ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ზიარება
არ იფიქროთ, რომ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ ზიარებისათვის. ამისათვის მაქსიმალურად უნდა მოვიხმოთ ძალები. საჭიროა დავიწყოთ „მდაბლად, შეგნებით იმისა, რომ ყოვლად ცოდვილნი ვართ“, როგორც ამას ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოჩვენებითი ღირსება განდევნის ღვთიურ მადლს, ვითარცა კვამლი დევნის ფუტკარს. რაში მდგომარეობს საიდუმლოს აღსრულებისათვის მზადება? ყური უგდეთ, რას გვიბრძანებს საეკლესიო განჩინება: „როცა სურს ვინმეს ზიარება ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან, მან მთელი შვიდეული – ორშაბათიდან კვირამდე უნდა დაიცვას მარხვით, ლოცვით, სიფხიზლით და მაშინ შიშითა და დიდი მოწიწებით მიიღებს წმინდა საიდუმლოს“. მრავალი თქვენგანი უძლურებისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, რომელთაგან ზოგი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ვერ მარხულობს მთელი კვირის მანძილზე, მაგრამ ორი–სამი დღე ხომ მაინც უნდა შეინახონ მარხვა. ზიარების წინა დღეს, საღამოს ლოცვაზე დასწრება სავალდებულოა. შუაღამის შემდეგ არც ჭამა შეიძლება და არც დალევა, თვით სამკურნალო საშუალებებისა და ნაკურთხი წყლისაც კი. თუ ვინმე თამბაქოს წევის ვნებითაა შეპყრობილი, ნუ იკადრებს ბაგეთა შებილწვას სიგარეტით.