ადამიანი, და საერთოდ, ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
შეეწიე გაჭირვებულს, თუ გსურს, ღმერთი შენც შეგეწიოს, მიანიჭე მოყვასს დროებითი სიხარული, თუ გსურს მარადიული ნეტარების ღირსი გახდე, გაუნაწილე ქვეყნიური სიკეთე სხვებს, თუ გინდა რომ ზეციურ მადლს ეზიარო.
სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს, როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია.
ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
"რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.