წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
პირველი გამოცდა ეშმაკისაგან მაცხოვარისა იყო შემდგომითა სახითა: ვინაიდგან მაცდური ხედვიდა, რომელ იესო ქრისტე, ვითარცა კაცი ორმოცის დღის მარხვისა, ლოცვისა და მოღვაწეობისაგან ჰგრძნობდა შიმშილსა და სისუსტესა, იფიქრა გამოცდა მისი მოუთმენლობითა და ხორციელითა მისითა დაღონებითა. მიუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქვა: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, სთქვი, ქვანი ესე პურ იქნმნენ.. იქნება მაცდური იმას ფიქრობდა, რომ მაცხოვარსა, ჰქონდეს დიდგულობა და ამპარტავნება და მოინდომოს გამოჩენა თვისისა ძალისა სასწაულით, გარნა მაცხოვარმან გააქარვა მანქანება ეშმაკისა, მიუგო რა მას სიტყვითა ღვთისათა: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა. აქედამ ისწავე, ძმაო ჩემო, რომელ სულიერი მტერი ყოველთვის, პირველად გამოგცდის შენ მოუთმენლობისა, მოწყინებისა და დაღონებისა შენისაგან უკეთუ სული შენი არ არის ამაღლებული სხეულსა შენსა ზედა, უკეთუ იგი დამონებულ არს ხორციელთა გრძნობათა და საჭიროებათა. მაშასადამე, მაცდუნებელი ხშირად შთაგაგდებს შენ აქედამ მრავალსა ცოდვასა შინა.
უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა (შდრ. მთ. 4. 17), რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდენ უმეტეს შეუძლია ესრეთ იფიქროს მან და კიდეც დარწმუნდეს, რომელ ჩვენ ცოდვილ არსებაში იგი იპოვის მრავალთა ცუდთა ვნებათა და მიდრეკილებათა, რომელთა საშუალებით ხშირად ჩაგვაგდებს ჩვენ იგი ცოდვასა შინა. გარნა აჰა მაცხოვარი თვისითა საკუთარითა მაგალითითა წინათვე გვაჩვენებს ჩვენ, რა სახით და რა საშუალებით აცდუნებს სულიერი მტერი კაცსა.
დიდ არს, ძმაო, და სანატრელ წოდება ესე შენი, რომლითა გიწოდა შენ ღმერთმა, რათა იყო მაქალაქე ღვთისა სასუფეველისა. მაცხოვარმან დანერგა ქვეყანასა ზედა სასუფეველი ესე და ჩვენ ქრისტიანეთა მოგვანდო განვრცელება, განმტკიცება და განძლიერება მისი. თვითოეული ჩვენგანი უნდა იხმარდეს ყოველსა ღონის–ძიებასა, რათა შეეწიოს განვრცელებასა სუფევისა მისისასა: უკეთუ ცხოვრება შენი კეთილ არს და სათნო, უკეთუ სიტყვითა და საქმითა შენ ცდილობ განავრცელო და განამტკიცო სასუფეველი, მაშინ იცოდე, რომ შენ ხარ მეგობარი ქრისტესი, ვინიდან შენ აღასრულებ საქმესა მისსა, შენ ხარ შემწე მისი. ხოლო უკეთუ ცუდითა შენითა ყოფა–ქცევითა აბრკოლებ ძმასა შენსა, გამოჩნდები ქრისტეს მტრად, ვინაიდგან შენ არღვევ შენობასა მისსა, შენ აოხრებ სასუფეველსა მისსა – გვიხაროდეს, ძმანო, ჩვენ ყოველთა, ვინაიდგან ღმერთმან ჩვენ ქრისტეანეთა მოგვცა მოქალაქეობა თვისისა სასუფეველისა; გარნა ვეკრძალნეთ და ფრთხილ ვიყვნეთ, რათა უღირსებითა ჩვენითა არ დავკარგოთ უმაღლესი ესე პატივი. ამინ.
ახლა, ძმაო, ჩემო საყვარელო, განიცადე თავი შენი, შესრულხარა შენ სასუფეველსა შინა ცათასა, მიგიღია შენ მოქალაქეობა სულიერისა ამის სუფევისა, ანუ ვიდრე აქამომდე ღარიბ ხარ შენ სულითა და ვერ შერაცხე თავი შენი შორის მოქალაქეთა ზეციერისა სუფევისა? დიდიხანია სასუფეველი ესე რეკს კარსა გულისა შენისათა და ცდილობს, რომ შევიდეს იგი მას შინა, გარნა ვაი თუ ვიდრე აქამომდე ვერ ხედავს იგი, რომელ შენ აღგესრულებინოს პირობა მონანიებისა; ვიდრე აქამომდე ვერ ხედავს, რომ შენ უარ გეყო სოფელი და ცოდვა მისი. ნუ მეტყვი, ძმაო: მე ქრისტიანე ვარ და ნათელ–მიღებიეს; მე მრწამს სახარება, დავდივარ ეკლესიაში და თავის დროზე ვეზიარები. კეთილი არს ესე ყოველი და არც შეიძლება უიმისოდ კაცი შევიდეს სასუფეველსა შინა ცათასა; გარნა შეიძლება, რომ კაცმა ყოველი ესე აღასრულოს და მაინც არ იყოს მოქალაქე სასუფეველისა ცათასა; ვინაიდგან თუმცა ამას ასრულებს, გარნა გული მისი მაინც დამორჩილებულ არს ცოდვისადმი, მაინც უყვარს მას სოფელი უმეტეს ღვთისა.
სასუფეველი ცათა ემსგავსება მდიდარსა და წარჩინებულსა ქალაქსა, რომლისა მოქალაქენი და მოვაჭრენი არიან ფრიად მდიდარნი და ჩინებულნი. შეუძლია გარნა გლახაკსა და ღარიბსა რომელსამე გაერიოს მოქალაქეთა მათ შორის და მიიღოს პატივი მათთანა, უკეთუ პირველად არ შეიძინა მან სიმდიდრე? ეგრეთვე, უკეთუ ქრისტიანემან არ შეიძინა სულიერი სიმდიდრე, რომელ არს სათნოება, არ იქმნება შერაცხილ შორის მოქალაქეთა სასუფეველისა ცათასა.
რაი ვქნა, – მეტყვის ვინმე, – დიახ მსურს, რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე: სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათვის სთქვა: შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ერთი მხოლოდ არს პირობა, რომლითა კაცს შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა – მონანიება. კაცსა, რომელსა კვალადვე უყვარს ცოდვა, რომლისა გული აღვსებულ არს ბოროტითა მიდრეკილებითა, მხოლოდ მონანიებითა შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა. გარნა რაი არს მონანიება და როგორ უნდა მოინანიოს კაცმან. ამას გვასწავლის ჩვენ სახარებიდან მაგალითი ცოდვილის დედაკაცის მონანიებისა: ოდეს მაცხოვარი იყო სახლსა შინა სვიმონ ფარისევლისასა, დედაკაცი იგი, არა მიმხედველი მისა, რომ ცოდვა და სირვხვილი მისი ცხად იქმნებოდა ესოდენსა კრებასა შინა, დავარდა ფერხთა ქვეშე მაცოხვრისათა, ცრემლითა თვისითა დაბანა იგინი და თმითა თავისა თვისისათა წარხოცა. იგი არა იტყოდა არცა ერთსა სიტყვასა; მხოლოდ ოხვრა მისი და ცრემლნი ცხად ჰყოფდენ, თუ ვითარ დამძიმებულ იყო სინიდისი მისი, ვითარ რცხვენოდა მას ცოდვისა თვისისა, ვითარ სწუხდა იგი უღირსებისა გამო თვისისა და ვითარითა მდუღარითა გულითა და სასოებითა გამოითხოვდა იგი ღვთისაგან შენდობასა. ესრეთ უნდა მოინანო შენცა, ძმაო ჩემო; ესრეთ უნდა გრცხვენოდეს შენცა ცოდვისა შენისა; ესრეთ უნდა სწუხდე უღირსებისა შენისათვის, უკეთუ გსურს მოიგო სასუფეველი ცათა.
გარნა ოდესცა მაცხოვარი გვეტყვის: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, მიიღეთ და შედით სასუფეველსა შინა ღვთისასა, ამით გვასწავებს ჩვენ, რათა დაუმორჩილოთ გული და სული ჩვენი სახარებასა ღვთისასა. რათა ყოველი შინაგანი ცხოვრება სულისა იყოს დაწყობილი მზგვასად მცნებათა სახარებისათა, ჰაზრნი და სურვილნი, თვისებანი და მიდრეკილებანი, სიყვარული და სიძულვილი, ყოველივე დაემორჩილოს სიტყვასა ღვთისასა. გარნა ოდესცა შინაგანი ყოველი ჩვენი ცხოვრება დაემორჩილება სახარებასა, მაშინ გარეგანნიცა მოქმედებანი ჩვენნი იქმნებიან კეთილ, მაშინ მრთელი ჩვენი არსება შევა სასუფეველსა შინა ღვთისასა.
ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ ყოველნი სულიერნი თვისებანი და მოქმედებანი კაცისანი, ესე იგი ჰაზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილებანი, სიყვარული ანუ სიძულვილი, მხიარულება ანუ მწუხარება, ერთი სიტყვით, ყოველი, რასაც კაცი ბრძნობს გულსა შინა თვისსა. ხოლო მეორე არის ყოველი ხილული მოქმედება კაცისა: ლაპარაკი, მოძრაობა და სხვანი გარეგანნი მოქმედებანი. ცხად არს, რომელ ყოველი გარეგანი მოქმედება კაცისა და მრთელი მისი გარეგანი ხილული ცხოვრება დამოკიდებულ–არიან შინაგანთა თვისებათა ზედა მისის სულისათა, ესე იგი ყოველნი საქმენი კაცისანი არიან ესრეთნი, ვითარნიცა არიან მისნი სულიერნი თვისებანი და მიდრეკილებანი, ვინაიდგან კაცი მხოლოდ იმას იქმს და გამოაჩენს, რაიცა აქვს გულსა და გონებასა შინა.