
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: საშინელი სამსჯამრო
თუკი საპყრობილეში შესულნი, ერთს ჭუჭყში ვხედავთ, მეორეს რკინის ბორკილებით შეკრულს, მესამეს უკუნეთში მყოფს, შევიძრებით, ძრწოლაში მოვდივართ და ყოველ ღონეს ვხმარობთ, იგივე უბედურებასა და მწუხარებაში არ ჩავვარდეთ, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მაშინ, როდესაც შეკრულნი გეენიის სატანჯველში წარვიგზავნებით? ის საკრველნი რკინის არ არის, არამედ ცეცხლოვანია, არასოდეს ქვრება და ჩვენივე მსგავსნი კი არ განგვკარგავენ, რომელთა მოლბობა ხშირად შეიძლება, არამედ საზარელი და ულმობელი ანგელოზები, რომელთა შეხედვაც შეუძლებელია, ისინი ჩვენი საქმეებით ღმერთის შეურაცხყოფის გამო ძლიერი მრისხანებით განგვირისხდებიან. იქ ისე არ არის, როგორც აქ, შეუძლებელია ერთის კეთილგანწყობა ვერცხლით მოიპოვო, მეორესი საჭმლით, სხვების პიმოთნე სიტყვებით და შემსუბუქება მიიღო, იქ არავითარი შენდობა არ არის. ნოემ, იობმა და დანიელმა თავიანთი ახლობლები სატანჯველში რომ იხილონ, წარდგომას და მათთვის დახმარების ხელის გაწოდებას ვერ გაბედავენ. მაშინ ბუნებრივი თანაგრძნობა აღმოიფხვრება, რამეთუ ცოდვილი შვილების მართალი მშობლები და ცოდვილი მშობლების კეთილი შვილები წარმოჩნდებიან, - რამეთუ ბოროტება ბუნებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ნებიდან, - მათი სიხარული წმინდა რომ იყოს და თანაგრძნობამ სიკეთეებით მოხარულთა ნეტარება არ დაარღვიოს, ის მაშინ გაქრება, ასე რომ ისინი თავიანთ სისხლისმიერ ცოდვილებზე უფალთან ერთად არშფოთდებიან. თუკი ზოგიერთები, თავის უღირს შვილებს განიშორებენ და მათს მსობლობაზე უარს ამბობენ, მით უმეტეს ეს იმ სამსჯავროზე მოხდება. ამგვარად, ნურავის კარგის იმედი ნუ ექნება თუკი კარგი არაფერი ჩაუდენია, თუნდაც წინაპრები მართლები ჰყავდეს. "მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი", ამბობს მოციქული. შევისმინოთ და გულისხმავყოთ, გაფრთხილებთ, თუკი ცოდვიანი წადილის ცეცხლი შემოგენთება, იქაური ტანჯვის ცეცხლი წარმოიდგინე და შენი ცეცხლი ჩაქრება. თუკი რაიმე უჯეროს თქმა გსურს, კბილთა ღრჭენა წარმოიდგინე და შიში აღვირად გექმნება. თუკი ვინმესთვის რაიმეს მოპარვას განიზრახავ, მსაჯულის სიტყვები გაიხსენე: "შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა გარესკნელსა" (მთ.22,13) და ამ განზრახვას დაუტევებ. თუკი სასტიკი და უწყალო ხარ, ის ქალწულები მოიგონე, რომელთაც ზეთი მოაკლდათ, ლამპრები ჩაუქრათ, რის გამოც საქორწინე პალატი მიეღოთ და მყისვე კაცთმოყვარე გახდები. თუკი ტკბობა და ფუფუნება მოგესურვება, მდიდარს უსმინე, რომელიც ამბობს: "მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი და განმიგრილოს ენაი ჩემი", მაგრამ საწადელს ვერ ეწია (ლკ.16,24) და ამ წყურვილს მყისვე განიშორებ. სხვა ვნებებიც ასევე შეგიძლია დიმორჩილო. ღმერთი არაფერს სამძიმოს გვთხოვს. რატომ გვეჩვენება მისი მცნებები მძიმე? ჩვენივე დაუდევრობით. როგორც გულმოდგინების შემთხვევაში, მძიმეც ადვილად და მოსახერხებლად გვეჩვენება, ასევეა დაუდევრობის შემთხვევაში, ადვილიც გვეძნელება. ყოველივე ამის წარმოდგენით, ნეტარად იმათ ნუ მივიჩნევთ, ვინც ფუფუნებაში ცხოვრობს, არამედ მათი აღსასრული წარმოვიდგინოთ. აქ საზრუნავი და შრომა აქვთ, იქ კი განუხრელი ბორკილები და უკუნი წყვდიადი ელით. ასევე - დიდების მოყვარულნიც, მაგრამ ვნახოთ როგორია მათი აღსასრული: აქ მონობა და თვალთმაქცობა, იქ კი უდიდესი ტანჯვა და მუდმივი ცეცხლით წვა. თუკი საკუთარ თავთან ამგვარად ვიზრახავთ, და ამას და ამის მსგავს შეგონებებს წამხდარი სურვილების შემთხვევაში მუდმივად გავიმეორებთ, ცოდვებს მალე განვესორებით და სათნოებას აღვასრულებთ. ამჟამინდელი სიკეთეებისადმი სიყვარულს ჩავაცხრობთ და მას მომავალი სიკეთეების მიმართ აღვინთებთ.