებს, არამედ ღვთის სიყვარულისთვის ყველაფერს გულით მიუტევებს მას და ივიწყებს.
22. დამდაბლდი და თავი დაიდანაშაულე. თუნდაც ბოლომდე მართალი იყო, ნუ გაიმართლებ თავს, რადგან თავის მართლება ჩვენი სნეული სულის განკურნებას დააბრკოლებს.
ჩემო გოგონა, სათნოეყავი დედა იღუმენიას და ღვთის საფარველის ქვეშ მოექცევი. ქრისტეს თავმდაბალი სასძლო გახდი. უმშვენიერეს სიძეს – იესო ქრისტეს – სძულს ეგოისტი. სიძე – მდაბალი და მშვიდი, ხოლო სასძლო – ამპარტავანი და მრისხანე სული? თუ გსურს, კეთილსურნელებას გამოსცემდე, თავმდაბალი, წრფელი, მორჩილი და მშვიდი სული შეიტკბე, ხოლო ეგოიზმი ისე მოიძულე, როგორც სიმყრალე და სიბრიყვე.
კარგად იქცევი, ყველაფერს საკუთარ თავს რომ აბრალებ. ეს მამათა გზაა. ასეა, შვილო, ღრმად დაიმარხე იგი და უდიდესი სარგებელი გექნება.
23. რა არის თავის იძულებაზე უფრო მშვენიერი! მას ნამდვილად დაფარული, მაგრამ სრულყოფილი სიხარული მოაქვს წმინდა, იმედისმომცემ მომავალთან ერთად.
ამიტომ, შვილო, იბრძოლე, რომ ეს წმინდა სათნოება, თავის განკითხვა მოიპოვო. მუდმივად დაიდანაშაულე თავი. იმეორე: „ჩემო იესო, ამაშიც მე ვარ დამნაშავე; არც ეშმაკია დამნაშავე, არც ადამიანი, ეს მხოლოდ ჩემი ბოროტების ბრალია, რადგან უყურადღებოდ დავდივარ ცხოვრების გზაზე. მოჰფინე ნათელი ჩემი ცხოვრების ბილიკს, სიმდაბლის ცვრით დამინამე გული, რომ შეგიგრძნო მშვიდი და მდაბალი იესო. ანგელოზთა სიხარულო, ჩემს ცრემლებს ნუ უგულებელყოფ, არამედ კეთილსურნელებად მიითვალე და რასაც გულით ვითხოვ, მომმადლე, რომ ტკივილი დამიამდეს და დიდების ჰიმნები ყმაწვილური თავდავიწყებით გიგალობო“.
ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და ყველაფერს მარტივი თვალით შეხედე, როგორც რაიმე ისეთს, რაც შენთვის საინტერესო არ არის.
იშრომე ძალისამებრ და სუფთა სინდისით. ილოცე საკუთარი თავისთვის და ყველა ძმისთვის. დაე, შენმა სიყვარულმა დაფაროს ყველაფერი, რომ მახეებს მონავარდე არწივივით გადაევლო თავზე.
24. შვილო, ყურადღება მიაქციე შენს ქცევას. იყავი უფრო მშვიდი, შემწყნარებელი, თავმდაბალი, დამთმობი. ყველა ეს თვისება თვითშემეცნების დამახასიათებელია.
თავი დაიდანაშაულე და თქვი: „თუ ფიქრობ, რომ დები უგულებელგყოფენ, ყურადღებას არ გაქცევენ და ა. შ. სწორად იქცევიან; იმას იღებ, რასაც იმსახურებ. ყურადღების ღირსი რომ ყოფილიყავი, ანგარიშს გაგიწევდნენ, მაგრამ რადგან უღირსი, ეგოისტი და უმადური ხარ, ამიტომ უშვებს ღმერთი, რომ დამდაბლდე. მაშ, როდის უნდა შეიგნო, რომ სწორედ ასეთი და ამაზე უარესი ხარ?“
ეს და სხვა სიტყვები ნაჯახივით ურტყი საკუთარ თავს, რომ თავი გაუპო საზარელ მხეცს, რომელსაც ეგოიზმი ჰქვია! ის არის ყველაფრის მიზეზი. ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ და თუ, ღვთის შეწევნით, მას დავამდაბლებთ, მასთან ერთად მრჩობლი ადამიანის სამარცხვინო ვნებებიც დაძაბუნდება.
იფიქრე, რომ ღმერთმა ყველაფერი მოგვცა: სხეული, სული, გონება, გული, მიწა, ჰაერი, საკვები, სუნთქვა, ქრისტესმიერი თავისუფლება, რწმენა, ცათა სასუფეველი, ჯოჯოხეთისგან ხსნა, წმინდა საიდუმლოებები, სულის მფარველი ანგელოზი და უფრო მეტიც, თავისი უძლეველი ძალით აღგვჭურვა ბრძოლაში; და რაც მთავარია, თავისი თავი მოგვმადლა.
ასე რომ, ურყევი ჭეშმარიტებაა: „საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი“ (ფსალმ. 90, 4). ის არის საუკეთესო შემწე სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორ ან რით მოვიწონო თავი, როცა ეს ყველაფერი ღმერთმა მომმადლა და საკუთარი არაფერი გამაჩნია? თუ რაიმე კეთილს გავიფიქრებ, სიკეთის წყარო ღმერთია და გონებაც, რომელმაც ეს გაიფიქრა, ღვთისაა.
ვთქვათ, რაიმე სულიერი მოვიმოქმედე, იმის მიუხედავად, გულმა მოიმოქმედა თუ სხეულმა, ორივე ღვთისაა. ჩემი მხოლოდ ნებაა და ამ ნებასაც ღმერთი შეეწევა. ამრიგად, ყველაფერი უკავშირდება ჭეშმარიტ მიზეზს – ღმერთს.
რა გვაბადია, შვილო, რაც ღვთისგან არ მიგვიღია? სწორედ აქედან შევდივართ თვითშემეცნებისა და სიმდაბლის სანახებში.
განა რა არის ეს სამყარო ღვთის უსასრულობასთან შედარებით? და განა რა ადგილი უკავია მასში ადამიანს, ამ არარაობას, ასე რომ იქადის და ამპარტავნებს თავისი არარაობით?
25. კეთილი ღვაწლით იღვაწე (2 ტიმ. 4, 7), შვილო. ნუ გეშინია, უიმედობის ყველა ალყა გაარღვიე. ღმერთმა სნეულები და ურგებნი გამოირჩია, რომ ამით არცხვინოს ის, ვინც ჯანსაღ და ვარგის ადამიანად თვლის თავს. ღვთის ძალა აშკარად უძლურ არსებებში ვლინდება და ღვთის ჩვენთან მიმართებაში გაკეთებული ეს არჩევანი გვიბიძგებს, რომ ჩვენდა უნებურად დავმდაბლდეთ და ღმერთს ჩვენი უსაზღვრო მადლიერება ისე შევწიროთ, როგორც სურნელოვანი საკმეველი!
შვილო, შენ ღმერთმა ძალიან შეგიყვარა; ამიტომ სიმდაბლით იყავი უფლის წიაღში, რომ ამაღლდე ღვთაებრივ განცხრომამდე.
თავმოწონების სულს უფრთხილდი; ნუ იფიქრებ, რომ რაიმე ისეთი გაგაჩნია, რაც სხვას არ აქვს, რადგან სულიწმიდა თითოეულში ისე ნაწილდება, როგორც თავად სურს: ერთთან ის სიყვარულში ვლინდება, მეორესთან – სიბრძნეში, სხვასთან – კეთილგონიერებაში, ზოგიერთთან კი – ღვთის დიდ შიშში. ეს ერთი და იგივე სულია. მაშასადამე, სულიწმიდა თითოეულში დაივანებს არა საქმეების, არამედ სიმდაბლის შესაბამისად.
კეთილი საქმეების გარეშე, მხოლოდ საკუთარი უძლურებისა და ღვთის დიდებულების შეცნობით არის შესაძლებელი გავხდეთ ღვთის შვილები. სიმდაბლის გარეშე შესრულებულ საქმეს მტკიცების ბეჭედი არ აქვს, ხოლო როგორც კი სიმდაბლესთან თანაზიარი ხდება, მაშინვე ძალაში შედის.
ღმერთი უხმარ ქმნილებებს ეძებს: „ქალაქის უბნები და ქუჩები მოიარეთ და ყველა, ვისაც იპოვით გლახაკს, დავრდომილს, უძლურს თუ ხეიბარს – აიძულეთ, ჩემს სახლში შემოვიდნენ, რომ გაივსოს იგი. ხოლო წვეულნი, რომელთაც თავი უდანაშაულო ჰგონიათ, სერობის გემოს ვერ იხილავენ“ (ლუკ. 14, 21-24).
რა სასიხარულოა, რომ ჩვენ, რომლებიც უძლურების გამო უხმართა შორის ვიმყოფებით, ღმერთმა თავის სახლში მიგვიწვია, რათა მის ვეზირებად და მეგობრებად გვაქციოს, ჩვენი გულის პალატში ზეციურ უხორცო ძალთა ღვთაებრივი ჰანგები რომ მოვისმინოთ!
ხედავ, შვილო, ბოროტი ეშმაკი როგორ ცრუობს, როცა გეუბნება, რომ ფიზიკური უძლურების გამო მონაზვნად არ გამოდგები! მთავარია, სული იყოს ჯანმრთელი – თავმდაბალი და თვითშემეცნების მქონე!
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანიც მიღწეულია. ღმერთს ჩვენი სხეულის სიჯანსაღე კი არ სჭირდება, არამედ სიყვარული და სიმდაბლე, ისიც ჩვენი სარგებლისთვის.