ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.
განსაცდელი მოწმობს, რომ ღვთის შვილები ვართ და ეს არის დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი. მაშ, გამხნევდი, შვილო, „დაუთმე უფალსა“ და ქმენ კეთილი.
ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო.
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
მოთმინება იქონიე და ჩვენი სახიერი ღმერთი თავისი უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულით ყველაფერს გამოასწორებს, ოღონდაც ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია.
სხვა რა არის ქრისტეს მხედრის ცხოვრება, თუ არა მუდმივი ბრძოლა მტერთან, რომელიც არასოდეს ისვენებს? ეს მტერი კი ეშმაკია, ბოროტი სული, უნივთო და დაუღალავი.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.