მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა. ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა.
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში არის ის, ვინც გვეუბნება: "მე ვარ ცხოვრება" (იოან.14,6). მან მკვდრეთით მყოფმა, კვლავ განაცოცხლა მკვდარი.
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".