
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღვაწლი
ვითარცა ქრისტემან განატარა ცხოვრება თვისი დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწეობასა შინა, ეგრეცა ჩვენც ვცდილობდეთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწეობითა და მოთმინებითა. უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ თუ ვინმემ თავი თვისი დაზოგა შრომისა და მოღვაწეობისაგან, თუ ვინმე ამ ქვეყანაზედ დაემალა ყოველსა ღვაწლსა, ჭირსა და განსაცდელსა, და ნაცვლად შრომისა და მოღვაწეობისა, იწყო ძებნა ლხინისა და განცხრომისა, იგი წარსწყმედს სულსა თვისსა. იგი არა თუ მომავალსა საუკუნესა დაჰკრაგავს, არამედ აქაც გააფუჭებს და წარწყმედს თავის სულსა, ვინაიდან ამ ქვეყანაშიაც შრომა და მოღვაწეობა გაამტკიცებს და გაანათლებს კაცის სულსა, გარნა სიზარმაცე და განცხრომა – წაახდენს. კაცი, რომელი არ ზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომასა და მოღვაწეობასა, არ მოეფერება თვის დაცემულ ბუნებასა, არამედ წარწყმედს, ესე იგი დასთრგუნავს, მოსპობს ხორციელსა ზრახვაას და გემოვნებასა, იგი ამით აცხონებს სულსა თვისსა.