მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.
პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს.
ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
სიყვარული პატიოსნების გარეშე არ არსებობს, და პატიოსნება უსიყვარულოდ ობლის ხვედრს იტანს; ოჯახის შექმნას კი ერთიც სჭირდება და მეორეც, სიყვარულიცა და პატიოსნებაც.
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (I კორ. 10,23).