წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონიერი და სასარგებლო საქმე არის, თუ კაცი ცდილობს ხორციელსა სიწმიდესა. თუ გინდ ბევრი არაფერი გქონდეს შენ, ძმაო ჩემო, მაგრამ რაც გაქვს, ის სუფთად და წმიდად შეინახე.
მეორესა და საშინელსა მოსვლასა იესო ქრისტესსა ყოველი კაცი მისცემს პასუხს არათუ მხოლოდ საქმეთა, არამედ ყოველთა სიტყვათა თვისთათვის. ეცადეთ, ძმანო ჩემნო, არა სცოდოთ ენითა თქვენითა, არამედ ჭკუიანად და მშვიდად ეტყოდეთ ერთი მეორესა ყოველთა თქვენთა საქმეთა.
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ენა თავისთავად არ სცოდავს, არამედ იმას იტყვის, რაც გულში აქვს კაცსა. მაშასადამე, ვინც ლაპარაკობს ყოველთვის გონიერად, მშვენიერად და მძიმედ, იმას უთუოდ გულიც და ხასიათიც კარგი აქვს, გარნა ვინც ხშირად იტყვის უშვერ სიტყვას, ხშირად აგინებს თავის მოყვასს, სჩანს, რომ იმას ხასიათიც ცუდი აქვს.
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირად ვხმარობთ ცოდვისათვის. ენითა ჩვენითა ვიტყვით სიცრუეს, გინებას, ცილისწამებას, უშვერ სიტყვას.
თემა: სიტყვა, ენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს. საღმრთო წერილიც ისრე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ყოველს ადამიანს უნდა ცოლი თვისი უყვარდეს და ისრეთ პატივში უნდა ყავდეს, როგორც თავისი თავი. ყოველს განათლებულ სახლში დედაკაცს აქვს დიდი პატივი.
ვისაც ახსოვს რა დიდი და ძნელი საქმე არის მთავრობა, რა დიდსა და საშინელსა პასუხისგებაში შთავარდება ღვთის წინაშე ის კაცი, რომელიც უმართლოდ ხმარობს მთავრობას – ამისთანა კაცს არც ექმნება გულში მთავრობის მოყვარება, არამედ კიდეც ეშინის, რომ მთავრობის მოყვარებით სული არ წარიწყმიდოს.
თემა: მთავრობისმოყვარეობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ ვინმე მთავრობას ანუ ჩინოვნიკობას ეძიებს მხოლოდ მისთვის, რათა თავის თავს მისცეს სარგებლობა, გამდიდრდეს, პატივი და დიდება შეიძინოს, თუ მარტო ამას ფიქრობს და სხვა არაფერი ახსოვს, იგი დიდ ცოდვაში არის. გარნა, ვინც მთავრობას ეძიებს მისთვის, რომ მოყვასთა თვისთა მისცეს სარგებლობა, დაიცვას მშვიდობა და მყუდროება სოფელში, სიმართლე და მართლმსაჯულება მიანიჭოს ყოველს კაცსა, ქვრივი, ობოლი და საწყალი დაიფაროს უმართლო და მძლავრთა კაცთაგან, ამისთანა კაცი არ არის ცოდვაში, არამედ კეთილს და მადლიანს საქმეს ეძიებს.
თემა: მთავრობისმოყვარეობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა. ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს, მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ცუდი და მავნებელი ცოდვა არის მოწყინება, მაშასადამე, ოდესცა გულში გაგიჩნდება იგი, მაშინვე ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან. ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ყოველთვის ღმერთზედ სასოება უნდა ქონდეს.
თემა: მოწყინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცს ღმერთმა მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მისი ბედნიერებისათვის: ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, – ის არ შთავარდება მოწყინებაში. თუ შეემთხვია მას რომელიმე ზარალი, ანუ უბედურება, მაინც სულგრძელ არს და მალე გამოვა ზარალითგან. მაშასადამე, მოწყინება დაემართება მხოლოდ იმ კაცს, რომელიც არის ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ცუდი ყოფა–ქცევისა
თემა: მოწყინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთ კაცს მოეწყინება თავისი სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო. ამაზედ იწყებს მწუხრებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნო; პირველად მისთვის, რომელ ქრიტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ფრთხილ, სულგრძელ.
თემა: მოწყინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი