ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
მეორე მცნება
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.
სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.
ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.
ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.
თემა: ღვთის აღიარება, პირჯვრისწერაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
[5] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.
ჩემო საყვარელო და ნამდვილო ქრისტესმიერო დაო ერგინა, იცოცხლეთ.
ჩვენ ჯანმრთელად ვართ. დღეს ეს-ესაა მივიღე შენი წერილი და გამიხარდა, რომ [თქვენც] ჯანმრთელად ხართ. ჩემო ჭეშმარიტო დაო, უკვე თხუთმეტ დღეზე მეტია, რაც ათონზე ვარ. სანამ თესალონიკიდან წამოვიდოდი, წერილი მოგწერე. ხატებიც გამოგიგზავნე და სავსე კალათიც, მაგრამ დამავიწყდა რა ჩავდე შიგ. მგონია, ჩაი იყო და თხილი ბავშვებისთვის. ვერონიკას გამოართვით მელეტიას მონასტერში (წმ. ირინეს სახელობის). იქნებ მალე მოგიტანონ კიდეც.
იმის გამო, რომ გვიან მომწერე, აღარ მოგწერე, მოდით-მეთქი, თანაც ვიცნობ მილტიადეს და ვიცი, რომ, თუ მოხვიდოდით, გეჯუჯღუნებოდა და ამიტომაც პირობა დავარღვიე. სხვა დროს, თუ ღმერთს უნდა, შეიძლება ან მე მოგინახულოთ, ან თქვენ ჩამოხვიდეთ – როგორც განაგებს წმიდა ღმერთი. ახლა კი იმას გთხოვდი, განსაცდელებში მოთმინება იქონიო. ხატების ფულს რაც შეეხება, ნუ ღელავ, როცა გექნება, მაშინ გამომიგზავნი მეორე, სამი მღვდელმთავრის ხატის ფულთან ერთად. ახლა ხატავენ, მალე მორჩებიან. ვინც ხატავს, ათონის მთის საუკეთესო ხატმწერია და თანაც ძალიან სათნოებიანი ადამიანი. მე ჩემი ეკლესიის ხატები მასთან დავხატე. ღმრთისმშობლის „მირტიდიოტისას“ ხატი სხვამ გააკეთა, მაგრამ ეს უკეთესია.
იმ ქალს თუ უნდა, გამომიგზავნოს ზომები და ფული, და შევუკვეთავ. ჩემთვის ეს ძნელი არ არის. მეც ვუწევ სამსახურს ასკეტ ბერებს და ისინიც მე მიწევენ სამსახურს, როცა მჭირდება. აქ არ არის ანგარება, არამედ უფლის მიერ მოცემულ სიყვარულის მცნებას აღვასრულებთ – გიყვარდეთ ერთმანეთიო.
ახლა ღვინოსა და კვერცხებს არავინ მოიხმარს. ამასაც გთხოვ: ის ქალი, ლუკია, თუ გაჭირვებულია, სხვა ფულს ნუ სთხოვ, იქნებ არ აქვს. რამეს მოვიფიქრებ და აქ შევაკოწიწებ. თუ ღმერთი ინებებს. ის მინდოდა მხოლოდ, რომ თავისი გარდაცვლილი მშობლების სახელები გამოაგზავნოს, რომ მოვიხსენოთ ხოლმე. მაგრამ თუ ეს შენთვის ადვილი არ არის, არა უშავს. მომწერე უბრალოდ და მე მივაწვდი მღვდელს. ვფიქრობ, ეგეც ახალს მისდევს.
მომწერე, მაგრამ შემდეგში ორმოცი წირვისთვის ნუ გამომიგზავნი იმათ სახელებს, რომლებიც ახლით არიან, რადგან ეს დამატებითი ჯაფაა ჩემთვის. აქ მათ არ იხსენიებენ. არიან სხვებიც, რომლებიც მათ იხსენიებენ, მაგრამ მათ ისე უყურებენ. თითქოს ისინიც ახლით იყვნენ. ჩვენ მათთან ერთად არ ვეზიარებით, ამიტომ ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია, თუმცა სხვა სულიერ საკითხებს რაც შეეხება, დღედაღამ ვირჯები და ვიტანჯები ღმერთის დიდებისა და სიყვარულისთვის.
თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ.
ასე რომ, მთელი მსოფლიოსთვის მთელი ღამე ვლოცულობთ. მე დღედაღამ ვწერ მათ, ვინც მეკითხება. სხვა საჭმელს ამზადებს, სხვას წერილები დააქვს, სხვა ხელ-საქმეს აკეთებს. ანგელოზებივით ვართ. ყოველთვის დღეში ერთხელ ვჭამთ, ცოტა ორცხობილა და ცოტა საჭმელი, გინდ შობა იყოს, გინდ აღდგომა – დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ დღეებში ცალ-ცალკე ვჭამთ, ხოლო კვირას და დიდ დღესასწაულებზე — ერთად. აჰ, რომ განახა, რომ განახა, რა კარგია! ასკეტური ცხოვრება, უდაბნო, ანგელოზებრივი ცხოვრება. აჰ, რომ შეგეძლოს ჩვენი დანახვა!
ლეონარდო იყო აქ. იმხანად დიდი გაწამაწია გვქონდა, ძმები დღე და ღამე მუშაობდნენ, [და ამიტომ] თავისუფლად ჭამდნენ. ერთი სიტყვით, ამ გაწამაწიის მეტი ვერაფერი შეამჩნია, ჩვენი ასკეტური ცხოვრება ვერ ნახა. ვუთხარი, რომელიმე მონასტერში წადი-მეთქი, მაგრამ სახლზე ზრუნვის გამო არსად წავიდა.
აქ, ჩემო დაიკო, ამქვეყნიური სამოთხეა. თუ კაცი თავიდანვე მკაცრ, ამაღლებულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება, ხოლო თუ თავიდანვე ფართო გზა აირჩია, მოგვიანებით ეშმაკი წაიყვანს და საბოლოოდ, ერისკაცებზე უარესი ხდება, იმიტომ, რომ ჭინკა ძლიერად ებრძვის მონაზვნებს – მანამ, სანამ იმათაც ჭინკებად არ აქცევს. ეს კი იმიტომ, რომ უნდა ქრისტეზე შური იძიოს და უთხრას: „აი, ნაზარეველო, შეხედე შენს მეომრებს! შენ მათ მარადიულ სამეფოს აღუთქვამ, ესენი კი უარგყოფენ, ხოლო მე მცირეოდენ სასის სიტკბოებას ვაძლევ და კუდში მომდევენ“. ამით იკვეხნის დემონი.
ამიტომაც, თუ ვინმეს სურს, მონაზონი გახდეს, დიდი თავგანწირვა უნდა ჰქონდეს და თავის თავს უთხრას, რომ მეტს აღარ იცხოვრებს ამქვეყნად, არამედ ჯვარს უნდა აცვას საკუთარი თავი და ყველა განსაცდელი მოითმინოს: შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა და ყველა სხვა გასაჭირი თუ მწუხარება. ხოლო თუ ასე არ განეწყობა, არამედ დასასვენებლად ემზადება, სჯობს არ მოვიდეს და ერში იცხოვროს კარგ ქრისტიანად, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, რამეთუ მონაზვნური ცხოვრება ძალიან მძიმეა და ბრძოლაც ძლიერია, შესაბამისად კი, მონაზვნობის მსურველს უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს და საკუთარი ბუნების მუდმივი იძულება. თანაც, სიკვდილამდე არ უნდა გათამამდეს და არ მოადუნოს ყურადღება, თუ არა და, იმწუთას დაეცემა და გაქრება, რამეთუ მზაკვარი და სისხლისმსმელი ეშმაკები ჩასაფრებულები არიან და შესაფერის დროს ელიან.
ღმერთმა გაგვინათლოს [გონება და სული] და დაგვიცვას. ამინ.
ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით, ყველაზე უარესი მამა იოსები
სწავლა ნდ. ვერცხლისმოყვარებისათვისვე
ძმანო, ისმინეთ ჩემი, რამეთუ ბოროტ არს ვეცხლის-მოყვარება ბოროტი. და თვალთა და ყურთა დაუყოფს, და მხეცისა უფიცხეს ჰყოფს კაცსა: არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრობასა, არცა თვისისა სულისა ცხოვნებასა უტევებს გულის-ხმის-ყოფად, არამედ ვინათგან ჰსძლოს კაცსა ვეცხლის-მოყვარებამან, სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, როემლ დაარწმუნებს, რომ რათა მადლიერცა მისდა იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესე ზომცა აღორძინდების გულის-თქმა მათი და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მხეცი იგი უბრძოლველ.
ვეცხლის-მოყვარებამან - გეეზი განაკეთროვნა. ამან ანანია და საპფირა წარსწყმიდნა. ამან იუდა ქრისტეს განმცემელ ჰყო. ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს. ვეცხლის-მოყვარებამან აღავსო სისხლითა გზანი. ვეცხლის-მოყვარებამან აღავსო გლოვითა და გოდებითა ქალაქნი. ვეცხლის-მოყვარებამან შეაგინა მრავალნი და ტაბლები ბილწებისა დააგო და სანოვაგები უსჯულოებისა. ამისთვის ვეცხლის-მოყვარებასა კერპთ-მსახურებად უწოდა პავლე, ხოლო ვითარ არს კერპთ-მსახურებაი? ესრეთ, რამეთუ, რომელთამე აქვს საფასე და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად მარხვენ მიუახლებელად, ვითარცა სიწმიდესა რასმე, რომლისა ვერ იკადრებენ კაცნი მიახლებად. და უკეთუ ოდესმე იიძულნენ მიახლებად მათდა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ - ბოროტი რაიმე ჰქმნეს? და ვითარცა კერპთა, და ესრეთ მარხვენ საფასეთა შეწყვდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა. და ტაძრისა წილ, აქვს მათ კიდობნები და მარხვენ ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა. რაისა იქმ, ჰოი კაცო, ვეცხლის-მოყვარეო? არა თაყვანის-ცემაა ოქროსა მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ, დაღაცათუ არა თაყვანის-ცემ, არამედ ყოვლით კერძო მას პატივჰსცემ. და, ვითარცა კერპთ-მსახურსა ურჩევიეს სულისა თვისისა აღმოსლვაი, - ვიდრე კერპისა თვისისა წარგებაი, ეგრეთვე შენ, ვეცხლის-მოყვარეო, გირჩევიეს სულისა აღმოსლვა, ვიდრე საფასეთა შენთა შეხებაი. ხოლო ამას თუ იტყვი შენ, კაცო, ვითარმედ არა თაყვანის-ვსცემ მე ოქროსა, არცა იგი (ვეცხლის-მოყვარე) არა კერპსა თაყვანის-ცემს, არამედ მას შინა დამკვიდრებულსა ეშმაკსა. ეგრეთვე შენ, დაღაცათუ ოქროსა მას არა თაყვანის-ცემ, არამედ ეშმაკსა მას თაყვანის-ცემ, რომელი ოქროსა მისგან და გულის-თქმისა მისისაგან სულსა შინა შენსა შემოვალს. რამეთუ ყოვლისა ეშმაკისა უბოროტეს არს გულის თქმა ვეცხლის-მოყვარებისა, რომელი გასწავებს ყოველსა ბოროტსა და გეტყვის, ვითარმედ მარადის მბრძოლ ექმენ ყოველთა კაცთა და მტერ. უცხო ექმენ ბუნებასა შენსა, შეურაცხ-ჰყავ ღმერთი, შემოსწირე თავი შენი ჩემდა! კერპთ-მსახურნი კერპსა უზორვენ და ცხოვარსა შესწირვენ. ხოლო ვეცხლის-მოყვარება იტყვის, შემოსწირე სული შენი ჩემდაო და ისმენ მისსა. ჰხედავა, ვითარნი ბომონნი ჰქონან, ვითართა შესაწირავთა ეძიებს? "სასუფეველსა ვერ დაიმკვიდრებენ ანგაჰარნი", და არავე ეშინის, და ესე გულის-თქმაი უუძლურეს არს ყოველთა გულის-თქმათასა. რამეთუ არა ბუნებით დანერგული არს, არა თუ პირველითგანმცა იყო! ხოლო აწ ვჰხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქრო და ვეცხლი არა იყო, არცა ვის უყვარდა. არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თვითეულთა მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად და ესრეთ განეფინა სენი ესე. რამეთუ, რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი, და ჭურჭელნი ვეცხლისაინი და სხვა ყოველივე სიმდიდრე, მეყვსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რათა მათ წარხდენ და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა. გარნა არცა ესრეთ აქვს სიტყვა ვეცხლის-მოყვარეთა წინაშე ღვთისა. რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთა შინა და უბანთა. დაღაცათუ უპოვარება ვერ ძალ გიძს, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებ. რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნი არიან, რომელნი არა იტაცებენ, არამედ სიმართლით მოგებული აქვს და მისგან ჰყოფენ მოწყალებასა. რად არა უკვე მათ ვეშურებით და ვჰბაძავთ? მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი კაცნი. არა ცალიერნი ჰსდგანანა ტაძარნი და აგარაკნი მათნი, და ოდენ სახელი მათი ეწოდების, ვითარმედ მის ვისიმე სახლი და მის ვისიმე სოფელი? არა სულთ-ვითქვამთა, ვიხილნეთ რა, თუ რაზომნი ტაცებანი ჰქმნნა მისთვის, და აწ არღარა სადა ჰსჩანს. არამედ მისთა ნაშრომთა შინა იშვებენ სხვანი, რომელთასა არა ჰგონებდა. და ნუ უკვე მტერნიცა მისნი იყვნენ მას შინა და იგი ბოროტითა სიკვდილითა მომკვდარ არნ? და ესევე ჩვენ წინა გვიძს, რამეთუ უეჭველად იგივე აღსასრული მოსვლად არს ჩვენ ზედა. რამეთუ, რაოდენნი მტერობანი სხვათანი ჰქმნნეს მაშენებელთა ამის ტაძრისათა, რაოდენნი მოხვეჭანი, რაოდენნი წარსაგებელნი, და რაი იქმნა მის ყოვლისა სარგებელი? სატანჯველი საუკუნო და არცა ერთისა ნუგეშინისცემისა პოვნაი. - და აქაცა, აწ ყოველნი უზრახვენ ძვირსა. ანუ არა მრავალთა კაცთა ხელმწიფეთა ხატები გამოწერილები (დახატულ არიან) სახლთა შინა მათთა, რაჟამს ვიხილნეთ, არა უფროსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად ჰსთქვა წინასწარმეტყველმან, ვითარმედ: "ამაოდ შფოთებს ყოველი კაცი". რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესე ვითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაი, არამედ სავანეთა მათ საყოფელთა ზეცისათა ჯერ არს სმოგებაი. რამეთუ აქა სხვამან შვრის და სხვა განისვენებს მას შინა. ხოლო მუნ თვითეული თვისსა ნაშრომსა ზედა უფალ არს, და მრავალ წილად მიიღოს მისაგაბელი. მას მისაგებელსა ვეძებდეთ, ძმანო, მუნ ვიშენოთ სახლები, რათა განვისვენოთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
განსაცდელების შესახებ
ღვთისაგან დაშვებული განსაცდელები ჩვენი ძალების შესაბამისია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ განსაცდელებს ხშირად თან სდევს უმოწყალო ადამიანების მხრიდან დაცინვა ან უგუნური მსჯელობა, რის შედეგადაც ჩვენი სისუსტის გამო ვიდრიკებით. ძლიერი ქარი წვრილ ხეებს ამტვრევს და მიწიდან ძირფესვიანად თხრის იმათ, რომლებსაც ღრმა ფესვები არ გააჩნიათ, მაშინ როდესაც ღრმად ფესვებგადგმულ ხეებს იგი ფესვების უკეთ გამაგრებაში ეხმარება.
ღმერთი არ იწყნარებს ველურ და უგუნურ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, - როცა ზოგს ძირიანად თხრიან, ზოგს კი თრგუნავენ, რამეთუ ღმერთს წყალობა ნებავს, რადგან თავად არის მოწყალე. მას სურს, რომ ადამიანში მოყვასის მიმართ დახმარების სურვილი, სიყვარული და თანაგრძნობა სუფევდეს, რადგან ისინი ხეები კი არა, ღვთის ხატები არიან. თუმცაღა, რა თქმა უნდა, კაცს, საკუთარი თავის გარდა, ვერავინ ავნებს.
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით იწყნარებს ყველა მასზე მოწეულ განსაცდელს, როგორც სულის საკურნებელ წამალს, და მოთმინებით შემოსილი ადიდებს და მადლობს უფალს. ბედნიერებაა, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რადგან სხვაგვარად საშინელ სამსჯავრო ჟამს დაფარული ვნებები და გადაჭარბებული მოთხოვნილებები აღმოგვიჩნდებოდა. ღმერთს რომ ამაზე თვალები დაეხუჭა და სამოთხეში ისეთები დავემკვიდრებინეთ, როგორებიც მაშინ ვიქნებოდით, იქაც გამოვავლენდით საკუთარ თავს. ამიტომ უფალი აქ, ამ სოფელში, უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რათა ამ განსაცდელებმა მტვერი ჩამოგვიბერტყოს, ჩვენი სული მწუხარებისა და ცრემლების ხელშეწყობით განწმინდოს და ხსნის გზა ღვთის ძიებაში დაგვანახოს.
ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან განდგომილი ადამიანები არიან. ისინი ვერც ამ და ვერც მომავალ ცხოვრებაში ბედნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ იმათზე უბედურნი ეშმაკები არიან, ათასობით წლის უკან რომ განშორდნენ ღმერთს, კვლავ მოუნანიებელნი დარჩნენ და, ბოროტებითა და ამპარტავნებით ღმერთს დაშორდნენ.
ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქვემდებარეს, თავიანთი სინანულით კი (ღვთისაკენ მოქცევით) ზეცას უდიდესი სიხარული მოუვლინეს.
როცა ცოდვა სულში დიდი ხნის განმავლობაშია დამკვიდრებული, მაშინ ეშმაკი ადამიანზე გაცილებით დიდ უფლებას იხვეჭს, და იმისათვის, რომ მან დაგვტოვოს, ძველი (სულიერი) სახლი უნდა დავანგრიოთ და ახლის აშენებას შევუდგეთ.
ვისაც თავისთავში დაბადებიდან ჰყავს ეშმაკი, მას უდიდესი მისაგებელი ელოდება, თუ არ იწუწუნებს, და ღვთის მადლით გათავისუფლებას დაელოდება. ხოლო, ვინც თვითონვე გახდა საკუთარი შეპყრობის მიზეზი, გასათავისუფლებლად თავად უნდა იმოღვაწეოს.
უსამართლო მოპყრობებმა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ადამიანებისა და ეშმაკებისაგან შეგვხვდება, არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ეს ღმერთსაც არ აწუხებს, რამეთუ იგი ყველა ამ უსამართლობას იწერს და მათ სანაცვლოდ ასწილად მიაგებს ზეციური სალაროდან.
უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს დაეძებს, ხოლო კიდევ უფრო უგუნურია, ვინც არც სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფებს ივიწყებს და არც სხვების მიმართ გაწეულ სიკეთეს.
უფრო მეტი მადლიერება იმ პირის მიმართ გვმართებს, ვინც უმადურად მოგვეპყრა, ვიდრე – ვინც მუდმივად გვმადლობს და ამით საზღაურს უკვე ამ ცხოვრებაშივე მოგვაგებს.
ასევე, საუკეთესო სურვილი ჩვენთვის დაუმსახურებელი წყევლა უნდა იყოს, რასაკვირველია თუ მას მშვიდად და კეთილგანწყობით ვიწყნარებთ.
რა თქმა უნდა, ღმერთთან თანამყოფები არ შეიძლება დაწყევლილნი იყვნენ, რადგან მათში ბოროტება არ არის და მხოლოდ სიკეთეა, ამიტომ რა ბოროტებაც არ უნდა შეამთხვიონ ამ ღვთივკურთხეულ ადამიანებს, იგი ძალას კარგავს, შეურაცხყოფილნი კი შინაგანად უდიდეს შეფარულ სიხარულს განიცდიან.
მათგან განსხვავებით ღვთისგან განშორებულნი, ყოველთვის უნუგეშონი არიან და ორმაგად იტანჯებიან, რადგან ვისაც ღვთისა და მომავალი ცხოვრების არ სწამს, ის არა მხოლოდ უნუგეშო რჩება, არამედ თავის სულს მუდმივ სატანჯველსაც უმზადებს.
ვინც ღმერთს არ ერწმუნება, ან ერწმუნება უფრო ნაკლებად, ვიდრე საკუთარ "მე"-ს, მას ქვეყნიერებისათვის დანგრევა მოაქვს. თუმცა, ასეთები ვერ ახერხებენ თავიანთი ეშმაკისეული გეგმების შესრულებას. იმიტომ, რომ თუნდაც მათ ერთად თავმოყრა შეძლონ, მაშინვე ერთმანეთის ღრღნას შეუდგებიან და დემონების მიერ დაიფანტებიან. რამეთუ ეშმაკს, რომელიც მათ კრიბავს, სიყვარული არ გააჩნია და მათ ვერ დაამეგობრებს; სიმდაბლე არ გააჩნია, რომ ერთმანეთი გაატანინოს; მოუთმენელია და ამიტომაც ბოროტება ისე იფანტება, რომ დიდი ბოროტების ჩადენას ვერ ასწრებს.
ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის ადამიანთა გონებას მზაკვრობაში, და ისინი, როცა თანამოძმეებს შეურაცხყოფენ, თვლიან, რომ ამით წარმატებას მიაღწიეს, და ამავე დროს საკუთარ თავზე ესმით: "როგორი მოხერხებულია! ისე, როგორც ეშმაკი", - თუმცა, ამასთან, სინდისის შინაგანი ქენჯნით (ამ პატარა ჯოჯოხეთით) მაინც იტანჯებიან.
არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისაგან გამოწვეული შინაგანი წვა. იგი სულს გამუდმებით აწვალებს და როგორც მატლი, მთელი ცხოვრება ხრავს, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით იმქვეყნიურ, მომავალ ცხოვრებაში დახრავს, "სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების..." (მარკ. 9, 44), თუ ადამიანი ამ ცხოვრებაშივე არ მოინანიებს და არ გამოისყიდის თანამოძმეთათვის მიყენებულ შეურაცხყოფებს, თუნდაც კეთილი განწყობის გამოხატვით, თუკი მას არ შეუძლია ეს სხვანაირად გააკეთოს.
მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამედ იმიტომაც, რომ მიწაზე სამოთხისეულ სიხარულს იკლებს, სიხარულს, რომელიც გრძელდება და სამოთხეში ღვთის სიახლოვეში უფრო მეტად ძლიერდება.
არაფერია იმ სიხარულზე ძლიერი ამ ქვეყნად, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია, რომელიც ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში საღვთო სათნოებებთან ერთად უხვად გვეძლევა ღვთის მოშურნე შვილებს, და რომლის მხოლოდ განცდაა შესაძლებელი და არა სიტყვებით გამოხატვა; მაგრამ უმეტესია ის სიყვარული, რომელსაც ღმერთი სამოთხეში გვიმზადებს და ამჟამად არ გვანიჭებს, რადგან მის დატევას ჩვენი თიხიერი გულებით ვერ შევძლებთ!
ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება
ვიდრე უშუალოდ ჩვენი შესასწავლი საგნის - ლიტურგიკული გადმოცემის შესახებ საუბარს შევუდგებოდეთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ საზოგადოდ რას წარმოადგენს ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება - მეცნიერება, რომლის ნაწილიც არის ლიტურგიკული გადმოცემა. გამოჩენილი რუსი მართლმადიდებელი ლიტურგისტის, არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) განსაზღვრებით, "ლიტურგიკულ ღმრთისმეტყველებაში უნდა ვიგულისხმოთ ჩვენს ღმრთისმსახურებაში, ჩვენს საეკლესიო საგალობლებში, იკონოგრაფიულ კომპოზიციებში, დღესასწაულთა განგებებში, საიდუმლოებებსა და ზოგადად მთელ საღმრთისმსახურო წესში ჩადებული საღმრთისმეტყველო იდეების სისტემატიზაცია. ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების შესწავლა ისტორიულ პერსპექტივაში, ამა თუ იმ წესებისა თუ დღესასწაულების მუდმივად მიმდინარე განვითარებისა და ცვლილებების პროცესებზე ყურადღების მიქცევის პირობებში უნდა მოხდეს, რომლებიც შემდგომ სხვა ქრისტიანული საზოგადოებების საღმრთისმსახურო წეს-ჩვეულებებს უნდა შედარდეს".
მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ არქიმანდრიტ კვიპრიანეს ამ განსაზღვრების შინაარსი. შეიძლება ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება, ლიტურგიკა მხოლოდ იმ სქელი, დიდტანიანი წიგნების შინაარსი და ტიპიკონების მითითებებია, რომლებსაც ჩვენ საკურთხეველში ან მედავითნეთა კათედრაზე ვიყენებთ, ანდა იმ ფოლიანტებისა, რომელთა მიხედვითაც მსახურება სრულდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. არქიმანდრიტი კვიპრიანე ჩვენს ყურადღებას იმაზე მიაპყრობს, რომ ყველა ამ წიგნთან ერთად ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების ინტერესთა სფეროში ასევე შედის ჩვენს ტაძრებში აღსრულებული მსახურებების საკუთრივ საღმრთისმეტყველო შინაარსი, თავად ღმრთისმსახურების ღმრთისმეტყველება, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ლიტურგიკულ გარდამოცემასთან დაკავშირებით, საიდუმლოებათა ღმრთისმეტყველებაც. ამის მიზეზი ისაა, რომ მთელ ჩვენს ღმრთისმსახურებაში, საეკლესიო ცხოვრების მთელ მოწყობაში, ჩვენს წმინდა ლოცვებსა და განგებებში უპირველეს ყოვლისა საეკლესიო სწავლებაა ასახული და ჩადებული. მართლმადიდებლური საღმრთისმსახურო წიგნებით არამხოლოდ ლიტურგიკის, არამედ დოგმატიკის სწავლაც არის შესაძლებელი. და თუკი ოდესმე ისე მოხდებოდა, რომ დოგმატიკის ყველა სახელმძღვანელო, ღვთისმეტყველების შესახებ დაწერილი ყველა შრომა და ტრაქტატი უცებ გაქრებოდა, უცებ "აორთქლდებოდა", ჩვენთვის მიუწვდომელი გახდებოდა და მხოლოდ საღმრთისმსახურო წიგნები გვექნებოდა ხელთ, ამ წიგნების მეშვეობით სრულყოფილად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე შევძლებთ იმ მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების ხელახლა აღდგენასა და ფორმულირებას, რომელსაც ქრისტეს ეკლესია აღიარებს.
ამას გარდა, არქიმანდრიტ კვიპრიანეს მოწმობით, ლიტურგიკულ ღმრთისმეტყველებაში ჩვენ არამხოლოდ საეკლესიო მსახურებათა და საიდუმლოთა განგებების ტექსტებს ვეხებით, არამედ ხატსაც და იკონოგრაფიულ კომპოზიციებსაც, ვინაიდან წმინდათა გამოსახულებები, კანკელი, ხატები, რომლებსაც ეკლესიაში ვხედავთ, ჩვენი საღმრთისმსახურო ცხოვრების ასევე განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება ასევე საეკლესიო დღესასწაულების საღმრთისმსახურო ციკლს, მათი წარმოშობის ისტორიას შეისწავლის; ამ სფეროში ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს - ჰეორტოლოგია.
და ეს ყოველივე - ღმრთისმსახურების განგებებიც, მათთან დაკავშირებული საღმრთისმსახურო იდეებიც და საეკლესიო საღმრთისმსახურო ციკლის ფორმირების ისტორიაც - არქიმანდრიტ კვიპრიანეს აზრით, ლიტურგიკულმა ღმრთისმსახურებამ უნდა შეისწავლოს და თანაც აუცილებლად ისტორიულ პერსპექტივაში.
ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ წმინდა ბასილი დიდმა თავისი ლიტურგია IV საუკუნეში ისეთივე სახით შეადგინა, როგორაც ის დღევანდელ ტიპიკონებშია დაბეჭდილი და ჩვენც ზუსტად ისევე, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ვასრულებთ მას. ეს აზრი ნაწილობრივ მართებულია, ნაწილობრივ კი - არა. სწორია იმიტომ, რომ ლიტურგიკის ცენტრალური ნაწილი - უბრალო მეტყველებაში გავრცელებული გამოთქმით "ევქარისტიული კანონი" ანუ ანაფორის ლოცვა - ნამდვილად იმ დროიდან მოდის. ხოლო მსახურების ბევრი სხვა ნაწილი ეკლესიაში ბევრად უფრო გვიან შემოიღეს. მაგალითად, როცა ტაძარში ლიტურგიაზე მივდივართ, გვესმის პირველი საგალობლები, რომლებიც მის დასაწყის ასამაღლებელს მოჰყვებიან: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა..." და "აქებს სული ჩემი უფალსა..." - ეს ბიბლიური 102-ე და 145-ე ფსალმუნების უძველესი ტექსტებია, მაგრამ ევქარისტიის საიდუმლოს განგებაში ისინი ბევრად უფრო გვიან შეიტანეს, ვიდრე წმინდა ბასილი დიდი შეადგენდა თავისი ლიტურგიის ლოცვებს. კონსტანტინეპოლურ წესში ლიტურგიაზე ეს ფსალმუნები მხოლოდ IX საუკუნიდან მოყოლებული იგალობება. აღსარების წესი, რომელიც დღესდღეობით სრულდება ჩვენს ტაძრებში, XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა, ანუ საიდუმლოთა უძველესი საფუძვლები და ცენტრალური მომენტები ეკლესიაში დასაბამიდანვე არსებობდნენ, მაგრამ მრავალი ასწლეულის განმავლობაში ყველა ეს წესი და განგება (არა მათი სულიერი სისავსე, არამედ ის ფორმა, რომლითაც ეს სულიერი შინაარსია გადმოცემული) ძლიერ შეიცვალა.
ამიტომ, როცა საეკლესიო საიდუმლოთა და მსახურებათა ისტორიას ვეხებით, პირველ რიგში იმის გარკვევა გვმართებს, თუ როგორ აღესრულებოდნენ ეს განგებები პირველ საუკუნეში, მის მომდევნო ასწლეულებში, როგორ ხდებოდა მათი ფორმირება და ბოლოს როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი დღევანდელი ღმრთისმსახურება. ამასთან, არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) განსაზღვრების თანახმად, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მართლმადიდებლურ განგებათა სხვა არამართლმადიდებლური ქრისტიანული საზოგადოებების წესებთან შედარებითი ანალიზი. რისთვის არის ამის გაკეთება საჭირო? არა იმისათვის, რომ კათოლიკების ან ცდომილებაში მყოფი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების მხილება დავიწყოთ, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობის წარმოსაჩენად, რომელმაც წმინდად და უცოდველად შეინარჩუნა საიდუმლოთა შესახებ თავდაპირველი მართლმადიდებლური სწავლება.
ჩვენი თემის შესახებ დღეისათვის ხელმისაწვდომი ძირითადი წიგნი, რომლის ქონაც სასურველია, არის დეკანოზ გენადი ნეფედოვის "მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებები და წესები" (Протоиерей Геннадий Нефедов Таинства и обряды Правосланой церкви’’). სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ წიგნში ავტორი ცალკე არ საუბრობს ევქარისტიის შესახებ. საღმრთო ლიტურგიისადმი მიძღვნილი წიგნებიდან დავასახელებთ არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) "ევქარისტიას". თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით დღეისათვის ის უკვე საკმაოდ მოძველებულია და მათთვის, ვისაც ევქარისტიის განგების განვითარების ისტორიის შესახებ თანამედროვე შეხედულების ამ მხრივ გაცნობა სურს, დასავლეთელი ავტორის - ჰიუ უაიბრუს შრომას "მართლმადიდებლური ლიტურგია" გავუწევთ რეკომენდაციას.
თემა: საღვთო ლიტურგია, ღვთისმსახურებაავტორი: პ. ი. მალკოვი
წყარო: მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებანი
საახალწლო ეპისტოლე - 1981
სრულიად საქართველოს ღვითვკურთხეულ შვილებს!
მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ
ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (ეფეს. 6,23).
რწმენა, სიყვარული, სიბრძნე, კეთილგონიერება, მომავლის ჭვრეტა - ეს არის უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყოველი ადამიანი. ამაზე ფიქრით, ჩვენ ვაცილებთ ძველ წელიწადს და ვხვდებით ახალ, 1981 წელს. ბედნიერი იყო წარსული წელი ჩვენი ერისათვის: მშვიდობა სუფევდა ჩვენს სამშობლოში, ქართველმა ერმა შექმნა დიდი სულიერი და მატერიალური დოვლათი, ჩვენი ერი აგრძელებდა და აგრძელებს აღმავლობის გზას. ღვთის წყალობითა და მისი ლოცვა-კურთხევით კარს მოგვადგა ახალი წელი.რა ვთხოვოთ უფალს, რა ვუსურვოთ ერთმანეთს?!
უფალი ბრძანებს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7). ჩვენს ხალხში არის ღვთისგან მონიჭებული შემოქმედების გენია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს გენია გამოვლინდეს. ამ გენიამ შექმნა ჩვენი ანბანი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ბოლნისის სიონი, „ვეფხისტყაოსანი“, შეუდარებელი მუსიკა... და დღესაც, ყოველ დარგში უნდა ითქვას ახალი სიტყვა, შემოქმედების ახალი ძალა უნდა იგრძნობოდეს.
როცა გავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა; როგორ არ მოისპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთან ჭიდილს. საქართველოს არ ჰქონდა სასაზღვრო კავშირი არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანასთან და მიუხედავად ამისა, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ერმა თავისი თვითმყოფადი, მადლმოსილი სახე შეინარჩუნა. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეურყევლად ვიდექით და ვდგავართ ქრისტიანულ ნიადაგზე, ქრისტეს სჯულზე, რომელიც ქადაგებს სიყვარულს ღმრთისა, მამულისა და მოყვასისადმი, სიყვარულს ჩვენი ძველი ქართული ტრადიციებისადმი.
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, ბერი იოანე, თორნიკე ერისთავი, მეფე-მოწამენი - არჩილი და ლუარსაბი, სჯულისათვის თავდადებული დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონ III, კალისტრატე და მრავალი სხვა - ხომ მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი. მათი შრომითა და თავდადებული მოღვაწეობით საქართველო სულიერად აღორძინებულა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულა. ჩვენ უნდა ვიყოთ გამგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი.
ჩვენ იგივენი ვართ, ვინც ვიყავით ადრე, ვინც აღვაშენეთ ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები, გამოვჭედეთ ხახულის კარედი და შევქმენით შეუდარებელი ჰაგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. ჩვენშია ის გენია, ამას მხოლოდ წარმოჩინება სჭირდება. ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით. ჩვენთან დღესაც ბევრი რამ იქმნება ზოგადკაცობრიული და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერის ნათელ მომავალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია. მე მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ქართველი ერი დღესაც შობს ახალ რუსთაველსა და ბარათაშვილს, ახალ ბექა ოპიზარსა და თავდადებულ დიმიტრის. ჩვენი ერის გენია სწორედ იმაშია, რომ ქართველი კაცი გაართმევს თავს ამ სირთულეს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.
ქართულ ეკლესიას ისევე, როგორც ჩვენს ინტელიგენციას და მთელ ქართველ ერს, არ გვაძლევს მოსვენებას ერთი ფიქრი: ვინ ვიყავით უწინ, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით?! კარგია, რომ ჩვენი ხალხი ამაზე ფიქრობს. განსაკუთრებით დღეს ამაზე ფიქრობს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა და ეს გვახარებს ჩვენ.
ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა და ბავშვების აღზრდა. ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება. პავლე მოციქული ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5,23). შვილები - ეს ხომ ღვთის დიდი ლოცვა-კურთხევაა. ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგება უნდა ისწავლოს ბავშვმა. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, - ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე:
„დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან რჩეს კვალი განათლებული!“
საქართველოს შვილნო, გისურვებთ მრავალ ქორწინებას, გამრავლებას, მრავალი შვილის ყოლას!
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, მშვიდობა სუფევდეს ადამიანთა გულებში, ოჯახებსა და ერთა შორის კიდით კიდემდე. დაე, აღორძინდეს სარწმუნოება, სიყვარული და ურთიერთგაგება კაცთა შორის! სუფევდეს ქართველი ერი, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის: „ერთ სულ და ერთ გონება“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერნი და მტერი ვერას დაგვაკლებს. „ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან“ (გრ. ნაზიანზელი).
ბრძენი ამბობს: „მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისაგან გამდიდრებული“.
და ბოლოს, მსურს დავლოცო ერი ჩვენი:
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართველო ყოვლისაო სიბრძნითა და სახიერებითა შენითა განგებულებითა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელნი საკვირველ-ჰყვენ ჩვენზედა წარსულსა ჟამსა ცხოვრებისა ჩვენისასა. გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო, აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა.
აცხოვნე, უფალო, ერი ჩვენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ამინ!
თბილისი,
1981 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
მისი ღვაწლი
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და სხვა დანარჩენს, რაც ხისგან კეთდება. ამ საქმით იგი ოცდაათ წლამდე იყო დაკავებული. მას არა მარტო ხურო იოსების ვაჟს ეძახდნენ, როგორც ამას მათე მახარებელი ამბობს: "ანუ არა ესე არსა ხუროისა მის ძე?" (მათ. 13, 55), არამედ უბრალოდ – ხუროსაც, მარკოზის სახარების მიხედვით: "ანუ არა ესე არს ხუროი იგი, ძე მარიამისი?" (მარკ. 6, 3). ვიდრე მართალი იოსები ცოცხალი იყო, იგი მუშაობდა და მასთან ერთად იღვწოდა, დაკავებული იყო მხოლოდ ხელობით; იგი მამას ყველაფერში ეხმარებოდა და ისე იქცეოდა, როგორც ბრძენი ზირაქი ამბობს: "როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს" (ზირ. 3, 7). როგორც მისი მშობლები იყვნენ ღარიბები და უდიდესი შრომის ფასად მოიპოვებდნენ ლუკმა-პურს, ასევე მოეთხოვებოდა უფალსაც – მათთან ერთად შრომა, როგორც ამბობს წმიდა ბასილი დიდი: "თანახმად სიყრმის ასაკისა, იგი ემორჩილებოდა მშობლებს, სულგრძელებითა და სიმშვიდით იტანდა ყველა დუხჭირ შრომას. და სავსებით ცხადია, რომ ისინი, თუმცა იყვნენ მართალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, მაგრამ ამასთან ღარიბები, გაჭირვებულები და უქონელნი" (სამონაზვნო წესდება, 4).
მართალი იოსების სიკვდილის შემდეგ უფალი მარტო აგრძელებდა ამ ხელობას. ეს სამუშაო კი არ იყო ისეთი სახელოვანი, როგორიც მეცნიერება (ფიზიკა, გეომეტრია, მათემატიკა, მუსიკა და სხვა ამის მსგავსი), არამედ ეს იყო უხეში, მძიმე საქმე და სიმდიდრე არ მოჰქონდა. უფალი დაკავებული იყო ამით იმიტომ, რომ მას, როგორც ადამიანს ჰქონოდა რაიმე, რითაც შეეძლო ცხოვრება და ამით დახმარებოდა თავის საწყალ დედას, სხვა უქონელთ და ღარიბებს. ამას იმიტომაც აკეთებდა, რომ ორი რამ ეჩვენებინა. პირველი – მიეცა ყველასთვის მაგალითი, უქმად არ მჯდარიყვნენ, ხოლო მეორე – თავისივე მაგალითით ესწავლებინა ადამიანებისათვის, არ ეთაკილათ არანაირი ხელობა, რომელიც შეიძლება, ყველაზე მდაბალი და უღირსი იყოს, მაგრამ ადამიანისათვის ცხონების საქმეში არ შეიძლება, დამაბრკოლებლად ჩაითვალოს. ეს უნდა ახსოვდეს ყველა მშრომელ ადამიანს, მაგრამ ამასთანავე იგი უნდა მოერიდოს ტყუილს, ქურდობასა და თაღლითობას.
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რომელმაც მოაწყო ზეცა და მიწა, რომელმაც გაანათლა ადამიანური გონება სხვადასხვა ხელოვნებისა და ხელობის გამოგონებით, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ მძიმე და უხეშ სამუშაოს ასრულებდა. ის სიბრძნე, რომელმაც წარმოუდგენელი ხელოვნებით შექმნა ზეცა და მიწა და ადამიანური ფიქრი ხელოვნებამდე აღამაღლა, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ უმდარესი საქმით იყო დაკავებული.
ჭეშმარიტად, საოცარი იყო მისი ხილვა, რომელსაც ხელისგულით ეპყრა მთელი სამყარო, იგი დგებოდა ადრიანად, იღებდა ხელსაწყოებით სავსე კალათას და ხან ერთ და ხან მეორე სახლში დადიოდა. მუშაობით დაღლილი, ზაფხულში ოფლით გახვითქული და ზამთარში სიცივით გაყინული ბრუნდებოდა საღამოს შინ. ის, ვინც თავისი სულით ასაზრდოვებს ყოველ ცოცხალს – არა მარტო ცხოველებს, არამედ მცენარეებსაც – და აღავსებს მათ ყოველგვარი სიკეთით (ფს. 144, 16), დილიდან საღამომდე შრომობს აუცილებელი გასამრჯელოსათვის. ადამიანურ გონებას არ ძალუძს, იტვირთოს ყოველივე ეს! არც ერთ ენას არ შეუძლია, აღწეროს იგი! ამის შემხედვარეს გაოცებისაგან ძარღვებში სისხლი გეყინება. ასე რომ, სამართლიანია უფლის ნათქვამი სიტყვა: "ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახუროს, არამედ მსახურებად" (მათ. 20, 28).
იცოდე, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებდა, როგორც ბრძენი ექიმი, რათა თავისი მაგალითით დაავადებული კაცობრიობა ორი ავადმყოფობისა და ვნებისაგან განეკურნა: სამუშაოსაკენ ებიძგებინა უქნარებისა და ზარმაცებისათვის, ხოლო მათთვის, ვინც მუშაობს, ესწავლებინა, პატიოსნად მოქცეულიყვნენ – არ გაეძარცვათ და არ მოეტყუებინათ დამკვეთი. მაშ, ისწავლე შრომისმოყვარეობა არა ანგელოზებისაგან, არამედ თავად ყველა ანგელოზისა და ადამიანის შემოქმედისაგან.
თუ შენ პატრიარქი ხარ, მაშინ მიბაძე ჭეშმარიტ სამყაროს პატრიარქს – ქრისტეს და გახსოვდეს, რომ შენც გარგებს ცოტა წაიმუშაო – გადაწერე ხელნაწერები, ან თავად წერე რაიმეზე, ან რაიმე სხვა სულიერი საქმე წამოიწყე, რათა შეასრულო შენი ვალი ეკლესიის სწავლებებისადმი, რადგან ამით შეძლებ, დაიცვა შენი ჩანაფიქრი, მისცემ კარგ და სასარგებლო მაგალითს სამწყსოს და აღასრულებ მოციქულის მცნებას, რომელიც გვაუწყებს: "და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ" (2 თეს. 3, 8). იმიტომ, რომ ვისაც მუშაობა არ უნდა, მან არც უნდა ჭამოს, როგორც ამცნო პავლე მოციქულმა თესალონიკელ ქრისტიანებს: "უკუეთუ ვისმე არა ენების საქმის, ნუცა ჭამნ" (2 თეს. 3, 8). ასე იქცეოდნენ ძველი პატრიარქებიც – ოქროპირი, გრიგოლი, ათანასე, კირილე, ევლოგი და მათთან ერთად – ნექტარიოსი, დოსითეოსი, ქრისანტე, იერემია და ანტიოქიის უწმიდესი პატრიარქი სილიბისტრო, რომელმაც განუჩინა თავის თავს, ყოველ დღე სამი საათის განმავლობაში ხატები ეწერა. თუ შენ მღვდელმთავარი ხარ, მაშ, მიბაძე უდიდესი მღვდელმთავრების მაგალითს, ასევე სხვა უამრავ ძველ მღვდელმთავარს. თუკი შენ მოძღვარი ან ბერი ხარ, მაშინ კიდევ უფრო მეტად გჭირდება მიბაძო იესო ქრისტეს რაიმე ხელობის დაუფლებაში ან ხელსაქმეში. იმიტომ, რომ ხელსაქმე, წმიდა ისააკის სიტყვებით, როგორც ალიკაპი, ისე ეღობება მცონარობის გაჩენას. გამომუშავებული ფულით კი შეგიძლია, გაჭირვებულ ძმებს დაეხმარო.
ამიტომ ყველა მამა, რომელთაც "მოღვაწე" ეწოდებათ, როგორც მაგალითად, იოანე კიბისაღმწერელი, ეფრემი, ესაია, ევაგრე, განსაკუთრებით კი ბასილი დიდი (ძალიან ხშირად თავის "წესები მონაზვნებისას" განყოფილებებში) წმიდა წერილიდან უფლის მაგალითით გვიჩვენებენ, რომ ფიზიკური ხელსაქმე სასარგებლო და მშვენიერია. ამაზე ამბა ისააკი ასე წერს: "შვება და მცონარობა სულისთვის დამღუპველია, იგი დემონებს საშუალებას აძლევს, გვავნონ". და როგორც ადამიანია ორბუნებოვანი, ანუ შედგება სხეულისა და სულისაგან, მისი შრომაც ორბუნებოვანი უნდა იყოს. სული გონიერი და განუწყვეტელი ლოცვით უნდა იყოს დაკავებული, ხოლო სხეული – მუშაობითა და ხელსაქმით.
თუ შენ, მკითხველო, მდიდარი და განათლებული ხარ, მაშინ მიბაძე მდიდარ მოწყალებას და "მთავარსა მეფეთა ქუეყანისათა" (გამოცხ. 1, 5), რომელმაც იმისათვის, რომ მაგალითი მოგცეს, იქამდე დაიმდაბლა თავი, რომ ხელსაქმით ირჩენდა თავს. შენ შეგიძლია, წერო წიგნები, როგორც თეოდოსი იმპერატორმა, რომელმაც თავისი ხელით გადაწერა მთელი სახარება, ყოველდღიურად კითხულობდა მას. ან როგორც იმპერატორმა იოანე კანტაკუზიელმა, რომელმაც იუდეველთა და მუსლიმანთა წინააღმდეგ ორი შესანიშნავი წიგნი დაწერა. და თუკი შენ არ ხარ განათლებული, ემსახურე სხვებს სიყვარულით (გალ. 5, 13) – მოინახულე მსჯავრდებულები, ავადმყოფები, ქვრივები, ობლები, გაეცი მოწყალება, რათა არ იყო განკითხული, როგორც ზარმაცი და უსარგებლო მონა.
უფალმა "აიყვანა ადამი და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად" (შესაქ. 2, 15). და არა იმისთვის, რომ იგი მჯდარიყო იქ უქმად და მცონარობაში. ხელის სამუშაო აძლიერებს სხეულს და აჯანსაღებს მას, ხოლო უქმად ყოფნა და მცონარობა აუძლურებენ, ადუნებენ და აავადმყოფებენ მას. მართებულად დაწერა ბრძენმა ზირაქმა: "ბევრ ბოროტებას გვასწავლის მცონარება". ამას ჩვენ საქმითაც ვხედავთ – მას, ვინც შრომობს, ნაკლები ვნებები და ცბიერება აწუხებს, ხოლო ვინც მცონარობაშია, ხშირად დაპყრობილია მძვინვარე ვნებებით.
ასე რომ, თუ ადრე შენ ატარებდი ცხოვრებას მცონარებასა და უსაქმურობაში, მაშინ ბოლოსდაბოლოს, გაიღვიძე მცონარების ამ მძიმე ძილისგან. შეცვალე შენი ცხოვრება და მოინანიე, რომ შენ ასე დიდხანს არ მისდევდი იესო ქრისტეს და უსულო კერპების მსგავსი იყავი, რომელთაც აქვთ ხელი, მაგრამ არაფერს იღებენ; აქვთ ფეხი, მაგრამ არ დადიან. მუდამ ჩაბეჭდილი გქონდეს გონებაში სიტყვები, რომლებსაც ერთი მოძღვარი ამბობდა ყოველი დღის დაწყებისას: "სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო. სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!"
თემა: უფალი იესო ქრისტე, ღვაწლი, შრომაავტორი: წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის