ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მონაზვნობა, სრულყოფილება, სტუმართმოყვარეობა
699. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებს მასპინძლობდა, წერილი გაუგზავნა იმავე ბერს და ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა თუ არა მისთვის, რომ ეს სოფელი საერთოდ მიეტოვებინა და მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. როდესაც ბერმა პასუხში მისწერა, რომ ამ სოფლის მიტოვება სტუმართმოყვარეობას აღემატება, მას ეგონა, ამით მას მცნება მისცეს, რის გამოც ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გადაწყვიტა ამიერიდან არაფერი აღარ ეკითხა მამებისათვის. შეიცნო რა ეს სულით, ბერმა ბრძანა შემდეგი პასუხი მიეწერათ მისთვის.
უპირველეს ყოვლისა, შენს სიყვარულს უფლის მიერ მივესალმებით და გთხოვთ, ყველანაირი სევდიანი აზრები გვერდზე გადადე და სიხარულით და ღვთის შიშით წაიკითხე და გაიაზრე ის, რაც ადრე, წინა წერილში მოგწერეთ. ჩვენ მცნებად არ დაგვიდია ის, ვისწავლეთ რა ეს მოციქულისაგან, რომელიც ამბობს: "არა რაითა საფრხე დაგიგო თქუენ" (1 კორ. 7, 35), არამედ, თქვენთვის ორივე საქმის სარგებლის განსხვავებაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენ ყველამ უკვე მოვისმინეთ. მაცხოვარმა სახარებაში თქვა, რაც რჯულშია დაწერილი: "არა იმრუშო, არა კაც ჰკლა“, და სხვ; ხოლო შემდეგ, როდესაც ჭაბუკმა ჰკითხა: "ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაიღა მაკლს მე?" - სრულყოფილების თაობაზე უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი" (მათე 19, 18) და სხვ; რაც შენ იცი. მაგრამ სიკეთის მოძულე ყოველთვის უკან დაგვყვება და ხელს გვიშლის ყველანაირ კეთილ საქმეში. დაინახა რა მან, რომ თქვენ სასარგებლო რჩევა მოგწერეს, მანამდეც, სანამ წერილის შინაარსს გაიაზრებდით, თითქმის მოახერხა თქვენი აზრების შეშფოთება. საკვირველია, როგორ აბნელებს და იტაცებს ბოროტი ადამიანის აზრებს, რათა მან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღოს, ან საკუთარ თავს ჰკითხოს, თუ რატომ შფოთავს. მაშინ ის ეტყოდა თავის თავს: "რად მწუხარე ხარ სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე ავუარო მას“, და ა.შ. (ფსალ. 41, 6). ამას იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანს ეგონოს, თითქოს, ასე რომ წმიდანებს დაეწერათ, მაშინ დაწერილი დაეხმარებოდა მას და არ ჩააგდებდა შფოთსა და განსაცდელში. მაგრამ ფხიზლად მყოფს ახსენდება, თუ როგორ შეცბუნდნენ მოციქულები ურწმუნოების გამო, როდესაც თავის მეუფე და მაცხოვარი, ქრისტე დაინახეს; რამეთუ მან განუცხადა მათ ეს და უთხრა: "რაისა შეძრწუნებულ ხართ, და რაისათვის გულისსიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?“ (ლუკა 24, 38) და მისი სიტყვების შემდეგ, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენც ასევე, უკეთუ წერილს დამშვიდებული გულით წავიკითხავთ და მივხვდებით, რომ წერილში ნათქვამის თანახმად ასეული და სამოცეული ნაყოფის გამოღება არ შეგვიძლია, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში მესამედი მაინც შევძლოთ, - ანუ ოცდაათეული (მათე 13, 23 და მარკ. 4, 20). ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ წერილმა ყველა შემთხვევაში სარგებელი მოგვიტანა; ხოლო თუ არ შეგვიძლია სრულყოფილებისაკენ ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ის მაინც ვისწავლოთ, რომ სტუმარ-მასპინძლობის საქმით არ ვიამაყოთ, თითქოსდა რაღც დიად საქმეს აღვასრულებთ, მით უმეტეს დავინახეთ, რომ ძალები არ გვეყო სრულყოფილებისაკენ ნაბიჯის გადასადგმელად. პირველი წერილით ჩვენ ის საქმე კი არ უარვყავით, რომელსაც ახლა ასრულებთ, არამედ, გირჩიეთ ის, რომ უფრო დიდ საქმეს შეუდგეთ, ხოლო თუ იმავე საქმეს გააგრძელებთ, რაშიც ახლა ვარჯიშობთ, - რომ ის მდაბალი აზრებით აღასრულოთ, ნუ გაგიკვირდებათ განსაცდელები. ჩვენ გვაქვს მცნება: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). ერთხელ ერთმა ძმამ რომელიღაც წმინდა მამას ჰკითხა: „ჩემო მამაო, დაძინებამდე ბევრს ვლოცულობ და პირჯვარს ვიწერ და იმ ღამეს სიძვის ცდუნება მებრძვის, ხოლო თუ არ ვლოცულობ და პირჯვარს არ გამოვისახავ, მაშინ ცდუნებაც თავს მანებებს. რას ნიშნავს ეს?“ ბერმა მას ასე უპასუხა: „დემონები ცბიერად გექცევიან ასე, რათა ლოცვას და ჯვრის ნიშანს მოგწყვიტონ, რადგან იციან, რომ ადამიანი მათგან შეწევნას ღებულობს“. ასევე მამებს თუ ჰკითხავ რამეს და დემონები მათი პასუხით დროებით შეგაშფოთებენ, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო მათი გამოკითხვა. მამები მძიმეს და საზიანოს არაფერს გვინიშნავენ, რამეთუ ისინი მისი მოწაფენი არიან, ვინც თქვა: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11, 30). მათგან სასარგებლო ნაყოფს შემდგომში მივიღებთ და მაშინ ვიღაღადებთ მეფსალმუნესთან ერთად: „მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა“, და ა. შ. (ფსალ. 29, 12).