თემა: მორჩილება,  წუწუნი


დრტვინვის მწარე ნაყოფი.

ღირს ირაკლის ჰყავდა მოწაფე, რომელიც სხვებზე მეტად იყო შემკული მორჩილების სათნოებით. ერთხელ ის ბერს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. ირაკლი დაეთანხმა და როდესაც მისთვის განცალკევებული სენაკი მოამზადეს, თავის მოწაფეს, როგორც მასწავლებელმა უთხრა:
    -შვილო, აღასრულე ჩემი ანდერძი: როდესაც მოგშივდება - შეჭამე; როდესაც მოგწყურდება - დალიე; როცა ძილი მოგერევა - დაიძინე; ოღონდ ნუ გამოხვალ სენაკიდან შაბათამდეც კი; აი, მაშინ მომინახულე.
    ახალგაზრდა ბერმა 2 დღე სიხარულით აღასრულა ბერის ბრძანება, მაგრამ მესამე დღეს მოიწყინა და მასწავლებლის მკაცრ აკრძალვებზე წუწუნი დაიწყო. მან იგალობა (თუმცა, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა) საღამოს კანონი და მზის ჩასვლისთანავე დასაძინებლად წავიდა. და რა იხილა? მის სარეცელზე ვიღაც შავი და ბოროტი იწვა და კბილებს უღრჭიალებდა. შეშინებული ბერი უგონოდ გამოვარდა სენაკიდან, ბერთან მიირბინა და კარზე დააკაკუნა.
    -შემიბრალე, აბბა! - ყვიროდა ის, - შემიბრალე აბბა!
    მაგრამ ბერმა სულით განჭვრიტა მისი დრტვინვა, რომელიც, უეჭველია, პირველი ნაბიჯი იყო აღთქმის აღსასრულებლად და სენაკის კარი დილამდე არ გაუღო. როდესაც ბოლოს და ბოლოს ის სენაკში შეუშვა, ათრთოლებულმა მოწაფემ წამოიძახა:
    -მამაო! დასაძინებლად წასვლის წინ ჩემს სარეცელზე ურჩხული დავინახე; სიკვდილამდე მისი შიში მექნება!
    -ეს იმიტომ მოხდა, - უთხრა ირაკლიმ, - რომ შენ, შვილო ჩემო, დრტვინავდი და ამით აღთქმის დარღვევისკენ მიისწრაფოდი. ეს შავი, ბოროტი სული გაშინებს, მაგრამ მისგან არსებობს დაცვა - ჯვარი და ლოცვა. ვაი შენდა, თუ შენს გულს უკანონო ზრახვები (უფრო მეტიც - საქმეები!) დაეპატრონებიან! მაშინ თვით შენს შინაგანში, შენს სინდისში აღმოაჩენ უფრო საშინელ ურჩხულს, რომელიც კბილებს გიღრჭიალებს: ის გშთანთქავს, დაგწვავს და დაიღუპები.
    ღირსმა ირაკლიმ ახალგაზრდა მეუდაბნოე მსგავსი სიტყვებით განსწავლა და გარკვეული დროის შემდეგ აღკვეცა. სულ მალე იგი მოსწავლიდან მასწავლებლად იქცა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები