თემა: მტერობა,  მრისხანება


როგორ აქციო მტერი მოყვრად.

ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი სავსებით განმარტოებული მეუდაბნოე ბერი, რომელსაც რწმენისა და სათნოებისთვის ხალხი პატივს მიაგებდა. მას ყველა ღვთისმოსავს ეძახდა და მასთან კურთხევისთვის მიდიოდა.
    როდესაც ხმა ამ მოსაგრის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტად გავრცელდა და შორეული მხარეებიდან დაიწყეს მასთან მოსვლა, სწორედ ამ დროს ეგვიპტეში მოვიდა ღირსი პიმენი და თავისთვის განცალკევებული სავანე დააარსა. უეცრად ხალხის დიდი ნაწილი მისკენ გაეშურა და წმიდა პიმენის სენაკი მუდამ ხალხით იყო სავსე. ბერი გაბრაზდა მოსულზე, შეშურდა მისი და ყველა მის საქციელს ცუდი მხრიდან განმარტავდა. წმიდა პიმენმა მალე შეიტყო ამის შესახებ.
    -ძმანო ჩემნო! - უთხრა მან თავის მოწაფეებს, - როგორ მოვიქცეთ ამ სავალალო და დაუფიქრებელ ხალხთან, რომლებმაც დატოვეს ესოდენ წმიდა მამა და მოდიან ჩვენთან, რომლებიც არაფრად ვღირვართ? როგორ დავაცხროთ დიდი მამის მრისხანება? წავიდეთ და შევევედროთ მას, იქნებ შეგვიწყნაროს.
    როგორც თქვა, ღვთის კაცი ასევე მოიქცა. ისინი მივიდნენ მწუხარებისგან გულდამძიმებულ ბერთან და კარზე დააკაკუნეს.
    -ვინ არის? - იკითხა მეუდაბნოეს მოწაფემ.
    -უთხარი შენს ბერს, - უპასუხა ღვთივსათნო მოსაგრემ, - რომ პიმენი მოვიდა თავის ძმებთან ერთად ლოცვა-კურთხევის მისაღებად.
    როგორც კი ბერმა მისთვის ესოდენ აუტანელი სახელი მოისმინა, ბრაზისგან აღენთო.
    -უთხარით პიმენს, - წამოიძახა მან მრისხანებით, - რომ დრო არ მაქვს მისთვის და მისი ძმებისთვის.
    -არ წავალთ აქედან, - მიუგეს ერთხმად პიმენმა და მისმა ძმებმა, - არ მოვცილდებით სენაკს, სანამ წმიდა მამის კურთხევის ღირსნი არ გავხდებით...
    ისინი სენაკის კართან დარჩნენ.
    ბოლოს ბერმა დაინახა მორჩილების თავმდაბლობა და მორჩილება, გული მოულბა, კარები გაუხსნა მათ, ამბორით მიიღო ძმები და სიყვარულით ესაუბრა.
    -მართლაც, არა მხოლოდ სიმართლეა ყოველივე, - უთხრა მეუდაბნოემ მოსულთ, - რაც აქამდე მსმენია თქვენს შესახებ, არამედ მხედავ, რომ თქვენში კიდევ უფრო მეტი დაფარული სათნოებაა...
    და ამ დროიდან ბერი ღირსი პიმენის მეგობარი და თანამოსაუბრე გახდა.
    ქრისტიანებო! თუკი შეამჩნევთ, რომ ვინმე მრისხანებს თქვენზე, ყოველნაირად ეცადეთ, გული მოულბოთ მას და მთელი თქვენი საქციელი ისე წარმართეთ, თითქოს არაფერი იცოდეთ მისი თქვენდამი არაკეთილგანწყობის შესახებ; მაშინ მტერი თქვენგან ყოველგვარი შეხსენების გარეშე მიხვდება თავის უსამართლობას და შეგიყვარებთ. ხოლო თუკი მტრობისთვის მტრობითვე მიაგებთ, მაშინ ეს არაკეთილმოსურნე სულ მალე თქვენი მტერი გახდება
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები