ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
ქვეყნად სიკეთისა და სიწმიდის აქტიური გამოვლინება თავისი სულიერი ნათების გამო ყოველთვის ბოროტების გაღიზიანებას იწვევს: რაც არ უნდა უწყინარი და ჩუმი იყოს ღვთის ეს მადლი, სიძულვილი ბოროტების მხრიდან მაინც იზრდება.
ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; "ჩემია შურისგება" - ბრძანებს იგი.
ღმერთი არის სათავე და მიზეზი ყოვლისა, წყარო სიცოცხლისა სადაც ცხრება ვნებები, წყნარდება შეურიგებელი, დაპირისპირებული ენერგიები, რადგან შემოქმედისაგან ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.
ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასათვის აუცილებელია.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.
ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ამას კი ვერ შევძლებთ, ღმერთთან კავშირი თუ არ გვექნა. ის, თუ რამდენად შორს (ან ახლოს) ვიქნებით მისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაცხოვარი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან.
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა.
ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარჩენი ყველაფერი, - სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული.