
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საშინელი სამსჯამრო
ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანიოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ–ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სინიდისი ჩვენი ხშირად შეკრულ არის და დაბნელებული ამ ქვეყანაზედ, გარნა იმ საშინელ დღეს კაცსა ცოდვილსა მოესპობა ყოველი თავის გასამართლებელი მიზეზი და ყოველი ნუგეში. რითღა გაიმართლებს მაშინ თავსა თვისსა კაცი წარწყმედილი? რით დააჩუმებს სინიდისსა თვისსა? აღარ დარჩა დრო მინანიებისა; მან გაიგონა უკანასკნელი განჩინება იგი, იქმნა რა განყოფილ მართალთაგან და დადგინებულ შორის წარწყმედულთა. სინიდისი მისი, განთავისუფლებული ყოველთა ცბიერთა და ცრუთა ჰაზრთა და მიზეზთაგან, იწყებს ტანჯვასა და ქენჯნასა მისსა უწყალოდ. ყოველნი მისნი სიტყვანი და საქმენი ამ ქვეყნისანი, ვითარცა ლაშქარნი უწყალონი, წინა დაუდგებიან მას და იწყებენ შეძრწუნებასა და შემუსვრასა მისსა. ამღვრეულნი და გაშტერებულნი შიშით და ურვით, მაშინ იწყებენ ცოდვილნი ყვედრებასა და მოძაგებასა თავისა თვისისა. მაშინ მოგაგონდება შენ, ძმაო, ყოველი შენი ბოროტება თვითოეულად: რაოდენი ჟამი დაჰკარგე შენ უქმად და უნაყოფოდ სულისა შენისათვის! რაოდენი მადლი და ნიჭი ღვთისა გააუქმე შენ ცოდვათა და უსჯულოებათა შინა! რაოდენგზის ღმერთმან მოგცა შენ შემთხვევა მონანებისა და მოქცევისა, გარნა შენ უგულებელ ჰყავ იგი, გარნა შენ დაჰშთი ყრუ და ბრმა ყოველთვის. რასა ვფიქრობდი მე უბედური? ეტყვი შენ მაშინ გოდებით და ტირილით თავსა შენსა. ვის ვემსახურებოდი მე? გარნა ამაოდ იქმნება მაშინ ყოველი შენი კვნესა და გოდება, ამაოდ აღიპყრობ ხელთა შენთა. გათავდა ჟამი მონანებისა; მოისპო დრო შეწყალებისა და მოწყალებისა; თქმულ არს საშინელი იგი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა“ (მათე 25. 41). მაშინ აღსრულდება შენზედა წინასწარ თქმული უფლისა მიერ: „აჰა ესერა მოვლენ დღენი, რომელთა შინა იწყონ სიტყვად მთათა, დამეცენინ ჩვენზედა ბორცვთა, დამფარენით ჩვენ“. კაცი ცოდვილი, მიმავალი ჯოჯოხეთად, დასწყევლის მაშინ დღესა შობისა თვისისა; იგი ისურვებს, როგორმე მოსპოს და განაქარვოს თავი თვისი, გარნა ამაოდ იურვოს იგი: უმაღლესმან სიმართლემან და მართლმსაჯულებამან ღვთისამან მიაგო მას მსგავსად საქმეთა მისთა და ვინ წინააღუდგების განჩინებასა მისსა.