წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც იტყოდნენ მასზედა წინასწარმეტყველნი, რაც აღუთქვა მან მოწაფეთა თვისთა. შემდგომად სიკვდილისა იმასვე ასწავლიდა მოწაფეთა თვისთა, რასაც სიკვდილამდე.
ჩვენიცა სოფლიური ცხოვრება ოდესმე გათავდება, თესლი სიკვდილისა ყოველთვის ჰბუდობს თვით ჩვენს სხეულში; გარნა სიკვდილი არ მოსპობს ჩვენსა არსებასა. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელისა ცხოვრებისა სხვა უმჯობესს ცხოვრებად. მოკვდება მხოლოდ ეს ჩვენი მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, გარნა ის შინაგანი ჩვენი გაცოცხლებული სული არ ემონება სიკვდილსა.
ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რანაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი. დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ჩვენ შემდგომად აღდგომისა. და ესრედ, პირველად სიკვდილი, ანუ გარდაცვალება გაათავებს, ანუ მოსპობს მხოლოდ აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა მოქმედობასა, ხორციელსა ცხოვრებასა.
თემა: აღდგომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რა სარგებელი ექმნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისა თვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან, მაშინ როდესაც ყოველთა ცოდვათა და ცუდ საქმეთა იგი იქმს ხშირად გულითადი ერთგულებით, ანუ როგორადაც თქმულ არს საღმრთოსა წერილსა შინა: „ბოროტისაგან საუნჯისა გულისა მისისა გამოიღის ბოროტი“.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს თავგამომეტებული, თავგადადებული. კეთილთა საქმეთა შორის იგინი უფრო დიდი ფასისა არიან, რომელნიც ჩვენგან მოითხოვენ მომეტებულსა შრომასა და თავის დადებასა.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თუ ქრისტიანე მარტო შიშისაგან სასჯელთასა და სურვილისა გამო ჯილდოისა მოერიდება ცოდვათა და იქმს კეთილსა საქმესა, იგი სდგას დაბალსა ზედა ხარისხსა სათნოებისათა, იგი ანგაარებით იქმს კეთილსა საქმესა. ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის არის, როდესაც ქრისტიანე კაცი კეთილსა იქმს, წმინდად სცხოვრობს, განღვიძებული ღვთის სიყვარულითა და მოყვსის სიყვარულითა.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ღმერთი არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს ყოვლისა, რომელ იგი აღგითქვამს შენ და კიდეც მოგცემს სასყიდელსა, არამედ მისთვის, რომელი იგი არის უმჯობესი, უდიდესი, უკეთესი ყოვლისა და ყოვლითა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სიტყვა ღვთისა ემუქრება და შეაშინებს ცოდვის მოურიდებელსა კაცსა საუკუნო დასჯითა, დაუშრეტელი ცეცხლითა, დაუძინებელი მატლებითა და სხვათა საშინელთა სასჯელთა მიერ; კიდეც უნდა წამოიდგენდეს კაცი ხშირად ამათ ყოველთა და მით გააფრთხილებდეს თავსა თვისსა.
თემა: ჯოჯოხეთიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თუ კაცი კეთილს საქმეს იქმს მისთვის, რომ სახეში აქვს რამე სასყიდლის მიღება, ანუ ჯილდოისა, მაშინ მის კეთილს საქმეს არა აქვს ზნეობითი მნიშვნელობა.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი