ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
სიყვარული პატიოსნების გარეშე არ არსებობს, და პატიოსნება უსიყვარულოდ ობლის ხვედრს იტანს; ოჯახის შექმნას კი ერთიც სჭირდება და მეორეც, სიყვარულიცა და პატიოსნებაც.
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან.
ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (I კორ. 10,23).
თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
სახარებაში მაცხოვარი რამდენჯერმე ბრძანებს: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოანე 13,34), რაც ამ სიტყვების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.