ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 1984
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ
ნუ ჰკურნებ ბოროტსა ბოროტითა (წმ. ბასილი დიდი)
ღვთის წყალობით კვლავ ვეგებებით სასიხარულო და საზეიმო დღეს - ქრისტეს შობის დღესასწაულს.
ბეთლემი... რა საოცრად ახლობელი და ძვირფასია ეს სიტყვა ყოველი ქრისტიანისთვის. იდუმალი ღამის სიჩუმეში სწორედ აქედან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მთელი სამყარო, კაცობრიობა მოუთმენლად ელოდა მაცხოვრის მოვლინებას დედამიწაზე, ბოლოს აღსრულდა იმედი ხალხთა და ყოველთა მოიღეს შვილებაჲ ზეციური მამისაგან (გალატელთა 4,5) - იშვა ქრისტე, განახლდა იმედი, აღორძინდა სიყვარული. უფლის განხორციელებით აღდგა არა მარტო პირვანდელი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ უმაღლესი ერთობა შემოქმედსა და ყოველივე ქმნულს შორის.
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).
უფლის განკაცების წყალობით გარდაიქმნა პიროვნება, შეიცვალა მისი ზნე-ჩვეულებები. იესოს მადლით გამოხსნილმა ადამიანმა სულ სხვანაირად დაიწყო სამყაროს აღქმა. თუ ძველი აღთქმით დაშვებული იყო თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოსვლათა 21,24), ქრისტიანული სამყაროს საფუძვლად იქცა სიყვარული, ძმობა და ხალხთა შორის მეგობრობა განურჩეველად ეროვნებისა, ენისა, რასისა. თვით უფალი ასე განმარტავს ქვეყნად თავისი მოვლინების მიზანს: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ, ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (იოანე 3,16). გონებისათვის მიუწვდომელი ამ მსხვერპლის წყალობით განქარდა ზღუდე ღმერთსა და კაცს შორის, ადამიანს კვლავ განეღო სამოთხის კარი, გამოჩნდა გზა მარადიული ცხოვრებისაკენ.
სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში წერია: მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროისა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი.
ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა" (გრ. ღვთისმეტყვ. შრომები, ტ. II, გვ, 228).
ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად (ესაია 5,20).
ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!
სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. სიყვარულს ადამიანისა ღმერთთან მივყავართ. "მოყვასი არს მიზეზი ვითარცა ცხოვნებისა, ეგრეთცა წარწყმედისა სულისა ჩუენისა. უკეთუ შეიძინო ძმაჲ, ჰპოვებ უფალსა, და შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარმედ არა განურისხდე და ავსა მისსა ნუ მოიხსენებ, იყავ მშვიდობის მყოფელ, დაუთმე, უკეთუ ესე შესაძლებელ იყოს, განერიდე სიტყვის მიგებასა და დავასა", - წერს ღირსი მამა ანტონ დიდი (შრ. 5. გვ. 88); ხოლო ბრძენი სოლომონი გვასწავლის: რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არა მოაკლდეს სახლსა მისსა ძჳრი (იგავნი 17,13).
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. როგორც გაზაფხულის მზის მაცოცხლებელი სხივები აღვიძებს მიძინებულ ბუნებას, ასევე მშვიდობაც ხელს უწყობს გამოვლინდეს ღვთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული შემოქმედებითი ენერგია.
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".
მშვიდობისადმი მოწოდება განსაკუთრებული ძალით გაისმა ქრისტიანობაში. ანგელოსთა გალობა - დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ - მაცხოვრის შობისას რომ მოეფინა ქვეყანას, ღვთის მცნებად იქცა ყოველი ქრისტიანისთვის.
"რაჲ უმჯობეს არს სულთა ჩვენთათვის, ანუ უმეტეს კეთილ ამა ჟამად? ესე იგი არს, რომელი მეტობს ყოველთა სწავლათა და რომლისგანცა მომდინარეობს სარგებელი უფროჲსი ყოვლისა, - მშვიდობისათვის ვიტყჳ. ხოლო უფროჲსი ყოველთა სამწუხარო და შემაჭირვებელ არს განწვალებაჲ ანუ მტერობაჲ", - წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (შრ. 3, 1844, გვ. 135). "რომელნი ეძიებენ საწუთროსა შინა სიტკბოებასა, მშვიდობიანი ყოფის უკეთესს ვერარას პოვებენ. ყოველი რაიცა სახელ-იდების სიკეთედ და მშვენივრად, ჭეშმარიტად კეთილ არს, უკეთუ თანაზიარ არს იგი მშვიდობასა", - ვკითხულობთ წმ. გრიგოლ ნოსელთან.
ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას. მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუის მიერ... ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით - გვასწავლის პავლე მოციქული (ფილიპელთა 4,7-8). ასე ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და, როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სულიწმიდის დიდ მადლს იღებენ. ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ (გალატელთა 5,22-23). წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა. განსაკუთრებით ეს ითქმის დღევანდელ დღეზე, როდესაც ასე სწრაფი ცვლილებები ხდება ჩვენს პლანეტაზე, გამძაფრებულია საერთაშორისო მდგომარეობა, გვემუქრება თერმობირთვული ომის საშიშროება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.
დღეს ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.
ჩვენი ქვეყნის რელიგიურ გაერთიანებათა და ეკლესიათა მეთაურების 1983 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია:
"ბირთვული ომი მიგვაჩნია უმძიმეს დანაშაულად უმაღლესი ძალის, შემოქმედისა, და თვით კაცობრიობის წინაშე.
პიროვნება უფლისაგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე".
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტ. II. გვ. 312).
ჭეშმარიტად სიყვარულია ერთადერთი გზა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ: მოვიტან მაგალითს IV ს-ის კაპადოკიელი წმ. მამის - ბასილი დიდის ცხოვრებიდან, როგორც ნიმუშს ქრისტიანული სიყვარულისა და მოყვასისათვის ზრუნვისა.
კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსმა ბასილი დიდმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სტუმრებოდა თავისი ეპარქიის მღვდელს. დიდი სიხარულით შეხვდნენ მეუფეს მღვდელი ანასტასი და მისი მეუღლე თეოგნია. როგორ ცხოვრობო? - ჰკითხა ბასილი დიდმა. - ცოდვილი ვარო, - მიუგო მღვდელმა, - ორი უღელი ხარი მყავს. ერთ უღელს მე ვამუშავებ, მეორეს დაქირავებული კაცი. შემოსავლის ნაწილს ღარიბ-ღატაკთ და მწირებს ვურიგებ, ნაწილით კი გადასახადს ვისტუმრებ. ჩემი მეუღლეც მეხმარება, გვემსახურება მე და გლახაკთ.
- მითხარ, რა სიკეთე გიქმნია?
- არაფერი - იყო პასუხი.
მაშინ წმ. ბასილი ერთ-ერთი ოთახის დაკეტილ კართან გაჩერდა და მისი გაღება მოითხოვა. მღვდელი შეეცადა, გადაეფიქრებინა მეუფისათვის იქ შესვლა, არწმუნებდა, მანდ სამეურნეო ნივთების გარდა არაფერიაო. - მე სწორედ ამ ნივთების სანახავად მოვედი, - თქვა წმიდანმა.
გახსნეს კარი. მათ თვალწინ მძიმე სურათი გადაიშალა: სარეცელზე იწვა კეთროვანი, რომელსაც ნაფლეთებად ეკიდა ხორცი. იგი სადღაც ქუჩაში ეპოვათ ანასტასისა და თეოგნიას, სახლში წამოეყვანათ და უვლიდნენ (საერთოდ ჩვევად ჰქონდათ, სხვათათვის დაფარულად ეპატრონათ მძიმე ავადმყოფებისათვის).
რად მიმალავდი ამ საუნჯესო - ჰკითხა მთავარეპისკოპოსმა.
- ეს კაცი ნერვიულია - უპასუხა მღვდელმა - არ მინდოდა მევჩვენებინა, ვშიშობდი, დაუფიქრებელი სიტყვით არ შეურაცხეყო თქვენი სიწმიდე.
მღვდელმთავარმა სთხოვა ანასტასის, ნება დაერთო, ერთ ღამეს მაინც მომსახურებოდა კეთროვანს, რათა მასაც ჰქონოდა წილი იმ დიდ ჯილდოში, რასაც მღვდელი და მისი ოჯახი უფლისაგან მიიღებდა. და დარჩა იმ ღამეს ბასილი დიდი, ლოცვაში დაათენდა, დილით კი უკვე განკურნებულ ავადმყოფთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.
აი, როგორ უნდა გვწამდეს, როგორ უნდა ვემსახუროთ მოყვასს. "სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მივცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა" (მაქსიმე აღმსარებელი).
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა" (იოანე კიბისაღმწერელი, კიბე, 1851, გვ.11).
ქრისტეს შობით თვით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოხდა ზეცით და აღიღო ცოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც ღმერთთან და ადამიანთან მივყავართ. ბეთლემში იმ საკვირველ ღამეს აღსრულდა ღვთის სიტყვები; მე ვარ რომელი ვიქმ მშვიდობასა (ესაია 45,7).
ჰყოფდით ურთიერთას მშვიდობასა! - მოწაფეებისადმი მიმართული ამ სიტყვებით მაცხოვარმა ადამიანურ ურთიერთობათა დაურღვეველი კანონი დაგვიწესა. ამისკენვე მოგვიწოდებს პავლე მოციქული: მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა - იგი ჩინებულ ხართ (კოლასელთა 3,15).
განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა. წმ. ესაიამ ხალხთა შორის ყოვლისმომცველი მშვიდობისა და ერთობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ დადგება ის ღვთივკურთხეული დრო, როცა ადამიანები დასჭრიან მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა ნამგლად; და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმედ ბრძოლასა (ესაია 2,4).
შეკავშირებისა და ურთიერთგაგებისაკენ მოგვიწოდებს უფალი და მწამს, ასეთი დღე დადგება, რამეთუ თვით თავადი იგი ბრძანებს: ჴმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იოანე 10,16).
საყვარელნო შვილნო ჩემნო! გილოცავთ ქრისტეშობის დიად დღესასწაულს. დაე, ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა მოგვმადლოს ნანატრი მშვიდობა და თავისი ღვთაებრივი სიყვარულით გაგვითბოს გაციებული გულები. დაე, იყოს ეს ახალი წელი მშვიდობიანი და ღვთივკურთხეული თითოეული ჩვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის!
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკვიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა, იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი (ფსალმუნი 36,3-4). და იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშვიდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (2 იოანე 1,3), ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1983-1984 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1989
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთივდაცულ შვილებს
"რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან,
სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი, რომლითა სძლევს
სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი" (I იოანე 5,4).
"ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ" (იოანე 20,27).
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მასთან ერთად აღდგა ცოდვით დაცემული ადამიანი, - დანაშაული გამოისყიდა.თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი' (I კორინ. 15,14).
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, - კავშირი აღმდგარია!
მაგრამ აუცილებელია, რომ აღდგომის ამ მადლს ეზიაროს ადამიანი. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ნებით მივიღებთ და მთელი არსებით შევითვისებთ მაცხოვრის მიერ ჩვენთვის ნაბოძებ სიკეთეს.
და მართლაც, ქრისტეს აღდგომა არ არის მხოლოდ აქტი გამარჯვებისა. იგი არის მოწოდება ყოველი ადამიანისადმი, რათა ისიც გახდეს მონაწილე ამ დიადი ზეიმისა.
კაცობრიობის ხსნის მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. ადამიანისა და ქვეყნის ხსნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: თუ ადამიანი გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება მისი გარემომცველი სამყარო, ხოლო თუ იგი დაეცემა და სულიერად დაიღუპება, დაიღუპება ქვეყანაც.
რწმენა, - აი უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).
ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს (მათე 5,48), - მოგვიწოდებს უფალი.
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. "ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ერთობას, კარგავს თავისი შემოქმედებითი ბუნების აღქმის უნარს და ინთქმება ქაოსური მდგომარეობის გრიგალში, უარს ამბობს რა თავის სუბსტანციურობაზე" (პავლე ფლორენსი, "ლოგოსი ქაოსის წინააღმდეგ").
საერთო, ზოგად მდგომარეობაზე დიდადაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანის სულიერი ცხოვრება.
ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიად გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი, ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა.
შეხედულებების, იდეოლოგიის, ღირებულებათა ცვალებადობა. ხალხთა დაყოფა და კვლავ გაერთიანება, მსოფლიო ომები, სისხლი, აქამდე არგაგონილი ავადმყოფობანი, ქვეყნის ერთ მხარეს უსაზღვრო ფუფუნება, მეორეში კი - შიმშილი და უკიდურესი სიღატაკე, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და სულიერი დაცემა, ეკოლოგიური, დემოგრაფიული გადაუჭრელი საკითხები და სხვა პრობლემები, - აი დაახლოებითი სახე მეოცე საუკუნისა.
მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.
თუ ჭეშმარიტად გვსურს წინსვლა, სულიერი ღირებულებანი უნდა მოვიპოვოთ. ყველა სხვა მცდელობა უკან სვლას ნიშნავს.
უნდა ვიყოთ გაბედულნი, მტკიცენი, გონიერნი და მიზანდასახულნი, გადაუჭრელ საკითხთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. სიბრძნე სწორედ იმაში უნდა გამოვავლინოთ, რომ გავარჩიოთ მთავარი მეორეხარისხოვანისაგან, მარადიული - მსწრაფლ წარმავალისგან.
მაცხოვარი გვიჩვენებს გადარჩენის ერთადერთ გზას: "მოვედით ჩემდა... და მე განგისვენოთ თქვენ... რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათე 12,30).
ერთი ალპინისტის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: იგი დაიღუპა მწვერვალზე ასვლისას. ბედნიერი და ნეტარია ის, ვინც სრულყოფის მწვერვალზე ასვლისას კვდება.
მაგრამ იქნებ ეს ყოველივე მოჩვენებითია და არ ღირს ამაღლებულზე ფიქრი. იქნებ სჯობს მიწიერი, მდაბალი კანონებით ცხოვრება, ცხოვრება იმ აზრით, რომ ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, რომ კარგი ყოფა კარგ სმა-ჭამას და გართობას ნიშნავს და ეს საკმარისია ადამიანისათვის.
სოფლის საცდური, - რა მრავალფეროვანი და საშიშია იგი!
ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური (მათე 18,7), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ჩვენ უკვე ვიგემეთ ეს. მიწიერებით სავსე ცხოვრება დამახასიათებელი ნიშანი იყო XX საუკუნისა. თუ რა შედეგი მოგვიტანა ამან, დღეს ნათლად ვხედავთ. კიდევ ერთხელ გამართლდა ძველი სიბრძნე: თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას და სიკვდილს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება, და მისი კანონებით ცხოვრება.
საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანული აღზრდის გარეშე არაფერი გამოვა. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ეკისრება ეკლესიას. მღვდელმსახურებსა და სასულიერო განათლების მქონე ღვთისმოსავ მორწმუნეთ.
რევოლუციის შემდგომი დრო მეტად მძიმე პერიოდია ეკლესიის ისტორიაში. ეს არის ჟამი, როცა სხვათა და სხვათა აგზნებული გონებანი წყვეტდნენ საკითხს ეკლესიის ყოფნა-არყოფნის შესახებ, ისინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულ სახეს ხედავდნენ, ხოლო ღვთიური, მისტიური არსი სარწმუნოებისა მათთვის გაუგებარი იყო.
იმ მძიმე წლებში ეკლესია იყენებდა მისთვის შესაძლებელ ყველა საშუალებას, რათა არ შეეწყვიტა მფარველობა და აღზრდა თავისი სულიერი შვილებისა. დღეს დრო შეიცვალა. ამიტომაც გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს მორწმუნეთა სულიერი დონის ასამაღლებლად.
როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ზრუნვას ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე.
დამღუპველია, როცა ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სიცრუეს, ამით ამახინჯებენ მათ შეუბღალავ სულს და ჯერ კიდევ სუსტ ნებისყოფას.
ერთ სიცრუეს მეორე ემატება, მეორეს - მესამე და ასე დაუსრულებლად. ცოდვა თანდათან იკიდებს ფეხს, შემდეგ კი უკვე ჭირს სიმართლის გზით სვლა.
გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა არის ქრისტეს გზა. იგი ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ - კურთხეული და სამეუფო, ერთადერთი და გადამრჩენი. მაცხოვარი გვაფრთხილებს: შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა, ვითარ - იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას (მათე 7,13-14).
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30).
ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე;
მინდა ასეთი მაგალითი მოვიტანო ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებიდან:
როცა მას ცხრა წელი შეუსრულდა, მამამ დაბადების დღისათვის პატარა ცული უყიდა. გახარებული ბიჭუნა ბაღში გაიქცა იმ გადაწყვეტილებით, რომ მაშინვე გაესინჯა თავისი საჩუქარი. მამამისს აქ საუცხოო ხეხილი ჰქონდა ჩაყრილი და ხეივანი გაშენებული. პატარა ჯორჯმა დაიწყო ცულით მათი ჩეხვა.
საღამოს გავერანებული ბაღი რომ ნახა, მამამ მკაცრად იკითხა: ეს ვინ ჩაიდინა?
ბიჭი აკანკალდა, მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ მივიდა მამასთან, მის წინ დაიჩოქა და თქვა: მე ვარ დამნაშავე.
მამა შეძრწუნდა და არ იცოდა, რა ეთქვა. უცებ მის თვალებს ცრემლი მოადგა, ბიჭი გულში ჩაიკრა და უთხრა: შვილო, შენ ახლა იმაზე ასწილად მეტს მაძლევ, ვიდრე შენ შენი დაუფიქრებელი ქცევით დამაკარგვინე. ბედნიერი ვარ, რომ შეგიძლია, ყოველგვარი შიშის გარეშე აღიარო სიმართლე, არ უფრთხი დასჯას და შენზე შთაბეჭდილების შეცვლას (ა. დეკოპეტი, ქადაგებანი ბავშვებისათვის, რიგა, 1914, გვ.66).
ძალიან ხშირად კი მშობლები თვითონ უბიძგებენ შვილებს სიცრუისაკენ, თვითონ აყალიბებენ მათ მლიქვნელებად და კარიერისტებად.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიხმობ:
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო.
ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე უძვირფასესი ხუთი ბეჭედი უელავდა. მან ბრძანა: მოგიწვიეთ იმიტომ, რომ სიმართლე მოვისმინო თქვენგან. ამ ბრილიანტებს ხომ ხედავთ, თქვენ მათ საჩუქრად მიიღებთ სიმართლისათვის.
შეთავაზებული ჯილდოთი გაბრუებულმა ოთხმა ქვეშევრდომმა მლიქვნელობა დაიწყო მეფის წინაშე. განადიდებდნენ მის სახელს და ძალას და ყველა დროის გმირთა შორის სწორუპოვრად სახავდნენ. ხოლო როცა საქებარი სიტყვები გამოელიათ, ახლა ღმერთთან შედარება დაუწყეს.
მეფემ თავისი ოთხი ბეჭედი დაპირებისამებრ მისცა მათ, შემდეგ კი მეხუთეს მიუბრუნდა და დუმილის მიზეზი ჰკითხა. თქვი, რას ფიქრობ ჩემი ხელისუფლებისა და დიდების შესახებ, - უბრძანა.
მე ვფიქრობ, - მიუგო მან, - ძალაუფლება ღვთისგან იმიტომ მოგეცა, რომ შენ შენს ხელქვეითთ მოუტანო ბედნიერება. დადგება დრო, როცა უფალი მკაცრად მოგკითხავს ანგარიშს. დიდება შენი ცრუა და საშიში, თუ შენ ცდილობ მტერზე ბატონობასა და მის დათრგუნვას და არ გსურს კეთილსინდისიერად აღასრულო შენი ვალი.
მეფემ უთხრა: მე არ გიბოძებ შენ მეხუთე თვალს, არამედ გიძღვნი ჩემს ნდობასა და სიყვარულს. დარჩი ჩემთან, მე ვპოვე შენში ჭეშმარიტი მეგობარი (ა. დეკოპეტი, ქადაგებანი ბავშვებისათვის, გვ. 70).
სიმართლის სიყვარული უდიდესი მადლია.
ისევე როგორც არ ძალგვიძს ყოფნა უჰაეროდ, უწყლოდ, უპუროდ, ასევე არ უნდა შეგვეძლოს ცხოვრება სიმართლის გარეშე.
უწყლოდ და ულუკმაპუროდ ადამიანი ფიზიკურად კვდება, სიმართლის გარეშე კი - კვდება მეორე ანუ სულიერი სიკვდილით.
ჩვენ უნდა განვეშოროთ არა მარტო უხეშ ტყუილს, არამედ სხვებისთვის ხშირად ძნელად შესამჩნევ დახვეწილ სიცრუესაც. ნახევრად სიმართლე არის თვისება თანამედროვე ადამიანისა. ღვთის წყალობით უნდა განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან.
მადლობა ღმერთს, ხალხმა თანდათან იგრძნო წყურვილი სიმართლისა. მაგრამ ეს სწრაფვა არ უნდა იყოს ამა თუ იმ გარემოებით გამოწვეული. იგი უნდა იქცეს ჩვენს არსებით, განუყრელ, ყოველდღიურ და გამუდმებულ მოთხოვნილებად.
"ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგი განძღნენ" (მათე 5,6).
სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ, რა არის სიმართლე.
მრავალნი არიან გულდახურულნი, რომელთაც არ შეუძლიათ მიიღონ იესო ქრისტე - ჭეშმარიტება. იგი მიუწვდომელი და დაფარულია მათთვის.
ზოგნი "ჭეშმარიტებას" სიცრუეში ხედავენ და ვერ ახერხებენ მისგან განთავისუფლებას.
"ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით" (I კორინ. 15,32), - ბევრნიც ასე ფიქრობენ.
ასეთი ადამიანები უაზრო ყოფაში ატარებენ ცხოვრებას. სათნოება კი მათი სულის უმაღლესი მოთხოვნილება რომ იყოს, სულ სხვანაირად აღიქვამდნენ სამყაროს.
მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფალი მოწყალეა და სასოებას არ გვიკარგავს. ადამიანი ხომ ცოდვილია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ცოდვის მორევში დანთქმულიც კი არ კარგავს იმედს გამოსწორებისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენში არასოდეს ქრება ღვთის ხატება.
ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.
პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინა.
მეცნიერულმა წინსვლამ საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთთან დააახლოვა. პიროვნებამ დღეს ნათლად იგრძნო, რომ იმაზე გაცილებით მეტი და ძვირფასი რამ სჭირდება, ვიდრე მას ტექნიკის პროგრესი აძლევს, იგრძნო რომ იგი ბედნიერებისა და სრულყოფისთვისაა შექმნილი და არა უაზრო, უმიზნო შრომისთვის გაჩენილი, რასაც ათეულობით წელი შესწირა. ეკლესიაა ის ერთადერთი სავანე, სადაც ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავი და იგრძნოს ამ სამყაროში თავისი ნამდვილი დანიშნულება.
ეკლესიის წევრნი რომ გავხდეთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ ნათლობის საიდუმლო.
ადრე ხალხი მთელი მონდომებით ემზადებოდა ამისთვის. პირველ საუკუნეებში ასეთი წესი იყო: ნათლობის მიღების მსურველს ნათლიები მიიყვანდნენ ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთან და დაადასტურებდნენ მოსანათლის მტკიცე განზრახვას. ნათლიების ამ განაცხადის შემდეგ ეპისკოპოსი მონათვლისთვის მოსულს კათაკმეველთა, ანუ ნათლობის მიღების მსურველთა, სიაში შეიყვანდა, და იწყებოდა სწავლის პროცესი, რომელიც ერთიდან სამ წლამდე გრძელდებოდა. მათ ასწავლიდნენ მოძღვრები ან ეპისკოპოსის მიერ სპეციალურად დადგენილი დიაკონნი, ანდა ღვთისმორწმუნე განათლებული ქრისტიანები.
წირვის დროს კათაკმეველნი იყვნენ ტაძარში იმ დრომდე, ვიდრე დიაკონი იტყოდა ასამაღლებელს: "რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით"... ამის შემდეგ ისინი ტოვებდნენ ეკლესიას, ლიტურღიას კი მხოლოდ მართალნი ანუ მონათლულნი ესწრებოდნენ.
კათაკმეველნი თანდათან ხდებოდნენ ეკლესიის აქტიური წევრნი, გულდასმით ეცნობოდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, და ბოლოს მთელი შეგნებით იღებდნენ მის ნათელს - ინათლებოდნენ.
დროა, ამ ძველ კანონს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და კვლავ აღვადგინოთ ეკლესიაში კათაკმეველთა წესი. მითუმეტეს, რომ ყოველი მღვდელმოქმედება და, განსაკუთრებით, საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება. მომზადების საფეხურისაგან და შესრულებისაგან.
თვითონ ეკლესიაც თავისებური მოსამზადებელი სავანეა, სადაც მორწმუნენი მარადიული ცხოვრების დაწყებისთვის იწვრთნებიან. ამავე დროს ეკლესია არის საიდუმლოთა აღმსრულებელი. აქ ადამიანი სულიერად იბადება, აქ ხდება მისი ფერისცვალება და სულიწმიდის ტაძრად ქცევა.
ასე რომ, ორბუნებოვნება ეკლესიაში წარსულ და მომავალ დროში ვლინდება.
ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავისთავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანაც აქ ვლინდება მთელი სისრულით იესო ქრისტე - ძე ღვთისა და ძე კაცისა, სათავე სინათლისა და სიმართლისა.
ჭეშმარიტებას, მართალია, სრულად ვერასდროს შევიცნობთ, მაგრამ მისდამი მუდმივი სწრაფვა აუცილებელია, ესაა ჩვენი მოწოდება.
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ თავისუფლებას და ნეტარებას.
დანო და ძმანო ჩემნო, ჩვენთვის დღეს მაცხოვრის აღდგომის სიხარული 9 აპრილის ღამეს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და მთიან აჭარაში სტიქიით მომხდარი უბედურების მწუხარებასთან არის წილნაყარი.
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.
რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.
მთავარია გულისხმიერებამ და გონიერებამ არ გვიღალატოს, რომ სწორ გზას არ ავცდეთ.
დიახ, რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას.
ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.
9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ.
იმ ღამეს საქართველომ იტვირთა და თავის თავზე მიიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან, ალბათ, არ განმეორდება. საქართველომ იხსნა სხვა ერები ასეთი განსაცდელისგან. ესეც ღვთისგან ჩვენზედ დაკისრებული მისია იყო. ამისთვის ვმადლობთ ღმერთს.
საქართველოს ეკლესია აღავლენს ლოცვებს უდანაშაულოდ მსხვერპლშეწირულთა სულის საოხად, რათა უფალმან დააწესოს იგინი სავანესა მართალთასა. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, ამინ!
მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ზეიმის დღეა, ღვთაებრივი მადლი აღდგომის სიხარულისა სძლევს ყოველგვარ მწუხარებას. მაშ, შეიმოსეთ სიხარულით. იგი თქვენი მუდმივი თანამდევი იქნება, თუ სიყვარულის გზას აირჩევთ და მას გაჰყვებით.
გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მფარველობა, მშვიდობა მისი, სიყვარული და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ.
სააღდგომო ეპისტოლე ისო ზირაქის წიგნის ამ სიტყვებით მინდა დავამთავრო: "ნუ ჰყოფ ბოროტსა და არ გეწიოს შენ ბოროტი. განეშორე უსამართლოსა და მიდრკეს შენგან" (ისო ზირაქი 7,1-2).
შევსთხოვ ღმერთს, რათა გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღდგომა ქრისტესი,თბილისი, 1989 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1997
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
"შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს
და გაჭირვებიდან იხსნა ისინი, და დააყენა ისინი
სწორ გზაზე" (ფს. 106,6-7).
"აჰა მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო და როგორც მწყემსი, დამწყსის თავის ფარას", - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (ესაია 40,10-11).
დასასრულს უახლოვდება მეორე ათასწლეული, - რთული და წინააღმდეგობებით სავსე დრო; დრო, როდესაც შეიძლება ბევრი რამ ადვილად შეიძინოს კაცმა და შეიძლება, ყველაფერი ერთბაშად დაკარგოს. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით თანაზიარნი სინათლის, მშვიდობის, სიხარულის და ნეტარებისა.
დღეს ყველანი დიდებული ზეიმის - ქრისტეს შობის მონაწილენი ვართ.
როგორც ვიცით, ძე ღვთისას ამქვეყნად მოვლინების პირველი მაუწყებელი იყო უჩვეულოდ ნათელი ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა ბრძენ მოგვებს აღმოსავლეთიდან ვიდრე ბეთლემის გამოქვაბულამდე.
საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2,14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონეს.
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად თავისი ნებით ამბობენ უარს მადლსა და ჭეშმარიტებაზე, რადგან ჩაფლულნი არიან ცოდვის ჭაობში და აღარ ძალუძთ იქიდან გამოსვლა.
ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი. როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება; გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი, ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე დავდგეთ და სწორად ვიცხოვროთ.
ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი "მე"-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყოფით, ვაღწევთ უმაღლეს სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს. სულიერი აღმასვლის ამ კიბეზე მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.
ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წერს: "სიყვარული ნიშნავს თვითუარყოფას, სხვისთვის მსხვერპლის გაღებას. ამასთან თვითუარმყოფელ პიროვნებაში ხდება უმაღლესი თვითდამკვიდრება. სიყვარულის ანუ თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ. ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება კი მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მიიღწევა. ასე რომ, როდესაც ვამბობთ: აბსოლუტური პირველსაწყისი არის ერთიანობა საკუთარი თავისა და საკუთარი ნების უარყოფისა, ამით უფრო გასაგები ენით ვიმეორებთ მოციქულის სიტყვებს - ღმერთი სიყვარული არს" (2,310). მაშასადამე, რაკი ეგოიზმის დამამარცხებელი ძალა მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია, ეგოიზმის დაძლევით მიიღწევა ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება.
აი, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს აღზრდა და განვითარება ჩვენი ხალხისა, ჩვენი ახალგაზრდობისა.
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულისა. ეს სიყვარული სარკის მსგავსად აისახება მატერიასა და ყოველ ცოცხალ ორგანიზმში და განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ადამიანში.
ადამიანურ სიყვარულთაგან უპირველესი არის სიყვარული ღვთისადმი, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და საერთოდ სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირეკლება და შედეგიც ასეთივე ექნება.
სიყვარული ღვთისა - ეს არის ცხოვრება ღმერთში და ღვთის არსებობა ჩვენში. ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიწევს ნაყოფს ჭეშმარიტი სიყვარულისას, როცა გახდება ღვთის მატარებელი, ღმერთშემოსილი. წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ღვთის სიყვარული ლოცვით მოიპოვება და შედეგია მისი. სიყვარული უფლისა არის სამოთხე, ხე სიცოცხლისა, მეუფება ღვთისა, იგია "ღვინო", რომელი ახარებს გულსა კაცისასა და ნეტარია, ვინც იგემებს მას. შესვეს იგი განლაღებულთ და დაირცხვინეს, იგემეს ცოდვილთ და დაუტევეს გზა წარწყმედისა, იხმიეს მემთვრალეთ და შეუდგნენ მარხვას, შესვეს მდიდართა და ისურვეს სიღარიბე, მიიღეს გლახაკთა და განმდიდრდნენ სასოებითა, დალიეს სნეულთა და განძლიერდნენ, იგემეს უვიცთა და იქმნენ ბრძენნი" (სიტყვა 83). ამიტომაც ვამბობთ: მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას და ღვთის სიყვარულს შეუძლია შეცვალოს და მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ყოფის უღიმღამო რეალობა, ჩვენი დროის დაუნდობლობა და სისასტიკე, რაც არის შედეგი ურწმუნოებისა დ სულიერი სიცარიელისა.
სამწუხაროდ, ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს - ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი. იმის გამო, რომ დედ-მამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს. მხოლოდ ეგოიზმის დაძლევით შეიძლება ცოლ-ქმრის სიყვარულით ცხოვრება და მათი ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა.
გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდები, რომელნიც ამთავრებენ საშუალო სკოლას, თუნდაც უმაღლეს სასწავლებელს, საერთოდ არ არიან მომზადებულნი იმ ფრიად საპასუხისმგებლო საიდუმლოსათვის, რომელსაც ქორწინება ჰქვია. ახალგაზრდამ არაფერი იცის ოჯახზე, არ იცის, როგორ შექმნას იგი და როგორ მოუფრთხილდეს მას. ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით, ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (შესქ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (შესქ, 2,18).
მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: "ქორწინება არის საიდუმლო, რომლითაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს კავშირს ეკლესიასთან ქრისტეს სულიერი კავშირის მსგავსად და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულოვნებისას შვილთა შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის".
ზოგიერთები ქორწინებაში ხედავენ რაღაც არაწმიდას, ცოდვისმიერს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს დიდი ცოდვები, მაგრამ თუ ქორწინება კანონიერია, ღვთივკურთხეულია და შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს, იგი წმიდაა და შეუბილწავი. უფალი იესო ქრისტე თვითონ დაესწრო ქორწილს კანას გალილეაში, აკურთხა იგი და მოახდინა პირველი სასწაული - წყალი ღვინოდ შეცვალა.
აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: "ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს" (მათე, 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: "სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის" (იგავნი 19,14).
ახალგაზრდებმა, რომლებიც ოჯახს ქმნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, რომ წინააღმდეგობები ბევრი შეხვდებათ და მზად უნდა იყვნენ მათ დასაძლევად. მთავარია, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ჰქონდეთ და არ დაკარგონ იმედი და აქედან გამომდინარე რწმენა მომავლისა. ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.
მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გამოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: "გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ" (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც - მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.
სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საუკეთესო თვისებაა ადამიანისა, ბიბლიაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სავსეა მამულისა და ქვეყნისადმი თავდადებული სიყვარულის მაგალითებით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ მოსე წინასწარმეტყველის, ისუ ნავეს, სამუელის, მეფე დავითის, ელიას, ძმათა მაკაბელთა და სხვათა შესანიშნავ ცხოვრებებს; ისინი სამშობლოსთვის სანთლებად იწვოდნენ და მზად იყვნენ, ყოველ წუთს გაეწირათ სიცოცხლე თავიანთი ხალხის დაცვისათვის.
რა მგზნებარე სიყვარულის გრძნობაა ჩადებული ფსალმუნის ამ სიტყვებში: "თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამა ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემ სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში" (ფს. 136,5-6), ასე ეფიცებოდნენ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელები სამშობლოს ერთგულებას. ისინი მარტო კი არ იფიცებდნენ და გოდებდნენ, არამედ იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც, თავისი ხალხი იესო ქრისტესაც უყვარდა.
ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითითაა სავსე: მოწამეებმა დავითმა და კონსტანტინემ, მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა, და ათასობით სხვამ თავი დადეს რწმენისა და სამშობლოსათვის და როგორც მისაბაძნი მაგალითნი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ისტორიაში დიდ წმინდანებად შევიდნენ.
ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა ამ მიმართულებითაც უნდა გაძლიერდეს. ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ეკლესიას ენიჭება.
ამავე დროს ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართ.
სამართლიანობა და სიყვარული მთავარი პირობაა ადამიანებს შორის მშვიდობისა. კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა, ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს ვეხმარებით ამქვეყნიური ცხოვრების ჯვრის ზიდვაში. წმ. პავლე მოციქული წერს: "ურთიერთას უღელი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მიიღწევა.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ეკლესიის დანიშნულებაზე და მის საიდუმლო ცხოვრებაზე, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, ვერ ვაცნობიერებთ მის არსს. მრწამსში ვკითხულობთ: "მრწამს... ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია..." ეკლესია ღვთით დადგენილი ის წიაღია, სადაც ხდება საოცარი ფერისცვალება ძველი კაცისა ახალ ადამიანად, რომლის დროსაც თითოეულ ჩვენგანში იშვება ქრისტე. ხელახლადშობის პროცესი მძიმე და რთულია. იგი "მშობიარობის ტკივილებში" ანუ საკუთარ თავთან, ხილულ და უხილავ ბოროტ ძალებთან, მიწიერ ვნებათა და საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლინდება და სულიერი დაღუპვისაკენ მიმავალი ფართო გზის უარყოფას ნიშნავს.
ეკლესია მადლმოსილია არა მარტო იმიტომ, რომ მან მაცხოვრის ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო სულიწმიდის მადლი, არამედ იმიტომაც, რომ ეს მადლი დღემდე გადადის თითოეულ მის წევრზე და სიახლით, სიცოცხლის ძალითა და სინათლით ავსებს მთელს სამყაროს. ბედნიერნი ვართ, რომ სულიწმიდის ეკლესიის წევრები ვართ. ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა.
არაეკლესიური ადამიანები ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ აქ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: "არა მოვედ მართალთა მოწოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9,13).
ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა უბრძანა დავით მეფეს და სოლომონს აეგოთ ტაძარი - სახლი უფლისა. ახალ აღთქმაში ტაძრის მნიშვნვლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზეცა მიწაზე, - ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე - პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და მართლაც, აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ზეციური ეკლესია, რომელიც არის ანგელოზთა, მოციქულთა, წმინდანთა და ჩვენს დიდებულ წინაპართა მთელი დასი, ლოცვის და წირვის დროს უკავშირდება მიწიერ ეკლესიას, რომელსაც წმ. მამები მებრძოლ და მოგზაურ ეკლესიას უწოდებენ და იქმნება ერთიანი განუყოფელი სხეული ქრისტესი. ამით სრულდება აღთქმა მაცხოვრისა, ამაღლების შემდეგ რომ დაუდო თავის მოწაფეებს და მათ მიმდევართ: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 18,20). საბრალონი არიან, რომელნიც სიცოცხლეს ეკლესიის - ქრისტეს სხეულის გარეშე განლევენ, ამქვეყნად ვერაფერი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ადამიანი არაეკლესიურობით კარგავს. ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს.
საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმიდა მოვლენებს გვახსენებენ შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს.
ქრისტეს შობისას იგალობება საგალობელი: "... ქრისტე იშვა ბეთლემს...". ბეთლემი - ეს ჩვენი გულია, ჩვენს გულში არათუ უნდა დაიბადოს ქრისტე, არამედ უნდა სუფევდეს განუშორებლად. მისი მარადიული სიყვარული უნდა ავსებდეს და ათბობდეს ჩვენს სულს ამქვეყნადაც და იმ სოფელშიც. ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი.
ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; "უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა", - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევიმოსოთ სულიწმიდის მადლი, უპირველეს ყოვლისა, გული უნდა განვიწმინდოთ, რაც ეკლესიის გარეშე შეუძლებელია.
ეკლესია ერთადერთი ადგილია ჩვენი გადარჩენისა; იგი კარიბჭეა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. არ შეიძლება დაგვიანება, დაუშვებელია სულიერი განწმენდის კიბეზე ზეაღსვლის სამომავლოდ გადადება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. მაშ, ნუ დავაყოვნებთ, გავხდეთ წევრნი ქრისტეს ეკლესიისა და ვეზიაროთ იმ სიწმინდეთ, რასაც იგი ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოთა მადლით გვთავაზობს.
ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება.
სკეპტიკოსები, როდესაც დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამბობენ: ამის გაკეთება შეუძლებელია; მორწმუნის პასუხი კი ასეთია: კაცთათვის შეუძლებელი ღვთისათვის შესაძლებელია.
როგორ შეძლო ყრმა დავითმა დაემარცხებინა გოლიათი? როგორ შეძლო საქართველომ გაეძლო მრავალრიცხოვან მტერთა შემოსევებისათვის? ჩვენთან იყო, არის და იქნება ღმერთი! მთავარია ჩვენ არ განვუდგეთ მას, არ მივატოვოთ იგი.
საიდუმლო ნამდვილი წინსვლისა და გამარჯვებისა სულიერ ძლიერებაშია. იმარჯვებს არა გონება, აზროვნება და ფიზიკური ძალა, არამედ ძალა ღვთისა, რომელიც ღვთის სათნო შვილთ, ღვთის საყვარელ ერს მიენიჭება. მტერზე გაიმარჯვებთ "არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს უფალი საბაოთ" (ზაქარია 4,6).
ჩვენი ხალხი დღეს სიმბოლურად სინას უდაბნოში მოგზაურობს. ეს არის დრო განწმენდისა, დრო ჩვენი რწმენისა და გამძლეობის გამოვლინებისა.
ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ამ გამოცდას და "აღთქმულ ქვეყანაში" შევალთ.
რწმენით, სასოებითა და სიყვარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ ზეიმს. გვწამს, რომ გავხდებით ბედნიერი მონაწილენი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა; გვწამს, უფლის წყალობით, საქართველო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა და მშვიდობითა და კეთილდღეობით გავიხარებთ.
მაშ, სასოებით შევსთხოვოთ შემოქმედს: "აკურთხე გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო!"
კურთხეულია ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, - "უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და ღმერთი შენი დიდებად შენდა" (ესაია 60,20). ამინ!
ქრისტესშობა.
თბილისი, 1996-1997 წ.
საშობაო ეპისტოლე - 2016
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
„დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს,
რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან“ (სადღესასწაულო)
დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.- რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?
- ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!
„საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ“ (სადღესასწაულო).
მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.
- ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?
- რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.
- კერძოდ?
- ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.
- როგორ შევძლოთ ეს?
- წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13. 13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.
- როგორია ღვთაებრივი სიყვარული?
- ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, - „ღმერთი სიყვარულია“ (ინ. 4, 8).
ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.
„შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (ინ. 13, 34); „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13), - ბრძანებს იესო.
ქრისტიანობამ აბსოლუტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, - მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!
„მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა“ (მთ. 5, 44-45).
ეს არის მანამდე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანამდე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები: „მე იგი ვარ... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად...“ „სიყვარული აღგვამაღლებს“.
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.
სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.
მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხისმგებლობაზე და „ახალი სიყვარულის“ ძებნას იწყებენ.
ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.
აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?
ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.
ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.
რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონაზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონაზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.
წმინდა წერილი ბრძანებს: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27), - როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.
უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, - თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.
ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: „ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას“ (სიბრძნ. სოლ. 9,7).
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: „არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მთ. 10, 34). გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი“ (I კორ. 6, 9-10).
მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: „შეიცანი თავი შენი“; რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM" სახარებაც გვარიგებს: „რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?“ (მთ. 7, 3).
საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.
ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური „მე“ ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.
გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს. მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ჰხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენი ნამდვილი „მე-ს“ დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია. საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.
რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?
წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: „პირველითგან იყო სიტყვა“ (ინ. 1, 1).
დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: „სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და ყოველივე მის მიერ შეიქმნა“(ინ. 1, 1-3).
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი... და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად... და იქმნა ასე“ (დაბ. I, 3,6,7,14,15)...
ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინაარსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:
„ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,... მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ. 1, 5, 8, 10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...
შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.
ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ. 12, 36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...
„ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს“ და „სავსეა მომაკვდინებელი გესლით“ (იაკ. 3, 5, 8).
„ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც“ (იაკ. 3, 9). ამიტომაც, თუ ვინმეს „ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა“ (იაკ. 1, 26).
ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: „დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
- რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
- არა, პირიქით.
- ე. ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
- ვფიქრობ, არა.
- „თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!“ - უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: „უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს... რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს... და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო... ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას“ (იაკ. 5, 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან „სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა“ (კოლ. 3, 15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი „სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორ. 13, 4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
„კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე... წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ... მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია“ (I კორ. 13, 1-3).
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მარკ. 12, 30-31).
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, - სანახევროდ;
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.
ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.
აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი.“
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.
ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!
უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:
„ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის, ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით“ (I კორ. 6, 11).
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი
ჭვრეტის შესახებ
“ღვთის ჭვრეტას განშორებული გონება ან პირუტყვული ხდება, ან ველური“ (წმ. მარკოზ ასკეტი, “ფილოკალია“). როდესაც ადამიანის გონება დაშორდება ღმერთზე ფიქრს, ღვთის ჭვრეტას, რაც გულისხმობს ლოცვას, სულიერ საგნებზე – ჯოჯოხეთზე, სამოთხეზე, უფლის უსაზღვრო სახიერებაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გასაოცარი გზით ეძლევა, ცოდვებსა და ვნებებზე და სხვა ამგვარზე ფიქრს, მაშინ მოდის ბოროტი ეშმაკი, ადამიანს თავისი საკუთარი ჭვრეტით ავსებს და მას ან მრისხანებისა და გულისწყრომის, ან ხორციელი ვნებების ცოდვის ჭაობში აგდებს!
როცა გონება არ არის დაკავებული მაცხონებელი აზრებით და მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელ საჭიროებებზე ფიქრობს, მაშინ მას არაწმინდა, ცოდვით განსჯა მოიცავს, შესაბამისად, გონება ან ხორციელი გახდება, ან ველური!
ამრიგად, შვილებო, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რაზე ვფიქრობთ, რათა არ მივცეთ ჩვენს გონებას ვნებიანი, ცოდვის აზრებით დაცემის უფლება, რადგან ეს ძალზე სერიოზული ცოდვაა, რომელსაც მძიმე შედეგები მოსდევს.
ფრთხილად იყავით გონების წარმოსახვებთან. ნუ მისცემთ გონებას პიროვნებებისა და ცოდვის სურათების წარმოდგენის უფლებას, რომლებიც ან ხორციელად გაცდუნებენ, ან მრისხანებასა და გულისწყრომას მოგიტანენ! ყოველნაირად ეცადეთ, რომ სუფთად დაიცვათ გონება ასეთი წარმოდგენებისგან. მათგან თავისუფალ და განწმენდილ გონებას განუწყვეტელი ლოცვისა და ღვთაებრივი ჭვრეტის საშუალება ექნება, რისი მეშვეობითაც სულიერი გახდება და მისი ზეცისკენ აღმავლობით სული სიწმინდეს მიაღწევს.
2. ღვთის შიში აუცილებელია. „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, … რაითა არა შევიძრა“ (ფსალმ. 15, 8), ამბობს დავით მეფე. ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთი „ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს", ღმერთით ვსუნთქავთ, ღვთით ვსაზრდოობთ, ღმერთი გვმოსია, ღმერთი გვყავს გულსა და გონებაში.
ღვთისთვის ცნობილია ჩვენი გულისსიტყვები, მოგონებები, სიტყვები, საქმეები, მიზნები. მის უცთომელ თვალს არაფერი გამოეპარება. მისთვის არა მარტო აწმყოა ცნობილი, არამედ წარსულიც და მომავალიც. უწყის არა მარტო დღევანდელი ადამიანების, არამედ ადამიდან მოყოლებული ბოლო ჟამის უკანასკნელი ადამიანის შესახებაც. კაცი ღვთისგან დაფარულს ვერაფერს გააკეთებს, რადგან ყოველივე მის თვალწინ ხდება.
როდესაც ადამიანი ამას ყველაფერს განსჯის და ჭვრეტს, თავისი დანაშაულისა და უძლურების გამო ძლიერ სინდისის ქენჯნას განიცდის. მას ღვთის ნამდვილი შიში მოიცავს, ცდილობს მოინანიოს ცოდვები და თავისი ცხოვრება ღვთის მცნებების თანახმად წარმართოს.
ამაზე ფიქრის დროს ადამიანი ღვთის მყოფობას გრძნობს, რაც აქამდე მისთვის დაფარული იყო მისივე უმეცრების გამო. ნამდვილი შიში მას უბიძგებს, როგორც უფალი ბრძანებს, განიწმინდოს „შინაგანი იგი სასუმელისაი“ (მათ. 23, 26), – რომ ერთს არ ამბობდეს და სხვა არ ჰქონდეს გულში.
როცა ადამიანი ასე ფიქრობს, მისი სინდისი იღვიძებს და უმნიშვნელო შეცდომის ჩადენის დროსაც კი მამხილებელი ხმით ყვირის. ამგვარად ადამიანი სულიერ ცხოვრებაში გონებაგამჭრიახობას იძენს, აეხილება სულიერი თვალი, აშკარად ხედავს, რაც მასშია დაბუდებული და გულმხურვალედ ლოცულობს: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმინდე მე. და უცხოთაგან იცევ მონაი შენი" (ფსალმ. 18, 12-13).
3. ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებას დააბრკოლონ იგი.
ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს და ღმერთს ხედავს, ადვილი არ არის ავნონ მტრებმა.
ძველ დროში დიდი სულიერების მქონე ადამიანებს არ ესაჭიროებოდათ სასულიერო წიგნების კითხვა. ბევრი პატრისტიკული წიგნის კითხვის დიდი აუცილებლობა არც ჰქონდათ, რადგან ისინი განუწყვეტლივ ღმერთზე ფიქრობდნენ. რასაც ხედავდნენ, ყველაფერი მათთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო განსჯისა და რაიმე უცხოს შეცნობისა. მთელი სამყარო მათთვის უნივერსიტეტი იყო. რასაც მზერას მიაპყრობდნენ, ყველაფერში განსჯის საგანს ხედავდნენ; ზოგჯერ ეს ღვთის განგებულება იყო, ზოგჯერ მისი სიბრძნე, ღვთის სამსჯავრო, სწავლება და ა. შ. სულიერი თვალით უხილავს ხედავდნენ. ყველაფერ ამაზე ფიქრი კი მათ გულებს სულიერი ცოდნით აღავსებდა.
ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს იმის გამო, რომ სულიერი თვალი ახელილი არ გვაქვს, არ გაგვაჩნია უნარი, მუდამ სულიერი განსჯით იყოს ჩვენი გონება მოცული და რომც დავინახოთ რაიმე, სასულიერო წიგნები გვჭირდება, რომ ღვთაებრივი შევიცნოთ.
იმ სულიერ ადამიანთა გონება იმდენად ძლიერი იყო, რომ სრული სიბრძნით შეეძლო ცნებათა და აზრთა ჩაწვდომა. ჩვენი გონება იმდენად უსუსურია, ძლივს ახერხებს რაიმეს დამახსოვრებას. მაშინდელი მამები უმეტესად უბრალო ადამიანები იყვნენ და მიუხედავად ამისა, სრულყოფილ ცოდნას იძენდნენ, რადგან წმინდა წერილის წვდომაში მათ სულიწმიდა შეეწეოდათ.
ღვთის ხსენება სატანისა და სხვადასხვა ცოდვის წინააღმდეგ მიმართული ყოვლადძლიერი იარაღი და საჭურველია.
როცა გონება არ არის დაკავებული უფლის ხსოვნითა და საღვთო საგნებზე ფიქრით, მაშინ ადამიანს უდებება, მცონარება, უმეცრება და შემდეგ ბოროტი გულისთქმები ეუფლება!
თუ ხედავ, რომ გონება ამ სოფლისკენ გაგირბის, იცოდე, რომ სული საღვთო ნუგეშინისცემასაა მოკლებული, რის გამოც ამქვეყნიურ ნუგეშს ეძებს.
როცა ადამიანის სული მხურვალეა ღვთისადმი, მასში სინათლე და სინანულია და შეუძლებელია მისი გონება ამ სოფლისკენაც ისწრაფოდეს. სული ამქვეყნიურისკენ მაშინ მიიდრიკება, როცა ღმერთთან ერთობა არ აქვს.
გონება ერთგვარი სივრცეა, ადგილია. თუ მას ღმერთი არ დაეუფლება, მაშინ მტერი დაიპყრობს. შეუძლებელია ეს ადგილი ცარიელი დარჩეს – არც ღმერთი იყოს იქ და არც ბოროტება, ცოდვა, საცდური და განსაცდელი, ან სხვა დემონური მოქმედება.
გონება მომუშავე წისქვილივითაა. ადამიანი რასაც ჩაყრის ძაბრში, რომელიც ქვემოთ, წისქვილის ქვებისკენაა მიმართული, ისეთ ფქვილს მიიღებს. თუ ხორბალს ჩაყრი, პურის ფქვილს მიიღებ; ეკლებს ჩაყრი? მიიღებ ეკლების ფქვილს, რომელიც საზიანო და მავნეა.
წისქვილი განუწყვეტლივ ბრუნავს. ადამიანის გონებაც წისქვილივით გამუდმებით მუშაობს. გინდა, რომ კარგი ნაწარმი მიიღო? წისქვილში კარგი ნედლეული ჩაყარე. ლმობიერების, სინანულის ცრემლის, სიხარულის, სიმშვიდის მოპოვება გსურს? გონების წისქვილს კეთილი აზრები მიაწოდე, მაგალითად, სულის, სიკვდილის ხსოვნის, სამსჯავროს შესახებ და სხვ. მაშინ შესაბამის სულიერ შედეგს მიიღებ! მაგრამ თუ ადამიანი გონების წისქვილს ცოდვის აზრებს მიაწვდის, შედეგი უსათუოდ ცოდვა იქნება.
ყოველთვის ვეცადოთ, რომ გონება მაცხონებელი ფიქრებით, სულისთვის სასარგებლო სურათებით დავაკავოთ, არ დავუტოვოთ ეშმაკს ადგილი იქ თავისი ცოდვიანი აზრებისა და წარმოსახვების ჩასაყრელად!
ასე რომ, ადამიანის ნებასურვილზეა დამოკიდებული, როგორ მასალას მისცემს გონებას და ეს ნება-სურვილი ან საქებარი გახდება, ან გასაკიცხი.
4. ლოცვაში წარმატებას გონიერ ჭვრეტამდე მივყავართ და შეგვიძლია ენით გამოუთქმელ საგანთა ხედვა. ის საშინელ სამსჯავროს, სამოთხეს, ჯოჯოხეთს, ღვთის საყდარს, ზეციურ ნათელს მიგვაახლებს.
შეიძლება ვინმემ გალობა წამოიწყოს, რაიმე სიტყვებზე შეჩერდეს და ამაზე დაიწყოს ფიქრი. შესაძლოა „ქებათა ქების“ კითხვა დაიწყოს, სადღაც გაჩერდეს, ჭვრეტა განივრცოს და მიაღწიოს იქამდე, სადამდეც ღმერთი მიიყვანს. შეიძლება სახარებაში ქრისტეს ვნებათა შესახებ კითხვისას რომელიმე ადგილას შეჩერდეს, მაგალითად, ქრისტეს შეპყრობაზე, წამებაზე, ჯვარცმაზე, აღდგომაზე და ამაზე იფიქროს მთელი განცდით, ლმობიერებით, სინანულითა და თავის განკითხვით. ზოგჯერ ჩავუღრმავდებით ღვთის სამსჯავროზე ფიქრს, მაგალითად: ახლა თუ მოვკვდი, როგორ წარვდგები უფლის წინაშე? რა განაჩენს გამომიტანს? ვაითუ დავისაჯო? როგორ გავივლი საზვერეებს? ზოგჯერ ღვთისმშობელზე, მის დიდებასა და ქალწულებაზე ვიფიქროთ, ხან კი – წმინდანებზე.
5. „აღაღი რად ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“ (ფსალმ. 103, 28-29).
ყოვლადსახიერმა და წყალობათა უხვად მომნიჭებელმა ღმერთმა ორი სამყარო შექმნა: ჯერ ზეცაში – სულიერი სამყარო ურიცხვ ანგელოზთა დასებით, უფლის მსახურ სულთა უთვალავი მხედრობებით, მრავალი სავანე და მრავალგვარი სამკვიდრებელი. შემდეგ შექმნა ეს გრძნობადი სამყარო უზენაესი ღვთაებრივი სიბრძნის გვირგვინით – ადამიანით, რომელსაც ყოველივე მიწიერზე მეფობისა და ბატონობის მცნება მისცა.
ზეციურ საუფლოში ყოვლადსახიერი ღვთის სიტკბოებამ აღავსო წმინდა ანგელოზები, რომლებიც დიდი ნეტარებისგან უგალობენ და დაუცხრომლად ადიდებენ შემოქმედს და ამგვარად მადლობას სწირავენ ღვთის მარადიულ სახიერებასა და მოწყალებას, რამაც ისინი ასეთი პატივის, დიდებისა და ნეტარებით ტკბობის ღირსი გახადა! მაგრამ, საუბედუროდ, აჯანყდა და ღმერთს განუდგა მთიებად წოდებული უპირატესი ანგელოზი, რომელიც ეძიებს და ესწრაფვის ღმერთთან თანასწორობას. „აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა" (ეს. 14, 14). როგორც კი მან ეს ღვთისმგმობი და ამპარტავნული გულისსიტყვა მიიღო, სამართლიანმა ღმერთმა ტკბილი, მშვენიერი, ღვთაებრივი პირი იბრუნა მისგან. ლუციფერი მაშინვე შემზარავი გრიალით გადმოვარდა თავისი უმაღლესი სამყოფელიდან, თან ჩაითრია ანგელოზთა მთელი მწყობრი, რომელიც მის უბოროტეს განზრახვას მიემხრო და ჯოჯოხეთის წყვდიადში განუხსნელი ბორკილებით შეიკრა! ეს მოხდა ზეციურ საუფლოში.
ახლა, უვიცი და საწყალობელი შევეცდები მოგითხროთ და მცირედ მაინც აგიხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მიწიერი ქმნილებისთვის, ადამიანისთვის ფსალმუნის სიტყვებს: „აღაღი რა. ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“.
როდესაც ღმერთმა ესოდენი სიბრძნით შექმნა ადამიანი, მას თავისი ხატება და მსგავსება მიანიჭა და გონება და თავისუფალი ნება უბოძა. უფალმა აღმოსავლეთით მშვენიერი სამოთხის სასახლე შექმნა, აურაცხელი კეთილსურნელოვანი ყვავილებით, მცენარეებით და სხვადასხვა სახეობისა და ნაყოფის მქონე ხეებით. წმინდა წერილი მოგვითხრობს: „აღმოაცენა ღმერთმან მერმეცა ქუეყანისაგან ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად“ (დაბ. 2, 9). გარდა ამისა, ღმერთმა სამოთხე გაამდიდრა სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფრინველით, რომლებიც იფრენდნენ და ტკბილად იგალობებდნენ.
შემდეგ ადამთან ერთად საცხოვრებლად დაასახლა „მხეცნი და პირუტყვნი ველისანი“. სამოთხის შუაგულში აღმოაცენა მდინარე, რომელსაც გამჭვირვალე წყლის უხვი ნაკადულებითა და წყაროებით უნდა მოერწყა ბაღი, ეცოცხლებინა და ესაზრდოებინა ხის ფესვები. გრილი ჰაერი და სურნელოვანი სიო შექმნა, ნაზად რომ მოჰფენოდა პატარა ღმერთის – ადამიანის სახეს.
საღვთო წერილი ორიოდე სიტყვით გვაუწყებს: „და შექმნნა უფალმან ყოველნი მხეცნი ველისანი და მფრინველნი ცისანი... ხოლო მდინარე გამოვალს ედემით, მომრწყველი სამოთხისაი“ (დაბ. 2, 19 და 10). სამოთხის ამ მზით გაბრწყინებულ დღეს ღამე არ მოსდევდა. და აი, ღვთის სიკეთე პირველქმნილი ადამიანის სასახლეში დამკვიდრდა და იქ განისვენა. მაგრამ სინამდვილეში ვის შეუძლია მოგვითხროს ღვთის სიკეთესა და დიდებულებაზე, რომელიც უფლის ყოვლადძლიერმა მარჯვენამ უხვად მიჰმადლა ადამიანს? შემოქმედმა მას თავისი ხატება და მსგავსება მიაგო პატივად და უკვდავება მიანიჭა. ღმერთმა ადამიანი მასთან საუბრის ღირსი გახადა, რომ ნეტარების დაუშრეტელ წყაროსთან ტკბილი კავშირით ემხიარულა და სულიერ სიამეთა სიმდიდრით განცვიფრებულიყო.
ადამიანის სხეულსა და სულში უვნებობა მეფობდა. მას არაფერი აწუხებდა და ყველაფერზე ბატონობდა. უბრალოება, სიწრფოება და უმანკოება მთელ მის ყოფას ამდიდრებდა.
ადამიანს ყველაფერი ემორჩილებოდა, როგორც მეფესა და პატარა ღმერთს. მისი სული ქალწულებრივი სიწმინდით იყო შემკული და მის უმშვენიერეს სხეულში – ღვთის ყოვლისმპყრობელი ხელის პირველ ქმნილებაში – ირეკლებოდა. ღვთიური მზრუნველობა და სახიერება ორივეგან სუფევდა, როგორც მიწიერ მეფესა და მის სასახლეში, ისე მთელ ქმნილებაში. ყოველივე ღვთაებრივ ელფერს ატარებდა, რადგან ადამიანი ღვთის მცნებას იცავდა.
მაგრამ ვაიმე, ვაიმე! როგორ და საიდან დავიწყო მე საწყალობელმა გოდებით თხრობა თავსდატეხილ ქარიშხალზე – როცა ღმერთმა ჩვენგან პირი იბრუნა? რომელი სიტყვებითა და როგორი გლოვით გადმოგცეთ ადამიანის ის უბადრუკი მდგომარეობა და ტრაგედია, როცა სამოთხის შვება დაკარგა, ადამიანისა, რომელსაც ამგვარი პატივი მიაგეს და ასეთი უმადური აღმოჩნდა? განა შესაძლებელია ოდესმე ვინმე სიღრმემდე, ბოლომდე ჩასწვდეს ღვთის პირისქცევის ტრაგედიას, ადამის ექსორიას, ბუნების ტკივილს? რა თქმა უნდა, ვერავინ! და ვინ ჩასწვდება მცნების იმ უბედური დამრღვევის გლოვისა და უნუგეშო მოთქმაგოდების უფსკრულს, რომელიც მისჯილ ადგილას დამჯდარა და შორიდან შეჰყურებს თავის დაკარგულ სასახლეს? ლუციფერმა აცდუნა ადამი, რომელმაც თავისი ნება საკუთარი სურვილით დაუმორჩილა ბოროტს. მანაც ღმერთთან თანასწორობა წარმოიდგინა! ადამმა მცნება დაარღვია და ღვთის სასჯელი საშინელი ქარიშხალივით დაატყდა თავს, რომელმაც სამოთხის ნეტარება უბედურებითა და ცრემლით აღსავსე ცხოვრებით შეცვალა. გაამპარტავანდა მიწიერ ქმნილებათა საბრალო მეფე და, აი, განდევნილი უმშვენიერესი და ტკბილი სამოთხიდან, თავისი ბრწყინვალე სასახლიდან, დაცემული და პატივაყრილი, მწარე, ეკლითა და კუროსთავით სავსე მიწაზე ექსორიაში მიდის, რომ განწირული სულის მძიმე კვნესით, დამქანცველი შრომით და საკუთარი ოფლით ჭამოს ტანჯვით მოპოვებული პური.
„ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“ (ფსალმ. 103, 29). ყველაფერი ძრწის, ჰარმონიულობასა და მადლს კარგავს, წესს ტოვებს, სამოთხის სიხარულს ივიწყებს და ხრწნადი ხდება. ამ ყოფაშია მთელი ბუნება, განსაკუთრებით კი – ადამიანი.
წყეული ცოდვის საშინელი სახე პირველად ედემში გამოჩნდა და სამოთხის ბატონ-პატრონი თავისი საამური საუფლოდან განდევნა, რადგან ის ცოდვას მიუახლოვდა და მოიხიბლა მისგან. ამრიგად, უკვდავი ადამიანი მოკვდავად, უვნებო კი ვნებიანად იქცა! ბუნების სტიქია, რომელიც აქამდე მას ემორჩილებოდა და არ ვნებდა, ახლა ერთიანად შეიძრა და აჯანყდა, რომ გაანადგუროს, დაღუპოს ადამიანი, რადგან დაწყევლილი მიწა მის გამო მიესაჯა. ეს მიწა მასზე ჩადენილ უსჯულოებათა სიმძიმისგან ოხრავს, მხურვალე სურვილითა და სასოებით ელის ღვთის შვილების გამოჩინებას, რომ მონობისგან გათავისუფლდეს და იდიდოს, როგორც ამას ღვთაებრივი პავლე წერს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 8, 19-21).
ღმერთი პირს იბრუნებს და ყველაფერი იცვლება. პირველ დაცემას მაშინვე მეორე მოჰყვა – კაენის მიერ აბელის მოკვლა, ეს სამარცხვინო ძმისმკვლელობა, რის შემდეგაც ცოდვა მეფობს. ადამიანების უღმერთობის გამო უფალი ღვთაებრივ პირს მიიქცევს და წყლის სტიქია წარღვნის მსოფლიოს, რომელსაც მთელი ადამის მოდგმისთვის, ღვთისმოსავი ნოეს გარდა, შემზარავ საფლავად აქცევს. ადამიანთა აღვირახსნილობისა და გარყვნილების გამო ღმერთმა ღვთაებრივი პირი იბრუნა და სოდომისა და გომორის მიწა ცეცხლმა დაწვა. გარემიაქცია წყალობა და ამპარტავანი ფარაონის მთელი მხედრობა წყალში დაინთქა, ზღვის წყალი მას საუკუნო სამარედ ექცა.
მიზეზი იმისა, რომ ღმერთი პირს იბრუნებს ადამიანებისგან, დაუსრულებელი უზნეობა, ცოდვა და საღვთო სჯულიდან გარდასვლაა. ამას გარდაუვალ შედეგად მოჰყვება ბუნებითი ბოროტება, როგორიცაა სნეულება, სხვადასხვა მწუხარება და ბოლოს – სიკვდილი.
მაგრამ როცა წყალობათა მომნიჭებელი ღმერთი სახიერების ხელს გაშლის, მაშინ ადამიანის გული სამეფო სასახლედ იქცევა! სამეფო დიდებულების ბრწყინვალება განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მასში. სასახლის მსახურები ემსახურებიან თავიანთ მეფეს, რომელიც მიუწვდომელი ბრწყინვალებისა და გამორჩეული მშვენიერების მქონე მადლის საყდარზეა დაბრძანებული. მაღალი საყდრისა და კარიბჭის სამეფო დაცვა კი ფხიზლად ადევნებს თვალყურს და იცავს მას! ყველაფერი ხელმწიფის იქ ყოფნის და კეთილმოწყალების სიმდიდრესა და სიდიადეზე მეტყველებს. მაგრამ ვინ არის მეფე და ვინ არიან მისი მსახურები და მცველები? მეფე! სხვა ვინ იქნება, თუ არა ის, ვინც წმინდა ნათლისღებით ადამიანის გული თავის სამკვიდრებლად, ცათა სასუფევლად აქცია! როგორც ის თავად ამბობს სახარებაში: „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
ვინ არიან სასახლის მსახურნი? ეს საღვთო გულისსიტყვებია, რომლებიც ღვთის მადლს ემსახურებიან, რომ სამეფო სასახლე შეიმკოს და მასში ღვთის დიდება და მშვენიერება ბრწყინავდეს! სამეფო დაცვა ვინღაა? სიფხიზლე, ყურადღება და საღვთო შურის გულისსიტყვებია, რომლებიც სასახლესა და მეფეს იცავენ! სიკეთე და ღვთისმიერი ტკბილი განსვენება გულის მთელ სამფლობელოში ბატონობს, მაგრამ როცა სამეფო დაცვიდან რომელიმეს ზედამხედველობა დაეზარება, ზოგი უზომო ჭამა-სმასა და ლოთობას მიეცემა, ზოგი გარყვნილებაში გადაეშვება, ზოგი კი მტრებთან გასცემს ხელმწიფეს, მაშინ ეს სახიერი მეფე – წმინდა ნათლისღების მადლი იმალება, მიდის და საერთოდ აღარ ჩანს. ის პირს იბრუნებს მონებისა და სასახლისგან, რადგან ღალატმა მადლი შეურაცხყო.
და მაშინ, ჰოი, მაშინ, „იქმნის უკუანაისკნელი კაცისაი მის უძვირეს პირველისა" (მათ. 12, 45). მაშინ ის ემსგავსება საფლავის თხრილში ჩამავალს, რომლის ხვედრიც აუტანელი სიმყრალეა. ამიტომ ლოცულობდა განუწყვეტლივ მეფსალმუნე: „ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა" (ფსალმ. 142, 7).
ოჰ, რაოდენ მშვენიერია ახალგაზრდობა, როდესაც ის თავისი ყვავილობის დიდებაშია. იმდენად მშვენიერია, რომ ზოგიერთები ზეციერი ანგელოზებისგან არ განსხვავდებიან. მაგრამ როცა მათ სიკვდილის ალესილი ნამგალი წამოეწევა და მოცელავს, მაშინ სასწრაფოდ მარხავენ, რადგან არსებობს ინფექციების გარდაუვალი საფრთხე; ცივ სამარეში მალავენ, ვინაიდან სულ მალე ახალგაზრდობის მშვენიერ სურნელს საზარელი სიმყრალე შეცვლის!
ასევე ხდება ადამიანის სულშიც. როცა კაცი ცოდვებისგან განწმენდილი და საკუთარი თავის მიმართ ყურადღებიანია, მასში ღვთის მადლი მეფობს და ღვთაებრივი სიკეთე ამშვენებს. გარშემომყოფნი ასეთი ადამიანის დანახვითაც კი ხარობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც კაცი შესცოდავს და არ მოინანიებს, უფალი ღვთაებრივ მზერას მოაშორებს და მის სულს მაშინვე უზნეობის წყვდიადი მოიცავს. ადამიანი ბოროტი საქმეების ჩადენას იწყებს. უწმინდური ეშმაკი გამუდმებით, სულ უფრო მეტად შებილწავს იმ საბრალო სულს, ცოდვიდან ცოდვაში, ვნებიდან ვნებაში აგდებს და მისგან ისეთი სიმყრალე იგრძნობა, რომ წმინდა ანგელოზებიც ვერ უძლებენ და მის გვერდით ვეღარ რჩებიან, რომ დაეხმარონ. მაშინ მას ღვთის მადლი განეშორება და ცოდვისგან გამოწვეული ლპობა გამანადგურებელ მოქმედებას იწყებს. ამ დროს სული ემსგავსება მკვდარს, რომელსაც სამარეში აგდებენ და თუ საფლავს შემთხვევით მალევე გავხსნით, მატლების დანახვა, სიმყრალე და გვამის შემზარავი მდგომარეობა თავზარს დაგვცემს.
მოდით, ჩემო საყვარელო შვილებო, უფლის მთავარანგელოზთან ერთად, რომელსაც სურდა სხვა ზეციერ ანგელოზთა მოსალოდნელი დაცემა შეეჩერებინა, რომ ისინი ლუციფერის ურჩობისა და ამპარტავნების წყვდიადით მოცულ გზას არ შესდგომოდნენ, ვთქვათ: „ვსდგეთ კეთილად“. ჩემო სანატრელო შვილებო, ყოველ ჯერზე აღვმართოთ [ცოდვით] დადრეკილი ჩვენი სული. „ვსდგეთ შიშით“, რადგან, თუ ყოველ წამს ფრთხილად არ ვიქნებით, ცოდვის ბნელი და შემზარავი პირდაღებული სამარე გვემუქრება.
ამრიგად, თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთაებრივი სიხარული და მხიარულება. ამის შემდეგ კი ღმერთი ღვთისმოყვარეებსა და მცნების აღმასრულებლებს თავის მარადიულ სამეფოში ჯილდოს მიანიჭებს აღთქმისამებრ – მთელი სისრულით უბოძებს მათთვის სამყაროს შექმნამდე გამზადებულ სიკეთეებს. ამინ. იყავნ.
საშობაო ეპისტოლე - 1990
კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ ქრისტიანებს
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
გამოეცხადა... უფალი სოლომონს და... უთხრა: მთხოვე, რა გინდა,
რომ მოგცე შენ. უთხრა სოლომონმა: მიანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი...
რათა სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგან. (მესამე მეფეთა 3,5,9)
დღეს სასოებით ვხმობთ: გიხაროდეთ, - ემმანუელი მობრძანდება! გიხაროდეთ წარმართნო და შეინანეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. "ჰე, მოვედ, უფალო იესო" (გამოცხადება 22,20).
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.
მართალია, მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის.
თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ერს თავისი ბედი აქვს. ისტორია ყველას კუთვნილ ადგილს უჩენს და შესაფერის მოთხოვნებს უყენებს.
გასული წელი ჩვენთვის მძიმე გამოცდის წელი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იგი იყო წელი სულიერი ამაღლებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით ამქვეყნად, საით მივდივართ...
დაიმსხვრა იდეალები, რადგან ისინი არამყარ საფუძველზე იყო დაშენებული, ჩვენ კი მარადიული გვეგონა.
დაიმსხვრა ილუზიები იმიტომ, რომ ისინი მოწყვეტილნი იყვნენ ღმერთსა და სიყვარულს. საშინელი ნგრევისა და ქაოსის შემდეგ უფალმა კვლავ აღამაღლა ადამიანის დაცემული სული, დაგვიბრუნა რწმენა და სიყვარული, ღირსება და დიდება.
ამ განცდით ვხვდებით დღეს ქრისტეს შობის არამიწიერ სიხარულს; მისი მადლის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ. ოღონდაც ეს ზეიმი, ეს სიხარული მხოლოდ გარეგნულ ფორმებში არ უნდა გამოიხატოს.
დღეს ჩვენ სიღრმისეული აზრით სულიერად უნდა მივსწვდეთ ბეთლემის გამოქვაბულს - მაცხოვრის შობის ადგილს და ძალისაებრ ჩვენისა განვიცადოთ იქ აღსრულებული ღვთის დიდი საიდუმლო.
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახვებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის, ვერ განაქარვებს.
იგი, რომელი არის ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული ყოველთა (გამოცხადება 21,6), იგი, რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, იშვა ბეთლემს გამოქვაბულში. მან უარყო მეფის სასახლე, ოქროს ტახტი, დიდება მიწიერი და წარუდგა ქვეყანას ბაგაში მწოლი.
ერთი შეხედვით როგორი სუსტი და დაუცველი ჩანს ყრმის სიცოცხლე მისდამი მტრულად განწყობილ ამ სამყაროში. მაგრამ არა. მის სისუსტეში სულ სხვა სიძლიერეა, მის სიმდაბლეში - სხვა სიდიადე, მის მორჩილებაში - სულ სხვა სიკეთე. იგი მოვიდა სოფლად, რათა სძლიოს მის ბოროტებას. იგი მოვიდა სოფლად, რათა გაათბოს ჩვენი გაცივებული, დაშრეტილი გულები და აღავსოს იგინი დაკარგული სიყვარულით.
თვით შობის ღამის ზეცაა ამის მოწმე: "და მეყვსეულად იყო ანგელოზისა მისთანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,13-14).
აი, მიზანი ღვთის განხორციელებისა.
უფლის განკაცების მადლით განიპო კრეტსაბმელი ადამიანის გონებისა და სულის უგრძნობლობისა. ბეთლემელი მწყემსები გახდნენ ღირსნი, პირველთ ეხილათ უბრალო გამოქვაბულის არამიწიერი დიდება და თაყვანი ეცათ ღვთაებრივი ყრმისათვის.
დღესაც მაცხოვრის შობის დღეა. მაგრამ ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს?
მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს. წმიდა სახარებაც ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".
და სად იხილავენ მას?
- საკუთარ გულში.
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.
ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.
მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. სწორედ მათ მინდა შევეხო საშობაო ეპისტოლეში.
პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.
პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანთა გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა, მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილობა, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.
ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ "უფალი ღმერთი ერთ არს" და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30).
მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.
სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.
ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.
ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.
მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ. კიდევ უფრო დიდი და მძიძე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სამართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი.
ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აღგვიწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: "ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება" (ესაია 6,1-3).
აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მითუმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.
მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.
ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.
ქრისტიანები უქმობენ შაბათსაც და კვირასაც, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა.
მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ. დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულთათვის.
სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგანაც მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.
მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან: მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.
მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.
მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.
მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.
ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.
მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.
დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. "ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო". ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.
საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელი ცოდვისაგან.
მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.
ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...
"სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ... ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის" (ეფესელთა 5,3), - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს; უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში (მათე 5,27-28).
არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.
მერვე მცნება: არა იპარო.
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა...
ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავიანთი საქციელის გამართლების მიზნით სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა. ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანი გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული ის მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: "ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების".
იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმიდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: "მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლუკა 23,41-42).
და მიუგო იესომ: "ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემთანა იყოს სამოთხესა" (ლუკა 23,43).
ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.
მეცხრე მცნება: არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა...
ღირსი მამა ანტონი დიდი წერს: ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებელისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანებს შორის, თესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ პიროვნებას სახლის კარს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს.
ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, "ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით" (ანტონი დიდი).
მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.
სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს ბასილი დიდი, - შური კი ისე ჭამს კაცის გულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია - ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და, ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახმობს მას, ვის სულშიც ბუდობს.
ჩვენ განვიხილეთ ათი მცნება, რათა ერთხელ კიდევ გვეგრძნო მათი სიდიადე და აუცილებლობა თითოეული ჩვენგანისათვის. ეს მცნებები ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და ისინი, ისევე როგორც შესაქმის აქტი, შედეგია ღვთაებრივი სიყვარულისა.
ზოგჯერ კითხულობენ რად შექმნა ღმერთმა ქვეყანა, სადაც ამდენი უსამართლობა და მწუხარებააო?
ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია იყოს მარტოობაში. სიყვარული ეძებს სხვას, რომ უყვარდეს და სურს, თვითონაც იყოს სხვისაგან შეყვარებული.
ამიტომაცაა შესაქმის აქტი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება.
რაც შეეხება უსამართლობას, იგი მოდის არა ღვთისაგან, არამედ ადამიანისაგან. ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება. სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.
მთავარია ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს, თუ ცოდვის ფართო გზით სვლას. ზოგჯერ ისიც ჭირს, გაარკვიო რა არის ცოდვა და რა - მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი: მოანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგანო (3 მეფეთა 3,9).
გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა.
"შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
ეს შიში განსხვავდება ადამიანური შიშისაგან. იგია რწმენასა და სიყვარულზე დაფუძნებული გრძნობა: გრძნობა, რომელიც პიროვნებას გადაარჩენს ცოდვითი მიდრეკილებებისაგან და ღირსყოფს მას ღვთაებრივ სიყვარულთან ერთად გახდეს მონაწილე კაცობრიობის ხსნისა. ამისთვის გაიღო ღმერთმა უდიდესი მსხვერპლი: "ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას (სოფელს), რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოანე 3,16).
ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მოვიდა ჩვენთან, რათა, როგორც ერთი ფილოსოფოსი წერს, ნათლად დაგვენახა და მკვეთრად შეგვეგრძნო ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება ყველაზე უმნიშვნელო საკითხებშიც კი და დავლოდებოდით გამოწვდილ ხელებს, რომელიც ფეხზე დაგვაყენებდა.
მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისი რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას. და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).
ქრისტე იშვა - ადიდებდეთ მას!
ქრისტე ზეცით გარდამოხდა - მიეგებეთ!
სიყვარულით გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. შევსთხოვ ღმერთს, სულიერად ფეხზე დადგეს საქართველო: ვიყოთ ერთობით ღმერთთან და ერთმანეთთან "ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაი" (გამოცხადება 19,7).
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989-1990.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1987
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს,
რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი
"მოვიდა ქორწილი კრავისაჲ"
(გამოცხადება 19,7)
თავისი სიძლიერით ამ გრძნობას ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: "გეშინინ, გარნა გრწმენინ" (ლუკა 8,50).
რით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს? მოწიწებით უნდა მივიღოთ იგი, გულის სიღრმეში უნდა მივუჩინოთ სამყოფელი და გარეშევარტყათ მთრთოლვარე სიყვარული. გვყოფს ტაძრად სულიწმიდისა და შევიმოსებით მისი დიდებით. "ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲა, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5, 22).
სულიწმიდის მადლით აღვსებას გისურვებთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო და ყოველნო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა; სიყვარულით მოგესალმებით და გულით მოგილოცავთ წმიდა პასექის დიად დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
"აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ".აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: "არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქვენ", - წერს სააღდგომო მიმართვაში ჩვენი ერისა და ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი დიდი ილია ჭავჭავაძე.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე.
აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (I კორინ. 15,55).
ადამიანი, როგორც ნაწილი ქრისტეს ბუნებისა, უშუალო მონაწილეა ამ ძლევისა. გამარჯვება მოპოვებულია, მაგრამ მას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა.
სად პოვოს კაცმა ძალა მის დასაცავად?
პასუხი ერთია: ეკლესიაში, რომელი არს სხეული ქრისტესი.
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე. ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესეულია.
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწყმით ქმნის ერთიან მთელ სხეულს; მსგავსად ამისა, ეკლესიაც არის არა მხოლოდ ადამიანთა კრებული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ის ძალა, ხალხს რომ აერთიანებს და ამ ერთობით მათ ღვთის ნაწილად ხდის.
ღმერთკაცის - იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია მასავით ორბუნებოვანია - ღვთაებრივ-ადამიანურია. ოღონდ განსხვავება იმაშია რომ იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცია, ეკლესიამ კი ჯერ ვერ მიაღწია სრულყოფილ ღვთაებრივ-ადამიანურ საფეხურს. მისი ადამიანური არსი გამუდმებით უნდა მიისწრაფვოდეს სრულქმნისაკენ, რათა შეეფარდოს თავისსავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისს. მიუხედავად ეკლესიის ადამიანური ბუნების ნაკლოვანებისა, ნიკეო-კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე დადგენილ მრწამსში ვამბობთ: "მრწამს ერთი, წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეკლესია განწმედილია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.
მაინც რა არის ეკლესია, რა ძალაა მასში? რატომ არ არის საკმარისი ვიყოთ მხოლოდ მორწმუნე?
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20) - ბრძანებს უფალი.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას". (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შეგმუსრავენ, ვერ შეარყევენ სიმაგრეს შენსას.
ო, რა დიდი და ბრწყინვალე ხარ შენ, სახლო ღვთისა" (შრომები, მ. 1858, გვ. 28).
"მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად კუნძულნი განაწესა; ცოდვით დაცემულ მსოფლიოს კი მიმადლა წმიდა ეკლესიები, რომელნიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტის შესახებ".
"ეკლესია ბურჯი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა", - ნეტარი ავგუსტინე.
"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
ამგვარი გამონათქვამები სხვაც ბევრი შეიძლება მოვიტანოთ, რადგან წმიდა მამები თავისი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14,6), - გვაფრთხილებს უფალი.
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: "სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურისას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა" (ქადაგება 268,2).
იესო ქრისტეს ძალდატანებით არავინ მოჰყავს ეკლესიაში, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ, მისდიონ მას და იყვნენ მონაწილე მისი არამიწიერი, ღვთაებრივი სიყვარულისა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, - ბრძანებს იგი, - უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯვარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24).
ძნელია განდგომა საკუთარი თავისგან; ძნელია უარყოფა ვიწრო ეგოიზმისა, არაწმიდა აზრებისა და გრძნობებისა. ზოგჯერ გვგონია, ვერ შევძლებთ, წინ აღვუდგეთ მიწიერ სურვილთ და ბოროტებას. როგორ დავძლიოთ იგი, როგორ განვიძარცვოთ ტანსაცმელი ძველი კაცისა და შევიმოსოთ სამოსელი სიმართლისა, სიყვარულისა, სამოსელი თანაგრძნობისა, მორჩილებისა, სიწმიდისა?
ჩვენი სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.
ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი. მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ხსნისათვის თაყვანისმცემელთა მისთა. იგი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდა მივენდოთ, ვუსმინოთ და მივსდიოთ მას. მორწმუნედ გახდომა არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი გვერქვას, რომ ეკლესიის ნაწილი ვიყოთ. აუცილებელია ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება.
ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.
მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი.
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, - მიმართავს იესო ქრისტე საქადაგებლად მიმავალ თავის მოწაფეებს, - და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ" (მათე 28,19-20). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3,5).
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა.
ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხნიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმიდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება.
ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ".
იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხაროდ ამით ამთავრებენ ეკლესიაში ცხოვრებას. თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო. ჭეშმარიტნი ქრისტიანენი კი ნათლობისა და მირონცხების შემდეგაც უხვად იღებენ სულიერ საკვებს და მადლს.
ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ ადამიანისაგან განდევნილი არაწმიდა სული ურწყულ ადგილებს მიაშურებს და რაკი იქ განსასვენებელს ვერ პოვებს, ცდილობს, ძველ სამყოფელს დაუბრუნდეს. თუ კაცი განლაღებული დახვდა, სხვა უბოროტესს ეშმაკთაც მოიყვანს და მათთან ერთად დაემკვიდრება მასში. და კაცი იგი შეიქმნება უფრო ცოდვილი, ვიდრე ადრე იყო (მათე 12,43-45). ამიტომ საჭიროა ცოდვისგან მუდმივი განწმენდა, მისგან გათავისუფლება.
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
მაცხოვარმა მოციქულებს მისცა განსაკუთრებული ძალა ცოდვილთა მიმართ: "ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 18,18). ეს მადლი მოციქულებიდან მათი საქმის გამგრძელებლებს - ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას გადაეცა და დღემდე მოდის.
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები, ოღონდ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შენდობასაც მოძღვრისგან მიიღებს.
აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი.
აღსარებით განწმენდილი ადამიანი მზად არის, მიიღოს მეორე უდიდესი საიდუმლო - ზიარება.
განა შეიძლება ქრისტიანი გვერქვას და არ ვიყოთ მონაწილე ევქარისტიისა - ზიარებისა?! იგი არა მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებაა, არამედ ჩვენი ერთობა მაცხოვართან, ჩვენზე გარდამომავალი უდიდესი საიდუმლო ძალა, ჩვენი განღმრთობა.
წმიდა ზიარების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს მაცხოვრის ეს სიტყვები: "უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6,53).
ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მიღებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი მამა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: "ეცადეთ, ხშირად შეიკრიბოთ ზიარებისთვის და ღვთის სადიდებლად" (XIII ეპისტოლე ეფესელთა მიმართ).
წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: სულისა და ხორცისგან შედგენილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმიდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს.
რატომ მისცა უფალმა მოციქულებს საჭმელად თავისი სისხლი და ხორცი ღვინისა და პურის სახით? - კითხულობენ ზოგნი.
პური სიმბოლოა ღვთის ძალისა, სიმბოლო კაცთა ერთობისა. თორმეტი მოციქულის სწავლანში - "დიდაქეში" ვკითხულობთ: "როგორც ეს პური (ხორბლის სახით) იყო განბნეული სხვადასხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფალო)" (დიდაქე 9).
ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმიდა ესაიას წიგნში წერია: "როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა" (ესაია 65,8).
ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.
როგორადაც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ წირვაზე იღებდნენ ზიარებას. ეს იყო ხალხი, სულით ძლიერი, ყოველ წუთს მზად რომ იყო, თავი გაეწირა ქრისტესთვის. მაგალითად, წმიდა ბასილი დიდი კვირაში ოთხჯერ ეზიარებოდა: კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს და, აგრეთვე, ყოველ დღესასწაულზე.
ძმანო და დანო ჩემნო, ნურც თქვენ მოიკლებთ ამ დიდ, გადამრჩენელ საიდუმლოს. მარხვის დროს გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ეზიაროთ ყოველ კვირას და, ასევე, ყოველ დიდ დღესასწაულზე. ეს მოგცემთ სულიერ ძალას როგორც ხილულ, ისე უხილავ მტერთან საბრძოლველად და გაქცევთ იმ სულიერ ტაძრად, რომელსაც უფალი არასდროს დატოვებს; მოგეცემათ მშვიდობა და სიხარული.
ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვაზე და სიკვდილზე უძლიერეს მარადიულ და ყოვლის მომცველ სიყვარულს ღვთისას.
სიყვარულმა გაითვალისწინა ყვვლაფერი, რაც კაცს სჭირდება. თავის მოწაფეებს, ქადაგებისთვის რომ გზავნიდა, სნეულთა განკურნების ძალაც მისცა უფალმა (მათე 10,1). ჭეშმარიტ მორწმუნეებს ისინი ზეთს სცხებდნენ და ავადმყოფნიც სნეულებისგან თავისუფლდებოდნენ (მარკ. 6,13). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას" (იაკ. 5, 14-15).
ასე დაწესდა საიდუმლო ზეთისცხებისა. ეკლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.
ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.
ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი.
ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. "რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ" (მათე 19,6), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ.
როცა ეკლესიაზე და იქ აღსრულებულ ადამიანის ღრმა და იდუმალ ფერისცვალებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით მაინც არ შევეხოთ თვით მოძღვარს, რომელიც ამ საიდუმლოთა მთავარი მონაწილეა.
სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა.
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს, რომ ეპისკოპოსი ეკლესიაში განასახიერებს უფალ იესო ქრისტეს, ხოლო მღვდელი სახეა მოციქულისა, ჯვარცმული პიროვნებისა.
ეპისკოპოსის ხელდასხმითა და წარმოთქმული ლოცვით რჩეულ კეთილმორწმუნე ქრისტიანზე სამღვდელო ხარისხში კურთხევისას გადადის განსაკუთრებული მადლი სულიწმიდისა.
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22).
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.
მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.
ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მითუმეტეს, ურწმუნოთათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. განა იუდა ისკარიოტელის გამო შეიძლება უგულველვყოთ ღვაწლი და შრომა სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმიდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგვინი მოიპოვეს?
ასე რომ, ეკლესია ერთადერთი სულიერი სავანეა, რომელში ყოფნაც აუცილებელია ქრისტიანისთვის, ყველასთვის, ვისაც სულის ხსნა სურს.
ეკლესიაში ყველაფერი მნიშვნელოვანია და ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენში ქრისტე აღიბეჭდოს, რომ ჩვენ ღმერთშემოსილნი გავხდეთ. და რაოდენ საწყალობელია მდგომარეობა მათი, ვინც ამ მადლს მოკლებულია.
ერთადერთი გზა ღმერთთან სიახლოვეშია.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია.
ბოროტ ძალებთან საბრძოლველად ღვთისაგან დიდ შემწეობას იღებს ის, ვინც რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს 90-ე ფსალმუნს.
ნუ გამოტოვებთ დილის და საღამოს ლოცვებს, ზიარების წინა და შემდეგ ლოცვებს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, საქმის დაწყების ან და დამთავრების შემდეგ ლოცვებს. შეძლებისდაგვარად იკითხეთ ფსალმუნნი.
ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ.
როცა ეკლესიაზე და კაცობრიობისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მისი სამშვიდობო მოღვაწეობა.
ყვვლას კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არა თუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო დროს ვცხოვრობთ, საშინელი განსაცდელის წინაშეა თითოეული სახელმწიფო, მთელი მსოფლიო. თუ მოვლენები კვლავ ასე განვითარდა, ექნება კი საერთოდ აზრი რაიმეს ან მომავალი?
გულგატეხილობამ და ურწმუნოებამ მოიცვა ჩვენი გული, თუმც მათ ბოლომდე მაინც ვერ დაგვიმორჩილეს, რადგან ყოველ ჩვენგანში წარუხოცელი ბეჭედია ღვთის მსგავსებისა, რადგან, ტერტულიანეს თქმისა არ იყოს, სული ყოველი კაცისა ბუნებით ქრისტიანია. ოღონდ საჭიროა უფრო ღრმა აზროვნება, ახლებურად აღქმა და გააზრება ყოველივე იმისა, რაც ხდება. სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია.
დღეს, როცა კაცობრიობა იტანჯება შიმშილისაგან, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სოციალური უსამართლობისაგან, სულ უფრო მეტი ხარჯები მიდის შეიარაღებაზე. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, აუცილებელია თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ-მორალური ცხოვრების დონის შეცვლა უფრო მაღალი კრიტერიუმებით, ხოლო ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ახალი ფორმების გამოძებნა.
ამ საკითხების გადაჭრაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიას, მის ლოცვას და იმ საქმიანობას, რასაც იგი სამშვიდობო მიზნით ახორციელებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მორწმუნენი, მთელ ხალხთან ერთად მოწონებით შეხვდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და მატერიალური განახლების პროცესის დაწყებას.
სულიერი და მატერიალური პრობლემები ჩვენი მუდმივი თანამდევია. ისინი განუყრელნია, როგორც სახარებისეული დები მართა და მარიამი. მაგრამ ცხოვრების ორომტრიალში ჩაფლულთ კრავის სიტყვები არ უნდა დაგვავიწყდეს: "აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს" (გამოცხადება 22, 12); არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოახლოებულია ქორწილი კრავისა, რის შესახებაც უფალი სხვადასხვა საშუალებით გვაფრთხილებს.
მძიმე განსაცდელით დაიწყო ჩვენთვის ეს წელიწადი. დასავლეთ საქართველოში, სვანეთსა და სხვა მთიან რაიონებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი მწუხარება და ცრემლი მოგვიტანა. ფეხზე დადგა მთლად საქართველო... გაჭირვებამ ყველა გაგვაერთიანა.
"მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", - წარმოთქვა წმიდა იოანე ოქროპირმა. ჩვენც, მის მსგავსად მადლიერნი ვართ უფლისა ყოველივესთვის: ჩვენი ჯვრისათვის, განსაცდელისა და მწუხარებისთვის, ღვთის ჩვენდამი უნაპირო სიყვარულისა და ჩვენთვის თავგანწირვისთვის. გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ მას. მაშინ ჩვენი ცხოვრების გზა იქნება ერთადერთი და გადამრჩენელი, მაშინ სულში მუდამ პასექის ზეიმი იქნება.
"იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამოცხადება 2,10), - გვმოძღვრავს უფალი.
კურთხეული ივერიის ღვთისსათნო შვილნო ღვთაებრივი სიყვარულით გამთბარი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს. "მოვედით, და ვიდოდით ნათელსა უფლისასა" (ესაია 2,5), "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
მხოლოდ მისი მადლით მოსილნი მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას, მხოლოდ მასშია ნამდვილი სიყვარული და სიხარული.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესი
თბილისი, 1987 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 1991
"საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი
ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა" (ესაია12,5)
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:
"მშვიდობა თქვენთანა", - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, როგორ უწამლებს შენი სულის შეუხორცებელ, ღია ჭრილობებს."ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაი... ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფსალმუნი 14,3,5).
ჭეშმარიტად, ერთადერთი იმედი და მხსნელი ჩვენი უფალია.
ძმანო და დანო ჩემნო, უფლის იმედითა და სიყვარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
გწამდეთ ღვთისა და სასოებდეთ მას და ტანჯვა თქვენი სიხარულად შეგეცვლებათ.
წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ ძირითად საფეხურს მოიცავს:
უნდა განვეშოროთ ცოდვას;
ხოლო თუ შევცოდებთ, სინანულით უნდა განვიწმინდოთ;
მაგრამ თუ გულწრფელად ვერ მოვინანიებთ, მწუხარებას შეგვამთხვევს უფალი, რათა დანაშაული გამოვისყიდოთ.
ჩვენში უმრავლესობა, ალბათ, მესამე კატეგორიას ეკუთვნის, ამიტომაც განსაცდელი და მწუხარება არ გვტოვებს. მაგრამ გვწამს, მაცხოვარივე მოგვცემს ძალას მათ დასაძლევად. მთავარია, შეჭირვების ჟამს არ დავკარგოთ ღვთისაგან ნაბოძები მადლი, მადლი სიყვარულისა და მუდამ გვახსოვდეს წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება უწამლო.
წარსული თავისი ცოდვა-მადლით უკვე განგვშორდა. ჩვენ ახლა აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით.
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32).
დღეს თითოეული ჩვენგანი ოცნებობს თავისუფლებასა და მშვიდობაზე. სუვერენული სახელმწიფო, - ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, გვესმის ადამიანთა საუბრისას. ის კი გვავიწყდება, რომ ამასთან ერთად სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით. მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, საიდან და როგორ დავიწყოთ აღზრდა.
ცნობილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ საქმეს ბავშვის დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევუდგეთ. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოდნის მიცემასთან ერთად, გრძნობათა აღზრდაზეც ვიზრუნოთ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის კულტურას. გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში, აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა.
ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შებდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.
წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა, იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმუნი 50,12).
გული, - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26).
ამის შესახებ დაწვრილებით იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მშობლები ანდა პედაგოგები როცა შვილს ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მხოლოდ სიყვარულით იხსნება.
მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მსმენელთა სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება; გააღე გული, შედი შიგ, დაამყარე წესრიგი და შენი გემოვნებით განალაგე ყოველი; ხელის შემშლელი არ გეყოლება.
მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. იგი გაცილებით იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია. (ადამიანებს შორის ხომ, გარდა ხილულისა, თვალისთვის შეუმჩნეგელი სულიერი კავშირიც მყარდება).
მაინც რა არის სიყვარული?
შესანიშნავად წერს ფილოსოფოსი პლატონი: "ერთიანობის, მთლიანობის დაუოკებელი სურვილი და მისდამი სწრაფვა არის სიყვარული" (პლატონი, მ. 1990, ტ. II, გვ. 120). მაგრამ სიყვარულის არსს ყველაზე ღრმად და ნათლად მაინც წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი განმარტავს. "საყვარელნო, ვიყუარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს" (I იოანე 4,9).
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია, სხვებსაც ვუყვარდეთ.
რით დავიწყოთ? - ყველაზე მცირით, ერთი ადამიანით.
შენს დამოკიდებულებას ამ პიროვნებისადმი უნდა განსაზღვრავდეს არა ვალდებულება, არამედ სიყვარული, მასთან სულიერი ერთობის სურვილი. სხვა ადამიანში, თუნდაც ყველაზე შეუმჩნეველში, ან ცოდვით დაცემულში, უნდა სცადო, დაინახო ღვთის ბრწყინვალების ანარეკლი, - მისი კარგი თვისებები და ასე შეიყვარო იგი.
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა.
ამ ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი მოზარდი თაობის პრობლემას, აღზრდის საკითხს ოჯახსა და სკოლაში, საშუალო სკოლის საგანმანათლებლო კურსს და იმ ზოგიერთ გადაუჭრელ საკითხს რომელიც დღეს დგას ჩვენს წინაშე.
პრობლემები ბევრია და ხშირად არც ვიცით, საიდან დავიწყოთ მათი მოგვარება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები.
ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს, აუცილებლად, ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც უკანონო და ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია.
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგიური აღზრდა, არ იცნობენ მართლმადიდებლობას და მტკიცედ არ დგანან თავიანთ სარწმუნოებაზე.
უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, - რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომელიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს.
"მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში. რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სხვა სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა "მართლმადიდებლობა" ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.
ამის შესახებ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ შეგახსენოთ, მარტო მართლმადიდებლურად მონათვლა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, რათა ვიგრძნოთ ძალა და მადლი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და არასდროს განვეშოროთ მის ჭეშმარიტ გზას.
ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველ წელს სახლის კურთხევა, აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დღეებში ლოცვა... ასეთი ოჯახი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, იქცევა "სახლის ეკლესიად" და დაივანებს იქ უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.
მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან თავიანთ შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება, ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ, ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ახასიათებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.
საბოლოოდ შედეგიც სამწუხაროა: შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უფრო უარესი, თვითონ მათ ელით.
"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", - გვასწავლის მეხუთე მცნება.
მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა.
პიროვნების ინტელექტუალური თუ სულიერი ჩამოყალიბებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლას. კარგად უთქვამთ: სკოლა ისეთია, როგორიც არის საზოგადოებაო.
საზოგადოება, როგორც ვიცით, დაავადებულია; შესაბამისად დასნეულებულია სკოლაც. ჩვენი საშუალო სკოლა კონსერვატულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს. ჩვენთან კი პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი არც ოჯახში, არც საზოგადოებაში და არც მოსწავლეთა შორის. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში მოწაფეს არ უყვარს სკოლა და არც აღმზრდელნი.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ მასწავლებლის შრომის სოციალურ და საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე, ამის თაობაზე ადგენენ სხვადასხვა დეკლარაციებს... საქმე კი ადგილიდან არ იძვრის, პირიქით, უფსკრულისკენ მიექანება.
ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, ისეთნი, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღრმა რწმენით, სიყვარულით, დიდი მოთმინებით და სხვა კეთილი თვისებებით, რასაც შემდეგ ისინი თავიანთ მოსწავლეებს გადასცემენ.
მასწავლებლის შესახებ შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობაა გააკეთოს ყველაფერი, თვით შეუძლებელიც კი, რათა მოსწავლეებმა ნამდვილი სიყვარულით შეიყვარონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვარებენ ისინი საგანს, რომელსაც სწავლობენ.
მასწავლებელთა შორის, რა თქმა უნდა, დღესაც არიან ნიჭიერი პიროვნებები, რომელნიც გარდა იმისა, რომ კარგად ფლობენ საგანს, დაინტერესებულნი არიან მაგ., კარგი ბიბლიოთეკის შექმნით, სოფლის მეურნეობით, ხელოვნებით, გატაცებულნი არიან ფილატელიით, ან წერენ ლექსებს... და თავის ინტერესებსა და მისწრაფებებს აღსაზრდელთაც უზიარებენ.
ასეთი პედაგოგები სხვათაგან განირჩევიან მაღალი სულიერობით, ზნეობით, კულტურით. ისინი ღიმილით შედიან საკლასო ოთახებში და თავიდანვე ქმნიან მშვიდ და სასიამოვნო განწყობილებას. არ იჩენენ პედანტობას ჟურნალში დასწრების აღრიცხვისას, არ ცდილობენ ორიანის დაწერას და იმ მოსწავლეთა დასჯას, რომელთაც არა აქვთ გაკვეთილი მომზადებული. ბავშვებთან მათი შეხვედრა რომ საინტერესო იყოს, ისინი რამდენიმე წუთს უთმობენ მეცნიერულ მიღწევებზე, ხელოვნების სიახლეზე ან სხვა საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს.
მაგონდება ერთ-ერთი ჩემი პედაგოგი, რომელმაც გაკვეთილზე კონსპექტის რვეულთან ერთად ხელჩანთიდან ამოიღო დანა, ჩანგალი, კოვზი... და თითქმის მთელი გაკვეთილის მანძილზე გვიხსნიდა მათი ხმარების წესებს, სადილობის დროს ქცევის ეტიკეტს. ჩვენ იმ დღეს ბევრი რამ საჭირო შევითვისეთ. მის საგანს კი ამით არაფერი დაჰკლებია.
ამ ცოტა ხნის წინათ საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობის ისტორიის შესახებ, ვუთხარი ისიც, რომ საპატრიარქოში გახსნილია უფასო სასადილო ხელმოკლე სტუდენტებისთვის, გაჭირვებული მარტოხელიბისა და მოხუცებისთვის. ბოლოს ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ამიერიდან აღარ დაეწერათ ორიანი მოსწავლეებისათვის და ბავშვებსაც, - რომ არ ჩაეგდოთ პედაგოგები უხერხულ მდგომარეობაში. ეს წინადადება სიხარულით მიიღო ორივე მხარემ.
სამი-ოთხი კვირის შემდეგ ისინი კვლავ მოვიდნენ ჩემთან და მოიტანეს შეგროვილი თანხა - ხუთასი მანეთი უფასო სასადილოსთვის.
ღირებული ეს ფული კი არ არის, არამედ სურვილი ბავშვებისა, მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სათნო საქმეში, რისთვისაც მათ მთელი დანაზოგი გაიღეს, შეიწიროს უფალმა მათი ქველმოქმედება და აკურთხოს ისინი.
ამ ქრისტიანულ საქციელში ჩანს პედაგოგთა კეთილი გავლენა.
როდესაც მასწავლებლის ნაკლზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან; დამნაშავეა განათლების დღეს არსებული სისტემა, რომელმაც კარგახანია დრო მოჭამა, მაგრამ მაინც ვერავინ ბედავს მის შეცვლას.
ამ სისტემაში აღმზრდელი არარაობას წარმოადგენს. მას აძლევენ გარკვეულ პროგრამას და აიძულებენ მის შესრულებას; დაფიქრების საშუალებასაც კი უსპობენ იმაზე, რომ მიხვდეს, პროგრამის ათვისება კი არ არის მთავარი, არამედ ბავშვებისათვის მორალური, ზნეობრივი, სულიერი საზრდოს მიწოდება, რათა ისინი ჭეშმარიტ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. პედაგოგი სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან, მშობლების, დირექტორისა და მოწაფეებისაგან იმდენად დათრგუნულია, რომ ფაქტიურად დაკარგული აქვს თავისი თავისადმი რწმენა, თვითონაც ადვილად იმცირებს თავს და არც ცდილობს, როგორმე განშორდეს ამ ჭაობს.
მართალია, სავალალოა მასწავლებელთა მდგომარეობა, მაგრამ მთელი ტრაგედია მაინც იმაშია, რომ ისინი ზრდიან ასეთივე შეზღუდულ და უსახო მომავალ თაობებს, შეუგნებლად უვითარებენ რა მათ სკოლისადმი და საერთოდ სწავლისადმი სიძულვილს.
აიღეთ თუნდაც სახელმძღვანელოები, როგორ არის ისინი შედგენილი?! მე, მაგალითად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განზრახ იმგვარადაა იქ მასალა წარმოდგენილი, რომ საბოლოოდ ჩაუკლან ბავშვს ცოდნის შეძენის სურვილი.
საშუალო სკოლის პროგრამაც ისეა აგებული, თითქოს მოსწავლეებს ყველაფრის ცოდნა ეძლეოდეთ. მაგრამ ეს ერთი შეხედვით; სინამდვილეში მიღებული ცოდნა არაფრის მომცემია, რადგანაც ყველა საგანი ზედაპირულად ისწავლება. ასეთივე მდგომარეობა გრძელდება ინსტიტუტებში. ასე ყალიბდებიან შემდეგ ამბიციური უმეცრები, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია.
იმედია ახალი თაობა გაითვალისწინებს წარსულის ამ ნაკლოვანებებს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
იქნებ სჯობდეს, სკოლის პროგრამა და საგნები ცალ-ცალკე შეიქმნას ჰუმანიტარული და ტექნიკური განყოფილებებისათვის. ე.ი. გაგვეხსნა ერთი ტიპის სკოლები ჰუმანიტარებისათვის, მეორე ტიპისა კი - მათთვის, ვისაც ტექნიკური საგნები იტაცებს, მაგრამ ისე, რომ ორივე სახის სკოლებში დარჩენილიყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სხვებთან ერთად, ისწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველება. საშუალო სკოლის პროგრამაშიც შეიძლებოდა შეგვეტანა ეთიკა.
განა დრო არ არის დავფიქრდეთ იმაზე, ტყუილად რატომ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს მაგ., ალგებრას, გეომეტრიას, ფიზიკას, ქიმიას და სხვა ისეთ საგნებს, რომლებიც ცხოვრებაში შეიმლება საერთოდ არ დასჭირდეთ. მაშინ, როდესაც არაფერს ვეუბნებით რწმენის, სიყვარულის, სიძულვილის, შურის, სინანულის, შერიგების უნარის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, სამართლიანობის, მოწყალების, სიძულვილის, სიცრუის, სიმართლის, შრომის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
ამიტომაც შედეგად მივიღეთ საზოგადოება ქურდებისა და ბოროტმოქმედებისა, მლიქვნელთა, ცრუთა და უზნეოთა, დაბალმა სულიერობამ სხვა მხრივაც იჩინა ჩვენს ხასიათში თავი: ადრინდელ ჩემს ეპისტოლეში უკვე მქონდა იმის შესახებ საუბარი, რასაც აქ კიდევ გავიმეორებ: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომაც ჩვენს მოქმედებას ხშირად გრძნობები წარმართავს, გრძნობა კარგია, იგი გულიდან მომდინარეობს, მაგრამ არ არის საკმარისი, აუცილებელია გონების, ზოგჯერ ცივი გონების კონტროლი, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საქციელის შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგები.
ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა საუბრისას ასე ბრძანა: თუ ვინმე დამარტყამს, მეც დავარტყამ და სულაც არ ვფიქრობ, რა შეიძლება ამას მოჰყვესო.
დიახ, ეს ქართულ ხასიათში დევს და იგი ჩვენი დიდი ნაკლია. ასე ცხოვრება არ გამოგვადგება. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგ, რადგანაც ეს "შემდეგ" ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის შეიძლება საბედისწეროდ იქცეს.
ჩვენი შვილებიც უნდა შევაჩვიოთ განსჯას, გონიერ აზროვნებასა და მოქმედებას. ამიტომაც ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, კონცენტრირება გავუკეთოთ მთელ ჩვენს სულიერ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შევქმნათ საშუალო სკოლის ყველა კლასისათვის ფილოსოფიური ღრმა აზროვნების კურსი.
წიგნები უნდა შედგებოდეს კანონებისა და ღრმა აბსტრაქტული აზროვნების შემცველი მაგალითებისაგან. რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იყოს ღვთისმეტყველება, ლოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ისტორია და სხვა დისციპლინები.
პროგრამა თანდათან უნდა რთულდებოდეს ისე, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღოთ ანალიტიკურად, ღრმად მოაზროვნე ახალგაზრდები.
ალბათ, ასევე საჭიროა, მეცნიერთაგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს პროგრამას და შეადგენს წიგნების სერიალს ბავშვების აღზრდის თაობაზე ოჯახში. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, პატარები თავიდანვე მიეჩვიონ ფიქრს; დაე, მათ ნორჩ თავებსა და გულებში დაიბადოს ახალი იდეები, თუნდა უტოპიური. შემდეგ ეს ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება.
დღეს სკოლადამთავრებული ყმაწვილები საერთოდ არ იცნობენ ცხოვრებას, არ არიან მასთან შეგუებულნი, არ არიან შრომას შეჩვეულნი და ხშირად სრულიად შემთხვევით ხვდებიან ამა თუ იმ სასწავლებელში.
ვფიქრობ, სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები ხშირად უნდა ატარონ ქარხნებში, ფაბრიკებში, სამეცნიერო ცენტრებში, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ამა თუ იმ საქმიანობაზე. საშუალო სკოლაში ბავშვმა აუცილებლად უნდა შეითვისოს რაიმე ხელობა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოადგება. არჩეული სპეციალობა უნდა აინტერესებდეს მოსწავლეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ხელობით, საჭიროების შემთხვევაში, არჩინოს თავისი თავიც და ოჯახიც.
ბოლოს მინდა შევეხო მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც ერთ მეტად საყურადღებო საკითხს, საკითხს სიტყვის მნიშვნელობის შესახებ.
სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთიანობა; მასში განსაკუთრებული მისტიური ძალაა ჩადებული.
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ. სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები ან ცნობილი დამნაშავენი. ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავვბულ დამოკიდებულებას. კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა.
ყოველთვის გახსოვდეთ, თითოეულ თქვენს მოსწავლეში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მიეხმარეთ მას, გამოავლინოს იგი.
პედაგოგს, რომელიც ვერ იოკებს სიბრაზეს, საჯაროდ კიცხავს და შეურაცხყოფს მოსწავლეებს, უნდა ეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა იმისა, რომ თვითონ დატოვოს სკოლა. იგი შეიძლება გამოდგეს ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, მაგრამ არა სკოლაში, რადგანაც ის ვერ შეძლებს რწმენითა და სიყვარულით აღზარდოს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მქონე მომავალი თაობა. ეს კი ჩვენს წინაშე მდგარი მეტად რთული, მაგრამ აუცილებლად გადასაწყვეტი ამოცანაა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტანდტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი". სხვა ადგილას კი იგივე წმინდანი წერს: "გულის სიცოცხლე სიყვარულშია, ხოლო ღვარძლი და მტრობა მოყვასისა კლავს მას. უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამ სოფლად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად მოიცვას ჩვენი გული. ამას ელის იგი ყველასგან. ეს არის მიზეზი და მიზანი ქვეყნის არსებობისა".
ასეთი ფიქრებითა და სურვილებით ვეგებებით ჩვენ აღდგომილი მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაულს - პასექს უფლისას.
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
დაე, ღვთაებრივმა ნათელმა დაივანოს ჩვენს სახლებსა და გულებში და დაემკვიდროს ჩვენს შორის თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. განგვაშოროს ურთიერთ სიძულვილს, შურსა და მტრობას.
დღეს მე სიყვარულით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო: რუსებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, სომხებო, აზერბაიჯანელებო, ებრაელებო, ქურთებო, ესტონელებო და ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული საქართველოს მიწისა. თქვენ ხომ მრავალი წელია ქართველთა გვერდით ცხოვრობთ და ძმური ურთიერთობის გარდა მათგან სხვა არაფერი გინახავთ. გახსოვდეთ, საქართველო ადრეც გიცავდათ და კვლავაც დაგიცავთ. ხოლო ის, ვინც ჩვენს შორის ღვარძლსა და მტრობას სთესს, ჩვენი საერთო მტერია.
მშვიდობა და ღვთის კურთხევა იყოს ჩვენთან და ჩვენს შორის, ამინ.
განსაკუთრებული გრძნობით მინდა მივმართო შიდა ქართლის მცხოვრებთ: როგორც ქართველებს, ისე ოსებს. შეწყვიტეთ მტრობა და შუღლი. თქვენს შვილებს მომავალში ხომ ერთად მოუწევთ ცხოვრება, დაფიქრდით ამაზე, რას უმზადებთ მათ? მწამს, ღვთის წყალობით, დადგება ბშვიდობიანი დრო და კვლავ ძმური ურთიერთობა დამყარდება ჩვენს შორის.
უფალო, მუხლმოდრეკილნი ვდგავართ შენს წინაშე სუსტნი და ცოდვილნი არა იმისათვის, რომ მოვიწონოთ ან ვიმართლოთ თავი, არამედ გთხოვოთ შენდობა და შემწეობა, გევედრებით, არ მოგვაკლო შენი კურთხევა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები შენი: "მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოანე 14,27).
ღირსგვყავ, უფალო, შენი ღვთაებრივი მშვიდობისა.
"გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან".
ძმანო და დანო ჩემნო, გიხაროდეთ
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესითბილისი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ.