ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


საშობაო ეპისტოლე - 1997

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

"შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს
და გაჭირვებიდან იხსნა ისინი, და დააყენა ისინი
სწორ გზაზე" (ფს. 106,6-7).

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, საქართველოს სამოციქულო წმიდა ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, ჩვენთან არს ღმერთი!
"აჰა მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო და როგორც მწყემსი, დამწყსის თავის ფარას", - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (ესაია 40,10-11).
დასასრულს უახლოვდება მეორე ათასწლეული, - რთული და წინააღმდეგობებით სავსე დრო; დრო, როდესაც შეიძლება ბევრი რამ ადვილად შეიძინოს კაცმა და შეიძლება, ყველაფერი ერთბაშად დაკარგოს. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით თანაზიარნი სინათლის, მშვიდობის, სიხარულის და ნეტარებისა.
დღეს ყველანი დიდებული ზეიმის - ქრისტეს შობის მონაწილენი ვართ.
როგორც ვიცით, ძე ღვთისას ამქვეყნად მოვლინების პირველი მაუწყებელი იყო უჩვეულოდ ნათელი ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა ბრძენ მოგვებს აღმოსავლეთიდან ვიდრე ბეთლემის გამოქვაბულამდე.
საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2,14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონეს.
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად თავისი ნებით ამბობენ უარს მადლსა და ჭეშმარიტებაზე, რადგან ჩაფლულნი არიან ცოდვის ჭაობში და აღარ ძალუძთ იქიდან გამოსვლა.
ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი. როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება; გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი, ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე დავდგეთ და სწორად ვიცხოვროთ.
ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი "მე"-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყოფით, ვაღწევთ უმაღლეს სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს. სულიერი აღმასვლის ამ კიბეზე მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.
ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წერს: "სიყვარული ნიშნავს თვითუარყოფას, სხვისთვის მსხვერპლის გაღებას. ამასთან თვითუარმყოფელ პიროვნებაში ხდება უმაღლესი თვითდამკვიდრება. სიყვარულის ანუ თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ. ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება კი მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მიიღწევა. ასე რომ, როდესაც ვამბობთ: აბსოლუტური პირველსაწყისი არის ერთიანობა საკუთარი თავისა და საკუთარი ნების უარყოფისა, ამით უფრო გასაგები ენით ვიმეორებთ მოციქულის სიტყვებს - ღმერთი სიყვარული არს" (2,310). მაშასადამე, რაკი ეგოიზმის დამამარცხებელი ძალა მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია, ეგოიზმის დაძლევით მიიღწევა ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება.
აი, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს აღზრდა და განვითარება ჩვენი ხალხისა, ჩვენი ახალგაზრდობისა.
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულისა. ეს სიყვარული სარკის მსგავსად აისახება მატერიასა და ყოველ ცოცხალ ორგანიზმში და განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ადამიანში.
ადამიანურ სიყვარულთაგან უპირველესი არის სიყვარული ღვთისადმი, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და საერთოდ სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირეკლება და შედეგიც ასეთივე ექნება.
სიყვარული ღვთისა - ეს არის ცხოვრება ღმერთში და ღვთის არსებობა ჩვენში. ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიწევს ნაყოფს ჭეშმარიტი სიყვარულისას, როცა გახდება ღვთის მატარებელი, ღმერთშემოსილი. წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ღვთის სიყვარული ლოცვით მოიპოვება და შედეგია მისი. სიყვარული უფლისა არის სამოთხე, ხე სიცოცხლისა, მეუფება ღვთისა, იგია "ღვინო", რომელი ახარებს გულსა კაცისასა და ნეტარია, ვინც იგემებს მას. შესვეს იგი განლაღებულთ და დაირცხვინეს, იგემეს ცოდვილთ და დაუტევეს გზა წარწყმედისა, იხმიეს მემთვრალეთ და შეუდგნენ მარხვას, შესვეს მდიდართა და ისურვეს სიღარიბე, მიიღეს გლახაკთა და განმდიდრდნენ სასოებითა, დალიეს სნეულთა და განძლიერდნენ, იგემეს უვიცთა და იქმნენ ბრძენნი" (სიტყვა 83). ამიტომაც ვამბობთ: მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას და ღვთის სიყვარულს შეუძლია შეცვალოს და მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ყოფის უღიმღამო რეალობა, ჩვენი დროის დაუნდობლობა და სისასტიკე, რაც არის შედეგი ურწმუნოებისა დ სულიერი სიცარიელისა.
სამწუხაროდ, ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს - ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი. იმის გამო, რომ დედ-მამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს. მხოლოდ ეგოიზმის დაძლევით შეიძლება ცოლ-ქმრის სიყვარულით ცხოვრება და მათი ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა.
გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდები, რომელნიც ამთავრებენ საშუალო სკოლას, თუნდაც უმაღლეს სასწავლებელს, საერთოდ არ არიან მომზადებულნი იმ ფრიად საპასუხისმგებლო საიდუმლოსათვის, რომელსაც ქორწინება ჰქვია. ახალგაზრდამ არაფერი იცის ოჯახზე, არ იცის, როგორ შექმნას იგი და როგორ მოუფრთხილდეს მას. ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით, ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (შესქ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (შესქ, 2,18).
მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: "ქორწინება არის საიდუმლო, რომლითაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს კავშირს ეკლესიასთან ქრისტეს სულიერი კავშირის მსგავსად და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულოვნებისას შვილთა შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის".
ზოგიერთები ქორწინებაში ხედავენ რაღაც არაწმიდას, ცოდვისმიერს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს დიდი ცოდვები, მაგრამ თუ ქორწინება კანონიერია, ღვთივკურთხეულია და შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს, იგი წმიდაა და შეუბილწავი. უფალი იესო ქრისტე თვითონ დაესწრო ქორწილს კანას გალილეაში, აკურთხა იგი და მოახდინა პირველი სასწაული - წყალი ღვინოდ შეცვალა.
აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: "ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს" (მათე, 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: "სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის" (იგავნი 19,14).
ახალგაზრდებმა, რომლებიც ოჯახს ქმნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, რომ წინააღმდეგობები ბევრი შეხვდებათ და მზად უნდა იყვნენ მათ დასაძლევად. მთავარია, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ჰქონდეთ და არ დაკარგონ იმედი და აქედან გამომდინარე რწმენა მომავლისა. ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.
მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გამოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: "გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ" (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც - მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.
სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საუკეთესო თვისებაა ადამიანისა, ბიბლიაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სავსეა მამულისა და ქვეყნისადმი თავდადებული სიყვარულის მაგალითებით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ მოსე წინასწარმეტყველის, ისუ ნავეს, სამუელის, მეფე დავითის, ელიას, ძმათა მაკაბელთა და სხვათა შესანიშნავ ცხოვრებებს; ისინი სამშობლოსთვის სანთლებად იწვოდნენ და მზად იყვნენ, ყოველ წუთს გაეწირათ სიცოცხლე თავიანთი ხალხის დაცვისათვის.
რა მგზნებარე სიყვარულის გრძნობაა ჩადებული ფსალმუნის ამ სიტყვებში: "თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამა ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემ სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში" (ფს. 136,5-6), ასე ეფიცებოდნენ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელები სამშობლოს ერთგულებას. ისინი მარტო კი არ იფიცებდნენ და გოდებდნენ, არამედ იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც, თავისი ხალხი იესო ქრისტესაც უყვარდა.
ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითითაა სავსე: მოწამეებმა დავითმა და კონსტანტინემ, მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა, და ათასობით სხვამ თავი დადეს რწმენისა და სამშობლოსათვის და როგორც მისაბაძნი მაგალითნი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ისტორიაში დიდ წმინდანებად შევიდნენ.
ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა ამ მიმართულებითაც უნდა გაძლიერდეს. ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ეკლესიას ენიჭება.
ამავე დროს ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართ.
სამართლიანობა და სიყვარული მთავარი პირობაა ადამიანებს შორის მშვიდობისა. კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა, ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს ვეხმარებით ამქვეყნიური ცხოვრების ჯვრის ზიდვაში. წმ. პავლე მოციქული წერს: "ურთიერთას უღელი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მიიღწევა.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ეკლესიის დანიშნულებაზე და მის საიდუმლო ცხოვრებაზე, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, ვერ ვაცნობიერებთ მის არსს. მრწამსში ვკითხულობთ: "მრწამს... ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია..." ეკლესია ღვთით დადგენილი ის წიაღია, სადაც ხდება საოცარი ფერისცვალება ძველი კაცისა ახალ ადამიანად, რომლის დროსაც თითოეულ ჩვენგანში იშვება ქრისტე. ხელახლადშობის პროცესი მძიმე და რთულია. იგი "მშობიარობის ტკივილებში" ანუ საკუთარ თავთან, ხილულ და უხილავ ბოროტ ძალებთან, მიწიერ ვნებათა და საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლინდება და სულიერი დაღუპვისაკენ მიმავალი ფართო გზის უარყოფას ნიშნავს.
ეკლესია მადლმოსილია არა მარტო იმიტომ, რომ მან მაცხოვრის ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო სულიწმიდის მადლი, არამედ იმიტომაც, რომ ეს მადლი დღემდე გადადის თითოეულ მის წევრზე და სიახლით, სიცოცხლის ძალითა და სინათლით ავსებს მთელს სამყაროს. ბედნიერნი ვართ, რომ სულიწმიდის ეკლესიის წევრები ვართ. ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა.
არაეკლესიური ადამიანები ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ აქ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: "არა მოვედ მართალთა მოწოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9,13).
ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა უბრძანა დავით მეფეს და სოლომონს აეგოთ ტაძარი - სახლი უფლისა. ახალ აღთქმაში ტაძრის მნიშვნვლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზეცა მიწაზე, - ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე - პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და მართლაც, აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ზეციური ეკლესია, რომელიც არის ანგელოზთა, მოციქულთა, წმინდანთა და ჩვენს დიდებულ წინაპართა მთელი დასი, ლოცვის და წირვის დროს უკავშირდება მიწიერ ეკლესიას, რომელსაც წმ. მამები მებრძოლ და მოგზაურ ეკლესიას უწოდებენ და იქმნება ერთიანი განუყოფელი სხეული ქრისტესი. ამით სრულდება აღთქმა მაცხოვრისა, ამაღლების შემდეგ რომ დაუდო თავის მოწაფეებს და მათ მიმდევართ: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 18,20). საბრალონი არიან, რომელნიც სიცოცხლეს ეკლესიის - ქრისტეს სხეულის გარეშე განლევენ, ამქვეყნად ვერაფერი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ადამიანი არაეკლესიურობით კარგავს. ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს.
საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმიდა მოვლენებს გვახსენებენ შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს.
ქრისტეს შობისას იგალობება საგალობელი: "... ქრისტე იშვა ბეთლემს...". ბეთლემი - ეს ჩვენი გულია, ჩვენს გულში არათუ უნდა დაიბადოს ქრისტე, არამედ უნდა სუფევდეს განუშორებლად. მისი მარადიული სიყვარული უნდა ავსებდეს და ათბობდეს ჩვენს სულს ამქვეყნადაც და იმ სოფელშიც. ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი.
ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; "უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა", - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევიმოსოთ სულიწმიდის მადლი, უპირველეს ყოვლისა, გული უნდა განვიწმინდოთ, რაც ეკლესიის გარეშე შეუძლებელია.
ეკლესია ერთადერთი ადგილია ჩვენი გადარჩენისა; იგი კარიბჭეა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. არ შეიძლება დაგვიანება, დაუშვებელია სულიერი განწმენდის კიბეზე ზეაღსვლის სამომავლოდ გადადება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. მაშ, ნუ დავაყოვნებთ, გავხდეთ წევრნი ქრისტეს ეკლესიისა და ვეზიაროთ იმ სიწმინდეთ, რასაც იგი ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოთა მადლით გვთავაზობს.
ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება.
სკეპტიკოსები, როდესაც დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამბობენ: ამის გაკეთება შეუძლებელია; მორწმუნის პასუხი კი ასეთია: კაცთათვის შეუძლებელი ღვთისათვის შესაძლებელია.
როგორ შეძლო ყრმა დავითმა დაემარცხებინა გოლიათი? როგორ შეძლო საქართველომ გაეძლო მრავალრიცხოვან მტერთა შემოსევებისათვის? ჩვენთან იყო, არის და იქნება ღმერთი! მთავარია ჩვენ არ განვუდგეთ მას, არ მივატოვოთ იგი.
საიდუმლო ნამდვილი წინსვლისა და გამარჯვებისა სულიერ ძლიერებაშია. იმარჯვებს არა გონება, აზროვნება და ფიზიკური ძალა, არამედ ძალა ღვთისა, რომელიც ღვთის სათნო შვილთ, ღვთის საყვარელ ერს მიენიჭება. მტერზე გაიმარჯვებთ "არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს უფალი საბაოთ" (ზაქარია 4,6).
ჩვენი ხალხი დღეს სიმბოლურად სინას უდაბნოში მოგზაურობს. ეს არის დრო განწმენდისა, დრო ჩვენი რწმენისა და გამძლეობის გამოვლინებისა.
ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ამ გამოცდას და "აღთქმულ ქვეყანაში" შევალთ.
რწმენით, სასოებითა და სიყვარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ ზეიმს. გვწამს, რომ გავხდებით ბედნიერი მონაწილენი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა; გვწამს, უფლის წყალობით, საქართველო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა და მშვიდობითა და კეთილდღეობით გავიხარებთ.
მაშ, სასოებით შევსთხოვოთ შემოქმედს: "აკურთხე გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო!"
კურთხეულია ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, - "უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და ღმერთი შენი დიდებად შენდა" (ესაია 60,20). ამინ!

ქრისტესშობა.
თბილისი, 1996-1997 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის


საშობაო ეპისტოლე - 1987

საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
"ვისაც სურს, იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი, ჯერ
თვითონ უნდა გახდეს ღვთაებრივი და მშვენიერი" (პლოტინი)

"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარი ბჭობით: "და თქუა ღმერთმან, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26).
მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა" (დაბ. 1,27).
თანდათანობით შეიქმნა იგი, სხვა ქმნილებანი კი - წამისყოფით, მხოლოდ მას შთაბერა უზენაესმა თვისი უკვდავი სული: "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მომღებელმა ქუეყანისაგან (ადამი წითელ მიწას - თიხას ნიშნავს) და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).
ამიტომაცაა იგი გვირგვინი ქმნილებისა, ხოლო დანიშნულება მისი - ყველაზე მაღალი და დიადი, ამიტომაცაა ის განღმრთობის ღირსი.
მაგრამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულის მშვიდობა.
პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: "ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი".
ცოდვა ფითრივით მოედო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.
"ის, რასაც ბოროტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმრთელობის ნაკლი ანუ არასრული სიჯანსაღე იქნება. ასევე სულიერი ნაკლიც ბუნებრივი სიკეთის დამახინჯებას ნიშნავს. ყოველგვარი ბუნება კეთილია. ეს სიკეთე დიდია, თუ ხრწნილებას არ ექვემდებარება და მცირდება, თუ ნაკლი ან დაზიანება აქვს.
უმეცრისა და გამოუცდელის გარდა სიკეთეს ვერავინ უარყოფს. თუ ბოროტება შთანთქავს სიკეთეს, მაშინ თვითონ ბოროტებაც მოისპობა, რადგანაც მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ყოველგვარი ბოროტებისაგან თავისუფალი სიკეთე კი არის სწორედ ნამდვილი, წმინდა სიკეთე (ნეტარი ავგუსტინე. არასუბსტანციურობა ბოროტებისა).
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
მშვენივრად წერს წმიდა პავლე: "არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ" (რომ. 7,19).
შინაგანმა გაორებამ ბუნებრივად წარმოშვა ადამიანის ცხოვრების ორი გზა. პირველი ჭეშმარიტებისაკენ მიდის, მეორე შეუცნობელი არყოფნისაკენ.
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.
ცოდვის, სულიერი სიკვდილის გზას კი შეუცნობელი არყოფნისაკენ მივყავართ. ცოდვა და მისი შედეგი - სიკვდილი ბოროტებაა და როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ სიცოცხლის, სიკეთის ხარჯზე არსებობს. ანგრევს რა სიცოცხლეს, თვითონაც განქარდება, "დაინთქმება ძლევითა" (ესაია).
პიროვნებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი მათ შორის. ძველი რომაელები ამბობდნენ: Similis simili gaudet - მსგავსი მსგავსს შეჰხარის. ჭეშმარიტად, იდუმალი ძაფები აკავშირებთ მონათესავე სულთ. ისინი გრძნობენ მსგავსებას ურთიერთშორის და მიილტვიან ერთმანეთისაკენ, რათა თავიანთი მისწრაფების შესაბამისი ნაყოფი გამოიღონ.
სახარებაში ვკითხულობთ: "ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად" (მათე 7, 17-18).
"ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელ აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I ინ. 4,16), რადგან თვით ძე თვისი საყვარელი გასწირა შემოქმედმან, რათა ვნებებითა და ცოდვებით დამდაბლებული კაცობრიობა ხენეშ ხედ არ ქცეულიყო, რათა აღმდგარიყო დარღვეული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, განახლებულიყო ჩვენი ბუნება და მას უზენაესთან ყოფნის შესაძლებლობა დაბრუნებოდა.
"ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი" (I ინ. 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე "განკაცდა, რათა ჩვენ განვეღმრთეთ" (ათანასე დიდი).
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (ინ. I,9). არა სამეფო დარბაზებსა და მეცნიერების წიაღში, არამედ მივარდნილ გამოქვაბულში დაედო სათავე ქვეყნის ახალ ცხოვრებას.
როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს ჩვენმა ცივილიზაციამ, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, იგი მაინც ყოველთვის ეახლება და თაყვანსა სცემს ამ მღვიმეს, რადგან აქ დაირწა აკვანი მისი, რომელ არს "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ინ. 14,6).
ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
სადაც არ არის კეთილი ქრისტიანული საქმე, იქ რწმენასაც ამაოდ დავუწყებთ ძებნას, რადგან "ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომ. 14,23) და პირიქით, სადაც სიკეთის ქმნა ცხოვრების წესია, იქ, უთუოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებაა.
"მორწმუნე ის კი არ არის, - გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, - ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ღმერთი... რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქაა ძალი, სადაც ურწმუნოებაა, იქ - უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა, აღიჭურვე საჭურველითა მხსნელითა".
რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.
თვითშემეცნება გულისხმობს ჩვენი შინაგანი ცხოვრების, ქცევის და მოქმედების დაკვირვებულ განსჯას და მის შეჯერებას ღვთის მცნებებთან, იდეალური ქრისტიანის განზოგადებულ სახესთან. ცხადად უნდა ვიგრძნოთ, რისი ძალა შეგვწევს ან ჩვენს შესაძლებლობებს რა აღემატება. რას ვუმალავთ სხვებს, რას ვუმალავთ საკუთარ თავს...
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით.
საიდან დავიწყო გლოვა? - კითხულობს ცოდვათა სიმრავლით სულშეძრული წმიდა ანდრია კრიტელი.
რით დავიწყო გლოვა? რით დავიწყო სულიერი განახლება? ეს კითხვები დგას თითოეული ჩვენგანის წინაშე.
შეგახსენებთ, ზოგიერთ მომაკვდინებელ ცოდვას, ალბათ, ყველაზე გავრცელებულს და მათზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. "რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა. ღვთის უარყოფა დამღუპველი, მომაკვდინებელი სენია, რადგან იგი ხურავს გულს და არ უშვებს შიგ მას, ვინც მოვიდა შენთან, მოვიდა და "გახარა მშვიდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა" (ეფ. 2,17); გონებას ბინდით ბურავს, რათა ბნელში ამყოფოს სული შენი, წაგართვას მადლი და ნიჭი ღვთით მომადლებული, "რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს" (ეფ. 2,8).
ურწმუნოება, ღვთის უარყოფა, იგივე ღვთის გმობაა. ეს არის სიყვარულის წყაროს დაშრეტა, ადამიანის უკიდურესი დაცემა, მისი დაღუპვა, "სიკუდილი იგი მეორე".
მეორე მძიმე ცოდვა, რომელმაც კაცობრიობა მოიცვა, არის ამპარტავნება. ეს ის ცოდვაა, ანგელოზები რომ დაღუპა და ბოროტ სულებად აქცია. ამ ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, - მუდამ გახსოვდეს, მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ყვავილისა და ბალახისებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია".
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისაგან, თვით ღვთისაგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით. ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით", რადგან "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4,6).
მესამე ცოდვა ვერცხლისმოყვარეობაა. "ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნინა საფასენი" (იოანე კიბისაღმწერელი).
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ. ეს უბრალო ჭეშმარიტება თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმეღა თუ მისდევს მას. ადამიანმა თავი დაიბორკა მდაბალი ვნებებით, წვრილმანებით, ხელ-ფეხი შეიკრა, დაემონა ნივთებს, განუდგა მარადიულ იდეალებს, ღვთაებრივს, სულიერს, მშვენიერს, გადააფასა ფასეულობანი, მაგრამ არა თავის სასარგებლოდ. სიმდიდრისკენ სწრაფვამ იგი გააღატაკა.
ვერცხლისმოყვარეობიდან უშუალოდ წარმოიშვა მეოთხე ცოდვა - შური.
ყოველი შრომა და ყოველი წარმატება წარმოშობენ ადამიანთა შორის შურს და იგია ამაოება ამაოებათა. შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერი შურს. მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზად არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა. "ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომა გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ" (იაკ. 3,14-16).
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველას, ვისი შურიც შენ თან გსდევს, შეუძლია გაგექცეს, ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, სადაც არ უნდა იყო, მტერს ვერ დაემალები, მან შენს გულში დაიბუდა და შენში მყოფი სენი არ მოგასვენებს" (წმ. კვიპრიანე. "საკვირაო საკითხავი").
ღმერთმა შეიწყალოს და განათავისუფლოს ყოველი ადამიანი ამ ბოროტებისაგან.
ზოგი ფიქრობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის ცოდვაა. ეს ასე არ არის. ქორწინება ღვთისაგან კურთხეული საიდუმლოა, მაგრამ სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭეშმარიტების აღქმის უნარს, მრუდე გზით წარმართავს ცხოვრებას. ფართოდ გავრცელებული თეორიები მორალური და სექსუალური თავისუფლების შესახებ, ხელყოფაა ბუნებისა, დამღუპველია ადამიანისა.
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
"სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი" (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა "სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ" (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი სიძვას კი არა, უფალს ეკუთვნის, "არა უწყითა რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან... ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ" (I კორნ. 6,15,19-20), - გვასწავლის პავლე მოციქული.
როდესაც იესო ქრისტეს მოუყვანეს მემრუშე დედაკაცი, რათა იგი ქვებით ჩაექოლათ, იესო "თითით ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა". შემდეგ მოუწოდა პირველ უცოდველს, დაეკრა ქვა ცოდვილისათვის და "კუალად ქვე დადრკა და წერდა ქუეყანასა" და ოდეს მხილებულნი თითო-თითოდ გაიკრიფნენ, მან კვლავ განაგრძო თითით ხაზვა და დუმილი. "და დედაკაცი იგი დგა შორის".
ქვე-დადრეკილი მაცხოვარი თითით ხაზავს მიწაზე ჩვენთვის შეუცნობელს და ფიქრობს ჩვენთა ცოდვათა გამო. შემდეგ ეუბნება განზე მდგომ ქალს, შეძრულს უფლის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენით, "არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოანე 8,4-11).
ამიერიდან ნუღა სცოდავო, გვითხრა უფალმა, და მე არ განგიკითხავო შენ. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, დაიხშოს ყურნი სმენად, გამუდმებით სცოდოს თვითონ, სხვანი კი განიკითხოს.
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2).
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
მაშ, მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ჩავიხედოთ ჩვენს სულში და მთელის გულით შევსთხოვოთ უფალს: "მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, ვითარცა კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ეფრემ ასური).
სხვა კიდევ ბევრი ცოდვა გვაწევს მხრებზე. მათზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც, რადგან "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, კაცის კვლანი, ლირწებანი, მთვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (გალ. 5,19-21).
ალბათ, ბევრი თქუენგანი იკითხავს, განა შესაძლებელია უცოდველი ცხოვრება?
მართალია, უცოდველი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა.
"ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5,22-23).
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად "გზა ჭეშმარიტი" აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
დღეს, როგორც არასდროს მთელი კაცობრიობა ესწრაფვის მშვიდობას, მშვიდობას ბირთვული იარაღის გარეშე. სიკვდილის იარაღი ადამიანმა დააგროვა ისეთი რაოდენობით, რომ ძალის პოლიტიკით საუბარი უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი პოლიტიკური აზროვნება; მორატორიუმი, რომელიც ბირთვულ აფეთქებებზე ცალმხრივად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიერ, სწორედ ამ ახალი აზროვნებით იყო ნაკარნახევი.
გულისტკივილით შეხვდა მსოფლიო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ამ დიდმნიშვნელოვანი წინადადების უგულებელყოფას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მორატორიუმის უარყოფა საერთაშორისო დაძაბულობის შენელების უარყოფაა.
გვწამს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან აიკრძალება ბირთვული გამოცდები, რადგანაც უარი ამ ნაბიჯის გადადგმაზე, თვითმკვლელობას ნიშნავს.
ყოვლადსამღვდელონო მწყემსთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო ჩემნო, მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი არსების განწმედილ ტაძარში და ეგოს იქ უკუნისამდე.
"ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა", - ბრძანებს იესო ქრისტე. დიდ არს ჭეშმარიტება ესე. იგია ჭეშმარიტება მარადიული სიყვარულისა; იგია ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს გზას საუკუნო ნეტარებისას და გვყოფს ჩვენ უფლად თავისა ჩვენისა. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ვკითხულობთ საღმრთო წერილში.
ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს.
დაე, მშვიდობამ და სიყვარულმა დაივანოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებსა და მთელს მსოფლიოში.
ღმერთი მშვიდობისაჲ და სიყვარულისაჲ და ჭეშმარიტებისა იყავნ თქუენ თანა მარადის.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1986/87 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ

image
image თემა: შობა,  ცოდვა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1996

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

ჰე, მოდი, უფალო იესო (გამოცხ. 22,20).


ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მკვიდრნო და ჩვენი დალოცვილი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო:
მშვიდობა და კურთხევა თქვენდა ღვთისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა.
"იყავით ჩემში, და მე ვიქნები თქვენში, როგორც ნასხლავი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში" (იოანე 15,4), - ბრძანებს მაცხოვარი.
მთელი ჩვენი ცხოვრება - ეს არის უფალთან შეხვედრისათვის მზადება. თუ ადამიანში არ ხდება პროცესი სულიერი განწმენდისა და ფერისცვალებისა, ეს შეხვედრა სამწუხარო შედეგით დამთავრდება. მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ღმერთი პიროვნებას, უნდა მას თუ არა წარდგომა წინაშე უფლისა, ეს შეხვედრა აუცილებლად მოხდება; მან პასუხი უნდა გასცეს შემოქმედს ყველა თავისი საქციელის გამო, რათა საუკუნო ნეტარება ან მარადიული ტანჯვა დამსახურებისამებრ მიეგოს.
გვიახლოვდება ქრისტეს შობის სიხარულით აღსავსე ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის ზეიმი, რომელიც მორწმუნე ქრისტიანის სულს სიყვარულით ასხივოსნებს და გულს იმედით განათბობს, რადგანაც მასში იშვება ქრისტე - სასოება ჩვენი.
სახარებაში ვკითხულობთ: "და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,8-14).
საოცარია, უფლის განხორციელების შესახებ პირველად უბრალო მწყემსებს ეუწყათ და არა მეფეთ ან სხვა დიდებულთ ამა ქვეყნისა.
ებრაელი მწიგნობრები დასცინოდნენ და ამცირებდნენ მწყემსებს, რადგანაც მათ ცხოვრების განსაკუთრებული პირობების გამო მოსეს კანონის დარღვევა უხდებოდათ. სწორედ ჩინებულთაგან დაწუნებულნი გახდნენ ღირსნი სხვათა უწინარეს ეცათ თაყვანი ღვთაებრივი ყრმისათვის.
იუდეველთა ტრადიციით იმ ოჯახში, სადაც ვაჟი დაიბადებოდა, ნათესავები იკრიბებოდნენ და ახალი წევრის შემატებას საგალობლებით, სიმღერითა და მხიარულებით აღნიშნავდნენ. მაცხოვარს არათუ ეს წესი დააკლდა, არამედ სახლიც კი არ მოიძებნა მისი შობისათვის. იგი ქვეყნიერებას მოევლინა გამოქვაბულში, იქ, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ ხოლმე. ამ სოფლისაგან ყოველგვარ პატივს მოკლებულ ახლადშობილ ძე ღვთისას ზეციური საგალობელი ანგელოზებმა უგალობეს.
წმ. იოანე ღვთისმეტყველი ღვთის განხორციელების გონებით მიუწვდომელ ამ მოვლენას ასე გადმოგვცემს: "და სიტყუაი იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14).
მადლი და ჭეშმარიტება - როგორი ახლობელი და ამავე დროს შორეულია ისინი ჩვენთვის. მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი".
წყარო და უშუალო სათავე მადლისა არის ყოვლადწმიდა სამება. მადლი ღვთისა იცავს და განათბობს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, ხოლო მადლი ყოველ მორწმუნე ქრისტიანს მისი ღირსებისა და სულიერი სიწმინდის შესაბამისად მიეცემა, ოღონდ, პიროვნებამ მისი მოპოვება უნდა მოინდომოს და გული მისი მიღებისათვის განიწმინდოს. ამიტომაც არ უნდა იფიქროთ, თითქოს მადლის მონიჭება ჩვენი ნების გარეშე ხდება.
სწორედ მადლი უდევს საფუძვლად კათარზისის, განწმენდის პროცესს, გონების გაბრწყინება-გაცისკროვნებას, სულიერ მჭვრეტელობას. წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
მადლი და ჭეშმარიტება - ეს არის საუნჯე, რომლის მოხვეჭა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. მხოლოდ მათი წყალობით მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და მხოლოდ ამ გზით ვეზიარებით უფალს. მოციქული პავლე წერს: "უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქ თავისუფლებაა" (2 კორინ. 3,17). თუ ჭეშმარიტებას შევიცნობთ, თავისუფლებისაკენ მიმავალი გზაც გაგვეხსნება. მაცხოვარი ბრძანებს: "და შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ" (იოანე 8,32). ჭეშმარიტება! როგორი სასურველი და აუცილებელია იგი თითოეული ჩვენგანისათვის. ჭეშმარიტება გვახარებს და აღგვიძრავს სევდას, აღგვაფრთოვანებს და გვანაღვლიანებს.
კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის ღვაწლისა და თავდადების შარავანდედით იყო მოსილი. დიახ, ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მრავალფეროვანი და რთულია ცხოვრება. ჩვენი ყოველდღიური ყოფა ნათლად გვიჩვენებს, რომ ის, რაც მისაღები და სასარგებლოა ზოგიერთებისათვის, სხვათათვის ზიანის მომტანია. ღირსი მამა ანტონ დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ მოგცეთ უფალმა მადლი, ნათელი ხედვა და გონიერება, რათა სიკეთე და ბოროტება, უცდომელად განასხვაოთ". არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ნაცვლად ჭეშმარიტების შეცნობისა, ხშირად პირიქით იქცევა, თავისი ბნელი მიზნებისათვის სახეს უცვლის და ამახინჯებს მას.
ასე რომ, ადვილი არ არის სწორად ცხოვრება. მაგრამ, "რაც არ უნდა ძნელი იყოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, მას ყოველთვის მოაქვს შვება და თავისუფლება". ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მსგავსია სინათლისა, რომელიც ავადმყოფ თვალებს აღიზიანებს. ადამიანებმა შეიძლება სიმართლეზე თვალი დახუჭონ, დაიხშონ გონება და გული, შეიძლება სასიკვდილოდ გასწირონ სიმართლის პირში მთქმელი, მაგრამ თვით სიმართლეს ვერავინ მოსპობს და იგი ბოლოს მაინც გამარჯვებას იზეიმებს. კაცობრიობის ისტორია ამისი ნათელი დადასტურებაა.
საიდუმლოება დროისა - რამდენი რამ არის მასში აუხსნელი, ჩვენთვის დაფარული. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი პეტრე ჩაადაევი ამბობდა: "ღმერთს არ შეუქმნია დრო, მან ამის უფლება ადამიანებს მიანიჭა". მაგრამ ხშირად ნათლად აღვიქვამთ იმასაც, რომ ზოგიერთი მოვლენა თითქოს თავისთავად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვითარდება.
ეს იმიტომ, რომ მსოფლიო პროცესებს ღვთის ნებასთან შერწყმული ადამიანის შემოქმედებითი უნარი უდევს საფუძვლად. უფალი ყოველივეს ადამიანთან ორმხრივი კავშირით - სინერგიით წარმართავს, ოღონდ ადამიანის შემოქმედებითი სწრაფვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას, და თუ ეს ასე არ ხდება, იწყება გზა დაღუპვისა.
ქრისტიანული სარწმუნოების ღრმა გაცნობიერება საშუალებას იძლევა ჩავწვდეთ ისტორიის ფილოსოფიურ შინაარსს, ისტორიულ მოვლენათა მისტიურ აზრს. არ შეიძლება წარსულისა და მომავლის გარეშე მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება. ისტორიული გამოცდილების გააზრება და გათვალისწინება ყოვლად აუცილებელია. ამიტომაც, სულიერი თვალით ღრმად უნდა შევისწავლოთ წარსული, რომ სამომავლოდ სწორი დასკვნები გავაკეთოთ.
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება, უტოპიაა, რადგან, როგორც ნათქვამია, ქვეყანა სამოთხე არ არის, არამედ ადგილი - სამოთხიდან განდევნილთა.
ჩვენი ხალხიც დაცემისა და აღდგომის სპირალურ გზას მიჰყვება. მოსახლეობამ გადაიტანა ურწმუნოებისა და ნგრევის უმძიძესი პერიოდი, რომელსაც ტოტალიტარულს ვუწოდებთ. საშინელი იყო ეს 70 წელი, მაგრამ არის აზრი, რომ რუსეთში მართლმადიდებლობა სწორედ რევოლუციის წყალობით გადარჩა. მოსახლეობამ ვაჟკაცურად გაუძლო რბევას, საშინელ ნგრევას, შიმშილსა და განუკითხავ ტერორს. ქვეყანა უნაპირო მკვდარ უდაბნოს ჰგავდა, რომლის ტრამალებში ადამიანთა სულები უნუგეშოდ დახეტიალობდნენ. თუმცა, რაც უფრო მძიმე იყო წამება, მით უფრო იზრდებოდა სურვილი თავისუფლებისა. კრძალავდნენ რა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, იდეოლოგები ახალი ცრუ კერპებისა და იდეალების შექმნით ხერგავდნენ გზას ჭეშმარიტებისაკენ, მაგრამ ყოველივე ეს სწრაფად იმსხვრეოდა, რადგან საფუძველი მათი დაჭაობებული, უმადლო და უსულო იყო.
ცნობილი ფილოსოფოსი, ალექსი ლოსევი ასე აღწერს ამ პერიოდს: "ქვეყანა დაფლეთილი და ჯვარცმულია, ნაწილებად დამსხვრეული, საყოველთაო და აბსოლუტური გათიშვა ერთმანეთისაგან, როდესაც A მხოლოდ არის A და მეტი არაფერი. სრული განცალკევება ყოველი A-სი და მისი გაწირვა მარადიული მარტოობისათვის. ყოველგვარი ნათესაური კავშირის გაწყვეტა, მარადიული მტრობა და გაყოფა. ყოფის დამსხვრეული ნაწილების მარადიული და აუცილებელი გარეგნული სიცივე, გარეგნულ და შინაგან სულიერ სამყაროსთან სრულიად შეუთანხმებელი, რკინის ბორკილები ნათესაური სითბოს ნაცვლად, მექანიზმი - ცხოვრების მაგიერ, საშინელი ბედისწერა - თავისუფლების სანაცვლოდ; მარადიული უღიმღამო ყოფა და კანონთა სიმკაცრე, - აი შენი ცხოვრება ადამიანო" (ა. ფ. ლოსევი, 1990, გვ. 227).
ასეთი ყოფის მემკვიდრენი ვართ ჩვენ. ამიტომაც ვხდებით დღეს მოწმენი მძიმე ცოდვებით დაცემისა: მკვლელობის, ძარცვის, საშინელი ამპარტავნებისა და შურის, ოჯახის დარღვევის, მრუშობა-გარყვნილების და სხვა უარყოფითი ფაქტების გამოვლენისა.
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ხანაში, მოზღვავებული ინფორმაციისა და სწრაფადცვალებადი მოვლენების გავლენით ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი ადგილი, დაკარგა შეგნება თავისი ღირსებისა, როგორც ღვთის ხატებისა და დედამიწაზე მისი მადლისა და ჭეშმარიტების მთავარი მატარებლისა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება მადლს მოკლებულია. უნებურად იბადება კითხვა: შესწევს კი უნარი ამდენი დაცემისაგან გათანგულ ადამიანს კვლავ აღდგომისა და განახლებისა. ან იქნებ გამოსავალი უკვე აღარ არის?
თუ პიროვნება დამცირების და შეურაცხყოფის ქურაში გაივლის, დაინახავს თავის უღირსებას, სულიერ ჭუჭყს და გაუჩნდება სურვილი ფერისცვალებისა, დაიწყება იდუმალი და საოცარი პროცესი განწმენდისა და ამაღლებისა. მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა. ჩვენი ხალხი დღეს ამ ეტაპს გადის და, მადლობა უფალს, სახარებისეული უძღები შვილის მსგავსად თანდათან უბრუნდება ღმერთს. ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: "გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო". და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განლევენ წუთისოფელს, ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე შეგვწევდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა.
მხოლოდ ცხოვრების მძიმე პერიოდებში და უბედურების ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: "მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა".
დიახ, ჩვენთვის აუცილებელია მტკიცე სულიერი საყრდენი, სულიერ რეალობაზე დაფუძნებული საძირკველი. ამ საძირკველზე იდგნენ ჩვენი დიდი წინაპრები რომელთაც შექმნეს და დაგვიტოვეს ის განუმეორებელი სულიერი კულტურა, რომელიც დღესაც სიამაყით გვავსებს. ადამიანებს აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ძალით წართმეული რწმენა და ჭეშმარიტი სიყვარული. მხოლოდ რწმენა და სიყვარული გაათბობს ჩვენს გაყინულ და გაქვავებულ გულებს.
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა. - ბრძანებს იგი. მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომაც ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, სიყვარულისაგან განძარცვულებმა, თუ არა მას, ვინც დაამტკიცა, რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.
საკუთარი ჯვრის სიმძიმისაგან დაღლილთ ჩაგვესმის სიხარულისა და იმედისმომცემი სიტყვები უფლისა: "მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი მსუბუქი" (მათე 11,28-30).
ვმადლობთ ღმერთს ჩვენზედ მოღებული წყალობისათვის, იმ სიხარულისა და მწუხარებისათვის, რაც მოგვიტანა გასულმა წელმა. მართალია, 1995 წელი მძიმე იყო, - გაჭირვებამ, შიმშილმა, ავადმყოფობამ მრავალი ოჯახის კარი შეაღო, მაგრამ ამავე დროს, იგი იყო გადამწყვეტი და მეტად მნიშვნელოვანი: ჩამოყალიბდა სახელმწიფო სტრუქტურა, წინა პარლამენტმა შეძლო ძალების კონცენტრირება და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი კანონი - სახელმწიფო კონსტიტუცია; არჩეულ იქნა პრეზიდენტი; ახალი შემადგენლობა პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტისა; შეიქმნა ქართული ჯარი, მიმოქცევაში შევიდა ქართული ფული; ამუშავდა რიგი წარმოებებისა, გაჩნდა ჩვენი პროდუქცია, ქვეყანაში თანდათან დამყარდა წესრიგი... რაც ყველას გვახარებს და იმედს გვაძლევს.
კარგია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ეკონომიკის შესწავლას, თუმცა შეცდომებს, ალბათ, ვერ გავექცევით.
როდესაც ახალი ტიპის მეურნეობების შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიცოდეთ წარმოების არა მარტო მეთოდები და შესაძლებლობანი, არამედ მოხმარების ზღვარიც. ცხოვრება უნდა დავინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა შევისწავლოთ მისი კანონები, რათა არარეალური გეგმები არ დავსახოთ.
სერგეი ბულგაკოვი, ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, თავის წიგნში "მეურნეობის ფილოსოფია" ჩვენს ყოველდღიურ საზრდელს ქვეყნიურ ხორცთან ზიარებას უწოდებს და ასე წერს: "თუ საჭმელი მიუხედავად მისი სახისა და რაოდენობისა, არის ზიარება მიწიერ ხორცთან, ღვინისა და პურის სახით მიღება ქრისტეს ხორცისა და სისხლისა, არის ზიარება მაცხოვრის სხეულთან. მატერიალური საზრდელი მიწიერ წარმავალ ცხოვრებას ახანგრძლივებს, ევქარისტიული ტრაპეზი კი მარადიულ სიცოცხლესთან გვაკავშირებს" (გვ.86, 1912 წ.).
ასე რომ, ადამიანისთვის, ორივე ფრიად საჭიროა, ოღონდ აუცილებელია მათი შეთანხმებული მოქმედება, რათა ჩვენი გონებისა და შრომის ნაყოფმა ჩვენს სულს ზიანი არ მოუტანოს.
მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებსა და ბანკირებს: მიზნად ნუ დაისახავთ ქონების დაგროვებას, აირჩიეთ ის სპეციალობა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეესაბამება და გიყვართ; თუ თქვენ სრულად გამოავლენთ თქვენს ინტელექტს, თქვენს გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს, სიკეთის მომტანი იქნებით ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. დაიწყეთ მცირედით, რათა დიდს შეეჭიდოთ; თუ შეცდომას დაუშვებთ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, არამედ, უნდა გეყოთ ძალა და ნებისყოფა ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის. მინდა პატარა მაგალითი მოგიყვანოთ:
ერთ საქმიან ადამიანს უბედურება დაატყდა თავს; მთელი მისი წარმოება ერთ დღეში დაიწვა და განადგურდა. ის სასოწარკვეთილი დაბრუნდა სახლში, დაჯდა მაგიდასთან და მწარედ ატირდა. მისი ქალიშვილის კითხვაზე, თუ რას განიცდიდა ასე ძალიან, მამამ უპასუხა: "შვილო, ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა". გოგონამ უნდოდ შეხედა და უთხრა: "როგორ თუ ყველაფერი დაკარგე, განა მე და დედა შენთან არა ვართ და ეს ცოტაა შენთვის?" კაცი მიხვდა, რომ მწუხარებას აზვიადებდა და შერცხვა შვილის, მუხლი მოიყარა ხატების წინაშე, მადლობა შესწირა უფალს და დამშვიდდა.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მრავალი ადამიანი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, აშენებენ ტაძრებს, აღადგენენ მონასტრებს, ეხმარებიან გაჭირვებულთ. მათი ყურადღება მინდა მეცნიერებისა და კულტურის მსახურებს მივაპყრო. ინტელიგენციამ მძიმე ტოტალიტარული რეჟიმის დროს სულიერი დეგრადაციისაგან იხსნა ჩვენი ხალხი. სამწუხაროდ დღევანდელ რთულ პირობებში, ყველაზე დაუცველი სწორედ ეს ფენა აღმოჩნდა და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მასზე ზრუნვა; რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს პენსიონერები, მარტოხელები, უსახლკარონი, ობლები...
ჩვენს ეკლესიასთან ფუნქციონირებს რამდენიმე უფასო სასადილო. მარტო კარის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მდებარე მოწყალების სახლი ყოველდღიურად უფასოდ 3000-მდე ადამიანს აპურებს. ამ ღვთისსათნო საქმეს ხელმძღვანელობს ოჯახი, რომელმაც ორი სათაყვანებელი შვილი დაკარგა, მაგრამ ღვთის შიში და სიყვარული შეიძინა.
ეკლესიას განსაკუთრებით აწუხებს უპატრონოდ დარჩენილ იმ მოზარდთა ბედი, რომელთაც თავიანთი ცხოვრება ქუჩას დაუკავშირეს. ფერისცვალების მონასტრის ახალგაზრდა წინამძღვარს, იღუმენია მარიამს, მის სულიერ დებს და მორწმუნე ახალგაზრდებს ასეთი ბავშვების მოძიება და მოვლა-პატრონობა აქვთ დავალებული. მცხეთის რაიონის სოფ. ძეგვში მდებარე შენობაში მათ უკვე 40-მდე მოზარდი შეიკედლეს, მშობლიური მზრუნველობით უვლიან მათ და ცდილობენ ცხოვრების უფსკრულის პირას მდგარი პატარები სწორ გზაზე დააყენონ.
ბათუმში გახსნილია უპატრონო მოხუცებულთა სახლი.
სამცხე-ჯავახეთის გაჭირვებულ ოჯახებს დიდ დახმარებას უწევს საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ცენტრი "ლაზარე", რომელსაც ამერიკული მართლმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია "10CC" აფინანსებს.
საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკედემია, ოთხი სასულიერო სემინარია, საეკლესიო გიმნაზიები და სასწავლებლები.
წარსული წელი საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი, და შეიძლება ითქვას, ისტორიული იყო: სახელმწიფოს მეთაურის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთობლივი დადგენილებით, ეკლესიის ეგიდით შეიქმნა გელათის მეცნიერებათა აკადემია, მის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა - ცნობილი მეცნიერი მაგალი თოდუა, აკადემიკოს-მდივნად - ბატონი მიხეილ ქურდიანი, ახლადარჩეულ აკადემიკოსთა შორის არის პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. ვიმედოვნებთ, ეს აკადემია ხელს შეუწყობს ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების დაახლოებას ეკლესიასთან, განამტკიცებს ცოდნისა და რწმენის კავშირს და კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს ფართო საზოგადოებაზე.
ფრიად სასიხარულო მოვლენაა, თბილისში წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაწყება, ხოლო 18-19 სექტემბერს სვეტიცხოველში გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება (45 წლის შემდეგ), რომელმაც მიიღო და დაამტკიცა ახალი საეკლესიო დებულება და სხვ.
ასე რომ, წარსული წელი, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და ტკივილისა, ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის მაინც მეტად ნაყოფიერი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, არა, წინ მრავალი საქმე გველოდება.
ჩვენ მომავალს იმედით ვუყურებთ, რადგან ივერია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველით არის დაცული და მაცხოვრის კვართით კურთხეული. მთავარია ჩვენს გულში იშვას უფალი და გაიღოს კარი მის მისაღებად.
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება, რადგან ქრისტეში არის სიცოცხლე და სიცოცხლე იგი არის ნათელი კაცთა (იოანე 1,4). ეს ნათელი განგვაშორებს ბნელს; იგია ნათელი იმედისა და სიხარულის მომტანი, და ამავე დროს, მამხილებელი, განწმენდისაკენ მომწოდებელი. იესოსმიერი ნათლით უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და გამოვიკვლიოთ იგი, თუ გვსურს სწორად ვიცხოვროთ, სწორად შევაფასოთ მოვლენები და თვით ჩვენ გავხდეთ ძე ნათლისა.
უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი ყველას გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ წელს. ჩემი მისალმება და სიყვარული მინდა გადავცე ყველას, - საქართველოს მკვიდრთ და სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთ. ამ დიდებულ დღესასწაულს ვულოცავ სამაჩაბლოს მკვიდრ ჩვენს ნატანჯ სულიერ შვილებს; ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს - ქართველებს, აფხაზებს, რუსებს ბერძნებს, სომხებს...
პირადად ჩემთვის აფხაზეთი მეტად ძვირფასია, თერთმეტი წლის მანძილზე ვიყავი მღვდელმთავარი ამ ეპარქიისა და კარგად მახსოვს ის სითბო, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა, რაც სუფევდა ქართველებს, აფხაზებს და სხვა ერის წარმომადგენელთა შორის. ამ სიყვარულის მოსპობას ვერავითარი მტრული ძალა ვერ შეძლებს, რადგან იგი ხელოვნურადაა შექმნილი, ის ურთიერთობები კი - ბუნებრივად აღმოცენებული.
მამობრივი სიყვარულით ვულოცავ ყველა გაჭირვებულს: ავადმყოფებს, ქვრივ-ობლებს, პატიმრებს, მშიერთ, განსაცდელში მყოფთ.
გახსოვდეთ, უფალი მოწყალეა; წმიდანების და პირადად თქვენი ლოცვით მიიღებთ, რასაც წრფელი გულით ითხოვთ. მთავარია, არ დაკარგოთ სასოება, სიყვარული და რწმენა და არ დაივიწყოთ მაცხოვრის სიტყვები: "ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მათე 7,7).
"ღამე განგვშორდა და დღე მოახლოვდა" (რომ. 13,12). დროა გავიღვიძოთ.
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1995-1996 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1990

კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ ქრისტიანებს
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

გამოეცხადა... უფალი სოლომონს და... უთხრა: მთხოვე, რა გინდა,
რომ მოგცე შენ. უთხრა სოლომონმა: მიანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი...
რათა სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგან. (მესამე მეფეთა 3,5,9)

ჩემო საყვარელო თანამემამულენო, ძმანო და დანო!
დღეს სასოებით ვხმობთ: გიხაროდეთ, - ემმანუელი მობრძანდება! გიხაროდეთ წარმართნო და შეინანეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. "ჰე, მოვედ, უფალო იესო" (გამოცხადება 22,20).
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.
მართალია, მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის.
თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ერს თავისი ბედი აქვს. ისტორია ყველას კუთვნილ ადგილს უჩენს და შესაფერის მოთხოვნებს უყენებს.
გასული წელი ჩვენთვის მძიმე გამოცდის წელი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იგი იყო წელი სულიერი ამაღლებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით ამქვეყნად, საით მივდივართ...
დაიმსხვრა იდეალები, რადგან ისინი არამყარ საფუძველზე იყო დაშენებული, ჩვენ კი მარადიული გვეგონა.
დაიმსხვრა ილუზიები იმიტომ, რომ ისინი მოწყვეტილნი იყვნენ ღმერთსა და სიყვარულს. საშინელი ნგრევისა და ქაოსის შემდეგ უფალმა კვლავ აღამაღლა ადამიანის დაცემული სული, დაგვიბრუნა რწმენა და სიყვარული, ღირსება და დიდება.
ამ განცდით ვხვდებით დღეს ქრისტეს შობის არამიწიერ სიხარულს; მისი მადლის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ. ოღონდაც ეს ზეიმი, ეს სიხარული მხოლოდ გარეგნულ ფორმებში არ უნდა გამოიხატოს.
დღეს ჩვენ სიღრმისეული აზრით სულიერად უნდა მივსწვდეთ ბეთლემის გამოქვაბულს - მაცხოვრის შობის ადგილს და ძალისაებრ ჩვენისა განვიცადოთ იქ აღსრულებული ღვთის დიდი საიდუმლო.
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახვებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის, ვერ განაქარვებს.
იგი, რომელი არის ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული ყოველთა (გამოცხადება 21,6), იგი, რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, იშვა ბეთლემს გამოქვაბულში. მან უარყო მეფის სასახლე, ოქროს ტახტი, დიდება მიწიერი და წარუდგა ქვეყანას ბაგაში მწოლი.
ერთი შეხედვით როგორი სუსტი და დაუცველი ჩანს ყრმის სიცოცხლე მისდამი მტრულად განწყობილ ამ სამყაროში. მაგრამ არა. მის სისუსტეში სულ სხვა სიძლიერეა, მის სიმდაბლეში - სხვა სიდიადე, მის მორჩილებაში - სულ სხვა სიკეთე. იგი მოვიდა სოფლად, რათა სძლიოს მის ბოროტებას. იგი მოვიდა სოფლად, რათა გაათბოს ჩვენი გაცივებული, დაშრეტილი გულები და აღავსოს იგინი დაკარგული სიყვარულით.
თვით შობის ღამის ზეცაა ამის მოწმე: "და მეყვსეულად იყო ანგელოზისა მისთანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,13-14).
აი, მიზანი ღვთის განხორციელებისა.
უფლის განკაცების მადლით განიპო კრეტსაბმელი ადამიანის გონებისა და სულის უგრძნობლობისა. ბეთლემელი მწყემსები გახდნენ ღირსნი, პირველთ ეხილათ უბრალო გამოქვაბულის არამიწიერი დიდება და თაყვანი ეცათ ღვთაებრივი ყრმისათვის.
დღესაც მაცხოვრის შობის დღეა. მაგრამ ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს?
მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს. წმიდა სახარებაც ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".
და სად იხილავენ მას?
- საკუთარ გულში.
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.
ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.
მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. სწორედ მათ მინდა შევეხო საშობაო ეპისტოლეში.
პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.
პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანთა გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა, მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილობა, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.
ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ "უფალი ღმერთი ერთ არს" და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30).
მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.
სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.
ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.
ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.
მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ. კიდევ უფრო დიდი და მძიძე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სამართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი.
ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აღგვიწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: "ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება" (ესაია 6,1-3).
აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მითუმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.
მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.
ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.
ქრისტიანები უქმობენ შაბათსაც და კვირასაც, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა.
მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ. დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულთათვის.
სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგანაც მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.
მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან: მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.
მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.
მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.
მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.
ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.
მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.
დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. "ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო". ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.
საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელი ცოდვისაგან.
მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.
ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...
"სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ... ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის" (ეფესელთა 5,3), - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს; უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში (მათე 5,27-28).
არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.
მერვე მცნება: არა იპარო.
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა...
ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავიანთი საქციელის გამართლების მიზნით სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა. ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანი გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული ის მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: "ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების".
იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმიდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: "მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლუკა 23,41-42).
და მიუგო იესომ: "ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემთანა იყოს სამოთხესა" (ლუკა 23,43).
ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.
მეცხრე მცნება: არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა...
ღირსი მამა ანტონი დიდი წერს: ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებელისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანებს შორის, თესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ პიროვნებას სახლის კარს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს.
ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, "ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით" (ანტონი დიდი).
მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.
სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს ბასილი დიდი, - შური კი ისე ჭამს კაცის გულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია - ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და, ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახმობს მას, ვის სულშიც ბუდობს.
ჩვენ განვიხილეთ ათი მცნება, რათა ერთხელ კიდევ გვეგრძნო მათი სიდიადე და აუცილებლობა თითოეული ჩვენგანისათვის. ეს მცნებები ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და ისინი, ისევე როგორც შესაქმის აქტი, შედეგია ღვთაებრივი სიყვარულისა.
ზოგჯერ კითხულობენ რად შექმნა ღმერთმა ქვეყანა, სადაც ამდენი უსამართლობა და მწუხარებააო?
ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია იყოს მარტოობაში. სიყვარული ეძებს სხვას, რომ უყვარდეს და სურს, თვითონაც იყოს სხვისაგან შეყვარებული.
ამიტომაცაა შესაქმის აქტი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება.
რაც შეეხება უსამართლობას, იგი მოდის არა ღვთისაგან, არამედ ადამიანისაგან. ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება. სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.
მთავარია ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს, თუ ცოდვის ფართო გზით სვლას. ზოგჯერ ისიც ჭირს, გაარკვიო რა არის ცოდვა და რა - მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი: მოანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგანო (3 მეფეთა 3,9).
გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა.
"შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
ეს შიში განსხვავდება ადამიანური შიშისაგან. იგია რწმენასა და სიყვარულზე დაფუძნებული გრძნობა: გრძნობა, რომელიც პიროვნებას გადაარჩენს ცოდვითი მიდრეკილებებისაგან და ღირსყოფს მას ღვთაებრივ სიყვარულთან ერთად გახდეს მონაწილე კაცობრიობის ხსნისა. ამისთვის გაიღო ღმერთმა უდიდესი მსხვერპლი: "ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას (სოფელს), რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოანე 3,16).
ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მოვიდა ჩვენთან, რათა, როგორც ერთი ფილოსოფოსი წერს, ნათლად დაგვენახა და მკვეთრად შეგვეგრძნო ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება ყველაზე უმნიშვნელო საკითხებშიც კი და დავლოდებოდით გამოწვდილ ხელებს, რომელიც ფეხზე დაგვაყენებდა.
მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისი რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას. და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).
ქრისტე იშვა - ადიდებდეთ მას!
ქრისტე ზეცით გარდამოხდა - მიეგებეთ!
სიყვარულით გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. შევსთხოვ ღმერთს, სულიერად ფეხზე დადგეს საქართველო: ვიყოთ ერთობით ღმერთთან და ერთმანეთთან "ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაი" (გამოცხადება 19,7).
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989-1990.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ

image
image თემა: ათი მცნება,  შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1999

სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა და ოჯახი
"მოდი, ნათელო ჭეშმარიტო,
მოდი, ცხოვრებაო დაუსრულებელო,
მოდი, იდუმალებავ, დაფარულო,
... მოდი, მარტომყოფო მარტოსულთან"
(სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ნაწყვეტი ლოცვიდან).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს:

შობა უფლისა არის სათავე ჩვენი რწმენისა. სახარებაში ვკითხულობთ:
"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (ინ. 1; 1,14).
დიახ, იესო ქრისტე ყოვლადწმინდა სამების მიერ სამყაროს წინაშე გამოვლენილი სიტყვა, ლოგოსია.
მოციქული პავლე მას მეორე ადამს უწოდებს: "პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი კი - ცხოველსმყოფელ სულად. პირველი კაცი - მიწისაგან, მიწიერი; მეორე კაცი - ზეციერი. და როგორც ვატარებთ მიწიერის ხატს, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორ. 15; 45,47,49).
ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს.
"როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, - მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა დედაკაცისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა" (გალ. 4,4-5).
მაცხოვრის მომავალი შობის შესახებ არა მარტო ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები წერდნენ, არამედ მას მთელი კაცობრიობა მოელოდა. და აი, ეს ხანგრძლივი ლოდინის პროცესი დასრულდა: "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16).
ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო - უხორცო იგი ხორციელ იქმნა. დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა.
წმინდა კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი წერს: ვხედავ უჩვეულო და სასწაულებრივ საიდუმლოს: ავაზაკთა ქვაბს - ცად, ქალწულს - ქერუბიმთა ტახტად, ბაგას - უსაზღვრო უნაპირო ღმერთის - ქრისტეს სამყოფელად" (ძლისპირი, კანონის მე-9 გალობა).
ამსოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმ. სამების ერთარსობა არ დარღვეულა.
წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: "ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, მაგრამ არ განშორებია მამას. დაიბადა ავაზაკთა სამყოფელში, მაგრამ არ ჩამობრძანებულა სამეფო ტახტიდან, მიიძინა ბაგაში, მაგრამ არ დაუტოვებია მამის წიაღი, ხორცი შეისხა ქალწულისაგან და იშვა უმამოდ, ვითარცა ღმერთი".
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეციერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნეობრივ და კეთილ საქმეებში ვლინდება. ამიტომაც თქვა ანტიკური ხანის ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომ ცოდნა სიკეთეაო.
ღვთის ნებასაც ასევე ორი გზით შევიმეცნებთ: ღვთისმეტყველებით და საკუთარი სულიერი პრაქტიკული გამოცდილებით.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხატებას.
ცნობილია, მსგავსი მსგავსს შეიცნობს; ამიტომაც ბრძანებს უფალი: "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).
XX საუკუნემ თავისი უხეში პრაგმატიზმით, ურწმუნოებითა და უსულოებით დაამახინჯა და დაასახიჩრა მილიონობით ადამიანთა სული. რწმენის დაკარგვის გამო ისინი დამძიმდნენ, გაბოროტდნენ და აღდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ; მათ თავიანთი უბედურების მიზეზის ძებნა სხვაში დაიწყეს, მარტივი ჭეშმარიტება კი დაივიწყეს, რომ ყველაფრის სათავე ჩვენ თვითონ ვართ, რომ დანაშაული თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს უმეცრებაში, სულიერ სიღატაკესა და დაცემაშია.
რაკი ხალხი ასეთი მოუმზადებელია, ეკლესიამ უნდა გამოიჩინოს მეტი მოთმინება, მორჩილება, დაიმდაბლოს თავი, შემწყნარებელი თვალით შეხედოს ადამიანთა უძლურებებს და შეძლებისდაგვარად სწორი მიმართულება მისცეს მის ყოფას. ჩვენ ყველა უნდა შევიყვაროთ და არავის არ უნდა ვკრათ ხელი; არც ლოთებს, არც ნარკომანებსა და ქურდებს, არც მეძავებს, არც ბოროტმოქმედთ, არც ურწმუნოთ. ღმერთმა ინებოს, ყველანი ჭეშმარიტი სინანულით მოვიდნენ ეკლესიაში და მიიღონ კურნება სულისა.
მხოლოდ ეკლესიაში პოვებს კაცი ცხოვრების აზრს და შინაგან მშვიდობას, რადგან აქ ხდება ადამიანის შეხვედრა უფალთან. ერთ პიროვნებას, რომელსაც დიდი განსაცდელი შეხვდა, ჰკითხეს: საიდან გაქვს ასეთი შინაგანი სიმტკიცე და ღრმა რწმენა? პასუხი ასეთი იყო: მე ეკლესიაში გავიზარდე.
მართლაც, მას, ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტას ფიქრობენ სულიერობასა და მორალზე, სამაგიეროდ ხშირად საუბრობენ სოციალურ, პოლიტიკურსა და ეკონომიკურ კრიზისზე.
ერთი შეხედვით ძნელია, ილაპარაკო ზნეობაზე, ამაღლებულ თემებზე, როცა ხალხს არ ჰყოფნის პროდუქტი, არ გაიცემა პენსიები და ხელფასები, არ არის სამუშაო ადგილები და მოსახლეობა მეტად გაღიზიანებულია. მხოლოდ მცირე ნაწილი უძლებს ღირსეულად დროის ამ გამოცდას.
ტოტალიტარული რეჟიმის დროს ადამიანი შეეჩვია, რომ ყველა საკითხს ხელისუფლება წყვეტდა, პიროვნება კი მისი მექანიკური შემსრულებელი იყო. ახლაც მრავლად არიან ისეთნი, რომლებიც ძველებურად სახელმწიფოსაგან ელიან მზამზარეულ რეცეპტებს და დროის მოთხოვნილების შესაბამისად ვერ მოქმედებენ. ეს არც არის გასაკვირი. ადრე კერძო ინიციატივა უცხო იყო საზოგადოებისათვის, ახლა კი, როცა დრო შეიცვალა და ამის გარეშე უკვე შეუძლებელია ცხოვრება, ადამიანებს სწრაფი გარდატეხა უჭირთ.
ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს, აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად ორი ნაწილისაგან – უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენებისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის საწინდარია.
მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ამ მიმართულების განვითარება, იქნებ როგორმე გამოიძებნოს საშუალება, რათა დამწყები მეწარმენი დროებით მაინც განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან. ეს მოუხსნის მათ წარუმატებლობის კომპლექსს და გაუღვივებს საქმისადმი ინტერესს.
სახელმწიფომ უნდა დააარსოს მცირე ბიზნესის შემსწავლელი სკოლებიც და თუ იქ უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს, ეს მალე დიდ შედეგს მოგვცემს.
მეწარმეებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: "თუ ეჭვობ, არ გააკეთო, თუ არ ეჭვობ – მოიფიქრე". და მართლაც, ვინც წარმოების ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაანალიზოს ყოველივე, მცოდნე ადამიანებს რჩევა ჰკითხოს, შეაჯეროს მოპოვებული ინფორმაცია და მხლოდ შემდეგ შეუდგეს იდეის ხორცშესხმას.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები უშვებენ, ის არის, რომ გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ, დიდ საქმეებს ეჭიდებიან და სწრაფად გამდიდრება სურთ.
სინამდვილეში კი, წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოცდილება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოო. მაშინ იქნება წამოწყება რელური და იმედის მომცემი.
მინდა ერთი პატარა მაგალითი მოვიტანო:
აშშ-ში ვიზიტის დროს ჩვენმა დელეგაციამ დაათვალიერა მცირე ქარხანა, რომელიც ორ ძმას ეკუთვნის. ეს ქარხანა რძით და რძის პროდუქტებით ამარაგებს ხუთ მილიონ ადამიანს. ჩვენ მეგზურობას ერთ-ერთი მეპატრონეთაგანი გვიწევდა და თანაც თავისი ოჯახის ისტორიას გვაცნობდა. გვითხრა, რომ ადრე მშობლებთან ერთად ღარიბულად ცხოვრობდა გერმანიაში. შემდეგ გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა. ნასესხები თანხით შეიძინეს ბილეთი და გაემგზავრნენ.
უკვე ამერიკაში ყოფნისას გაჭირვებით იყიდეს ერთი ძროხა, შემდეგ მეორე, მესამე... და გახდნენ ფერმერები. მერე ფერმა გაყიდეს, შიძინეს მიწა და ააშენეს რძის გადამამუშავებელი საწარმო (კომბინატი), რომელიც დღეს, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონ ადამიანს აწვდის პროდუქტს.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რათა ხალხმა იცოდეს, რომ დღეს არას მქონე, მაგრამ გონიერი ადამიანი, თავისუფლად შეიძლება ხვალ გამდიდრდეს. ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
საჭიროა კეთილგონიერება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი.
მინდა ვუთხრა ახლადდამწყებ მეწარმეებს: არ შეუშინდეთ მარცხს. თუ ერთ საქმეში არ გაგიმართლათ, ხელი მოკიდეთ მეორეს. კარგად გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები, შეისწავლეთ თქვენივე თავი, ნუ იქნებით სხვისი დახმარების მომლოდინე, გამოიჩინეთ საზრიანობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ცნობილი ბიზნესმენი, ჰენრი ფორდი ასეთ რჩევა-დარიგებებს იძლევა:
1. "არ გირჩევთ მთავარი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ წარმატებას. ყოვლისმომცველი ზრუნვა ფულის დაგროვებისათვის მოადუნებს თქვენს სიფრთხილესა და შიშს არასწორი ნაბიჯის გადადგმის გამო.
2. თუ თქვენ ვინმესგან მოითხოვთ, რომ მან თავისი დრო და ენერგია საქმეს მოახმაროს, იმაზეც იზრუნეთ, რომ ფინანსური პრობლემები მოუხსნათ. დაკვირვება გვიჩვენებს: მუშახელის მაღალი ანაზღაურება და კონტროლი საქმეში ყველაზე მომგებიანი პროცესია.
3. როდესაც მყიდველის ან დაქირავებული პირისაგან შემოსავლის (მოგების) ამოღება სრულად ხდება, ეს საქმის ცუდ წარმართვაზე მოწმობს. უფრთხილდით საქონლის ხარისხის დაცემას და ხალხის განაწყენებას, უფრთხილდით ხელფასის შემცირებას.
4. წარუმატებლობა შედეგია შიშის, უმოქმედობის, უდარდელობისა და უზრუნველობის. შიშის უკუგდებით მოდის სიმტკიცე და ბარაქა. მაშ, განძლიერდით და შეუდექით საქმეს. დაე, მოწყალება სუსტებმა მიიღონ".
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არ შეიძლება ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრა, რომ აუცილებელია ზუსტად გამოიკვეთოს პირველი რიგის ამოცანები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მიზანსწრაფულნი და მობილიზებულნი. წმინდა მამები, და საერთოდ, გონიერი ადამიანები საოცრად მიზანმიმართულნი იყვნენ. ისინი დიდი მოთმინებით ეძიებდნენ მიზნის განხორციელებისთვის ხელშემწყობ გზებს, ყოველ ნაბიჯს ღრმად აანალიზებდნენ და ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებდნენ.
ჩვენს წ. აღ-მდე V საუკუნის ჩინელი ფილოსოფოსის, ლე-ცზის ნაშრომში ვკითხულობთ ასეთ მაგალითს:
მასწავლებელი თავის მოწაფეს მშვილდის სროლაში ავარჯიშებდა. მოწაფემ მიზანს მოახვედრა და მასწავლებელს სთხოვა, ახლა სხვა დავალებანი მიეცა მისთვის. მან ჰკითხა: - იცი კი შენ რატომ მოახვედრე მიზანში? ყმაწვილმა უპასუხა: - არა. მაშინ მასწავლებელმა მიუგო: - ესე იგი, ეს ხელობა შენ ჯერ კიდევ არ იცი.
მოსწავლე სახლში დაბრუნდა და სამი წელი თავდაუზოგავად მეცადინეობდა. შემდეგ კვლავ მივიდა პედაგოგთან და უჩვენა თავისი შესაძლებლობები. ხოლო როდესაც მან იგივე კითხვა გაუმეორა, უყოყმანოდ უპასუხა: "ვიცი".
მასწავლებელმა დიდად გაიხარა და უთხრა: აი, ახლა კი ნამდვილი ოსტატი ხარ. გაუფრთხილდი შენს შესაძლებლობებს და არ დაკარგო იგი. ცხოვრების ასეთი წესი დაგეხმარება არა მარტო მშვილდის სროლაში, არამედ სახელმწიფოს მართვაშიც და შენს თავზე მუშაობის დროსაც, რადგან ბრძენი არა სიცოცხლეს ან სიკვდილს იძიებს, არამედ მათ მიზეზებს.
იგივე ლე-ცზი გვასწავლის, რომ ის, ვინც სილამაზის გაფურჩქვნის პერიოდშია – ქედმაღალია, ვისაც ძლიერების დრო უდგას – თავაშვებული. ამიტომ არ შეიძლება ლაპარაკი სიბრძნეზე, რადგანაც რჩევას ისინი არ იღებენ, მარტოდ დარჩენილნი კი მრავალ შეცდომას უშვებენ.
"გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა", - გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან ურთიერთობით ანალიტიკური აზროვნების უნარი გავიღრმავოთ, რაც უხეში შეცდომებისაგან დაგვიცავს.
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამპარტავნების საწყისს უწოდებს, რომლისგანაც წარმოდგება სურვილი ღმერთის უარყოფისა, რათა მისი ადგილი ადამიანმა დაიკავოს.
ამ სენით იყო ჩვენი საზოგადოება 70 წლის მანძილზე დაავადებული. სამწუხაროდ, ამ ავადმყოფობამ შეარყია ხალხში ღვთის შიში და საერთოდაც მის სულში ღრმა კვალი დატოვა.
მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის საოცარი ფაქტი, რომ ნასუფრალის მიღების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ადვილად იცვლიან სარწმუნოებას, უარყოფენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებს, ჩვენს სარწმუნოებას, ეროვნულ კულტურას და ბრმა მიმდევარნი ხდებიან ამა თუ იმ სექტისა. ასეთნი ხშირად ამბობენ: ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რწმენა გვექნება და სად ვილოცებთო.
ღმერთი მართლაც ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია. არ შეიძლება არსებობდეს ათი, ასი, ათასი ჭეშმარიტება და ამდენივე ღმერთი. მათ შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი და მართალი. ამ ჭეშმარიტ ნათელს ჩვენი წინაპრები მსოფლიოში ერთ-ერთნი პირველნი ეზიარნენ 2000 წლის წინ, უშუალოდ მოციქულთაგან შეითვისეს და შეისისხლხორცეს იგი. ამიტომაც, ვინც დღეს ცდილობს ეს ნათელი დაუხშოს ხალხს და ფსევდოჭეშმარიტებით შეუცვალოს (სთავაზობს რა არჩევანის დიდ შესაძლებლობას), უზარმაზარ ცოდვას იდებს ღვთისა და ერის წინაშე.
ურწმუნოება ან ნელთბილი სარწმუნოებაა მიზეზი იმისა, რომ ასე გავრცელებულია ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა ნარკომანია, ლოთობა, აბორტი, მოსახლეობის მორალური დაცემა, ოჯახის რღვევა და ა.შ.
სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.
ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.
ამ უარყოფითი მოვლენების გამო ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. და თუ რამის გამოსწორება გვინდა, ისევ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა (სასწავლებელი) თუ ოჯახი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას.
საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ერის სულიერ გამაერთიანებლ ძალად, ამიტომაც ეკლესია უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს – როგორც კოორდინატორს, - ყოველი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, იგივე მიმართულება უნდა ჰქონდეს სკოლასაც და ოჯახსაც.
1998 წელი მძიმე იყო. შინაური თუ გარეშე მტერი ცდილობდა არეულობა შეეტანა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე, კერძოდ, ეკლესიაშიც. ფაქტია, უცხო ძალა ყოველთვის პოულობდა და პოულობს თავისი ბოროტი ზრახვების განმახორციელებლებს ჩვენს შორის.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ სასულიერო პირებსაც რომელნიც განუდგნენ დედა ეკლესიას და ამით უარი თქვეს სულიწმინდის მადლზე. ისინი ხის მოჭრილი ტოტებივით არიან, რომელნიც თავშესაფარს მოსკოვში, საბერძნეთსა თუ ამერიკაში (ბოსტონში) ეძებენ უმადლო მწვალებლებთან და ავიწყდებათ უფლის სიტყვები: "როგორც ლერწი თავისუფლად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩება ვაზს, ასევე თქვენც".
ეს ადამიანები დაუსრულებლად განგვიკითხავენ, გვლანძღავენ და შეურაცხგვყოფენ, გაოცებას იწვევს მათი ღვარძლი და გაბოროტება. ნუთუ ასეთია მათი გაგებით ქრისტიანობა?
მაგრამ ეს არ არის მთავარი; უმთავრესი და მეტად სამწუხარო ის არის, რომ მათი და მათ მიმდევართა მარადიული სული ისეთი ცოდვით იღუპება, რომლის მსგავსი არ ახსოვს საქართველოს ეკლესიის ისტორიას. საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ჯოჯოხეთის საშინელ ცეცხლს ეთამაშებიან. და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ ეს განაჩენი თავს თვითონვე გამოუტანეს. ასეთ საერო და სასულიერო პირებზე მხოლოდ დანანებით შეიძლება ილაპარაკო.
ვაფრთხილებ ყველა მორწმუნეს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განდგომილ მღვდელმსახურებს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა და წმინდა მამების სწავლების თანახმად, მღვდელმსახურება აკრძალული აქვთ (ზოგიერთი განიკვეთა კიდეც) და არავითარი უფლება არ გააჩნიათ წირვა-ლოცვის ჩატარების ან რაიმე წესის შესრულებისა. ამიტომაც მათმიერ გადახდილი პანაშვიდი, მიღებული აღსარება, ჩატარებული ნათლობა, ქორწინება, სახლის კურთხევა თუ ზიარება და ა.შ. არის სიცრუე, თავის მოტყუება და უდიდესი ცოდვა როგორც ამ "მოძღვრებისათვის", ისე იმ საერო პირთათვის, ვინც მათ ამგვარ საქმეთათვის მიმართავს.
განდგომილნი ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთი დანაშაულის ჩამდენთ, როგორც წესი, ეშმაკი მძიმე განსაცდელში აგდებს, რომლისგანაც განთავისუფლება მეტად ჭირს; ზოგჯერ კი შეუძლებელია, რადგან ერთმევათ უნარი საკუთარი თავის დანახვისა.
ამიტომაც აუცილიბელია მათთვის ლოცვა, რათა თავიანთი ნამდვილი სახე იხილონ და გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა. შევსთხოვ უფალს, შეეწიოს მათ უძლურებას.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, იგი მუდამ იყო და იქნება მართლმადიდებელი და ვერავითარი გარეშე და შინაური ბნელი ძალა ვერ შეარყევს მის საფუძველს.
ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი ყველა სიძნელის მიუხედავად, გასულ წელს მაინც იყო გარკვეული წარმატებები, განსაკუთრებით მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის დარგში. ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა ხალხისათვის ზრუნვის საქმეში. როგორც თბილისში, ისე სხვა ეპარქიებში ფუნქციონირებდა საპატრიარქოს გახსნილი უფასო სასადილოები, გარკვეულ დახმარებას იღებდნენ მრავალშვილიანი ოჯახები. ძეგვის ბავშვთა სახლში კვლავაც პატრონობენ ქუჩიდან აყვანილ 115 უსახლკარო ბავშვს. მალე თბილისში გაიხსნება საეკლესიო საავადმყოფო გაჭირვებულთათვის.
1998 წელი იმითიც იყო მნიშვნელოვანი, რომ შეივსო მღვდელმთავართა რიცხვი. ახლა უკვე 27-ივე ეპარქიას თავისი მმართველი – მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსი ჰყავს. მთელს საქართველოში მიმდინარეობს ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ან ახლის მშენებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასულიერო განათლებას. საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკადემია, ოთხი სასულიერო სემინარია, გახსნილია საეკლესიო გიმნაზიები, სამრევლო სკოლები, წარმატებით მუშაობს გელათის მეცნიერებათა აკადემია.
ამ წელს ზეიმით აღინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის 10 წლისთავი. ეს სასწავლებელი იძლევა თვალსაჩინო მაგალითს მაღალი სულიერობისა და ასევე მაღალი აკადემიური დონისა.
შემოდგომაზე საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა გამართა სამდღიანი კონფერენცია ახალგაზრდობის აღზრდის თემაზე. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 მოხსენება, რომელთა შორის ბევრი ჩვენს ცნობილ მეცნიერებს ეკუთვნოდა.
დიდი კმაყოფილებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის 1998 წელს დადებული იქნა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ამ წელსვე საპატრიარქოში შეიქმნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფებთან ურთიერთობის განყოფილება.
მოძღვრების ხელმძღვანელობით მორწმუნეთა სახლებში მოგზაურობენ ხატები. წინასწარ შედგენილია სიები იმ ოჯახებისა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ღვთისმშობლის ან წმინდა გიორგის ხატი უნდა მიბრძანდეს. უკვე მრავალი ოჯახი დაილოცა მათი მადლით და კვლავაც მრავალი დაილოცება.
იწურება ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეული და, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა როლი ეკისრება თითოეულ ჩვენგანს მესამე ათასწლეულის მიჯნაზე. რა არის ჩვენი მოვალეობა?
"თითოეულმა ჩვენგანმა, - როგორც ბრძანებს ბასილი დიდი, - უნდა იგრძნოს, რომ ვართ ჭურჭელი კეთილსურნელოვანი, რომელსაც სიცოცხლე ღმერთმა მოანიჭა, ამიტომაც უნდა შევასხათ ქება შემოქმედს. ამქვეყნად იმიტომ დავიბადეთ, რომ ღირსეულად ვადიდოთ იგი სიტყვით და საქმით.
მთელი სამყარო ჩვენს წინაშე გადაშლილი ცოცხალი წიგნია, რომელიც ღაღადებს დიდებას უფლისას და კაცთა გონიერ ნაწილს აუწყებს იდუმალ და დაფარულ ბრწყინვალებას ღვთისას ("მაგალითები და გაკვეთილები ქრისტიანული სარწმუნოებისა", მ., 1900 წ. გვ. 176).
ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამქვეყნად, რომელიც ღვთის წინაშე სათნო იქნება; აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხონებისაკენ და რომელს – დაღუპვისაკენ. ჩვენ მომსწრე ვართ ორი მსოფლიო ომის, მეცნიერებისა და ტექნიკის უჩვეულო მიღწევების, უღმერთობის ხანის, გენური ინჟინერიისა და კლონირების მეთოდის დანერგვის, არნახული ზნეობრივი და სულიერი დაცემის; დადებითიცა და უარყოფითი მოვლენებიც მთელი ძალით დაატყდა თავს ადამიანს და მის წინაშე მთელი სერიოზულობით დაისვა კითხვა: სად არის გამოსავალი? არსებობს კი იგი საერთოდ?
ხსნა მხოლოდ ღმერთშია. უფალი თითოეულ ჩვენგანს უხმობს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11,28), რადგან "თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიც ყოფად" (ინ. 15,5).
დიახ, ხსნა მხოლოდ ადამიანისა და ღმერთის ერთობაშია.
ხსნა ისეთ სიყვარულამდე ამაღლებაშია, ახალი აღთქმა რომ გვასწავლის: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორ. 13, 4-7). თუ მოვიპოვებთ ასეთ მადლს, ღვთის შვილობის ღირსი გავხდებით.
ღმერთი გულში ივანებს. ამიტომაც ბრძენი სოლომონი გვაფრთხილებს: "დაიცავი გული ყოველ დასაცავზე მეტად" (იგავ. 4,23).
რწმენით, სიყვარულითა და იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს.
დაე, დამდეგი წელი იყოს მშვიდობის, სიკეთის, ურთიერთგაგების წელი. შევსთხოვ უფალს, თქვენი გული წმინდა ყოს და სული წრფელი მოგანიჭოთ თქვენ.
მარადის ხარობდეთ. გამუდმებით ილოცეთ.
მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის (1 თეს. 5, 16-18).
მაშ, მოდი, ნათელო ჭეშმარიტო!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა
1998/99 წ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა და ოჯახიმოდი


გონიერი და შინაგანი ლოცვის შესახებ

გევედრებით, ილოცეთ პავლე მოციქულის მოწოდების თანახმად: „მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17). მღვიძარე მამები ამბობენ: „თუ ღვთისმეტყველი ხარ, კარგად ლოცულობ და თუ კარგად ლოცულობ – ღვთისმეტყველი ხარ“. მართლაც, მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით, საქმით, ჭვრეტით, მღვიძარებისა და ლოცვის ზნეობრივი და სულიერი ფილოსოფიით ადამიანის გონება იწმინდება, ნათლდება და სრულყოფილი ხდება, ამის შედეგად კი ღვთისმეტყველების ნიჭს იძენს. საუბარია არა გნოსეოლოგიურ ღვთისმეტყველებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ღვთისმეტყველები ფლობენ, არამედ იმ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც წარმოიქმნება და ამოხეთქავს ღვთაებრივი წყაროდან, საიდანაც ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღვთისმეტყველების მდინარეები უწყვეტად მოედინება.
წმინდა მღვიძარე მამები ამბობენ, რომ გონება, რომელიც განშორებულია ღვთის ჭვრეტას, პირუტყვს ან მხეცს ემსგავსება. ამის საპირისპიროდ, ლოცვის, სწორედ გონიერი ლოცვის მეშვეობით ადამიანის გონება განიღმრთობა და ღვთაებრივი ელვარებით ბრწყინავს.
ადამიანის ცხონება დამოკიდებულია ლოცვაზე, რომელიც მას აახლოებს და აერთიანებს ღმერთთან. ბუნებრივია, ღვთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა, ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც მუდამ ციცაბო დაღმართია.
ამიტომ, ჩემო საყვარელო შვილებო, ჩვენი მოვალეობა და აუცილებელი მოთხოვნაა, მუდამ ჩვენი ტკბილი იესოს უწყვეტი ლოცვით ვიყოთ აღჭურვილნი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკებს იერიში მიაქვთ, თავს ესხმიან ლოცვას და ცდილობენ გონებაგაფანტულობის მეშვეობით ის უნაყოფო გახადონ. ლოცვის დროს საბრალო ადამიანის გონებას ათასგვარი ფიქრი მოიცავს, ლოცვის ნაყოფი რომ მოსტაცოს და მხოლოდ მისი ძვლები, ანუ შრომა და მცდელობა დაუტოვოს მლოცველს.
ამიტომ, წარმატებით ლოცვის მსურველი, სანამ ლოცვას დაიწყებდეს, მოვალეა განაგდოს გონებიდან ყველანაირი საზრუნავი და გულისსიტყვა. გონებამ კი, როგორც ზედამხედველმა, დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ბაგით წარმოთქმულ სიტყვებს, რომ ლოცვა ღვთის შეწევნისა და მადლის ნაყოფის მომცემ წყაროდ იქცეს.
მამები ამბობენ, რომ სატანა მუდამ ეკალი და ლოდი საცთურისა იქნება წმინდა ლოცვისთვის და ეს იმიტომ, რომ ლოცვა მას ძალიან აწუხებს და წვავს.
ასე რომ, შვილებო, თავი აიძულეთ ლოცვისთვის და მეც მომიხსენეთ, თქვენი საბრალო მოძღვარი, რომ უფალმა შემიწყალოს.

2. სათნოებათა გვირგვინი, სიყვარული რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის გადაუდებელი სულიერი აუცილებლობაა ლოცვაზე ზრუნვა. იღვაწეთ იესოს ლოცვით, თუ გსურთ, რომ ქრისტე თქვენს სულებში დაემკვიდროს. მაშინ ეს დიდად გამოცდილი მხედართმთავარი ჩვენი თანამებრძოლი გახდება, ჩვენთვის იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვანიჭებს.
მბრდღვინავ ლომებს ვემსგავსებით, როცა ლოცვა მტკიცედ გვიპყრია - უდებებით და გულგრილად კი არა, მთელი სულიერი ძალით! განმტკიცდით გულისსიტყვით, რომ ლოცვა ყველაფერია. ულოცველობა სრულიად დაგვაუძლურებს, დაცემას დაცემა მოჰყვება. თუ განსაცდელის დროს ვეცდებით ლოცვა მტკიცედ შევინარჩუნოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ეშმაკზე და ძლევას ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს მივაკუთვნებთ.

3. შვილო, ღვთაებრივ ციხე-სიმაგრეთა დასაცავად იესოს ლოცვით შეიარაღებულმა იბრძოლე, რადგან მებრძოლს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოსგან დაწნული გვირგვინით კი არ შეამკობენ, არამედ საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით!
ღირს ამისთვის ბრძოლა, რადგან ის დიდება უჭკნობი და მარადიულია, ხოლო წარმავალი ჯილდოებისთვის მოასპარეზე მძლეოსანთა დიდება ხანმოკლე და ამაოა! ამიტომ ბრძოლის დროს მსხვერპლი უნდა გავიღოთ, ნაკლულევანება დავითმინოთ, რომ ჩვენ, უბადრუკთა მიერაც იდიდოს ღვთის წმინდა სახელი.

4. ჩემო შვილებო, ღვთის სიყვარულისთვის გთხოვთ, ჩვენი იესოს ლოცვას სულ მცირე ხნითაც ნუ შეწყვეტთ. თქვენმა ბაგეებმა მუდმივად იჩურჩულოს ეშმაკისა და მისი მანქანების განმაქარვებელი იესოს სახელი. განუწყვეტლივ ვუხმოთ საშველად ქრისტეს და ის მთელი გულით მსწრაფლ შეგვეწევა.
როგორც გავარვარებულ რკინას ვერავინ მიეკარება და მოიპარავს, ასევეა ის სული, რომელიც იესოს მხურვალე ლოცვით არის ანთებული. ეშმაკები მას ვერ უახლოვდებიან. რატომ? თუ შეეხებიან, დაიწვებიან იმ ღვთიური ცეცხლით, რომელსაც უფლის სახელი შეიცავს.
ის, ვინც ლოცულობს, ღვთივგანათლებული ხდება, ვინც არა – გონება უბნელდება. ლოცვა ღვთაებრივი ნათლის მომცემია. ამიტომ ყველა, ვინც სწორად ლოცულობს, ნათლით მოსილია და ღვთაებრივი სული მკვიდრობს მასში.
თუ მოწყინება, უდებება და გულგრილობა გვიახლოვდება, შიშით, ტკივილით და გონების დიდი სიფხიზლით ვილოცოთ და ღვთის მადლით ნუგეშისა და სიხარულის სასწაული სწრაფად აღსრულდება ჩვენზე.
თუ ადამიანი ლოცულობს, შეუძლებელია, მას ძვირისხსენება ჰქონდეს და ნებისმიერი შეცდომა არ აპატიოს მოყვასს – იესოს ლოცვის ცეცხლთან მიახლოებისას ყველაფერი ფერფლად იქცევა.
ამრიგად, შვილებო, იღვაწეთ იესო ქრისტეს მაცხონებელი და წმინდა ლოცვით, რომ ნათელს ასხივებდეთ და განიწმინდოთ. ჩემთვისაც ილოცეთ, უდებისა და ცოდვილისთვის, რომ შემიწყალოს ღმერთმა მეც, მრავალი ცოდვისა და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე.

5. შვილო, მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება.
იმედგაცრუება დაგეუფლა? ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარო და სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდება. ხორციელი გულისსიტყვები გაწუხებს და გრძნობადი ტკბობისკენ გიზიდავს? იესოს სახელით მწველი ცეცხლი წაუკიდე ღვარძლს. რაიმე ცხოვრებისეული საკითხი გაწუხებს? თქვი: „ჩემო იესო, განმანათლე, როგორ მოვიქცე. წარმართე ეს საქმე შენი წმინდა ნების თანახმად“ და დაინახავ, როგორ დამშვიდდები და იმედით სავსე განაგრძობ სვლას.
ყველაფერში და ყველაფრისთვის იესოს სახელი იყოს შენი საძირკველი, საყრდენი, სამკაული, საფარველი და მტრების ნუღარ შეგეშინდება. მაშინ გეშინოდეს, თუკი ყველაფერს იესოს გარეშე აკეთებ. უწამლოდ განკურნებას ნუ ელი, შედეგი ხრწნა იქნება.
ეცადე ილოცო, შვილო, და დიდ სარგებელს ნახავ, სულიერ შვებასა და განსვენებას იგრძნობ.

6. იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა. ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ მიაღწევს ის, ვინც სისხლის დათხევამდე არ იბრძოლებს.
რა არის ლოცვაზე მშვენიერი! ვინც ლოცულობს, მისი გონება ნათლდება და შეიცნობს, თუ რა არის ღვთის ნება. როდის შეიცნობს მას? რა თქმა უნდა, როცა სწორად ლოცულობს. და როდის ლოცულობს სწორად? როცა ღვთისადმი ლოცვას ყველა მართებული შემადგენელი ნაწილით აღავლენს. რა არის ის, რაც ლოცვას დაატკბობს? სიმდაბლე, ცრემლები, თავისბრალობა, უბრალოება, განსაკუთრებით კი სიყვარულთან შეზავებული მორჩილება. ლოცვა ნათელს ჰფენს, ეს ნათელი კი ღვთისთვის სასურველი სწორი გზის მაჩვენებელია.
ლოცვა არ უნდა შევასუსტოთ. ამგვარი ლოცვით ყოველმხრივ უვნებლად იქნებით დაცულნი. როცა ვნებიანი გულისსიტყვებით ხართ მოცულნი, გულმოდგინედ, გულდასმით დაიწყეთ ლოცვა და მაშინვე იგრძნობთ სარგებელს – შვებას. მტკიცედ გეპყრათ იესოს ლოცვა.

7. სულიერი ტკივილითა და გლოვით ილოცე და სხვანაირად შეიგრძნობ საკუთარ თავს. ოღონდ ყურადღებით იყავი შენს თავთან! მაშინ დაინახავ მას და ამის გამო ტკივილს იგრძნობ, ტკივილი კი ღვთის წყალობას მოგიტანს.
ლოცვის დროს ყურადღებას ნუ მიაქცევ გულისცემას. გონებადაფანტულობის გარეშე, მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე ყურადღება. ეს არის ლოცვის ცენტრი და მიზანი.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს, რადგან ვინც ლოცულობს, ნათლდება, ხოლო მას, ვინც ჩემსავით ზარმაცობს ლოცვაში, გონება უბნელდება. ლოცვა ზეციური ნათელია და ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს ან ბაგეებით ლოცულობს, მის გულში ლოცვისგან მომდინარე ნათელი იფრქვევა. იგი ანათლებს ადამიანს, თუ როგორ იფიქროს და ეშმაკის მახეებისგან როგორ დაიცვას თავი.

8. თავი აიძულეთ იესოს ლოცვისთვის. ის გახდება თქვენთვის საჭმელიც, სასმელიც, სამოსელიც, ნათელიც, ნუგეშიც და სულიერი ცხოვრებაც. ის მლოცველისთვის ყველაფერია. ლოცვის გარეშე სულიერი სიცარიელე ვერ შეივსება. გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ სასუფეველი ღვთისა ჩვენ შორისაა.
ბოროტ აზრებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ გაბატონდნენ თქვენზე. მაშინვე ლოცვით განაგდეთ ისინი. ოჰ, რა სასწაულებს ახდენს ეს ლოცვა! ხმამაღლა იმეორეთ ლოცვა და თქვენი მფარველი ანგელოზი სულიერ კეთილსურნელებას მოგგვრით! ანგელოზები ხარობენ, როცა მონაზონი ტკბილი იესოს ლოცვას ამბობს. დაე, იესო ყოფილიყოს სიხარული თქვენი სულებისთვის.

9. განუწყვეტლივ იმეორეთ ლოცვა. „ეს არის კურთხეული დასაწყისი!“ ნუ მიგატოვებთ ლოცვა, უფრო სწორად, თქვენ ნუ მიატოვებთ მას, სულის სიცოცხლეს, გულის სუნთქვას, კეთილსურნელოვან გაზაფხულს, რომელსაც მოღვაწე სულისთვის სულიერი გაზაფხული მოაქვს.
შვილებო, ლოცვა და სიმდაბლე უძლეველი იარაღია, რომელიც მოუდუნებელი ყურადღებით სულ ხელთ უნდა გვეპყრას, რადგან, ღვთის შეწევნით, ის ეშმაკებზე გამარჯვებას მოგვიტანს.

10. მოითმინეთ, შვილებო, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. მტკიცედ იმეორეთ ლოცვა. გონებას მიწიერზე ფიქრით ნუ გაფანტავთ, თუნდაც მრავალი საზრუნავი გქონდეთ. მათ, როგორც წარმავალს, ისე შეხედეთ. მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეთ მუდამ თვალწინ. „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის... რაითა არა შევიძრა“ (ფსალმ. 15, 8).
თუ მტკიცედ და განუწყვეტლივ ილოცებთ, არ დაეცემით; ხოლო თუ ლოცვაში უდებებას გამოიჩენთ, მაშინ იცოდეთ, რომ სრულ დაცემამდე მიხვალთ.

11. გისურვებ, შვილო, სულიერ ცხოვრებაში წარმატებით სვლას. სირთულეები გვექნება, ისევე როგორც განსაცდელები და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამ ყველაფერს ლოცვითა და ღვთის შიშით გავუმკლავდებით. გაცოფებული ეშმაკი ლომივით დაძრწის, რომ ვინმეს გადააწყდეს და დაგლიჯოს. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის მიმართ, სანამ ღვთის ძალა სატანას განაქარვებს და მის ბოროტებას ალაგმავს.
შვილო, სიმხნევეს ნუ დაკარგავ. მთელი შენი სულიერი ძალით ებრძოლე მტერს და ღვთის მადლი არ დაუშვებს, რომ რაიმე გევნოს.

12. შემართებით, გულმოდგინედ ილოცეთ. ნუ იფიქრებთ, რომ ასე ადვილია დიდი სათნოებების მიღწევა. თუ დაშვრებით, ოფლში გაიწურებით, ღმერთი დაინახავს თქვენს შრომასა და სიმდაბლეს და მოგმადლებთ ადვილად ლოცვის უნარს.
რაც უფრო მეტს ილოცებთ, მით მეტ სიხარულს მომგვრით მე, უპირველესად კი, ღმერთს და თქვენი სულიც სიმსუბუქეს იგრძნობს. ერთიმეორეს უნდა დაეხმაროთ, აი, რას ვგულისხმობ: როცა ხმამაღლა ამბობთ ლოცვას, ამ დროს კი რომელიმე ძმა არ ლოცულობს და მისი გონება სხვაგან დახეტიალობს, ლოცვის მოსმენით ის გონე-ბადაფანტულობისგან გამოფხიზლდება და სინდისი ამხელს – რატომ ოცნებობს იმის მაგივრად, რომ თვითონაც ლოცულობდეს. ისიც მაშინვე იწყებს ლოცვას და ამგვარად აღესრულება ნათქვამი: „ძმაი ძმისაი შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი“ (იგავ. 18, 19) და „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2).

13. მონაზვნური ცხოვრების მთავარი მიზანი მონაზვნების ღმერთთან – მათთვის უაღრესად საწადელთან – მტკიცედ შეერთებაა. ხოლო, როცა ადამიანს ღმერთთან ერთობა აქვს და გულში უფალი მკვიდრობს, მას არაფერი აკლია. მის სულში არავითარი სიცარიელე აღარ არსებობს. არც ამ ცხოვრებისთვის აუცილებელი მატერიალური ნივთების დანაკლისს განიცდის. ეს არის კიდევ ერთი მტკიცება იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს ის, ვინც მას ემორჩილება.
გზა, რომელსაც ღმერთთან მჭიდრო ერთობისკენ მივყავართ, არის ლოცვა. ლოცვაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ ხატების წინ ლოცვას. კიდევ სხვა, რასაც ამასთან ერთად უნდა ვაკეთებდეთ, არის შემდეგი: მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტლივ, როცა შრომობს, ჭამს, ზის და სხვა ნებისმიერი საქმიანობითაა დაკავებული. ამ სიტყვებს ან ბაგეებით ვამბობთ, ან გონებით, ან გულით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
განუწყვეტლივ ამ სიტყვების წარმოთქმა არ გვღლის. თავიდან ადამიანს ცოტა ძალის დატანება სჭირდება, მაგრამ შემდეგ ეჩვევა, ძალიან ადვილად ამბობს ლოცვას და აღარ უნდა მისი შეწყვეტა. ლოცვისას ის ისეთ სულიერ მხიარულებას გრძნობს, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი (თუკი ასეთი იარსებებს) არ აღელდება, არც შეწუხდება, არამედ მოთმინებით აღვსილი მიმართავს უფალს, შეწყალებას სთხოვს და ქრისტეც ანუგეშებს და სიხარულს მიანიჭებს. განა რა არის ამაზე მშვენიერი – ყოველ წუთს ქრისტეს ევედრებოდე და თიხის ბაგეებით მის წმინდა სახელს წარმოთქვამდე? არსებობს ამაზე დიდი პატივი?
ეს სიტყვები მთელ ჩვენს სარწმუნოებას მოიცავს. როცა ვამბობთ: „უფალო“, გვწამს, რომ ღვთის მონები ვართ და იგი ჩვენი უფალია. ქრისტეს პატივს მივაგებთ, როცა მას უფალს ვუწოდებთ, მაგრამ ჩვენთვისაც პატივია ის, რომ იმ ბატონის მსახურნი ვართ, რომელიც თავად ღმერთია.
როდესაც ვამბობთ „იესო“, რაც უფლის კაცობრივი სახელია, გვახსენდება ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე.
ვამბობთ „ქრისტე“, რაც ნიშნავს ღვთის ცხებულს, ცისა და ქვეყნის მეუფეს, სხვა სიტყვებით კი – ღმერთს, ვაღიარებთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ღმერთია, რომელმაც ყველაფერი შექმნა, ზეცაში სუფევს და ისევ მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
როცა ვამბობთ „შემიწყალე მე“, ღმერთს ვევედრებით, მოგვივლინოს თავისი შეწევნა და წყალობა, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე არ შეგვიძლია რაიმეს კეთება. ესაა ამ წმინდა სიტყვების მცირე განმარტება. ვინც ლოცვის ამ სიტყვებს იმეორებს, ბევრ რამეს გამოცდის.
მთელი გულით გისურვებ, ჩვენმა ტკბილმა იესომ შენს სულს ეს ლოცვა მიჰმადლოს, რომ მისი სულიერი ამბროზია იგემო და ამით აღივსო.

14. რაც შეგიძლია ხშირად ილოცე. ეცადე, ლმობიერი გახდე, იტირო და დაინახავ, გულისსიტყვებისა და მწუხარებისგან როგორ შვებას იგრძნობ.
ლოცვა ადამიანის ღმერთთან საუბარია. შემუსვრილი და დამდაბლებული სულით მლოცველი ივსება ღვთაებრივი ნიჭითა და კურთხევით – სიხარულით, მშვიდობით, შვებით, განათლებით, ნუგეშით და ნეტარებას აღწევს. ლოცვა ორპირი მახვილია, რომელიც მოაკვდინებს სასოწარკვეთილებას, საფრთხესა და მწუხარებას. ლოცვა ყველა სულიერი და ფიზიკური სნეულების საწინააღმდეგო წამალია.
ასევე ევედრე „დედასა ნათლისასა“, უხრწნელ ღვთისმშობელს, რომ შეგეწიოს, რადგან ღვთის შემდეგ ის ყველაზე დიდი ნუგეშისმცემელია. როცა ვინმე მის წმინდა სახელს მოუხმობს, მაშინვე იგრძნობს მის შეწევნას. ის დედაა. დედამიწაზე ყოფნისას, როგორც ადამიანი, ისიც მწუხარებდა. ამიტომ ღვთისმშობელი ძალიან თანაუგრძნობს მწუხარე სულებს და ისწრაფვის მათ დასახმარებლად.

15. დაე, ხმა ჩაგვეხლიჩოს მთელი დღე უტკბესი იესოს სახელის ძახილით, რომელიც დატკბება სულიერ სასაში – გულში, „უფროის თაფლისა და გოლეულისა“ (ფსალმ. 18, 10).
იესოს სახელის გარდა არც ერთ სახელს არ ძალუძს ჩვენში არსებული ვნებების დაძლევა. იესოს სახელის გარდა სხვა სახელით ვერ შევძლებთ ჩვენი გულიდან წყვდიადის გაფანტვას და გონებაში მოელვარე ნათელი შემეცნების გამობრწყინებას. ამ სახელით უნდა აღვიჭურვოთ და ყველა ომსა და ბრძოლაში შეწევნისთვის იესოს ვუხმოთ, როგორც მხედართმთავარს. ის კი პირველივე ხმობაზე ჩვენ გვერდით გაჩნდება. მაშინ სული სიმამაცით აგვევსება და იესოს წინამძღოლობით უშიშრად გავემართებით უხილავ ომში.
გულისსიტყვების წინააღმდეგ მუდამ ღვთის იმედით ვიბრძოლოთ. ჩვენი იარაღი ყოველთვის ლოცვა და სიფხიზლე იყოს. ყურადღებას ნუ მოვადუნებთ ქურდების მარცხენა გულისსიტყვების – მიმართ, ამავე დროს უკონტროლოდ არ დაგვრჩეს მარჯვენა გულისსიტყვები, რომ უწყინარი სახით მოსული ბოროტება არ შევიწყნაროთ.

16. გონიერი ლოცვისთვის დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, შემართებითა და სიმდაბლით იშრომეთ. უნდა იცოდეთ, რომ ლოცვის ამ მეთოდის დაუფლებას ალალბედზე ვერ შევძლებთ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს გონიერი ლოცვა წარმოუდგენლად სძულს და შესაბამისად, წავაწყდებით მის ძლიერ წინააღმდეგობას, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. ასე რომ, თავის იძულება, სიმხნევე, მოთმინება, შემართება, სიმდაბლე და ჩვენი იესოსადმი სიყვარული იქონიეთ.
ბრძოლის თავდაპირველი სიძნელეების გამო გულს ნუ გაიტეხთ, სიკეთე შრომითა და ტკივილით მიიღწევა, მაგრამ, როცა ნაყოფს იხილავთ – თან როგორ ნაყოფს! – მაშინ თქვენ თვითონ იტყვით: „ასეთი სულიერი ნაყოფისთვის ღირდა შრომა“.

17. ილოცე, ილოცე, ახლა მხოლოდ გამუდმებით ლოცვაა საჭირო. გამოუთქმელი და აუხსნელია მხურვალე ლოცვის სასწაულები. ადამიანს უკვირს, როგორ დამშვიდდა ზღვა და როგორ ჩადგა გამძვინვარებული ქარი! განსაცდელები ბევრჯერ საშინლად აზვირთებულ ზღვასავით და სასტიკი ქარივით გვატყდება თავს და სრული დაღუპვით გვემუქრება. მაგრამ ხმამაღალი ლოცვით: „მოძღვარო, გვიშველე, ვიღუპებით“, დაინახავ, რომ ყველაფერი სასწაულებრივად დამშვიდდება და გადავრჩებით. ამინ.

18. შვილო, შენი ორივე წერილი მივიღე. ეძიებ მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული და განუწყვეტელი ლოცვა. ორივე ზესრულყოფილი ნიჭია და გულისხმობს მწუხარებას, განსაცდელებს, დროს და ა. შ. მაშასადამე, შენი განსაცდელები, შვილო, ზუსტად შესაბამისია და არ უნდა გვიკვირდეს, თუ რატომ განვიცდებით.
ასე რომ, იბრძოლე მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული უწყვეტი იესოს ლოცვით. ყოველი დაცემისას სასოწარკვეთილებას კი ნუ ეძლევი, არამედ ისევ ძალა მოიკრიბე და საპასუხო შეტევაზე გადადი!

19. ამ ამაო სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ მან არ უნდა მიიზიდოს და მოიცვას ჩვენი გული, რომ არ მოაკვდინოს სულიერი სიცოცხლისუნარიანობა და არ განაშოროს მის შემოქმედსა და ღმერთს. ამიტომ, ჩემო შვილო, მუდმივი ლოცვა გვმართებს, რომ უწყვეტი კავშირი გვქონდეს ქრისტესთან და მისგან მივიღოთ სულიერი ძალა, რათა ყოველ დემონურ თავდასხმას ძლევაშემოსილი აღვუდგეთ წინ. ვიმეოროთ იესოს ლოცვა და სასწაულთმოქმედი უფალი ჯერ ჩვენს აურაცხელ ცოდვებს მოგვიტევებს, შემდეგ კი თავისი მადლით შეგვეწევა სამი დიდი მტრის – ხორცის, სოფლისა და ეშმაკის – დამარცხებაში. გარდა ამისა, ლოცვა ღვთისმიერი სიხარულისა და მშვიდობის მომნიჭებელია.
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.

20. დღედაღამ გამუდმებით შენთვის ვევედრები ღმერთს და ღვთისმშობელს – ყველა ქრისტიანის და განსაკუთრებით მონაზონთა მოსიყვარულე დედას, „ქალწულთათვის უძლეველ ზღუდეს“. ამიტომ თამამად ენდე „ბრძოლვილთა შემწეს“, ზესთამბრძოლს, ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვა გონებით იმეორე და მხნედ ებრძოლე ეშმაკის მიერ მოტანილ გულისსიტყვებსა და წარმოდგენებს.
გახსოვდეს ეს უწმინდესი სახელი, რომლისგანაც ძრწიან ბნელეთის ძალები. გულის სიღრმიდან მოუხმე ჩვენი ღვთისმშობლის წმინდა სახელს, რომ ეშმაკის ყოველი თავდასხმის მოსაგერიებლად სულიერი ძალა შეიძინო.

21. ილოცე, შვილო, რადგან ლოცვაზეა დამოკიდებული ყველაფერი და, რაც მთავარია, ჩვენი სულების ცხონება. როცა ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და ჩვენთვის უმჯობეს პასუხს გვაძლევს. ხშირად ხდება, რომ ასეთი ლოცვის შემდეგ ღვთის ნება საქმით სულ სხვაგვარად ვლინდება, ვიდრე ჩვენ ვითხოვეთ ლოცვაში. ხშირად გვამწუხრებს ის, რომ არ აღსრულდა ჩვენი ნება, არ გვესმის ღვთის განგებულების სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ნების გამოვლინება ჩვენი ნებისგან განსხვავდება, ყოვლისმცოდნე ღმერთი სხვადასხვა საშუალებით ყველაფერს ჩვენთვის სასარგებლოდ მოაწყობს.
ამიტომ, შვილო, მთელი სულიერი ძალები მოვიკრიბოთ, რომ მტკიცედ ვიდგეთ იმ დიდი სათნოების აღსრულებისთვის, რომელსაც მოთმინება ჰქვია.

22. დიდება უფლის წმინდა სახელს, რადგან ის შევიცანით, ძალისამებრ ვმსახურებთ და თავი დავაღწიეთ ამ საუკუნის შფოთსა და ამაოებას. დიდება ღმერთს, „რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თვისითა“ (გამოცხ. 1, 5).
იცოდე, შვილო, როცა გული ამსოფლიურ საქმეთაგან გათავისუფლდება და საღვთო წერილის შესწავლას დაიწყებს, ამაო გულისსიტყვები გვშორდება და გონება ღვთაებრივზე ფიქრით შემოიფარგლება. მას აღარ აინტერესებს ახლანდელი ცხოვრება, არამედ ღვთაებრივზე მუდმივი სულიერი განსჯით წარმოქმნილი დიდი ტკბობისგან ღმერთამდე ამაღლდება. მარად ღვთის სახელის მოხმობით კი, რაც უწყვეტი ლოცვის „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" – საშუალებით ხდება, ადამიანს იმქვეყნიური ცხოვრების, მომავალი მარადიულობის და იმ სასოების განცდა ეუფლება, რომელიც მართალთა ხვედრია. წინასწარ იგემებს რა იმ ცხოვრების დიდებულებას, განცვიფრებული ამბობს: „ჰოი, ღვთის გამოუკვლეველი სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმე!“ (რომ. 11, 33) ვინაიდან განამზადა ასეთი საოცარი ქვეყანა, სადაც შეიყვანს და საუკუნო ცხოვრებაში დაამკვიდრებს ყველა კეთილგონიერ ადამიანს.

23. ჩემო შვილებო, გულმოდგინედ იზრუნეთ სულიერ კეთილსურნელებაზე - ლოცვის შესახებ ვამბობ, იესოსთან იმ წმინდა საუბარზე, რომელიც უხვად გვანიჭებს უფლის კურთხევას. დიახ, სულიწმიდის შვილებო, მთელი გულით შეიყვარეთ ლოცვა, რომ მადლის სურნელებად იქცეთ, თქვენ გვერდით მყოფმა ადამიანებმა კი იგრძნონ კეთილსურნელება და თქვან: „ჭეშმარიტად, მონაზვნები ანგელოზებრივ კეთილსურნელებას აფრქვევენ მონაზვნობის სულიერი მადლით“. ასე რომ, შორს თქვენგან ბინძური ვნებები, რადგან ისინი სიმყრალეს გამოსცემს და მონაზვნობაზე ცუდი წარმოდგენის მიზეზი ხდება.
24. შვილებო, თავი ვაიძულოთ ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვისთვის, რომ უფალმა წყალობა მოგვანიჭოს, მის მადლს ვეზიაროთ, საღვთო მცნებები აღვასრულოთ და ღვთის სიყვარული მოვიპოვოთ. ის კი მადლითა და თანაზიარობით ღმერთებად გვაქცევს. მაშინ ქრისტეს გზა ჩვენთვის ძნელი აღმართის ნაცვლად ტკბილი და მხიარული გახდება და ძალიან ადვილად აღვასრულებთ უფლის მცნებებს.
გევედრებით, ილოცეთ პავლე მოციქულის მოწოდების


საშობაო ეპისტოლე - 1994

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

"მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და
წყალობითა დიდითა შეგიწყალებ შენ" (ისაია 54,7).

ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მოღვაწე ბერ-მონაზვნებს, ქრისტესმიერ დებსა და ძმებს, საქართველოს მკვიდრთ და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს საყვარელ თანამემამულეთ: მშვიდობა, სიყვარული და ღვთის კურთხევა იყოს თქვენ ზედა და შორის თქვენსა.
უფლის წყალობით კვლავ გავხდით ღირსნი ქრისტეს შობის ზეიმისა. ისევ დადგა დღე ღვთის განხორციელების საიდუმლოზე განსაკუთრებული დაფიქრებისა. ძე ღვთისა, შემოქმედი და განმგებელი ხილული და უხილავი სამყაროსი, ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში იშვა, - "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა".
პირველნი, ვისაც ეუწყა ყრმა ღმერთის ამქვეყნად მოვლინება, იყვნენ უბრალო ბეთლემელი მწყემსები და არა ძლიერნი ამა სოფლისანი, არც მოძღვრები ძველი აღთქმისა.
და დედამიწას მოეფინა საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, - მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. "რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვანი და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა" (2 კორინ. 5,19).
სიყვარული და თავმდაბლობა, - ეს ის თვისებანია, რომლითაც შემკული უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ადამიანს შეიძლება მაღალი თანამდებობა ჰქონდეს, ან გამოირჩეოდეს მეცნიერული მოღვაწეობით, მაგრამ ჭეშმარიტად დაფასებული იგი მაშინ იქნება, თუ სიყვარული და თავმდაბლობა აქვს, მაშინაა იგი ღვთისთვისაც და ხალხისთვისაც ახლობელი და გამორჩეული.
თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს.
მეოცე საუკუნე, რომელმაც შვა ორი მსოფლიო და მრავალი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მანამდე არნახული ტოტალიტარული რეჟიმი, ისტორიაში შევა არა მარტო როგორც სოციალ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა ხანა, არამედ, უფრო მეტად, როგორც საშინელი ძვრების, არაადამიანობის, აგრესიულობის, გულგრილობის, აპათიის, შურის, ბოროტების საუკუნე.
რა არის ეს, ბუნებრივი პროცესი თუ ქაოსი "პირდაღებული უფსკრულისა"? - როგორც უწოდებდნენ ცხოვრებას ანტიკურ დროში. ეს ყოველი შედეგია არასულიერობის, ურწმუნოებისა და ნიჰილიზმისა.
თავის დროზე პიროვნებამ დაკარგა რწმენა ღვთისა. ახლა იგი კარგავს რწმენას ადამიანისა, ანუ თავის ძალისა და შესაძლებლობებისა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას დროზე არ დაუბრუნდა, ეს პროცესი მეტად საშიშ ფორმებს მიიღებს, რადგან სულიერი თვითგვემა უკვე თავზეხელაღებულობამდე მიდის.
ხანდახან გგონია, რომ მთელი სამყარო ბნელითაა მოცული და ცხადდება ჩვენზე ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას, რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი და თითები თქვენი - უკეთურებით. თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს" (ისაია 59,2-3).
ჭეშმარიტად, უღმერთოების მიზეზით დაბნელდა სულიც და გონებაც ჩვენი. ადამიანმა დაკარგა უნარი თეთრის და შავის, სიკეთის და ბოროტების გარჩევისა და იქცა იარაღად ეშმაკისა.
ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ღვთის ნიშანდებული, ამპარტავნებისა და თვითდაჯერებულობის გამო, ეშმაკის მიერ ცდუნდა, ეშმაკისა, რომელსაც ასე მიმართავს წმ. ისაია: "როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ისაია 14,12-15), ხოლო მაკარი დიდი ბრძანებს: ეშმაკმა, დაიპყრო რა ადამიანი, დასვარა და დაატყვევა სული მისი ქვესკნელის ძალებით და არ დატოვა მისი ერთი ნაწილიც კი თავისი ძალაუფლების გავლენის გარეშე: აზრები, გონება, სხეული, შავი პორფირით დაფარა... და გახდა სხეული ტანჯული და ხრწნადი. ძველი აღთქმის კაცი განიმოსა სრულყოფილების სამოსისაგან და ატარებს ჯოჯოხეთის ტანსაცმელს, ტანსაცმელს შეურაცხყოფის, ურწმუნოების, უტიფრობის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, ვერცხლისმოყვარეობის, გარყვნილების და სხვა არაწმინდა და საზიზღარი ძონძებისა.
მაცხოვარი ბრძანებს: "ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი, რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი, და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი" (იოვანე 3,18-20). მაგრამ არ შეიძლება ეს პროცესი ასე გაგრძელდეს; უნდა მოხდეს ხალხის გონების და შემდეგ სულის განკურნება და ღმერთთან დაბრუნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოყვასს ფეხზე დადგომაში.
მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ამაღლების რეალურობა.
უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკლის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება.
განსაცდელი - მრავალრიცხოვანი და მძიმე - აი, ჩვენი ხალხის გადარჩენის გზა. მხოლოდ მათი წყალობით შეძლებს ერი და თითოეული ჩვენგანი დაინახოს სიღრმე ჩვენი დაცემისა, გაიცნობიეროს ხასიათის თავისებურებანი, მისი სისუსტენი და გამოფხიზლებულმა მოიძიოს გზა გადარჩენისა.
ამიტომაც განსაცდელში ჩვენ ღვთის დიდ სიყვარულსა და ზრუნვას ვხედავთ. "განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვასთ" (იაკობი 1,12) - ვკითხულობთ წმ. წერილში.
მთავარია, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, ჩვენი ცოდვები და ღვთის იმედით აღვსილნი სინანულისა და გამოსწორების გზაზე დავდგეთ, სულიერი ფერისცვალებისთვის მოვემზადოთ.
მაცხოვრის მადლით, მორწმუნე ადამიანის გონება განახლების პროცესს განიცდის. იგი განეშორება სიცრუეს, თავს იკავებს სიფიცხისა და მრისხანებისაგან. გაურბის ბოროტებას, ავსიტყვაობას; ის კეთილი, სიმართლის მოყვარული და თანამგრძნობელი ხდება და სულ სხვანაირად აღიქვამს თავის თავს.
დღეს ახალგაზრდებში უკვე იგრძნობა ის პროცესი შემობრუნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ნაკლოვანებაა: ქურდობა, მკვლელობა, ამორალურობა, ძალადობა და სხვა, მაგრამ კარგის მაგალითებიც უნდა დავინახოთ.
მრავალმა ახალგაზრდამ შესწირა თავი სამშობლოს დაცვას, მრავალმა მოქალაქემ გაიღო წვლილი ომში წასულთა თუ გაჭირვებულთა დასახმარებლად, ბევრმა ოჯახმა შეიფარა ლტოლვილნი. ხალხს ესმის ქვეყნის მძიმე მდგომარეობა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად მოთმინებით იტანს ცხოვრების სიმძიმეს. ამასთან შექმნილია მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილებს ეხმარებიან, უვლიან დავრდომილებს, დაჭრილებს, დადიან საავადმყოფოებსა და ციხეში; აგროვებენ ტანსაცმელს პროდუქტს, მედიკამენტებს, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს; და ყოველივე ამას აკეთებენ სრულიად უანგაროდ, რწმენითა და კაცთმოყვარეობით.
შორეული, მაგრამ ღვთისაგან შეყვარებული და კურთხეულია ივერია; წმ. წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვებით ასე მოგვმართავს უფალი: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსნი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ" (ისაია 43,1-2). "აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ; ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან" (ისაია 43,5-6). ბნელისაგან ნათლის დაბადება - საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, რომელიც ღვთის მადლის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენში. ამიტომაც საჭიროა გაძლიერებული ლოცვა, რომ დავაჩქაროთ ბოროტისაგან ჩვენი საზოგადოების განთავისუფლების პროცესი.
სინათლის მატარებელი პიროვნება თვითონ ხდება მანათობელი, რაზეც ბრძანებს წმ. მათეს სახარება: "ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს" (მათე 5,16). დიახ, სათნო ადამიანები სიკეთეს ასხივებენ. მათი გარემოც ნათელი და მოწესრიგებულია.
ორ მაგალითს მოვიტანო ანტიკური ისტორიიდან: ფილოსოფოს სოკრატეს დროს ცხოვრობდა ვინმე ალკიბიადე, გენიალური, მაგრამ უზნეო. იგი შეხვედრისას ასე მიმართავდა ხოლმე ფილოსოფოსს: "სოკრატე, მე მძულხარ, რადგან, როცა შენ მიყურებ, ვხედავ ჩემს თავს". და მართლაც, იგი სოკრატეში ხედავდა სინათლეს და თავის თავში - ცოდვით სავსე პიროვნებას.
ერთხელ ფილოსოფოს პლატონთან მივიდა არქიტექტორი და შესთავაზა აშენება ისეთი სახლისა, სადაც არცერთ ოთახს ქუჩის მხარეს არ ექნებოდა ფანჯარა. პლატონმა უპასუხა: "მე გადაგიხდი ორმაგს, თუ შეძლებ იმგვარი სახლის აგებას, სადაც ყოველ ადამიანს შეეძლება თითოეული ოთახის დანახვა-დათვალიერება".
ჩინელები გამოყოფენ ხუთ სიკეთეს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის. ესენია: მოკრძალება, ზრდილობა, სიმართლე, გამჭრიახობა, სიკეთე.
თუ ადამიანი მოკრძალებულია, მას არ შეიძულებენ, ზრდილობიანს მხარს უჭერენ, გონებამახვილი - წარმატებებს მიაღწევს, სიმართლისმოყვარეს დაუჯერებენ, ხოლო კეთილი გამოიყენებს სხვებს, გვასწავლის ეს სიბრძნე.
მაგრამ ყველაზე მთავარი ღმერთთან ყოფნაა. მიენდეთ უფალს უკუნისამდე, "რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე" (ისაია 26,4).
როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი ყურადღება განათლებას და ცოდნის ამაღლებას უნდა მივაქციოთ: "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5,48). - მოგვიწოდებს მაცხოვარი.
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კურთხევა უფლისა. ეს არის მოწოდება მუდმივი წინსვლისა და სრულყოფისაკენ, უსაზღვროებასთან მიახლებისაკენ.
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას".
ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებს, რომლის პროგრამებიც კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს.
სკოლებში და ინსტიტუტებში სრულიად არ ექცევა ყურადღება ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას. ჩვენი გოგონები და ყმაწვილები მოკლებულნი არიან ელემენტარულ სარწმუნოებრივ და მორალურ აღზრდას, არ იციან ეთიკური ნორმები, ოჯახში და საზოგადოებაში ქცევის წესები.
ძველ დროს ამ საკითხებით მშობლები იყვნენ დაკავებულნი, ახლა დედაც და მამაც მსახურობენ და არა აქვთ დრო შვილებისათვის, ანდა თვითონაც არ ყოფნით დონე სათანადო აღზრდის მისაცემად.
დღეს ჩვენს ახალგაზრდობას ძირითადად ქუჩა აყალიბებს, რის სამწუხარო შედეგსაც უკვე იმკის თითქმის ყველა ოჯახი.
მთავრობის ხელმძღვანელობით, მიმაჩნია, უნდა შეიქმნას მეცნიერთა კომპეტენტური კომისია, რომელიც თავის მხრივ ჩამოაყალიბებს ცალკეულ ქვეჯგუფებს სასწავლო პროგრამების შესადგენად. ასეთი კომისიები, ალბათ უკვე არსებობენ, მაგრამ ისინი უნდა გაძლიერდეს და მათი მუშაობის ეფექტურობა შემოწმდეს.
უპირველეს ამოცანად ასევე მიგვაჩნია, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლებისთვის ღრმა აზროვნების კურსის შედგენა.
გულის კარნახს, რომელიც ჩვენს ხალხში ხშირად ბატონობს გონების განსჯაზე, ხშირად მივყავართ გაუთვალისწინებელ და მძიმე შედეგებამდე.
დღეს, როდესაც ასე ბევრი სიძნელია გადასალახი, აუცილებილია ღრმა, აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება, რაც მოგვცემს საშუალებას განვჭვრიტოთ შესაძლო კოლიზიები ამა თუ იმ მოქმედებისა და თავი ავარიდოთ არასწორ გადაწყვეტილებებს.
დაწყებით და საშუალო სკოლებში მეტად სასურველია იკითხებოდეს სულიერი და ზნეობრივი კულტურის კურსი, რომელიც შეეხება ღმერთს, სარწმუნოების, სიყვარულის, ბოროტებისა და სიკეთის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, მიტევების, შერიგების, ადამიანებთან ურთიერთობის საკითხებს ან ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ცხოვრების ყოვლადაუცილებელ ნორმებს.
ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ სამყაროს.
სკოლებში აუცილებელია ესთეტიკური კურსის შეტანა. ხალხში თანდათან იკარგება სილამაზის გრძნობა. ადამიანი იმდენად გაუხეშდა, რომ აღარც ბუნების აღქმის უნარი აქვს, არც მუსიკის განცდისა. კულტურა სულიერებისაგან დაიშრიტა, უღვთო და უსულო გახდა. ხელოვნება, რომელმაც უნდა აღზარდოს ადამიანები და სულიერი ამაღლებისა და ზნეობრივი სრულყოფის კიბეზე აიყვანოს ისინი, უშინაარსო გასართობად იქცა.
შევძლებთ ამ წინააღმდეგობების გადალახვას? შევძლებთ შევაღოთ ახალგაზრდების შინაგანი სამყაროს კარი, რათა დაიწყოს იქ ფერისცვალების დიადი პროცესი? ძნელია ეს, მაგრამ ყოვლადაუცილებელი.
ამისთვის არ უნდა დავიშუროთ ჩვენი მწირი შესაძლებლობანი და გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მომავალი თაობის, ქვეყნის ხვალინდელი დღის სწორი აღზრდისათვის.
ჩვენს ხალხში კიდევ ერთი დადებითი გამოვლინება შეიმჩნევა: ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხდება საზოგადოების დეპოლიტიზაცია, ამასთან მოსახლეობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი შრომაზე.
პოლიტიკა ნამდვილი პოლიტიკოსების საქმეა და არა მასისა. მიტინგებისა და დემონსტრაციების დონეზე წარმოებული პოლიტიკა პოლიტიკა არ არის და არც პიროვნების ორატორული ნიჭი ნიშნავს ქვეყნის მართვის უნარს. დღეს აუცილებელია მშვიდი, ფრთხილი დიპლომატია. ხშირად კი ჩვენ მითების სამყაროში ვცხოვრობთ და გვავიწყდება მკაცრი რეალობა. აუცილებელია არა მარტო ცალკეული ფაქტების გათვალისწინება, არამედ მოქმედების მთელი სისრულით წარმოდგენა, რეალური სიტუაციის ანალიზი და სინთეზი, ყველა შესაძლო ასპექტის გააზრება, როგორც აწმყოს, ისე მომავლისათვის.
უნდა ვიჩქაროთ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატიური სკოლის შექმნა. საქართველოს ამ მხრივ, როგორც წარსულში, ისე ახლა, დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს. მთავარია, დავიწყოთ შრომა; შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება.
აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია. "ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას" (მათე 11,12).
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი).
ცალკეული ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იღვწოდეს თავის ადგილზე, მაგრამ არის შრომა, რომელიც საჭიროა ყველასათვის - ეს არის მიწაზე მუშაობა. მიწა არა მარტო საზრდოს აძლევს კაცს, არამედ კურნავს კიდეც მას. როდესაც უფალმა აკურთხა ადამის მოდგმა ოფლით თვისით მოეპოვებინა პური არსობისა, ეს იყო არა დასჯა, არამედ დალოცვა. შრომის დროს ადამიანი აუხსნელ სიამოვნებას განიცდის, რასაც მედიცინის ენაზე კუნთების სიხარული ჰქვია.
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერი ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა დაამთავრეს მუშაობა, გაემართნენ სატრაპეზოსკენ და დანაყრდნენ. სტუმარი ფანჯრიდან იყურებოდა და უცდიდა, როდის მოუხმობდნენ მასაც სადილად, მაგრამ არავინ ეძახდა. შიმშილმა რომ შეაწუხა, იგი იღუმენთან წავიდა და ჰკითხა, მისცეს თუ არა საზრდელი იმ დღეს ბერებს; წინამძღვრისაგან თანხმობა რომ მიიღო, ეწყინა, მე რატომ არ გამაგებინესო; - შენ სულიერი კაცი ხარ და საჭმელი რად გინდა. ჩვენ ხორციელნი ვართ, კვება ჩვენთვის აუცილებელია, ამიტომაც ვშრომობთ, შენ კი იკითხე წიგნები, ისაზრდოვე სულიერი სიტყვებით, - უპასუხა იღუმენმა.
ეკონომიკურმა პრობლემებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ სხვებისგან მოწვდილ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან.
კატასტროფა, რასაც ხშირად ახსენებდნენ მტრები თუ მოყვრები, არ მოხდება - ხალხი შრომას იწყებს. ოღონდ ერთი რამ უნდა ყველას გვახსოვდეს: სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება მხოლოდ ცრემლსა და მწუხარებას მოუტანს კაცს, რადგან ღვთის კანონით, ვინც სხვისას იჩემებს, ის თავისასაც კარგავს და ჯოჯოხეთისთვის განიმზადებს უკვდავ სულს.
მხოლოდ კეთილსინდისიერი შრომით მოპოვებული ქონებაა სიკეთის მომტანი. იყავით გაბედულნი, შრომისმოყვარენი და კეთილნი, ვითარცა ჩვენი წინაპარნი.
ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ეკლესიის როლს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18). - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით".
ჩვენში ვერ მოხდება ფერისცვალება, თუ ეკლესიის ცოცხალი წვერნი არ გავხდით. ეკლესია თავის წიაღში აერთიანებს ადამიანებს და მერე ღვთის გზით მიჰყავს ისინი. იგი გარდაქმნის მათ სულებს და ქრისტეს სხეულის ნაწილად ჰყოფს.
სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.
ისინი ფულით, პროდუქტებით, ტანსაცმლით იპყრობენ ადამიანთა სულებს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ საქართველოს ეკლესიას, მის წმინდანებს, სასულიერო პირებს, ჩვენს ტრადიციებს. ასეთი სექტები თესენ ანტაგონიზმს და შუღლს ადამიანებს შორის, ეს ბოროტი ძალის მანქანებაა და მას კავშირი ღმერთთან არა აქვს. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას" (I ტიმ. 4,1).
ის, ვინც ტანსაცმლის, საჭმლის ან სხვა მატერიალურ მიზეზთა გამო განუდგება მართლმადიდებელ სწავლებას, ადვილად უღალატებს ღმერთს, სამშობლოს, მშობლებს, ოჯახს და, რა თქმა უნდა დაღუპავს თავის უკვდავ სულს.
მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
გახსოვდეთ: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" (წმ. კკიპრიანე).
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენს ხალხს შესწევს უნარი სულიერი და ზნეობრივი განახლებისა. ეს პროცესი, ღვთის წყალობით უკვე დაწყებულია, სინათლე თანდათან იკაფავს გზას. გვწამს, ქართველი ერი არ დარჩება განხეთქილების, ამპარტავნების, ბოროტებისა და მწვალებლობის ტყვეობაში, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.
ამ იმედით აღვსილი მორჩილებით ვიდრეკ მუხლს ბეთლემის სიდიადის წინაშე და შევთხოვ ახლადშობილ ღმერთს - იესო ქრისტეს: ნათელო ჭეშმარიტო, განანათლე და განაბრწყინვე ყოველი კაცი ამქვეყნად მომავალი. დე, აღიბეჭდოს ჩვენზე სისპეტაკე შენი სახისა, რათა ვცნათ მასში მიუწვდომელი ნათელი.
ძმანო და დანო, სიყვარულით ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე ზეიმს და ახალ წელს. ღვთის წყალობით იყოს იგი მშვიდობისა და სიყვარულის, სიხარულისა და ერთიანობის წელი. განიწმინდოს ადამიანთა გულები ბოროტებისაგან, ამპარტავნების, ურწმუნოების, სიძულვილისა და შურისაგან და განიკურნოს დასერილი გულები ჩვენი.
სიყვარულისა და თანადგომის სიტყვებით მივმართავ ყველა ახლად შესვენებულის ოჯახს. უფალმა დააწესოს თქვენი გარდაცვლილების უკვდავი სულები სავანესა მართალთასა.
სიყვარულის და იმედის სიტყვებით მივმართავ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან ლტოლვილთ: არ დაკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული, არ დაბრკოლდეთ, ილოცეთ და უფალი აუცილებლად შეისმენს თქვენს თხოვნას. გვჯერა, მალე მშვიდობა იზეიმებს და თქვენ თქვენს მიწა-წყალს დაუბრუნდებით.
მოგმართავთ ყველა ქართველსა და არა ქართველს საქართველოში მცხოვრებს: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და თქვენ მისი საფარველით ხართ დაცულნი. იშრომეთ და იცხოვრეთ მშვიდად, პატივი ეცით და შეიყვარეთ ერთმანეთი. ნაციონალური შოვინიზმი და სეპარატიზმი უპირველესად საშიშია იმ ხალხისათვის, სადაც ეს მოძრაობა ჩნდება, რადგან ეს ომის, სიკვდილის, განსაცდელის გზაა; ღმერთმა გვაშოროს იგი.
საქართველო იყო და იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი - ასეთია ნება ღვთისა.
გახსოვდეთ უფლის სიტყვები:
"თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ" (იოანე 16,20). "აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მოდავენი, რადგან მე ვარ უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის განმმტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი" (ისაია 41,11-13).
ქრისტეს შობა
თბილისი,
1993-1994 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2010

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: "უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი" (ფს. 23).
"სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!" (ზატიკი).
ამ დღესასწაულთა დღესასწაულს - მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მოლოდინი უძღოდა წინ.
რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა?
ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნების თვისებები მიჰმადლა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესის, - თავისუფლების, - შესახებ ამ ეპისტოლეში მინდა გესაუბროთ.
სწორედ თავისუფალი ნებით იყო ადამი უფალს დამორჩილებული, რაც სიყვარულისა და სიკეთის უშრეტ წყაროსთან, - ღვთაებრივ მადლთან მის კავშირს განაპირობებდა.
ანგელოზთა დასსაც თავისუფალი ნება ებოძა ღვთისგან. თავისუფლების არასწორად გამოყენების გამო კი ერთ-ერთი უპირველესი ანგელოზი ამპარტავნებამ შეიპყრო, თავისი ნებით განშორდა შემოქმედს და ეშმაკად იქცა; მანვე უბიძგა ადამიანს ცდუნებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სამყაროს გვირგვინი - ადამიანი ცოდვას დაემონა; შეეცვალა აზროვნების და ყოფის წესი და როგორც თვითონ, ისე მისდამი რწმუნებული სამყაროც მასთან ერთად დაეცა; ადამმა და ევამ დაკარგეს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და თავისუფლება; დასნეულდნენ ამაოების, ბოროტების, სიძულვილის, შურის, ასევე სხვა მრავალი სენით და სიკვდილსა და ხრწნილებას დაექვემდებარნენ.
ასეთი იყო კაცთა მოდგმის მდგომარეობა ქრისტეს მოსვლამდე. ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აღხოცა და ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ... ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს" (გალ. 5,1)." მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: "არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ" (გალ. 3,28), - გვასწავლის მოციქული.
საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.
მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი" (ინ. 17,11).
თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა: ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე - სახელმწიფო მოხელე, ლუკა - მხატვარი და ექიმი, პავლე - რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი - წარჩინებული პირი,... და ამით გვიჩვენა, რომ ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.
ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი - ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა. სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს; "ვინც ხალხის მთავრებად არიან მიჩნეულნი, - ვკითხულობთ აქ, - ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის იყოს თქვენი მსახური, ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს თქვენი მონა" (მკ. 10. 43-44).
ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი მეგობრებს უწოდებს თავის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ; ყველა კეთილმორწმუნე ადამიანს კი შვილობის მადლს მიაგებს და პატივს ანიჭებს, ღმერთს მამა უწოდონ ("მამაო ჩვენო").
მაცხოვნებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურების ჩამოყალიბება. საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა.
ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე სიცოცხლეს ზვარაკად უშურველად სწირავდნენ მეფენიც და გლახაკნიც, ახალგაზრდებიც და მოხუცებულნიც. გავიხსენოთ XVI საუკუნე; ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, - სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი - სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა.
ხალხს თავდადების ასევე ბრწყინვალე მაგალითი უჩვენა მისმა შვილიშვილმა, მეფე ლუარსაბ II-მ, რომელმაც, სავსებით ახალგაზრდამ, თავისუფლებასა და ქრისტიანობას შესწირა სამეფო ტახტიც, სიცოცხლეც და მოწამეობრივად აღესრულა. ასობით და ათასობით გაღებულმა ასეთმა მსხვერპლმა ჩვენს ერს დიდება მოუპოვა, რამაც მრავალტანჯული ეს პატარა ქვეყანა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. რა თქმა უნდა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და წარმავალი კეთილდღეობა ამჯობინა თავისუფლებას. ხშირად მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ზოგიერთი კი ქვეყანასაც მართავდა, მაგრამ სინამდვილეში მონა და მსახური იყო დამპყრობლისა. ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს. ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი". შინაგანი როგორი სილაღე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის როგორი სიყვარულია მასში გაცხადებული! ამ განწყობას, რა თქმა უნდა, რწმენა განაპირობებდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაიმკვიდრებდა და ამდენად, მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა.
ამ აზრის შემცველია გენიალური ქართული სიტყვა - გარდაცვალებაც; რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ჩვენს ენაში სხვა ასევე მეტად საინტერესო გამოთქმებიცაა.
მშვენიერი მიმართვაა, მაგალითად, ლაზური "შური მშინე" ("სულის მომხსენიებელი"). ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენიებელი იქნება; საინტერესო გამოთქმაა "ცაშა ეხტიც" (ანუ ცაში ახტი, ცას ეწიე), რომელსაც გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიური სამადლობელი დალოცვის ფორმადაც. გავიხსენოთ თუნდაც ხევსურეთში დაცული უძველესი წესი ახლადშობილ ბავშვზე, მეორე, ე.წ. სულის სახელის დარქმევისა, როდესაც მას გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის სახელს არქმევენ; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციად აქვთ მიცვალებულთა სახელზე კვერების გამოცხობა; სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვეზე მიუთითებს ისიც, რომ თითქმის ყველგან ლხინის სუფრაზე გარდაცვლილთა მოსაგონარ-შესანდობარი ისმევა, ჭირის სუფრაზე კი - ცოცხალთა სადღეგრძელოები და სხვა. ასეთია საზოგადოდ ჩვენი მენტალიტეტი.
აქვე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც: ჩვენმა წინაპრებმა, ფარნავაზისა და ქუჯის მსგავსად (ძვ. წ. აღ. III ს.), 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და საჯაროდ განაცხადეს სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთობის შესახებ;შედგა დოკუმენტი, სახელწოდებით - "ივერიელთა ერთობის ტრაქტატი", რომელსაც ხელი მოაწერეს მეფე-მთავრებმა. ეს იყო პასუხი საქართველოს გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთა მიმართ, რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სამშობლოს დაყოფას და სხვადასხვა კუთხის ერთმანეთისადმი გაუცხოებას.
ეს პროცესი შემდგომაც გაგრძელდა, რასაც ჩვენი ერის სასიქადულო შვილებმა, - წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), მისმა თანამებრძოლებმა და ასევე მთელმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცეს.
აღნიშნული თემა XX ს-ში კვლავ წინ წამოსწია კომუნისტურმა რეჟიმმა და მას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე მისცა. ამან გამოიწვია აფხაზებისა და ოსების გაუცხოება მათთვის ნათესაური და ბუნებრივი ქართული გარემოსგან და შედეგად მივიღეთ დღეს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, მაგრამ ამისთვის ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა.
დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო "ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი" და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის.
ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის (ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დოკუმენტზე ყველას ხელმოწერა იყოს). მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს მოხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავზე.
უფლის საოცარი განგებულებით ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას ებოძა როგორც ყოვლადწმიდა მარიამის კვართი, რომელიც ზუგდიდშია დასვენებული, ისე კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც I საუკუნიდანვე სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ამიტომ იქცა სვეტიცხოველი საქართველოს უპირველეს ტაძრად, სადაც უძველესი დროიდან იხარშება მირონი, ეკურთხებოდნენ მეფენი, ეკურთხებიან პატრიარქნი და მღვდელმთავარნი; აქვეა მათი ძვალთშესალაგიც.
ამ უდიდეს სულიერ მნიშვნელობასთან ერთად სვეტიცხოველს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, - იგი არის ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო, რადგან XI საუკუნიდან, როდესაც დასრულდა განახლება-გამშვენება ამ წმიდა ტაძრისა (თავდაპირველი სახით სვეტიცხოვლის ეკლესია IV ს-ში აშენდა), ჩვენი ქვეყნის ზეობის ხანას ჩაეყარა საფუძველი.
ვაცნობიერებთ კი, რომ ცხოველსმყოფელი სვეტის საფუძველში თავად განკაცებული ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის კვართი განისვენებს, რომლისგანაც მომდინარე საოცარ მადლს განსაკუთრებული კრძალვით უნდა მივეახლოთ?! ეს ჩვენი ერისთვის მომადლებული უდიდესი წყალობაა უფლისა, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.
საერთოდ, წმიდანთა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც თანაზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა: სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი,... მაგრამ მადლის სისავსით წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება.
იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა! იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა ან მოხდება მეორედ მოსვლამდე.
ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.
წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: "მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი... და ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26. 26,28). სამწუხაროდ, ჩვენ, მცირედმორწმუნეობის ან სულიერი სიბრმავის გამო, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ამ საიდუმლოსთვის მომზადება.
მეტად გულსატკენია, რომ ზოგიერთი ადამიანი, მართლია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მაზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება.
გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერისცვალებაში ვლინდება. მადლობა ღმერთს, ასეთი მრევლიც მრავლად გვყავს.
შევნიშნავთ, რომ არსებობენ ისეთი "მორწმუნენიც", რომელნიც, მართალია, თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ აღსარებისა და წმიდა ზიარებისაგან შორს დგანან და მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უდიდესი შეცდომა და უდიდესი ცოდვაა!
ეს ფაქტობრივად ქრისტიანობაზე უარის თქმას ნიშნავს, უარის თქმას ნიშნავს იმ მაცოცხლებელ ენერგიაზე, თავისი მოწამებრივი ღვაწლით რომ გვიბოძა უფალმა. ამიტომაც, თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ" (ინ. 15,4).
მაშ, ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლს ზიარებისა! ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას.
აი, როგორ გვმოძღვრავს პავლე მოციქული: "ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ" (გალ. 5. 16-17). "ცოდვის საზღაური სიკვდილია!" (რომ. 6.22).
ხოლო სულის ნაყოფია: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება"... (გალ. 5. 19-23). და "ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი" (რომ. 8.14,17).
უფალი ბრძანებს: "რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ.
ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.
შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება, ან გასაჭირში თანადგომა?! შეგვწევს უნარი შენდობისა?! ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი?! ადამიანის მოყვარულნი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზრუნველნი?! საერთოდ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ნებისმიერი ადამიანისათვის აქ, ამქვეყნად, იწყება.
ამ რეალობის წინაშე დგას კაცობრიობაც და თითოეული ჩვენგანიც უკვე 2000 წელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არის, რომ ეკლესია ასე ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას ზნეობის დასაცავად და ქრისტიანული გზით სვლისაკენ. განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა; ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: "ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არა ხართ..." (ინ. 8.47).
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენს სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე; არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არაქართველი, ხალხისგან პატივდებული თუ საზოგადოებისგან მიტოვებული. უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა. ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
ნუთუ ბოროტმა უნდა გვძლიოს და ამ ზეციურ მადლსა და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს? ნუთუ ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული? ნუ იყოფინ! წმიდა მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (იაკ. 2.26), ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა.
სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: "სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად,... რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მთ. 25. 36,40).
ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა-კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის).
ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები.
ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს.
ამასთან, კარგი იქნება თუ სადაზღვევო-სამედიცინო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულნი (განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი), რათა მათ სრულად ისარგებლონ ამ სიახლით.
ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა;
მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.
საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.
ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.
და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, - ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო.
მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.
ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.
მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა. მაშ, შევთხოვოთ მაცხოვარს, ჯოჯოხეთის მსგავსად შემუსროს ჩვენს გულში არსებული ცოდვისა და ვნების სამეფოც, რათა ღვთის მადლით განწმენდილნი ვიქცეთ ტაძრად სულისა წმინდისა და შევძლოთ სწორედ აქ, ჩვენს გულში, განვამზადოთ ახალი საკურთხეველი და ახალი სამეფო ტახტი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი იესოსთვის.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

მაშ, "გარდაიქეცინ გლოვაი თქვენი სიხარულად და მწუხარებაი იგი მხიარულებად" ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2010 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

გულისსიტყვების, წარმოსახვისა და გონებაგაფანტულობის შესახებ

მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება. მღვიძარე მამები ბევრს მოგვითხრობენ საცნობელთა წმინდად დამარხვაზე. მათი სწავლება, ძირითადად, ეხება გონების დაცვას ცოდვიანი წარმოსახვებისა და აზრებისგან და გულის განწმენდას მისი შემაგინებელი გრძნობებისგან. იმასაც გვასწავლიან, რომ სულის სიწმინდის დასაცავად ყოველგვარი უზნეობა მისი წარმოშობისთანავე უნდა აღმოვფხვრათ. ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა და სარგებელს.
ევას რომ თვალი სიწმინდით დაეცვა, არ მოწამლავდა თავის შთამომავლობას და მისგან შობილ ყველა ადამიანს. ერთი სიტყვით, გრძნობებისგან თავშეკავება ადამიანს ჯოჯოხეთისგან იხსნის.

2. შვილო, გისურვებ წინ აღუდგე ეგოისტურ და ამპარტავნულ გულისსიტყვებს, რადგან ყველა ბოროტი ვნება მათგან და მათი მსგავსი ვნებებისგან იღებს სათავეს და საწყალ ადამიანს დასაღუპავად უბიძგებს უფსკრულისკენ.
ვნებებიდან მომდინარე გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სრულებით უგულებელყავი ისინი, რადგან ბოროტის სისაძაგლე სახეზე აწერიათ.
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე.
ასეთი გულისსიტყვების უკუგდება შეპასუხებითაც ხდება, მაგრამ ეს რთული ბრძოლაა და ქრისტეს მეომარს დიდი გამოცდილება სჭირდება, დანაკარგის გარეშე რომ გაართვას თავი, რადგან წმინდა წერილის ცოდნაში ეშმაკიც გაწაფულია და მებრძოლის დასაბრკოლებლად მრავალ საბუთს იშველიებს.
ამიტომ, რასაც გულისსიტყვების მეშვეობით გეუბნება – ამპარტავნების იქნება ეს, ცუდადმზვაობრობის თუ განკითხვის და ა. შ., ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. გულისსიტყვები ვნებებიდან მომდინარეობს და მათთან საუბარი არაა საჭირო. კარი ჩაუკეტე და თქვი: „არ დავუშვებ მწვალებლურ გულისსიტყვებთან ურთიერთობას და საუბარს", შემდეგ კი მტკიცედ განაგრძე ლოცვა.

3. ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსიტყვა, უფრო სწორად, მისი ზემოქმედება და ვეღარც კი გაიხსენებ, რის თქმას აპირებდა შენთვის.
ეს გზა უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე ეშმაკის ნაკარნახევ გულისსიტყვებზე შეპასუხებით შეწინააღმდეგება, რადგან როცა დემონი განგვეშორება, მისი ნათქვამიდან ნაშთი და აჩრდილიც კი არ რჩება. შეპასუხების შემთხვევაში კი, მართალია, ბოროტი მარცხდება და მიდის, მაგრამ ტოვებს იმის ნაშთსა და აჩრდილს, რასაც სულს აწვდიდა და ადამიანს გადატანილი ბრძოლის მსუბუქი მოგონება მაინც რჩება.
პირველი ხერხი, დაუყონებლივ ლოცვას მივმართოთ, უფრო შვების მომგვრელია და სული სწრაფად მშვიდდება, მაშინ როცა მეორე – შეპასუხებით შეწინააღმდეგება – დამღლელია. თუ სულმა გულისსიტყვების შეპასუხებას თავი ვერ გაართვა, შესაძლებელია, ეშმაკმა, რომელსაც ადამიანის დარწმუნების დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისი ჭრილობები მიაყენოს მას.

4. გაექეცი ცოდვიან აზრებს, მოიკვეთე წარმოდგენა – პროვოცირების კერპი, რადგან „ყოვლისმცოდნე" სატანა ცდილობს შენს შემოქმედს – ღმერთს – მოგაცილოს.
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარმოსახვას გონებაში გამოჩენისთანავე შევებრძოლებით, აღმოვფხვრით და უკუვაგდებთ, თუ მონდომებითა და მოშურნეობით დაუყოვნებლივ ავიტაცებთ სულის მახვილს – ჩვენი იესოს წმინდა ლოცვას – მაშინვე დავინახავთ, როგორ დაგვტოვებს ქურდულად შემოპარული ბოროტი გულისსიტყვა და გამარჯვებას იმ მბრძანებელ გულისსიტყვას დაუთმობს, რომელიც ღვთის მადლმა და მოწყალებამ განამტკიცა.
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რომ მფარველ ანგელოზს მხოლოდ არაწმინდა გულისსიტყვები განგვაშორებს და დაინახავ, გონების, გულისა და სხეულის შესაგინებლად როგორ ააზვირთებს საძაგელი გულისსიტყვების სიმრავლესა და ამაო კერპების წარმოდგენას. მაგრამ, როცა მოღვაწე შეიცნობს ეშმაკის ბოროტებას, მაშინვე ქრისტეს იარაღით აღიჭურვება და ანადგურებს მის მანქანებას.

5. შვილო, უფრთხილდი წარმოსახვას; ყველა ცოდვა მისგან იღებს სათავეს. ის ცოდვის ძირია. ამიტომ ფრთხილად იყავი. როგორც კი ვინმეს ან რაიმეს წარმოიდგენ, რაც გინახავს ან გაგიგონია, მაშინვე განურისხდი და ლოცვით განდევნე შენი გონებიდან. ილოცე სწრაფად და გულმოდგინედ. გონებით ღვთისმშობელს მიმართე და ტკივილით სთხოვე შეწევნა. ვსასოებ ღმერთს და მჯერა, რომ გამარჯვებას მიაღწევ.
შენ თავი აიმაღლე და ეშმაკმაც ამიტომ გაგიმართა ბრძოლა. ახლა დამდაბლდი. შინაგანად დაიმცირე, შეურაცხყავი საკუთარი თავი და როცა ღმერთი შენს თავმდაბლობას დაინახავს, შეგეწევა.
როგორც ცეცხლს ერიდები, რომ არ დაგწვას და გველს გაურბიხარ, რომ არ დაგკბინოს, ასე და უფრო მეტად გაექეცი ეშმაკის მოტანილ წარმოსახვას!
გიმეორებ, ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.

6. უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე. ულმობლად გაუმკლავდი პიროვნებებისა და ბოროტი საქმეების ბილწ წარმოდგენებს, რადგან ყველა ბოროტება წარმოსახვიდან მოდის და თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რაც უნახავს, მოუსმენია ან განუცდია ხუთი გრძნობის საშუალებით; ასე კი ყველაფერს ხელახლა და ცოცხლად განგვაცდევინებს სულის შესაგინებლად.
ასე რომ, რისხვით და ლოცვის იარაღით განდევნე ბილწი გულისსიტყვები და, ქრისტეს მადლით, ეშმაკის წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვებ.

7. ფრთხილად იყავი, გონებამ აქეთ-იქით არ იხეტიალოს, არამედ მტკიცედ დაუკავშირე ის ქრისტეს სახელს. ისე ევედრე, თითქოს წინ გედგას უფალი, სულიერი ტკივილით უხმე მის სახელს და ნახავ, როგორ სარგებელს მიიღებ.
ბოროტი გულისსიტყვები სწრაფად, „კინწისკვრით“ გაყარე, შეუძახე: „მაწანწალებო, გასწით აქედან, ღვთის ტაძრიდან, ჩემი სულიდან!“
უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე; შიგნით ნუ დაიტოვებ, რადგან საშიშია, ჭრილობები არ მოგაყენოს, რის შემდეგაც ცრემლების ღვრა და ოხვრა მოგიწევს.
მოითმინე, შვილო. ცეცხლივით გაექეცი ასეთ გულისსიტყვებს, რადგან მათ სულისთვის განადგურება, გულგრილობა და სიკვდილი მოაქვთ. მაგრამ, თუ მათ რისხვით, ყურადღებითა და ლოცვით განვდევნით, ამას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამიტომ, იბრძოლე, ნუ გეშინია. მოუხმე ჩვენს მკურნალს, რომელიც მზადაა დაგვეხმაროს. ბევრი თხოვნა არ არის საჭირო; არ ითხოვს ფულს, არ ეზიზღება ჭრილობები, შეიწყნარებს ცრემლებს, კეთილი სამარიტელივით ზრუნავს და უვლის სულიერი ავაზაკების მიერ დაჭრილს. ასე რომ, მოდით, მისკენ ვისწრაფოთ.

8. რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წარმოგვიდგენს სახეებს, საგნებს, გვახსენებს სიმღერებს და ა. შ., რაც გრძნობებმა დააგროვა და ვნებიან გულისსიტყვებს აღძრავს, რომ ღვთის ქალაქი – გული – ააოხროს და შებილწოს.
არსებობს ასეთი ხერხი: წარმოდგენები, პიროვნებები და ა. შ., გონებაში წარმოსახვისთანავე უნდა განვდევნოთ. და თუ, ღვთის მადლით, ამას შევძლებთ, ბოროტებას წარმოქმნისთანავე დავამარცხებთ და მცირე შრომით გავიმარჯვებთ.
ხოლო თუ გულისსიტყვები გაჯიუტდება, მაშინ ქრისტეს სახელს მოვუხმოთ, რისხვით აღვიჭურვოთ და საბრძოლო პოზიცია დავიკავოთ.
როცა ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც გვაფორიაქებენ, ვეცადოთ, ჩვენს წარმოსახვაში მათ ადგილი არ დაიმკვიდრონ, მაშინვე განვდევნოთ, რომ მათი ხატება სულის წარმოსახვით ნაწილში არ მოხვდეს და შესაბამის დროს ეშმაკმა ჩვენთან საბრძოლველად არ მოგვივლინოს.

9. შვილო, ნუ შეგაშინებს ეშმაკის მიერ მოტანილი გმობის გულისსიტყვები. ის ბოროტი მთესველის შურია. გმობის გულისსიტყვები ქრისტიანის სულის მოშთობას ცდილობს იმ აზრით, თითქოს თავად ადამიანი გმობდეს და ასე უწამლავს გულს!
ეს გულისსიტყვები ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი, ასე უნდა უგულებელყო იმიტომ, რომ შენი არაა.
გეუბნები, შვილო, ნუ გეშინია. მათზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. როცა ეს გულისსიტყვები მოგდის, უთხარი სატანას: „რაც გინდა, მითხარი. ამიერიდან შენს ნათქვამზე აღარ ვინაღვლებ, რადგან ეს ყველაფერი შენი ბოროტების გამონაგონია".
მიუხედავად იმისა, რომ გმობის გულისსიტყვები აშკარად ეშმაკისგან მოდის, მათში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის. რა წვლილი? ესაა ჩვენი გონების ფარული თვითდაჯერება, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. იგი გმობის გულისსიტყვებით მჟღავნდება. ასეთი აზრები ასევე ჩვენი მრისხანების, გულისწყრომის, სიძულვილისა და სხვა ვნებებისგან იღებს სათავეს.
ამიტომ მათ უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარი თავის შინაგან განკითხვაზე და შევებრძოლოთ ყოველგვარ ამპარტავნულ გულისსიტყვას. ასევე მშვიდობა დავამყაროთ თითოეულ ადამიანთან, თუნდაც ჩვენ მიმართ ბოროტებას სჩადიოდეს.

10. ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს. ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვეკიდებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და განვიცდით მორალურ კმაყოფილებას, რაც სიწმინდეს მოაქვს.
ამიტომ, შვილებო, ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოსვლისას, რადგან ყოველ მათგანთან მიმართებაში იგივე ხერხი მოქმედებს. თუ უყურადღებო გონება დახვდა, ნებისმიერი ასეთი გულისსიტყვა შემოდის და ვნების შესაბამის ზემოთ აღწერილ ზნეობრივად არაჯანსაღ მდგომარეობას ქმნის.
რადგან მონაზონს ძირითადად გულისსიტყვები ებრძვის, ის, რაც მას გადაარჩენს მღვიძარებაა! სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიღვწით.

11. ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღვიძარებით ანუ გონების სიფხიზლითა და ყურადღებით.
ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალიბების საშუალებას არ ვაძლევთ და თან იესოს ლოცვას ვამბობთ, სატანის შეჭირვებისგან ვთავისუფლდებით და ღმერთი გვირგვინს გვიბოძებს იმ კეთილი განზრახვის გამო, რომ გვსურს სათნოვეყოთ მას.

12. მუდამ გახსოვდეს, შვილო, რომ რასაც გულისსიტყვა გეუბნება, ყველაფერი ეშმაკისგანაა. მისი მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს და სასაცილოდ აგიგდოს. ამიტომ შენც მასხრად აიგდე და მის უხამს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ბოროტს უგულებელყოფ, არასოდეს შეგემთხვევა ცუდი. გაფრთხილდი, ნუ მოუსმენ მის ნათქვამს და გადარჩები.
თუ ზემოთქმულს დაიცავ, არაფერი დაგემართება. ვინც თავის გულისსიტყვებს მიენდო, ცუდ დღეში ჩავარდა. გულისსიტყვების უგულებელყოფა ლოცვასთან ერთად კი სასწაულებს ახდენს.
ნუ დარდობ, შვილო, იმედს ნუ გადაიწურავ და სიმხნევეს ნუ დაკარგავ. ყველაფერი, რასაც ეშმაკი გონებაში წაგისისინებს, სიცრუე და ტყუილია. საერთოდ ნუ დაუჯერებ მას! ეშმაკს უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები მას უჯერებენ და იტანჯებიან. ხოლო ძალიან წუხს, როცა მისი არ სჯერათ და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
როცა ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ასეთ გულისსიტყვებს უგულებელყოფა სჭირდება, მაშინვე სრულიად ვირწმუნე მისი სიტყვები, საქმით განვახორციელე და განვიკურნე.
საუკეთესო წამალი ასეთი გულისსიტყვების სრული უგულებელყოფაა და განკურნებაც სრული იქნება. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ ესაა წამალი! ფრთხილად იყავი, არ იზარმაცო. განუწყვეტლივ ებრძოლე ბოროტს. მთელი შენი მცდელობა იქით მიმართე, რომ არ იფიქრო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებზე, ყურადღება არ მიაქციო მათ და ოდნავაც ნუ იდარდებ.

13. სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.
გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.

14. ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს.
როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვები გიჩნდება, მაშინვე, ოდნავი დაყოვნების გარეშე, განაგდე მისი სახე ისე, როგორც ხუჭავ თვალებს, როცა რაიმეს დანახვა არ გინდა; ეშმაკზე განრისხებულმა სწრაფად, ტკივილითა და ცრემლებით იმეორე იესოს ლოცვა და მაშინ დაინახავ, როგორ მოგშორდება ბოროტი გულისსიტყვა.
ხოლო თუ წარმოსახვა ძლიერდება, მაშინ შენს გონებაში დაანაწევრე და დაამახინჯე წარმოსახული სახე, რომ ზიზღმა განდევნოს მისგან მოტანილი ტკბობა.
ძალიან ფრთხილად იყავი, არ გათამამდე, ყურადღება არ მიაქციო არც ერთ ბოროტ გულისსიტყვას, რადგან მაშინ ეს მცირე დაუდევრობა შენში დიდ ბრძოლას გამოიწვევს. გაფრთხილდი, არ მიგიზიდოს ბილწი წარმოდგენის სიტკბოებამ და შენმა სულმა საუბარი არ გაუბას წარმოსახულ პიროვნებას, რადგან შემდეგ ძნელი იქნება აქედან თავის დაღწევა და მაშინ ამ გამოცდილებით მიხვდები, თუ რამდენადაა საჭირო გულისსიტყვებისგან თავის დაცვა.

15. შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო? აიძულე თავი. გაიხსენე სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთი; დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.


16. როდესაც დემონურ გულისსიტყვებს ვებრძვით, ბრძოლა მოწამეობად შეგვერაცხება; ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტი გულისსიტყვებისგან ძალიან იტანჯება, ღმერთი კი ხედავს სულის შრომას და ტკივილს და ამას მოწამეობად უთვლის.
ურწმუნოების გულისსიტყვების მიზეზი თავმოწონება და ეგოიზმია. ასე რომ, მოიშორე, შვილო, ქედმაღლობის გულისსიტყვები და დიდი სიმდაბლით იფიქრე საკუთარ თავზე. სხვას ნუ განიკითხავ; მხოლოდ საკუთარ შეცდომებს უყურე. სიფრთხილით წარმოთქვი თითოეული სიტყვა და ნურავის ატკენ გულს.
ურწმუნოების გულისსიტყვები სრულებით უგულებელყავი, რადგან ეშმაკისგანაა. მათი მიზანია, ბრძოლის უნარი წაგართვან, შემდეგ სიძვის ეშმაკს გადაგცენ და სულიერი სიკვდილი მოგიტანონ.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.
გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს.

17. გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
ასე რომ, შვილო, სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩვენს ყოველ ფიქრს, სიტყვასა და საქმეს, რომ არ დავამწუხროთ უტკბესი იესო, რომელმაც ჩვენთვის, დამნაშავეთათვის, სასტიკი და მტანჯველი სიკვდილი დაითმინა.
შვილო, გაფრთხილდი შენს გულისსიტყვებთან. მებრძოლი სული გქონდეს; მუდამ მზად იყავი, რომ გულისსიტყვებს დაუპირისპირდე. უკან ნუ დაიხევ, რადგან ყოველი დათმობა ძვირად დაგვიჯდება.

18. შეუპოვრად ებრძოლე, შვილო, მრავალნაირ მზაკვრულ გულისსიტყვას. შენს გულში ადგილს ნუ დაუთმობ მათ. ეს უწმინდურება შეგინების მეტს რას დატოვებს ჩვენს გულებში? მათზე განრისხება გმართებს და იესოს ლოცვით განსვენებას მიაღწევ.
ჩემო კარგო შვილო, მოიშორე ბილწი ფანტაზიები. ნუ დაუშვებ, რომ ცოცხალ სურათებად წარმოგიდგეს, რადგან ამით იწყება სულის ზნეობრივი დაცემა. ეს არის ყველა ბოროტების ძირი.
შეუპოვრად შეები ბილწ წარმოდგენებს, რისხვით, ღვთის შიშით, იესოს ლოცვის ორპირი მახვილით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, მტკიცედ მოუხმე, იღაღადე. იესო უხილავად შენ გვერდითაა, რომ შეგეწიოს. „ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას“ (ფსალმ. 144, 18).

19. მივიღე შენი წერილი, სადაც ზოგადად მკრეხელური გულისსიტყვების შესახებ მწერ. ეს გულისსიტყვები ამპარტავნებისგან იშვება. ამბობ, რომ განსაცდელმა შენი სულიდან ამპარტავნება განდევნა, ამაში ცდები. ხე ნაყოფით იცნობა, შედეგი კი – საწყისით.
ერთი ბერი წერს, რომ განსაცდელების რაოდენობა შეესაბამება ჩვენში არსებული ამპარტავნების ხარისხს. ნამდვილი სიმდაბლე რომ გვქონოდა, ღვთის მშვიდობა დიდებით აფრიალდებოდა ჩვენი გულის საყდარზე, ყველაფერი დაწყნარდებოდა და დამშვიდდებოდა. ხოლო რადგან სიმშვიდე დარღვეულია, ჩანს, ქალაქში ამბოხებაა და იქ მსტოვრები არიან, რაც მოქალაქეთა, ანუ გულისსიტყვათა არეულობას იწვევს.
ამისგან კურნება ასე შეიძლება: არ უნდა იკითხო მწვალებლური წიგნები, სრულიად უნდა უგულებელყო მკრეხელური გულისსიტყვები, როგორც უცხო და გარეშე. საჭიროა სიმდაბლით ლოცვა. თუ შემთხვევით ვინმესთან უთანხმოება გაქვს, შეურიგდი. თუ უდებება დაგეუფლა, მღვიძარება გმართებს.
ეს ყოველივე განკურნავს ამ ავადმყოფობას. მაგრამ განსაკუთრებით მკრეხელური გულისსიტყვების, როგორც ეშმაკის მიერ ამონთხეულის, სრული უგულებელყოფაა საჭირო.
როცა აბბა პამბოს გმობის სული დაეუფლა, ლოცულობდა: „უფალო, ასეთი გულისსიტყვებით როგორ ვცხონდები?“ უფლის ანგელოზმა კი მიუგო: „პამბო, პამბო, თავი დაანებე გარეშე საზრუნავს – გმობის გულისსიტყვებს და შენს ცოდვებზე იზრუნე“.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, აქ საეჭვო არაფერია. საეკლესიო კრებებს სულიწმიდა წარმართავდა და რასაც წმინდა მამები ამბობდნენ, ღვთის სულის მიერ იყო ნაკარნახევი. ამის დასტური კი მათი წმინდა ნაწილებია.

20. შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი განსაცდელი, რომელიც თავს გვატყდება და გვაფორიაქებს, სასარგებლო წამალია.
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებელს.
შეეცადე ვინმეს ხატებამ ან მისდამი ლტოლვამ არ გაიმარჯვოს შენს გულსა და გონებაზე.
თავიდან ბოროტი, ჩვეულებრივ, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გვახსენებს, რომ სულის სიმტკიცე შეგვირყიოს, ბრძოლის უნარი დაგვაკარგვინოს და დაგვამარცხოს, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
ამიტომ მსუბუქად კი არ უნდა შევხედოთ ამას, არამედ თავიდანვე მხნედ შევებრძოლოთ: წარმოდგენიდან ამ სახეების განდევნით, იესოს ლოცვით, საკვებში ოდნავი თავშეკავებით, წრფელი, ხშირი აღსარებით და ჩვენი მოკავშირე ღვთის მადლით, გვჯერა, მტერი უკან დაიხევს.

21. შვილო, მივიღე შენი წერილი. დავინახე, ეშმაკმა როგორ გაგათამაშა. ასეთ შემთხვევაში ნუ დამწუხრდები, არამედ ძალიან მარტივად მოეკიდე ამ დახელოვნებულ ოსტატს. როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგე – აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები. ასეთ დროს ბოროტს ნუ შეეპასუხები! მხოლოდ ლოცვა, რაიმე გულისსიტყვისა და წარმოდგენის გარეშე და ნახავ – ყველაფერი ობობას ქსელივით დაირღვევა. ნუ დაუშვებ, რაიმე წუხილმა სიმშვიდე დაგაკარგვინოს.

22. სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდის სისტემატურ ბრძოლას ვეწევით, რის შემდეგაც ადამიანი სულიერი და გონებრივი მღელვარებისგან თავისუფლდება. და პირიქით, თუ ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმოდგენებისგან გონების განწმენდისას უდებებას გამოვიჩენთ, შედეგი ის იქნება, რომ საძაგელი ვნებები დაგვეუფლება და ეშმაკები და ცოდვები დაგვიმორჩილებენ.

23. შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლოებებში იჭრება და მის უჩინო და დაფარულ მხარეებს წარმოგვიდგენს. როგორც კი გამოსახვას დაიწყებს, ლოცვით წაშალე სურათი. რაც უფრო დააყოვნებ, შემდეგში მით მეტი შრომა და ტკივილი შეგხვდება.

24. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ. სულიერი ნუგეშის გარეშე იმიტომ ვრჩებით, რომ საკუთარი თავის გამოძიებისა და ღვთის ხსენების ნაცვლად გონებადაფანტულობამ მოგვიცვა. დაუბრუნდით საკუთარ თავს. თქვენი გონება სულიერი საქმიანობით დააკავეთ, ნუ აძლევთ მას აქეთ-იქით ხეტიალის უფლებას. თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს. და ბოლოს – თავის იძულებისა და ძალდატანების გარეშე სულიერებას ვერ მივაღწევთ.
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი


ლაშა ცაიშვილის მოგონებები წმ. მამა გაბრიელზე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პერიოდი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. იგი, დროთა განმავლობაში, არათუ ქრება მეხსიერებიდან, არამედ უფრო და უფრო ღრმა და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის სულში, რა დროსაც მატულობს ნოსტალგია და გაუნელებელი სურვილი გარდასულის დაბრუნებისა. სწორედ ამგვარ ბედნიერ პერიოდად და მოვლენად აღიქმება ჩემთვის ის სანატელი წუთები და საათები, რომელიც სამთავროს მონასტერში გამიტარებია მამა გაბრიელთან.
13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც ადვილი შესაგუებელი არ იყო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ გამოსავალს ვეძებდით, რათა, ფიზიკური კურნება თუ არ მოხდებოდა, სულიერად მაინც გავძლიერებულიყავით.
მამა გაბრიელთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის დღე საოცრად უჩვეულო და მოულოდნელი იყო. იმ დღეს სამთავროს მონასტერში მირონმდინარე ხატების მოსალოცად ვიყავით ჩასულები. მაშინ საერთოდ არაფერი გვსმენოდა ამ მადლიანი ბერის შესახებ. უბრალოდ, სურვილი გვქონდა, სასწაულმოქმედი ხატებიდან გადმოდენილი წმინდა მირონი გვეცხო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ამ ყველაფრის გარკვევაში ახლადგაცნობილი, აწგარდაცვლილი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა, იმჟამად ერისკაცი გიორგი) დაგვეხმარა.
ღვთის დაშვებით, ჩვენს გასაძლიერებლად ერთი სასწაულიც მოხდა: წმინდა მირონი, რომელიც ხატებიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად მოედინებოდა, ჩვენი ჩასვლისას უკვე ორი დღის შეწყვეტილი იყო, მაგრამ ღვთის მადლით ერთი წვეთი კვლავ გადმოდინდა და იღუმენიას კურთხევით ვიცხეთ. ამ ყველაფრის შემდეგ გიორგიმ გვირჩია, აქ ერთი მადლიანი ბერი ცხოვრობს და კარგი იქნება, თუ თავს დაალოცინებთო. როდესაც მამა გაბრიელთან მივედით, მისგან საოცარი სითბო და მადლი იღვრებოდა. ყველას ისეთი განცდა გვქონდა, რომ ჩვენს წინ ადამიანი კი არა, ადამიანის სახით განხორციელებული სიყვარული იდგა. ამის შემდეგ, ხშირად დავდიოდით და დიდი ინტერესით ვისმენდით მის ქადაგებებსა თუ სწავლებებს. მამა გაბრიელს ჰქონდა საოცარი უნარი, გულწრფელი სიყვარულით მიეღო ყველა მასთან მისული ადამიანი. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა და უღირსებისა, ყველას თბილად გვხვდებოდა. რომ დამინახავდა, იტყოდა ხოლმე: "ჩემი ლაშა მამივიდა". თავად ვარ მომსწრე მის მიერ მომხდარი სასწაულებისა. გასაოცარი სიბრძნით იყო სავსე ყოველი მისი სწავლება თუ დარიგება. როგორც ღამის წყვდიადში სიცივისაგან დაუძლურებულ პაწაწინა იას გამოაცოცხლებს და კვლავ უბრუნებს სიცოცხლის ხალისს დილის ნაზი მზის სხივი, ასეთივე სინათლის შემომტანი იყო ჩვენს გაუხეშებულსა და დაცარიელებულ სულებში მამა გაბრიელის ყოველი სიტყვა. მე არ ვიცოდი, ის მოქმედი სასულიერო პირი რომ არ იყო და ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო. მამა გაბრიელმა იცოდა, რომ მე ჯერ ეკლესიური ცხოვრება დაწყებული არ მქონდა და სულიერად უმწიფარი ვიყავი და, ალბათ, იმის გამო, რომ გული არ მტკენოდა, დამთანხმდა. ხოლო შემდეგ, როდესაც გარკვეული ხანი გავიდა, ამიხსნა, რატომ ვერ იქნებოდა ჩემი მოძღვარი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და მირჩია, სხვაზე გამეკეთებინა არჩევანი. მას შემდეგ, რაც სამთავროს მონასტერში გაცნობილმა გიორგი კუჭავამ მამა გაბრიელი გაგვაცნო, მან თბილისში, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, მამა არჩილ მინდიაშვილთან მიგვიყვანა, სადაც, ასევე, დიდ სულიერ საზრდელს ვღებულობდით. მამა გაბრიელს ვკითხე, თუ მირჩევდა მამა არჩილს სულიერ მოძღვრად. მან გახარებულმა მითხრა: მიდი მამა არჩილთან, ის ბრძენი ადამიანიაო. მას შემდეგ, ღვთის შეწევნით, ხშირად დავდიოდით როგორც პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, ასევე სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან.
მამა გაბრიელი თავადაც იყო ორჯერ სტუმრად ჩვენს ოჯახში. მოგეხსენებათ, ოთხმოცდაათიან წლებში თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ჩვენს ოჯახშიც ორმაგად დაძაბული მდგომარეობა იყო. ძმათამკვლელი ომის სიმძიმეს ისიც თან ერთვოდა, რომ ბიძაჩემი ზ. წ. ამ დროს მთავრობის სახლში იმყოფებოდა და ყოველ წუთს დიდი საფრთხე ელოდა. ჩვენი სახლი ტერიტორიულად ისეთ ადგილზე მდებარეობდა, რომ რეალური საშიშროების წინაშე ვიდექით, ნასროლი ტყვიებისგან ცეცხლი გაჩენილიყო. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ იმ პერიოდში დედაჩემს თვალის ოპერაცია ესაჭიროებოდა და, მრავალი მიზეზის გამო, ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას მის საავადმყოფოში მოთავსებასთან დაკავშირებით. მამა გაბრიელი ამ დროს, როგორც ნუგეში, ისე მოგვევლინა. გვიწინასწარმეტყველა, რომ ზვიადი, მის თანამებრძოლებთან ერთად და, მათ შორის ბიძაჩემიც, მშვიდობით გადარჩებოდნენ, დედაჩემის ოპერაციაც კარგად დამთავრდებოდა და ჩვენი სახლიც უვნებელი დარჩებოდა. რა თქმა უნდა, მისი წინასწარმეტყველება გამართლდა.
მაგონდება ერთი სასწაული, რომელიც ცოტა მოგვიანებით, თბილისში ყოფნის დროს მოახდინა მამა გაბრიელმა. ერთხელ, მასთან ერთად, ერთ-ერთი მორწმუნის სახლიდან ქაშვეთის ტაძრისაკენ მივდიოდით. მამა გაბრიელი გზად უცხო გამვლელებს აჩერებდა და თავიანთი ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდა. ზოგი გაკვირვებული, ზოგი კი თვალცრემლიანი და მუხლმოდრეკილი ისმენდა მის საუბარს. იგი ხან მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ხან კი განვლილი განსაცდელის გამო ანუგეშებდა მათ. როდესაც მთავრობის სახლთან ჩავიარეთ, მამა გაბრიელმა ხმამაღლა დაუწყო მხილება არსებულ ხელისუფლებას და, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და მაშინდელი ხელისუფლება სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა, რის გამოც ქუჩები სავსე იყო პოლიციელებით, მაინც არ მოერიდა მათ (ამის შემდეგ ქალაქში ჭორიც გავრცელდა, მღვდლებმა მთავრობის სახლის წინ მიტინგი მოაწყვესო).
ქაშვეთის ტაძრის მოლოცვის შემდეგ, მამა გაბრიელის სურვილით, საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლომდებარე ყოვლადწმინდა სამების პატარა ეკლესიისკენ გავემართეთ (ქაშვეთის ეკლესიასთან სწორედ ამ დღეს გადაღებული ფოტოა განთავსებული ბროშურის დასაწყისში, რომელზეც, საბედნიეროდ, მეც ვარ აღბეჭდილი, 15 წლის ასაკში, მამა გაბრიელის უკან, მარჯვნივ). ამ დროს მამა გაბრიელმა ერთი სასწაული მოახდინა: მან გზაზე მიმავალ მოტოციკლეტის მძღოლს ანიშნა, გაჩერებულიყო, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა. ბოლოს, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებული გახდა, გაეჩერებინა. მე ამ დროს მამა გაბრიელთან ახლოს ვიდექი და კარგად გავიგონე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები: "აბა, ახლა დაქოქე!". მიუხედავად იმისა, რომ გზა მალე გათავისუფლდა, მძღოლი ვეღარ ახერხებდა მოტოციკლეტის ადგილიდან დაძვრას. ჩვენ ნელი ნაბიჯით მივდიოდით და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გვესმოდა, თუ როგორ წვალობდა მძღოლი, რომ ძრავა ჩაერთო. ყველასათვის აშკარა იყო ამის მიზეზი და მამა გაბრიელს დაუწყეს ხვეწნა, დახმარებოდა მას. ბერი მაშინვე შემობრუნდა, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა (რომლის გაგებაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე) და მოტოციკლეტისტს ჯვარი გადასახა. მოტოციკლეტი მაშინვე დაიძრა ადგილიდან და ჩვენც განვაგრძეთ გზა.
ტაძრის მოლოცვის შემდეგ მამა გაბრიელს ვთხოვე, ჩემთან წამობრძანებულიყო სტუმრად. მისგან მაშინვე თანხმობა მივიღე და ორ მორწმუნესთან ერთად სახლისკენ გავემართეთ. სახლში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა წარმოთქვა: რამდენ ხალხს გაუვლია ამ სახლში! მართლაც, სტუმრიანობის გამო, ჩვენთვის ახლობლებს ხშირად უკითხავთ ხოლმე ხუმრობით, თქვენს კარებს სასტუმრო რატომ არ აწერიაო.
ჩვენთან ყოფნის დროს, მამა გაბრიელმა მრავალი გააოცა თავისი წინასწარმეტყველებითა და აზრის შეცნობის ნიჭით. მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ: მას ჩვენი მეზობელი გოგონა ქ. ა. გავაცანით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გოგონას ჩვენზე უკეთ იცნობდა მამა გაბრიელი. ბერმა მას პირჯვარი გამოსახა და დაუწყო საუბარი მის განვლილ ცხოვრებაზე, შემდეგ მომავალიც უწინასწარმეტყველა. ამგვარი საუბარი ჩემი მეზობლისთვის უცხო იყო და შეშინებულს გულში გაუფიქრია, ნეტავ მეტი აღარაფერი მითხრასო. მამა გაბრიელიც მყისიერად შეჩერდა და მიუგო: კარგი, მეტს აღარაფერს გეტყვი!. ამის შემდეგ ერთ-ერთმა მორწმუნემ ო. ნ.-მ სთხოვა მამა გაბრიელს, ცოტა ხნით რაღაც საქმეზე გაეშვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან შეაგვიანდა და, თავის გამართლების მიზნით, ტყუილის თქმა მოუწია. ჩვენ არ მოგვისმენია მისი და მამა გაბრიელის საუბარი, მაგრამ, როგორც თვითონ გვიამბო, მისი სიცრუის პასუხად მამა გაბრიელს ყველა ადგილი და შენობა ჩამოუთვლია, სადაც ის იყო.
ჩვენთან სტუმრობის დროს დედაჩემს - მ. წულაიას უთხრა, მოსე წინასწარმეტყველი გამომეცხადაო და როდესაც ჩავეძიეთ, თუ რას ეხებოდა გამოცხადება, აღარაფერი გვითხრა. მეორე დღეს, როდესაც გაბრიელ ბერმა წასვლა დააპირა, გამომშვიდობებისას დედაჩემს ასეთი რამ უთხრა: ახლა მივდივარ და თან თქვენი სიყვარული მიმაქვსო. მე ამ დროს მამა გაბრიელის ზურგს უკან ვიდექი. იგი ვერ მხედავდა. მე გულში გავიფიქრე: მამა გაბრიელ, შენ რომ მიდიხარ, ეგ არ გვეყოფა?! სიყვარული მაინც დაგვიტოვე-მეთქი. მან მაშინვე შეწყვიტა საუბარი, შემობრუნდა და გაღიმებულმა თბილი და ალერსიანი ხმით მითხრა: "ლაშა, მე შენ სიყვარულს გიტოვებ!".
მამა გაბრიელი ოთხი დღე იმყოფებოდა თბილისში, სხვადასხვა მორწმუნეების ოჯახში. ამ ხნის განმავლობაში საკვები თითქმის არ მიუღია. მხოლოდ ერთ ლუკმას თუ იხმევდა, რომ ნაწყენი არ დავრჩენილიყავით. დედაჩემმა ერთხელ გულდაწყვეტით ჰკითხა, რატომ არ ჭამთ არაფერს, იქნებ ცოტა მაინც მიირთვათო. მამა გაბრიელმა უპასუხა, მე თქვენს სიყვარულს მივირთმევო. ბერს, ზოგადად, წესად ჰქონდა, რომ უარი არაფერზე ეთქვა. თითქოს ყველაფერი უნდოდა - გადაიღებდა რომელიმე კერძს და მერე პირს არ აკარებდა. თან, სუფრასთან ჯდომის დროს, საჭმელს რამდენიმეჯერ გაგაცხელებინებდა, თუმცა, მაინც არ ჭამდა. ამით მორჩილებას გასწავლიდა, ღვაწლს იწირავდა და ილოცებოდა: ღმერთმა გიკურთხოთ მარჯვენა!
ჩვენთან ყოფნის დროს გაბრიელ ბერს ერთი განსაცდელის შესახებ ვესაუბრე, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში შეწუხებული და დამძიმებული ვიყავით მთელი ოჯახი და ვთხოვე, ელოცა ღვთის წინაშე, რათა უფალს გავეთავისუფლებინეთ მისგან. მან კი, ჩემი თხოვნის პასუხად, გაოცებულმა მკითხა: რატომ გინდა, რომ ღმერთმა განსაცდელი აგარიდოთ? თუმცა, როგორც ჩანს, მან მაინც ილოცა ჩვენთვის ღვთის წინაშე და ეს განსაცდელი მთლიანად არა, მაგრამ გარკვეული პერიოდით მაინც აგვცილდა, რაც დიდი შვება იყო ყოველი ჩვენგანისთვის.
მამა გაბრიელთან, მცხეთაში, ერთი ჩემი მეგობარი ნ. ს. დამყავდა ხოლმე, რომელიც ხშირად განიკითხავდა მას და ამბობდა, როგორ შეიძლება ბერმა ამდენი სასმელი დალიოს, ეს ხომ ლოთობაა და მეტი არაფერიო. ერთხელ, როდესაც მასთან ერთად მამა გაბრიელთან მივდიოდი, იგივე თემაზე მოგვიხდა შეკამათება და თითქმის მთელი გზა ვდაობდით. როცა ჩავედით სამთავროს მონასტერში, მამა გაბრიელმა ჩემი მეგობარი მაშინვე თავისთან იხმო და იქვე მდგარი ღვინის ბოთლის მიტანა დაავალა. შემდეგ მიუბრუნდა და მამაშვილური სიყვარულით უთხრა სახარებისეული სიტყვები: იცოდე, რაც პირში შედის, ის კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის.
ამ სიტყვების ნათელი დადასტურებაა ერთი ამბავი, რომელსაც ერთხელ მამა გაბრიელთან ყოფნის დროს შევესწარი. იგი, ჩვეულებისამებრ, სხვადასხვა თემებზე გვესაუბრებოდა. ერთი შეხედვით ნასვამ მდგომარეობაში იყო, ფეხზე დგომა უჭირდა და საუბრისას ენაც ებმოდა. ამ დროს ვიღაც უცნობი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და ჩვენს მახლობლად დადგა. მამა გაბრიელმა შეხედა თუ არა მას, ლაპარაკი შეწყვიტა, ფეხზე წამოდგა და უთხრა: წუხელ შენზე გამოცხადება მქონდა და უნდა გელაპარაკო. ამ დროს ყველამ შევნიშნეთ, რომ ის თვალის დახამხამებაში გამოფხიზლდა და ისე გამართულად დაუწყო უცნობს საუბარი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბერს, სულ რაღაც ხუთი წუთის წინ, ალკოჰოლის თუნდაც სულ ერთი წვეთი მაინც ქონდა მიღებული.
მე და ჩემს ახლობლებს ტრადიციად გვქონდა მცხეთაში წმინდა სალოცავების მოლოცვა და მამა გაბრიელის მონახულება, შემდეგ კი ბუნების წიაღში ტრაპეზი. პირველად ყოველთვის მამა გაბრიელთან მივდიოდით ხოლმე. რამდენიმე მეგობარს არ სჯეროდა მისი, რადგან სალოსობის საიდუმლოს ვერ წვდებოდნენ. აი, რა მოხდა: ერთხელ, სვეტიცხოვლის ტაძრის მოლოცვის შემდეგ გვინდოდა მამა გაბრიელთან სტუმრობა სამთავროს მონასტერში, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და აგდებულად თქვეს, ჯერ ბუნების წიაღში გავერთოთ და მერე, თუ მაინცდამაინც გინდათ, იქ ბოლოს შევიაროთო. ურთიერთობა რომ არ დაძაბულიყო, დავთანხმდით და არაგვზე წავედით, სადაც ცეცხლის დანთებას ვაპირებდით; სანამ მდინარესთან ჩავიდოდით, იქვე საქანელებზე გადავწყვიტეთ გართობა. მე და ჩემს დას გვეშინოდა. ვგრძნობდით, რომ რაღაც უსიამოვნება არ აგვცდებოდა. მართლაც, ერთ-ერთ "მოწინააღმდეგეს" საქანელა ჩამოუწყდა და გაქანებული ე.წ. "ნავი" თავში (საფეთქელთან ძალიან ახლოს) მოხვდა. ღვთის მადლით გადარჩა. მოგვიანებით კი, არაგვზე ჩასულებმა, აღმოვაჩინეთ, რომ სამწვადე ხორცი სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში დაგვრჩენოდა. რა თქმა უნდა, ბიჭებმა მაშინვე იქით მიაშურეს, მაგრამ პარკი გამოგლეჯილი და ცარიელი დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სამწვადით ძაღლებს "უქეიფიათ". ასე არ შედგა იმ დღეს ჩვენი გასეირნება, თუმცა ყველა დარწმუნდა, რომ ჯერ ბერთან უნდა მივსულიყავით. მას შემდეგ, მამა გაბრიელის მიმართ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა დადებითისკენ.
იყო ასეთი შემთხვევაც: მცხეთაში ორი მანქანით წავედით. ოთარ ნიკოლაიშვილი (მამა გაბრიელის უახლოესი სულიერი შვილი) და ჩემი და - ე. ცაიშვილი ცალკე წამოვიდნენ. გზაში ოთარი გაზის ბალონებს ეძებდა და ცოტა შეაგვიანდათ. როცა მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ჰკითხა: ოთარ, მამიტანე პრაფესორი? (ასე ეძახდა ღვინოს). ოთარმა მოუბოდიშა: მამაო, რაღაც საქმეები მქონდა და ვერ შევძელიო. მამა გაბრიელმა მიუგო: ჰო, მეც მთელი დღე ბალონებს ვეძებდიო. მერე გაეღიმა და გადააკეთა: არა, არა... ბანკებს ვეძებდიო. ასე გაგვაგებინა, რომ ჩვენი "საქმეები" მისთვის ყოველთვის ცხადი იყო.
ერთხელ, სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან ერთად, ტრაპეზს ვუსხედით; მე მამა გაბრიელის პირდაპირ ვიჯექი. უეცრად იგი სუფრიდან წამოდგა, სამჯერ გააკეთა დიდი მეტანია და უფალს მთელი გულით ევედრებოდა: ღმერთო, ამას ახადე და მე დამხადეო. არ ვიცი, იგი უფალს ჩემთვის თვალების ახელას სთხოვდა, თუ კიდევ სხვა რაიმე განსაცდელი მომელოდა და მან აიღო თავის თავზე.
ერთხელ, ჩემს უსინათლობასთან დაკავშირებით მითხრა: შენ უფალი აუცილებლად აგიხელს თვალებს ისე, რომ სათვალეც არ დაგჭირდება. იმიტომ ვერ ხედავ, რომ შენზე უფლის დიდება უნდა გამოცხადდესო; და, ამ სიტყვების შემდეგ, ციტატა მოიყვანა იოანეს სახარებიდან, სადაც უფალი შობითგან ბრმაზე ბრძანებდა: "არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა. [იოანე 9.3], თუმცა, ამ სასწაულს უფალი როდის ან რა გზით მოახდენს, არ უთქვამს.
ერთი ჩემი ახლობელი ა. კ., თავის მეგობართან ერთად, მამა გაბრიელთან იყო ჩასული. წამოსვლისას ბერმა მკაცრად გააფრთხილა, არსად წახვიდეთ, აქ დარჩითო. მის მეგობარს უთქვამს: წამოდი, მაგ ლოთს რას უსმენო. ჩემი ახლობელი კარგად იცნობდა მამა გაბრიელს და იმდენი ქნა, რომ წასვლა მაინც გადადო. რამდენიმე საათში შეიტყვეს, რომ იმ ადგილას, სადაც მათ უნდა გაევლოთ, სროლები ამტყდარა და ვიღაც მოუკლავთ.
ერთხელ, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავით, მისმა ნაცნობმა ქალბატონმა ერთი მეცნიერი მოიყვანა სტუმრად, იმის საჩვენებლად, თუ როგორი ბრძენი იყო ბერი. საიდან არ მიუდგნენ, რა არ სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მამა გაბრიელს მათთან საუბრისას "კი" და "არას" მეტი არაფერი უთქვამს. უმეტესად კი მორჩილი კრავივით უსმენდა მათ. სტუმრები ბოლოს მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ და წავიდნენ.
ეს ამბავი ახლობელმა მ. ჯ.-მ მიამბო: მამა გაბრიელთან ერთ მორწმუნეს სულიერად დაავადებული ქალი მიუყვანია. ამ ადამიანს, თურმე, მუდმივი გაუმაძღრობა სჭირდა, დანაყრებას ვერ გრძნობდა და დაუსრულებლად ჭამდა. მამა გაბრიელს ერთ-ერთი მონაზვნისთვის დაუვალებია, ხაბიზგინები გამოეცხო, რათა ამ ქალისათვის მიერთმია. როდესაც ხაბიზგინები მოიტანეს, ბერმა ყველა ამ ქალბატონს დაუდო წინ. ქალს, თურმე, ბოლოს აღარ შეეძლო და ორი ცალი დაუტოვებია. მამა გაბრიელმა ისინი თან გაატანა და უთხრა: რადგან შენ ვეღარ ჭამ, მონასტრის კარებთან ერთი გლახაკი დაგხვდება და მას მიეციო. მართლაც დახვედრია ქალს გლახაკი და მიუცია ხაბიზგინები. ამ ამბის შემდეგ ქალი სრულიად განკურნებულა ნაყროვანების ცოდვისგან; მაგრამ მცირე დროის შემდეგ მასთან ერთი ახლობელი მისულა, რომელსაც არ სჯეროდა მამა გაბრიელის და ულანძღია იგი, რის შემდეგაც ამ ქალს რწმენა დაუკარგავს და ისევ შეუპყრია ცოდვას.
სამთავროს მონასტერში ერთი უცნობი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. როდესაც მამა გაბრიელმა დაინახა, დაუწყო ხმამაღლა ყვირილი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. უცნობი ქალი კარგა ხანს მშვიდად და მორჩილად უსმენდა მას. ლანძღვის მერე მამა გაბრიელმა სითბოთი აღსავსე ხმით გადაულაპარაკა სხვას: ეს მონაზვნად გამოდგებაო.
გაბრიელ ბერი თავის კელიაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მაცხოვრის ხატთან ყოფილა გარინდებული, შემდეგ კი უთქვამს: უფალი მოდის, მთელი სამყარო ძრწის, მაგრამ ადამიანები ვერ ხვდებიან მატერიალური სამყაროს დასასრულის მოახლოებასო. მამა გაბრიელის ამ გამოცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ფიზიკური მატერია მართლაც გრძნობს დიადი ძალის მოახლოებას და ამიტომაც ძრწის. სამწუხაროა, რომ ამას უსულო საგნები გრძნობენ, ხოლო ცოცხალი გონიერი არსებები - ვერა.
ბერი ხანდახან ანტიქრისტეზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა: მისი მოსვლის დრო ისე ახლოს არის, რომ იგი უკვე კარზე აკაკუნებსო. როდესაც უფრო დაწვრილებით დავეკითხე, მაინც როდის იქნება მისი მოსვლა მეთქი, პასუხის გაცემაზე უარი მითხრა - რომ გითხრა, შეგეშინდებაო. საუბრის დასაწყისში დამპირდა, რომ ანტიქრისტეზე წიგნს მაჩუქებდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მამა გაბრიელისგან სახსოვრად რაიმე მქონოდა და, როგორც კი გულში გავიფიქრე, ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა-მეთქი, მან მაშინვე შემაწყვეტინა საუბარი, წამოდგა და მითხრა: ეხლა წიგნი უნდა მოგიძებნო, მერე რომ არ დამავიწყდესო.
ერთხელ, ჩემს სემინარიელ მეგობრებთან ერთად, მამა გაბრიელთან, კელიაში ვიყავით. ის კვლავ ანტიქრისტეს პერიოდზე გვესაუბრებოდა და გვარიგებდა. ჩვენ ჩავეკითხეთ, თუ როგორ შეძლებდა ხალხი ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას. მან გვიპასუხა: ბოლოჟამს მორწმუნეები ტყეებში იცხოვრებთ. მე ვერ მოვესწრები იმ დროს. თქვენ ერთად უნდა იყოთ და არაფრის გეშინოდეთ. თქვენ სემინარიის სტუდენტები ხართ და რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა? ღმერთმა ებრაელი ერი ორმოცი წელი ატარა უდაბნოში, სადაც შიმშილით და წყურვილით არავინ წარწყმედილა. ღმერთს თქვენთვის უკვე ადგილებიც კი გამზადებული აქვს ტყეებში. განა, ღმერთი დაღუპავს იმას, ვინც მისთვის თავს სდებს?! შემდეგ გამოსაცდელად გვკითხა: აი, ანტიქრისტე მოდის და ვინ გაუძლებს? კელიაში სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენგანმა უთხრა, ღვთის შეწევნით გავუძლებთო. გაუხარდა: ხედავთ, რა კარგად სთქვა, ღვთის შეწევნითო?! (ეს ბოლო ორი სიტყვა ხმამაღლა და გამოკვეთილად წარმოთქვა).
სხვა დროს მამა გაბრიელი გვასწავლიდა: როდესაც ეშმაკს ახსენებთ, ის იმ წუთასვე მოდის. ამიტომ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, რომ ვერ მოგეკაროთო. ერის კაცს, რამდენიმე ეშმაკი ებრძვის, ხოლო ბერს ლეგიონიო. ბერთან, კელიაში, ჩვენთან ერთად სხვა მორწმუნეებიც იყვნენ ხოლმე. ერთხელ, ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ რაღაც ნივთი დაკარგვოდა. მთელ ოთახში ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კელია იმდენად პატარა იყო, ჩვენ ძლივს ვეტეოდით, მამა გაბრიელმა მაშინვე მიუთითა დაკარგული ნივთის ადგილსამყოფელზე, არადა, ნივთი ისეთ ადგილას ეგდო, რომ მისი დანახვა ყოვლად შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ, კელიიდან, მამა გაბრიელთან ერთად, ტაძარში ჩავედით. იგი იქვე ხის სკამზე ჩამოჯდა და ამბობდა: დიდი მანქანა მოდის, კარები გააღეთო. არავინ დაუჯერა. ნახევარ საათში დიდი სატვირთო მანქანა მოადგა ეზოს კარებს.
ყოფილა შემთხვევა, როცა სამთავროს მონასტერში ვაპირებდით ჩასვლას და ამის შესახებ მამა გაბრიელს წინასწარ ხმამაღლა ხალხში უთქვამს. დაუსახელებია ყველას ვინაობა, ჩემი ჩათვლით, ვინც მასთან უნდა მივსულიყავით.
გაბრიელ ბერის გარდაცვალების შემდეგაც, ყოველთვის დიდ შემწეობას და თანადგომას ვგრძნობთ მისი მხრიდან. ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხანე ხმით მეუბნებოდა: რატომ არ აცლი უფალს, ბოლომდე გამოგრწვთნას და რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას? ჯერ ნუ სთხოვ უფალს მორჩენას, დააცადე! როდესაც გავიღვიძე, ვილოცე და უფალს და მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ ეს სიზმარი ღვთისგან იყო, მაშინ რაიმე ნიშანი მოეცათ, სიზმრის შესახებ კი არავისთვის მითქვამს. შემდეგ, მცირე ხნით ოთახიდან გავედი. ოთახში დაბრუნებულს კი იმხანად ჩვენთან სტუმრად მყოფმა ოჯახის ახლობელმა ლ. ს.-მ მითხრა: მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი (რომელიც მისივე ხელით გაკეთებულ ჩარჩოში იყო ჩასმული) შენს საწოლთან კედელზე დავკიდეო. მივხვდი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო და ვკითხე, ამის სურვილი რატომ გაგიჩნდა-მეთქი (ჩვენ მაშინ ხატები კარადის თავზე გვქონდა მოთავსებული). მან კი მიპასუხა: მინდოდა ხატები მტვრისგან გამეწმინდა და ტილოს ასაღებად ოთახის მეორე კუთხისკენ წავედი. ამ დროს გვერდიდან დავინახე, კარადიდან რაღაც ელვასავით წამოვიდა შენი საწოლისკენ. თავიდან ისე შემეშინდა, გახედვაც არ მინდოდა. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვნახე, რომ მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი ლოგინზე თავისით გადმობრძანებულიყო, თან სწორად იყო კედელზე მიყრდნობილი. მივხვდი, რომ ამით ხატმა მანიშნა, თუ სად უნდა დამეკიდა იგიო. არადა, კარადიდან ჩემს საწოლამდე საკმაო მანძილია და ჩამოვარდნის შემთხვევაში ის აუცილებლად ძირს დაეცემოდა. ამის შემდეგ მას "მფრინავი ხატი" შევარქვით. ეს ხატი, მცხეთაში ერთ-ერთი სტუმრობისას, მოულოდნელად მაჩუქა მამა გაბრიელმა: რომ დაგვინახა, დაგვლოცა და გვითხრა, ერთი წუთით დამელოდეთო. შემდეგ კელიიდან ეს ხატი გამოაბრძანა, ხელებში ჩამიდო და მითხრა, შენ გქონდესო. ეტყობა, წინასწარ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ სიწმინდით გაძლიერება დამჭირდებოდა.
კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მახსენდება: ძილის წინ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვილოცე. იმ ღამესვე დამესიზმრა მამა გაბრიელი, თითქოს ჩემი სახლის ეზოში ვიდექით. მას ხელში ქვა ეჭირა, რომელიც შორს უნდოდა გადაეგდო, მაგრამ სულ ახლოს ვარდებოდა. მომიბრუნდა და მითხრა: ქვა რომ შორს არ ვარდება, ეს მარტო ჩემი ბრალია, რადგან ხელს კარგად არ ვიქნევ. იგივე შენც გეხება: თუ ხელს გაანძრევ, ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებაო. ეტყობა, ის ჩემგან უფრო მეტ ღვაწლს და ჭეშმარიტ ქრისტიანად ჩამოყალიბებას ითხოვდა, რაც კურნების მიზეზიც გახდებოდა. ნიშანდობლივია, რომ მე იგი ცხოვრებაში ვიზუალურად არ მინახავს და ამ სიზმრის შემდეგ, როდესაც მისი გარეგნობა აღვწერე, ზუსტად დაემთხვა.
რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჟურნალისტმა ლ. ც.-მ მთხოვა, მათი გაზეთისთვის მომეთხრო ჩემი მოგონებები მამა გაბრიელზე, თუმცა შემდეგ კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ვფიქრობდი, ალბათ ღვთის ნება არ არის-მეთქი. თან იმგვარი აზრიც მიყალიბდებოდა, რომ თითქოს ჯერ მთავარი სათქმელი არ მქონდა მოფიქრებული და ინტერვიუც ამიტომ ყოვნდებოდა. როგორც კი მივხვდი ამ სათქმელს, მყისიერად გონებაში ვიღაცამ მიკარნახა, ხვალ ეს შეხვედრა შედგებაო. სწორედ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, მამა გაბრიელისადმი ვლოცულობდი სკვნილზე. შეხვედრა, მართლაც, მეორე დღეს შედგა. ჩემი მთავარი სათქმელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას, ეროვნული ფულის კუპიურებზე ქართველი წმინდანები რომ არიან გამოსახულნი. ეს ყოვლად დაუშვებელია. ზოგჯერ ფულს სამოსლის უკანა ჯიბეში ვინახავთ, რის გამოც ხშირად წმინდანთა გამოსახულებებზე ვსხდებით. გარდა ამისა, ფულს ათასგვარ უბედურებასა და სიბინძურეში ვიყენებთ. მამა გაბრიელი ამბობდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წმინდანის ფულზე გამოსახვა. ამისთვის მთელი ერი აგებს პასუხს ღვთის წინაშეო.
როგორც მე, ასევე ჩემს მრავალ ახლობელს, მამა გაბრიელის საფლავზე მდებარე კანდელიდან წამოღებული წმინდა ზეთის ცხებით მრავალი შეწევნა მიგვიღია. ერთხელ, საშინელი კბილის ტკივილი მაწუხებდა და წმინდა ზეთი ვიცხე თუ არა, მაშინვე დამიამდა. ჩემს მეგობარს ლ. ს.-ს კი კანზე გამონაყარი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, ამ ზეთის ცხებისთანავე გაუქრა. გარდა ამისა, იგი სულიერადაც საშინელ მდგომარეობაში იყო: ხშირად საკუთარი დასაფლავების პროცესია და კუბო ცხადად ელანდებოდა, რაც, სავარაუდოდ, სახლში ნაპოვნი მრავალნაირი ჯადოთი და ეკლესიური ცხოვრების შეწყვეტით იყო გამოწვეული. ამგვარი სულიერი მდგომარეობა მისთვის იმდენად აუტანელი გახდა, რომ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. როდესაც მან თავისი მდგომარეობის შესახებ მიამბო, ერთი წმინდა მამის სიტყვები შევახსენე: თუ ადამიანი წმინდა მამის საფლავთან სამჯერ გააკეთებს დიდ მეტანიას და შესთხოვს ბოროტისაგან განთავისუფლებას, იგი გაიხსნება ყოველგვარი უკეთური ძალისგან. ვურჩიე, მამა გაბრიელის საფლავზე წასულიყო. ასეც მოიქცა და მერე მიამბობდა, პირველივე მეტანიაზე, თავი რომ მიწას შევახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დენმა დამარტყა და მთელ სხეულში გაიარაო. ამ დღის შემდეგ მთლიანად გავთავისუფლდი სულიერი პრობლემებისგანო.
ერთ ჩემს მეგობარს გ. ა.-ს ყურის ბიბილოზე სიმსივნე გაუჩნდა და ვერცერთმა ექიმმა და ვერანაირმა სამკურნალო პრეპარატმა ვერ მოურჩინა. იგი თავადაც ექიმი იყო. უეცრად მამა გაბრიელის ზეთი გახსენებია და ყურზე უცხია. პირველი წასმის შემდეგ მკვრივი წარმონაქმნი დარბილებულა, მეორედ - დაშლა დაუწყია, მესამე ცხებისას კი სრულიად გამქრალა.
ერთხელ მე და ჩემი და მეგობარ და-ძმასთან გ. გ.-სა და ნ. გ.-სთან ვიყავით მოსანახულებლად. მათ დედა ჰყავდათ ძალიან ცუდად და ისე დაემთხვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს კომაში ჩავარდა. უეცრად მეც და ჩემს დასაც ერთდროულად გაგვიჩნდა სურვილი, რომ მომაკვდავისთვის გულზე მამა გაბრიელის სურათი დაგვედო. ასეც მოვიქეცით. ათიოდე წუთის შემდეგ ავადმყოფს მომჯობინება დაეტყო. ჯერ სრულად არ იყო გონს მოსული, რომ შვილს ჰკითხა: "გულზე რა წამისვით? რა კარგად ვარ, როგორ მსიამოვნებსო". შვილმა უპასუხა: არაფერი წაგვისვამს, უბრალოდ მამა გაბრიელის სურათი დაგადეთო. ქალს ცნობიერება თანდათან უბრუნდებოდა. რამდენიმე ხანში, ღვთის წყალობით და მამა გაბრიელის დახმარებით, ავადმყოფი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა.
რამდენიმე წლის წინ სოფ. ბერშვეთში ვისვენებდით ნათესავებთან. ერთ ღამეს ჩემს დას მამა გაბრიელი ესიზმრა, რომელიც იმ სახლის შემოსასვლელთან კუთხეში იდგა, ხელში ჩამწვარი სანთლები ეჭირა და ჩემს დას მკაცრად ეუბნებოდა, ეს სანთლები აქედან მოაშორეთო. ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს სიზმარი - სანთელი ხომ ერთ-ერთი საეკლესიო სიწმინდეა. როდესაც ეს სიზმარი იქაურ მეზობელს ვუამბეთ, მან გვითხრა: სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით, აქ თქვენი ახლობელი ქალი რომ ცხოვრობდა მცირე ხნით, ის მკითხაობდა სანთლებითო. მან მიგვიყვანა სახლის სწორედ იმ კუთხეში, სადაც სიზმარში მამა გაბრიელმა მიგვანიშნა. კედლის მოფარებულ ადგილას ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ჩამწვარი სანთლების ნაკვალევი. კედელი გავწმინდეთ. ასე დაგვიცვა მამა გაბრიელმა უკეთური ძალისგან.
ერთხელ, მეგობარმა დ. კ.-მ სტუმრად თავისი ახლობელი ავადმყოფი გოგონა მომიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. იგი მამა გაბრიელის ნაწოლ ტახტზე დავსვით და ამ წმინდა ბერის ნაქონი სკვნილი დავკიდეთ გულზე. რამდენიმე წუთში მან თქვა: ძალიან დავწყნარდი, ჩემში სიმშვიდე და ნათელი შემოვიდაო. ეს სკვნილი ზოგჯერ თაფლის და ზეთის კეთილსურნელებას აფრქვევს. ანალოგიურ სურნელებას გამოსცემდა მამა გაბრიელის საფლავის მიწა, რომელიც სახლში მქონდა მოტანილი. ზოგჯერ ეს იმ ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3