თემა: ეშმაკი,  მარხვა


ნაყროვანება - სიბილწეთა დედა.

არსენ გარეჯელი დიდი მოღვაწე მამა იყო - ხან ორ დღეში ერთხელ იხმევდა პურს, ხანაც ხუთი დღის გამოშვებით. ამიტომაც სამი ეშმაკი დაუცხრომლად ებრძოდა, მაგრამ ღირს მამას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასოება ჰქონდა და შიმშილს ითმენდა. ერთ დღეს, ტრაპეზის ჟამს, ერთმა ძმათაგანმა პური სთხოვა; არსენმა მოუტეხა.
    "გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც უჭმელობა მიძევს წინ, რას მიზამს პურის ეს მცირე ნატეხი?" - გაიფიქრა უნებლიეთ და უმალვე გონს მოეგო; მიხვდა, რომ ეს ამაო ფიქრი ეშმაკისგან იყო. პური აიღო, გარეთ გავიდა და ძაღლს მიუგო, თვითონ კი კლდის ნაპრალში შევიდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა:
    -ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო! როგორ არ გრცხვენია, ძაღლიც კი გჯობს, რამეთუ მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი სიმცირისთვის წუხხარ! ამისთვის, ბოროტო მუცელო, არც დღეს მოგცემ საჭმელს, არც ხვალ, რომ ქრისტეს მადლით წესიერება გასწავლო!
    ღირსმა მამამ ის დღეც და მომდევნოც მშიერმა გაატარა. მერე კი, როცა კვლავ იხილა ის სამი ეშმაკი, ერთს, მათგან უპირატესს, კვერთხი დაჰკრა და ქრისტეს სახელით განაგდო. ამის შემდეგ ის დემონი აღარ სჩვენებია, დანარჩენი ორი კი მაინც ებრძოდა, მაგრამ დაუძლურებულიყვნენ და ქრისტეს ახოვან მხედარს ვეღარას ვნებდნენ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები