ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ოჯახი ღვთის დადგენილი კურთხეული საიდუმლოა, მცირე სახელმწიფოა თავისი კანონებით, უფლებებით, კულტურით, განათლებითა და მსოფლმხედველობით. მეტად მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მეუღლეთა შორის, მშობლებსა და ბავშვებს შორის.
ქმარი თავია ოჯახისა, შეურყეველი ავტორიტეტი, იმედი და საყრდენი როგორც ცოლის, ისე შვილებისათვის. "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს... ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს" (ეფესელთა V,25,28), - წერს პავლე მოციქული.
ქალი უპირველეს ყოვლისა დედაა, ევაა - ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისათვის. რაოდენ დიდი სითბოს, სინათლისა და მყუდროების შეტანა შეუძლია სახლში ქმრის დამჯერ, ერთგულ და სათნო მეუღლეს. "დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს... უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალ-სასყიდლისათა ეგევითარი იგი" (იგავნი 31,10), - გვასწავლის მეფე სოლომონი.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...
რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შესცვლის.
ღმერთი ყოველთვის დროულად გვიწვდის ხელს
გადახედე შენს ცხოვრებას. დაუკვირდი, როგორ ჩაიარა. გაიხსენე ღმრთისმშობლისა და მისი უტკბილესი ძისა და ჩვენი მაცხოვრის მრავალი ქველისმოქმედება და ამგვარად განსაცდელებში მოთმინებით აღიჭურვე. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ყოველთვის დროულად ხელს გვიწვდის, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. როგორც კი ვუხმობთ, ესმის, მაგრამ ისე არ მოქმედებს, როგორც ჩვენს ჭკუას ჰგონია. ფიქრობ, რომ შენმა ხმამ იმწუთას არ მიაღწია წმიდანებს, ღმერთს, ღმრთისმშობელს, მაგრამ ასე არ არის. სანამ დაუძახებდი, წმიდანები დიონისეს დასახმარებლად გაიქცნენ, რადგან იცოდნენ, რომ მოუხმობდი და მფარველობას შესთხოვდი.
ძილისაგან აღდგომილმა ყოველმა ქრისტიანმა ხატების წინ უფლის ლოცვა უნდა წაიკითხოს: "მამაო ჩვენო" - სამჯერ, ყოვლადწმიდა სამების სახელზე, შემდეგ ღვთისმშობლის სადიდებელი, "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" - ასევე სამჯერ და ბოლოს მრწამსი, "მწამს ერთი ღმერთი" - ერთგზის. "აღნიშნული ლოცვები ქრისტიანობის ქვაკუთხედად გვევლინება: პირველი, როგორც ლოცვა, თვით უფალმა გვიბოძა. ეს ყველა ლოცვის დასაბამია, მეორე - მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს, ყოვლადწმიდა მარიამს ახარა; მრწამსში კი ქრისტიანული სარწმუნოების ყველა მაცხოვრებელი დოგმატია. ამ წესის შესრულების შემდეგ დაე, ყველა ქრისტიანი თავის საქმეს ეწიოს. მუშაობისას, სახლში ყოფნისას, თუ გზაზე მიმავალმა, ყოველმა ადამიანმა ჩუმად უნდა იმეოროს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". თუ სხვათა გარემოცვაში ხართ, საქმიანობისას გონებაში მხოლოდ ეს გაიმეორეთ: "უფალო, შემიწყალენ" და ასე გააგრძელეთ შუადღემდე. სადილობის წინ ზემოთ აღნიშნული (სამი ლოცვა) უნდა შეასრულოთ. სადილობის შემდგომ ყველა ქრისტიანმა საქმის დამთავრებისას ჩუმად უნდა იკითხოს "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შემეწიე და მაცხოვნე მე, ცოდვილი". ასე უნდა გააგრძელოთ ძილად მისვლამდე.
მარტო დარჩენისას შემდეგი ლოცვა იკითხეთ: "უფალო, იესო ქრისტე, ღვთისმშობელისა მიერ შემიწყალე მე, ცოდვილი". ძილისაგან აღდგომილმა ზემოაღნიშნული დილის ლოცვა უნდა შეასრულოს, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახოს.
ამ უბრალო წესის დაცვით შეგიძლიათ ქრისტიანული სრულყოფილების ზღვარს მიაღწიოთ
სუფრის სადღეგრძელოების ტრადიციული თანმიმდევრობა
ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიცული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხსენებით. ამასთან ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.
ხარებას ტრანცენდენტური ღმერთი, სამყაროს მიღმიერი ღმერთი, სამყაროს შემოქმედი ქალწულის წიაღში დამკვიდრდა და ადამიანური ბუნება მიიღო. ეს არის უდიდესი საიდუმლო - ღმერთმა სამყაროში შემოაბიჯა. რა თქმა უნდა, ეს მოსალოცია. ეს საიდუმლო ფარულად აღსრულდა. იგი თვით სატანისთვისაც დაფარული იყო. ანგელოზებიც კი ვერ ხვდებოდნენ. ეს უდიდესი საიდუმლოა - ღმერთის განკაცება და ადამიანად მოსვლა. იგი მხოლოდ სიმდაბლით შეიმეცნება და არა ინტელექტით. ინტელექტუალური ადამიანები მას ვერ იმეცნებენ, მათთვის საიდუმლოდ რჩება. იგი იმდენად დიდი საიდუმლო იყო, რომ სატანა ზრდასრული მაცხოვრის უდაბნოში ცდუნებას ცდილობს. ვის აცდუნებ, შე საწყალო, ვინ უნდა აცდუნო შენ - სამყაროს შემოქმედი? რაკი ადამიანური ხორცი ჰქონდა, სატანას იმედი მიეცა, ეგება ვაცდუნოო, ფარისევლებსაც ეგონათ, რომ მოკლავდნენ. მერედა ვის - სიცოცხლის მომნიჭებელს? უკვდავი როგორ მოკვდება?
დიახ, დღევანდელ დღეს ღმერთმა შემოაბიჯა ფეხი სამყაროში. მაგრამ ეს დღესასწაული ჩვენ გვახსენებს განსაკუთრებული მსახურების უდიდეს მაგალითს. უდიდესი იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის როლი, იქნებ - გადამწყვეტიც. უფალს ყოველთვის სურდა ჩვენი ცხონება. შეიძლება უფალს ჩვენი ცხონება არ უნდოდეს? მაგრამ საუკუნეები, ათასწლეულები ელოდებოდა, რომ გამოჩენილიყო ის, რომელიც ეტყოდა: "აჰა, მხევალი უფლისა" - რას ნიშნავს ეს სიტყვები? ზოგს ჰგონია, ღვთისმშობელმა თქვა და გაიხარა, რა კარგია, ღმერთის დედა გავხდებიო. სინამდვილეში მან ამ სიტყვებით, ამქვეყნიური თვალსაზრისით, პირად ცხოვრებაზე სრულად თქვა უარი.
ყოველდღიური ლოცვის კანონისათვის
ყოველი ქრისტიანი დილა-საღამოს ხატების წინ დადგეს და წაიკითხოს უფლის ლოცვა "მამაო ჩვენო" სამჯერ - წმ. სამების პატივსაცემად, "ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" ასევე საჯერ, დაბოლოს, სარწმუნოების სიმბოლო ანუ მრწამსი - ერთხელ.
ვინც ამ მცირე კანონს განუხრელად შევასრულებთ, შევძლებთ ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევას, რამეთუ ეს სამი ლოცვა ქრისტიანობის საძირკველია: პირველი - თვით უფლის მიერ მოცემული ყველა ლოცვის ნიმუშად; მეორე - მთავარანგელოზისაგან ზეცით მოტანილიხარება ღმრთისმშობლისათვის; მრწამსი კი მოკლედ შეიცავს თავის თავში ქრისტიანობის ყველა მაცხოვნებელ დოგმატს.
ამ მცირე კანონის შესრულება ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება - მუშაობის დროს, სიარულისას, საწოლშიც კი. მთავარია გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, ცხონდებ
ასე იძერწებოდა ქართველის სულიერი სახე
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
მართებულობა მდგომარეობს ზომიერებაში. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს მოციქული პავლეს სიტყვები, როდესაც იგი მიმართავს შვილსა და მშობელს: "დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი ეცი შენს მამას და დედას - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით" (ეფეს.6,1-4).
ცხადია, ასეთი ურთიერთობები მოზარდში აუცილებლად აღძრავს მის ნება-სურვილსა და უნარს, შედგეს, როგორც სრულფასოვანი საწილი საზოგადოებისა, ასევე სრულუფლებიანი წევრი იმ ოჯახისა, სადაც ის დაიბადა და ცხოვრობს. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი სახით მისი დამცირება უფროსების მიერ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავად ვქმნით საფუძველს მისთვის, მიიღოს იჯახიდან თავის დაღწევის ან გაქცევის გადაწყვეტილება. იგი ამას აუცილებლად გააკეთებს, როდესაც ხელსაყრელ მდგომარეობას მოიძიებს. სახლიდან გაქცეული კი ოჯახთან არავითარ შემთხვევაში არ იქნება სიყვარულითა და მზრუნველობით დაკავშირებული. აღსაზრდელმა უნდა მიიღოს და გააზრებულად შეითვისოს გარჩევისა და განსხვავების აუცილებლობა, რაც მდგომარეობს სასურველისა თუ არასასურველის მიღებაში. ნიშანდობლივია იმის აღნიშვნაც, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ძირითადად ჭარბობს უკიდურესობით აღსავსე დამოკიდებულებები, ერთი მხრივ, ფსევდოლიბერალირი მოპყრობა და ძირითად შემთხვევაში რადიკალური შეზღუდვები. ასეთი ურთიერთობები მოსაწონი ფორმა არ არის, რამეთუ ორივე მიმართულება ჩანასახშივე მოკლებულია შედეგს.
სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა
წმიდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს, სხვა წყაროებით კი - 1007 წელს იქნა აღმოყვანებული წმიდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა.
წმიდა აკაკი, მელიტინელი ეპისკოპოსი
ერთხელ ქალაქ მელიცინასთან ქალაქი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქს საშინელი წყალდიდობა ემუქრებოდა. წმიდა აკაკიმ ნაპირთან ახლოს ქვა დადო და წყალს უბრძანა, ამ ქვია აქეთ არ გადმოსულიყო. წყალიც დაემორჩილა და ასე გადაურჩა ქალაქი უბედურებას...
წმიდა აკაკიმ ქალაქგარეთ სავანე დააარსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიაც ააგო, მაგრამ ეტყობა, მშენებლებმა შენებისას რაღაც დააკლეს... ერთხელ ღვთისმსახურება აღესრულებოდა და ტაძარი მლოცველებით იყო სავსე. უეცრად ტაძრის სახურავი შეიძრა და ის-ის იყო, უნდა ჩამოქცეულიყო, რომ წმიდა აკაკიმ გულმხურვალედ შესძახა:
-უფალია მცველი ცხოვრებისა ჩემისა - ვისა მეშინოდის?
სახურავი მეყსეულად ჰაერში შეჩერდა. როდესაც მსახურება დასრულდა და ყველა იქ მყოფი ტაძრიდან გამოვიდა, სახურავი მხოლოდ მაშინღა ჩამოიქცა და არავინ დაშავებულა