ავტორი:
არქიეპისკოპოსი პავლე
თემა:
ეკლესია
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა (მაცხოვრის აღთქმის აღსრულება), აგრეთვე, ისტორიული ფაქტია. ამ წუთიდან მიემადლა ეკლესიას „ზეგარდამო მადლი“ და „სული ჭეშმარიტებისა“ – „აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაი მამისა ჩემისაი ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით“ (ლუკა 24, 49). ამის საფუძველზე გვწამს და გვჯერა, რომ მოგვიანებით გაჩენილ ეკლესიებსა და თემებში, მათი სარწმუნოებისაებრ, დასადგურებულია მადლი სული წმიდისა, მაგრამ ისეთი სისავსით გარდამოსვლა მადლისა, როგორც ეს უკვე მოხდა ერთხელ, ისტორიულად, სულიწმიდის გადმოსვლისას, აღარ ხდება. სულიწმიდის გარდამოსვლის სადღესასწაულო ტროპარში ასეთი სიტყვებია: „კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა“.
„ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა“ – ასეთი იყო მაცხოვრის აღთქმა (იოანე 16, 13). მხოლოდ ამ აღთქმულის აღსრულების მომენტიდან უწოდებს ცხოველი ღმერთის ეკლესიას მოციქული: „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი“ (I ტიმ. 3, 15).
|