ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

image image123image image

წმიდა ექვთიმე და იუდეველები

ექვთიმე ათონელს, სახარების ქართულად სულიწმიდის მადლით მთარგმნელს ჰყავდა მეგობარი, თესალონიკელი კათალიკოსი, რომელსაც ერთი სჯულისმეცნიერი იუდეველის მოქცევა ეწადა და თანადგომისათვის მიმართა ექვთიმეს. როდესაც საღვთისმეტყველო არგუმენტების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ებრაელმა დაიწყო ქრისტიანობის გმობა, უდიერი სიტყვების გაგონებით შეძრწუნებულმა ექვთიმემ შერისხა ებრაელი:
-დაიყავნ პირი შენი, ბილწო ჰურიაო!
და იმ წუთასვე დამუნჯდა იუდეველი. მისი თვისტომნი, რომელნიც თან ახლდნენ სჯულისმეცნიერს, ფეხებში ჩაუვარდნენ ბერს, რათა მიეტევებინა მისთვის. ექვთიმემ უპასუხა:
-რომელი იგი ჰგმო, მისგან შეინდოს და სარწმუნოებად მოვიდეს, მე შემინდია.
კათალიკოსიც შეეხვეწა მგმობელის შენდობასა და მისთვის ლოცვას. მართლაც, როგორც კი წმიდა ბერმა ილოცა და ჯვარი გადასწერა, მყისვე აეხსნა ბაგეები ჰურიას და ენა ამოიდგა. იგი ფეხებში ჩაუვარდა ექვთიმეს, ქრისტიანად მოინათლა და შემდგომში ღრმად მორწმუნე კაცად იქცა.
მაგრამ იყო სხვა შემთხვევაც: სჯულის მეცნიერი და სწავლული კიდევ ერთი ებრაელი, სიტყვაში შეება მამა ექვთიმეს. თავიდან ბერი მშვიდად უხსნიდა და განუმარტავდა სარწმუნოებრივ საკითხებს, მაგრამ როდესაც ამ მზაკვარმა იხილა საკუთარი ძლევა, ღვთის გმობას მოჰყვა. გაუჭირდა ამ სიტყვების მოსმენა ბერს და უთხრა, რომ როდესაც მას სარწმუნოებაში გარკვევა სურდა, განსწავლიდნენ და მიუთითებდნენ, მაგრამ რადგან იუდეველი უფლის გმობას ბედავდა, დაე, დადუმებულიყო ენა მისი მგმობარი.
იუდეველი იმავე წუთში დამუნჯდა და შეუნანებელმა მეორე დღეს სული განუტევა. ექვთიმე ათონელს, სახარების ქართულად

წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი.
ისინი ეშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნობიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვევას, რომ ზოგიერთ მოსაზრებას ზედმეტი ყურადღება მიაქციო. ის მათზე მიაჯაჭვავს შენს გონებას და ტყუილუბრალოდ იტანჯები. მაგალითად, მან შესაძლოა, გმობის აზრები ჩაგინერგოს დედა-იღუმენიას ან სულაც ჩემს მიმართ. ყურს ნუ დაუგდებ ამ აზრებს. თუ გმოის აზრებს თუნდაც მცირეოდენ ყურადღებას მიაქცევ, მათ შეუძლიათ დაგტანჯონ, სრულიად დაგანგრიონ. შენთვის ცოტაოდენი კეთილი გულგრილობაა საჭირო.

გმობის ზრახვებით ეშმაკი ხშირად ღვთისმოსავ და ძალიან მგრძნობიარე ადამიანებს ტანჯავს. ის ძალიან აზვიადებს მათ დაცემას მათსავე თვალში, რათა მწუხარებაში ჩააგდოს. ეშმაკი ესწრაფვის, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს ისინი, რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე; მაგრამ თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ცდილობს, უკიდურეს შემთხვევაში, ჭკუიდან შეშალოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი. თუ ამასაც ვერ მოახერხებს, ისიც სიამოვნებას ანიჭებს, რომ მწუხარებასა და მოწყინებაში აგდებს მათ.

ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელიც გამუდმებით იფურთხებოდა, მის შესახებ მითხრეს, ეშმაკისაგან არის შეპყრობილიო. - "ასე არ არის, - მივუგე მე, - ეშმაკეულები ასე არ იქცევიან". და მართლაც, როგორც დანამდვილებით შევიტყვე, ამ საბრალოს ისეთი არაფერი დაეშავებინა, რომ შეპყრობილი გამხდარიყო. ის ობლობაში იზრდებოდა და მგრძნობიარობით გამოირჩეოდა. ამასთან "მემარცხენე" აზრები და ცოტა ავადმყოფური წარმოსახვა ჰქონდა. ეშმაკმა ყოველივე ეს კარგად შენიშნა და გმობის აზრების გზავნა დაიწყო, ხოლო როდესაც ეს აზრები მიუვიდოდა, იმის სურვილით, რომ გმობისაგან გათავისუფლებულიყო, "აფურთხებდა" მათ. ვინც ამას შორიდან აკვირდებოდა, ყველა თვლიდა, რომ ეს შეპყრობილი იყო.

აი ასე: მგრძნობიარე დოყლაპია გმობის ზრახვებს აფურთხებს, სხვები კი ეუბნებიან, ეშმაკეული ხარო!

ხშირად გმობის ზრახვები ადამიანს ეშმაკის შურის გამო მოსდის, განსაკუთრებით - ღამისთევის ლოცვის შემდეგ. ხდება, რომ დაღლილობისაგან მკვდარივით ეცემი და მტრიასთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია. აი, სწორედ ასეთ დროს ბოროტმოქმედ ეშმაკს გმობის ზრახვები შემოაქვს შენში. შემდეგ კი, რადგანც სურს, დაგაბნიოს ან სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, დაგიწყებს ჩაგონებას: - "ასეთი ზრახვები თვით ეშმაკსაც კი არ აქვს, მორჩა, შენ ვეღარ ცხონდები". ეშმაკს შეუძლია, რომ გმობის აზრები, თვით სულიწმიდის მიმართაც კი ჩანერგოს, შემდეგ კი უთხრას, რომ სულიწმიდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა.
წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ გმობის აზრების შემოტევა თვითონ ჩვენივე ბრალი იყოს?
დიახ, შესაძლოა, ადამიანმა თვითონვე მიცეს მიზეზი ასეთი აზრის გაჩენას. თუ გმობის აზრები გადამეტებული მგრძნობიარობით არ არის გამოწვეული, მაშიმ ისინი ამპარტავნების, განკითხვის და სხვა მსგავსი ცოდვების გამო მოდის. ამიტომ, თუკი მოღვაწეობისას ურწმუნოებისა და გმობის ზრახვები გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი ღვაწლი ამპარტავნებით აღესრულება. ამპარტავნება აბნელებს გონებას, დასაბამს უდებს ურწმუნოებას და ადამიანი საღვთო მადლის საფარველს მოაკლდება, გარდა ამისა, გმობის აზრები ეძალებიან იმ ადამიანს, რომელიც საჭირო წანამძღვრებს არ ფლობს და დოგმატური საკითხებით კვლევას ცდილობს.
ისინი ეშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ


რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის

დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არამედ იგი ჩვენთვისაც მოამზადა, როდესაც მოისურვა, რომ მადლით თავის შვილებად და სულიწმიდის თანაზიარად გავეხადეთ. ჩვენი ცხონებისათვის დემონების წინააღმდეგ იბრძვის ზეციური მხედრობა – ანგელოზები და მთავარანგელოზები, რომელთა მსახურება იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვან ადამიანები და ცხონებაში დაეხმარონ. ამაზე წმიდა წერილი ამბობს: "ნუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთა იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?" (ებრ. 1, 14).
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა "არაარსიდან" შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის "არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა" (1 თეს. 5, 9). ჩვენ ცხონებისათვის უფალმა მოგვცა კანონი და მცნებები და გამოგზავნა წინასწარმეტყველები, რომელთაც სხვა მიზანი არ ჰქონიათ, თუ არა ის, რომ ცხონების გზა ესწავლებინათ ჩვენთვის. მამაც, ძეც და სულიწმიდაც – ერთარსი სამება, იღწვის ჩვენი ცხონებისათვის. და რამდენადაც დიდი იყო სამყაროს შექმნის საკითხი, იმდენადვე, არანაკლებ დიდი იყო ჩვენი ცხონების საკითხიც. რამეთუ ჩვენი შეყვანა სამყაროში, ჩვენი ცხონება ღვთის ყოვლისშემძლე ქმედების შედეგია. რწმენის მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა – ჩვენი სულების ცხონება, როგორც პეტრე მოციქული წერს: "და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხონებაი სულთაი" (1 პეტრე 1, 9).
როგორი ბრმები ვართ, ძმანო ჩემნო, თუ ვერ ვხედავთ იმას, რამდენი გააკეთა ღმერთმა ჩვენი ძვირფასი სულების ცხონებისათვის. ასე რომ, შევიტყვეთ რა ახლა ცხონების სიდიადე, ჩვენი ცხოვრების დარჩენილი დღეების სიმცირე, ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულ პავლეს სიტყვები: "აჰა, ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაი" (2 კორ. 6, 2). ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, არასოდეს არ იფიქრო იმის შესახებ, რა გააკეთა ჩვენი ცხონებისათვის უფალმა? გამოვაღვიძოთ ყველა ჩვენი მიძინებული კეთილი მისწრაფებები და გამოვიყენოთ ცხოვრების დარჩენილი დღეები ჩვენი სულის ცხონებისათვის. ვთქვათ ის, რაც სჯულისმოძღვარმა უთხრა ქრისტეს: "რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?" ეს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. "რა გავაკეთო, რომ ვცხონდე?" ყველა დანარჩენი მავნე, უსარგებლო და ამაოა. ჩვენ უკვე მრავალგზის დავაყენეთ საკუთარი ცხონება საფრთხის წინაშე. ამის შემდეგ მაინც გვეშინოდეს მსგავსი საქციელისა. ვმადლობდეთ ღმერთს იმისათვის, რომ იგი თავისი უდიდესი მადლით ითმენს ჩვენს დაუდევრობას საკუთარი ცხონების მიმართ. ვილოცოთ მის წინაშე, რათა შეგვეწიოს დაწყებული საქმის დასრულებაში.
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუნებასთან შეაერთა და ისეთი ვნებები იტვირთა, რომ მთელი მისი სხეული – თავიდან ფეხებამდე ერთიანი ჭრილობა იყო და მან ისეთი ტკივილები აიტანა, რომელიც არ განუცდია არცერთ ადამიანს, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული" (ესაია 53, 3).
იგი სიღატაკეში, გამოქვაბულში დაიბადა; არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა: "მელთა ხურელი უჩს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს" (მათე 8, 20). მან დაითმინა უმძიმესი გინება და სიცოცხლე უპატიო სიკვდილით, სიღატაკეში დაამთავრა, "იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა" (ფილ. 2, 8); თავისი ხორცით აუწერელი ტკივილები აიტანა სასტიკი მწამებლებისაგან იქამდე, რომ სისხლი მდინარეებად მოედინებოდა მიწაზე. მან ისეთი მწუხარება და ბრძოლა გადაიტანა, როგორიც არასოდეს არავის აუტანია – "შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილამდე" (მატე 26, 38). მოკლედ რომ ვთქვათ, მასზე მოიწია მთელი წყება სატანჯველისა იმისათვის, რათა ჩაექრო მარადიული ტანჯვის ცეცხლი, რომელიც ჩვენი ცოდვებით ავაგზნეთ, აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენ ზეცაში ავეყვანეთ.
ასე რომ, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ასეთი საშინელი სიკვდილით ჩვენ დამღუპველი მდგომარეობისაგან გაგვათავისუფლა და იმდენი ვნება აიტანა, რაც არავის აუტანია, ვხვდებით, რაოდენ ძვირფასია ჩვენი ცხონება. და თუ არ გავიაზრებთ ამას, როგორი უპასუხისმგებლონი ვიქნებით მის წინაშე!
ყოველივე ამის შემდეგ ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, რამდენად გასაოცარია ასეთი რამ: ქრისტემ დაღვარა თავისი ყოვლადწმიდა სისხლი ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენ კი არ გვსურს, ვიზრუნოთ მასზე ისე, როგორც მოციქულმა პავლემ გვამცნო: "ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ" (გალ. 6, 10). თუ ახლა არ შეგვაშინებს ჩვენი დაუდევრობა, აუცილებლად შეგვაშფოთებს იგი მართალი მსაჯულის – ქრისტეს ტახტის წინაშე, როდესაც ჩვენი საქმეები გამომჟღავნდება ისე, როგორც ის სინამდვილეში იყო.
შეგვრცხვეს ჩვენი დაუდევარი და ცოდვილი ცხოვრებისა, რომლითაც დღემდე ვცხოვრობდით და გადავწყვიტოთ, დავძლიოთ ყველა ჩვენი ვნება და ბოროტება, რომელიც გვებრძვის. და თუ აქამდე ჩვენ დაუდევრად ვეკიდებოდით ჩვენს ცხოვრებას, როგორც უმნიშვნელო და არადჩასაგდებ საქმეს, ახლა მაინც მხურვალედ ვილოცოთ უფლის წინაშე, რათა მან გაგვინათოს გზა იმისათვის, რომ ახლა მაინც ვიქმოდეთ რაიმეს ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგანაც დრო, რომელიც შეგვეძლო, ჩვენი გამოსწორებისათვის დაგვეთმო, აღარ დაბრუნდება. დაფიქრდი საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი


ფიქრები უძღები შვილის იგავზე

იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ მამისეული სახლიდან წასვლით უძღები შვილი ძალიან უგუნურად მოიქცა. რა შეემთხვა მას, როდესაც მამამ შეწყვიტა მისი ხელმძღვანელობა?! მანამდე იგი მუდმივად მამის უბეში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ის გააკეთა, რაც თავად მოისურვა. ადრე მას მამის ყველა მსახური ემსახურებოდა, ისინი მასთან ალერსიანები იყვნენ, პატივს სცემდნენ, როგორც მამისეული ქონების მემკვიდრეს. ის, როგორც მამამისი, ბატონად ითვლებოდა სახლში და ნებისმიერ საგანზე ჰქონდა ძალაუფლება.
მაგრამ მცდარი თავისუფლების მოპოვების სურვილმა იგი მონად და მოჯამაგირედ აქცია, მაშინ, როცა ადრე იგი ძე და მემკვიდრე იყო. იგი იმ მეფურმა ცხოვრებამ დაამძიმა, რომელსაც მამის მორჩილებაში ყოფნისას ეწეოდა და ამ ცხოვრებით დაღლილობამ და თავისუფლების სურვილმა უბიძგა მას იქითკენ, რომ გადაწყვიტა, მიეღო მემკვიდრეობისგან კუთვნილი ნაწილი და მამისეული სახლიდან წასულიყო: "მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი" (ლუკ. 15, 12). მამამ არ მოინდომა, წინ აღდგომოდა მის მისწრაფებას და გაუშვა, რათა თავად გამოეცადა, რას ნიშნავს მადლის ჩამორთმევა, რომელიც მას შინ ჰქონდა და რომელიც მას შესძულდა, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი განმარტავს: "მამა იმიტომ უშვებს და არ ეღობება წინ მის უცხო ქვეყანაში წასვლას, რომ საკუთარი მაგალითით კარგად გაიგოს, როგორ მადლს ანიჭებდა მას შინ ყოფნა" (სიტყვა I, სინანულისათვის). და რამდენადაც, მამამ ვერ შეძლო მისი სიტყვებით დარწმუნება, ამიტომ უშვებს, რომ ცხოვრებამ და შეჭირვებებმა ასწავლოს მას. იგივე წმიდა მამა ასე ამბობს ამის შესახებ: "უფალი ხშირად ანებებს სიტყვებით სწავლებას თავს, რათა ადამიანს თავად ცხოვრებამ ასწავლოს". როგორც დაწერილია: "ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ" (იერ. 2, 19). რამეთუ სამოთხეში ყოფნისას ვერც ადამი აფასებდა თავის ბედნიერებას, მან მხოლოდ განდევნის შემდეგ გაიგო მისი ფასი. ასე რომ, მამა უნაწილებს შვილებს მამულს: "და განუყო მათ საცხოვრებელი იგი და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან: და წარვიდა შორსა სოფელსა: (ლუკ. 15, 12-13).
საყვარელო, ეს გულისამაჩუყებელი იგავი ცოდვის საკმაოდ აშკარა სახეს გვიცხადებს, რომელსაც შენ უფლის მორჩილებაზე უარის თქმით ჩადიხარ. ნუთუ ის ძე შენზე მდიდარი იყო, ვიდრე შენს უმანკოებას გაფლანგავდი? ნუთუ ის შენზე მადლიერი, ლამაზი და დიადი იყო? შენთვის სამკვიდროდ იყო გამზადებული მთელი სამოთხე. მოცემული გქონდა ძეობის მადლი; იმ სილამაზით იყავი დაჯილდოებული, რომელსაც სულიწმიდის მადლით უმანკოება და უცოდველობა ანიჭებს; სათნო იყავი ანგელოზებისათვის, წმიდანებთან ერთად აღიზრდებოდი, იყავი უფლის სულიერი ტაძარი, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა" (ეფ. 2, 19). ეს მადლი სულ შენთან იყო, იგი წარგმართავდა შენ; როგორც მოსიყვარულე დედა, ზეციური სიტკბოებებითა და ღვთიური საიდუმლოებებით გამშვიდებდა. მას ხშირად ჰყავდი გულში ჩაკრული, როგორც მხოლოდშობილი ძე, მაგრამ შენ ამ უგუნური ახალგაზრდის მსგავსად, შეიძულე ეს ყველაფერი და დაუდევრად გადაწყვიტე, ბოროტად გამოგეყენებინა უფლისგან ბოძებული თავისუფლება, რათა საკუთარი ახირებებით გეცხოვრა. იმის ნაცვლად, რომ ზეციური მამის მორჩილი ყოფილიყავი და მომავალში მემკვიდრეობა მიგეღო, შენ დაშორდი მას და უბედური გახდი.
როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შექმნილს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი ტვირთი ("რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათ. 11, 30). შენი ტყვეობა თავისუფლება გგონია. მოიცილე გონებიდან სიბნელისა და სიცრუის ეს უმძიმესი საფარველი და შეიცანი, რომ არ არსებობს სხვა თავისუფლება, გარდა იმისა, როცა შენ ემორჩილები უფალს და ზეციური მამის ნებას ხარ მინდობილი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: "აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი" (რომ. 6, 22). დაე, საზიზღარი გახდეს შენთვის გაუფრთხილებლობა, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიქეცი სამეფო პალატებიდან; შეინანე მამის წინაშე შენი შეცდომები და დაჰპირდი, რომ არასდროს დატოვებ მის ღვთიურ სახლს. მაგრამ იმდენად, რამდენადაც მამისეული სახლისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ჭეშმარიტი ძის ყოლა და არა – მონისა, როგორც შენ ხარ, ამიტომ ილოცე მხოლოდშობილი ძის წინაშე, რათა მან შენც მამის ძედ გაქციოს, გაგათავისუფლოს ცოდვის მონობისგან, და შენც, როგორც ძემ, შეძლო ზეციური ოჯახის სახლში ყოფნა, როგორც ამას დაგვპირდა: "მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უკუნისამდე. უკუეთუ ძემან განგათავისუფლეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ" (იოან. 8, 35-36).
იფიქრე, საყვარელო, იმ უბედურ ცხოვრებაზე, რომელსაც მამისეული სახლის მიღმა ეწეოდა საწყალი და უცნობი ახალგაზრდა, და იმაზეც, რაც მან დაკარგა. მან ოთხი რამ დაკარგა. პირველი – გაფლანგა მთელი თავისი ქონება; მეორე – ცხოვრება დაიწყო საკმაოდ მკაცრ ბატონთან; მესამე – მიიღო ყველაზე ბინძური სამუშაო, ღორების მოვლა; და მეოთხე – ისე შიმშილობდა, რომ ღორების სალაფავის ჭამა ენატრებოდა, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. ასევე განიცდის ყოველი ცოდვილი მსგავს უპოვარებას და უფრო მეტსაც. მათი უპოვარება შემდეგში მდგომარეობს: პირველი – ასეთი უბედური ადამიანი ფლანგავს უფალთან მეგობრობას, ამასთან ერთად – ზეციურ მადლსაც, რადგან თავის გონებას ხორციელ საქმეებს ახმარს; მეორე – იგი თავს უმორჩილებს უბოროტეს მტერს – ეშმაკს; მესამე – მას ავიწყდება ნათლობით მინიჭებული თავისი ღირსება. იგი აბუჩად იგდებს ეკლესიის მიერ მიცემულ აღზრდას, რომელიც თავისი ღვთაებრვი საიდუმლოებებით ასაზრდოებს მას. იგი ხელს იღებს თავის ღვთის ძეობაზე და ამქვეყნიურ სამარცხვინო საქმეებში აბამს საკუთარ თავს – პირუტყვულ სიამოვნებებში და ხორციელ ავხორცობებში; და ღორის მსგავსად ამ ვნებების ტბაში ბანაობს. მეოთხე და უკანასკნელი – ამ საძაგელ ვნებებში ჩაფლულს, ამ უბედურს არ შეუძლია, არც გაძღომა თავისი ავხორცობებით, პირიქით – რაც უფრო მეტად იკვებება სამარცხვინო საქმეებით, მით უფრო მშიერი რჩება. ამის შესახებ ძალიან მართებულად ბრძანა ნეტარმა თეოფილაქტემ: "ბოროტების ჩამდენს არ შეუძლია მათით გაძღეს, რამეთუ სიამოვნება არაა მუდმივი, იგი მოდის და მიდის, ეს უბედური კი კვალავ განადგურებული რჩება" (უძღები შვილის იგავის განმარტება). ეს მდგომარეობა კი ცრემლების ღირსია.
ახლა კი, როდესაც შეიტყვე, თუ როგორ დაზარალდი ცოდვისაგან, რატომ არ თაკილობ ყველა ბოროტებას, რაც უფალს გაშორებს? გამოფხიზლებული რატომ არ გაიქცევი შენი სასტიკი და კაცთმოძულე ბატონის სახლიდან, რომელსაც არაფერი ისე არ ახარებს, როგორც შენი დაცემა?! თუ ფიქრობ, ცოდვაში ყოფნით და მტრებთან ურთიერთობით იპოვო სიმშვიდე, მაშინ იცოდე – უფალი და შენი სინდისი არ შეწყვეტენ შენს მხილებას და შერცხვენას. მაშ, როგორღა გინდა, თან სცოდო და თან ამქვეყნად სინდისიერი დარჩე?
ასე რომ, გაბედე მამაშენის ზეციურ სახლში დაბრუნება. გააცნობიერე, რომ მისგან მოშორებით მხოლოდ ავადმყოფობის, უპოვარებისა და გაჭირვების პოვნა შეიძლება. უფალთან სიშორით ღვთაებრივი წყალობით მონიჭებული მადლი გერთმევა. თუ შენ არ მიიღებ ზიარების საიდუმლოს, მაშ იცოდე, რომ უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფები. მაგრამ სულიერი შიმშილით რომ არ იშიმშილო და მარადიულად დანაყრდე ანგელოზების პურით, რომელიც არის ღვთის სიტყვა, ამიტომ ყოველთვის უფალთან დარჩი. მასთან დარჩენით არ იშიმშილებ. შენ შეგეძლება, ყველა სახის ცოდვას გადაურჩე – ბოროტ ზრახვებს, ქურდობას, ცრუმორწმუნეობას, ღვთისგმობას და ზეციურ მეუფესთან ერთად მეფურად იცხოვრო. მაშ, ნუღარ გეშინია! ადექი ჭუჭყიდან და გაიქეცი ტკბილი იესოსკენ, რადგან სხვაგან ვერაფერში იპოვნი ცხონებას (საქმ. მოც. 4, 12). იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ მამისეული


საშობაო ეპისტოლე - 1985

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:

"ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ
ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი" (იგავ. 4, 23)


ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13,13).
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7,14).
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.
ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.
"უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით", - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: "ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე" (იგავ. 27, 1).
ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც.
მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.
ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.
ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანი შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.
ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახებ. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.
თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.
აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდებათ, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 12,39).
ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.
სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. "... ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ", - წერს წმიდა ესაია წინსწარმეტყველი (ეს. 5,20).
აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვილების ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავით დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. "ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათ უკუნი ნათლად.
"მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს [?]სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.
"გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირველად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.
გვწამს, უფალი და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.
ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!
სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.
"მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა" (იგავ. 3,3-4).
გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი! საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2003

იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად

ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:

"თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ" (რომ.8,31).
ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: "ამას იტყვის წმიდაი იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დახშული იგი. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,7-8).
აი, ჩვენს წინაშეა გახსნილი კარი ცათა სასუფევლისა. ამ უნაპირო წყალობით მაცხოვარმა დაგვაჯილდვა.
ქრისტე აღდგა!
აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ!
აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით მას გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს.
ქრისტე აღდგა!
ისინი კი, ვინც უფლისმიერი სიხარულის ამ განცდას და სულიწმიდის მადლს განშორებულნი არიან, უნდა ეცადონ, ეკლესიური ცხოვრებით როგორმე მოიპოვონ იგი; როგორც წერს წმ. ირინეოს ლიონელი, "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმინდაცაა და სრული სისავსე მადლმოსილებისა. ეკლესიის და სულიწმიდის გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი დაუცველია და დაღუპვისათვის განწირული", რადგან, ცხოვრების მღვრიე ტალღებს შეჯახებული, სასოწარკვეთილებაში ადვილად ვარდება და ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევას დიდი ძალისხმევითღა თუ შეძლებს. სამწუხაროდ, ბევრნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, რაც სულიწმიდის გმობაა და არ ეპატიება ამის ჩამდენთ არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად.
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.
დიახ, თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭველობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით. თუმცა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაცემას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არ არის გვიან, ყველა სხვა ქვენა გრძნობასა და ინსტინქტს გადარჩენის წყურვილმა უნდა სძლიოს.
თითოეულ ჩვენგანს მძიმე, მაგრამ განმწმენდელი გზა გვაქვს გასავლელი. ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიმავალ ებრაელთა მსგავსად ჩვენ "სულიერი იერუსალიმისაკენ" უნდა ვისწრაფოთ. ასე რომ, "სინას უდაბნოს" დაძლევა მოგვიწევს და გარკვეული ხნით ფარაონიც მოინდომებს ჩვენ დევნას, მაგრამ თუ უფალი იქნა მწე ჩვენდა და მფარველ ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?! (ფს.). მაშ, დავით მეფის სიტყვებით შევთხოვოთ ღმერთს: "შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე" (ფს. 17,39).
მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ უფალთან, ანუ უნდა ვიყოთ წევრნი ჩვენი წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც ოცი საუკუნის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება და შეგვანარჩუნებინა თვითმყოფადობა, ჩვენი სული, ჩვენი მამული, ჩვენი საოცარი კულტურა.
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, სიმარტოვის მძიმე განცდასა და ყველანაირ მძიმე შიშს.
მოციქული პავლე ჩამოთვლის სულიწმიდის ნიჭთ, რომელთაც ადამიანი ეკლესიის მეოხებით ეზიარება: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23). აი, ამ საფუძველზე უნდა გახდეს თანაზიარი ცათა სასუფევლისა.
რა თქმა უნდა, ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ.
არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრომელად ებრძვის სიკეთეს; ოღონდ აქ აუცილებლად გამარჯვებას მიაღწევს ყველა, ვინც უფლისმიერი, ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელი გზით ივლის.
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდური და განსაცდელი თვით უფალსაც ჰქონდა უდაბნოში ყოფნის დროს და უწინარესად იქ განცხადდა მისი ძალა, სიბრძნე და მადლმოსილება.
ესეც იცოდეთ, თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინარეობს და არა განსწავლულობიდან, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია).
ყოველივე ზემოთქმულის შესახებ საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს როგორ აქცევს მონად მისი მიწიერი ვნებანი და, პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.
იგი ამბობდა: საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშიაო. "იყავი მართალი, და შენ იქნები თავისუფალი და ბედნიერიც. ყველას, ვისაც სურს მოიპოვოს თავისუფლება, შეუძლია ეზიაროს მას, ოღონდ ამისთვის აუცილებელია განთავისუფლდეს ცოდვისა და ყოველგვარი სიბილწისაგან".
"გაბატონდი შენს ვნებებზე, თორემ ისინი დაგიმორჩილებენ შენ; თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო და თავიდანვე გაანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს, შეაჯერე ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. იცოდე ესეც, თუ გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ".
თითქოს საუკუნეებს გადასძახისო ეს დიადი მონა, როცა ამბობს: "მიჩვენეთ თუნდაც ერთი მაგალითი, ერთი საშუალება გამდიდრებისა ისეთი, რომელიც არ წაბილწავს სულს და მეც მივბაძავ თქვენს რჩევას".
მეტად საინტერესოა ბრძენი ლაო-ძის დარიგებაც: "ძლიერია, ვინც სიყვარულითაა სავსე; გულუხვია, ვინც ზომიერად გასცემს; მეფობს, ვისაც მორჩილება შეუძლია.
ვინც ძლიერია და არა აქვს სიყვარული, - გაუბედურდება, ვინც გულუხვია, მაგრამ არ იცავს ზომიერებას, - გაღატაკდება, ვინც ბატონობს, მაგრამ არ იცის მორჩილება, - დაიღუპება".
ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავანი არ მოსწონს და ყველაზე მეტად თავმდაბლობას აფასებს. ამიტომაც, შინაგანი თვითკმაყოფილების გაჩენისთანავე (რაც ამპარტავნების უპირველესი ნიშანია) მსწრაფლ წვრთნის მას, ვინც უყვარს.
უდაბნოში ერთი ბერი მოღვაწეობდა და დაუცხრომელ ლოცვასა და მარხვაში იყო. ამპარტავნების ბოროტმა სულმა ნელ-ნელა იწყო მისი სულის დაპყრობა და თანდათან უნერგავდა აზრს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. როცა ასეთმა ფიქრებმა სერიოზულად შეაწუხეს, მას ეყო სიბრძნე, მიატოვა უდაბნო, მონასტერში დაბრუნდა და თავისი მდგომარეობის შესახებ წინამძღვარს უამბო. მან მაშინვე იგრძნო საფრთხე და უბრძანა, ჯოხი აეღო და ღორები ემწყემსა. ბერმა დაუჯერა. მისი საქციელი ბევრს გაუკვირდა და დაცინვა დაუწყო, მაგრამ მეუდაბნოემ მათ კეთილგანწყობას მორჩილება ამჯობინა. საკუთარი თავის ასეთი დამცირებით იგი გადარჩა და ცნობილი მამა გახდა.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენში დაჩლუნგებულია სულიერი ხედვის უნარი; იშვიათად თუ ვინმეს აქვს სურვილი, საწყის ეტაპზევე გააცნობიეროს ის საფრთხე, რომელსაც მასში თვითკმაყოფილება უკაფავს გზას და ეს დამღუპველი გრძნობა დროზე ალაგმოს. ამიტომაცაა ყველაზე მეტად ფესვგადგმული უდიდესი ცოდვა – ამპარტავნება.
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს "თავმდაბლობა" უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია თავის თავს ხშირად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას; ეს აუცილებელი პირობაა.
ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით მოიწვიეს მეუდაბნოე ცნობილი სულიერი მოძღვარი. იგი თავდაპირველად კრებაზე არ მოვიდა, მერე კი გამოცხადდა ზურგზე ძველი დიდი ტომრით, საიდანაც სილა იყრებოდა. ბერებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს. მოძღვარმა კი უპასუხა: "სილა – ეს ჩემი ცოდვებია, მაგრამ მე მოვედი ჩემი ძმის დასასჯელადო". ამით მან მიანიშნა, რომ ისინი, ვინც დამნაშავის განსჯას მოითხოვდნენ, თვითონაც ცოდვილნი იყვნენ და ამდენად არ ჰქონდათ მორალური უფლება სხვისი დამცირებისა. მონასტრის ძმებმა გულისხმაყვეს, რომ არასწორად მოიქცნენ, შეინანეს დანაშაული და შეცდომილი ბერი სიყვარულით შეიწყნარეს.
ეს მაგალითები, მართალია, სასულიერო პირთა ცხოვრებიდანაა, მაგრამ იგივე და უფრო მძიმე სიტუაციაა ერში. ერისკაცთ უფრო უჭირთ გააცნობიერონ, რომ თვითონ სხვაზე არანაკლებად დაცემულნი არიან, რომ განკითხვა აბინძურებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს და რომ ყველამ გამოსწორება სხვისგან კი არა, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.
მინდა შევჩერდე თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელ ერთ მოვლენაზეც: მეტად სასიხარულოა, რომ მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა, მთელ საქართველოში შენდება ეკლესია-მონასტრები. ალბათ, ასე მოკლე დროში ჩვენთან ამდენი ტაძარი არც არასდროს აგებულა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოსწყურდა 70-წლიანი ათეისტური რეჟიმით დათრგუნულ ხალხს ღმერთი და როგორ ილტვიან მისკენ მდიდარნიც და ღარიბნიც, მართალნიც და ცოდვილნიც, ასაკოვანნიც და უასაკონიც, მეცნიერნიც და უბირნიც.
ახალი ტაძრების მშენებლობა ღვთისთვის მართლაც სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა. ვინც ამას აკეთებს, უფლის წინაშე დიდად კეთილ საქმეს იქმს: ამასთან, ეს ნაბიჯი უფრო მოკრძალებულია და ამბიციურობისაგან თავისუფალი, ხოლო უფლისმიერი შეწევნა – გაცილებით დიდი, რადგან ასეთ ადამიანს და მის ოჯახს არ მოაკლდება მეოხება იმ სასულიერო და საერო პირთა, რომელნიც ამ ტაძრებსა და მონასტრებში ლოცულობდნენ და მოღვაწეობდნენ. მათი აღდგენა-განახლება წინაპართა პატივისცემისა და სამშობლოს სიყვარულის უფრო დიდი გამოვლინებაა.
საერთოდ, ძნელია გამოთქმა იმ გრძნობისა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღიარება ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის მკვიდრობს ჩვენს გულებში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, ესაა ჩვენი უთვალავი ტაძარი და მონასტერი, ჩვენი სიწმინდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი. ამიტომაც ამბობს ქართველი:
"როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა".
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მომივლია და მამულის ასეთი მტკივნეული განცდა სხვაგან არსად მინახავს. ეს გრძნობა განსაკუთრებით უნდა შეინარჩუნონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან დიდხანს ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ეროვნულ თვითშეგნებას კარგავს.
მახარებს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ერის შვილებიც დიდი სიყვარულით არიან განმსჭვალულნი ჩვენი მიწა-წყლისა და ხალხისადმი, თუმცა ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყველამ საქმით უნდა აჩვენოს. ეს უწინარესად ეხებათ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რადგან მათ ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პერიოდში. ერთი რამ ცხადია, თუ მართლაც თავისუფალ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პროცესი არ მიგვიყვანს ფსევდოთავისუფლებამდე, ქაოსსა და ნგრევამდე, რადგან ჭეშმარიტი თავისუფლებით ნაკარნახევი ჩვენი აზრები და ქმედებანი არ დაარღვევს ზნეობისა და ეთიკის ნორმებს. ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ახლა, როცა გვიახლოვდება საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო პოლიტიკურ მოღვაწეთაც და სასულიერო პირებსაც, რომ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ერი და, ამდენად, მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ყოვლად დაუშვებელია. სასულიერო პირებს, წმ. სინოდის დადგენილებით, აკრძალული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უშუალოდ მიღება (იგულისხმება საქმიანობა და არა ხმის მიცემა) და ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიისა თუ ცალკეული პიროვნებისადმი საჯაროდ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ისეთ პიროვნულსა თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უმთავრეს საკითხებში ჩვენს ჩაურევლობას, როგორიცაა, მაგ. ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება, სოციალური პრობლემები და სხვ.
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2,11). როგორც ჩანს დღესაც ხშირად უნდა გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელიც მორწმუნეებს დიდ შეცდომად უთვლიდა ასეთ დამოკიდებულებას: "მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კიდევ ქრისტესი. ნუთუ გაიყო ქრისტე?" (კორ.1,12-13).
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ხშირად ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შედარებით უფრო მკვეთრად უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მართალია, მუდმივად გვაქვს დენის და გაზის პრობლემა, დაბალია საპენსიო და სახელფასო ანაზღაურება, მცირეა სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს მაინც არ არის გამოუვალი მდგომარეობა. სხვადასხვა სახის პრობლემა ყოველთვის იყო; ამაზე მძიმე დროც გვქონია, მაგრამ დღეს სიტუაციას ამძაფრებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოვლენათა დრამატიზება და ამასთან ზნეობრივი თავაშვებულობის პროპაგანდა; ასევე ჩვენი დიდი ნაკლია დაყოფა და ურთიერთდაპირისპირება, რაც დრომაც მოიტანა.
მიუხედავად ყველაფრისა, მდგომარეობა გამოსწორებადია. მშვენივრად წერს ბრძენი: "ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა; ო, ბედნიერებავ, შენ ხარ ძირი უბედურებისა". ამიტომაც მჯერა, ადრე თუ გვიან, ხალხი ალღოს აუღებს შემოთავაზებულ სიახლეებს, შეძლებს ავისა და კარგის გარჩევას, მოიკრებს ძალას მანკიერ თვისებათა დასაძლევად, ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად და ერთობისაკენ ჩვენი სწრაფვაც რეალობად იქცევა.
ამ ეპისტოლეს მინდა ვუწოდო "იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად" და პავლე მოციქულის სიტყვებით დაგლოცოთ: "დაე, მოგეცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ადიდებდეთ ღმერთს... შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ" (რომ. 15,5-7).
მაშ, მიენდეთ უფალს და მისი შეწევნით ისწავლეთ პრობლემების დაძლევა.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენი ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა; ცალმხრივობა არც დღეს გამოგვადგება. ჩვენთვის ახლობელი უნდა იყოს ყველა; ზომიერება ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობაა, - ასეთია ღვთის განგებულება.
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: " რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა".
მაშ, სიხარულითა დიდითა განიხარეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებნო ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფნო თანამემამულენო, რამეთუ "სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
პასექი ქრისტესი,
თბილისი, 2003 წ. იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად<


საშობაო ეპისტოლე - 1989

ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, პატიოსან მოძღვრებსა და დიაკვნებს, სამონოზვნო დასს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე სულიერ შვილებს


ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიისა, გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ჯერ კიდევ უძველეს დროს წინასწარმეტყველი ესაიას პირით აი რას ბრძანებდა უფალი: "... აჰა ესერა დავსდებ საფუძველთა სიონისათა ლოდსა ფრიად პატიოსანსა რჩეულსა თავსა კიდურსა პატოსანსა, საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი არასადა ჰრცხვენეს" (ესაია 28,16).
ეს იყო წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე, რომელიც არის ქვაკუთხედი ჩვენი არსობისა და ცხოვნებისა.
კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ელოდა ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელებას. "და სიტვუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკვდრა ჩუენ შორის" (იოანე 1,14).
"შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა", - როგორც ადრე, დღესაც ამ სიტყვებით ეგებება წმიდა ეკლესია კაცთათვის განხორციელებულ მზეს სიმართლისას, ნათელს ჭეშმარიტს, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად" (იოანე 1,9). ქრისტეს შობა, ისევე როგორც წმიდა პასექი, ყველაზე სასიხარულო და დიდებული ზეიმია მორწმუნე ქრისტიანისთვის.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ.
ბეთლემს შობილი ყრმის თაყვანისსაცემად მოგვნი ძღვნით მოვიდნენ აღმოსავლეთიდან. ჩვენ კი რით შევხვდეთ ჩვენს მხსნელს, რა მივართვათ ძღვნად? რა გზას დავადგეთ?
მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და მაღალი თანამდებობა, სურს მხოლოდ ჩვენი სუფთა, სათნო, მრავალნატანჯი და მოწყალე გული; ესაა მისთვის ყველაზე ძვირფასი ძღვენი.
ნათქვამია, მსგავსი მსგავსს შეჰხარისო.
გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებით შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი, ოდენ აქ პოვებს იგი სულს, რომელიც მას სიყვარულით ენათესავება.
რა გზით ვიაროთ? - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი.
უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან - სიწმინდისაკენ, განკითხვიდან - ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან - სიყვარულისკენ, მიწიდან - ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია და გულისხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ანუ ეკლესიურობას, რადგანაც აქაა მხოლოდ შესაძლებელი სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება.
სამწუხაროდ, დაბალი საღვთისმეტყველო განათლების გამო ჩვენს თანამედროვეთა შორის, თვით ინტელიგენციის დიდ ნაწილშიც კი, რელიგიათა შორის განსხვავებას აზრი აქვს დაკარგული. მათთვის საკმარისია ღმერთის აღიარება, აღმსარებლობას კი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რაც დიდი შეცდომაა.
მართალია, საზოგადოდ რელიგიურობა სიწმიდისადმი სწრაფვას გულისხმობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რელიგიის გაგება მეტად ფართოა და ზოგჯერ იგი ურთიერთ დაპირისპირებულ მცნებებს მოიცავს.
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი.
აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტების - ღვთის შეცნობით. ღვთის შეცნობა კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარი ნაკლის დანახვით და ყოველთა ცოდვათა დედის - ამპარტავნებისა და ეგოიზმის დაძლევით.
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.
ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.
ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოდენ. მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგანაც ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
ღმერთი იმდენად მიუახლოვდა ადამიანს, რომ მასში შევიდა და კაცობრივი ხორცით შეიმოსა. ამიტომაცაა ქრისტეს სახელით შეერთებულ მორწმუნეთა კრებული - ეკლესია - სხეულია ქრისტესი.
მაგრამ როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური ერთობა, რომელიც პირველ რიგში ენათესავება ღმერთს. შემდეგ კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დროულ ყოფაში ვლინდება.
ყოველივე ეს კარგად ჩანს კონსტანტინეპოლში 381 წელს შემდგარი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებულ მრწამსში, სადაც ვკითხულობთ: "მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".
ეკლესია რომ მხოლოდ ის იყოს, რასაც ჩვენ ფიზიკური თვალით აღვიქვამთ, ანუ ტაძარი და ყოველივე ის, რაც შიგ ხილული სახით აღესრულება, მაშინ ზემოთქმულ სიტყვებს აზრი დაეკარგებოდა, რადგან მორწმუნეთ სწამთ ის, რასაც გრძნობენ და ვერ ხედავენ, და არა ის, რასაც უყურებენ.
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფესელთა 4,4-6).
როცა ჩვენ ეკლესიებზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ადგილობრივ ეკლესიათა სიმრავლე ანდა არსებობა სამოციქულო ეკლესიიდან გამოყოფილ სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა, რომელნიც მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში არ შედიან.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგანაც მხოლოდ მან შეინარჩუნა უცვლელად და შეურყვნელად რწმენა და ტრადიცია ერთიანი, განუყოფელი ეკლესიისა.
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრისტესთან. ამ დროს მიიღწევა ერთობა როგორც ღმერთთან, ისე მის ქმნილებებთან: ადამიანებთან ანგელოზებსა და წმიდანთა დასთან.
ყოველივე ეს გარეგნულ ფორმებშიც ვლინდება, ვლინდება ჩვეულებრივ მიწიერ ყოფაში, ადამიანურ ურთიერთობაში; იგი აყალიბებს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს ქრისტიანულ სახეს.
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭირვების გადალახვით, რწმენით, სიყვარულითა და სასოებით მოიპოვეს სასუფეველი ღვთისა.
ეკლესია წმიდაა, რადგანაც მაცხოვრის უცოდველობა განსაზღვრავს მის სიწმიდეს. იგი ხომ სხეულია ქრისტესი და განა შეიძლება, ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? "ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს" (ეფესელთა 5,25-26).
ეკლესიის განწმენდა ხდებოდა და ხდება იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სისხლით, რომელიც კაცთა ხსნისათვის ჯვარზე დაიღვარა.
სიწმიდე არის მთავარი არსი ეკლესიისა. ესაა ის, რისთვისაც მოწოდებულია თითოეული ჩვენგანი.
წმიდას ბერძნულად შეესატყვისება "აგიოს", "იეროს", ლათინურად - "სანკტუს", ებრაულად - "კოდეშ".
ცნობილი მწერალი, ბერი სულხან-საბა ორბელიანი "წმიდას" ასე განმარტავს: "წმიდა მოასწავებს დიდებულ იყავ, ქებულ იყავ. წმიდა ითქმის მხოლოისა ღვთისა ზედა და რომელნი ღმერთმან წმიდა ყვნა მსახურნი და სათნომყოფელნი მისნი" (სიტყვის კონა, გვ.452).
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი ვკითხულობთ: "წმიდა - სუფთა, უბიწო, აუმღვრეველი... "ნაზიერი", "ნაზორეველი" (ნაზორეველი განცალკევებულს, ღვთისთვის შეწირულს ერქვა).
ძველ აღთქმაში გამოყენებული ებრაული სიტკვა "კოდეშ", ნაწარმოებია იძ ძირისაგან, რომელიც ნიშნავს გამოყოფას, გამიჯვნას და შეიცავს კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის იდეას, ცოდვისმიერი მიდრეკილებებისაგან, მიწიერი სურვილებისაგან განდგომის იდეას. ეკლესიის არსიც ისაა, რომ განაცალკევოს ადამიანი ბოროტისაგან, შეაგრძნობინოს მას თავის თავში ხატება ღვთისა, რომელიც მოწოდებულია სულიწმიდის სავანედ, ღვთის ხატად ქმნისათვის.
"არა უწყითა, - ბრძანებს პავლე მოციქული, - რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან. რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?.. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ" (I კორინთელთა 6,19-20).
ურწმუნონი ანდა არაეკლესიურნი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა შორის არიან ცუდი წარსულის მქონე პირები. დიახ, ასეთები მართლაც არიან და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეკლესია ხომ სულის მკურნალია. იგია ის წმიდა სავანე, სადაც ხელს არ კრავენ გზასაცდენილთ. ეკლესიის ვალი და მიზანი სწორედ ისაა, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინოს შეცდომილთ, შეიწყნაროს და სწორ გზაზე დააყენოს ისინი.
ღვთის წინაშე თუ რა დიდია მნიშვნელობა ცალკეული პიროვნებისა, ჩანს იესო ქრისტეს ამ სიტყვებიდან: "ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი" (მათე 18,10-14).
ასე რომ, ეკლესიური ცხოვრება ესაა გამუდმებული ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ესაა ბნელისგან ნათლის გამოყოფის და საბოლოოდ მისი გამარჯვების პროცესი, ესაა გზა გადარჩენისა.
შერყვნილი ნაწილებისგან, - წერს ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი, - შეუძლებელია წარმოიშვას წმიდა და უბიწო მთელი. ეკლესია რომ მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა კრებული იყოს, იგი არ იქნებოდა წმიდა, უბიწო, რადგანაც ამ ქვეყნად უცოდველი არავინაა. ხილული ეკლესია თავის სიცოცხლისუნარიანობას და ძალას იძენს, უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტესგან, რომელშიც მთელი სისრულითაა ღმერთი განცხადებული, იძენს ყოვლადწმიდა ქალწულისაგან და ასევე წმიდანთა უხილავი მთელი დასისგან. ამიტომაც ჩვენი ადამიანური არასრულყოფილება ვერ დაარღვევს ეკლესიის სიწმიდეს. ჩვენ განვიწმიდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეიბილწება ჩვენი ცოდვებით, რადგანაც მისი სიწმიდე ჩვენგან კი არა, ღვთისგან - იესო ქრისტესგან მომდინარეობს ("ცხოვრების სულიერი საფუძვლები", 1882-1884 წწ.).
მრწამსში აღნიშნული მესამე თვისება ეკლესიისა არის მისი საყოველთაობა, მრავლის ერთიანობა; ამას ნიშნავს სწორედ სიტყვა "კათოლიკე" და ეყრდნობა იგი იესო ქრისტეს, როგორც ლოგოსის, შესახებ შემდეგ სწავლებას: "პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე 1,1-5).
ასე რომ, კათოლიკე ეკლესია გულისხმობს მის ყოვლისმომცველობას; იმას, რომ იგი არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ გარემომცველი სამყაროს, ღვთის მთელი ქმნილების გამაერთიანებელი და გადამრჩენელი ძალა. ამიტომაც ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი: ქრისტიანობაში სამყარო ხელახლა იბადება. ამიტომაც ბრძანებს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სადაც ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაა".
ცალკეული ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები ქმნიან ერთიან კათოლიკე ეკლესიას, რომლის მიზანიცაა ყველას შეკრება და გაერთიანება, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
სამოციქულო - აი მეოთხე თვისება ეკლესიისა. წმიდა მოციქულები გარდა იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს, იყვნენ კიდეც თანამოღვაწენი მისი მსახურებისა, მემკვიდრენი და მქადაგებელნი მაცხოვრის სიტყვისა.
უფალი ასე მიმართავს მათ: "სიტყუანი რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებლისა ჩემისა მამისანი" (იოანე 14,24), "ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ".
მოციქულთა მოღვაწეობა ვლინდებოდა ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, იგი დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება.
უკვე მოციქულთა დროს ეკლესიაში დადგინდა ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, იერარქიული წესი; დადგინდა ასევე ამა თუ იმ ხარისხში კურთხევის, ხელდასხმის კანონი. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც თუ ჩვენ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე, აუცილებლად მივალთ ან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულამდე, რომელმაც პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში და დააარსა აქ პირველი ეკლესია, ანდა წმიდა პეტრე მოციქულამდე, რომელმაც სათავე დაუდო ანტიოქიის ეკლესიას. საქართველო კი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ანუ V საუკუნემდე, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ჩვენი სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას.
მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულნი არიან პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებანი.
სამღვდელოების არსი მჭიდროდ არის დაკავშირებული შვიდ საიდუმლოსთან. საიდუმლოთა აღმსრულებელნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, რომელთაც მიიღეს კანონიერი კურთხევა. მხოლოდ მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ ლოცვა და სხვა მღვდელმოქმედება, რათა დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრების სიმძიმის, განსაცდელისა და საცდურის დაძლევაში.
ეკლესიაში ლოცვას ღრმა სულიერი და სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ამიტომაც აგებდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით და ათიათასობით ტაძრებსა და მონასტრებს. ეს არ იყო მათი მძაფრი რელიგიური განცდის გამოვლინება, არამედ გრძნობა და აღქმა აქ მიღებული დიდი მადლისა. თითოეული მათგანის სიწმიდე და ღვთისმოსაობა იყო შედეგი არა მხოლოდ მათი მორწმუნეობისა, არამედ მათი ეკლესიურობისა. ისინი იყვნენ ნამდვილნი წევრნი ეკლესიისა - ქრისტეს სხეულისა. ამიტომაც არ იყვნენ ჩაკეტილნი ვიწრო ეგოისტურ ჩარჩოებში, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით სავსენი ცხოვრობდნენ მარტივად, სათნოდ და მშვიდად.
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან. ვისაც სურს ეკლესიისგან საზოგადოების მოწყვეტა, იგი ვერ ხედავს იმ დამღუვპელ შედეგს, რაც ამას მოსდევს. რწმენის დაკარგვასთან ერთად იკარგება სიყვარული, თანაგრძნობა, სიმშვიდე, მორჩილება; თავს იჩენს უხეში ეგოიზმი, მომხმარებლის აზროვნება... ყველაზე მძიმე სურათი კი ოჯახში იქმნება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ დაირღვა დღეს ოჯახის წონასწორობა და მყუდროება, ხშირია განქორწინება, განსაზღვრულია შობადობა. თუ ყველაფერი კვლავ ასე გაგრძელდა, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ.
ეკლესია ყოველთვის იცავდა ოჯახის სიმტკიცესა და ხელშეუხებლობას. აბორტი და მუცლადღებული ჩვილის სიცოცხლის მოსპობის ყოველგვარი ცდა ეკლესიის მიერ მუდამ ითვლებოდა ნამდვილ მკვლელობად. წმიდა წერილზე დაყრდნობით ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა ქრისტიანული ქორწინების, შვილიერების, ოჯახური ცხოვრების მტკიცე კანონები, რომელთა დარღვევა არავის ეპატიება, რადგანაც ოჯახი "სახლის ეკლესიაა" (რომაელთა 16,4) და მისი შერყვნა დაუშვებელია.
ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა გადალახოს ცხოვრების ზღვის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს.
თანამედროვე ადამიანი ნაწილია სეკულარული ეპოქისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი, დაკარგა სიყვარული და რწმენა კაცისა; პიროვნება დარჩა ჩაკეტილ მიწიერ წრეში, მატერიალურ ღირებულებათა სამყაროში. იგი დაბნეული უყურებს ეკლესიას. აქ ხედავს ის თავის უკანასკნელ იმედს და ნუგეშს. ამიტომაც ჩვენზე, ჩვენს მოძღვრებზე, ჩვენს მრევლზე დღეს უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
არის კი ჩვენში ქრისტიანული დიდი ჰუმანიზმი, შევძლებთ, გავცეთ პასუხი მათ საჭირბოროტო კითხვებს, შევძლებთ ვიყოთ მარილი მაღლისაი და ჭეშმარიტი ნათელი მათთვის, ვიყოთ სიტყვით და საქმით მოწმენი და მქადაგებელნი ჭეშმარიტებისა?
ღვთის მოწყალებითა და კურთხევით უნდა შევძლოთ, რათა "წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ" (ეფესელთა 5,27).
დღეს, როდესაც ვზეიმობთ ბეთლემის გამოქვაბულში აღსრულებულ მიუწვდომელ სასწაულს, როცა ანგელოზნი ახარებენ ქვეყანას მშვიდობასა და კაცთა შორის სათნოებას, უნდა გავხსნათ გულის კარი, რომ მივიღოთ ეს გამოუთქმელი წყალობა და გავხდეთ მატარებელი ღვთის იმ უნაპირო სიყვარულისა, რომელიც წმიდა პავლეს თქმით "... სულგრძელ არს და ტკბილ... არა ჰშურნ... არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (I კორინთელთა 3;4,7).
მაშ, "განიშორეთ რისხუაჲ, გულისწყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ" (კოლასელთა 3,8) და "იყვენით ურთიერთარს ტკბილი, მოწყალე, მიმმადლებულ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ" (ეფესელთა 4,32).
ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს.
"იხარებდ, ესაია, ყრმაჲ იშვა და ძედ მოგვეცა ჩუენ ემანუელ, - ჩუენ თანა ღმერთი" (სძლისპირნი, თბ. 1982, გვ.519).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა მარად იყოს ჩვენს შორის და ჩვენში, ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, პატიოსან

image
image თემა: ეკლესია,  შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1987

საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
"ვისაც სურს, იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი, ჯერ
თვითონ უნდა გახდეს ღვთაებრივი და მშვენიერი" (პლოტინი)

"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარი ბჭობით: "და თქუა ღმერთმან, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26).
მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა" (დაბ. 1,27).
თანდათანობით შეიქმნა იგი, სხვა ქმნილებანი კი - წამისყოფით, მხოლოდ მას შთაბერა უზენაესმა თვისი უკვდავი სული: "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მომღებელმა ქუეყანისაგან (ადამი წითელ მიწას - თიხას ნიშნავს) და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).
ამიტომაცაა იგი გვირგვინი ქმნილებისა, ხოლო დანიშნულება მისი - ყველაზე მაღალი და დიადი, ამიტომაცაა ის განღმრთობის ღირსი.
მაგრამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულის მშვიდობა.
პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: "ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი".
ცოდვა ფითრივით მოედო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.
"ის, რასაც ბოროტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმრთელობის ნაკლი ანუ არასრული სიჯანსაღე იქნება. ასევე სულიერი ნაკლიც ბუნებრივი სიკეთის დამახინჯებას ნიშნავს. ყოველგვარი ბუნება კეთილია. ეს სიკეთე დიდია, თუ ხრწნილებას არ ექვემდებარება და მცირდება, თუ ნაკლი ან დაზიანება აქვს.
უმეცრისა და გამოუცდელის გარდა სიკეთეს ვერავინ უარყოფს. თუ ბოროტება შთანთქავს სიკეთეს, მაშინ თვითონ ბოროტებაც მოისპობა, რადგანაც მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ყოველგვარი ბოროტებისაგან თავისუფალი სიკეთე კი არის სწორედ ნამდვილი, წმინდა სიკეთე (ნეტარი ავგუსტინე. არასუბსტანციურობა ბოროტებისა).
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
მშვენივრად წერს წმიდა პავლე: "არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ" (რომ. 7,19).
შინაგანმა გაორებამ ბუნებრივად წარმოშვა ადამიანის ცხოვრების ორი გზა. პირველი ჭეშმარიტებისაკენ მიდის, მეორე შეუცნობელი არყოფნისაკენ.
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.
ცოდვის, სულიერი სიკვდილის გზას კი შეუცნობელი არყოფნისაკენ მივყავართ. ცოდვა და მისი შედეგი - სიკვდილი ბოროტებაა და როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ სიცოცხლის, სიკეთის ხარჯზე არსებობს. ანგრევს რა სიცოცხლეს, თვითონაც განქარდება, "დაინთქმება ძლევითა" (ესაია).
პიროვნებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი მათ შორის. ძველი რომაელები ამბობდნენ: Similis simili gaudet - მსგავსი მსგავსს შეჰხარის. ჭეშმარიტად, იდუმალი ძაფები აკავშირებთ მონათესავე სულთ. ისინი გრძნობენ მსგავსებას ურთიერთშორის და მიილტვიან ერთმანეთისაკენ, რათა თავიანთი მისწრაფების შესაბამისი ნაყოფი გამოიღონ.
სახარებაში ვკითხულობთ: "ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად" (მათე 7, 17-18).
"ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელ აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I ინ. 4,16), რადგან თვით ძე თვისი საყვარელი გასწირა შემოქმედმან, რათა ვნებებითა და ცოდვებით დამდაბლებული კაცობრიობა ხენეშ ხედ არ ქცეულიყო, რათა აღმდგარიყო დარღვეული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, განახლებულიყო ჩვენი ბუნება და მას უზენაესთან ყოფნის შესაძლებლობა დაბრუნებოდა.
"ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი" (I ინ. 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე "განკაცდა, რათა ჩვენ განვეღმრთეთ" (ათანასე დიდი).
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (ინ. I,9). არა სამეფო დარბაზებსა და მეცნიერების წიაღში, არამედ მივარდნილ გამოქვაბულში დაედო სათავე ქვეყნის ახალ ცხოვრებას.
როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს ჩვენმა ცივილიზაციამ, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, იგი მაინც ყოველთვის ეახლება და თაყვანსა სცემს ამ მღვიმეს, რადგან აქ დაირწა აკვანი მისი, რომელ არს "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ინ. 14,6).
ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
სადაც არ არის კეთილი ქრისტიანული საქმე, იქ რწმენასაც ამაოდ დავუწყებთ ძებნას, რადგან "ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომ. 14,23) და პირიქით, სადაც სიკეთის ქმნა ცხოვრების წესია, იქ, უთუოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებაა.
"მორწმუნე ის კი არ არის, - გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, - ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ღმერთი... რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქაა ძალი, სადაც ურწმუნოებაა, იქ - უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა, აღიჭურვე საჭურველითა მხსნელითა".
რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.
თვითშემეცნება გულისხმობს ჩვენი შინაგანი ცხოვრების, ქცევის და მოქმედების დაკვირვებულ განსჯას და მის შეჯერებას ღვთის მცნებებთან, იდეალური ქრისტიანის განზოგადებულ სახესთან. ცხადად უნდა ვიგრძნოთ, რისი ძალა შეგვწევს ან ჩვენს შესაძლებლობებს რა აღემატება. რას ვუმალავთ სხვებს, რას ვუმალავთ საკუთარ თავს...
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით.
საიდან დავიწყო გლოვა? - კითხულობს ცოდვათა სიმრავლით სულშეძრული წმიდა ანდრია კრიტელი.
რით დავიწყო გლოვა? რით დავიწყო სულიერი განახლება? ეს კითხვები დგას თითოეული ჩვენგანის წინაშე.
შეგახსენებთ, ზოგიერთ მომაკვდინებელ ცოდვას, ალბათ, ყველაზე გავრცელებულს და მათზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. "რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა. ღვთის უარყოფა დამღუპველი, მომაკვდინებელი სენია, რადგან იგი ხურავს გულს და არ უშვებს შიგ მას, ვინც მოვიდა შენთან, მოვიდა და "გახარა მშვიდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა" (ეფ. 2,17); გონებას ბინდით ბურავს, რათა ბნელში ამყოფოს სული შენი, წაგართვას მადლი და ნიჭი ღვთით მომადლებული, "რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს" (ეფ. 2,8).
ურწმუნოება, ღვთის უარყოფა, იგივე ღვთის გმობაა. ეს არის სიყვარულის წყაროს დაშრეტა, ადამიანის უკიდურესი დაცემა, მისი დაღუპვა, "სიკუდილი იგი მეორე".
მეორე მძიმე ცოდვა, რომელმაც კაცობრიობა მოიცვა, არის ამპარტავნება. ეს ის ცოდვაა, ანგელოზები რომ დაღუპა და ბოროტ სულებად აქცია. ამ ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, - მუდამ გახსოვდეს, მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ყვავილისა და ბალახისებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია".
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისაგან, თვით ღვთისაგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით. ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით", რადგან "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4,6).
მესამე ცოდვა ვერცხლისმოყვარეობაა. "ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნინა საფასენი" (იოანე კიბისაღმწერელი).
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ. ეს უბრალო ჭეშმარიტება თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმეღა თუ მისდევს მას. ადამიანმა თავი დაიბორკა მდაბალი ვნებებით, წვრილმანებით, ხელ-ფეხი შეიკრა, დაემონა ნივთებს, განუდგა მარადიულ იდეალებს, ღვთაებრივს, სულიერს, მშვენიერს, გადააფასა ფასეულობანი, მაგრამ არა თავის სასარგებლოდ. სიმდიდრისკენ სწრაფვამ იგი გააღატაკა.
ვერცხლისმოყვარეობიდან უშუალოდ წარმოიშვა მეოთხე ცოდვა - შური.
ყოველი შრომა და ყოველი წარმატება წარმოშობენ ადამიანთა შორის შურს და იგია ამაოება ამაოებათა. შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერი შურს. მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზად არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა. "ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომა გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ" (იაკ. 3,14-16).
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველას, ვისი შურიც შენ თან გსდევს, შეუძლია გაგექცეს, ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, სადაც არ უნდა იყო, მტერს ვერ დაემალები, მან შენს გულში დაიბუდა და შენში მყოფი სენი არ მოგასვენებს" (წმ. კვიპრიანე. "საკვირაო საკითხავი").
ღმერთმა შეიწყალოს და განათავისუფლოს ყოველი ადამიანი ამ ბოროტებისაგან.
ზოგი ფიქრობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის ცოდვაა. ეს ასე არ არის. ქორწინება ღვთისაგან კურთხეული საიდუმლოა, მაგრამ სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭეშმარიტების აღქმის უნარს, მრუდე გზით წარმართავს ცხოვრებას. ფართოდ გავრცელებული თეორიები მორალური და სექსუალური თავისუფლების შესახებ, ხელყოფაა ბუნებისა, დამღუპველია ადამიანისა.
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
"სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი" (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა "სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ" (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი სიძვას კი არა, უფალს ეკუთვნის, "არა უწყითა რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან... ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ" (I კორნ. 6,15,19-20), - გვასწავლის პავლე მოციქული.
როდესაც იესო ქრისტეს მოუყვანეს მემრუშე დედაკაცი, რათა იგი ქვებით ჩაექოლათ, იესო "თითით ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა". შემდეგ მოუწოდა პირველ უცოდველს, დაეკრა ქვა ცოდვილისათვის და "კუალად ქვე დადრკა და წერდა ქუეყანასა" და ოდეს მხილებულნი თითო-თითოდ გაიკრიფნენ, მან კვლავ განაგრძო თითით ხაზვა და დუმილი. "და დედაკაცი იგი დგა შორის".
ქვე-დადრეკილი მაცხოვარი თითით ხაზავს მიწაზე ჩვენთვის შეუცნობელს და ფიქრობს ჩვენთა ცოდვათა გამო. შემდეგ ეუბნება განზე მდგომ ქალს, შეძრულს უფლის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენით, "არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოანე 8,4-11).
ამიერიდან ნუღა სცოდავო, გვითხრა უფალმა, და მე არ განგიკითხავო შენ. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, დაიხშოს ყურნი სმენად, გამუდმებით სცოდოს თვითონ, სხვანი კი განიკითხოს.
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2).
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
მაშ, მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ჩავიხედოთ ჩვენს სულში და მთელის გულით შევსთხოვოთ უფალს: "მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, ვითარცა კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ეფრემ ასური).
სხვა კიდევ ბევრი ცოდვა გვაწევს მხრებზე. მათზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც, რადგან "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, კაცის კვლანი, ლირწებანი, მთვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (გალ. 5,19-21).
ალბათ, ბევრი თქუენგანი იკითხავს, განა შესაძლებელია უცოდველი ცხოვრება?
მართალია, უცოდველი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა.
"ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5,22-23).
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად "გზა ჭეშმარიტი" აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
დღეს, როგორც არასდროს მთელი კაცობრიობა ესწრაფვის მშვიდობას, მშვიდობას ბირთვული იარაღის გარეშე. სიკვდილის იარაღი ადამიანმა დააგროვა ისეთი რაოდენობით, რომ ძალის პოლიტიკით საუბარი უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი პოლიტიკური აზროვნება; მორატორიუმი, რომელიც ბირთვულ აფეთქებებზე ცალმხრივად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიერ, სწორედ ამ ახალი აზროვნებით იყო ნაკარნახევი.
გულისტკივილით შეხვდა მსოფლიო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ამ დიდმნიშვნელოვანი წინადადების უგულებელყოფას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მორატორიუმის უარყოფა საერთაშორისო დაძაბულობის შენელების უარყოფაა.
გვწამს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან აიკრძალება ბირთვული გამოცდები, რადგანაც უარი ამ ნაბიჯის გადადგმაზე, თვითმკვლელობას ნიშნავს.
ყოვლადსამღვდელონო მწყემსთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო ჩემნო, მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი არსების განწმედილ ტაძარში და ეგოს იქ უკუნისამდე.
"ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა", - ბრძანებს იესო ქრისტე. დიდ არს ჭეშმარიტება ესე. იგია ჭეშმარიტება მარადიული სიყვარულისა; იგია ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს გზას საუკუნო ნეტარებისას და გვყოფს ჩვენ უფლად თავისა ჩვენისა. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ვკითხულობთ საღმრთო წერილში.
ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს.
დაე, მშვიდობამ და სიყვარულმა დაივანოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებსა და მთელს მსოფლიოში.
ღმერთი მშვიდობისაჲ და სიყვარულისაჲ და ჭეშმარიტებისა იყავნ თქუენ თანა მარადის.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1986/87 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ

image
image თემა: შობა,  ცოდვა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2007

მართლმადიდებლობა ქართველი ერის ისტორიული არჩევანია

"ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა" (აღდგომის საგალობელი).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქრისტე აღდგა!
ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.
უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი – ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;
ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!
ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,
ქრისტე აღდგა!
"სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (წმიდა იოანე ოქროპირი).
დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.
უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომა, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული ყველა სათნოება მათ თავიანთი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.
არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.
მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაბრუნებოდა.
აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით.
დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისათვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.
და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!
მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, მარადიული ნეტარების მოპოვება სურს, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.
ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე – გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვადასხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგიც – იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი – სულიწმინდის გმობაა.
ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ ჩვენი ცოდვები, მსუბუქიც რომ იყოს, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა – სატარებლად მძიმე.
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება" და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).
არიან ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით, ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.
სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.
ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ" (მთ. 12, 31). "და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მთ. 18,6).
ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ უფლის შეწევნით, გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის საწინდარი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, სწორად იქცევა თუ არა.
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი "რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთი-მეორეს" (რომ. 2,15).
სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.
რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?
მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს: ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა და წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას. მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.
ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს" (ლუკ. 17, 21).
სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავს ერთგვარად თავიანთი მოთხოვნილებებისა და ინსტინქტების დაკმაყოფილების უფლებას აძლევენ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალებისა და თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს ეგო-ს, "მეს" პრინციპით საზღვრავს და შეძლებისდაგვარად თავისი მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობს, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.
ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა შეუწყო, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობა-აღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართვლოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.
ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.
პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანსწორი და თანაბარუფლებიანია.
ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა, სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.
ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია.
მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვადასხვა ქართველური ტომი ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;
საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმის მახლობლად არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ლაზთა მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა, აგრეთვე, კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.
უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.
ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიკურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.
მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
საერთოდ, ქართული სამყარო ძირითადად მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შექმნა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ ჭრილობაზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი – კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.
"არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო", - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმრთის შემწეობით შეძლო ჩვენი სამშობლო ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ ექცია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.
შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.
სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების... პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით, ცხენზე ამხედრებულნი, ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.
სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ეკლესია დღესაც ცდილობს, შეასრულოს ე.წ. "სახალხო დიპლომატის" მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწვეს ყოფნა.
ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანწყობა ჩნდება.
ყველასათვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენც ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
ამიტომაც ანალიტიკური აზროვნება საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობებს.
რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში, ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით, პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.
სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.
აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან სათანადო ყურადღება არ ექცევა, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მას თავისი თავიც და თავისი საგანიც. აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელნიც შეიძლება ცხოვრებაში შეხვდეთ; ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.
მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს სხვა, ამაზე მეტად საპასუხისმგებლო პროფესია. პედაგოგის საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოს ამა თუ იმ ადამიანს.
თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გონიერ, ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე თაობას გავზრდით, რაც დაეხმარება მას, ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე – უფლის სიყვარულზე.
როგორი იქნება თქვენი არჩევანი?
ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ აღმზრდელობითი ფუნქცია მანაც იტვირთოს.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, ზნეობრივი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურაღდება ექცევა.
ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა "ივერია"-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისათვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.
ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვნგანს სხვადასხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურისათვის უნდა გამოვიყენოთ.
ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.
"აღდგომისა დღე არს განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ" (აღდგომის საგალობელი).
უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოება ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;
ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.
ძმანო და დანო ჩვენნო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი "ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა", რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.
ძმანო და დანო, აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია.
მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!
"განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისა და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისა, ქალაქო წმიდაო, რამეთუ "აჰა ესერა, მწუხრსა განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისა" (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2007 მართლმადიდებლობა ქართველი ერის ისტორიული


სააღდგომო ეპისტოლე - 1994

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: "ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!
მაშინ მდინარესავით იქნებოდა მშვიდობა შენი და
ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე" (ესაია 48,17-18)

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, უფლისგან დალოცვილი საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოანე 4,8).
ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.
ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა: "ცხოვრება მკვეთრად გამოყოფს ადამიანთა ორ ძირითად სახეს: მხატვრებს და მოაზროვნეთ. მათ შორის დიდი განსხვავებაა. მხატვრები სრულად, მთლიანად, ყოველგვარი დანაწილებისა და ჩამონაჭრების გარეშე იწოვენ სინამდვილეს. მოაზროვნენი კი - ყოფენ, აცალკევებენ მას და შემდეგ ამ ნაწილებს აერთებენ და ცდილობენ ასეთი სინამდვილე ხელახლა გააცოცხლონ" (ტ. 3. გვ. 213, 1951 წ.). როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის აუცილებელია სიყვარულით ცხოვრება.
ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, მის მოქმედებას, რათა ვიყოთ "მორჩილი თიხა მის ხელში".
"მიუძღვენი ღმერთს გული ლმობიერი და დამჯერი, გაუფრთხილდი ამ ხელოვანის მიერ ბოძებულ ხატებას შენში. შეინარჩუნე სირბილე, რომ არ გაუხეშდე და არ დაკარგო ანაბეჭდი მისი თითისა. მისმა ხელმა შექმნა შენი არსება, თუ მის ხატებას დაიცავ, სრულყოფილებას მიაღწევ, რადგან უფლის ხელოვნება ადვილად გამოძერწავს შენში არსებულ თიხას, ბაჯაღლო ოქროთი და ვერცხლით სრულად განგამშვენებს იგი და მოგრთავს ისე, როგორც ინებებს მეუფე შენი სილამაზისა" (ტ. 4. 39,2).
ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის იგი, რისთვისაა მოწოდებული, საით მიდის, რისკენ ისწრაფვის? ჩვენი ცხოვრების მიზანი და გზა შეიძლება იყოს სულიერიც და მიწიერიც.
ერთი ცნობილი ფილოსოფოსი თავის ნაშრომში მსჯელობს მიზნის თავისებურ განუსაზღვრელ მრავლობითობაზე, "ათას და ერთ მიზანზე". დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც დღეს. მიზნები უთვალავი გვაქვს, გეგმები - უდიდესი, ხოლო კონკრეტული - არაფერი. ყველა დიდი საქმე კი მცირედით, მაგრამ რეალურით იწყება; გზა რომ განვლო, ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა.
საპატრიარქოში ხშირად მოდიან ცნობილი უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ ჩვენს ყოფას, ჩვენს საქმიან წრეებს, ისინიც კონკრეტულობას მოკლებულ ჩვენს აზროვნებაზე გამოთქვამენ შენიშვნებს.
ეს მეტყველებს ჩვენს მოუმზადებლობაზე, ჭარბ მაქსიმალიზმზე. ამიტომაც ვექცევით გრანდიოზული აჩრდილების და ილუზიური მისწრაფებების ტყვეობაში და ვეღარ აღვიქვამთ, ვეღარ ვხედავთ არსებით, ნამდვილ საქმეებს.
პასკალი შენიშნავდა, რომ ზოგი ადამიანი თავისთავს აღემატებაო. შეიძლება ამით აიხსნეს ჩვენთვის დამახასიათებელი სწრაფვა გრანდიოზულობისაკენ.
ხშირად ადამიანები, ერთსა და იმავე ფაქტებსა და პრობლემებს ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებულად აფასებენ. ზოგიერთნი თითქოს ჰიპნოზის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ხედავენ, მაგრამ ვერ აღიქვამენ იმას, რაც სხვათათვის აშკარაა, ცხადია, ეს ფაქტი არ აიხსნება ინტელექტის ნაკლებობით, ან დაბალი კულტურით. აქ უფრო ღრმა სულიერ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ადამიანი, როგორც წესი, კეთილი ან ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამავე დროს, თვითონ არის თანამონაწილე და მიზეზი ამა თუ იმ ენერგიის გავლენისა.
ზოგჯერ პიროვნება გრძნობს თავის არასწორ მოქმედებას და მისგან გამომდინარე ცოდვას, მაგრამ ძალა არ შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს თავის სულში ფეხმოკიდებულ ბოროტებას.
მოციქული პავლე სიმბოლოა ორი დაპირისპირებული ძალის - სიკეთისა და ბოროტების ბრძოლისა. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგი წერს: "არ მესმის, რას ვაკეთებ, იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს" (რომ. 7,15).
მოციქული აშიშვლებს თავის სულს და გვიჩვენებს გაორებას მისი პიროვნებისა, ანუ ისეთ მდგომარეობას, როცა გრძნობ, ერთ სხეულში თითქოს ორი ადამიანი სახლობს.
იმ მომენტში წმიდა პავლე ხედავდა, რა იყო სიკეთე, მაგრამ არ შეეძლო ეკეთებინა იგი: მას სძულდა ბოროტება, მაგრამ თავს ვერ იკავებდა, რომ არ ემოქმედა მისი კანონებით. საოცარია, თითქოს ეს დიდი მამა თანამედროვე ადამიანებზე წერს, ჩვენზე საუბრობს.
ამით მოციქული გვაჩვენებს, რომ ცოდნა სიკეთისა და ბოროტებისა და უნარი მათი გარჩევისა, არ ცვლის ჩვენს ცხოვრებას, არ ანიჭებს ადამიანს ღვთის სათნო ბუნებას; აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, გამბედაობა და უფლის შეწევნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლის შეწევნა, რამეთუ მის გარეშე ყოველივე განწირულია დასაღუპად.
გავიხსენოთ მოციქული პეტრე. თავის ერთგულებაში დარწმუნებულმა უთხრა მან მაცხოვარს: "შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ" (მათე 26,35). იესო ქრისტემ აჩვენა მას, რომ ღვთის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა ნათქვამის შესრულებას და მართლაც, სამჯერ უარყო წმიდა პეტრემ უფალი და მოძღვარი თვისი.
აუცილებელია, გავაანალიზოთ არა მარტო ჩვენი მოქმედება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აზრები, რადგან ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად.
თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილი ფიქრი ისაა, თუ განხორციელების შემთხვევაში სიხარულს მოუტანს არა მარტო მას, რომელ ადამიანშიც იგი იშვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სხვებს, - მის გარშემო მყოფთ. მსგავსად ამისა, ბოროტი განზრახვაც პირველ რიგში ზიანს აყენებს თვითონ ამ ადამიანს, ანგრევს მის სულიერ ტაძარს, შეურაცხყოფს და ბილწავს მას.
თუ უმსგავსო ფიქრს იმთავითვე არ მოვიკვეთთ და არ განვაგდებთ, იგი გულში გადავა, მოიცავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს და გამოვლინდება ბოროტ სიტყვაში, ცუდ ქცევასა და მოქმედებაში.
უნდა მივეჩვიოთ გონების მობილიზაციას, ყურადღების მოკრებას, უნდა ვისწავლოთ აზროვნების კულტურა.
თუ განსჯის საგანზე შევაჩერებთ გონებას და მოვახერხებთ აზრების ერთ ფოკუსში თავმოყრას, თუ შევძლებთ გარეშე, მეორეხარისხოვანი ფიქრებისა და ცუდი ზრახვებისაგან თავის დაღწევას, მოვიპოვებთ დიდ წარმატებებს და გამოვიმუშავებთ უნარს მობილიზებული ღრმა და სწრაფი აზროვნებისა.
ადამიანი, რომელიც ადვილად არჩევს დახვავებულ ფუჭ იდეებს ჭეშმარიტისაგან, სერიოზულს - არასერიოზულისაგან, რეალურს - არარეალურისაგან, უკვე ღრმა აზროვნების გზაზეა დამდგარი.
გონიერების ერთ-ერთი ნიშანი სიდინჯეცაა.
ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც "მტრების" გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები, აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბიციებზე მოქმედებს და თავმოყვარეობას გილახავს. ვიდრე მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, სთხოვე უფალს, იყოს შუამავალი შენსა და შენს მოპასუხეს შორის, იყოს კეთილად წარმმართველი თქვენი გონებისა. წრფელი გულით ნათქვამს, უფალი აუცილებლად ისმენს, მუდამ შენთან იქნება და არ მიგატოვებს.
თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ იყო უხეში და შეურაცხმყოფელი, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ცალკეული ადამიანები, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, გახდა ძალიან ემოციური, ადვილად აღგზნებადი, აგრესიული, რომელსაც სადღაც ძალიან მიეჩქარება.
მოულოდნელი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები, გადატრიალებები, ომები მეტად ართულებენ პიროვნებებს, ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, რაც შედეგად იწვევს პესიმიზმსა და გულგატეხილობას.
ზოგიერთნი ვეღარ უძლებენ დაძაბულობას, ცხოვრების მძიმე ტვირთს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ის კი არ იციან, რომ დაუსრულებელი ტანჯვისთვის წირავენ სულს.
თავის მოკვლა არის საშინელი დანაშაული, რომელიც სულიწმიდის გმობად ითვლება და იგი არავის ეპატიება. ამ ცოდვის ჩამდენი ჯოჯოხეთის მსხვერპლი ხდება.
სახარებაში ვკითხულობთ: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეგევება მათ" (მათე 12,31).
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ უმძიმესი დანაშაულისაგან.
იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ.
ღვთის წყალობა უნდა ვეძებოთ და ვიპოვით კიდეც გზას ერთი შეხედვით უნუგეშო მდგომარეობაშიც კი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ოღონდ საკითხი არ უნდა დავსვათ ასე: ყველაფერი ან არაფერი. უნდა დავიწყოთ ძალიან მცირედან, ყოველდღიურიდან, ჩვეულებრივიდან. ანტონი დიდის ცხოვრება ამ მხრივ ბევრს გვასწავლის.
როდესაც ეს ღირსი მამა მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და ეჭვიც კი შეეპარა არჩეული ყოფის სისწორეში, გულმხურვალედ დაიწყო ვედრება უფლისადმი, რომ რჩევა მიეღო მისგან. და მოევლინა წმიდა ანტონს ანგელოზი, რომელმაც უთხრა, რომ ყოველი ადამიანისათვის, თუნდაც იგი განდეგილი და მარტოდმყოფი იყოს, აუცილებელია ლოცვა და შრომა.
ლოცვას აქვს უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალა. ყოველი ნამდვილი კეთილი საქმე, რომელიც ღვთის სასოებითა და ლოცვით იწყება, წარმატებით მთავრდება. თვით უფალი ბრძანებს: "ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ" (მათე 21,22).
მინდა გავიხსენო ცნობილი ფაქტი ბიბლიიდან:
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა კერპთა უარყოფისათვის სამაგალითოდ დაესაჯა ახალგაზრდა წინასწარმეტყველნი: ანანია, აზარია და მისაელი. ბრძანა ხელ-ფეხი შეეკრათ მათთვის და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. ცეცხლის ალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძანების აღმსრულებელნი იმსხვერპლა. ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელნი უშიშარი ყრმანი კი უვნებლად მიმოდიოდნენ შუაგულ ცეცხლში, დაუღალავად უგალობდნენ ღმერთს და აკურთხევდნენ უფალს. მათთან ერთად იყო ანგელოზი უფლისა.
"მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო! მიუგო მან და თქვა: ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუა ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს" (დანიელ. 3,91-92). მომხდარმა ისე შეძრა ეს გოროზი მეფე, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლა დასჯილნი, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გახდა მისი თაყვანისმცემელი.
ახლა რაც შეეხება შრომას. დღეს ჩვენ, მოდუნებულნი, ინერციით ვცხოვრობთ. მუდმივად ველით დახმარებას სხვებისგან: ზოგნი დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან, სხვანი სამანეთო ზონიდან... მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ საკუთარ თავს, ვერვინ გვიშველის. ყველა ქვეყანას, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერსაც, თავისი პრობლემები აქვს და არც მოწყალებას იღებს ვინმე უანგაროდ და უმიზნოდ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით.
ხშირად მეკითხებიან: რა ვქნა, შესაძლებლობები არა მაქვს, რომ სერიოზულ საქმეს მოვკიდო ხელიო. გზის დასაწყისშივე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არც არის სწორი. გადავხედოთ ისტორიას. თითქმის ყველა დიდმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობა უბრალო საქმით დაიწყო. გავიხსენოთ თუნდაც ამერიკის პრეზიდენტი გარფილდი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1880 წელს აირჩიეს.
გარფილდი 19 წლისა იყო, ინსტიტუტში მოწყობა რომ გადაწყვიტა, მაგრამ რადგან ღარიბი ოჯახიდან იყო და სწავლის ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ინსტიტუტის აუდიტორიების დალაგება არ ითაკილა. ამასთან ყოველ დილით ხუთ საათზე ზარს რეკდა. როცა სასწავლებლის დირექტორმა ჰკითხა: გაქვს თავის იმედი, რომ ზუსტად აასრულებ ამ საქმესო? ყმაწვილმა ორი კვირის საგამოცდო ვადა ითხოვა.
გარფილდმა თავისი მოვალეობა მშვენივრად შეასრულა, ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და გახდა რესპუბლიკელთა პარტიის ხელმძღვანელი, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი. გვახსენდება მაცხოვრის იგავის სიტყვები: "... კეთილო მონავ, რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში" (მათე 25,23).
პრეზიდენტ გარფილდის და სხვა ცნობილ პიროვნებათა ცხოვრების მაგალითმა ჩვენს ახალგაზრდებს უნდა შეახსენოს, რომ ადამიანის ღირსების დამამცირებელი შრომა არ არსებობს, რომ შრომა აკეთილშობილებს პიროვნებას და სხვათა თვალიც ავტორიტეტს ჰმატებს მას.
ზარმაცი კაცი კი ხშირად არასმქონე და უბედურია. "ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება, - გვარიგებს ბრძენი სოლომონი, მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. არა ჰყავს მას უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას" (იგავნი 6,6-8,11).
ექვსი დღე იშრომე და ოფლით შენით ჭამე პური შენი არსობისა, - გვიბრძანებს უფალი. ეს დასჯა კი არა, კურთხევაა ღვთისა.
გახსოვდეთ, ლოცვისა და დაუღალავი შრომის გარეშე ღვთის სათნოს ვერაფერს გავაკეთებთ: ვერც მიწის ნაყოფს მოვიპოვებთ, ვერც ნამდვილ სრულ ცოდნას შევიძენთ, ვერც სულიერ ცხოვრებაში მივაღწევთ რამეს. ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვისებების შეძენა, რაც აუცილებელია ჩვენი უკვდავი სულისათვის.
სიყვარულით მოგმართავთ ჩვენო ახალგაზრდებო: ნუ ეძებთ იოლ გზებს; ისინი მხოლოდ დაღუპვისაკენ გიბიძგებენ. ნუ გახდებით მეწვრილმანენი და მოვაჭრენი: ყიდვა-გაყიდვა და მასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობანი აფუჭებს და ამახინჯებს ადამიანის სულს. ჩვენი წინაპრებისათვის XIX საუკუნეშიც კი ეს ხელობა არასასურველ საქმედ ითვლებოდა.
მიხედეთ მიწას: მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, ამუშავდეს ჩვენი წარმოებები, ქარხნები, ფაბრიკები, აყვავდეს მეურნეობები.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის "ძლევაის" საქმიანობას. მართალია, ჯერ ერთი წელიც არ არის გასული მისი მოღვაწეობიდან, მაგრამ უკვე სერიოზულ საქმეებს ჩაეყარა საფუძველი. ახლახანს ამ ცენტრმა მოაწყო საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დევიზით "ქრისტიანობა და კულტურა", რომლის სხდომებიც ჩატარდა სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სამხატვრო აკადემიაში, სამედიცინო უნივერსიტეტში, კულტურის ინსტიტუტში, სასულიერო აკადემიაში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო დასკვნითი სხდომა - სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეობას იღებდა სამოცდაათი მომხსენებელი. გამოვლინდა თორმეტი გამარჯვებული მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
სასიხარულოა, რომ მიუხედავად სამოცდაათწლიანი ათეისტური რეჟიმის ბატონობისა, ჩვენი ახალგაზრდები ძირითადად სწორად აზროვნებენ. "ძლევაის" გადაწყვეტილი აქვს, მსგავსი კონკურსი მოაწყოს ყოველწლიურად, ოღონდ უკვე საქართველოს მასშტაბით. შედგება სავარაუდო გეგმა თემატიკისა, რომ სტუდენტებს გაუადვილდეთ მათთვის სასურველი მასალის დამუშავება.
ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ერში სულიერობის ამაღლებას და მეცნიერების სწორი გზით განვითარებას.
მადლობა ღმერთს, ნიჭიერი ადამიანები არ გვაკლია: ოღონდ მათ უნდა მიეცეთ სწორი ორიენტაცია და საშუალება შესაძლებლობების გამოვლენისა.
ცალკეული ადამიანი, ისევე, როგორც მთელი კაცობრიობა დროის ორი განზომილებით ცხოვრობს: წარსულითა და მომავლით. ახლანდელი დრო თითქმის არ არსებობს. იგი, რაც აწმყოდ იწოდება, ერთ წამში წარსულად იქცევა. დრო ულმობლად ისწრაფვის წინ და მის მსვლელობას ვერვინ შეაჩერებს. დრო უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან ბოძებული, ჩვენ კი მას ვერ ვიყენებთ.
ხშირად წარსულით ვამაყობთ, გუშინდელი დღით ვცხოვრობთ, მაგრამ მარტო წინაპართა დამსახურების გამო თვითკმაყოფილებას არ შეიძლება მივეცეთ. ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეულმა თავის ადგილზე უნდა იშრომოს და ყველამ ერთი დიდი მიზნისაკენ ისწრაფოს. ასე რომ არ ვცხოვრობდით, ამიტომაც მოხდა ის, რომ ორი საუკუნის განმავლობაში ვიფიქრეთ, ვიოცნებეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ხოლო როცა დრო დადგა, ამას მოუმზადებელნი შევხვდით. ჩვენ თავს თვითონვე შევუქმენით გადაულახავი წინააღმდეგობები და პრობლემები; ეს იმიტომ, რომ ჩვენში ზნეობისა და სულიერობის დონე დაბალია; ღვთის კანონებით რომ გვეცხოვრა, ამდენ უბედურებას ავცდებოდით.
ნაბუქოდონოსორის მიერ დასჯილი ცეცხლში ჩაყრილი, მაგრამ უვნებლად გადარჩენილი ყრმა წინასწარმეტყველთა სიტყვებით მოგმართავთ, ღმერთო: "ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს, არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა. ყველაფერი, რასაც კი ჩვენ შეგვამთხვიე... სიმართლის მიხედვით მოგვიზღე... ახლა ჩვენ მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და დავეძებთ შენს სახეს. ნუ შეგვარცხვენ, არამედ მოგვექეცი შენი კაცთმოყვარეობისამებრ, გვიხსენი შენი სასწაულებით და მიეცი დიდება შენს სახელს უფალო" (დანიელი 3,29-31,41-43).
მადლობა ღმერთს, მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლის პროცესი მაინც იგრძნობა. განსაცდელის გავლით ხალხი ნელ-ნელა უახლოვდება ღმერთს: ადამიანებმა დაიწყეს ლოცვა, შრომა, ფიქრი მარადიულ ცხოვრებაზე.
მთავარია, ვძლიოთ ამპარტავნებას, ეგოიზმს, სხვებისთვის ტკივილის მიყენების, დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილს, ვძლიოთ ქედმაღალი ბაბილონის ცოდვას - "მე და სხვა არავინ" (ესაია 47,10).
ვინც კი ამ პრინციპით განლია დღენი ამ მზისქვეშეთში, ცალკეული პიროვნებები თუ სახელმწიფოები, ყველა წარწყმდა და აღიგავა პირისაგან მიწისა.
მოვიტან ორ მაგალითს:
ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო და ისიც იცოდნენ, რომ მათი მდიდარი მეზობელი ამას სიხარბის გამო აკეთებდა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაერღვია მისი სიმშვიდე, რაიმე ეთხოვა და იძულებული გაეხადა ხელი გაემართა. ცოდვა დიდხანს არ დარჩა დაუსჯელი. გაჩნდა ხანძარი, რომელმაც იმსხვერპლა ეს მდიდარი კაციც და მთელი მისი ქონებაც. წავიდა იგი ამ სოფლიდან შერცხვენილი და უსახელო.
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყველაფერს რაც ჰქონდა. ერთხელ ერთმა ახლობელმა უთხრა: მეფეო, თქვენთვის აღარაფერია, რომ დაიტოვოთო. ალექსანდრემ უპასუხა: მე დამრჩა ყველაზე დიდი რამ - იმედი.
ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.
მოციქული პავლე მოკლედ იძლევა დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი:
"დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. გიხაროდეთ სასოებით, მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი. შეეწიეთ წმინდათა გასაჭირს: სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ. გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. ერთმანეთის თანამოაზრენი იყავით; მაღლადმხედველობას ნუ კი სცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ; ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ყოველი კაცის წინაშე იზრუნეთ სიკეთისათვის... ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს" (რომ. 12,9-17,21).
თუ ამას ყოველივეს შევასრულებთ, გავხდებით ღირსნი მარადიული ნეტარებისა, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის მადლით მიენიჭა კაცობრიობას.
ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა.
ღვთაებრივი სიყვარულით აღვსილი ყველას კიდევ ერთხელ სიხარულით გილოცავთ პასექის დიად დღესასწაულს. სიყვარულმა, მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს სრულიად საქართველოში, ყოველ თქვენგანში; ვადიდოთ უფალი, ჯოჯოხეთის შემმუსვრელი, ვადიდოთ მეუფე მშვიდობისა, ვარსკვლავი ბრწყინვალე განთიადისა.

ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა!


აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1994.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II
image image123image image

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3