ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განკითხვა, გული, ენა
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველ კაცს დაიწუნებს, ყოველ საქმეს გაამტყუნებს, ანუ, როგორც იაკობ მოციქული გვასწავლის: მცირე არს ენა და დიდად მაღლოის: ნუ დაივიწყებთ, რა დიდი ცოდვაა ავად ხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი".