ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ზიარება
ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება მადლმოსილია. ეს არის შედეგი უფალთან ურთიერთობისა, ხოლო ამ ურთიერთობის ყველაზე ცხოველი საშუალება არის ზიარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცთან: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ“, თქვა უფალმა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6. 51, 56, 57).
ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარება ეს არის მადლმოსილი წყარო ჩვენი სულიერი ცხოვრების დაცვისა და გაძლიერებისა. ამიტომაც, ქრისტიანობის დასაბამიდანვე, კეთილზნეობის ჭეშმარიტმა მოშურნეებმა უპირველეს სიკეთედ დაადგინეს ხშირი ზიარება. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, უფალი არის სიცოცხლის წყარო, რომელიც აცოცხლებს მაზირებლებს, მაგრამ იმავდროულად იგია ცეცხლი, შთანმთქმელი თავქარიანობისა და უგულისყურობისა. ზიარების ღირსეულად მიმღები იგემებს სიცოცხლეს, ხოლო უღირსად მიმღებელი – სიკვდილს. თუცა ეს სიკვდილი ხშირად არა ჩანს ხილულად, მაგრამ უხილავად მოქმედებს კაცის სულსა და გონზე.