წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ლოცვაში კაცს უნდა ჰქონდეს სული შემუსვრილი და დამდაბლებული. ლოცვაში კაცი თვითონვე უნდა ამტყუნებდეს თავის თავს, ცოდვებს ნანობდეს, ღმერთს თავის უღირსებას შეაბრალებდეს.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კაცი გონიერი და თავმდაბალი თავის თავს არაოდეს არ იქებს. თუ ღირსია ქებისა – სხვანი უნდა აქებდნენ მას, და არა თვითონ თავის თავს.
თემა: ქებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როდესაც კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცსა აქვს. ყოველი კაცი იმას ცდილობს, რომ განიკითხოს მოყვასის ცოდვა; გარნა კეთილი და ჭეშმარიტი ქრისტეანე უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას.
დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენ ცოდვასა და კარგი კაცი შეიქმნები; ხოლო კარგად თუ არ იცან შენი თავი, არათუ ქრისტიანობაში, არამედ არც სხვა საქმეში გამოდგები.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის თავი არ იცის, თუ არ შეიტყო, რა ცოდვა უქმნია, რა ნაკლულევანება აქვს გულში, რანაირად გაიმართავს იგი თავის თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ შეიქმნება უმჯობესი. გარნა, ნუ ფიქრობთ, ძმანო ჩემნო, რომ ადვილი იყოს ეს საქმე. დიდი მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმა, თუ სურს თვისი თავის შეტყობა.
ყოველთა უმეტესი მოთმინება ქრისტიანეს უნდა ქონდეს თავისი სჯულის აღსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არ აქვს ქრისტიანესა, ვერ წინააღუდგება ცოდვასა და განსაცდელსა, ვერ იქმნება კეთილი ქრისტეს მოწაფე. როდესაც შენ, ძმაო, შეგემთხვევა რომელიმე უბედურება, ანუ განსაცდელი და გაგიჭირდება ცხოვრება, მოიგონე უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. რა არ მოითმინა მან ჩვენი გულისათვისა? განკიცხვა, გინება, შეურაცხყოფა, დევნა, ტანჯვა, ჯვარცმა. თუ მაცხოვარმან ესოდენი მოითმინა შენთვის, შენც ცოტაოდენი მაინც მოითმინე მისთვის. თუმცა, თითქმის ყოვლის ჭირისა და უბედურებისა, რომელიც შენ გემართება, მიზეზი შენვე ხარ, გარნა თუ სულგრძელად მოითმენ, ღმერთი ისრე მიიღებს, ვითომც იმისთვის მოგითმენია.
თემა: მოთმინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მოთმინება მეტად საჭირო არის ყოვლის კაცისათვის, ამისთვის რომელ ქვეყანაზედ არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც არ შემთხვეოდეს ვითარმე უბედურება და უკმაყოფილება. მრთელი ჩვენი სიცოცხლე ისე არის ამ ქვეყანაში დაწყობილი, რომელ თუ მოთმინება არა აქვს კაცსა, ვერ გასძლებს ქვეყანაზედ. ყოველ საქმეში და ყოველს შემთხვევაში საჭირო არის კაცისათვის მოთმინება.
თემა: მოთმინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სიმდაბლე აქვს იმ კაცს, რომელიც თავის თავზედ დიდს არაფერს ფიქრობს, ესე იგი თავის თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას შეიძენს კაცი მაშინ, როდესაც კარგად იფიქრებს თავის ცოდვებზედ. ჩვენ ყოველნი, ძმანო ჩემნო, ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე; არ გავა არა თუ მთელი დღე, არამედ ერთი საათიც, რომ არ შევცოდოთ ღმერთსა ან გონებით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით; მაშასადამე, ყოველთვის უნდა სიმდაბლით და მონანებით ვთხოვდეთ ღმერთსა შენდობასა.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხოვრებს, ის უფრო მალე გახდება ავად და მალე დაკარგავს სიმრთელესა, რაიცა დიდი ცოდვა არის, ვინაითგან თვით ღმრთი გვიბრძანებს ჩვენ, რათა დავიცვათ და შევინახოთ ჩვენი სიცოცხლე. ამისათვის, ძმანო ჩემნო, რადგან ახლა მე თქვენ გიჩვენე, რა სასარგებლო არის ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ამას იქით ეცადეთ, რომ სუფთად და წმინდად იყოს თქვენი ცხოვრება.