ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


საშობაო ეპისტოლე - 2015

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

"მოხედნა ღმერთმა და ჰყო ხსნა, სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა
ერისა თვისისა" (ლკ. I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ. I,14).


[]დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო. []ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება. []წმიდა ქალწულმა მარიამმა, "ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ. 7.4), - გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).
[]ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს. როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
[]ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მე"-სგან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე. []დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
[]"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად". ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. []ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ "მე"-ს და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად "მცირე ეკლესიად" იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.
განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:
1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან. 2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება. 3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია. საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის. 4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა. რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრული ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: "მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული. 5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. არადა []თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4). სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, - მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
[]ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით, ვალებით... გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს, სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
[]ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
[]გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ. ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული "ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. []ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. წმინდა ილია მართალი წერს:
"ქართველებისთვის "დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც "დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, - "დედა-ქალაქს," - მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - "დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, "დედა-ბურჯს," სამთავრო აზრს, - "დედა-აზრს," გუთნის განმგებელ მამაკაცს კი - "გუთნის-დედას". რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა!"
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. []ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმოქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა. ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება. აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. ყველამ, - ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, - სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: ემმანუელ, - ჩვენთან არს ღმერთი! ღმერთს ებარებოდეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო


სიყვარული

სულიერი სიყვარული უფრო აღმატებულია, ვიდრე ის, რომელიც ხორციელ ძმებს გააჩნიათ, რამეთუ ადამიანებს ქრისტესმიერ ნათესავებად აყალიბებს და არა მშობლისმიერ. ვისაც ასეთი სუფთა (კეთილშობილური) სიყვარული გააჩნია, ის სიკეთითაა სავსე, რადგან მასში ქრისტე მკვიდრობს და მის სახეზე ღვთაება აისახება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქრისტე ჩვენში ვერ შემოვა, თუ წინასწარ ჩვენს საყვარელ ადამიანთა რიცხვიდან საკუთარ თავს არ გამოვრიცხავთ, სანამ მთელ სიყვარულს ქრისტეს და მის ხატებს (ე. ი. ღვთის ხატებად შექმნილ ადამიანებს) არ მივუძღვნით, და ყოველთვის სხვაზე ზრუნვას არ შევეწირებით; მაგრამ ამასთან, არ უნდა ველოდეთ, რომ სხვებიც ასევე ბოლომდე დაიხარჯებიან ჩვენთვის.
ის, ვინც ძალიან წუხს მთელი მსოფლიოსათვის, მის გადარჩენას თავისებურად ეხმარება (მოღვაწეობით) და სიმდაბლით ებარება ღვთის ხელს, წუთისოფელში უაღრეს სიხარულს განიცდის და მისი ცხოვრება უწყვეტ დიდებისმეტყველებად იქცევა, რამეთუ ასეთ ადამიანთა სულები, ანგელოზების დარად, ვითარცა ფრთებშესხმული დანავარდობენ და დღე და ღამ ღმერთის დიდებას აღავლენენ; მაშინ როდესაც სხვები, უგულისყურონი თავიანთი სულის გადარჩენისადმი, რომლებიც ცდილობენ სიხარული და განსვენება წუთისოფლის ამაო ცხოვრებაში პოვონ, მუდმივად წვალობენ, საწუთროს უსასრულო კბილანებში იხლართებიან და უკვე აქვე განიცდიან ჯოჯოხეთურ სატანჯველს.
ზეციურ დიდებისმეტყველებაში მყოფი მოშურნე ადამიანები სიხარულით ხვდებიან ცხოვრებისეულ გამოცდებს და ამისთვის ღმერთს ადიდებენ – ისევე, როგორც მონიჭებული კეთილდღეობისათვის. ისინი მუდამ ღვთის კურთხევას იღებენ და შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების გრძნობით, შინაგანად ნეტარებენ; ისინი ამ გრძნობას ყველა შესაძლებლობით ამჟღავნებენ, როგორც ღვთის შვილები.
სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ჩვენთვის სასიკეთოდ აკეთებს. ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა ჩვენდა სამსახურად და მსხვერპლშესაწირად – მცენარეებიდან დაწყებული ცხოველებამდე და ფრინველებამდე, უმცირესიდან უმაღლესამდე; ადამიანისათვის, რათა მისთვის ხსნა მოეპოვებინა, თვითონაც კი გაიღო მსხვერპლად თავი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი უგულისყურო რჩება ღვთის ყველა სიკეთისადმი და აწყლულებს მას თავისი უზომო უმადურებითა და უგრძნობლობით, - მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა, ყველა სხვა სათნოებებთან ერთად, მემკვიდრეობითი სინდისიც მოგვანიჭა.
სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს, რომელიც მან პირველქმნილ ადამიანთა გულებში ღრმად გამოსახა და რომელსაც შემდგომში ყოველი ჩვენგანი დაბადებიდანვე, როგორც ქსეროასლს, მშობლებისაგან ვიღებთ. ისინი, ვინც საკუთარ სინდისს ყოველდღიური თვითგამოკვლევით ხვეწენ, ამ სოფლისათვის თავს უკვე უცხოდ მიიჩნევენ. ამსოფლიური ამაოებით შეპყრობილ ადამიანებს კი მათი დახვეწილი, ფაქიზი ქმედებანი უცნაურად ეჩვენებათ. ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს ვერც სასულიერო საკითხავიდან და ვერც ბერ-მონაზვნების რჩევა-დარიგებიდან მიიღებს. მას არც საღვთო მცნებების დაცვა ძალუძს, რადგან უგრძნობელი ხდება.
მგრძნობიარე და მოშურნე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ზედმიწევნით იმარხავენ, ჩვეულებრივ, უგრძნობელთა მხრიდან უსამართლობას განიცდიან, - თუმცა მათ სიყვარულის გამო ყოველთვის უთმობენ, - მაგრამ სამაგიეროდ მათთან შეუქცევად მყოფობს ღვთის სიყვარული. ხშირად, მაღალი მგრძნობიარობის შედეგად, საკუთარ თავს ისინი თვითონვე ტანჯავენ: გადამეტებულად აღიქვამენ საკუთარ მცირე შეცოდებებს ან სხვის შეცდომებს საკუთარ თავზე იღებენ. მაგრამ ღმერთი კვლავ ატკბობს მათ სამოთხისეული სათნოებებით და სულიერად აძლიერებს.
ისინი, რომლებიც აწყლულებენ და ჩაგრავენ მგრძნობიარე ადამიანებს, შინაგანად ადამიანები აღარ არიან.
ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარული და დელიკატურობა გააჩნია და უსამართლობას ითმენს სხვა ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ამასთანავე ამბობს: "დაე, ღმერთმა მიუზღას", ის, თუმცა ამას ვერ ხვდება, მზაკვრისგან დაცინვას იმკის, რადგან ამგვარი ქმედება თავაზიანი კრულვაა. ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს, რათა მოხვდეს სხვა, მარადიულ ცხოვრებაში, მოხვდეს სამოთხეში. ზრახვა მეუბნება, რომ ეს თავაზიანი წყევლა-კრულვა სულიერ გასასვლელ ქულაზე დაბალია.
ვინც სხვას ჩაგრავს, ის სამუდამოდ თავის თავს ჩაგრავს, ხოლო ვინც სიხარულით დაითმენს შეურაცხყოფებს, სამუდამო მისაგებელს დაიმსახურებს, თანაც ნამეტნევით.
ხშირად სახიერი ღმერთი კეთილ ადამიანებს ბოროტებს ჩაუგდებს ხელში, რომ იმათთვისაც გაიღონ სიკეთე და ამით ზეციური ჯილდო დაიმსახურონ.
ყოველი ადამიანი იმ პატრონისაგან იღებს გასამრჯელოს, ვისაც ემსახურება. ვინც ქრისტესთვის მუშაობს, მისი საზღაური ასი წილი არის და ცხოვრება საუკუნო (მარკ. 10, 30), ხოლო ვინც შავ პატრონს ემსახურება, მისთვის მისივე პატრონი ცხოვრებას უკვე აქვე აშავებს.
ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებიან, მაგრამ ამპარტავნებით, თავიანთ სათნოებებს ისე აფუჭებენ, როგორც ერბო-კვერცხს, მასში მოხვედრილი სკორე: მაშინ ის მხოლოდ ტაფასთან ერთად გადასაგდებად თუ გამოდგება.
ისინი კი, ვინც სიმდაბლით ემსახურებიან, სათნოებებს იხვეჭენ და თავმდაბლად, სიყვარულით განკრებენ თავიანთ იდუმალ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, ყველაზე დიდი კეთილისმყოფელნი არიან, რადგან სულიერ წყალობას არიგებენ: ფრიად ეხმარებიან უძლურ სულებს და რწმენაში დასუსტებულებს. ის, ვინც თვითონვე ეშვება წუთისოფელში სიყვარულის გამო, ხოლო უწინარეს ამისა, საკუთარი სულიდან ყოველივე ამსოფლიურს აძევებს, ზეცაზე დაფრინავს და მას ეს სოფელი უკვე ვეღარ იპყრობს.
სიყვარული, როცა იგი გარეგან უპოვრობასთან არის შეზავებული, ხელს უწყობს შინაგანი უპოვრობის მიღწევას – ვნებებთან მიმართებაში. უპოვრობის ეს ორივე სახე კი ადამიანს ღვთიური სათნოებებით ამდიდრებს.
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უაღრეს სიყვარულს.
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ, თავის მიერ დაგროვილი სიმდიდრით თავისთვის ჯოჯოხეთს არ იყიდის. ვინც თავს სახმარი საგნების გამო კარგავს, მან სრულიად დაკარგა გონება, რადგან იგი ქრისტეს კარგავს.
ძუნწმა, რომელმაც ხელები სიმდიდრეზე მოჭერით დაიზიანა, თავის გულსაც მოუჭირა ხელი და იგი ქვასავით გახადა. მას განსაკუთრებულად სჭირდება შეურვებულ ადამიანთა მონახულება, მათდამი თანაგრძნობის განცდა, და მაშინ იგი იძულებული გახდება თანდათან გახსნას თავისი ხელი. ამით მისი ქვის გული დალბილდება და ადამიანური გახდება. ასევე განეხუნება მისთვის ბჭენი სამოთხისანი.
სიკეთე ალბობს და აღებს გულს, როგორც ზეთი დაჟანგულ კლიტეს.
ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით თავისთავად ღმერთს უახლოვდება, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავის ტანჯულ შვილებთან მყოფობს.
ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს.
ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც მართლები ატარებენ, თავისი მცირე განსაცდელების გამო გულს არასოდეს გაიტეხს, რადგან შეგნებული აქვს, რომ თუმცა მართლებზე მეტი ფეხდაცდენა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ იმათზე ნაკლებად იტანჯება.
ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.
ვინც გვემულსა და დამაშვრალს არ თანაუგრძნობს, მომაკვდინებელი სენით არის დაავადებული – შეუბრალებლობით; ხოლო ვისაც ავადმყოფის კვნესა აღიზიანებს და დრტვინავს, რომ მის გამო აზრები ეფანტება – მრავალი სულიერი სენით.
მათ, ვისაც სიყვარული გააჩნიათ და სწორად მოღვაწეობენ, ყველა სიმძიმე სიყვარულით გადააქვთ; მოყვასის სიყვარულის გამო ყველაფერს იკლებენ და მათ სიმშვიდეს თვითონვე ეწირებიან, რადგან მოყვასი თვით ქრისტეა.
ისინი, რომლებსაც უნდათ, რომ სხვები მისთვის ირჯებოდნენ, თვითონ კი არავის არაფერს აძლევენ და ღმერთს მუდამდღე სთხოვენ, მისთვის კი ცოდვებსაც ვერ იმეტებენ (მონანიებით), ღვთისათვის სრულიად უცხოვდებიან და თვითონვე ებარებიან კაცისმკვლელს ხელში. რადგანაც მათ საკუთარი თავისადმი სიყვარული მოიმოღვაწეს, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ სულში დიდი მოუსვენრობა აღმოცენდა და ჯოჯოხეთურ სატანჯველს უკვე ამ ცხოვრებაშივე ეზიარებიან.
ღმერთი ტოვებს იმათ, ვინც გაჭირვებული თანამოძმეების ადგილზე არ დგება; მაშინ ისინი ეცემიან, იჟეჟებიან და თანაგრძნობას ამგვარად სწავლობენ. ხოლო ვინც მუდმივად თანაუგრძნობს და სხვის მდგომარეობას იზიარებს, საკუთარ თავს კი არად აგდებს, დახმარებას ღვთისაგან იღებს – მასზე ღმერთიც ზრუნავს და ადამიანებიც.
როცა კაცი თავის გულს უფალს უძღვნის, მაშინ მისი გონებაც ღვთის სიყვარულით ტყვევდება, და იმდენად, რომ მასში ყველაფერ ამქვეყნიურისადმი გულგრილობა ისადგურებს. ის განუწყვეტლივ თავის ზეციურ მამაზე იზრახვის და ღვთაებრივი სიყვარულით შეპყრობილი დღედაღამ, როგორც ანგელოზი, თავის შემოქმედს ადიდებს.
მხოლოდ ღვთის სიკეთეც რომ გულისხმად ვყოთ, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ მოშურნეობით აღვიძრათ, და მით უფრო, თუ ადამიანი, ამასთან, თავის მრავალცოდვიანობასა და ღვთის უდიდეს წყალობას გონების თვალს გადაავლებს!
მოსაგრეობას შევრდომილი და მეცნიერმყოფელი თავისი ცოდვიანობისა და ღვთის მოწყალებისა, და აგრეთვე მის უდიდეს კეთილშემწყნარებლობას სასოებით მინდობილი, უშიშრად და ნაკლებ სხეულებრივი შრომით აღიყვანს საკუთარ სულს სამოთხეში, თუკი მას კეთილმოსურნეობა გააჩნია.
უდიდესი კეთილკრძალულებით მრავალმოღვაწენი, რომლებმაც ერთგვარ ანგელოზებრივ მდგომარეობას მიაღწიეს და უკვე სამოთხის თაფლით საზრდოობენ, მაინც ვერაფერ მნიშვნელოვანს აკეთებენ ღვთისათვის იმასთან შედარებით, რაც ღმერთმა ჩვენთვის გაიღო, რადგან თავად თაფლს მიირთმევენ, მას კი ფიჭას უძღვნიან; თვითონ ტკბილ ნაყოფს ეწაფებიან, ღვთისათვის კი სასაკმეველით ხის ფისი მიაქვთ. ცხადია, რომ ვერაფერს ვაკეთებთ და ვერაფერს ვუძღვნით ღმერთს მისგან მიღებული წყალობისა წილ, თუმცა ღმერთი ჩვენი ნარეცხებიდან და ნეხვიდანაც კი მშვენიერ ნაყოფს გვიქმნის და ამით ვსაზრდოობთ, მაგრამ შემდეგ ჩვენ, წყეული ადამიანები, ამ მშვენიერ ნაყოფს კვლავ ნეხვად ვაქცევთ!
როგორც ღვთის სიკეთე ყველაფერს სასიკეთოდ იყენებს, ასევე ჩვენც, მისმა ქმნილებებმა, ყველაფერი სიკეთისათვის უნდა გამოვიყენოთ, რათა თავსაც მოვუტანოთ სარგებელი და სხვებსაც.
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ იღებენ სარგებელს, რადგან ამ სათნოებებს თავიანთ ენაზე თარგმნიან თავიანთი მზაკვრული ლექსიკონით. ამის გამო გონება კაცისმკვლელის სიბნელით ებინდებათ და სულიერად აზიანებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც; ყოველთვის მწარდებიან და თანამოძმეთაც თავისი ამ სულიერი სიბნელით ამწარებენ, მაშინ როდესაც ღრუბლიანი ამინდი მხოლოდ ურვით დაავადებულ ადამიანებში იწვევს რისხვას.
სიკეთე ღვთის ერთ-ერთი მრავალთვისებათაგანია, ამიტომ ყოველთვის სიხარულს გამოსცემს, ღრუბლებს ფანტავს, გულს ამშვიდებს – როგორც გაზაფხულის მზის სხივები, რომლებსაც მიწიდან ყვავილები ამოჰყავთ და გველებსაც კი ათბობენ ისე, რომ ისინიც მოძვრებიან თავიანთი ცივი სოროებიდან, რათა ღვთის სიკეთით მათაც გაიხარონ.
ავზნიან ადამიანებს საკუთარი ზრახვებისაგან მუდმივად სული უგუბდებათ და ირგვლივ თავიანთი გულების სიცივეს აფრქვევენ, და დამაშვრალ ადამიანებს, როცა ისინი მათთან ნუგეშის მისაღებად მიდიან, ამ ზრახვებით აშთობენ. კეთილები კი თანაგრძნობით განზავებული თავიანთი სულიერი (კეთილშობილური) სიყვარულით, დემონებს ახრჩობენ, სულებს ათავისუფლებენ და თანამოძმეთათვის საღვთო ნუგეშს გამოსცემენ.
მხურვალე სულიერი სიყვარული მგრძნობიარე ადამიანებს კიდევ უფრო მგრძნობიარედ ხდის, ხოლო უსირცხვილოებს – კიდევ უფრო უსირცხვილოებად.
ობოლს, მით უფრო, როცა მას დედა არა ჰყავს, ის თუნდაც ზღარბივით იყოს, მაინც უნდა მოვეფეროთ, თანაგრძნობით და მხურვალე სიყვარულით, რათა იგი ჯერ გათბეს, გამხნევდეს და შემდეგ მისი გული გაიხსნას.
თუმცა, მოშურნე ობოლს, თავის აღტყინების გამო, მუხრუჭები სჭირდება, რათა იგი დიდი მადლიერების გამოხატვით არ გადაიღალოს და თავს არ ავნოს.
ქრისტეს მხურვალე სიყვარული ყოველგვარ ნივთიერ საკვებზე მეტად ასაზრდოებს, სულსა და სხეულს უამრავ კალორიებს აწვდის, ხშირად წამლების გარეშეც კურნავს უკურნებელ სნეულებებს და სულებს ამშვიდებს.
ისინი, რომლებიც ვერ ელევიან თავიანთ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არ სწირავენ მას ქრისტეს სიყვარულს და შიშობენ გულგრილყონ სხეულებრივი უშფოთველობა, ვერ პოულობენ სულიერ განსვენებას ვერც ამ ცხოვრებაში და ვერც მომავალში, მარადისობაში.
ისინი, რომლებიც თავიანთი წრფელი სიყვარულით მზად არიან თვით სიცოცხლეც გასწირონ თანამოძმეთა დასაცავად, ქრისტეს ბაძავენ; მუდამ უდიდესი გმირები არიან, რადგან სიკვდილსაც კი ეშინია მათი, რამეთუ მათ იგი არაფრად ჩააგდეს სიყვარულის გამო. ამიტომაც იოლად აღწევენ სამარადისო ნეტარებას, რადგან სიკვდილზე იმარჯვებენ და საფლავის ქვის ქვეშ მარადისობის გასაღებს პოულობენ.
მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია ერთხელ დაიღუპოს სიყვარულის გამო თავისი მოყვასის გადარჩენისას, ვიდრე გულგრილი აღმოჩნდეს და შეშინდეს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნით იტანჯოს. თანამოძმისათვის თავგანწირვა თავის თავში ქრისტესადმი დიდ სიყვარულს შეიცავს. ისინი, რომლებსაც მოწყალების გაცემის კეთილგანწყობა გააჩნიათ, მაგრამ არაფერს ფლობენ და გაცემის შეუძლებლობის გამო თვითგვემას განიცდიან, ამით უკვე წყალობენ, რადგან გულიდან გამონადენ სისხლს გასცემენ.
იმათ, რომლებსაც სურთ მოწამეობრივად იტანჯონ ქრისტეს სიყვარულისათვის, მაგრამ მტანჯველებს გზად ვერ ხვდებიან, შეძულიათ ეს სიყვარული, რომლითაც მათი გულია ანთებული, სხეულებრივ ღვაწლში გამოხატონ, რომელსაც მიცვალებულთა სულებისათვის აღასრულებენ, - იმათთვის, ვინც ცეცხლში იწვის, - რომ მათ თუნდაც ცოტაოდენი შვება მაინც მიიღონ.
უგულისყურო და უმოწყალო ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და უგრძნობლად ნაყრდებიან, ამავე დროს თავიანთ გულებს დიდი მოუსვენრობით ავსებენ, შინაგანად სინდისის ქენჯნით იტანჯებიან და უკვე ამავ ცხოვრებაში ეწამებიან; მაშინ როდესაც გულმოწყალენი, ასაზრდოებენ რა სხვებს სიყვარულით, შეუორგულებლად, ღვთის სიყვარულით და მისი უხვი კურთხევით ივსებიან. სულიერი სიყვარული უფრო აღმატებულია, ვიდრე ის


სააღდგომო ეპისტოლე - 2009

"ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად" (რუსთაველი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
- მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?
- ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.
ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.
მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდარნი? - პავლე მოციქული მას ასე პასუხობს: "განა არ იცი უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუკი არ მოკვდა? ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (1 გალატ. 15, 35-36, 42-44).
ასე რომ, აღდგომის დღესასწაული ნათელი დადასტურებაა მომავალში ჩვენი მკვდრეთით აღდგომისაც და განღმრთობისაც.
უნდა ვიცოდეთ, რომ მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია.
მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამასთან, მისი ღვთაებრივი მადლით არის მოცული და გაერთიანებული.
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლომდგომი და მთელი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი შუამდგომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ბედნიერია ჩვენი ერი, რომ საქართველო მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. სასუფეველი ღვთისა იიძულების, - გვასწავლის მაცხოვარი; ამიტომაცაა, რომ ადამიანის სურვილს და მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; ასე იყო ეს ყოველთვის.
გავიხსენოთ, ორმოცი წელი დასჭირდა ებრაელ ერს აღთქმულ ქვეყანამდე მისვლისათვის, თუმცა მათ ღმერთთან მოლაპარაკე მოსე და სიწმინდით შემოსილი აარონი წინამძღვრობდნენ.
დიახ, შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი და ეს ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენც ვიყოთ ღმერთთან, საჭიროა სწორად ცხოვრება. ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა.
ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. იესო ქრისტემ კი უპასუხა, რომ აბრაამის და წინასწარმეტყველთა შვილობა მათი საქმეების აღსრულებაში, ანუ სწორად ცხოვრებაში მდგომარეობს და არა მხოლოდ გენეტიკურ ნათესაობაში, რადგან ამ წინასწარმეტყველთა მკვლელებიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ.
როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვცხოვრობთ თუ არა? ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შეგრძნება იმისა, რომ ის არის მართალი სამშობლოს, მოყვასისა და თვით თავისი მტრების წინაშეც;
რაც შეეხება ღმერთთან დამოკიდებულებას, უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანები არიან; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები" (ფს).
უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას.
ამის მაგალითად ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი მინდა შეგახსენოთ, კერძოდ, XVII საუკუნე, როცა ერთმანეთის ახლო ნათესავი ორი ქართველი მეფე, - როსტომ ხანი და თეიმურაზ I, - მოღვაწეობდნენ.
როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს "გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა..." ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ (ქართლის ცხოვრება).
როსტომ ხანის 26 წლიანმა ბატონობამ ქვეყანა სულიერი დაღუპვის პირამდე მიიყვანა, მაგრამ ერმა დაძლია ეს განსაცდელი. ამისი ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ ამავე პერიოდში მეფობდა თეიმურაზ I, რომელმაც საოცარი ცხოვრება განვლო.
ღვთისა და ქვეყნის ერთგულებისთვის მას შაჰ-აბასმა წამებით მოუკლა დედა, - დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, ორი მცირეწლოვანი ყმაწვილი და ქალიშვილი, ხოლო მესამე ვაჟი, დავითი, სამშობლოსთვის ომს შეეწირა. მტერთაგან შევიწროვებულ თეიმურაზს რამდენჯერმე მოუწია თავისი სამეფოს დატოვება, მაგრამ მარცხს არასოდეს ურიგდებოდა; პირველივე შესაძლებლობისამებრ ბრუნდებოდა და განახლებული ძალით განაგრძობდა სიტყვით და საქმით ქვეყნის მსახურებას.
ჭარმაგი მეფე 71 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. რჯულის მტკიცე დამცველს ბოლო გამოცდის ჩაბარება სპარსეთში მოუწია, სადაც ქრისტეს აღმსარებლობისათვის შეიპყრეს და ციხეში დაატყვევეს. აქ იგი მალევე გარდაიცვალა.
რწმენისა და მამულისადმი ერთგულებით, ვაჟკაცობითა და სიმტკიცით იგი ღვთისთვის და ეროვნული მეობისათვის გაუტეხელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ თვისებების გამო მას სანიმუშო მაგალითად მიიჩნევდა არა მარტო მისი ერთგული ხალხი, არამედ შინაური თუ გარეშე მტერიც. "თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ უნთებენ სანთელსა... მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერავინ შობოსა", - წერს არჩილ მეფე.
წარსული იმიტომ გავიხსენეთ, რომ იგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და მომავალი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.
ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის სწორი დამოკიდებულება სამშობლოსადმი.
თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი პასუხისმგებლობაც მას აკისრია. ესაა მისი მსახურება ქვეყნისადმი. ყველაზე მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ აქვთ. მათ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად მოეთხოვებათ სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება. შემდეგ კი - ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, განათლების ხელშეწყობას და სხვა.
ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც.
საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც.
ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა.
ზემოთჩამოთვლილ ინსტიტუტებში ეროვნული მიმართულების გაძლიერებისათვის კი საჭიროა ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოება და შეძლებული საშუალო ფენის შექმნა.
სამწუხაროდ კი, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საარსებო მინიმუმზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს; არადა საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის და, მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისათვის. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშავებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით.
გვინდა ხელისუფლებას ერთი წინადადებაც შევთავაზოთ: მოგეხსენებათ, მსოფლიო გლობალური კრიზისი საკმაოდ მწვავედ შეეხო ქართულ ბიზნესს და საერთოდ მოსახლეობას. ბუნებრივია, აუცილებელია, ქმედითი ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირება. 2009 წლიდან სახელმწიფოს მიერ გადასახადების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კარგი ფაქტი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მომქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქცია-საურავებისაგან.
რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი განხორციელდა, იგი სერიოზულად შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და წაახალისებს მათ ეკონომიკურ აქტივობას.
საერთოდ კი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს.
მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: "ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მათე 7.12).
რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი! ეს სიტყვები ყოველთვის გახსოვდეთ და ცხოვრების წესად გქონდეთ. უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ არ ვიყოთ გულგრილნი სხვათა მიმართ გამოჩენილი უსამართლობისადმი და დავიცვათ ტყუილუბრალოდ დაჩაგრული ადამიანი.
რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს: პირველი - შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, - "კბილი კბილისა წილ" და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია); მეორე - მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ; მესამე - დამცირებას უდრტვინველად იტან; მეოთხე - შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ. დაფიქრდი, რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ. "შეიყვარე მტერი შენი" - გვასწავლის მაცხოვარი. ხოლო ვისთვისაც ეს სიტყვები გაუგებარი და მიუღებელია, მათ პავლე მოციქული ასე არიგებს: "ილოცე შენი მტრებისთვის და ნუ სწყევლი მათ". ამით თქვენ მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებთ მის თავზე. ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; "ჩემია შურისგება" - ბრძანებს იგი.
ემსგავსეთ ფუტკარს, - გვასწავლის პაისი ათონელი, - რომელიც მხოლოდ ყვავილებს ხედავს და აგროვებს სიტკბოს თაფლისთვის, და არა ბუზს, რომელიც ნაგავს და ათასგვარ სიბინძურეს ეძებს და იმით იკვებება.
დიახ, სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი - განეშორება. თუმცა ისეც ხდება, რომ სიცრუის გზით მავალნი ზოგჯერ წარმატებულნი ჩანან; მაგრამ არ დაბრკოლდეთ, ეს დროებითია; სიმართლე ბოლოს მაინც, აუცილებლად, იზეიმებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს. ოცწლიანი გარდამავალი პერიოდით დაღლილი, გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?.. რაც უმძიმესი ცოდვის, - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია.
უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს. ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში, ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია: ახალგაზრდობაც და სილამაზეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც, სიმდიდრეც და სიღარიბეც, პატივიც, თანამდებობაც და თვით სიცოცხლეც?
ასე რომ, ნუ დარდობ და შფოთავ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.
თუ გსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოიპოვო (და თანაც მარადიულად), სასუფეველი ღმრთისა უნდა ეძიო, - ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას უნდა ესწრაფო, რადგან "სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა" (რომ. 14,17), - აი, ეს უნდა დავიმახსოვროთ.
ჩემო საყვარელო შვილებო, ძენო და ასულნო ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივკურთხეული ივერიისა: კახელნო და აფხაზნო, აჭარელნო და თუშნო, ჰერნო და სვანნო, ოსნო და მთიელნო, მეგრელნო, გურულნო, სამაჩაბლოსა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნო, ყოველნო ჩვენნო თანამემამულენო, მაშ, შეიყვარეთ სიმართლე და მშვიდობა, განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი და ემსახურეთ ჭეშმარიტებას, რომ "სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს" თქვენს შორის (რომ. 8,4).
ჯოჯოხეთის დამსხვრეულ ბჭეთა ზედა ამაღლებული და არამიწიერი ნათლით მოსილი, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვიხმობს, რათა მისი მადლით განმართლებულნი, ვითარცა ფინიკნი, აღვყვავდეთ და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განვმრავლდეთ.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2009 წ. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1991

"... ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი... ნუ გეშინია,
რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე,
ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ შენთან ვიქნები
და მდინარეები არ წაგიღებენ. როცა ცეცხლში შეხვალ,
არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება, რადგან მე ვარ
უფალი შენი ღმერთი... შენი მაცხოვარი" (ესაია 43,1-3).

საქართველოს წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ შვილებს:

ღვთისმოყვარენო ღვთივკურთხეულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა, მშვიდობა თქვენდა და სიხარული ღვთისა - მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გასაოცარი სიმდაბლით წარუდგა სოფელს უფალი ჩვენი. ჩვეულებრივი ადამიანური სამყოფლის ღირსიც არ გახდა იგი. ბეთლემის გამოქვაბულმა და ბაგამ შეიკედლა და გაათბო ძე ღვთისა.
ანგელოზთა დასი მის ქვეყნად მოვლინებას შეხვდა საზეიმო გალობით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ დროს კი სოფელი, რომლის ხსნისთვისაც განხორციელდა იესო ქრისტე, უგრძნობი დარჩა ღვთის შობის აღსრულებული დიადი საიდუმლოს მიმართ. ოდენ ციურნი მნათობნი იყვნენ მოწმენი უცხო სასწაულისა, მხილველნი ახლადშობილი მაცხოვრისა.
და გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა და ბეთლემის გამოქვაბულთან მოიყვანა მოგვნი ბაგაში მწოლი ღვთის თაყვანისსაცემად.
სიდიადე და თავმდაბლობა - როგორი გაუგებარი და შეუთავსებელნია ისინი ჩვენი აზროვნებისათვის. არადა აუცილებელია ჩავწვდეთ ამ სიტყვების აზრს და არა მარტო გავიცნობიეროთ იგი, არამედ ვიცხოვროთ ამ სულისკვეთებით, რათა შევძლოთ მივეგებოთ ჩვენსკენ მომავალ მაცხოვარს.
თქვენ იკითხავთ: მივეგებოთ, მაგრამ რით? ოქროთი, გუნდრუკითა და მურით?
სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი სასახლეები და ქალაქები, სხვათა სიკვდილისა და მწუხარების ფასად შეძენილი ჩვენი ქონება, ან ჩვენი ცოდნა, მაღალი თანამდებობა?
არა, მას მხოლოდ რწმენითა და სიყვარულით გამთბარი ჩვენი სუფთა გული სურს, რათა დაივანოს იქ და არასდროს განგვშორდეს.
ძველი რომაული გამონათქვამია: "მივედ, ვნახე, გავიმარჯვე". ზოგს მიაჩნია, რომ ღრმა აზრით სავსე ეს სამი სიტყვა რომის იმპერატორების მიმართ იყო თქმული. ვფიქრობ, იგი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება.
ყოველი ჩვენგანი ღვთის ნებით მოვიდა ამქვეყნად, რათა იხილოს იგი, სარწმუნოებით სძლიოს წუთისოფლის განსაცდელით სავსე ცხოვრებას და გამარჯვებული სუფთა გულით წარუდგეს შემოქმედს.
დიახ, ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისაგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თავს - სამყაროში და სამყაროს - შენში, - აი, რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ.
თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან გვდევს და გვიბიძგებს მრავალი ცოდვის ქმნისაკენ. ამ ცოდვით სავსენი ადვილად გავცემთ მეგობარს, ვღალატობთ სწორ იდეას, რომელსაც წლობით მივყვებოდით, ვღალატობთ ჭეშმარიტებას...
და თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: დიდია შენი ძალა მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იმავეს ვაკეთებ; შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.
- რით? - ჰკითხა წმიდანმა.
- თავმდაბლობით. შენი თავმდაბლობის გამო მე არ მაქვს ძალა შენს საწინააღმდეგოდ.
და როცა ღირსმა მამამ ხელნი აღაპყრო, დემონი უჩინარ იქმნა.
მსგავსი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დიდი სულიერი შრომით, გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა.
ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო... აბნევს მის ცნობიერებას.
თუ პიროვნება ჭეშმარიტი სარწმუნოებით არ ცხოვრობს, მისი ინტერესები მიწიერი და მსწრაფლწარმავალი სურვილებით განისაზღვრება, გზაც მისი არის ფართო და დამღუპველი მისი უკვდავი სულისთვის.
როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან, უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. "და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს" (II ნეშტთა 1,11-12).
დიახ, თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია ღვთივბოძებული სიბრძნე და გონიერება, რათა შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავი და სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, დავინახოთ, ისიც, რისი დათმობაც შესაძლებელია და ისიც, რაც უნდა დავიცვათ მტკიცედ; კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ვაკეთოთ, რას ვესწრაფოთ, როგორ გავიმარჯვოთ.
უპირველესად ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ ცხოვრებაში და განვსაზღვროთ სახე ჩვენი საქმიანობისა.
როდესაც სპეციალობას ვირჩევთ, პასუხი უნდა გვქონდეს კითხვებზე: ვისთვის იქნება საჭირო ეს საქმიანობა, მიგვიყვანს იგი ღმერთამდე, აქვს მას მარადიული ღირებულება?
დღეს, მართალია, ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვუწყით, რა გველის ხვალ. ღმერთი ჩვენგან ელოდება ჩვენი დანიშნულების აღსრულებას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ვზრუნავთ თუ არა ჩვენი სულიერი ამაღლებისათვის.
ყოველ ეპოქას თავის შეხედულება აქვს ადამიანზე. ადამიანს ხან აამაღლებდნენ, ხან დაამდაბლებდნენ, ხან აღმერთებდნენ. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი - ხატება ღვთისა - უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.
ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი.
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავის მოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
ასეთი ადამიანები ვიწრო ინტერესებით ცხოვრობენ. მათთვის უცხოა ამაღლებული გრძნობები. ჭეშმარიტად, დიადი აღმოჩენების სიხარული არასოდეს ეძლევა მათ, ვინც ცდილობს იგი თავისი ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. და პირუკუ, ის, ვინც ივიწყებს თავისას და სხვებზე ზრუნავს, ზრუნავს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და საერთოდ გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის ისეთ წყალობას, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი კეთილდღეობა.
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის. დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია, ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს.
ჩვენ ყოველ ახალ წელს ბედნიერებას ველოდებით, მაგრამ განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა და ურწმუნოებისაგან, ამპარტავნებისა და შურისაგან, ვერცხლისმოყვარების, მრუშობისა და სხვა სიბილწეთაგან და არ იქცევი ტაძრად სულისა წმიდისა, შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე.
ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას.
ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: "ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით საუკუნოდ. მე - შენ. ამაში შენ შეგიძლია იყო დარწმუნებული. შენ ჩემს გულში ხარ დატყვევებული და ვერც ვერასდროს განთავისუფლდები, რადგან გასაღები ამ გულისა კარგახანია დაიკარგა".
რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა. დედობის, საერთოდ, მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი რა უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს.
ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ვფიქრობ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროში ვცხოვრობთ, როცა დგება საშიშროება დამანგრეველი ძალადობის ბატონობისა, პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.
ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის. სამწუხაროდ, პირად ინტერესებსა და შეხედულებებს საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები ეწირება. უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად ჩვენი ახალგაზრდობა თავის მსჯელობაში მეტად კატეგორიულია და მისი მოთხოვნები რეალობას მოწყვეტილი.
დავფიქრდეთ, ადრე ხომ არ არის ამდენი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის არსებობა, ადრე ხომ არ არის ჩვენი ასე დაყოფა?
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მაშინაა სასურველი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, როცა ჩვენი თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვიქნებით.
ახლა კი ყოვლად აუცილებელია გაერთიანება, ერთ ძალად შეკვრა და ქრისტიანული სიყვარულითა და ურთიერთგაგებით ჩვენს წინაშე წამოჭრილი პრობლემების დაძლევა.
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი... ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე.
ადამიანთა ურწმუნოება და ეჭვი განქარდა მაცხოვრის მიერ მონიჭებული ღვთაებრივი სიყვარულით, რომლის სიდიადეს ჩვენი გონება ვერ მისწვდება. იგი შეიძლება მხოლოდ ვიგრძნოთ და განვიცადოთ იმ სიხარულის მადლით, რომელიც ამ სიყვარულისაგან მომდინარეობს.
როცა ჩვენ ვიწყებთ ღვთაებრივი სიყვარულის გაცნობიერებას და ვხდებით მონაწილე მისმიერი სიხარულისა, მიწიერი ყველა გაჭირვება, შიში და განსაცდელი უფერულდება, არარად იქცევა.
უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
ამ საშობაო ეპისტოლეში მინდა მივმართო საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას: რუსებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ბერძნებს, სომხებს, ესტონელებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ქურთებს და სხვათ. დანო და ძმანო ჩვენნო, მამაშვილური სიყვარულით შეგახსენებთ, რომ თქვენც ჩვენი ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველნი. საქართველოში არასოდეს ყოფილა ვინმეს შევიწროება ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით; თქვენ იყავით და კვლავაც იქნებით ჩვენი ძმები და ამ დამოკიდებულებას ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. გახსოვდეთ, ქართველთა ბედნიერება თქვენი ბედნიერებაცაა. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, ჩვენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის.
მიდის წელი სავსე განსაცდელითა და მღელვარებით, წელი რომელმაც ნათელი მომავლის რწმენა ჩაგვისახა. ჩვენ იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა (გამოცხ. 22,13).
ჩვენს წინაშე მომავლის კარი იღება. დე იყოს იგი მშვიდობიანი, ღვთისსათნო და ბედნიერი; ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს. "აკურთხე, უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა".
საშობაო ეპისტოლე მეფე სოლომონის ლოცვითა და კურთხევით მინდა დავამთავრო: "იყავნ, უფალი ღმერთი ჩუენი ჩუენთანა ვითარცა იყო მამათა ჩუენთა თანა, რათა არა დაგვიტეოს ჩუენ" (3 მეფეთა 8,57).
ქრისტეშობა, თბილისი. 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ. ... ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი... ნუ

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2004

სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.

"ვიცნი საქმენი შენნი. აჰა, ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი, განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,8).

საქართველოში მცხოვრებ ღვთივკურთხეული ივერიის ყველა ერთგულ შვილს და დროებით სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეთ:

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, სამონაზვნო დასნო, ყოველნო კურთხეულნო შვილნო საქართველოსა და დროებით ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფნო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, ზატიკს, რომელსაც უკვე 2000 წელზე მეტია ზეიმით აღნიშნავს მთელი ქრისტიანული სამყარო.
ამ საიდუმლოს შესახებ მშვენივრად ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "უხორცო იგი ხორციელ იქმნა, უხილავი განცხადდა, მიუწვდომელი ხელშესახები გახდა, ძე ღვთისა განკაცდა, რათა ცოდვისგან ეხსნა ადამის მოდგმა".
მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თავის მიმდევართ. მაგრამ მაცხოვრის შობა არ იყო მხოლოდ სიმდაბლის გამოვლინება, მას თან ახლდა ზეციური დიდების ბრწყინვალებაც. შორიახლოს მყოფ მწყემსებს ეჩვენათ უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა მათ, რომ იშვა იესო ქრისტე – "სიხარული ყოვლისა ერისა" (ლუკ. 2,10); ამასთან, ზეცით გაისმა ანგელოზთა გუნდის საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ისინი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მხსნელი მოუვლინა ქვეყანას და უგალობდნენ მშვიდობას, რომელიც დაივანებდა ქრისტეს მორწმუნეთა შორის.
უნდა შევნიშნოთ, რომ ეს მშვიდობა არ შეიძლება გავაიგივოთ ჩვეულებრივ, ადამიანურ სიმშვიდესა და კეთილდღეობასთან. უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თავთან. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ეს ღვთაებრივი მშვიდობა რამდენადაც ღრმად იმკვიდრებს ადგილს ამა თუ იმ პიროვნებაში, იმდენად მკვეთრად გამოვლინდება იგი მის ცხოვრებაში.
ღმერთს რომ შევურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, ანუ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, რაც გულისხმობს პირუთვნელ, სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი “მესადმი”.
როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან ჩვენი შემრიგებელი უფალთან.
ამიტომაც, სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებებია ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან. გახსოვდეთ:
სუფთა სინდისი – მუდმივი დღესასწაულია.
ამპარტავანი სძაგს უფალს.
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს.
მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - "ნათელი იგი, რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1,5).
ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.
სამყაროს შექმნიდან დღემდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეწყვეტილა და იგი სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს იღებს. თანამედროვე ჩვენი ყოფა იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და თავისი შესაძლებლობების უსაზღვრობა დაიჯერა. წარმოიშვა უკიდურესი ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა, რის საფუძველზეც მოხდა ცნობიერების განშორება რწმენასა და სულიერ ფასეულობებთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური შესაძლებლობების უკონტროლო ზრდა.
რა თქმა უნდა, ტექნიკური პროგრესი თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოებამ არ მოინდომა სულიერი ღირებულებების შენარჩუნება, რათა მათ შორის ბალანსი არ დარღვეულიყო.
მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა. ამასთან, წარმოიშვა მუდმივი დაძაბულობისა და შიშის ატმოსფერო. ამიტომაც წერენ თანამედროვე ფილოსოფოსები, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კატასტროფიდან კატასტროფამდეო. მართლაც, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი უსაფრთხოების სხვადასხვა მექანიზმისა, ხალხი მაინც სრულიად დაუცველად გრძნობს თავს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ადამიანი ერთდროულად ასეთი ძლიერი და ასეთი სუსტი.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი “პროგრესის” გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი – დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულიწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.
დედამიწა შფოთავს და მასთან ერთად მილიონობით ადამიანი. შინაგანად დაცლილ ამ ადამიანებს ნიადაგი გამოეცალა. ისინი გრძნობენ, რომ გემი იძირება და გადარჩენის გზა თითქმის აღარ ჩანს. ზოგიერთნი ნიჩბებსღა ეჭიდებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის იმედად მყოფნი უფრო მალე იღუპებიან. თუ გადარჩენის საშუალებათა ძიების დროსაც მათ ღმერთთან მისასვლელი გზა ვერ იპოვეს, მძიმე განსაცდელს თავს ვერასოდეს დააღწევენ.
ბუნებრივია, ჩვენს წინაშე იბადება კითხვა: როგორ მოვედით დღემდე, როგორ გადავრჩით ამ სასტიკი დაპირისპირების პირობებში. პასუხი ერთია: ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა, როგორც ცხოვრებისეული პრობლემების შეცნობის, ასევე მათი სწორი გადაწყვეტისაც. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ახალგაზრდებს შთააგონებენ, რომ ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობანი ახლა უკვე საჭირო აღარ არის, რომ ორიენტაცია ე.წ. საერთო-საკაცობრიო ღირებულებებზე უნდა ავიღოთ, რადგან დღეს სხვა დროა. ამასთან, მათში ხელოვნურად აღვივებენ წინააღმდეგობის სულს, უნდობლობის გრძნობას, გულგრილობასა და ცინიზმს.
მადლობა ღმერთს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მომავალი თაობა ძირითადად პატრიოტულადაა განწყობილი და ადვილად არ აჰყვება ამ მოწოდებას. თუმცა ახალგაზრდებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც აღიზიანებთ, მაგ., წმ. ილია მართლის დევიზი “მამული, ენა, სარწმუნოება”, რადგან მათთვის ეს ფასეულობანი ზედმეტად ვიწროა; არიან ისეთნიც, რომელთაც შეუძლიათ უტიფრად ისაუბრონ წმ. ვახტანგ გორგასალზე, წმ. დავით აღმაშენებელზე, წმ. თამარ მეფეზე.
მადლობა ღმერთს, მათი რიცხვი მცირეა. ვფიქრობ, ამგვარ იდეებს საზოგადოებაში “სიახლის” შემოტანის სურვილი განაპირობებს. გავა დრო, ცხოვრება მათაც ბევრ რამეს სხვაგვარად დაანახებს და ისინიც, ღვთის წყალობით, მივლენ იმ ძველ სიბრძნემდე, რომ ამქვეყნად მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი და ფასეული, დიდი სისულელე კი მუდამ სისულელედ რჩება.
მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს ანალიტიკური, ფილოსოფიური, ღრმა აზროვნებისკენ. “საერთოდ ფილოსოფია ისწრაფის, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეარიგოს გონება, გრძნობა და ნებელობა ზნეობრივი მსოფლმხედველობის კრიტერიუმების გამომუშავების მიზნით” (ნ. გროტი), ეს კი შობს ახალ იდეებს, რომელთაც ჩვენთვის უცნობ კითხვებამდე მივყავართ. ღრმა ანალიზისა და ძიების სურვილი კი ღმერთის შეცნობის დიდ შესაძლებლობას იძლევა. მაშ, “ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ” (მთ. 7,7).
ამქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, უფლის მიმდევართ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული.
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
გასული წლის ნოემბრის მოვლენებით დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე დაშვებულ იქნა ბევრი ისეთი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ხელისუფლების ამგვარად შეცვლა. შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, 1991 წელს პრეზიდენტის ძალით დამხობის ფაქტიც იგულისხმება. საერთოდ კი დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა.
მახსენდება უდიდესი ჩინელი ბრძენის, კონფუცის დარიგება; როდესაც ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ქვეყნის მმართველობა, მან უპასუხა: იმას, რომ ქვეყანაში არის საკმარისი საჭმელი, იარაღი (ანუ ჯარი), და არის ხალხის ნდობა.
- და თუ გაჭირვების გამო რომელიმეს უარყოფა იქნება აუცილებელი?
- მაშინ შესაძლებელია იარაღი გამოირიცხოს.
- თუ დარჩენილი ორი პირობიდანაც არჩევანი უნდა გაკეთდეს, რაზე შეიძლება ვთქვათ უარი?
- საკვებზე, - იყო პასუხი.
ეს რჩევა ყველა დროის ხელისუფლებამ უნდა გაითვალიწინოს.
შევნიშნავთ, რომ ეკლესიის ფუნქცია არ არის პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ეკლესიის, როგორც ერის ერთიანობის ქვაკუთხედს.
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, თავის წიაღში მათი გაერთიანება უნდა შეძლოს.
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა, ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთია ყველა; აქ არ არის "ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა” (გალ. 3,28). ღვთის წიაღში ერთიანდება უფლის მცნებების ყველა დამცველი, მიუხედავად თავისი პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული, თუ ასაკობრივი სხვაობისა და ეს ქმნის ეკლესიის ერთობას. ამიტომაც ეკლესიას, როგორც ქვეყნის მთლიანობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს, ყველა უნდა გაუფრთხილდეს.
დღეს თითქმის ყველა აღიარებს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ რატომღაც ყველა არ მიიჩნევს აუცილებლობად ღვთის მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონების დაცვას. გამოდის, რომ ამ ადამიანებს მათ მიერ შემუშავებული წესები უფრო სწორი ჰგონიათ, ვიდრე კაცთა ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, ჩვენთვის ჯვარცმული იესო ქრისტეს მცნებები და დარიგებანი.
თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მაცხოვრის მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: "ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ" (მთ. 6,33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში სწორი ორიენტაცია ჰქონდეს ხელისუფლებას, ხალხს, ცალკეულ ადამიანს და ყოველივე დანარჩენი, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც, მიეცემა მათ.
ამიტომაც ყოვლად გაუმართლებელი იყო ტოტალიტარული რეჟიმი (თუმცა ესეც ღვთის ნებით დაიშვა); ასევე გაუმართლებელი იქნება უკიდურესი ლიბერალიზმიც. ჩვენ ყოველთვის დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა მექანიკურად გადმოგვქონდა ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების წესი. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, და ბუნებრივია, განიცდის მათ გავლენას, მაგრამ ჩვენი ღირსება სწორედ ის იქნება, თუ ჭეშმარიტ რწმენასა და ეროვნულ ღირებულებებს შევინარჩუნებთ, სხვათა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ამ ყოველივეს დროის მოთხოვნილებებს შევუსაბამებთ.
მახსენდება ფილადელფიის ეკლესიისადმი მიმართული უფლის სიტყვები: "აჰა მოვალ ადრე, იპყარ, რომელი ეგე გაქვს, რათა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა" (გამც. 3,11-12).
დიდია ძალა და მნიშვნელობა ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზისადმი თქმული ამ წინასწარმეტყველებისა. როგორც ქართველ, ისე უცხოელ ღვთისმეტყველთა შორის არის აზრი, რომ ფილადელფიის ეკლესიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იგულისხმებოდეს. თუ ეს მართლაც ასეა, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან გამორჩეულია უფლის დამოკიდებულება ფილადელფიის ეკლესიისადმი.
მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი საერთო მძიმე ვითარებისა, მიუხედავად ჩვენი ხალხის დიდი გაჭირვებისა, ჩვენ იმედით ვუყურებთ საქართველოს მომავალს.
ახლად არჩეულ პრეზიდენტს ხალხის მაღალი ნდობის გამო მიეცა შესაძლებლობა დიდი საქმეების აღსრულებისა. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლესიას დიდი ძალა აქვს. მთავარია, მისი შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წმიდა სამების მშენებარე ტაძარი არის ღვთისაგან მონიჭებული წყალობა და ამავე დროს ნიშანი ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგინებისა. თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ სვეტიცხოვლისა და მასთან ერთად ბაგრატის, ალავერდის, იშხნისა და ბედიის ტაძრები უშუალოდ დიდი საქართველოს წინარე პერიოდში აიგო (თვით ოქროს ხანაშიც კი ასეთი რამ აღარ განხორციელებულა). ვიმედოვნებთ, რომ როგორც მაშინ, ახლაც ეს დიდებული საკათედრო ტაძარი იქნება გვირგვინი ერთიანი საქართველოსი. ოღონდ ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ვიყოთ ღმერთთან. მაშინ გახდება ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია ამ სასწაულის მომსწრე. ჩვენ შეგვიძლია ეს სასწაული რეალობად ვაქციოთ.
ამიტომაც მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს და თითოეულ ქართველს: შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმინდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენთვის.
მიქია წინასწარმეტყველის წიგნში ვკითხულობთ: "ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; და რომ სიბრძნითა და მორჩილებით იარებოდე შენი უფლის წინაშე" (მიქ. 6,8).
და განა შეუძლებელია ამის აღსრულება!
ახლაც, ამ წუთებში, ამქვეყნად იბადება მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, დასტური კაცთა მოდგმისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და ღმერთსა და ადამიანს შორის ათასწლეულობით დარღვეული კავშირის აღდგენისა. მივეგებოთ მას სიხარულით და მივართვათ ძღვნად ჩვენი გული, რათა დაივანოს იქ და ეგოს ჩვენთან განუშორებლად.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!
ჩვენთან არს ღმერთი – ემანუელი!
ამინ!
ქრისტეს შობა
თბილისი, 2003-2004 წწ. სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.< =>ვიცნი


სააღდგომო ეპისტოლე - 2025

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ… მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან (ფს. 67, 2-3).
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.
კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო.
ჩვენს პირველმშობელთა მიმართ ამგვარი ამაღლებული დამოკიდებულების გამო შურით აღძრულმა ბოროტმა სულმა აცდუნა ისინი და განაშორა ღვთის დიდებას; ქვეყნიერება კი დარჩა უფლისგან დადგენილი მზრუნველის გარეშე.
ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება. მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლადძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის (როგორც ძველ აღთქმაში ხშირად იხსენიება შემოქმედი) რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში; მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი ამ წიაღში საუკუნეთა განმავლობაში ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს. ისინი იმ იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს.
ამიტომაც გულდასმით იძიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ; ამასთან, ღვთისსათნო ცხოვრების მაგალითს, პირველ რიგში, თვითონ იძლეოდნენ.
* * *
მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა, დაიბადა რა ხუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს. ამასთან, განკაცებული უფალი თავისი ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას… შემდეგ კი – უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ღალატს…
როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენ გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს; უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენს მძიმე ხვედრს ტვირთულობს, რათა მოგვცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის… და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.
30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი, განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს.
ამასთან, ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება, განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტი სულებისგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს; რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი და აღადგინოს მკვდრები… მაგრამ ღვთის რჩეული ერის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ, ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს.
იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და, ფაქტობრივად, იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც – რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ: იმათგან, რომელნიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუკი ვინმე იმპერიულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების მქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ სასჯელს უქვემდებარებდნენ – ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და, მათი აზრით, სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა.
საერთო შედეგი კი ასეთი დადგა: ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა, ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა.
ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს! ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია! მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანა სიბნელემ მოიცვა, კრეტსაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა… (წმ. კირილე ალექსანდრიელი).
მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენითაუწერელ დანაშაულს? გამაოგნებლად! მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით. მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ გასცდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა – თავისი ყოვლადუცოდველი კაცობრივი სულის ღმრთეებრივი ძალმოსილებით ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა, ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის ცათა სასუფევლის გზა გაეკვალა.
* * *
გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულმხურვალედ ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში და, ცხადყოფდა რა თავის ადამიანურ ბუნებას, ევედრებოდა მამა-ღმერთს, თუ შესაძლებელი იყო, აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი.
ამავე დროს, იგი სთხოვდა თავის ერთგულ სამ მოწაფეს, ლოცვით შესწეოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით; მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, – ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ.
სამგზის სცადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითიც დედამიწამ აჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ჰქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მაცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ.
* * *
უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა.
რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი.
როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიული სიცოცხლის ნიშნად.
მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16, 33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28, 20)… „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“ (ინ. 14; 15, 13), ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13, 34).
* * *
დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც თითქოს დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება…
ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!
არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გვთხოვს შეუძლებელს; პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და მათ დასაძლევად ძალას გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ ქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან, ჩვენს სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმედს არ გვაკარგვინებს.
საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა. რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს ვდღესასწაულობთ უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც – სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.
„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ. 15, 21-22).
კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და… თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ. 15, 16; 14).
„…მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?
რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში… ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (I კორ. 15, 35-36; 42-44).
სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას…
ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!
როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ!?
როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობით სხვა თვითმხილველნიც და მისი ცად ამაღლების მოწმენი!?
ეს ურყევი რწმენა და უფლის სწავლებანი შინაგანად სულიერად განბრძნობილმა და განმტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანაზე განავრცეს.
* * *
წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა … აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა … ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.
ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.
ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება. მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის.
გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია – ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება.
ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას – კარგს ან ცუდს. და როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს. აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს – შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი.
მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ (რომ. 6, 12).
„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს. ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა!“ (რომ. 18, 19-20)
დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:
„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!
განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!
განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა, ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელეტი ანტიოქიელი).
აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!
მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!



თქვენთვის მლოცველი, ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი,
2025 წ. საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

მორჩილების, ურჩობისა და ნების მოკვეთის შესახებ

სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ: მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე იაროთ. ნუ დაივიწყებთ, რა ბრძოლას ვეწევით და ვინ არის მტერი, რადგან ცხონებას ზედაპირულად არ უნდა ვეძიებდეთ; აიძულეთ თავი; იფიქრეთ მიზანზე, რისთვისაც მონაზვნები გავხდით; მშობლები, ძმები, დები დავტოვეთ, მაგრამ თუ ჩვენს ნებას არ უარვყოფთ და მორჩილებას არ აღვასრულებთ, ჩვენი სულების განკითხვისას ღვთისგან წყალობის მიღება არ გვდომებია. საუკუნო სატანჯველზე იფიქრეთ და სამოთხეს ნუ დაივიწყებთ, რადგან ამ ორიდან ერთ-ერთს მოვიმუშაკებთ. ჩვენ უღირსთათვის ქრისტემ ზეციერი მამის, ასევე ხორციელი დედის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსებ დამწინდველისადმი სრული მორჩილება აღასრულა. რამდენად უფრო მოვალენი ვართ ჩვენ, ნება მოვიკვეთოთ და ჩვენი ცოდვების მოსატევებლად სულიერი მოძღვრის მორჩილება აღვასრულოთ.
მოწამეები ღვთის წინაშე კეთილმორწმუნეობის ნაყოფად საშინელ სატანჯველებს წარადგენენ, აღმსარებლები – წმინდა აღმსარებლობას, წმინდა მღვდელმთავრები ერესებთან ბრძოლაში გაწეულ შრომას, ღირსი მამები – ასკეტურ ღვაწლს; ჩვენ, პირველად კი მე, რას წარვადგენთ? თუმცა, თუ ქრისტეს სიყვარულისთვის მორჩილებას აღვასრულებთ და საკუთარ ნებას უარვყოფთ, ჩვენც გამოვიღებთ ღვთისთვის მისართმევ ნაყოფს, რომ მის წინაშე ზარმაცი მონებივით ხელცარიელნი არ წარვდგეთ.

2. თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდით. თუ კარგად გაირჯებით, მორჩილებით საუკუნო ცხოვრებას მოიპოვებთ, თუ იზარმაცებთ – ბოლო ჯოჯოხეთი იქნება. მაშ, გამოფხიზლდით გულმავიწყობისა და მცონარობისგან. დროა, უდებების ძილისგან გამოვერკვეთ. ჩვენი ცხოვრების დასასრული არ ვიცით და როდისღა გამოვიღვიძებთ, როცა მთავარანგელოზი ჩვენი სულის წასაყვანად მოვა?! მაშინ გამოღვიძება უკვე ფუჭი იქნება. გვირგვინების დრო მომავალი ცხოვრებაა, აწმყო კი ღვაწლის, შრომისა და ბრძოლის ჟამია.
თავი აიძულეთ, ილოცეთ, უქმადმეტყველება შეწყვიტეთ, პირი განკითხვისგან დაიბეჭდეთ, მრავალსიტყვაობას კარი შეაბით და ურდული დაადეთ. დრო გადის და აღარ ბრუნდება; ვაი ჩვენ, თუკი წლები სულიერი მონაგების გარეშე ჩაივლის. ამას გწერთ, ეს გამოიძიეთ, ასე იმოქმედეთ; ღმერთი სიყვარულისა იყოს თქვენთან, ჩვენმა ტკბილმა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ, მოღვაწეობაში განგანათლოთ და გულმოდგინება მოგცეთ.

3. მორჩილება აღასრულე, გულისსიტყვები მეყსეულად განაგდე, უკანასკნელი იყავი, თუ გსურს პირველი გახდე.
როცა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში არ ხართ და მას ამწუხრებთ, მაშინ უფალიც დამწუხრებულია. ქრისტემ წმინდა მორჩილების დიდებულება საქმით გვიჩვენა, რადგან მამის მორჩილებით თავი მსხვერპლად გაიღო: „ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 9). მართლაც, სრული მორჩილი ცათა სასუფეველში ზეციური დიდების ორმაგ გვირგვინს მიიღებს და ძეობის უმაღლესი სახელის წოდების ღირსი გახდება, რომელსაც ანგელოზებიც თაყვანს სცემენ.
წმინდა პალამონი ამბობდა: „კარგ მორჩილს ქრისტეს მცნებათა დაცვა აღარ სჭირდება". რატომ? იმიტომ, რომ თავისთავად სრული მორჩილება ქრისტეს ყველა მცნების დაცვას ნიშნავს და ასეთ მორჩილს აღარ ჰკითხავენ, დაიცვა თუ არა ისინი.
მორჩილების წიაღში სრული სიმდაბლე სუფევს. იქ კი, სადაც სიმდაბლეა, ქრისტეს, ღვთის სურნელებაა.

4. წმინდა მამათა სწავლების მიხედვით ყველაზე კანონიერი ღვაწლი ისაა, რომლის მამოძრავებელი ძალაც აბსოლუტური მორჩილებაა; ეს არის მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე – ბრმა მორჩილება. ეს ყველაზე სრულყოფილი და უსაფრთხო ბრძოლაა, რადგან მორჩილება თავის თავში სიმდაბლეს მოიცავს, ხოლო სადაც სიმდაბლეა, იქ არის კანონიერებაც და უსაფრთხოებაც.
შვილო, სრული მორჩილება და სიმდაბლე შეიყვარე და გეცოდინება, რომ სჯულიერად იღვწი. მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მორჩილების საქმეს. მოძღვრის აზრის მორჩილებაა მთავარი, ამიტომ სულიერ ღვაწლში მოძღვრის რჩევას უნდა დაემორჩილო. არც ერთი ბრძოლა მოძღვრის გარეშე არ წამოიწყო. ძველად მორჩილები მოძღვარს წყლის ყოველი ყლუპის დალევასაც კი ეკითხებოდნენ. მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა, რომ მორჩილები საკუთარი ღვაწლით არ მოხიბლულიყვნენ და მათ შრომას ფუჭად არ ჩაევლო.

5. რა არის ღვთის მორჩილებაზე დიდი ნეტარება! და რომელია ამ სულიერი გზის გარდა სხვა, უფრო უსაფრთხო! სიხარულით ისწრაფეთ ამ გზაზე, რათა უმაღლესი მორჩილების პირველმა მძლეოსანმა იესომ მოგანიჭოთ უჭკნობი გვირგვინი, რომლითაც ის ყოველ მოასპარეზე მორჩილს შეამკობს. ისე დაემორჩილეთ მოძღვარს, როგორც უფალს.
თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესრულებისთვის, განსაკუთრებით კი მორჩილებისთვის, რომელიც მორჩილის სამკაულია. მის გარეშე მორჩილი ბერწი საშოა, ხოლო თუკი ის ყოველგვარი გულისწადილის მოკვეთითა და მორჩილებით დამშვენდება, მრავალშვილიან საშოდ იქცევა.
მორჩილს საუკეთესო მდგომარეობა აქვს – ღვთის ნებას ის იოლად, მოძღვრის საშუალებით იგებს. რა დიდი მონაგებია! ადამიანები იბნევიან და კითხულობენ: ასე მოვიქცე თუ ისე? იტანჯებიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და დროს კარგავენ. ჩვენი კნინი ლოცვის გამო დღეს ძნელია ჩასწვდე ღვთის ნებას, ამიტომაც გამუდმებით მარცხს განვიცდით.
შვილებო, რადგან ღვთის სიყვარულმა ისე შეგიწყალათ, რომ ღვთის ნებას გაურჯელად სწვდებით, ისწრაფეთ მორჩილება რწმენითა და მონდომებით აღასრულოთ. მორჩილება ღვთის ნებას განუწყვეტლივ გიჩვენებთ. ის საუკუნო ცხოვრება და სულების ნეტარი განსვენებაა.
გამუდმებით, დღისით თუ ღამით, ხალხისგან აღსარებებს ვიღებ, რას არ ვისმენ და რას არ ვიგებ! დაუსრულებელი, გადაუწყვეტელი, გამოუვალი პრობლემები! ვიცი, როგორ გამარჯვებას აღწევს წინამძღოლის ნდობით განმსჭვალული მორჩილება; ისიც ვიცი, თუ როგორ ღელვაში მოხვდებიან ისინი, ვინც ამპარტავნებით საკუთარი თავის იმედად არიან; მათი ხომალდი იძირება, შედეგად კი საკუთარი თავდაჯერებულობით მოხიბლული ადამიანები უკუნეთში დაეხეტებიან, პატარა შეცდომის შემდეგ უფრო დიდ შეცდომას უშვებენ.

6. ათასჯერ კურთხეულო მორჩილებავ, რა სიდიადეა შენში დამალული! ვინც შეგიყვარა, შენი მშვენიერებით გამდიდრდა და ქრისტესმიერი ყრმა გახდა, რადგან ყრმის მსგავსად დაიმდაბლა თავი. ამიტომაც ცათა სასუფეველში სიხარულით შევა, როგორც უფალი ამბობს: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
ბავშვებისთვის ყველაზე დამახასიათებელი უბრალოება, უმანკოება და დედის მორჩილებაა. ამრიგად, მორჩილება ადამიანს სულიერ ყრმად აქცევს, ყრმად ბოროტებისთვის და ამავე დროს მას საღვთო სიბრძნით ამდიდრებს.

7. შვილო, სარწმუნოებით გამომყევი და ნუ შეგეშინდება. მორჩილება დაიმარხე, მეტადრე კი სულიერი. ვისაც მორჩილება აქვს, ის საუკუნო ცხოვრებას მოიპოვებს, რადგან სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს, განსაკუთრებით კი – სულის თავისუფლებას ანგარიშგებისგან.
მორჩილმა მსხვერპლის გაღებით და დიდი მონდომებით უნდა აღასრულოს მოძღვრის სრული მორჩილება, თითქოს მის წინ ქრისტე იდგეს.
შვილო, გაფრთხილდი, რომ შენი მორჩილება გულწრფელი და სრულყოფილი იყოს. შეიძულე საკუთარი ნება, როგორც შენი უკვდავი სულის სიკვდილი.
პირველქმნილი ადამიანები მაგალითად გყავდეს. მათ ღვთის ნების დაუმორჩილებლობით ექსორიის კანონი მიიღეს. მოძღვარს ნუ ეპასუხები. იფიქრე, რომ ის ღვთის ნებას გამოხატავს. ყოველი დარღვევა და ურჩობა ისჯება, როგორც ცოდვა.
მორჩილი მყარად უნდა იდგეს, არ მერყეობდეს; მორჩილება იქ უნდა გასწიოს, სადაც დაადგენენ და რომც კვდებოდეს, მოვალეობა მაინც აღასრულოს. ეს არის მორჩილება „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).

8. ქრისტესმიერ საყვარელო შვილებო, იესო ქრისტეს მადლმა და ჩემი წმინდა მოძღვრის იოსების ლოცვამ დაგიფაროთ ჩემი არყოფნის დროს, ვინაიდან კარგ მორჩილსა და მოძღვარს შორის ქრისტესმიერი სულიერი ერთობა არასოდეს წყდება.
სანატრელო შვილებო, ჩემი უბადრუკი სულის კეთილსურნელებავ, გახსოვდეთ თქვენთან ყოფნისას ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვები, რადგან მათი მოგონებითა და შესრულებით სულიერ მორჩილებაში იქნებით. ეს კი მორჩილების საუკეთესო სახეა; ვისაც ამგვარი მორჩილება აქვს, იესო ქრისტეს ემსგავსება, რადგან ქრისტემ აღასრულა მორჩილება ვიდრე სიკვდილამდე, სიკვდილითა მით ჯვარისათა, რისთვისაც ზეციერმა მამამ აღამაღლა და უმაღლესი სახელი მიანიჭა – იესო, რომლის ხსენებაზეც ბნელეთის ძალები ძრწიან.
ვისაც მორჩილება აქვს, ამ ცხოვრებაშივე სულის იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც, უკუნითი უკუნისამდე გაგრძელდება.
ვიფიქროთ იმაზე, რომ ქრისტესთვის, ჩვენი მაცხოვრისთვის არ ჯვარვცმულვართ, მან კი ჩვენ, საპყართათვის, მორჩილების გამო ჯვარი იტვირთა.
შეიყვარეთ წმინდა მორჩილება, რომელიც მორჩილს ქრისტესმიერ ყრმად აქცევს, მადლის წმინდა რძით გამოზრდის და ნეტარების ღირსს გახდის. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
დიახ, ქრისტესმიერ უმანკო ყრმასავით თავმდაბალი, კარგი მორჩილი ღირსი გახდება დაიმკვიდროს ზეციერი მამის სამყოფელი, როგორც „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17).

9. მორჩილებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. მორჩილებაზე შეყვარებული სიხარულს, სულის განსვენებას, საზრუნავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, შენდობას და მრავალ სხვა სიკეთეს მიიღებს. უპირველესი კი ის არის, რომ მორჩილება მას სატანის მახეებში გაბმისგან დაიფარავს, რადგან მორჩილი მოძღვრის გამოცდილებით ხელმძღვანელობს და სულიერი ცხოვრების გზაზე დაბრკოლების გარეშე მიაბიჯებს.

10. მორჩილები, რომლებიც საკუთარ ნებას მოიკვეთენ და ყველაფერში სათნოეყოფიან მოძღვარს, ნებაყოფლობით მოწამეებად იწოდებიან, თუმცა მრავალფერ ხორციელ სატანჯველს არ განიცდიან. მოწამეთა უმეტესობა ხანმოკლე ტანჯვა-წამებით აღესრულა, მონაზვნური მორჩილების მოწამეობა კი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და სინდისის მოწამეობად ითვლება. ამიტომ გთხოვთ, თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდეთ; ამ მორჩილებას ღვთის წინაშე თქვენი მოძღვარი წარადგენს.
რა სარგებელს მოგვიტანს ერის, ნათესავების დატოვება, თუკი ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას არ ვასრულებთ? იქნებ უფლისმიერი ცხოვრების აღთქმა ადამიანებს მივეცით? რას ვუპასუხებთ? მაშ, სრული მორჩილების გზას მთელი გულით შევუდგეთ და ჩვენი სულები ღვთის მადლით გადარჩებიან.

11. ვინც სულიერი მამის სწავლებას იცავს, მისი ლოცვა-კურთხევა დაიფარავს, ხოლო ვინც არღვევს, მას მოძღვრის კურთხევა ამქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც განეშორება.
ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება!
შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სულის გადარჩენა სურს, ხოლო ეშმაკს უნდა პატივმოყვარეობით და ურჩობით ჩაგიგდოს ხელში.

12. გთხოვ, მორჩილება ეჭვისა და ჭირვეულობის გარეშე აღასრულო. ეცადე, სათნოეყო სულიერ მამას, რადგან მასთან ცხოვრობ და მასთან იცხოვრებ; რად ამწუხრებ მას? შენ გამო მისი ამდენი ოხვრა შენს სულს არ არგებს, ის ასე ვერ აშენდება. თუ მორჩილებას არ ისწავლი, ბოლომდე ნანგრევებად დარჩები.
ნახე, როგორ გაბრწყინდნენ ძველი დროის მორჩილები: მათ ყველაფერი მორჩილების სამსხვერპლოზე მიიტანეს; სულიერ წინამძღვრებს სრული რწმენით, მორჩილებითა და სიყვარულით სათნოეყვნენ. შენ კი ჯერ მოძღვრის სიტყვებს განსჯი, შენში გულისსიტყვები აღიძვრება და შესაბამისად, ან მორჩილებას აღასრულებ, ან ურჩობ. ასეთი მორჩილება „აიღე და წყალში გადააგდე“. არა გულისსიტყვები, არამედ შრომა! არა შეპასუხება, არამედ სიკვდილი! სიკვდილი მორჩილებისთვის! ღვთის წინაშე მორჩილების აღმასრულებელნი მხოლოდ ასე გავმართლდებით.

13. მორჩილება მორჩილის მშობლის გამოსახულებით.">პანაგიაა. როგორც პანაგია გამოარჩევს ეპისკოპოსს მღვდლისგან, ისე – მორჩილება კარგ მორჩილს ურჩისგან. გიყვარდეთ თქვენი სულიერი მამა და მას როგორც უფალს, ისე დაემორჩილეთ. იერარქიულად მოძღვარს მემკვიდრის ადგილი მიეცა. დიდ მადლს მოიპოვებთ, თუკი ღვთის გულისთვის მას დაემორჩილებით. სულიწმიდა რომ არ დაამწუხროთ, გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას, რომელიც სულიწმიდის ცხებულია, როგორც მოციქულთა მემკვიდრე. მოძღვრები მოციქულთა უკანასკნელი მემკვიდრეები არიან და ეს ადგილი სულიწმიდის მადლით იერარქიულად აქვთ მინიჭებული. ამიტომ მათი დამამწუხრებელნი სულიწმიდას ამწუხრებენ.

14. სიმდაბლითა და ღვთისადმი მადლიერებით აღსრულებული მორჩილება მარხვის ღვაწლის ტოლფასია. საკუთარი თავის განკითხვისგან' მიღებული სარგებელი დიდია, როცა ადამიანს ავადმყოფობის გამო მარხვა არ შეუძლია.
დაიცავი მორჩილება, განსაკუთრებით კი სულიერი. ვისაც მორჩილება აქვს, საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს, რადგან სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს, განსაკუთრებით კი – სულის თავისუფლებას ანგარიშგებისგან.
შვილო, შეიყვარე დიდებული მორჩილება, რომელიც ადამიანს განწმენდს. მონაზვნისთვის შეუფერებელი საქციელით სულიერ მამას ნუ დააღონებ და ამით სულიწმიდას ნუ დაამწუხრებ. დაიმდაბლე თავი და საკუთარი ნების გატანას ნუ ისურვებ.

15. ჩემო შვილებო, იზრუნეთ, სუფთად და შეურყვნელად დაიცვათ ის, რაც ისწავლეთ. გაფრთხილდით. სრული წესი, როგორც დაგიდგინეთ, ზუსტად ისე შეასრულეთ. რადგან სჯულის ყოველი დარღვევა და ურჩობა, პავლე მოციქულის მიხედვით, „სასჯელს კუალადგებისას" იღებს (ებრ. 2, 2).
გეშინოდეთ ურჩობის ცოდვისა. ურჩი ღვთის წინააღმდეგ ამხედრებულ ლუციფერსა და ურჩ ადამს ემსგავსება, რომელნიც ღმერთს განეშორნენ. აბბა ბარსანოფი ამბობს: ვინც მოძღვარს ეურჩება, არის „ძე ეშმაკისა".
მთელი გულით გისურვებთ, სრულყოფილი მორჩილები გახდეთ, რათა ღვთის ანგელოზთა შორის ანგელოზებივით გაბრწყინდეთ, უფალს უგალობდეთ და ჩემთვისაც ილოცოთ, თქვენი საწყალობელი და უღირსი მოძღვრისთვის, რომელიც გასწავლით, თავად კი ამ სწავლებას არ აღასრულებს.

16. ვინც მორჩილებას არ აღასრულებს, მას არ აქვს სიმდაბლე და ამპარტავნებით ფარულად განიძარცვება. განა შესაძლებელია, რომ ამპარტავნებამ სწორად განსაჯოს და სულისთვის სასიკეთო გამოარჩიოს? ამიტომ, სიმდაბლე გვქონდეს, რათა ღმერთმა გონება გაგვინათლოს. თავმდაბლებს სიბრძნე და გულისხმისყოფა მიეცემათ, ამპარტავნები კი ბოროტ და გადაგვარებულ სინდისს შეიძენენ. ისინი ვერც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას იგებენ სწორად, რადგან არ აქვთ სიმდაბლე, სუფთა და ღვთით განათლებულ სინდისთან ერთად.
„ადამიანი, რომელიც რჩევას საკუთარ თავს ეკითხება, თავის მტერია“, ანუ ვინც გულისსიტყვებს უსმენს და უფროსების რჩევებს ყურად არ იღებს, საკუთარი თავის მტერია. ამიტომ გაფრთხილდით, შვილებო, და თუ გინდათ მონაზვნობის გზაზე წარმატებით იაროთ, მოძღვრის რჩევის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. როცა საკუთარ გულის წადილს აღასრულებთ, იცოდეთ, მრუდე გზით მიდიხართ და დროთა განმავლობაში გზა უფრო გამრუდდება. ასე დადგება ჟამი, როცა სიმრუდის გასწორება მოგინდებათ და ვეღარ შეძლებთ.

17. ვითხოვ ღვთისგან, რომ მოძღვრის მორჩილებს კურთხევა და სულიწმიდის მადლი გქონდეთ, ღვთის სახე იხილოთ და ზეციურ ანგელოზებთან ერთად საუკუნოდ დაემკვიდროთ. ვინც ურჩობს, ეპასუხება, კამათობს და თავის სინდისს უგულებელყოფს, მას ღმერთმა „სცეს ყურიმალსა ზედა“, რათა გამოსწორდეს და გონს მოეგოს, რადგან „იქ, სადაც არ ჭრის სიტყვა, ჭრის კვერთხი“.
დიდი მამობრივი სიყვარული, ტკივილი, რომ გამოსწორდეთ და სწრაფვა, რომ გადარჩეთ, მაიძულებს მკაცრად მოგექცეთ, თუკი სწორი გზიდან გადაუხვევთ. როცა ბოროტება მხილებისა და დასჯის გარეშე რჩება, ამისთვის პასუხს ორივე მხარე აგებს – წინამძღვარიც და მორჩილიც.
სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ:


საახალწლო ეპისტოლე - 1986

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს

"შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა" (ფს. XX,23)

ახალ წელთან შეხვედრისას ყოველთვის რაღაც უჩვეულოსა და განუმეორებელის განცდა გვეუფლება. ახალი წელი... ახალი იმედები... რას მოგვიტანს იგი: რწმენას, სასოებას, სიყვარულს, მშვიდობას თუ მწუხარებასა და განსაცდელს? რა არის ჩვენთვის აუცილებელი, საით მივდივართ და რას ვესწრაფვით?
თავისი ბუნებით ადამიანი მიილტვის ბედნიერებისაკენ. ესაა როგორც მთელი საზოგადოების, ისე თითოეული ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი ყველა დროსა და ეპოქაში. თუმც საკითხავია, შეუძლია კი პიროვნებას მოიპოვოს ჭეშმარიტი სიხარული, ანდა სწორედ ესმის მას ბედნიერების არსი?
იმედგაცრუებულს ეჩვენება, რომ ბედნიერება არ არსებობს, რომ ყოველივე ეს მოჩვენებითია; ღარიბს მატერიალურად უზრუნველყოფილი შეძლებული ცხოვრების მიღწევა მიაჩნია უმთავრეს მიზნად; ამიტომაც ყოვლის ღონით ცდილობს, დააგროვოს სიმდიდრე, არ ერიდება სულიერ ღირებულებათა დათრგუნვასა და უგულებელყოფას... მაგრამ, როცა ხანგრძლივი შრომის შემდეგ, და ხშირად ქონების არაკანონიერი მოხვეჭით, სურვილს აისრულებს, მიხვდება, რომ ბედნიერება ამაში არ ყოფილა. იქნებ იგი ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაშია? პასუხი აქაც უარყოფითია, რადგანაც ვნებებს აყოლილი კაცი სულ უფრო ცარიელდება და იფიტება შინაგანად. არც მხოლოდ ცოდნა და განათლებაა სიკეთის წყარო. "ცოდნათა განმრავლებითა განმრავლდებიან საწუხარნიცა", - ბრძანა ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ ბრძენმა სოლომონმა. ვერც მარტო მაღალი თანამდებობა და მდგომარეობა შესძენს სიხარულს კაცს.
მაშ, სად ვეძიოთ იგი? არის კი ვინმე ბედნიერი ამქვეყნად?
ბედნიერნი არიან რწმენითა და სიყვარულით გამთბარნი, ისინი, ვინც მოყვასისათვის ცხოვრობენ და მათზე ზრუნვით დაილევიან, ვინც ჭეშმარიტებისათვის ათასგვარ შეურაცხყოფასა და განსაცდელს უდრტვინველად გადაიტანენ... ბედნიერნი ხართ, თუ აღასრულებთ ვალს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, თუ შეუდგებით უსასრულო გზას განწმედისას და იქნებით "სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მათე V,48). აი, მაშინ მოიპოვებთ ნამდვილ სიხარულს, რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეედრება და რომლის ხელყოფასაც ვერავინ შეძლებს.
ქრისტიანობა, - წერს წმიდა გრიგოლ ნოსელი, - არის ღვთისადმი ადამიანის მიმსგავსება მისი შესაძლებლობების მიხედვით. "რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეიძლება სარწმუნოება გქონდეს, კეთილ საქმეთაც იქმოდე და ბრძნად მეტყველებდე, მაგრამ მაინც არ იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, რადგანაც ქრისტიანი ნიშნავს სახლს ქრისტესას... სულში ქრისტეს დავანება სხვათათვის უხილავი, სულიერი ცხოვრების საიდუმლო აქტია" (არქიმანდრიტი კვიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია).
ასე რომ, ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლურ დოგმატთა დაცვა, სათნოებანი, უმწიკვლო ცხოვრება... ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამა თუ იმ პიროვნების ქრისტიანობას; ეს ყოველივე მხოლოდ ხელს უწყობს მის გაქრისტიანებას, ანუ სულიერ შერწყმას უფალთან.
"დაადგერით თქუენ ჩემ თანა, - ბრძანებს მაცხოვარი, - და მე თქუენ თანა. ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა... უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას" (იოანე XV, 4,6).
ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან სიახლოვეს, რადგანაც ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება.
ეკლესია ეხმარება პიროვნებას არა მარტო ცოდვათაგან განწმენდასა და ღმერთთან მიახლებაში, არამედ ცხოვრების სწორი გზის არჩევაშიც, ეს კი ყოვლად აუცილებელია ჩვენს მეტად რთულ დროში, როცა მოვლენები კოსმიური სისწრაფით იცვლება, როცა მსოფლიო სავსეა წინააღმდეგობებით.
ერთის მხრივ სწრაფვა მშვიდობისა და სიკეთისაკენ, სიყვარული, ჭეშმარიტების ძიების სურვილი, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია, გამომთვლელი მანქანები... ხოლო მეორე მხრივ ეჭვი, უსამართლობა, გაუტანლობა, სხვადასხვა განსაცდელი, ომი... განსაზღვრავს ყოფას დღევანდელი ადამიანისას. რაღა არ გადაიტანა მან. ერთხანს ურწმუნოებამ მოიცვა და განუდგა იგი უფალს. დიდხანს მაინც ვერ შეძლო შემოქმედის ხატად შექმნილმა კაცმა მის გარეშე და კვლავ დაიწყო ძიებისა და მობრუნების პროცესი; მადლობა ღმერთს, "ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა" (რომ. XIII,12); ბრმანი ვიყავით და უფლის წყალობით აღგვიდგა თვალისჩინი, თუმცა სრულად მაინც არ განვკურნებულვართ. კვლავ მივისწრაფვით რაღაც გაურკვევლისკენ და გვეჩვენება, რომ ეს პროცესი ჩვენი ნების გარეშე ხდება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. განა ჩვენ არ ვაშენებთ, ვიგონებთ სიახლეებს, ვაგროვებთ სიმდიდრეს, ვემუქრებით ვიღაცას, სადღაც მივიჩქარით?.. ღვთის შეწევნით კი უნდა შევძლოთ სულიერი ძალის მოკრება, რათა ყოველივე ახლებურად დავინახოთ, დავინახოთ ისე, როგორც ეს სინამდვილეშია და ამის მიხედვით შევაფასოთ მოვლენები. ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.
დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში, თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი წვილმანებისგან და უფრო ფართო ხასიათის პრობლემებით იფარგლება. მისი სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახეს, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური აზროვნების უნარს.
ჰორიზონტალური მზერა მოიცავს ზრუნვას საკუთარ თავზე, ოჯახსა და ზოგადად მატერიალურზე. მთავარი დადებითი მხარე ამ აზროვნებისა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შედის ზრუნვა მოყვასისთვის.
მაგრამ ადამიანმა ადრევე იგრძნო, რომ მარტო ეს არ არის საკმარისი, რომ სულიერი სიცარიელის დასაძლევად აუცილებელია სწრაფვა ღვთისაკენ, ანუ ვერტიკალური აზროვნება.
ვერტიკალური ჭვრეტა ცისა და მიწის ერთობაა, სრულყოფილების კიბეზე ამაღლებაა, ადამიანის სულისა და ზრახვის ღვთისკენ მიმართვა და მასთან სრული შერწყმაა.
როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედვა აუცილებელია ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად. მათი საშუალებით მორწმუნე უნდა ქმნიდეს თავისი ცხოვრების ჯვარს, რომელიც მანათობელ ვარსკვლავად წარუძღვება წინ, როგორც უფლის შემდეგი უმთავრესი მცნებების აღსრულებისა: "შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა... შეიყუარე მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი" (მარკოზი XII,30-31).
ბედნიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოლ-ქმრულ ყოფასთან.
ოჯახი ღვთის დადგენილი კურთხეული საიდუმლოა, მცირე სახელმწიფოა თავისი კანონებით, უფლებებით, კულტურით, განათლებითა და მსოფლმხედველობით. მეტად მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მეუღლეთა შორის, მშობლებსა და ბავშვებს შორის.
ქმარი თავია ოჯახისა, შეურყეველი ავტორიტეტი, იმედი და საყრდენი როგორც ცოლის, ისე შვილებისათვის. "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს... ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს" (ეფესელთა V,25,28), - წერს პავლე მოციქული.
ქალი უპირველეს ყოვლისა დედაა, ევაა - ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისათვის. რაოდენ დიდი სითბოს, სინათლისა და მყუდროების შეტანა შეუძლია სახლში ქმრის დამჯერ, ერთგულ და სათნო მეუღლეს. "დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს... უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალ-სასყიდლისათა ეგევითარი იგი" (იგავნი 31,10), - გვასწავლის მეფე სოლომონი.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...
რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შესცვლის.
სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდებიან და მეუღლის ნებართვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ უდროოდ უსპობენ სიცოცხლეს ნაყოფს. იმას კი ივიწყებენ, რომ ეს არის ნამდვილი მკვლელობა, მკვლელობა საკუთარი ვაჟის ან გოგონასი; რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნის იქნება იგი, ახლადჩასახული თუ 20-30 წლის ასაკისა?
გახსოვდეთ, ცოდვა გამოუსყიდი არ რჩება ამ სოფლად. უშუალოდ რჯულის დამრღვევთ ან მათ ნაშიერთ მოეკითხებათ იგი უცილოდ. დაინდეთ შთამომავალნი, მოჩვენებითი კეთილდღეობისათვის ნუ შეიწირავთ მათ ბედნიერებას და ნურც საკუთარ თავს განუმზადებთ მარადიულ სატანჯველს, რადგანაც ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულს ძნელად თუ ვინმე გამოისყიდის.
არ შეიძლება გულისტკივილით არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვიან და ავიწყდებათ, რომ ოჯახი არის მოწოდება, რომლის წმინდა ვალდებულებებიც მათ ღირსეულად უნდა აღასრულონ, რადგანაც ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული სიცოცხლისათვის მოწოდებულნი, რომ ქორწინება ოდენ მიწიერი ურთიერთობაა, მოსამზადებელი საფეხურია იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.
ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლის, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე.
ამიტომაც ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებით, ასაკით... რათა არ დაირღვეს წონასწორობა მათ შორის მსხვერპლის გაცემასა და მის მიღებაში. მეორე პირობა კი არის მათი უნარი, მთლიანად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს, ხელი შეუწყონ ურთიერთს ნაკლოვანებათა დაძლევასა და განწმენდაში, რათა ერთმანეთის საშუალებით და ამავე დროს ერთად მოიპოვონ სასუფეველი ღვთისა.
აი, ამ შემთხვევაში იქნება ქორწინება ზნეობრივი და ღვთივკურთხეული.
შვილნო ჩემნო, "მტკიცედ დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისაჲ... აღიღეთ ფარი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად" (ეფესელთა VI, 14,16).
უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
როგორი დიდი ოჯახიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, ნათესავებისა და მეგობრების რა ფართო წრეშიც არ უნდა ტრიალებდეს ადამიანი, ადრე თუ გვიან მარტოობა მაინც ეწვევა. მორწმუნეთათვის ეს არ ნიშნავს ყველასაგან გარიყვას, რადგანაც გრძნობენ უფლის სიახლოვეს, ყოვლისშემძლე ზეგარდმო ძალას და მის შეწევნას; მაგრამ ღვთისაგან განდგომილთათვის მარტოობა მეტად ძნელია. თავდაპირველად მათ ეჩვენებათ, რომ სიმშვიდე და მყუდროება მოიპოვეს და კმაყოფილნიც არიან ამით. შემდეგ იწყება ფიქრი საკუთარ თავზე, ცხოვრების მიზანსა და დანიშნულებაზე. მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ყველასაგან მიტოვებულნი და დავიწყებულნი არიან, კარგავენ სიცოცხლის აზრს, ნიადაგგამოცლილთ მოწყენილობა, ტანჯვა და შიში იპყრობთ, არაწმიდა ძალა ეუფლებათ. შეძრწუნებულნი ცდილობენ, გაექცნენ საკუთარ თავს, მაგრამ აღარც ის იციან, სად ჰპოვონ თავშესაფარი.
სინამდვილეში სიცარიელე მათ გარშემო კი არ იქმნება, როგორც ჰგონიათ, არამედ სულში ისადგურებს; იქ, სადაც უფალი უნდა დავანებულიყო. ღვთისგან მიტოვებული! - რა მძიმე და აუტანელია ეს მდგომარეობა. თუ პიროვნება იგრძნობს მაინც თავის უბედურებას, მთლად განწირული არა ყოფილა, ხოლო თუ იგი ამგვარ ყოფას ნორმალურად ჩათვლის, უმძიმესი იქნება მისი ცხოვრება აქაც და იქაც.
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული სამუდამოდ დახშული იქნებოდა მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის. სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.
კარგახანია კაცობრიობა ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგა. საერთაშორისო პოლიტიკის თანამდევი გახდა ამ საშინელი იარაღით დაშინება, ეჭვი და უნდობლობა. მაგრამ ამას წინათ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურთა შეხვედრამ ჟენევაში საგრძნობლად განმუხტა საერთაშორისო დაძაბულობის ატმოსფერო, გაგვიღვივა იმედი, რომ გონივრული მოლაპარაკებებისა და ურთიერთგაგების გზით შესაძლებელი იქნება საყოველთაო მშვიდობის მიღწევა. "ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების. რამეთუ რაჲცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალატ. 6,7), - გვასწავლის წმიდა წერილი. მაშ, მოვიქცეთ თესვად სიკეთისა, რწმენისა, სიყვარულისა, ურთიერთთანადგომისა, სიწმინდისა, რათა მარად ისმოდეს "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა", ხოლო ქვეყანასა ზედა სუფევდეს "მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.
ქართული ენის უჩვეულობას იმთავითვე გრძნობდნენ მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი უძღვნეს შესამკობად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"; ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ღვთიბოძებულს ამ საგანძურს სასოებით დაცვა და გაფრთხილება უნდა, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისას.
ღვთივკურთხეულნო ივერნო, ძენო და ასულნო უფლისანო, დადგა ჟამი დალოცვისა; დაგბედებოდეთ ჭეშმარიტი რწმენის სიმტკიცე, ენის სიწმინდე, სულის სინათლე, მრავალშვილიანობა, უხვი და ბარაქა. მშვიდობა სუფევდეს თქვენს გულში, ოჯახსა და სამშობლოში... ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ დედობრივი კალთა, დაგიცვათ და დაგიფაროთ.
ახალი წლის ღამეს მაცხოვარი უხილავად შემოვა თქვენთან, რათა გაკურთხოთ და გაგათბოთ ღვთაებრივი სიყვარულით. მაშ განემზადეთ ჭეშმარიტი სიხარულისა და მადლის მისაღებად. უფალი ბრძანებს:
"ნუ იამაყებს ბრძენი სიბრძნითა თვისითა, ნუ იამაყებს ძლიერი ძლიერებითა თვისითა და ნუ იამაყებს მდიდარი სიმდიდრითა თვისითა, არამედ ამით იამაყე მოქადულო, რომ გულისხმა-მყოფ და მიცნობ მე, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა, მსჯავრისა და სიმართლისა ქვეყანასა ზედა" (იერემია IX,23-24).
მივყვეთ ამ ხმას და ვიქნებით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, 1986 წ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2000

