სხვა მოძღვარი - ღვთის მსჯავრი - სასჯელი
 

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი,  ერესი,  მართლმადიდებლობა,  ქრისტიანობა,  ლოცვა

ღვთის მრისხანე მსჯავრი მწვალებელზე.

უკეთურმა მწვალებელმა არიოზმა დაიწყო სწავლება, რომ უფალი იესო ქრისტე არის მხოლოდ პირველი და უსრულყოფილესი ქმნილება ღვთისა და არა თვით ღმერთი. მაშინ წმინდა მამებმა განიკითხეს იგი ამისათვის და განკვეთეს ეკლესიის ერთობისაგან. ყველასაგან მოძაგებულმა არიოზმა არ იცოდა, რა ეღონა. და აი, ბოროტმა სულმა ჩააგონა მას, თავი ჭეშმარიტ მორწმუნედ მოეჩვენებინა და იმპერატორ კონსტანტინე დიდისათვის ეთხოვა, რათა მას ებრძანებინა და კვლავ მიეღოთ ეკლესიის ერთობაში. მშვიდობისმოყვარე ხელმწიფე დაეთანხმა მას, მითუმეტეს, რომ კონსტანტინეს შეკითხვაზე - თუ გწამს ისე, როგორც ეკლესიის მამებმა დაადგინეს ნიკეის კრებაზეო, ურცხვად მოატყუა იგი და გულზე მჯიღის ცემით მიუგო:
    -დიახ, მეფეო, ასე მწამს!..
    ამ დროს მას მკერდზე, სამოსის ქვეშ დამალული ჰქონდა ქარტია, რომელზეც მისი ცრუ, მწვალებლური სწავლება იყო დაწერილი. იმპერატორმა დაუჯერა მას და დათანხმდა, დახმარებოდა არიოზს, მაგრამ უფალმა, რომელიც „არა შეურაცხ-იქმნების, რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“ (გალატ. 6, 7), არ დააყოვნა ერეტიკოსის დასჯა. ხელმწიფის ბრძანება, ვითომცდა მონანული არიოზის კვლავ ეკლესიის ერთობაში მიღებაზე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსს, წმინდა ალექსანდრეს უნდა შეესრულებინა. და აი, არიოზის ეკლესიაში მიღების წინადღით, მღვდელმთავარი ალექსანდრე, რომელმაც კარგად უწყოდა არიოზის სიჯიუტე და მზაკვრული ხასიათი, მთელი ღამის განმავლობაში ევედრა უფალს, არ დაეშვა ეკლესიის უბოროტესი მტრის შემოჭრა ეკლესიის ერთობაში. უფალმაც შეისმინა მისი მხურვალე ლოცვა-ვედრება. დილით თავისი მწვალებელი თანამზრახველებით გარშემორტყმული არიოზი ზარზეიმით გაემართა ეკლესიისაკენ, რათა იქ იუდას მუხანათური ამბორით მიეღო წმინდა ზიარება, მაგრამ გზაში ანაზდად მუცლის საშინელი ტკივილი იგრძნო და მიწაზე დაეცა. იგიც, უფლის გამცემ იუდას მსგავსად, განსქდა და მთელი მისი შიგნეულობა გარეთ გადმოიყარა. ასეთი საშინელი და სამარცხვინო სიკვდილით დაისაჯა მწვალებელი არიოზი.
image
 
თემატური კითხვები
აქტუალური თემები