მოგონებები მამა გაბრიელზე - ციტატები, გამონათქვამები
მოგონებები მამა გაბრიელზე - ციტატები, გამონათქვამები მოგონებები მამა გაბრიელზე, წიგნი, ციტატები
ფულზე წმინდანების გამოსახვის შესახებ
რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჟურნალისტმა ლ. ც.-მ მთხოვა, მათი გაზეთისთვის მომეთხრო ჩემი მოგონებები მამა გაბრიელზე, თუმცა შემდეგ კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ვფიქრობდი, ალბათ ღვთის ნება არ არის-მეთქი. თან იმგვარი აზრიც მიყალიბდებოდა, რომ თითქოს ჯერ მთავარი სათქმელი არ მქონდა მოფიქრებული და ინტერვიუც ამიტომ ყოვნდებოდა. როგორც კი მივხვდი ამ სათქმელს, მყისიერად გონებაში ვიღაცამ მიკარნახა, ხვალ ეს შეხვედრა შედგებაო. სწორედ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, მამა გაბრიელისადმი ვლოცულობდი სკვნილზე. შეხვედრა, მართლაც, მეორე დღეს შედგა. ჩემი მთავარი სათქმელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას, ეროვნული ფულის კუპიურებზე ქართველი წმინდანები რომ არიან გამოსახულნი. ეს ყოვლად დაუშვებელია. ზოგჯერ ფულს სამოსლის უკანა ჯიბეში ვინახავთ, რის გამოც ხშირად წმინდანთა გამოსახულებებზე ვსხდებით. გარდა ამისა, ფულს ათასგვარ უბედურებასა და სიბინძურეში ვიყენებთ. მამა გაბრიელი ამბობდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წმინდანის ფულზე გამოსახვა. ამისთვის მთელი ერი აგებს პასუხს ღვთის წინაშეო.
სკვნილით განკურნებული შეპყრობილი
ერთხელ, მეგობარმა დ. კ.-მ სტუმრად თავისი ახლობელი ავადმყოფი გოგონა მომიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. იგი მამა გაბრიელის ნაწოლ ტახტზე დავსვით და ამ წმინდა ბერის ნაქონი სკვნილი დავკიდეთ გულზე. რამდენიმე წუთში მან თქვა: ძალიან დავწყნარდი, ჩემში სიმშვიდე და ნათელი შემოვიდაო. ეს სკვნილი ზოგჯერ თაფლის და ზეთის კეთილსურნელებას აფრქვევს. ანალოგიურ სურნელებას გამოსცემდა მამა გაბრიელის საფლავის მიწა, რომელიც სახლში მქონდა მოტანილი. ზოგჯერ ეს იმდენად მძაფრად იგრძნობოდა, რომ მთხვევის დროს მეუფლებოდა განცდა, თითქოს მიწა კი არა, დაშაქრებული თაფლი მედო ხელისგულზე.
ეს სანთლები აქედან მოაშორეთო
რამდენიმე წლის წინ სოფ. ბერშვეთში ვისვენებდით ნათესავებთან. ერთ ღამეს ჩემს დას მამა გაბრიელი ესიზმრა, რომელიც იმ სახლის შემოსასვლელთან კუთხეში იდგა, ხელში ჩამწვარი სანთლები ეჭირა და ჩემს დას მკაცრად ეუბნებოდა, ეს სანთლები აქედან მოაშორეთო. ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს სიზმარი - სანთელი ხომ ერთ-ერთი საეკლესიო სიწმინდეა. როდესაც ეს სიზმარი იქაურ მეზობელს ვუამბეთ, მან გვითხრა: სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით, აქ თქვენი ახლობელი ქალი რომ ცხოვრობდა მცირე ხნით, ის მკითხაობდა სანთლებითო. მან მიგვიყვანა სახლის სწორედ იმ კუთხეში, სადაც სიზმარში მამა გაბრიელმა მიგვანიშნა. კედლის მოფარებულ ადგილას ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ჩამწვარი სანთლების ნაკვალევი. კედელი გავწმინდეთ. ასე დაგვიცვა მამა გაბრიელმა უკეთური ძალისგან.
თემა: სასწაულები, მკითხაობაავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე
ავადმყოფი, რომელიც მამა გაბრიელის სურათით განიკურნა
ერთხელ მე და ჩემი და მეგობარ და-ძმასთან გ. გ.-სა და ნ. გ.-სთან ვიყავით მოსანახულებლად. მათ დედა ჰყავდათ ძალიან ცუდად და ისე დაემთხვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს კომაში ჩავარდა. უეცრად მეც და ჩემს დასაც ერთდროულად გაგვიჩნდა სურვილი, რომ მომაკვდავისთვის გულზე მამა გაბრიელის სურათი დაგვედო. ასეც მოვიქეცით. ათიოდე წუთის შემდეგ ავადმყოფს მომჯობინება დაეტყო. ჯერ სრულად არ იყო გონს მოსული, რომ შვილს ჰკითხა: "გულზე რა წამისვით? რა კარგად ვარ, როგორ მსიამოვნებსო". შვილმა უპასუხა: არაფერი წაგვისვამს, უბრალოდ მამა გაბრიელის სურათი დაგადეთო. ქალს ცნობიერება თანდათან უბრუნდებოდა. რამდენიმე ხანში, ღვთის წყალობით და მამა გაბრიელის დახმარებით, ავადმყოფი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა.
თემა: ავადმყოფობა, სნეულება, სასწაულებიავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე
მესამედ ცხებისას სრულიად განიკურნა
ერთ ჩემს მეგობარს გ. ა.-ს ყურის ბიბილოზე სიმსივნე გაუჩნდა და ვერცერთმა ექიმმა და ვერანაირმა სამკურნალო პრეპარატმა ვერ მოურჩინა. იგი თავადაც ექიმი იყო. უეცრად მამა გაბრიელის ზეთი გახსენებია და ყურზე უცხია. პირველი წასმის შემდეგ მკვრივი წარმონაქმნი დარბილებულა, მეორედ - დაშლა დაუწყია, მესამე ცხებისას კი სრულიად გამქრალა.
თემა: სასწაულები, ავადმყოფობა, სნეულებაავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე
მუხლდრეკის შემდგომ განკურნებული სასოწარკვეთილი
ერთხელ, საშინელი კბილის ტკივილი მაწუხებდა და წმინდა ზეთი ვიცხე თუ არა, მაშინვე დამიამდა. ჩემს მეგობარს ლ. ს.-ს კი კანზე გამონაყარი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, ამ ზეთის ცხებისთანავე გაუქრა. გარდა ამისა, იგი სულიერადაც საშინელ მდგომარეობაში იყო: ხშირად საკუთარი დასაფლავების პროცესია და კუბო ცხადად ელანდებოდა, რაც, სავარაუდოდ, სახლში ნაპოვნი მრავალნაირი ჯადოთი და ეკლესიური ცხოვრების შეწყვეტით იყო გამოწვეული. ამგვარი სულიერი მდგომარეობა მისთვის იმდენად აუტანელი გახდა, რომ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. როდესაც მან თავისი მდგომარეობის შესახებ მიამბო, ერთი წმინდა მამის სიტყვები შევახსენე: თუ ადამიანი წმინდა მამის საფლავთან სამჯერ გააკეთებს დიდ მეტანიას და შესთხოვს ბოროტისაგან განთავისუფლებას, იგი გაიხსნება ყოველგვარი უკეთური ძალისგან. ვურჩიე, მამა გაბრიელის საფლავზე წასულიყო. ასეც მოიქცა და მერე მიამბობდა, პირველივე მეტანიაზე, თავი რომ მიწას შევახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დენმა დამარტყა და მთელ სხეულში გაიარაო. ამ დღის შემდეგ მთლიანად გავთავისუფლდი სულიერი პრობლემებისგანო.
რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას?
ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხანე ხმით მეუბნებოდა: რატომ არ აცლი უფალს, ბოლომდე გამოგრწვთნას და რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას? ჯერ ნუ სთხოვ უფალს მორჩენას, დააცადე! როდესაც გავიღვიძე, ვილოცე და უფალს და მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ ეს სიზმარი ღვთისგან იყო, მაშინ რაიმე ნიშანი მოეცათ, სიზმრის შესახებ კი არავისთვის მითქვამს. შემდეგ, მცირე ხნით ოთახიდან გავედი. ოთახში დაბრუნებულს კი იმხანად ჩვენთან სტუმრად მყოფმა ოჯახის ახლობელმა ლ. ს.-მ მითხრა: მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი (რომელიც მისივე ხელით გაკეთებულ ჩარჩოში იყო ჩასმული) შენს საწოლთან კედელზე დავკიდეო. მივხვდი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო და ვკითხე, ამის სურვილი რატომ გაგიჩნდა-მეთქი (ჩვენ მაშინ ხატები კარადის თავზე გვქონდა მოთავსებული). მან კი მიპასუხა: მინდოდა ხატები მტვრისგან გამეწმინდა და ტილოს ასაღებად ოთახის მეორე კუთხისკენ წავედი. ამ დროს გვერდიდან დავინახე, კარადიდან რაღაც ელვასავით წამოვიდა შენი საწოლისკენ. თავიდან ისე შემეშინდა, გახედვაც არ მინდოდა. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვნახე, რომ მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი ლოგინზე თავისით გადმობრძანებულიყო, თან სწორად იყო კედელზე მიყრდნობილი. მივხვდი, რომ ამით ხატმა მანიშნა, თუ სად უნდა დამეკიდა იგიო. არადა, კარადიდან ჩემს საწოლამდე საკმაო მანძილია და ჩამოვარდნის შემთხვევაში ის აუცილებლად ძირს დაეცემოდა. ამის შემდეგ მას "მფრინავი ხატი" შევარქვით. ეს ხატი, მცხეთაში ერთ-ერთი სტუმრობისას, მოულოდნელად მაჩუქა მამა გაბრიელმა: რომ დაგვინახა, დაგვლოცა და გვითხრა, ერთი წუთით დამელოდეთო. შემდეგ კელიიდან ეს ხატი გამოაბრძანა, ხელებში ჩამიდო და მითხრა, შენ გქონდესო. ეტყობა, წინასწარ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ სიწმინდით გაძლიერება დამჭირდებოდა
თემა: სასწაულები, ხატი, განსაცდელებიავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე
მამა გაბრიელმა დაკარგული ნივთი აპოვნინა
ბერთან, კელიაში, ჩვენთან ერთად სხვა მორწმუნეებიც იყვნენ ხოლმე. ერთხელ, ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ რაღაც ნივთი დაკარგვოდა. მთელ ოთახში ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კელია იმდენად პატარა იყო, ჩვენ ძლივს ვეტეოდით, მამა გაბრიელმა მაშინვე მიუთითა დაკარგული ნივთის ადგილსამყოფელზე, არადა, ნივთი ისეთ ადგილას ეგდო, რომ მისი დანახვა ყოვლად შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ, კელიიდან, მამა გაბრიელთან ერთად, ტაძარში ჩავედით. იგი იქვე ხის სკამზე ჩამოჯდა და ამბობდა: დიდი მანქანა მოდის, კარები გააღეთო. არავინ დაუჯერა. ნახევარ საათში დიდი სატვირთო მანქანა მოადგა ეზოს კარებს.
იწინასწარმეტყველა, ვინ და ვინ მივდიოდით მასთან
ყვავილით განკურნებული მუცლის ტკივილი
ერთხანს მუცლის საშინელი ტკივილი მტანჯავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მუშტს მირტყამდა მუცლის არეში. სწორედ იმ პერიოდში გაბრიელ ბერის საფლავზე მოვხვდი. ჩემმა დამ საფლავიდან ერთი ყვავილი მოწყვიტა და პირში ჩამიდო, გადაყლაპეო. მეც დავემორჩილე და სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი უძლიერესი დარტყმა მუცელში, ხოლო მას შემდეგ ტკივილი საერთოდ გამიქრა.
თემა: სასწაულები, ავადმყოფობა, სნეულებაავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე