წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
თავმოყვარეობის შესახებ
55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის გულისთქმა მოჰყვება, ვერცხლისმოყვარეობას - ანგარებისა, პატივმოყვარეობას - ამპარტავნობისა, სხვა დანარჩენი კი, მაგალითად; მრისხანების, გულღვარძლიანობის, სასოწარკვეთის, შურის, ცილისწამებისა და სხვა გულისთქმანი, აღნიშნული სამის შედეგია. ეს ვნებები მძიმე ლოდივით აწვებიან გონებას, ნივთიერ საგნებზე აჯაჭვავენ და მიწისაკენ მიდრეკენ მას, რადგან გონება თავისი ბუნებით ცეცხლზე უფრო მსუბუქი და ფაქიზია.
საკუთარი ცოდვების დავიწყების შესახებ
54. ვინც დაინტერესებულია სხვისი ცოდვებით, ან ეჭვის საფუძველზე განიკითხავს ძმას, მას ჯერ კიდევ არ ჩაუყრია სინანულის საძირკველი და არ გარჯილა, შეეცნო საკუთარი ცოდვები, რომლებიც, მართლაც რომ, უმძიმესი ტვირთია და არ უწყის ადამიანმა, თუ რატომ არის "გულფიცხი, ამაოების მოყვარული და სიცრუის მაძიებელი" (ფს.4.3). იმიტომ, რომ, უგუნური და ბნელში მოარული, თავის ცოდვებს ივიწყებს და მხოლოდ ეჭვების საფუძველზე ფიქრობს სხვის ნამდვილ თუ წარმოსახულ ცოდვებზე.
53. განა არ უნდა შეძრწუნდეს, შეშფოფდეს და გაოგნდეს გონება, როცა "მამა ღმერთი არავის ჰსჯის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" (იოან.5,22), ძე კი გვეუბნება;"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ" (მათ.7.1), "ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ" (ლუკ.6.37), მსგავსად ამისა, მოციქული ამბობს "ნაადრევად ნუ განიკითხავთ, ვიდრე არ მოვა უფალი" (1 კორ.4,5), და კიდევ:"რომლითაც სხვას განსჯი, შენსავე თავს განსჯი" (რომ.2,1); მაშინ, გეკითხებით, როცა ეს ასეა, ადამიანები თავს რატომ ანებებენ საკუთარ ცოდვებზე ტირილს, ძე ღმერთს ართმევენ განსჯის უფლებას და თვითონ, თითქოსდა უცოდველნი, სჯიან და ასამართლებენ ერთმანეთს? ცა მრისხანებს ამის გამო და მიწა ირყევა, მათ კი, გრძნობადაკგრგულთ, არ რცხვენიათ ამისა!
52. როგორც სხეულისთვის არსებობს ნივთიერი სამყარო, ასევე გონებისთვის - წარმოსახვითი სამყარო და როგორც დედაკაცის სხეულთან მრუშობს სხეული, ასევე გონებაც წარმოსახული დედაკაცის სხეულთან მრუშობს თავისი წარმოსახული სხეულით, რამეთუ ის წარმოსახვით თავის სხეულს წარმოსახული დედაკაცის სხეულთან ერთად ხედავს. ასევე იგი ფიქრში სამაგიეროს მიაგებს თავის წარმოსახულ მაწუხებელს. იგივე ხდება სხვა ცოდვათა შემთხვევაშიც, რამეთუ რასაც სხეული ნივთიერ სამყაროში საქმით აკეთებს, იმასვე ფიქრებით სჩადის გონება წარმოსახულ სამყაროში.
თემა: ცოდვა, გონება, სხეული, გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
50. თუ ხანგრძლივად ღმერთს მივაპყრობთ ყურადღებას და გულდასმით ვიზრუნებთ სულის ვნებიან ნაწილზე, მაშინ გულისთქმების შემოტევისას უკვე აღარ გადავუხვევთ მართებული გზიდან, არამედ ზუსტად გავიგებთ მათ მიზეზებს და აღვკვეთთ მათ, წინდახედულები გავხდებით, ისე რომ ჩვენზე ახდება წინასწარმეტყველური სიტყვები: "და იხილა თვალმან ჩემმან მტერთა ჩემთა, და მათთვის რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა".(ფს.91,12).
49. თუ ღმერთს ჭეშმარიტად შევიყვარებთ, მაშინ ამ სიყვარულით ვნებებსაც აღმოვფხვრით. ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული კი იმას ნიშნავს, რომ ის წუთისოფელს ამჯობინო, ხოლო სხეულს - სული, რაც ამქვეყნიური საგნების უარყოფასა და ღვთისადმი თავის მიძღვნაში გამოიხატება, ეს კი არის თავშეკავება, სიყვარული, ლოცვა და ფსალმუნება.
47. ყოველგვარ ჩვენს ქმედებაში, როგორც მრავალგზის ითქვა, ღმერთი მიზანს უყურებს, მისთვის ვიქმთ თუ სხვა მიზეზის გამო. ამიტომ როცა რაიმე კეთილის გაკეთება გვსურს, მიზნად კაცთმოყვარეობა კი არ უნდა დავისახოთ, არამედ ღვთისათვის სათნო ყოფა. მარადიულად ღმერთს რომ ვუცქიროთ, ყველაფერი მისთვის უნდა ვაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაოდ გავირჯებით და სასჯელსაც დამიმსახურებთ.
თემა: სიკეთე, კეთილი საქმეები, ღვთის სათნო ყოფისათვისავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
46. სამყაროში მრავალია გლახაკი სულითა, მაგრამ არა მართებულად გლახაკი; მრავალია მგლოვიარე, მაგრამ ან ქონების, ან შვილის დაკარგვის გამო; მრავალია მდაბალი, მაგრამ უწმინდური ვნებების გამო; მრავალია მშიერი და მწყურვალე, მაგრამ იმიტომ, რომ უკანონოდ მიიტაცოს სხვისი და ანგარებით გამდიდრდეს; მრავალია მოწყალე, მაგრამ ხორცისა და ხორციელისადმი; და გულით წმინდანიც არიან, მაგრამ პატივმოყვარეობის გამო; მშვიდობისმყოფელნიც არიან, მაგრამ სულს სხეულს უმონებენ. ბევრია დევნილი, მაგრამ პირადი უკეთურობის გამო; ბევრია შეურაცხყოფილი, მაგრამ ბილწი ცოდვების გამო. ნეტარნი კი ისინი არიან, რომელნიც იღვწიან და იტანჯებიან ქრისტესთვის და ქრისტეს გამო. რატომ? "რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა და რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ.5,3,8); და ასე შემდეგ. ისინი ნეტარნი არიან არა იმიტომ, რომ ამგვარად იღვწიან და იტანჯებიან, რამეთუ ზემოთ მოსხენიებულნიც იმავეს აკეთებენ, არამედ იმიტომ რომ იღვწიან და იტანჯებიან ქრისტეს გულისთვის და ქრისტეს გამო.
თემა: ღვთის სათნო ყოფისათვისავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