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

საქართველოს ღვთივკურთხეულთა ძეთა და ასულთა და ყოველთა ჩვენთა თანამემამულეთა:


თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნო, წმიდა სინოდის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ქართველნო!
უფალი გვეუბნება: "ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით – შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე" (ის. 44,22).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო ღმერთო – მამაო საბაოთ, ყოვლისა მპყრობელო, შემოქმედო და განმგებელო ცათა და ქვეყანისაო;
დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, აღდგომილო და ამაღლებულო;
დიდება შენდა, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო, მადლისა მომცემელო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო.
გაქებთ, გაკურთხებთ და თაყვანსა გცემთ შენ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, რწმენაო, სასოებაო და სიყვარულო ჩვენო, მიზეზო ყოვლისაო, დასაბამო და დასასრულო, მიუწვდომელო სიმაღლეო და სიმდაბლეო, დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის.
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ღმერთო, წინაშე შენსა და ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ერის სახელით შეგთხოვთ, შეგვინდე და გვაპატიე ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, ურწმუნოება შესცვალე ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ცოდვა აღხოცე და მოგვანიჭე მადლი, სიძულვილის წილ მოგვეც სიყვარული, ამპარტავნების წილ – თავმდაბლობა; განგვწმიდე ყოველნი და სულითა წმიდითა შენითა აღგვავსე, ამინ!
ქრისტესმიერ საყვარელნო ძენო ივერიისანო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, იხარებდით და იშვებდით, რამეთუ "დღეს მეუფე იშვების ვითარცა ჩვილი დედისაგან ქალწულისა" (სადღესასწაულო). "საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი – დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (შობის ძლისპირი).
დიდება ჭეშმარიტი ღვთისა უკვე ორიათასი წელია აღევლინება ჩვენი კურთხეული მიწიდან. ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა არის საიდუმლო ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ღვთაებრივი აღმშენებლობისა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში და მისი მუდმივი მეფობისა ჩვენში და დასტურია იმ დიადი ჭეშმარიტებისა, რაც ბრძანა უფალმა: "აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20).
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მოვუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს.
წარსულს თუ გადავხედავთ, უნებურად ჩნდება კითხვა: ამ ხნის განმავლობაში ვაკეთეთ კი ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დავუახლოვდით ღმერთს თუ დავშორდით მას, ვართ ჩვენ ცისანი თუ – ამქვეყნისანი?
და თითქოს გვესმის სიტყვები უფლისა:
"აჰა ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი. ხოლო ევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკ. 22,31-32).
დიახ, ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დროის სული ჩვენ ყოველთვის თანა გვდევდა და ეკლესიას მუდმივად უხდებოდა მასთან ბრძოლა. ყველგან და ყოველთვის მიწიერება ცდილობდა შეეღწია ჩვენში, სატანა ათასნაირ ხერხს მიმართავდა, რათა ხორბალივით განებნია ქრისტიანენი და თითოეული მათგანის სული დაესაკუთრებინა:
"მაგრამ მე ვლოცულობდი შენთვის", - გვეუბნება მაცხოვარი. სწორედ უფლის ლოცვამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა აქამდე. ამ ლოცვაზე იდგა და დგას ქრისტეს მთელი ეკლესია, ამ ლოცვაზე დგას ჩვენი ერი.
თუ ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზებთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს განკაცებით სათავე დაედო საოცარი გარდატეხის პროცესს კაცობრიობის ისტორიაში და ადამის მოდგმისათვის გაიხსნა ზეცის კარები, ბოროტმაც ახალი მეთოდებით დაიწყო ადამიანთა სულების მონადირება: წარმოიშვა ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე რელიგიები. თვით ქრისტეს ეკლესიას არაერთი ნაწილი ჩამოსცილდა და ახალ მიმართულებებს დაედო სათავე: იყო ამა თუ იმ მიზეზის გამო გაჩაღებული ომები, საზოგადოების სხვადასხვა ფენათა უდიდესი დაპირისპირებანი... რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და შეიწირა, მაგრამ იმას, რაც განვლილ ორ საუკუნეში მოხდა, თავისი მასშტაბებითა და სულიერი დამანგრეველი ძალით ვერაფერი შეედრება; - ვგულისხმობ უღმერთობის ხანის დადგომას.
ბოლო 70 წლის მანძილზე ტოტალიტარული ათეისტური სახელმწიფოს არსებობა და მისი იდეოლოგია არ იყო მხოლოდ ლოკალურად გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ხვედრი. ათეიზმმა სულ სხვა გზებითა და მეთოდებით ასევე მძლავრად მოიკიდა ფეხი მთელს მსოფლიოში, რამაც წარმოშვა საყოველთაო ნიჰილიზმი და ინდიფერენტიზმი.
ამ პროცესების გაღრმავებას ხელი შეუწყო მეცნიერებისა და ტექნიკის უსწრაფესმა განვითარებამ. საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა. და თუ დღეს მაინც მშვიდობით ვხვდებით შობა-ახალწელს, ისევ და ისევ ღვთის დიდი წყალობით.
"... მე ვლოცულობდი შენთვის..."
ჩვენმა ქვეყანამაც იგემა ბოროტის მიერ აღძრული ყველა ძალის შემოტევა და როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებულად რთული პროცესები ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში განვითარდა. საბჭოთა წყობილების პერიოდი, მისთვის დამახასიათებელი ცნობილი მოვლენების გარდა, იმითაც იყო საშიში, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა აზროვნების განვითარებას, რადგან ახალი იდეების წარმოშობა საფრთხეს უქმნიდა მის არსებობას.
ეს რეჟიმი ადამიანებს სთავაზობდა მზამზარეულ, ხშირად მკვდრადშობილ იდეებს და მათ ცხოვრებაში განხორციელებას აიძულებდა. არავინ იყო დაინტერესებული მოაზროვნეთა ფენის წინ წამოწევით, სჭირდებოდათ მხოლოდ დავალების სიტყვის შეუბრუნებლად შემსრულებელნი.
"ბოლშევიკების გზა, - წერდა პლეხანოვი, - როგორიც არ უნდა იყოს იგი, - მოკლე თუ გრძელი – აუცილებლად გამორჩეული იქნება ისტორიის ფალსიფიკაციით, სიცრუით, დანაშაულობებით, დემაგოგიითა და საერთოდ, უღირსი საქციელით. ტერორი, რაზეც ისინი იმედს ამყარებენ, ხიშტების ძალაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხიშტებზე ჯდომა დიდხანს შეუძლებელია, ამიტომაც ბოლშევიკთა კრახი გარდაუვალია" (პოლიტიკური ანდერძი).
ეს ასეც მოხდა.
მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ უკვე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს კია, რომ ერთი წყობილების მეორეთი შეცვლა იმპერიის რღვევის პერიოდს დაემთხვა, ამას თან დაერთო ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რამაც ჩვენი ყოფა მეტად დაამძიმა, რადგან რამდენიმე მოვლენის გადატანა ერთად მოგვიხდა.
საერთოდ, საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს მოვლენებს და ყრმასავით უსუსური და მიმნდობი ხდება მათ მიმართ, ვინც წინამძღოლის ფუნქციებს სთავაზობს.
დროის ამ ეტაპით ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა ძალები და ცდილობენ არსებული სიტუაცია თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ.
ესაა მიზეზი მაგალითად იმისა, რომ დღეს ასე თარეშობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ ათეისტური ზეწოლისაგან განთავისუფლებული ხალხი მზად არის გულის კარი გაუღოს უფალს, მაგრამ, ვინაიდან ვერ არჩევს, თუ სად არის ჭეშმარიტება ადვილად ექცევა ცრუ მოძღვართა გავლენის ქვეშ და გადარჩენის ნაცვლად სულს მარადიული სიკვდილისათვის წირავს.
როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს, და საერთოდ, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ხალხის ამ მეთოდებით დაპყრობასა და დამონებას და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სულიერ აგრესიას.
დღევანდელი ჩვენი ყოფა სხვა მრავალი ასეთი მეტად მტკივნეული პრობლემებისადმი საზოგადოებისაგან სწორი პოზიციის შემუშავებასა და მის გონივრულ გადაწყვეტას ითხოვს.
ამჯერად ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებთ. რადგან იგი უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია.
საქმე ეხება ამ ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და ეროვნული გრძნობისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ, ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატომღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას ნიშნავს და როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.
თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა.
ამიტომაც, ერთი შეხედვით სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის ცნებების დამკვიდრებას ცდილობენ.
იდეები მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთდახმარების შესახებ მათ ქრისტიანობიდან აიღეს და ისინი მართლაც ღირებულნი არიან, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ განსხვავებული მიმართულებით განავითარეს და შემდეგ სამეუფო გზიდან შორს გადაუხვიეს.
ისინი დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედაც რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი მისი ოჯახის წევრებსა და ახლობელთა ვიწრო წრეს ნიშნავს. მოზრდილი ადამიანისთვის – "მოყვასის" სივრცეს მისი ქვეყანა და ხალხი ავსებს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. საკუთარი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, თუ ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურის აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქა აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორეს გარეშე მოიაზრებენ და ადამიანებს არაჯანსაღი, უშინაარსო უსულო საზოგადოების შექმნისაკენ უბიძგებენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარტავნება უდევთ; ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.
ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი").
ეროვნულობის დაცვის საუკეთესო მაგალითს თვითონ ბიბლია იძლევა. მთელი ძველი აღთქმა ამ სულისკვეთებითაა სავსე. ახალი აღთქმიდანაც არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც მოციქულის სიტყვები:
"დიდია ჩემი მწუხარება და დაუცხრომელია ტკივილი ჩემი გულისა... ვისურვებდი თავად ვყოფილყავ შეჩვენებული ქრისტემიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი" (რომ. 9,2-4).
ანდა: "თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგან ეს ეამება ღმერთს" (I ტიმ.V,4).
"ხოლო, თუ ვინმე თავისიანთა და მით უმეტეს, სახლეულთათვის არ ზრუნავს, რწმენის უარმყოფელთა და ურწმუნოზედაც უარესია" (I ტიმ. 5,4,8).
ასე რომ, ოჯახი, ახლობელთა წრე, სამშობლო, მოყვასი, სამყარო, ის კიბეა, რომლის თითოეული საფეხური მომდევნოს საყრდენია და მის გარეშე და რწმენის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების შინაგანი მთლიანობის შექმნა. ამიტომაც, თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო, საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი. ასე აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მიაგებს სხვა ეროვნების წარმომადგენელთ, სათანადოდ აფასებს როგორც საკუთარს, ისე სხვათა ღირსებასა და თავისთავადობას. ასეთი ადამიანი პიროვნებაა, რადგან მას თავისი მეობა აქვს. იგივე ითქმის ერზეც. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ერი პიროვნული სახის მატარებელია, თავისთავადია და ამით არის სწორედ დასაფასებელი.
ღვთივკურთხეულნო ივერნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო!
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად ემზადება 2000 წლის საზეიმო შეხვედრისათვის. ეს წელი მთლიანად საიუბილეო წელია და მას განსხვავებული გრძნობით ხვდება მთელი კაცობრიობა. 7 იანვარს, ბეთლემში, წმიდა მიწაზე, თავი მოიყარეს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა და სახელმწიფო ხელმძღვანელებმა, რათა გამოეხატათ თავიანთი კეთილი ნება ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის შესახებ და ელოცათ მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს იყო დიდი და ამასთან კანონზომიერი მოვლენა, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.
ათასწლეულთა შესაყართან კიდევ უფრო მძაფრდება წარსულის განცდა და სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ადამიანური განზომილებით ეს დრო ხანგრძლივია და მრავლისმომცველი. უფლის წინაშე კი "ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე". ასე რომ, ღვთის ათვლით, მეორე დღე მთავრდება მაცხოვრის განკაცებიდან და იგი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს.
განსაკუთრებულობა უნდა გამოვლინდეს სულიერებაში. თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის, ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი გაიღოს მის სადიდებლად. ეს შესაწირი უწინარესად უნდა იყოს გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი, ჩვენი კეთილი საქმეები.
ამ თარიღის შესახვედრად საქართველოს დიდი მომზადება ჰმართებს, რადგან ღვთისგან ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. თქვენ იცით, უფლის განგებით, ჩვენთან იქნა მობრძანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის პერანგი; იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომ ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია მაცხოვრის მოციქულების: ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათას, თადეოზის, ბართლომეს მიერ და განმტკიცებულია წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და სხვათა ჩვენთა დიდთა წმინდანთა ლოცვით და ღვაწლით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათას ქარტეხილგამოვლილი საქართველო დღეს კვლავ ცოცხლობს და აღორძინების გზას ადგას და რომ ძალისაებრ ჩვენისა ვემსახურებით მის სიწმინდეს.
ძმანო და დანო, თავი მოვიდრიკოთ და მუხლი მოვიყაროთ ყოვლადწმიდა სამების წინაშე და წრფელი გულით შევთხოვოთ მამასა და ძესა და სულსა წმიდას, დაგვლოცოს, განგვწმინდოს და განგვინათლოს გული და გონება, რათა დღე ყოველ მართლად ვიდოდეთ და ურცხვენელად წარვდგეთ წინაშე მისსა, რათა თანაზიარ ვექმნეთ მარადიულ ცხოვრებას მისას და უფალთან ვიყოფოდეთ განუშორებლად. ამინ!

ქრისტეს შობა
1999-2000 წ. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი< =>საქართველოს


სააღდგომო ეპისტოლე - 1990

ყოველთა ქართველთა, მკვიდრთა საქართველოჲსა
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებთა:

"მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და
სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება
სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა", ამინ.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

"ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ" (რომ. 13,12);
პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი. მისი მადლით აღვსილი ყველას სიყვარულით გილოცავთ:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღდგა მშვიდობა და ნათელი სოფლისა, აღდგა სიბრძნე და ჭეშმარიტება, აღდგა მეორე ადამი - ღმერთი ვნებული, უფალი უფლებათა. სხეულს გაყრილმა მისმა ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრა საკრველნი სიკუდილისა, ბჭენი ჯოჯოხეთისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა.
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (რომ. 4,25); "ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინეთ, სოფელს წარუდგა ღატაკი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ. იქმნა შეურაცხყოფილი, რათა ჩვენ განვედიდებინეთ; იყო სატანჯველით გვემული, რათა ჩვენ ძლევაჲ მოგვეპოვებინა; მოკვდა, რომ გამოვეხსენით; აღდგა, რომ ქვესკნელს შთაცვივნულნი ზეცის სიმაღლეს ვზიარებოდით" (გრიგოლ ღვთისმეტყველი).
ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევსთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა.
დიახ, დღეს ჩვენი მოვალეობაა, თვალი გავუსწოროთ რეალობას. შევჩერდეთ და ვიდრე ხვალისკენ მიმავალ გზას საბოლოოდ დავადგებოდეთ, დავფიქრდეთ, ვინ ვიყავით და რად ვიქეცით. დავფიქრდეთ, როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი, საით გვიბიძგებს ინსტინქტი და სინამდვილეში კი სად არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ბილიკი, რომელსაც ჩვენი სული დაეძებს?
ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, იმ გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ.
სააღდგომო ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი დღევანდელობის ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს.
სამწუხაროდ, წარსულმა წლებმა ჩვენს აზროვნებას ფსიქოლოგიური რღვევის მექანიზმის დაღი დაასვა, მისი მიზანი იყო ადამიანის არსიდან ღვთის განდევნა და მისი ადგილის დაკავება. ამიტომ ყველაფერი, რაც აღნიშნულ პრინციპს არ ემორჩილებოდა, იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო. არ სჭირდებოდა მას დემოკრატია, სიყვარული, თავისუფლება, ჭეშმარიტება... რწმენისა და ინტელექტის უარყოფამ განაპირობა მსოფლმხედველობისა და ზოგადადამიანური მრწამსის რღვევა, სინათლის ადგილას გამეფდა სიბნელე. სიყვარულის ადგილას - სიძულვილი, ცოდნის მაგივრად - უმეცრება, ღვთის ნაცვლად - ურწმუნოება. ზნეობა და სულიერობა ისე დაინთქა მკვდრად ნაშობი იდეოლოგიის სქემაში, ისე გაილია და გაფერმკრთალდა, ვერც კი ვიგრძენით, როდის დავკარგეთ იგი. ადამიანი იქცა მომავლისთვის მეტად საშიშ მანქანად, ავტომატად.
ჩვენი დაბალი სულიერების მანიშნებელი ბევრი მაგალითია, ბევრი ფაქტია.
რით შეიძლება ავხსნათ, თუ არა ამით, ქართველის მიმართ ქართველი ადამიანისვე დაუნდობელი სისასტიკე? ჩვენი შვილები ჩვენს თვალწინ ერთმანეთს ხოცავენ ისეთი ღვარძლით, ისეთი გამეტებით, რომლითაც ქრისტიანი კაცი სამშობლოს მტერსაც კი არ გაწირავდა.
ანდა საიდან მოდის ჩვენი დაუოკებელი სურვილი, გამოსწორება დავიწყო სხვისით და არა ჩვენი თავით? რატომ ვხედავთ სხვის ნაკლს და საკუთარს კი არ ვამჩნევთ, რატომ ვხედავთ სხვა ადამიანში მხოლოდ "სავლეს" და იმას კი არ ვფიქრობთ, რომ უფალს ძალუძს "სავლე" აქციოს "პავლედ", ცოდვილი - წმინდანად, ბოროტი - კეთილად. ამპარტავნება ჩვენი ხშირად იქამდეც კი მიდის, რომ ამ გარდაქმნასაც ვერ ვიტანთ; გვშურს, გვინდა, ადამიანი, რომელსაც ჩვენ ასე მკაცრად ვაკრიტიკებდით, განვიკითხავდით, სამუდამოდ ბოროტი დარჩეს. გვავიწყდება მაცხოვრის ერთ-ერთი მთავარი მცნება: ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ეს თუ ახლავს კაცს, მაშინ იგი მიმტევებელიცაა. ზოგიერთი კი ისეა გაბოროტებული, თვლის, თითქოს მიმტევებლობამ დაღუპა საქართველო [*]. ასეთ პიროვნებაში დაკარგულია არა მარტო ქრისტიანული სული, არამედ ადამიანურიც. უნდა გვახსოვდეს სიტყვები წმიდისა ბასილი დიდისა: ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, მას სიყვარულით უწამლებ მხოლოდ.
ქრისტიანულ რწმენაზე და სიყვარულზე დაფუძნებულმა მიმტევებლობამ კი არ დაგვღუპა, გადაგვარჩინა.
ჩვენი ერის წინაშე დიდი პრობლემები დგას. მდგომარეობა რთულდება და უარესდება იმითაც, რომ ქართველთა შორის არ არის თანხმობა, მეტიც, ხშირად მტრობაა, რაც განსაკუთრებულად გამოვლინდა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე.
მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა კეთილად გამოყენება, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია და პარტიების სიმრავლე უკვე საუკუნეობით არსებობს, გამომუშავებულია კამათის ეთიკა. ჩვენთან კი ეს არც იყო და არც არის. ჩვენი სულიერი და კულტურული დონე იმდენად დაბალია, რომ კამათის დროს გადავდივართ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე, მუქარაზე, არ ვერიდებით არც ცოცხალს, არც მკვდარს. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერიო. ჩვენ კი წარმართების დონემდეც ვერ ავმაღლებულვართ. ცუდის თქმას არ ვჯერდებით, მკვდრებს საფლავებშიც აღარ ვაყენებთ.
დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მან დაღუპა საქართველო.
ის კი გვავიწყდება, რომ XIX-XX საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულიერი დონის დაკნინებისა, სულმოკლეობისა, ურთიერთმტრობისა... და რომ წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა. ჩვენც მონანი ვართ ამ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია. საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას განა ჩვენ უკეთესნი ვიქნებოდით. გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს?
საერთოდ ჩვენ გვავიწყდება, რომ ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში. მოძმის მხილებას კი სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად, თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავედ იქცევა. ნებისმიერი პარტიის წევრში თუ უპარტიოში, ხანდაზმულში თუ ჭაბუკში მტერი კი არა, ჩვენი მამა, დედა, და, ძმა, მეგობარი უნდა დავინახოთ და ამ თვალთახედვიდან უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების გამოსასწორებლად.
ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი; და თუ არ შეგვიძლია მოწყალე ვიყოთ შეურაცხმყოფელთადმი, როგორღა ვთხოვთ უფალს შეწევნას, როგორღა ვამბობთ, "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა", განა ჩვენ ცოდვებით ყოველდღიურად არ შეურაცხვყოფთ ღმერთს?! რატომ ვითხოვთ მისგან ლმობიერებას, როცა ჩვენ ულმობელნი ვართ?! და თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი. სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.
გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით.
სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა დამღუპველია.
ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა შედგეს ყველა პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა კრება, რომელიც გამოიმუშავებს პარტიების კამათის ეთიკის კანონებს, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ყველასათვის.
ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ სხვათა შეხედულებებს, მაგრამ როცა ეცნობიან მათ აზრებს და თავისას ადარებენ, ხშირად შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ თავის მოქმედებასა და მიმართულებაში.
ამიტომაც, თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის.
სხვადასხვა აზრები ერთმანეთზე მოახდენენ გავლენას. ისინი დაუახლოვდებიან, შეავსებენ, მიიზიდავენ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობენ პოზიციათა ურთიერთგაგებას, კონსოლიდაციას.
იმისთვის კი, რომ გავეცნოთ სხვათა შეხედულებებს, განვსაჯოთ და განვსაზღვროთ მომავლის გზის მიმართულება, დრო გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ სულსა და ხასიათში გვიზის სიჩქარე, სულსწრაფობა უნდა დავიოკოთ, ხომ ფაქტია, როცა ვჩქარობთ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ.
ყოველივე აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მიტინგებისა და გაფიცვების სახით ევროპიდან შემოსულმა პროტესტის თუ აზრის გამოთქმის ამ ფორმამ დრო მოჭამა, ხალხი შეეჩვია მას, დაიღალა და უკურეაქცია გაჩნდა.
სასურველია, ყველა პარტიის მონაწილეობით შექმნილ კომპეტენტურ ორგანოსთან ჩამოყალიბდეს "იდეათა ბანკი", რომელიც განიხილავს ყველა წამოჭრილ საკითხს და წინადადებას, მთელი სამართლიანობით განსჯის მათ და საბოლოოდ დაასაბუთებს ამა თუ იმ აზრის სისწორეს ან უმართებულობას.
ორგანოს გადაწყვეტილებას უნდა დაეთანხმოს იდეის შემომტანი.
ორგანოს განაჩენი აუცილებლად უნდა შესრულდეს.
მე იმედის თვალით ვუყურებ მომავალს. ამის საფუძველს გვაძლევს თუნდაც 19 მარტს მომხდარი ფაქტი. ამ დღეს იმძლავრა ჩვენში მიძინებულმა სიყვარულმა, შეერთდა დაქსაქსული ქართული სული, სინანულის მადლით განიბანა და თანადგომისა და თანაგრძნობის სურვილით აღვსილი ერთგულების ფიცით წარდგა ღვთის წინაშე სიონის ტაძარში. ღმერთმა ისმინოს მათი, ღმერთმა დალოცოს და შეკრას საქართველო.
უნდა გვახსოვდეს, მტერი უძლურია თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. მან არ უნდა გამონახოს მოღალატე ჩვენს შორის. მტერი დღესაც არ გვაკლია, მაგრამ უფლის და ღვთისმშობლის დედობრივ კალთას მინდობილნი, მათ ჩვენ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით მივმართავთ: "თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ, ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივ შემჭმელი" (ესაია 33,11).
ხვალინდელ დღეზე ფიქრი განსაზღვრავს ჩვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას ახალგაზრდებზე; ეს სწორია, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მოზარდ თაობას უნდა მივაქციოთ.
დღეს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი...
ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, არავისთან შეგექმნას კონფლიქტი, არავის აწყენინო, ან არავინ გაწყენინოს. ჩვენს შვილებს უნდა შეეძლოთ მოთმინებაც, შენდობაც, გატანაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მათ არ უნდა ვასწავლოთ ღირსების დაცვა. მაგრამ, მათ ღირსება ღირსეულად უნდა დაიცვან, არა ლაჩრული გზით: კაცის კვლით, ბოროტებით, დაუნდობლობით, არამედ სიმართლით, მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით.
მოვუხმოთ სიბრძნესა და სიყვარულს, რამეთუ სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია.
საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სკოლებს.
აშშ-დან საქართველოში ჩამოსულ მოსწავლეთა ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი მიამბობდა, რომ ისინი კოლეჯებში გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა ბავშვებს ასწავლიან ჩხუბისა და უსიამოვნების შემდეგ მასწავლებლებისა და მშობლების ჩაურევლად შერიგების სხვადასხვა გზას; ასწავლიან სიკეთის ქმნას, მიმტევებლობას, გაჭირვებულისადმი დახმარებას, შრომისადმი პატივისცემასა და სიყვარულს. ჩვენ კი ამაზე არც გვიფიქრია. ჩვენ ვასწავლით, ვინ არის კლასობრივი მტერი და როგორ მოვსპოთ იგი.
სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში იკითხება საგანი, რომელსაც "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" ეწოდება. თუ ღვთისმეტყველება ჯერ კიდევ მიუღებელია ჩვენს სკოლებში, ზნეობა ხომ აუცილებელია. საგანს დავარქვათ "ზნეობრივი კულტურა" და შევიტანოთ იგი სკოლის პროგრამაში.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ თანამედროვე პედაგოგიკის ნაკლზე. გამოთქმულია მრავალი მოსაზრება, შემუშავებულია პროგრამა... მაგრამ იმას კი არავინ დაკვირვებია, რომ პირველი კლასიდან დამამთავრებელ კლასამდე ერთ სკოლაში მოსწავლეთა სწორად აღზრდა შეუძლებელია; რომ აბსურდი და უდიდესი დანაშაულია, როცა პირველკლასელს ვაიძულებთ, თითქმის იმდენივე ხანს იჯდეს გაკვეთილზე მობილიზებული, რამდენ ხანსაც ვთხოვთ, ვთქვათ, მეათე კლასის მოსწავლეს. სწავლების ასეთი ფორმით ხომ ბავშვს ძალაუნებურად რობოტად ვზრდით.
ყმაწვილის დატვირთვა თავდაპირველად მსუბუქი ფორმით, ვთქვათ 5 ან 10 წუთით უნდა დავიწყოთ. შემდეგ კი ნელ-ნელა გავზარდოთ დრო, რომ ისინი სიბეჯითეს თანდათან შეეჩვიონ. სწავლების პროცესში ჩვენი ის ნაკლიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველებს გვახასიათებს საქმის კარგად დაწყება, მაგრამ დამთავრება კი გვიჭირს, არ გვიყვარს მისი ბოლომდე მიყვანა. ამიტომ ბავშვს რა ხნის განმავლობაშიც დავსვამთ გაკვეთილზე, ისეთი დავალება უნდა მივცეთ, რომ იმ დროში აუცილებლად ჩაეტიოს, დაასრულოს იგი, ან საქმის გარკვეული ნაწილი მაინც, რომ მას გამოუმუშავდეს დაწყებულის აუცილებლად დამთავრების სურვილი და მოთხოვნილება.
ალბათ, ყველაზე სასურველია, სკოლები დაიყოს კლასების მიხედვით, ერთი სკოლა იყოს პირველი კლასებისათვის, სხვა - მეორე კლასებისათვის და ა. შ. ანდა ერთი სკოლა დაწყებითი კლასებისათვის, მეორე - მოზარდთათვის და ა, შ., სამწლიანი შუალედით თითოეული.
ბოლო წლების მღელვარებამ დაგვანახა, რომ ჩვენი მოქმედება ძირითადად გრძნობებსა და ემოციებზეა დაყრდნობილი და რომ გონება არ აკონტროლებს მას. ემოციურობა კარგია, იგი ჩვენი თვისებაა, მაგრამ არ არის საკმარისი. გვაკლია ღრმა ანალიზის უნარი.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ადამიანის აზროვნება ზედაპირულია, მოკლებულია ღრმა განსჯას, რასაც მეცნიერები რადიოს, ტელევიზიის, პრესის, კინოს, თეატრის და ინფორმაციის სხვა საშუალებების სიმრავლით ხსნიან. კაცი ვერ ასწრებს ყველაფრის აღქმას, ამიტომაც მისი გონება სწრაფად გადადის ერთი საგნიდან მეორეზე.
მიგვაჩნია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება შეგვიძლია, თუ შეიქმნება I კლასიდან დამამთავრებელ კლასამდე სასკოლო კურსი ღრმა აზროვნების სწავლებისათვის, სადაც გამოყენებული იქნება ღვთისმეტყველების, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის... მონაპოვარი, ჩვენი ერის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი (თეორიული მასალა აუცილებლად მაგალითებით უნდა იყოს განმტკიცებული).
ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენით და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.
ქრისტეს აღდგომის ნათელი მოიცავს მთელ სამყაროს. მისი მადლით ნიშანდებულნი უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვისაგან, რათა ვეზიაროთ ჭეშმარიტებას; თუ არ განვიძარცვეთ სხეული ძველი ადამისა და არ შევიმოსეთ ქრისტეს სამოსით, მარადიული სიკვდილისათვის გავწირავთ თავს.
მაგრამ იესომ ხომ შემუსრა საკვრელნი სიკვდილისა, - იკითხავს ზოგი.
სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული.
მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და ამით მორწმუნეთათვის სასუფევლის კარი შეაღო.
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა, რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.
მაშ, დავფლათ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი და შევუდგეთ ქრისტეს, მასთან ერთად მოვკვდეთ, რათა მასთან ერთად აღვდგეთ და ვიდიდებოდეთ მასთან ერთად.
"გიხაროდეთ, რამეთუ უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეუფე; ის გადაგვარჩენს" (ესაია 33,32).
გიხაროდეთ,

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 1990 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოველთა ქართველთა, მკვიდრთა საქართველოჲსადა

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3