ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
აწ განვიზრახოთ მოკლედ, თუ რაისთვის უმეტესი აქვს ფასი სარწმუნოებასა ჩვენსა, ვიდრე სარწმუნოებასა მათსა, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ მაცხოვარსა. სარწმუნოებასა ჩვენსა, ძმანო ქრისტიანენო, მისთვის აქვს უმეტესი ფასი, რომელ იგი პირველად გაჩნდება გულსა შინა ჩვენსა და გულისაგან გამოვა გარეშე სიტყვათა და საქმეთა შინა ჩვენთა. ხოლო სარწმუნოება თანამედროვეთა მაცხოვრისათა, რომელნი ხედვიდენ მას თვალითა თვისითა, გაუჩნდებოდა ხედვისაგან და მერმე შევიდოდა გულსა შინა მათსა. ადვილი იყო მათთვის რწმენა, ოდეს იგინი ხედვიდნენ თვალითა თვისითა დიდთა სასწაულთა: ბრმისა განკურნებასა, განრღვეულისა განმტკიცებასა, მკვდრის აღდგომასა; არა ძნელ იყო რწმენა მაცხოვრისა მათთვის, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ საღმრთოსა მისსა სახესა, ყურითა თვისითა ისმენდნენ ზეციურსა ხმასა, პირისა მისისაგან მიიღებდნენ დარიგებასა; საკმაო იყო, ზოგჯერ, ერთი მხოლოდ შეხედვა მისისა ღვთაებრივისა სახისა, რომ ეთქვა კაცს: სწორედ იგი არს ძე ღვთისა. ხოლო, აწ ჩვენ ვართ მოკლებულ ამათ ყოველთა, ჩვენ მხოლოდ წიგნთაგან შევიტყობთ მისთა სიტყვათა და ჰაზრთა; ამისთვისცა სარწმუნოება ჩვენი მოითხოვს ჩვენგან უმეტესსა გულსმოდგინებასა და მხნეობასა.