სხვა მოძღვარი - სიმდიდრე
image

თემა: სიმდიდრე,  სიძუნწე,  მომხვეჭელობა,  ღვთის მსჯავრი სასჯელი

მოთხრობა თანამედროვე ცხოვრებიდან

მომხვეჭელობის ვნება, სიხარბე მხოლოდ მდიდრებს არ ახასიათებთ. ეს ვნება – მიზეზია სხვისი ქონების მითვისებისა უკეთური საშუალებებით, მიზეზი ობოლთა ცრემლისა, რასაც ხედავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და არ ტოვებს შურისგების გარეშე.
    მოსკოვში ცხოვრობდა ჩვეულებრივი ოჯახი, უბრალო, მაგრამ კარგად უზრუნველყოფილი ადამიანები: მშობლები და სამი ბავშვი – და და ორი ძმა. საუბედუროდ, სიხარბე და სიძუნწე ამ ოჯახში ყველას თვისება იყო. არც არავის ასესხებდნენ, არც მოწყალებას გასცემდნენ. ახლობლისა თუ უცხოს დახმარებას ყველანაირი საშუალებით თავს არიდებდნენ.
    ბავშვები გაიზარდნენ, შექმნეს თავიანთი ოჯახები, ძმები ცოლებთან ჩასახლდნენ, მაგრამ ჩაწერილები კვლავაც თავის მშობლებთან იყვნენ. მშობლები გარდაიცვალნენ და სამოთახიან ბინაში დარჩა და ეკატერინა ქმარსა და 9 წლის ქალიშვილთან ერთად.
    მაგრამ მოხდა უბედურება – ერთი წლის განმავლობაში ეკატერინაც და მისი ქმარიც გარდაიცვალნენ. ღვიძლმა ბიძებმა ბევრი ფიქრის გარეშე ობოლი დისშვილი ბავშვთა სახლში ჩააბარეს და დაივიწყეს, ხოლო ბინა ორ ბინაზე გადაცვალეს თავისი საყვარელი შვილებისათვის.
    ცნობილი არ არის, როგორ წარიმართა გოგონას ცხოვრება – ღმერთმა, ცხადია, არ დაივიწყა იგი. სამაგიეროდ მისი ბიძის, ნიკოლაის ბედს არავინ ინატრებდა. მთელ თავის ძალებს, სულიერსა და ხორციელს ნიკოლაი ფულის მოპოვებას ახმარდა, ფული კი სერიოჟენკაზე იხარჯებოდა, ოჯახის პატარა კერპზე, რომელსაც მშობლები ისე ანებივრებდნენ და დაჰფოფინებდნენ, რომ გადაწყვიტეს სხვა შვილები არ ეყოლიათ, რათა მას არაფერი მოჰკლებოდა.
    სერგეი, რაღა თქმა უნდა ეგოისტი და ხარბი გაიზარდა, მაგრამ მამა თვითონაც ასეთი იყო და ეს თვისებები შვილის ნაკლად კი არა, ღირსებად მიაჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ მამასა და შვილს შორის ერთი არსებითი განსხვავება მაინც იყო: ნიკოლაი თუმც კი ძუნწი, მაგრამ ამასთან – შრომისმოყვარეც იყო, ხოლო სერგეი ძუნწი და უქნარა გაიზარდა.
    ცნობილია ხალხური სიბრძნე – ღმერთი დიდხანს ითმენს, მაგრამ მკაცრად სჯის. უბედურება ნიკოლაის ოჯახსაც ეწვია. იგი ადრე დაქვრივდა, შემდეგ ორი ოპერაციაც გადაიტანა – ორივე ფეხი მოჰკვეთეს. დარჩა უქნარა ვაჟიშვილის ამარა, რომელიც თვითონ არ მუშაობდა, და ინვალიდი მამის ხარჯზე ცხოვრობდა. დარჩა უფულოდ, უმეგობროდ, ობოლი დისშვილისათვის წართმეულ ბინაში. სხვისი ქონება არც მას და არც მის შვილს არ შეერგო.
    ღმერთო, შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი! წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ქრისტეს სამსჯავროს წინაშე. "რითი ვიმართლებთ თავს, – გვასწავლის წმ. ბასილი დიდი – როდესაც ჩვენ მიერ დაჩაგრულნი წარდგებიან და ჩვენს გამო შეჰღაღადებენ სამართლიან მსაჯულს? რომელ დამცველებს დავიქირავებთ? რომელ მოწმეებს მოვიყვანთ? როგორ დავარწმუნებთ მიუკერძოებელ მსჯავრმდებელს?
    გავიხსენოთ ქრისტეს მეორე, დიდებით მოსვლა, როდესაც სიკეთის მქმნელნი აღდგებიან მარადიული ცხოვრებისათვის, ხოლო ავისმქმნელნი კი სამსჯავროსათვის; გავიხსენოთ და ვაქციოთ სიმდიდრე ჩვენს შემამკობლად. ვირწმუნოთ ზეციური მოძღვარი, ვინც ჩვენი გულისათვის ღატაკად იქცა, დაე, გავმდიდრდეთ მისი სიღატაკით; უცილობლად აღვასრულოთ ნაბრძანები, რათა გავხდეთ მემკვიდრენი მარადიული ცხოვრებისა თავად იესო ქრისტეს მიერ, რომლისაა დიდება და მეუფება უკუნითი უკუნისამდე". ამინ.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები