წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
„ქრისტესთა მათ ხორცნი მათნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით (გალ. 5,24). ჯვარს აცვი ქრისტესთან, ძმაო, ენა შენი ბოროტი, ამაოდ მეტყველი, მგმობელი, ცილისმწამებელი. ხშირად ცოდვის მოძღვარი და ცეცხლის აღმგზნებელი; ჯვარს აცვი თავხედობა, ამპარტავნება, უგნურება; ჯვარს აცვი შენი ბოროტის მზრახველი გული, მოშურნე, ანგაარი; ჯვარს აცვი ყოველნი შენნი ასონი, მალიად მსრბოლნი და მარჯვენი ცოდვისათვის, ხოლო მედგარნი (ზარმაცნი) და ყრუნი კეთილისათვის. გარნა უმეტესად ყოვლისა ჯვარს აცვი შენი ხორცი, ბუდე იგი ყოვლისა ცოდვისა და ვნებისა, ბოროტი იგი მონა, რომელი ყოველთვის ცდილობს დაიმორჩილოს უფალი თვისი, უკვდავი სული. არ გყავდეს იგი აშობილი, შეავიწროვე, დაუმორჩილე სულსა, ამუშავე, ზედ დადექი, ნუ გაანებიერებ, აწვალე. თუ ამას ყოველსა ცდილობ, შენ იქმნები ჭეშმარიტი მოზიარე ქრიტეს ვნებისა, და მერმე მისისა აღდგომისაცა.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა მან მოგვაგო. მან თვისი სიცოცხლე ჩვენ შემოგვწირა, ჩვენც ჩვენი თავი, ჩვენი სიცოცცხლე მას უნდა შევსწიროთ; მისნი უნდა ვიყოთ, მას უნდა დავუსაკუთროთ ჩვენი თავი; ყოველი ნაბიჯი მისდა სადიდებლად უნდა იყოს, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ქრისტე არს ცხოველ ჩემ შორის“. არა ჩვენის ჭკუით ვზრახვიდეთ, არამედ ქრისტეს მეცნიერებით, არა ჩვენი ნებით და გულსთქმით ვიქცეოდეთ, არამედ ქრისტეს ნებით და მისი მორჩილებით. თუ შემთხვევამ მიოითხოვა, სიცოცხლეც არ უნდა დავზოგოთ ქრისტეს სჯულის დაცვისათვის.
ვისწავლოთ შერიგება, მადლი, მშვიდობა. ჯვარსა ზედა ცხადად დაწერილ არს: არა ნებავს ღმერთსა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ რათა მოიქცეს და სცხოვნდეს. ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა დაიხია. მაცხოვარს ხელები აქვს განპყრობილი, რათა მოეხვიოს ყოველთა ცოდვილთა, მონანულთა. დაუფასებელი სისხლი დაითხია ცოდვათა ჩვენთათვის, ავაზაკი ცხონდა. ხმამაღლა ქადაგებს ჯვარი: ყოველი კაცი მიიღებს ამიერ შენდობასა, მადლსა, მშვიდობასა, თუ მოიტანს სინანულსა.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჯვარი არის ჩვენი სამსჯავროცა. ცოდვილი შემნანებელი ჯვარითგან მიიღებს უდიდესსა ნუგეშსა, ვინაითგან მაცხოვარმა ჭეშმარიტად ივნო და შეგვარიგა ზეციერს მამასთან. გარნა შეუნანებელი ცოდვილისათვის ჯვარი არის საშინელი სამსჯავრო და სასჯელი. ვისთვისაც ჯვარი ქრისტესი არ არის სასწავლებელი, მისთვის იგი გარდაიქცევა სამსჯავროდ, დასასჯელად. მეორესა საშინელსა მოსვლასა ქრისტე გამოჩნდება ჯვარითა თვისითა. მონანულნი ცხონებულნი გაიხარებენ; ცოდვილნი იქმნებიან ზარ–განხდილნი, მოწყლულნი.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ვისწავლოთ სიმდაბლე. თუ ოდესმე, ძმაო, გულში გაგიჩნდეს მაღალი ჰაზრი, თავხედობა, შეხედე ჯვარსა. რას დაინახავ? მას ზედა დამოკიდებულია დიდება ღვთისა. ჩვენ ისე ღრმად დავეცით, რომ ძე ღვთისა სისხლსა თვისსა ღვრის და კვდება ჩვენთვის.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჯვარი გვასწავლის, რათა ჩვენცა ჯვარს ვაცვათ ხორცნი ჩვენნი ქრისტესთან. სხვა გზით, გარეშე ჯვარისა, არ შეეძლო ქრისტეს გამოხსნა და ცხონება ჩვენი. არც ჩვენ შეგვიძლია, ძმანო ჩემნო, ვეზიაროთ მისსა მაცხოვარებასა, თუ ჯვარს არ ვაცვამთ ხორცთა ჩვენთა. ქრისტესთა (მათ ვინც ქრისტეს ეკუთვნის) ხორცნი მათნი ჯვარს აცვინ ვნებითურთ და გულისთქმით.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ, არ იციან, რასა იქმონენ“; ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: „ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა“; ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა. რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჯვარი, თუ ჯეროვნად ვუმზერთ მასზედა ჯვარცმულსა, გვასწავლის ჩვენ სრულსა მოთმინებასა. რა მოთმინებით მიიღო უფალმან თვით უსაშინელესი ტანჯვანი, ამას კაცის გონება ვერ წარმოიდგენს. იგინი იყვნენ არა თუ მარტო ხორციელნი, არამედ ცალკე სულიც მისი იტანჯებოდა. არ იყო ქვეყანაზე ტანჯვა და ტკივილი, ვითარცა მისი. და ესრეთ თუ ვისმე თქვენგანსა ეწვიოს მწუხარება, სევდა, ტანჯვა, შეხედეთ ჯვარსა მისსა და ისწავლეთ მოთმინება.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგული ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველი წაიკითხება ჯვარსა ზედა. „ჯვარი არის სასწავლებელი, – იტყვის ნეტარი ავგუსტინე, – სადაცა მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის ჩვენ ძელითგან, რომელსა ზედა დამოკიდებულია“. გარნა ამასთანავე იგივე ჯვარი არის ჩვენი სამსჯავრო.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მაცხოვარმა ჯვარზე ყოველივე აღასრულა: აასრულა ის საქმე, რომლისათვისაც მოვლინებული იყო ზეციდგან, მიაღწია იმ მიზანს, იმ ადგილს, რომლისკენ მიისწრაფებოდა თვისითა ვნებითა და მწუხარებითა; მან მოსპო, განაქარვა მწუხარება ყოველთა კაცთა, მისთვის რომ ვისაც კი ახსოვს მისი საქმე, ვინც დადგება მისი ჯვარის ქვეშა, მიილტვის მისკენ და ზეცისაკენ, მზგავსად მისსა, გზითა ვნებისა და შრომისათა, იგი თვითონაც საკუთარს თვისსა მწუხარებასა არარად შერაცხს. მან ჯვარითა თვისითა მოსპო ყოველი ცოდვა და ვნება. წინაშე ჯვარისა მისისა დაგუბდება ყოველი ვნება, შური, სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, სიხარბე. მან შეისყიდა სისხლითა თვისითა ყოველი ცოდვა და ბრალი კაცთა, შესწირა მსხვერპლი სწორი და უდიდესიცა ყოველთა ჩვენთა ცოდვათა. მან შეგვარიგა ზეციერ მამასთან; გოლგოთას მთაზედ დაარღვია ძალი ჯოჯოხეთისა, მოეფინა ნათელი სოფელსა, სცხონდა ყოველი მეძიებელი ცხონებისა.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი