ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: ანგარება, სიმდიდრე, საშინელი სამსჯამრო
არაფერია ანგარებაზე საშიში; ათასი კლიტე და ბოქლომი რომც დაადო შენს საცავებს, ამაოდ გაირჯები, თუკი შენში სიხარბეა ჩაბუდებული, ეს უბოროტესი ყაჩაღი, რომელსაც ყველაფრის წართმევა ძალუძს. მაშ, მრავალს იტყვი შენ, ვინც ანგარებითაა შეპყრობილი, მსგავსი რატომ არაფერი ემართება? აუცილებლად დაემართება, თუმცა, შესაძლოა, ეს ერთბაშად არ მოხდეს; და თუ ახლა ამას თავს დააღწევენ, მით უფრო დიდი საშინელება მოელით შემდგომ, ისინი უფრო მეტად დაისჯებიან. თანაც, ისინი თვითონ აირიდებენ ახლა ამას, მათი შთამომავლები მოიწევენ მათგან დამსახურებულს. მაგრამ, იკითხავ შენ, განა ეს სამართლიანია? დიახ, სამართლიანია. ვინც მემკვიდრეობა მიიღო, რომელიც უმართებულოდაა მოპოვებული, თუმც კი თავად არ მიუტაცებია, მაგრამ ფლობს სხვის საკუთრებას, კარგად იცის ეს და ამიტომ სამართლიანად შეიძლება დაზარალდეს. რამეთუ, შენ რომ რაიმე აგეღო მძარცველისაგან, ხოლო გაძარცვული შენთან მოსულიყო და თავისი საკუთრება მოეთხოვა, განა შეძლებდი თავის გამართლებას იმით, რომ შენ არ გაგიძაცვავს იგი? სრულიადაც არა. მითხარი, რას უპასუხებდი ბრალდების საწინააღმდეგოდ? რომ სხვამ მოსტაცა? თუმცა შენ ფლობ; რომ სხვამ წაართვა? თუმცა შენ მოიხმარ. ეს ცნობილია გარეგანი კანონებითაც, რომელნიც, არ ეხებიან რა მძარცველებსა და ქურდებს, გვიბრძანებენ ვაზღვევინოთ იმათ, ვისაც ვუპოვით ჩვენს საკუთრებას. ამრიგად, თუ შენ იცნობ დაჩაგრულთ, დაასაჩუქრე ისინი და ისე მოიქეცი, როგორც ზაქე, რომელმაც გაცილებით მეტი დააბრუნა; და თუ არ იცნობ, მაშინ მე სხვა გზას გასწავლი და კურნების გარეშე არ დაგტოვებ; ყველაფერი გლახაკებს დაურიგე და ამგვარად გამოასწორებ ჩადენილ ბოროტებას. თუკი მავანმა ასეთი ქონება შვილებსა და შვილიშვილებს გადასცა, ის ერთის ნაცვლად მეორე ბოროტებას შეეყრება. ქონებისგან ადამიანები ერთნაირად განიძარცვებიან, მაგრამ ზოგნი შეიმოსებიან ცოდვებით, რომელნიც ამ ქონებით მოიპოვეს. რას ვიზამთ იმ დღეს, როცა განძარცვულნი და ქონებისგან განთავისუფლებულნი წარვდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე, და როცა არავინ იქნება ჩვენი დამცველი? რას ეტყვი მსაჯულს? ახლა შენ შეგიძლია ადამიანთა სამსჯავრო მოატყუო, მაგრამ მაშინ ეს სამსჯავრო აღარ იარსებებს; ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ახლაც არ შეგიძლია; რამეთუ ახლაც ის სამსჯავრო მოქმედებს თავისი ძალით.